მთავარი

ენმ-ის მაჟორიტარი კანდიდატი: საბჭოთა კავშირში არ ვცხოვრობთ, რომ კოლექტიურ პასუხისმგებლობაზე ვილაპარაკოთ

04.10.2016 • 1906
ენმ-ის მაჟორიტარი კანდიდატი: საბჭოთა კავშირში არ ვცხოვრობთ, რომ კოლექტიურ პასუხისმგებლობაზე ვილაპარაკოთ

მირდატ ქამადაძე „ნაციონალურ მოძრაობაში“ მას შემდეგ შევიდა, რაც პარტია არჩევნებში დამარცხდა და მმართველის პოზიციიდან ოპოზიციაში გადაინაცვლა.  იგი პროფესიით იურისტია და ბათუმის 68-ე ოლქში მაჟორიტარ კანდიდატად იყრის კენჭს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში. „ბათუმელები“ დაინტერესდა, ჰქონდა თუ არა მას კითხვები პარტიის ლიდერებთან და მიიღო თუ არა პასუხები ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელობაზე, როცა  პარტიაში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო.

ბატონო მირდატ, მოდით დავიწყოთ საუბარი კონკრეტულ ინიციატივებზე, რომელთაც პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაში განახორციელებთ… 

ინიციატივები, რასაც ჰპირდება გუნდი და მეც უნდა მივიღო ამაში მონაწილეობა, ეს არის გადასახადების შემცირება დაუყოვნებლივ. ამ კუთხით უნდა შევიდეს საკანონმდებლო ცვლილება. მაგალითად, 90 000 ლარამდე ბრუნვის მქონე ინდმეწარმე რომ არ დაიბეგროს, მხოლოდ 200 000 ლარზე მეტი წლიური ბრუნვის მქონე სუბიექტები დაიბეგრონ,  ნავთობზე აქციზის ფასი შემცირდეს დაახლოებით 25 პროცენტამდე, რაც ნავთობის ფასის გაიაფებასაც გამოიწვევს. ეს არის მთელი რიგი საკანონმდებლო ცვლილებები, რაც დაუყონებლივ უნდა გაკეთდეს. მათ შორის ფინანსური პოლიცია უნდა გაუქმდეს დაუყონებლივ, რაც ბიზნესს მისცემს თავისუფლებას და გარანტიას, რომ გაფართოვდეს. გაფართოებული ბიზნესი კი სამუშაო ადგილების შექმნას უწყობს ხელს.

68-ე ოლქის ამომრჩეველს რას ჰპირდებით შეხვედრებზე?

რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ, ეს ყველაფერი ამ ოლქზე ცალსახად აისახება, რადგან დიდი ტერიტორიაა, ზღვისპირა ზონაა და აქ ცხოვრობენ მცირე ბიზნესით დაკავებული ადამიანები. მათ აქვთ პატარა კაფეები, პატარა ოთახები – ზუსტად ამ სეგმეტს შეეხება, ანუ ეს ადამიანები აღარ დაიბეგრებიან. ტურისტული სეზონი მაინც და მაინც სახარბიელო არ გვქონდა. ქვეყნის და ხელისუფლების მთავარი ამოსავალია გვყავდეს მდიდარი მოქალაქე. ეკონომიურად ძლიერი და ჯანსაღი ქვეყანა იყოს, სადაც მოქალაქეებს ფინანსური პრობლემები არ ექმნებათ. ეს არის ერთ-ერთი ძირითადი, რაც შეხვედრების დროს გამოიკვეთა. აწუხებთ დასაქმების პრობლემა და ფინანსური პრობლემები. ამ პრობლემების მოგვარების ყველაზე ეფექტური და სწრაფი გზა არის ეს. ჩაქვის მოსახლეობისთვის გვაქვს ციტრუსის პროგრამა. ეს პარლამენტარის ფუნქცია არ არის, ციტრუსის პროგრამა მთავრობამ უნდა განახორციელოს, მაგრამ ზუსტად ეს არის, რომ ეს პარლამენტი აკომპლექტებს დღეს ქვეყანაში მთავრობას და ამ კუთხით ხელშეწყობა იქნება ჩვენი მხრიდანაც.

საკუთრების უფლებაზე მინდა გკითხოთ…

საკუთრების უფლება არის საქართველოს კონსტიტუციით, უზენაესი კანონით გარანტირებული უფლება და კონსტიტუციის მეორე თავში არის მოცემული, რომ საკუთრების უფლება არის დაცული და ხელშეუხებელი. ეს იმას ნიშნავს, რომ საკუთრება ერთ-ერთი ყველაზე მაღალი უფლება და ღირებულებაა ამ ქვეყანაში და უნდა იქნას დაცული, ამაში სახელმწიფო უხეშად არ უნდა ერეოდეს.

რაც შეეხება ექსპროპრიაციის საკითხს, საჯარო და სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე ეს საკითხი ასევე კანონმდებლობით არის მოწესრიგებული. მიგვაჩნია, რომ თუ სახელმწიფო იყენებს ექსპროპრიაციას, ადამიანებმა უნდა მიიღონ ღირსეული კომპენსაცია. ჩემი მოსაზრება, როგორც იურისტის, როგორც მოქალაქის და როგორც კანდიდატის – არის ის, რომ ექსპოპრიაციის დროს კომპენსაციის საკითხი როცა დგება, კომპენსაციაზე ვისაუბროთ საბაზრო ფასით და არ დავუშვათ თვითღირებულებიდან გამომდინარე. ადამიანებს, რომლებსაც სახელმწიფო ინტერესიდან გამომდინარე ერთმევათ საკუთრება, რაც კანონმდებლობით არის დაშვებული, მათ უნდა მიიღონ ღირსეული კომპენსაცია – ეს ჩემი, მირდატ ქამადაძის პოზიციაა და ამ საკითხს მე დავიცავ აუცილებლად.

2007 წელს, არჩევნების წინ ასობით საკუთრების უფლების ცნობის გაცემა და შემდეგ ჩამორთმევა არასწორი იყო? 

ეს ზოგადი საკითხია. როდესაც საკუთრების უფლების გადაცემის ან ჩამორთმევის უფლებაზე და მის კანონიერებზე ვსაუბრობთ, შეუძლებელია ამ საკითხზე პოლიტიკური შეფასებებით საუბარი, ეს არის ინდივიდუალური, წმინდა სამართლებრივი საკითხი და ამაზე ინდივიდუალურად უნდა ვისაუბროთ.  ჩემგან, როგორც იურისტისგან, ზერელე პასუხი, არ ვფიქრობ, რომ სწორი და კომპეტენტური იქნება, ამიტომ თქვენს შეკითხვას კონკრეტულ პასუხს ვერ გავცემ. თუ კონკრეტულ ქეისს მომცემთ, რომელსაც შემიძლია გადავხედო, როგორც იურისტმა, მაშინ შემიძლია ჩემი მოსაზრებები გითხრათ ამასთან დაკავშირებით.

მაშინ ძალიან მოკლე დროში ძალიან ბევრი საკუთრების უფლების მოწმობა გადასცეს არჩევნების წინ. არჩევნების შემდეგ კი ჩამოართვეს, კონკრეტულ ქეისი რატომ არის ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი?

გონიოს ტერიტორიაზე ვიცი… და კიდევ ერთხელ ვამბობ, როდესაც ვიღაცას მიწები გადაეცა, გამოიცა ადმინისტრაციული აქტი, შეიძლება მოხდა ამ ადმინისტრაციული აქტის გაუქმება, რამდენადაც მიწები, რომლებიც გაიცა, არის არქეოლოგიური სამუშაოებისთვის განკუთვნილი თუ სწორად მახსოვს, ამიტომ ასე ზოგადად პასუხის გაცემა ძნელია.

ქალაქმშენებლობასთან დაკავშირებით რეგულაციების უგულებელყოფას როგორ შეეწინააღმდეგებით?

იმას, რაც ჩემს სამაჟორიტარო ოლქს ეხება და არა მარტო, ყველაფერში ვიქნები ჩართული. რაც შეეხება კულტურულ მემკვიდრეობასა და ქალაქის განაშენიანების საკითხს – მე სულ ვამბობ, რომ დიახ, ჩვენ გავქვს პრეტენზია და ჩვენი გუნდიდან არაერთხელ გაკეთებულა განცხადება ბოლო 4 წლის განმავლობაში ე.წ. K2-ისთვის გაცემაზე. იცით, ალბათ, რასაც ნიშნავს კოეფიციენტების გაზრდა ისეთ ტერიტორიაზე, სადაც არ შეიძლება. თან ერთპიროვნულად თავმჯდომარეს მხრიდან და განსაკუთრებით ხაბაძის დროს იყო ეს აქტუალური. ეს არის ერთ-ერთი პრობლემა ქალაქის, რაც უნდა დასრულდეს. K2 იქცა სავარაუდო კორუფციის წყაროდ და დიდი ეჭვები არსებობს ამ კუთხით. ვფიქრობ, ქალაქში 4-სართულიან შენობას 3 სართულ დაედგას თუ არ დაედგას, ამას არ უნდა წყვეტდეს ხაბაძე ან პატარაძე.

როდესაც ძეგლებს ვეხებით, მაქსიმალურად უნდა დავიცვათ მოქმედი კანონმდებლობა. უნდა შევუნარჩუნოთ ისეთი იერსახე, როგორიც აქვს [ქალაქს] დღესდღეობით. თუ სადმე ვინმემ რაიმე წესი დაარღვია და არსებობს დარღვევა, შესაბამისი ზომები უნდა გატარებულიყო და უნდა გატარდეს. ამ საკითხზეც კონკრეტული ფაქტებით უნდა ვისაუბროთ. თუ იყო რაიმე დარღვევა წარსულში, უნდა მომხდარიყო რეაგირება, თუ ხდება დღეს, უნდა მოხდეს შესაბამისად რეაგირება.

თუნდაც ეს თქვენი პარტიის წევრებს შეეხოს?
მე ცალსახა პოზიცია გამაჩნია ერთი რაღაცის მიმართ. არ აქვს მნიშვნელობა ეს ჩემი პარტიის წევრი იქნება თუ ვიქნები პირადად მე. თუ ვინმე ამ ქვეყანაში დაარღვევს კანონს, მათ შორის მეც, ყველამ კანონის წინაშე უნდა აგოს პასუხი.

როდის გახდით პარტიის წევრი?
2014 წელს გავხდი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, მანამდე პარტიაში არ ვყოფილვარ და პოლიტიკისგანაც შორს ვიყავი. პარტიისგან მქონდა შემოთავაზება. ზოგადად, ქვეყნის განვითარების ხედვა, რომელიც ჩემთვის იყო მისაღები, გააჩნდა „ნაციონალურ მოძრაობას“, რაც გამოიხატება იმაში, რომ ქვეყანას უნდა ჰქონდეს დასავლური კურსი. ქვეყნის განვითარების გეგმა გააჩნია მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“. ჩემთვის ეს იდეოლოგია და ხედვა იყო მისაღები. ყველაზე მთავარი პროდასავლური მიმართულებაა. გარდა ამისა, ქვეყნის ეკონომიური კრიზისიდან გამოყვანის ხედვა გააჩნია ამ პარტიას.

ამ პარტიის მიმართ იყო ბევრი კითხვა ადამიანის უფლებების თვალსაზრისით. თქვენ თუ გქონდათ ეს კითხვები, თუ მოგეცათ საშუალება რომ დაგესვათ ეს კითხვები და რა პასუხები მიიღეთ? ვთქვათ, 7 ნომებრის აქციასთან დაკავშირებით, ასევე ციხის კადრებისა თუ ქონებების ჩამორთმევასთან დაკავშირებით…

ქონებების ჩამორთმევის საკითხებზე არ ვიცი რას გულისხმობთ, იმიტომ რომ ამისთვის არსებობს სამართლებრივი მექანიზმები და სამართლებრივი გზებით უნდა ვიმსჯელოთ. ფაქტებს ბევრი ასახელებს, თუმცა ოთხი წლის განმავლობაში ამ ხელისუფლებამ ასეთი ერთი რეაბილიტირებული ადამიანიც ვერ აჩვენა საზოგადოებას.

რაც შეეხება 2007 წლის ნოემბრის ფაქტებს, ამ შემთხვევაში ჩემი პასუხი იქნება ცალსახა და ნათელი, ეს იყო ამ ხელისუფლების შეცდომა და ამ შეცდომაზე პასუხისმგებლობა აიღო და საქართველოს პრეზიდენტი გადადგა თავისი ნებით. ეს იყო პასუხი. ლიდერმა, ქვეყნის მეთაურმა აიღო პასუხისმგებლობა მომხდარზე და გადადგა, გამოაცხადა ვადამდელი არჩევნები.

რაც შეეხება ციხის კადრებთან დაკავშირებით მომხდარს, ჩვენი პოზიციაა დღესაც, რომ საბჭოთა კავშირში აღარ ვცხოვრობთ და რაღაც კოლექტიურ პასუხისმგებლობაზე აღარ ვსაუბრობთ. სისხლის სამართლის დანაშაული არის დანაშაული, რომელსაც ჩადის კონკრეტული პირი ან პირთა ჯგუფი. ვინც ადამიანებს აწამებდა ყველამ უნდა აგოს პასუხი. გვახსოვს ბიძინა ივანიშვილის განცხადება, როცა ვლადიმერ ბედუკაძე გამოგვიცხადა გმირად. ჩვენი სიის პირველი ნომერია ბაქრაძე, რომლის ცალსახა განცხადებაა, რომ ნებისმიერმა ადამიანმა, ვინც ჩადიოდა ასეთ ქმედებას, არ აქვს მნიშვნელობა ვის სახელთან და გვართან მივა ეს გამოძიება, ყველამ უნდა აგოს პასუხი. სხვათა შორის როცა საჯარო გახდა ეს კადრები, ჯერ კიდევ „ნაციონალური მოძრაობა“ იყო ხელისუფლებაში, 2012 წლის სექტემბერში და მოხდა ამ ადამიანების დაკავება. ბედუკაძეზე ძებნა გამოცხადდა. ის ამ ხელისუფლებამ გაუშვა. ვინც ასეთ სისასტიკეს ჩადიოდა, ყველამ უნდა აგოს პასუხი, მაგრამ არა ისე, კომუნიზმში დაბრუნებას რომ გვიპირებს ბევრი და კოლექტიურ პასუხისმგებლობაზე საუბრობს,  რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა წევრი უნდა გასამართლდეს, რადგან ასეთ რაღაცებს ჩადიოდნენ. თუ არ დაუმტკიცე ადამიანს დანაშაული, არა აქვს მნიშვნელობა „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება თუ სხვა მოძრაობა, შეუძლებელია ვისაუბროთ, პასუხისმგებლობის დაკისრებაზე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: