მთავარი,სიახლეები

არმაზ ახვლედიანი: ეს ის შემთხვევაა, როცა უმრავლესობა მარტო არ უნდა დატოვო ღუმელთან

05.10.2016 • 2226
არმაზ ახვლედიანი: ეს ის შემთხვევაა, როცა უმრავლესობა მარტო არ უნდა დატოვო ღუმელთან

„ეს წინასაარჩევნო გარემო არის მეტისმეტად უცნაური,“ – ამბობს არმაზ ახვლედიანი. ბათუმელებისგან პარლამენტარის მანდატის მოპოვებას ის დამოუკიდებლად ცდილობს. თვლის, რომ პარტიების კუთხით არჩევანი გართულდა. ბოლო პარტია, რომელსაც დაუპირისპირდა „ქართული ოცნება“ იყო, სადაც იგი აღმასრულებელი მდივნის პოსტს იკავებდა. მანამდე ის ორგზის იყო პარლამენტარი. იყო ასლან აბაშიძის თანაშემწეც. არმაზ ახვლედიანი არის პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი და „თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის“ დირექტორი.

თქვენს მიერ წინასაარჩევნო გარემოს მწვავე შეფასებები ხშირად განხვავდება იმისგან, რასაც ექსპერტები ამბობენ. მათი თქმით, მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია გარემო…

აშკარად შეცლილია გარემო და რაღაც თვალსაზრისით უკეთესობისკენაც. დღეს არ აქვს ადგილი ღია ძალადობის ფაქტებს. ყოველ შემთხვევაში, ასეთი შემთხვევები არსად გაგვიგია… მე შემიძლია ვისაუბრო ღიად, რამდენ კანონდარღვევას ჰქონდა ადგილი უშუალოდ ჩემს წინააღმდეგ, მაგრამ ვერ ვიტყვი იმას, რომ ამას ტენდენციის ხასიათი ჰქონდა მთელი ქვეყნის მასშტაბით. ეს წინასაარჩევნო გარემო არის მეტისმეტად უცნაური. უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ ხელისუფლება ცდილობს აჩვენოს წინასაარჩევნო გარემოს დემოკრატიულობა. სინამდვილეში ეს არის ფასადური დემოკრატიული წინასაარჩევნო გარემო, როდესაც ერთი მხრივ, “ოცნება” გაიძახის, რომ ყველაფერი ნორმის ფარგლებშია, მეორე მხრივ, ის არაა მზად, მაგალითად, დებატებისთვის. რამდენჯერმე შევთავაზე 69-ე ოლქის მაჟორიტარ კანდიდატს, ნუკრი ბეჟანიძეს დებატში მონაწილეობა ნებისმიერ ფორმატში, მაგრამ ის ყოველთვის გარბის… შესაბამისად, ამომრჩეველი ვერ აკეთებს ინფორმირებულ არჩევანს.

ინფორმირებული არჩევნის გარეშე არჩევნებს პრაქტიკულად აზრი არ აქვს. დღეს “ოცნება” ამ საფრთხის წინაშე აყენებს საზოგადოებას. „ოცნება“ ასევე იყენებს ადმინისტრაციულ რესურსს შეუზღუდავად, იყენებს ისე, რომ ბევრი დაკვირვებული თვალიც კი ვერ ხვდება ამას, რას იყენებს და როგორ იყენებს.

რა ფაქტები გაქვთ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების?

„ქართული ოცნება“ ამრავლებს საკუთარ კოორდინატორებს ისე, როგორც წვიმის შემდეგ სოკოები მრავლდებიან. ჩემი ინფორმაციით, 4 ათასამდე კოორდინატორია დასაქმებული ბათუმში. ამ ადამიანების სრული შემადგენლობა ანაზღაურებით მუშაობს და არავინ იცის, საიდან მოდის ეს ანაზღაურება. მეორე მხრივ, ხელისუფლება საერთოდ ვერ ხედავს, რომ არსებობს ზღვარი ადმინისტრაციულ, სახელისუფლებო მანდატს და წინასაარჩევნო პარტიულ ჩართულობას შორის. ამ ზღვარს ვერ ხედავს ვერც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე. 2 ოქტომბერს, ჩემს ამომრჩეველთან შემაჯამებელი შეხვედრა სხვადასხვა უცნაურობის ფონზე მიმდინარეობდა. ერთი იყო ის, რომ შეხვედრა სამ საათზე იყო დანიშნული. ვინც აპირებდა მოსვლას, ურეკავდა სხვადასხვა უცნობი ადამიანი და ატყობინებდა, რომ შეხვედრა გადაიდო ოთხი საათისთვის. ამან გამოიწვია დაბნეულობა. ის, ვინც გამოჩნდა ამ შეხვედრაზე და არის საბიუჯეტო ორგანიზაციის თანამშრომელი, ზიგიერთმა გვითხრა, რომ სამსახურებში მეორე დილით მათ მიიღეს საყვედური… ვხედავდი ადამიანებს, როცა სცენიდან მიმყავდა ეს შეხვედრა, თუ კამერა ვინმეს მიმართ მიბრუნდებოდა, ცდილობდნენ, რომ დაემალათა საკუთარი სახეები…. ადამიანებს აქვთ ეს განცდა და ხელისუფლება არაფერს აკეთებს, რომ ეს განცდა აღარ იყოს. ხელისუფლების აწყობს ეს განცდა, რადგან თუკი ადამიანები ბოლომდე გათავისუფლდებიან, მაშინ იქნებ ბოთლიდან ჯინიც ამოვიდეს….

რამდენად გაიგო ამომრჩეველმა დამოუკიდებელი კანდიდატის როლი და რა უპირატესობა შეიძლება გქონდეთ პარტიულისგან განსხვავებით?

არ ველოდი, რომ ასეთი სიხარულით და სიმშვიდით შეხვედებოდნენ ადამიანები ამ ფაქტს, რომ ვარ უპარტიო. მეჩვენება, რომ ადამიანებს საერთოდ პარტიების მიმართ აქვთ იმედგაცრუება.ზოგი ამბობს, რომ დამოუკიდებელი კარგია, მაგრამ მარტო რა გამოვა?… გულახდილად ვეუბნები ყველას, რომ ვერავის ვპირდები, ვერც საყოფაცხოვრებო, მატერიალური, ვერც სოციალური, შრომითი ურთიერთობების მოგვარებას. მე ბათუმელებს ვპირდები იმას, რომ თუ ამირჩევენ, ვიცხოვრებ ბათუმელების ჩვეულებრივი ცხოვრებით და ვიქნები მათი საზოგადოებრივი, სამოქალაქო, უანგარი, უფასო დამცველი პარლამენტში და ყველა სხვა სახელისუფლებო სივრცეში, ალბათ, უპირველესად ბათუმის მერიასა და აჭარის მთავრობაში.

უფასოს რატომ უწოდებთ ამ სამსახურს? პარლამენტის დეპუტატის ხელფასი საკმაოდ მაღალია.

იმიტომ ვუსვამ ამას ხაზს, რომ მაღალია ხელფასი და ამ ხელფასის მიღმა არაფერს არ უნდა დაეძებდეს პარლამენტარი. დღეს არსებული ხელფასების ფონზე, რაც ზოგადად საბიუჯეტო ორგანიზაციებში აქვთ, მით უმეტესს, პენსიების ფონზე, ნამდვილად უხერხულობას უნდა უქმნიდეს პარლამენტარს თავისი ხელფასი. უანგარო მსახურებაზე თუ მიდგება საუბარი, ეს ძალიან რუტინული, შრომატევადი საქმეა და ასეულობით ადამიანი შეიძლება არც დათანხმდეს იმ მანდატის სრულად და პატიოსნად შესრულებას, რაც პარლამენტარს აქვს… კარდაკარ როცა ვხდები ბათუმელებს, კიდევ ერთხელ ვაცნობიერებ, რა ცოტა უნდა ამ საზოგადოებას. იშვიათია, რომ ვინმემ იწუწუნოს გაუსაძლისი მატერიალური პირობების გამო, არადა ასეთი არაერთია. ადამიანები ძირითადად წუხან იმის გამო, რომ მათ მწარედ ივიწყებენ არჩევნების შემდეგ. ეს არის ერთგვარი ჩაკეტილი წრე, რომლის გარშემო ჩვენ ვბრუნავთ უკვე რამდენიმე წელია და ამ წრიდან გამოსავალი პრაქტიკულად არც არსებობს, თუ არ ვცადეთ და დავარღვიეთ. ეს წრე პოლიტიკოსებმა კი არა, ადამიანებმა, მოქალაქეებმა, ყველამ ერთად უნდა გავარღვიოთ. მე მაქვს სურვილი, რომ ბათუმელებმა მოახერხონ თავად მოიპოვონ ეს უფლება და მერე აღარავის არ გადასცენ არც ერთი არჩევნების დროს.

თქვენს მიმართ არ აქვს იგივე საყვედური ამომრჩეველს? თქვენ იყავით აბაშიძის ხელისუფლებაში, „მოქალაქეთა კავშირიდან“ პარლამენტის წევრი. იყავით „ქართულ ოცნებაშიც“…

შეიძლება არა მარტო აბაშიძის და შევარდნაძის ხელისუფლების დროს მუშაობდე, არამედ ასაკი თუ ხელს გიწყობს, შეიძლება მუშაობდე 60-იან წლებშიც. მთავარი ეს არ არის. მთავარია, რომ მუშაობდი, როგორ იქცეოდი, შეგეძლო თუ არა დინების წინააღმდეგ სვლა. გულახდილად გეტყვით: როცა ვფიქრობ საკუთარ შეცდომებზე, ერთ რამეს ვაცნობიერებ – შეცდომა ბევრი ყოფილა, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ არ წავსულვარ კომფორმისტის გზით. მე დავპირისპირებივარ ისეთ მძლავრ მანქანას, როგორიც არსებობდა აბაშიძის დროს… მე საერთოდ არ მქონდა არანაირი კავშირი სააკაშვილის მმართველობასთან. რაც შეეხება, „ოცნებას“ მივედი და მისვლისთანავე მქონდა დაპირისპირება, თანაც ისეთი, რომ ვერ მპატიობენ დღემდე.

თქვენ ახსენეთ შეცდომები. რა შეცდომა დაუშვით, როცა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი იყავით?

ზოგადად, პირველი ვამბობდი ხშირად „არას“. ამის მიუხედავად მიმაჩნია, რომ იყო შემთხვევები, როცა შემეძლო ეს გამეკეთებინა უფრო მწვავედ და გაცილებით უფრო ადრე და არ მოვრიდებოდი არაფერს. „ოცნების“ შემთხვევაში მე მქონდა ასეთი გზა არჩეული – მიმაჩნდა, რომ ყველა რესურსი უნდა ამომეწურა შიგნით დ ამას ვცდილობდი 2013 წლის აპრილიდან იმავე წლის ოქტომბრის ჩათვლით. მხოლოდ ამ პერიოდში ვიყავი აღმასრულებელი მდივანი…

რა ბერკეტი გექნებათ დამოუკიდებელ დეპუტატს, რომ პოლიტიკური მოცემულობა შეცვალოთ?

მთავარია საზოგადოების მხარდაჭერა… მე სულაც არ ვაძაგებ პარტიას და მიმაჩნია, რომ პარტიული დემოკრატია არის დემოკრატიის უმნიშვნელოვანესი შემადგენელი. უბრალოდ, დღეს საქართველოში ისეთი ვითარებაა, რომ პარტიებს შორის არჩევანის გაკეთება ძალიან გართულდა. დამოუკიდებელი დეპუტატობა მე მომცემს საშუალებას, რომ მთლიანად ვიყო თავისუფალი პოლიტიკური კონიუნქტურისგან, წნეხისგან და ყოველ კონკრეტულ შემთვევაში, თავისუფლად დავუჭირო მხარი ადამიანებისთვის სასარგებლო და სწორ გადაწყვეტილებას, გავემიჯნო ყველას, ვინც ამ გზით არ მიდის.

მაგრამ გადაწყვეტილებას იღებს უმრავლესობა.

ეს ის შემთხვევაა, როცა უმრავლესობა მარტო არ უნდა დატოვო ღუმელთან. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რეალურად პოლიტიკური წნეხისგან თავისუფალი და მეტნაკლებად გამოცდილი ადამიანის პარლამენტში ყოფნა, რომელიც შეძლებს და ყველა საჭირო მომენტში იტყვის „არას“. ყველა საჭირო შემთხვევაში ამხელს უმრავლესობის ნებისმიერ მზაკვრობას. ეს თანდათან გააჩენს განცდას, რომ აზრი აქვს ამ ბრძოლას. ჩვენ ხომ ვიცით სხვადასხვა შემთხვევა, როცა მთქმელი არავინ ყოფილა. ზოგჯერ თქმა იმაზე მწარეა, ვიდრე რაღაცის გაკეთება. ჩემი მთავარი ამოცანაა, რომ ადამიანებს, ვისაც ირჩევენ და ამომრჩეველს შორის ჩატეხილი, უნდობლობის ხიდი აღდგეს. ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ მათ ხმას აზრი აქვს.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: