მთავარი,სიახლეები

ქართველ მძღოლებს ბათუმში თურქეთის კონსული შეხვდა

04.10.2016 • 1323
ქართველ მძღოლებს ბათუმში თურქეთის კონსული შეხვდა

დღეს, 4 ოქტომბერს, საპროტესტო აქცია გამართეს მიკროავტობუსების მძღოლებმა ბათუმში, თურქეთის საკონსულოსთან. აქციის მონაწილეთა განმარტებით, დაახლოებით ერთი თვის წინ თურქეთში, კერძოდ ქალაქ ხოფას ტერიტორიაზე, თურქულმა მახარემ გახსნა ავტოპარკი, სადაც ქართული სანომრე ნიშნით მოძრავი მიკროავტობუსების მძღოლებს უწევთ ხშირ შემთხვევაში 24-საათიანი ლოდინი და 25 ლირამდე თანხის გადახდა.

მათივე განმარტებით აღნიშნულ ავტოპარკში თურქული მხარის არც სამგზავრო ავტობუსი ჩერდება და არც სატვირთო. აქციის მონაწილეები თურქეთის კონსულს აღნიშნული ფაქტით დაინტერესებას სთხოვენ.

„პრობლემები გვექმნება საბაჟოზე, იმიტომ, რომ გამოიგონეს რაღაც ავტოსადგომი. ჩვენ, ქართველი მძღოლები მოვდივართ მგზავრებით  და გვაჩერებენ პარკში, გვეუბნებიან – მგზავრები დაცალეთ  და დადექით რიგში, თურქეთის ავტობუსები რიგის გარეშე გადმოდიან საქართველოში.“ – გვითხრა აქციის მონაწილე თემურ სურმანიძემ. მისი თქმით, ქართველი მძღოლები სარფის საზღვართან ტოვებენ მგზავრებს და ისევ ხოფაში უწევთ ჩასვლა პარკირებისთვის: „მაგალითად, წუხელ 11 საათზე მოვედი სარფში, მყავდა 7 მგზავრი, გადავსვი ისინი თურქულ ავტობუსში და გამოვაყოლე სარფიდან ბათუმში, მე კი დილის 6 საათამდე  ვიდექი რიგში, თურქი მძღოლებისთვის ასეთი პრობლემა არაა. სარფში იმასაც გვეუბნებიან, რომ „შევსებულია და ვერ გახვალთ“, როცა ჩაუდებ 10 ლირას ან მეტს, მერე გაგვიშვებენ.“

„ვთხოვ კონსულს რომ, ქართულმა და თურქულმა მხარემ, შეთანხმდნენ, როგორმე და ერთხელ და სამუდამოდ საზღვარზე და საბაჟოზე დამყარდეს ისეთი წესრიგი, რომ ადამიანური დამოკიდებულება იყოს, როგორც საქართველოს, ისე თურქეთის მოქალაქეების მიმართ“ – ამბობს ორგანიზაცია „ჩვენი უფლებებისათვის“ ხელმძღვანელი თამაზ ბაკურიძე.

აქციის მონაწილეებს საკონსულოს შენობაში შეხვდა თურქეთის გენერალური კონსული ბათუმში იასინ თემიზქანი. კონსულის განცხადებით, ავტოსადგომი არის ქალაქ ხოფის მუნიციპალიტეტის გამგეობის დაქვემდებარებაში და ყველა სატრანსპორტო საშუალება უნდა იცავდეს რიგს: „ეს გაკეთდა იმისათვის, რომ განიტვირთოს სარფის საბაჟო გამშვები პუნქტი, ყველა სატრანსპორტო საშუალება აუცილებლად უნდა შევიდეს ავტოსადგომზე, აიღოს რიგის ნომერი და შემდეგ უკვე გააგრძელოს გზა. ის სატრანსპორტო საშუალებები, რომლებსაც გადმოყავთ მგზავრები, ურიგოდ უნდა გადავიდნენ საზღვარზე, როგორც გავიგე სისტემაში პრობლემა არ არის, ალბათ პრაქტიკაში არ იყენებენ აღნიშნულ წესებს.“ კონსულის ინფორმაციით, მან დაავალა საკონსულოს წარმომადგენელს აღნიშული საკითხის შესწავლა.

თურქეთის გენერალურმა კონსულმა განმარტება გააკეთა თურქი მებაჟეების მხრიდან ქრთამის აღების შესაძლო შემთხვევაზეც: „რაც შეეხება ქრთამის აღებას მებაჟეების მხრიდან, ეს არის უკანონო ქმედება, რომელიც თურქეთში დასჯადია, მაგრამ იმისათვის, რომ ჩვენ ოფიციალურად მოვახდინოთ რეაგირება, გვჭირდება მტკიცებულება, ანუ თარიღი, სახელი და გვარი, ამის შემდეგ აუცილებლად მივიღებთ საჭირო ზომებს“.

ზოგადად, რიგებთან დაკავშირებით, გენერალურმა კონსულმა განაცხადა: „არსებობს როგორც კადრების სიმცირის პრობლემა, ასევე ტერიტორიის სიმცირის პრობლემაც. ასევე მოგეხსენებათ, ბოლო დროს თურქეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გამკაცრებულია შემოწმებები, რაც იწვევს აღნიშნულ რიგებს, მაგრამ უახლოეს მომავალში დაიწყება მუშაობა ტერიტორიის გაფართოებაზეც და კადრების მომატებაზეც, რის შემდეგაც მოგვარდება გამტარობის პრობლემაც.“

მძღოლები თურქეთის საკონსულოსთან ბათუმში. 04.10.2016 / როინ გუნდაძის ფოტო

მძღოლები თურქეთის საკონსულოსთან ბათუმში. 04.10.2016 / როინ გუნდაძის ფოტო

ამავე თემაზე:

თურქეთის კონსული მძღოლებს საპროტესტო აქციის შემდეგ შეხვდა

გადაბეჭდვის წესი