Batumelebi | “ამომრჩეველი აღარ არის მესიის მოლოდინში” “ამომრჩეველი აღარ არის მესიის მოლოდინში” – Batumelebi
RU | GE  

“ამომრჩეველი აღარ არის მესიის მოლოდინში”

რა არჩევანს გააკეთებს ქვეყანა 8 ოქტომბერს, ქვეყნის პარლამენტი მულტიპარტიული იქნება თუ ორპარტიული? – 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე, მოლოდინებსა და რისკებზე „ბათუმელებს“ პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია ესაუბრა.

ბატონო კორნელი, ოთხი წლის წინ ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლა შეაფასეს როგორც ნაბიჯი დემოკრატიისკენ. მაშინ ოპოზიციის მთავარი შეთავაზება რეპრესიული რეჟიმის შეცვლა იყო. რით განსხვავდება ეს არჩევნები, ანუ ამ არჩევნების განსხვავებულობასა და განსაკუთრებულობაზე რომ გვითხრათ?

2012 წლის არჩევნები იყო რეჟიმის ცვლილებისთვის და რაც მთავარია, ეს უნდა მომხდარიყო მშვიდობიანი გზით. რაც შეეხება ამჟამინდელ არჩევნებს, ახლა აქცენტი კეთდება იმაზე, თუ რამდენად მოახერხებს საქართველო მულტიპარტიული გარემოს შექმნას, რათა თავი დააღწიოს ორპარტიულ დისკუსს, რომელიც დღეს გვაქვს.

დღეს პარლამენტში წარმოდგენილი ორი პარტია ახერხებს არამარტო პოლიტიკური ველის, არამედ მედიისა და საზოგადოების პოლარიზებას. აქედან გამომდინარე ყველას აინტერესებს, რამდენად მოხერხდება სხვა პარტიების შესვლა პარლამენტში. მთავარი მიზანი მაინც ის არის, რომ თანდათანობით მოხდეს ბმა, დემოკრატიული ინსტიტუტების კონსოლიდაცია, რაც, რა თქმა უნდა, ამ არჩევნებით ვერ მოხერხდება. საქართველომ უნდა დაადასტუროს, რომ ის სწორ გზაზე დგას. მშვიდობიანი გზით ჩატარებული მხოლოდ ერთი არჩევნები არ არის საკმარისი, განსაკუთრებით საერთაშორისო თანამეგობრობისთვის. ქვეყანამ უნდა დაამტკიცოს, რომ დამოკრატიული წინსვლა არის შეუქცევადი.

თითქოს ეს პირველი არჩევნებია, სადაც გამარჯვებული წინასწარ არ არის ცნობილი. ეს მართლაც ასეა?

დიახ, ეს ამ არჩევნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღირებულებაა, განსხვავებით წინა არჩევნებისგან არავინ იცის ზუსტად, რომელი პოლიტიკური პარტია გაიმარჯვებს ან რომელი პოლიტიკური პარტიები შევლენ პარლამენტში. ეს მიუთითებს იმაზე, რომ კონკურენტიანი გარემო არსებობს. ეს კარგია ქვეყნის სტაბილურობის თვალსაზრისით.

დეკლარირებულად საქართველოს აქვს პრეტენზია, რომ ევროპული ქვეყნების მსგავსად ძალაუფლება დამყარებული უნდა იყოს არა ხისტ ძალაზე, არამედ საზოგადოებრივ შეთანხმებაზე. თუმცა ეს ვერ ხერხდებოდა. ახლა ამ მიმართულებით ნაბიჯის გადადგმის შანსი არის?

ამ არჩევნებით საქართველო ვერ გახდება კონსოლიდირებული დემოკრატია, ეს არის პროცესი, რომელსაც დრო სჭირდება. შეიძლება ბევრი იყოს 25 წელი, რომელიც დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან გავიდა, მაგრამ დემოკრატიული პოლიტიკური სტრუქტურებისთვის ეს არაფერია. მოლოდინი, რომ ამ არჩევნების შემდეგ გვექნება კონსოლიდირებული დემოკრატია, ალბათ, არასწორია. სწორედ ამის გამოხატულებაა არჩევნების წინა პერიოდი, კონფრონტაციული გარემო, რაც მიუთითებს, რომ ჩვენ არ გვაქვს დემოკრატია და მხოლოდ მივისწრაფვით. ეს მშვენივრად იციან ჩვენმა დასავლელმა მეგობრებმაც. დემოკრატიულ ქვეყნებში ყველგან არის არჩევნები, მაგრამ იქ არასდროს ხდება ქუჩაში დაპირისპირება. კიდევ დაგვჭირდება დრო, რომ ქვეყანაში არჩევნების გზით ხელისუფლებაში მოსვლა გახდეს ნორმა. ამ თვალსაზრისით სერიოზული ნაბიჯი გადავდგით წინა არჩევნებში, მაგრამ საჭიროა მინიმუმ ორი ნაბიჯი, ორი ასეთივე არჩევნები, რომელიც გაამყარებდა საქართველოს იმიჯს, რომ ის არის მეტ-ნაკლებად შემდგარი დემოკრატიული ქვეყანა, რომელიც პროგრესირებს და ინარჩუნებს სტაბილურობას.

მიუხედავად რიგი დარღვევებისა, რომლებზეც ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები საუბრობენ, არის იმედი, რომ 2016 წლის 8 ოქტომბერს საქართველოში დემოკრატიული არჩევნები ჩატარდება – ამაზე საერთაშორისო ექსპერტებიც საუბრობენ. ხედავთ ამ მიმართულებით რაიმე რისკებს?

ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს კონტექსტი. ხშირად აღნიშნავენ იმას, რომ საქართველო არის სამაგალითო რეგიონში, მაგრამ ჩვენი თამასა არის მაღალი. სამეზობლოს ნუ შევედარებით, სანამ პრეტენზია გვაქვს იმაზე, რომ გვინდა გავხდეთ ნატოს წევრი, ევროკავშირის წევრი. აქედან გამომდინარეობს ის მოლოდინებიც, რომელიც გააჩნიათ დასავლეთში საქართველოსთან მიმართებაში.

პოლიტიკური პარტიების საარჩევნო პროგრამები მეტწილად ჰგავს ერთმანეთს. შეიძლება ვთქვათ, რომ საარჩევნო კამპანიის დროს პარტიებს აქვთ, ასე ვთქვათ, იდეებით პაექრობის მცდელობა?

ალაგ-ალაგ, გარკვეულ დებატებში იყო ამის მცდელობა, მაგრამ მთლიანობაში თუ შევხედავთ, სამწუხაროდ, როგორც ჩვენი საზოგადოება, ასევე პოლიტიკური პარტიები, ჯერჯერობით, არ არიან მზად შემოგვთავაზონ საკითხების გარშემო პოლიტიკური პლატფორმის, იდეოლოგიის გარშემო კამათები. ეს აზიანებს საარჩევნო გარემოს. ამომრჩეველს ამის გამო უხდება არჩევანი არა პლატფორმებსა და პროგრამებს შორის, არამედ პიროვნებებს შორის. თუ გადავხედავთ ბოლო წლებს, ყოველთვის გვაქვს არჩევანი ცუდსა და უარესს შორის. ეს მთლიანობაში ქსაქსავს ქვეყნის სტაბილურობასა და განვითარებას, რაც ხელს შეუწყობდა მთლიანად პარტიული სისტემის ჩამოყალიბების პროცესს. ასევე უარყოფითია ის, რომ რაც უფრო ჭრელი იქნება პარლამენტი, მით უფრო გაჭირდება გადაწყვეტილების მიღება. მათ შორის ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც არის რეფორმები. თუ ჩვენ გადავხედავთ იმ პარტიებს, რომლებიც, სავარაუდოდ, პარლამენტში შევლენ, მათ ძალიან გაუჭირდებათ კონსესუსის გამონახვა. ეს არის ის რეჟიმი, რომელიც ჩვენ, სავარაუდოდ, გვექნება. თუმცა, ორპარტიულ პარლამენტს რომ გავცდეთ, ეს არ იქნება ცუდი ქვეყნისთვის.

თუ რაღაც საოცრება არ მოხდა, ჩვენ გვექნება მულტიპარტიული პარლამენტი, რომელიც ძალიან კარგია ქვეყნის დემოკრატიული კულტურის განვითარებისთვის.

არსებობს საფრთხე, რომ მრავალპარტიული მთავრობის პირობებში ვერ შესრულდეს გარკვეული ამოცანები, რაც სახელმწიფოსთვის არის მნიშვნელოვანი?

ამის რისკი არსებობს. ისეთი ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს დიდი მანდატი მოსახლეობისგან, გარღვევებს ვერ განახორციელებს ვერც ერთ სფეროში. ის იძულებული იქნება ერთი ნაბიჯი წინ, ერთი ნაბიჯი უკან _ დაახლოებით ასე იმოქმედოს, მაგრამ პლუსიც აქვს ამას. გამომდინარე იქედან, რომ გვახსოვს წინა პერიოდში, როდესაც მმართველ პარტიებს ჰქონდათ დიდი უპირატესობა და ისინი ამას ბოროტად იყენებდნენ, ასეთი ჭრელი პარლამენტი, რაც არ უნდა დისკომფორტი შექმნას მან, მთლიანობაში უფრო სასურველია.

და თუ ასე იქნება, შეიძლება თუ არა ეს იყოს იმის ნიშანი, რომ პოლიტიკური კულტურა ქვეყანაში პოზიტიურად იცვლება?

რა თქმა უნდა. გარკვეული რისკები ამასთან დაკავშირებით მაინც არსებობს. პაატა ბურჭულაძის პარტიასთან დაკავშირებულმა ამბებმა ცოტა არ იყოს არია სიტუაცია. მაგრამ თუ მულტიპარტიული პარლამენტი მივიღეთ, ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ამომრჩეველი მეტ-ნაკლებად გაიზარდა და ის აღარ არის მესიის მოლოდინში, რომელსაც ექნება აბსოლუტური ძალაუფლება, რასაც მივყავართ გაუთვალისწინებელ შედეგამდე _ თუ გადავხედავთ უახლოეს წარსულს, ასეთი მაგალითი ბევრი გვქონდა. აქედან გამომდინარე, საჭიროა ძალაუფლების გადანაწილება, მათ შორის პარლამენტში. რაც უფრო პლურალისტური იქნება პარლამენტი, მით უფრო გამოხატავს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის ინტერესებს.

მომრავლდნენ პარტიები, რომელთაც პრორუსული ნიშა უჭირავთ და ურთიერთშორის მაღალი კონკურენციაც აქვთ. როგორია მათი შანსები ამ არჩევნებში?

სხვადასხვა სოციოლოგიური კვლევებით არსებობს შანსი, რომ ერთ-ერთი მათგანი მაინც შევა პარლამენტში. ეს მნიშვნელოვანია, ალბათ, თვითონ რუსეთისთვის, რადგან თუ აქამდე პრორუსული ძალები იყვნენ არასაპარლამენტო ძალები და მათ განცხადებებს არავითარი ფასი არ ჰქონდა, ამჟამად ისინი მოახერხებენ პარლამენტის ტრიბუნიდან გაახმოვანონ პრორუსული მესიჯები. ეს იავნანასავით ჩაესმის რუსეთის ხელისუფლებას, რომელმაც იცის, რომ დღეს შეუძლებელია პრორუსული ხელისუფლების მოსვლა საქართველოში, მაგრამ თუნდაც ის, რომ ერთ-ერთი პოლიტიკური ჯგუფი მოხვდება პარლამენტში, ეს, ალბათ, მათთვის მნიშვნელოვანია – ის ცდილობს დაკარგული პოზიციების აღდგენას ქართულ პოლიტიკაში, რაც 2008 წლის ომის შედეგად დაკარგა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი