ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ვაშლოვანში 72-ბინიანი საცხოვრებელი კომპლექსისა და ბათუმში, თამარის დასახლების N29-ის მიმდებარედ 58-ბინიანი საცხოვრებელი სახლის ცეცხლსასროლი იარაღით დაცვაში, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო 119 410 ლარს გადაიხდის.
აღნიშნულ თანხას სამინისტრო სახელმწიფო დაცვის სამსახურს გადაუხდის. შესაბამისი თანხმობა შესყიდვების სააგენტოსგან სამინისტრომ მიმდინარე წლის 16 სექტემბერს მიიღო.
„დღეის მდგომარეობით, სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია და მიმდინარეობს შესრულებული სამუშაოების მიღების პროცესი, რის შემდგომაც საცხოვრებელი ბინების განაწილებამდე საჭიროა შენობების ადეკვატური დაცვით უზრუნველყოფა, ვინაიდან არსებობს საშიშროება შენობების გარეშე პირების მიერ უკანონოდ/უნებართვოდ დაკავებისა“ – აცხადებენ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში.
დაცვის სამსახურმა „მიმდინარე წლის 31 დეკემბრამდე, 24 საათის განმავლობაში უნდა დაიცვას ობიექტები და მათში განთავსებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზა/ ქონება ქურდობის, ყაჩაღობის, განზრახ განადგურებისაგან ან სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებისაგან. აგრეთვე „დაცვა“ პასუხისმგებელია საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაზე, არ უნდა დაუშვას დასაცავ ობიექტებზე უცხო პირების შესვლა“.
აღნიშნული სახლების მშენებლობას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო „სოციალური და სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფის პროგრამის“ ფარგლებში ახორციელებდა.
ბათუმში საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტვალი მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც, ერთი კვირის მანძილზე, 40-მდე სრულმეტრაჟიანი, მხატვრული და დოკუმენტური ფილმი და მოკლემეტრაჟიანი ფილმები იქნება ნაჩვენები. “ბათუმელები” გთავაზობთ იმ ახალი ფილმების [2015-2016 წწ] ჩამონათვალს, რომელთაც უკვე მიქციეს ყურადღება სხვადასხვა ფესტივალზე.
„სიყვარულის შეერთებული შტატები“ – მხატვრული ფილმი [საკონკურსო სექცია]
პოლონელი რეჟისორის, ტომას ვასილევსკის ფილმი გასული საუკუნის 90-იან წლებში ოთხი სხვადასხვა ასაკის ქალის შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც ცდილობენ ახალ ცხოვრებას აუწყონ ფეხი. ფილმის პრემიერა წელს „ბერლინალეზე“ შედგა, სადაც „სიყვარულის შეერთებულმა შტატებმა“ ვერცხლის დათვი მოიპოვა საუკეთესო სცენარისთვის.
ფილმი ნაჩვენები იქნება 21 სექტემბერს, კინოთეატრ „აპოლოში“. დასაწყისი: 19:00 საათზე.
„მოგონებათა უმანკოება“ – დოკუმენტური ფილმი [საკონკურსო სექცია]
ბრიტანელი რეჟისორის, გრანტ ჯის დოკუმენტური ფილმი სტამბულში მდებარე „უმანკოების მუზეუმის“ შესახებ მოგვითხრობს, რომელიც თურქმა მწერალმა, ორჰან ფამუქმა გახსნა მისი ამავე სახელწოდების რომანის გამოსვლის შემდეგ.
ფილმი ნაჩვენები იქნება 24 სექტემბერს, კინოთეატრ „აპოლოში“. დასაწყისი: 12:30 საათზე
„მე – ოლგა ჰერპანოვა“ – მხატვრული ფილმი [საკონკურსო სექცია]
ოლგა მარტოსული ლესბოსელია, საზოგადოებისა და ოჯახისგან გარიყულს საკუთარი ადგილის პოვნა უჭირს. პეტრ კაზდას და თომას ვაინრების ფილმი წელს რამდენიმე კინოფესტივალზე აჩვენეს, ფილმმა სოფიას საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი პრიზი მოიპოვა.
ფილმი ნაჩვენები იქნება 20 სექტემბერს, კინოთეატრ „აპოლოში“. დასაწყისი: 16:30 საათზე.
„უღმერთო“ – მხატვრული ფილმი [საკონკურსო სექცია]
„უღმერთო“ ბულგარელი რეჟისორის, რალიცა პეტროვას სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმია მედდაზე, რომელიც დემენციით დაავადებული პაციენტების საბუთებს იპარავს და შავ ბაზარზე ყიდის.
ფილმი წელს ლოკარნოს კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა და „ოქროს ლეოპარდი“ მოიპოვა, ლოკარნოს და სარაევოს კინოფესტივალებზე კი ფილმში მთავარი როლის შემსრულებელი, ირენა ივანოვა საუკეთესო მსახიობ ქალად დაასახელეს.
ფილმი ნაჩვენები იქნება 19 სექტემბერს, კინოთეატრ „აპოლოში“. დასაწყისი: 20.30 საათზე.
„სმოლენსკი“ – მხატვრული ფილმი [სექცია „დიდოსტატთა კოლექცია]
პოლონელი რეჟისორის, ენტონი კრაუზეს ფილმი 2010 წელს სმოლენსკში მომხდარ ტრაგედიას ეძღვნება, როცა ავიაკატასტროფის შედეგად პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი, მისი მეუღლე და ბორტზე მყოფი 96-ვე ადამიანი გარდაიცვალა. ფილმის მთავარი გმირი ჟურნალისტია, რომელიც სმოლენსკის ტრაგედიის მიზეზებს იძიებს.
„სმოლენსკის“ პრემიერა 9 სექტემბერს შედგა ვარშავაში, 20 სექტემბერს კი ფილმს ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალზე აჩვენებენ.
ფილმი ნაჩვენები იქნება 20 სექტემბერს, კინოთეატრ „აპოლოში“. დასაწყისი: 19:00 საათზე.
„სიკვდილი სარაევოში“ – მხატვრული ფილმი [საკონკურსო სექცია]
დანის ტანოვიჩის ფილმი ფრანგი ფილოსოფოსის, ჟურნალისტისა და მწერლის, ბერნარ-ჰენრი ლევის პიესის – „სასტუმრო ევროპა“ – მიხედვითაა გადაღებული. ფილმი წელს ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზიორი გახდა.
ფილმი ნაჩვენები იქნება 24 სექტემბერს, კინოთეატრ „აპოლოში“. დასაწყისი: 16:00 საათზე.
„პატერსონი“ – მხატვრული ფილმი [სექცია „დიდოსტატთა კოლექცია”]
ცნობილი ამერიკელი რეჟისორის, ჯიმ ჯარმუშის ფილმის მთავარი გმირი ავტობუსის მძღოლია. მისი ცხოვრება რუტინულია, თუმცა პატერსონი პოეტია. ფილმი წელს კანის კინოფესტივალზე აჩვენეს.
ფილმი ნაჩვენები იქნება 24 სექტემბერს, კინოთეატრ „აპოლოში“. დასაწყისი: 21:00 საათზე.
„განათლებულთა მიწა“ – დოკუმენტური ფილმი [საკონკურსო სექცია]
ბელგიელი რეჟისორის, პიტერ-ჟან დე პიუს დოკუმენტური ფილმი ავღანეთზე მოგვითხრობს. ფილმში ასახულია ის პირობები, რომელიც ავღანელი ბავშვების რეალობაა.
„განათლებულთა მიწა“ წელს სანდენსის კინოფესტივალის პრიზიორი გახდა.
ფილმი ნაჩვენები იქნება 20 სექტემბერს, კინოთეატრ „აპოლოში“. დასაწყისი: 12:00 საათზე.
„დევნილი გემი ენგური“ – დოკუმენტური ფილმი [საკონკურსო სექცია]
ქართველი რეჟისორის, ვახტანგ ვარაზის ფილმი ბათუმის პორტში მდგომ გემ „ენგურზე“ მოგვითხრობს, რომელსაც ორკაციანი ეკიპაჟი ჰყავს: კაპიტანი და ბოცმანი, ისინი „ენგურის“, ბოლო დევნილი გემის, ერთადერთი იმედი არიან.
ფილმი ნაჩვენები იქნება 23 სექტემბერს, კინოთეატრ „აპოლოში“. დასაწყისი: 12:00 საათზე.
„მე – დანიელ ბლეიკი“ – მხატვრული ფილმი [სექცია „დიდოსტატთა კოლექცია]
ცნობილი ბრიტანელი რეჟისორის, კენ ლოუჩის ფილმი 59 წლის მამაკაცზეა, რომელიც ჯანმრთელობის გაუარესების გამო პირველად სთხოვს დახმარებას სახელმწიფოს. ფილმი კანისა და ლოკარნოს კინოფესტივალების პრიზიორია, კანში ფილმს „ოქროს პალმის რტო“ გადაეცა.
ფილმი ნაჩვენები იქნება 24 სექტემბერს, კინოთეატრ „აპოლოში“. დასაწყისი: 21:00 საათზე.
ბათუმის 69-ე საარჩევნო ოლქის დამოუკიდებელი მაჟორიტარი კანდიდატის, არმაზ ახვლედიანის სარჩელი მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ ნაწილობრივ დააკმაყოფილა. დამოუკიდებელმა კანდიდატმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, როცა 9 სექტემბერს მისი ერთ-ერთი სააგიტაციო ბანერი ჭავჭავაძის ქუჩის დასაწყისში ჩამოხსნეს.
არმაზ ახვლედიანი ბათუმის საკრებულოს მიერ 6 ივლისს მიღებული განკარგულების ნაწილობრივ ბათილად ცნობას ითხოვდა. ამ განკარგულების მიხედვით, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში სააგიტაციო მასალის განთავსება აკრძალულია, პარტიული ოფისების შენობებისა და სამშენებლო ღობეების გარდა.
„საარჩევნო კოდექსის ნორმის მიზანია დაიცვას კულტურული მემკვიდრეობა, საკულტო ძეგლები, ასევე სახელმწიფო მმართველობის ორგანოებო. საჯარო ინტერესს შეუძლებელია ემსახურებოდეს ქუჩის კონკრეტულ მონაკვეთში ბილბორდზე ბანერის გაკვრა,“ – აღნიშნა თავის სიტყვაში არმაზ ახვლედიანის ადვოკატმა, სულხან ფალავანდიშვილმა.
მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ საკრებულოს არ ჰქონდა უფლება, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში სრულად აეკრძალა სააგიტაციო მასალის განთავსება და მიღებული განკარგულება ეწინააღმდეგება საარჩევნო კოდექსს. საკრებულოს პოზიციით კი, საარჩევნო კოდექსი, გარდა იმისა, რომ განსაზღვრავს კონკრეტულ ობიექტებს, სადაც აკრძალულია სააგიტაციო მასალის განთავსება, უფლებამოსილებას აძლევს თვითმმართველობას, რომ თავად დაამატონ კონკრეტული შენობა-ნაგებობები, რომლებზეც იგივე აკრძალვა გავრცელდება.
„საარჩევნო კოდექსმა, თუ ყველაფერი ზუსტად განსაზღვრა, მაშინ რატომღა მავალებს ადგილობრივ თვითმმართველობას, რომ განვსაზღვრო დამატებითი ადგილები?”- იკითხა საპაექრო სიტყვის დროს ვახტანგ გედენიძემ, ბათუმის საკრებულოს იურისტმა.
სასამართლო განხილვის დაწყებამდე მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ აღნიშნა, რომ ამ საქმეზე სასამართლოს და მხარეებს წერილობით მიაწოდა მოსაზრება „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ”. ამ ორგანიზაციაში თვლიან, რომ საკრებულოს განკარგულება სააგიტაციო მასალების განთავსების შესახებ ეწინააღმდეგება საარჩევნო კოდექსს: „ნორმის სიტყვა-სიტყვით და ასევე კანონის მიზნიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ, ნათელია, რომ კანონმდებელი მიზნად ისახავს დაიცვას განსაკუთრებყლი ფუნქციის და ისტორიულ-კულტურული მნიშვნელობის მატარებელი შენობა-ნაგეობებები და არა ყველა კატეგორიის შენობა… საარჩევნო კოდექსი არ ანიჭებს საკრებულოს უფლებას, სარეკლამო მასალის განთავსების აკრძალვის ზონაში მოაქციოს ქალაქის ცალკეული ქუჩები ან/და უბნები…” – ნათქვამია ორგანიზაციის წერილობით განმარტებაში.
მხარეთა პოზიციების მოსმენის შემდეგ, მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი დღესვე გამოაცხადა. სასამართლო გადაწყვეტილებით, არმაზ ახვლედიანს ისევ შეეძლება საარჩევნო ბანერის განთავსება ჭავჭავაძის ქუჩაზე, რადგან სადავო ადგილი არ წარმოადგენდა შენობა-ნაგებობას.
როდის განათავსებს არმაზ ახვლედიანი ბანერს ჭავჭავაძის ქუჩაზე, არმაზ ახვლედიანის საარჩევნო შტაბის მენეჯერი, ირაკლი ჯიჯავაძე ამბობს, რომ ეს დამოკიდებულია იმ კერძო კომპანიაზე, რომელსაც სარეკლამო მასალის განთავსების უფლება აქვს შესყიდული: “გააჩნია, ეს კომპანია რამდენად გაუძლებს ზეწოლას”.
„მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის“ ინფორმაციით, 2016 წლის 3 აგვისტოს, ბელგიამ უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნების სია გამოაქვეყნა, სადაც საქართველოც მოხვდა. საქართველოსთან ერთად უსაფრთხო ქვეყნების სიაშია ალბანეთი, ბოსნია-ჰერცოგოვინა, მაკედონია, კოსოვო, მონტენეგრო, სერბეთი და ინდოეთი. ბელგიის გარდა, ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან, საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში ჰყავთ შეყვანილი საფრთანგეთს, ბულგარეთსა და ავსტრიას. რას იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეებს თითქმის აღარ რჩებათ შესაძლებლობა ამ ქვეყნებში თავშესაფარი მოითხოვონ.
„საქართველოს მოქალაქეებს არ ემუქრებათ საფუძვლიანი საფრთხე იმისა, რომ წარმოშობის ქვეყანაში მოხდება მათი დევნა რასის, რელიგიის, აღმსარებლობის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულებების გამო“- ნათქვამია დოკუმენტში.
შესაბამისად, „მოქალაქეები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზით მოითხოვენ თავშესაფარს ბელგიაში, ან ზემოთ აღნიშნულ სამ ქვეყანაში, უმრავლეს შემთხვევაში მიიღებენ უარყოფით პასუხს“-გვეუბნებიან მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციაში.
ამავე ორგანიზაციის ინფორმაციით, 2015 წელს, ბელგიას თავშესაფრის მოთხოვნით საქართველოს 300-მდე მოქალაქემ მიმართა.
„მიმდინარე წლის ივლისის მონაცემებით, ბელგიაში თავშესაფრის მაძიებელთა 2,8 პროცენტი საქართველოდან იყო, რაც საკმაოდ მაღალია“-გვეუბნება მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის, ბათუმის მობილურობის ცენტრის ხელმძღვანელი ნანა პაპიაშვილი.
ლეგალურ მიგრაციასთან დაკავშირებით „მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია“ საინფორმაციო კამპანიას ატარებს, რომლის ფარგლებშიც ჟურნალისტებისთვის, მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის გამოცხადებულია კონკურსი.
ჟურნალისტებისთვის კონკურსის თემაა – „უკანონო მიგრაცია საქართველოდან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. მიზეზები და შედეგები“.
სტუდენტებმა და მოსწავლეებმა კი საკონკურსოდ უნდა დაწერონ ესსე, – „ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის გავლენა ჩვენს მომავალზე“. გამარჯვებულები მიიღებენ ფასიანი საჩუქრებს.
22 სექტემბერს, ბათუმის ამერიკულ კუთხეში, FLEX პროგრამის კურსდამთავრებულები პროგრამით დაინტერესებულ მოსწავლეებს შეხვდებიან.
მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა (FLEX) სკოლის (14-16 წლის) მოსწავლეებს სთავაზობს შესაძლებლობას გაეცნონ ამერიკის კულტურას და ხალხს საერთაშორისო გაცვლითი პროგრამის მეშვეობით, ისწავლონ ამერიკულ სკოლაში და იცხოვრონ ამერიკელ მასპინძელ ოჯახთან ერთად ერთი აკადემიური წლის მანძილზე.
მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა (FLEX) ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მოსწავლეთათვის განკუთვნილი გაცვლითი პროგრამაა, რომელიც სრულად ფინანსდება აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ. „FLEX პროგრამის უპირველესი მიზანია, ამ ორი ქვეყნის ახალგაზრდებს შორის გააღრმავოს ურთიერთგაგება, რაც საშულებას აძლევს ახალგაზრდებს დააკვირდნენ და გამოცდილებაზე დაყრდნობით შეისწავლონ აშშ–ს მთავრობის სისტემა, ამერიკული ცხოვრების სტილი, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა და სხვა.
პროგრამას სრულად აფინანსებს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის საკითხთა ბიურო. FLEX და სხვა გაცვლითი პროგრამების მხარდაჭერის გზით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ხელს უწყობს შეერთებულ შტატებსა და მსოფლიოს სხვა ხალხებს შორის ურთიერთგაგების გაღრმავებას“.
„სადაც უნდათ იქ ილოცონ, ჩვენ თავი დაგვანებონ… ქობულეთში პანსიონი მაინც არ გაიხსნება, წინააღმდეგი ვარ,“ – უთხრა სასამართლო დარბაზში ჟურნალისტებს ჟუჟუნა კაკალაძემ. ის და კიდევ ორი პიროვნება დღეს, 19 სექტემბერს მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ დისკრიმინაციაში ამხილა.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა „ქართველ მუსლიმთა ურთიერთობის“ სამოქალაქო სარჩელი შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ. ამ უწყების წარმომადგენელი დღეს სასამართლოში გადაწყვეტილების გამოცხადებას არ დასწრებია. სამი ფიზიკური პირის მიმართ კი, დისკრიმინაცია დადგინდა და მათ მორალური კომპენსაციის სახით, ერთი ლარიც უნდა გადაიხადონ.
„სასამართლომ არ გაითვალისწინა ის არგუმენტები და მტკიცებულებები, რომელიც წარდგენილი გვქონდა და ადასტურებდა იმას, რომ პოლიცია ახორციელებდა არასათანადო პრევენციას ძალადობის აღსაკვეთათ… ჩვენ ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად გავასაჩივრებთ,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ეთერ გვრიტიშვილმა, „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის“ იურისტმა. ეს ორგანიზაცია მუსლიმთა თემის ინტერესებს იცავდა სასამართლოში. „ქობულეთის პანსიონის საქმე“ ბათუმის საქალაქო სასამართლოში 2014 წლის დეკემბრიდან განიხილება.
ანგელინა ყურშუბაძეც ერთ-ერთია მათ შორის, ვინც სასამართლომ დისკრიმინაციაში დაადანაშაულა. ის მოსამართლეს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და თვლის, რომ დისკრიმინაციული მოპყრობა არ გამოუვლენია: „კანონი არ აძლევს მოსამართლეს შესაძლებლობას სხვანაირი გადაწყვეტილება მიიღოს, კანონი არის უსამართლო… დისკირმინაცია უნდა ისჯებოდეს, მაგრამ გაზვიადებული იყო ჩვენგან დისკრიმინაცია. მე, პირადად, ვარ დედა, ბებია, შაირი რომ არ ენახათ, რა თქმა უნდა, წადით მშვიდობიანად-მეთქი, მარტო ამას ვებნებოდი. ეს თუ დისკრიმინაციაა, არ ვიცი. სამშვიდობო საქმე უნდა გავაკეთოთ. ჩვენს უკან ხალხი დგას, მე სულ არ გამოვჩნდები, მაგრამ ხალხი იქნება და ისინი შეუშლიან ხელს ამ პანსიონის ამოქმედებას“.
მოპასუხე ფიზიკური პირების ადვოკატი, როსტომ გუნთაიშვილი თვლის, რომ სასამართლო არასწორ პრაქტიკას ამკვიდრებს ამ გადაწყვეტილებით: „ვფიქრობ, არასწორი პრაქტიკა ჩამოაყალიბა მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ. არსებობს ბევრი გარემოება, რომელსაც დაეყრდნო მოსამართლე, არავითარი დისკრიმინაცია ამ საქმეში არ იყო.“
კითხვაზე, გაასაჩივრებს თუ არა სასამართლოს გადაწყვეტილებას მოპასუხე მხარე, როსტომ გუნთაიშვილმა გვითხრა, რომ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შეუთანხმდება მარწმუნებლებს საქმის გასაჩივრების შესახებ.
რამაზ კაკალაძე, „ქართველ მუსლიმთა ურთიერთობა“: „მოლოდინი გვქონდა, რომ იქნებოდა ეს გადაწყვეტილება. მათ შორის, შსს-ს მიმართაც. მოსამართლემ მიიღო დემოკრატიული გადაწყვეტილება. პანსიონი აუცილებლად გაიხსენება, რადგან ჩვენც ვართ ამ ქვეყნის შვილები და უნდა გვქონდეს უფლება, რომ კანონის ფარგლებში ჩვენც ვიმოქმედოთ.“
ორგანიზაცია „ახალგაზრდული ინიციატივა – მომავალი საქართველოსთვის“ ხელმძღვანელმა ლაშა ადამიამ, ბათუმში ჭაჭის თაუერთან ბრიფინგი გამართა. მისი განცხადებით, ქალაქის ხელმძღვანელობა თაუერზე არ ზრუნავს.
„2014 წლის შემდეგ, ჭაჭის თაუერს ფაქტობრივად არ უფუნქციონირებია. ქალაქის მერს არაერთხელ შევახსენეთ რომ ჭაჭის კოშკისთვის დაებრუნებინა თავისი პროფილი, მაგრამ არაფერი შეცვლილა. შენობის გარე ფასადი დაზიანებულია და მოსაწესრიგებელია ინფრასტრუქტურა, ჭაჭის კოშკის განათებებში თუ შადრევნებში ნაგავია ჩაყრილი“.
ლაშა ადამიას თქმით, ჭაჭის თაუერი ერთ-ერთი საინტერესო ადგილია ტურისტული თვალსაზრისით და ქალაქის ხელმძღვანელობა მის განვითარებაზე უნდა ზრუნავდეს.
დღეს, 19 სექტემბერს, პატიმრობაში მყოფ გიორგი ანდღულაძის ახლობლებმა და ოჯახის წევრებმა პატიმრობიდან გათავისუფლების მოთხოვნით, ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან საპროტესტო აქცია გამართეს.
გიორგი ანდღულაძეს შს სამინისტრო, ნარკოტკული ნივთიერების შენახვასა და იარაღის ტარებას ედავება. როგორც გიორგი ანდღულაძის მეუღლე მარი შველიძე განმარტავს, 3 აგვისტოს ის გიორგისთან ერთად მიდიოდა ზღვიდან სახლში, რა დროსაც შეიარეს ერთ-ერთ კაფეში.
„გიორგი კაფედან ტელეფონის დამტენის მოსატანად გავიდა და აღარ დაბრუნებულა. 2 საათის შემდეგ გვაცნობეს რომ გიორგი უკვე დაჭერილი ყავდათ, ჩვენ დღეს აქ იმიტომ შევიკრიბეთ, რომ სანამ ექსპერტიზის პასუხი იქნება, გიორგი პატიმრობიდან გაათავისუფლონ“ – ამბობს გიორგი ანდღულაძის მეუღლე.
ორგანიზაცია „ჩვენი უფლებებისათვის“ ხელმძღვანელის, თამაზ ბაკურიძის განმარტებით, იარაღისა და ნარკოტიკების ჩადება პოლიციის მხრიდან ტრადიციად იქცა: „ჩვენ წლების განმავლობაში ვებრძოდით და ვეწინააღმდეგებოდით ჩადების მეთოდებს, გვინდოდა ამ სისტემის დანგრევა, მაგრამ სამწუხაროდ არ დანგრეულა“.
პოლიტიკური პარტია „მურმან დუმბაძე-მედეა ვასაძე, ემსახურე საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა აჭარის უმაღლეს საბჭოში, მედეა ვასაძემ დღეს, 19 სექტემბერს, ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ პროპორციული სიის მეორე ნომერი, ზაზა ოქუაშვილი, სავარაუდოდ, არ არის საქართველოს მოქალაქე.
„18 სექტემბერს, ზაზა ოქუაშვილი ტელეკომპანია „იბერიის“ ეთერში დიდი ბრიტანეთის სიყვარულთან ერთად აღიარებს მის მოქალაქეობასაც. კანონი სხვა ქვეყნის მოქალაქეს უკრძალავს პარლამენტისა და უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობას. ვითხოვთ, მოხდეს მოკვლევა და კანონით დადგენილ ვადებში ინფორმაციის გასაჯაროვებას“, – აცხადებს მედეა ვასაძე.
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, ირაკლი ბარამიძე „ბათუმელებთან“ აცხადებს, რომ ზაზა ოქუაშვილს საქართველოს მოქალაქეობა აქვს.
„ბრიტანეთში ცხოვრობს, მაგრამ საქართველოს მოქალაქეობა ნამდვილად აქვს“, – გვეუბნება ის.
უსკოს საერთო სამსახურის უფროსი სულხან ჩოგაძე, ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებს, რომ ზაზა ოქუაშვილის მოქალაქეობის საკითხს მას შემდეგ მოიკვლევენ, როცა მედეა ვასაძის განცხადება ოფიციალურად დარეგისტრირდება.
„ზაზა ოქუაშვილს კანდიდატის სია და სააღრიცხვო ბარათი წარმოდგენილი აქვს უსკოში, წარმოდგენილი დოკუმენტაცია კანონით დადგენილ მოთხოვნებს აკმაყოფილებდა და გატარდა რეგისტრაციაშიც. რაც შეეხება მოკვლევას, როცა დარეგისტრირდება განცხადება, შემდეგ დაიწყება.“
„ბათუმელების“ კითხვაზე, წარმოადგინა თუ არა ზაზა ოქუაშვილმა რეგისტრაციის დროს საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი მოწმობა, სულხან ჩოგაძე ამბობს:
„არ ევალებოდა, თუმცა მაინც წარმოადგინა. სააღრიცხვო ბარათში მითითებული აქვს, რომ იმყოფება საკონსულო აღრიცხვაზე და, შესაბამისად, წარმოდგენილი აქვს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი“.
“ქართველ მუსლიმთა კავშირის” სარჩელი ბათუმის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა. ფიზიკურ პირებს დაევალათ განგრძობადი დისკრიმინაციის აღმოფხვრა და მორალური ზიანის საკომპენსაციოდ 1 ლარის გადახდა.
კავშირი, ქობულეთში მცხოვრებ სამ პირს, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს, დისკრიმინაციაში სდებდა ბრალს. დავის საგანი მუსლიმური პანსიონია ქობულეთში, რომლის გახსნის საშუალება არ მიეცა მუსლიმ მრევლს ზუსტად ორი წლის წინ.
სასამართლომ შსს-ს მიმართ არ დააკმაყოფილა სარჩელი.
მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ “ქობულეთის მედრესეს საქმეზე” გადაწყვეტილება დღეს, 19 სექტემბერს გამოაცხადა.
“პანსიონის საქმე” სასამართლოში 2014 წლის დეკემბრიდან განიხილება.
ქვეყანაში დასაქმების ოფიციალური სტატისტიკა ეკონომიკურ ექსპერტებსა და ამ მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციებს არათუ აეჭვებს, არამედ ისინი დარწმუნებით საუბრობენ, რომ საქსტატმა რეალობა უფრო ნათელ ფერებში აჩვენა, ვიდრე ის არის. სამაგიეროდ, პარტიები ეჯიბრებიან ერთმანეთს ამომრჩევლის დასარწმუნებლად, თუ ვისი ეკონომიკური გეგმა უფრო შეუწყობს ხელს ქვეყანაში სამუშაო ადგილების გაზრდას.
სახელისუფლებო პარტიის საარჩევნო პროგრამაში ცალკე თავი ეთმობა პარტიის ხედვებს იმაზე, თუ როგორ უზრუნველყოფს „ქართული ოცნება“ სამუშაო ადგილების გაზრდას ქვეყანაში. პროგრამის მიხედვით, რომელიც მმართველმა პარტიამ 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის მოამზადა, ბიზნესის მხრივ მთავარი პრობლემა კვლავ კვალიფიციური სამუშაო ძალის ნაკლებობაა და ამის დასადასტურებლად მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2015-2016 წლების გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიში მოჰყავთ.
„ერთი მხრივ, არსებობს მოთხოვნა კერძო სექტორის მხრიდან, თუმცა, ეს მოთხოვნა ვერ კმაყოფილდება იმ სამუშაო ძალით, რომელიც შრომის ბაზარზეა წარმოდგენილი“, – ნათქვამია სახელისუფლებო გუნდის საარჩევნო პროგრამაში. ამ დისბალანსის აღმოსაფხვრელად „ოცნება“ ამომრჩეველს კონკრეტული ღონისძიებების განხორციელებას ჰპირდება. „ოცნების“ გეგმით პროფესიული განათლების სისტემა უნდა განვითარდეს დუალური (გერმანული) მოდელის შესაბამისად, რაც გულისხმობს დამსაქმებლის საგანმანათლებლო პროცესში ჩართვას. შედეგად, მომავალი დასაქმებულების შრომის ბაზრისთვის მზაობის ხარისხის გაზრდას ვარაუდობენ.
„ოცნება“ გეგმავს შრომის ბაზრის მოთხოვნების შესწავლას. „რის შემდეგაც უმაღლესი განათლება დაეფუძნება არა ასიმეტრიულ მოთხოვნას, რომელიც რამდენიმე დომინირებული პროფესიით შემოიფარგლება, არამედ რეალურ საჭიროებებს, რომლის წინაშეც ქვეყანა დგას.“ ეს არ შეეხება ფუნდამენტურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებებს. გარდა ამისა, „ოცნება“ ამომრჩეველს ჰპირდება, რომ შეიმუშავებს ქვეყნის ინდუსტრიული განვითარების დოკუმენტს, რაც ეკონომიკის ზრდის მხარდამჭერი ახალი პოლიტიკის შემუშავებას გულისხმობს. დოკუმენტი საფუძვლად უნდა დაედოს ღონისძიებებს, რომლებიც სახელმწიფომ უნდა გაატაროს ახალი სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით; შემდგომი 4 წლის განმავლობაში „ქართული ოცნება“ 200 000 ახალი სამუშაო ადგილის შექმნას ჰპირდება ამომრჩეველს.
ეკონომისტ აკაკი ცომაიას შეფასებით [მას „ბათუმელებმა“ საარჩევნო პროგრამებში დასაქმებასთან დაკავშირებული ხედვების შეფასება სთხოვა], – „შრომის ბაზარზე არსებული დისბალანსი ვერ აღმოიფხვრება მანამ, სანამ უმაღლესი განათლების სისტემაში სახელმწიფო ინტერვენციები დომინირებს. გარდა ამისა, რეალურად არსებობს მოთხოვნა უფრო უმაღლესი განათლების დიპლომზე, ვიდრე უმაღლეს განათლებაზე და პროფესიის შერჩევისას მომავალი სტუდენტების დიდი ნაწილი უფრო მეტად ირჩევს ისეთ უმაღლეს სასწავლებელს ან/და პროფესიას, სადაც დიპლომის მიღება შედარებით მარტივია და სახელმწიფო ინტერვენციის შედეგად დამახინჯებული ფასიც – ხელმისაწვდომი“. ეკონომისტის განმარტებით, “ქართული ოცნება“, უმაღლესი განათლების რეფორმაში გულისხმობს სახელმწიფო სექტორის კიდევ უფრო მეტ გააქტიურებას, „მაგრამ ამ გეგმით შრომის ბაზარზე არსებული დისბალანსი კიდევ უფრო გაიზრდება. ხოლო ამ მიმართულებით განხორციელებული ინტერვენცია ვერ შეძლებს შრომის ბაზრის შესახებ ობიექტური სურათის გამოვლენას. ეს ნიშნავს იმას, რომ აღნიშნული მიზნებისთვის მიმართული საბიუჯეტო სახსრები წყალში გადაიყრება: „ჯობს ეს სახსრები კერძო სექტორმა განკარგოს.“
„მოგების გადასახადის შემცირებით და დაგროვებითი საპენსიო სისტემის შემოღებით რა რაოდენობის სამუშაო ადგილი შეიქმნება, ეს არავინ იცის. „ქართული ოცნების“ პროგრამაში მოტანილ ციფრებს არანაირი დასაბუთება არ აქვს. სახელმწიფო პროგრამების ხელშეწყობით სუბსიდირებულ დარგებში სამუშაო ადგილების შექმნა იქნება დროებითი მოვლენა, – როგორც საერთაშორისო გამოცდილებით დასტურდება, ხშირ შემთხვევაში იქმნება არაკონკურენტუნარიანი წარმოებები, რომლებიც არსებობენ მხოლოდ სახელმწიფო სუბსიდიების ხარჯზე. ეს იმას ნიშნავს, რომ შექმნილი სამუშაო ადგილების სანაცვლოდ, საზოგადოება იხდის მაღალ ფასს, რაც თითოეული ჩვენგანის კეთილდღეობას აუმჯობესებს უფრო ნაკლებად, ვიდრე ამას ექნებოდა ადგილი მაშინ, თუ ამ ტიპის სახელმწიფო პროგრამები არ იარსებებდა: `სჯობს ეს ფინანსური რესურსიც განკარგოს კერძო სექტორმა, რადგან ვართმევთ სწორედ მათ, ვინც ქმნის პროდუქტს.“
სამუშაო ადგილების შექმნის პროგნოზი უნდა დავუკავშიროთ სწორ ფაქტორებს. კერძოდ, მომავალში ეკონომიკური ზრდის ტემპს და შემოსული ინვესტიციების რაოდენობას. არსებულ მონაცემთა ანალიზის საფუძველზე უნდა დადგინდეს, თუ რა პროპორციით ზრდის 1%-იანი საინვესტიციო ან/და ეკონომიკური ზრდა სამუშაო ადგილების რაოდენობას. ეს პოლიტიკური პარტია ამას არ აკეთებს. შესაბამისად, 200,000 სამუშაო ადგილის შექმნის პროგნოზი ვერ დასტურდება პროგრამით.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, მხარდაჭერის შემთხვევაში, ამომრჩეველს შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში 45 000 სამუშაო ადგილის შექმნას ჰპირდება და ამ მიზნით პარტია გადასახადების, ბიუროკრატიას, მასზე გაწეული ხარჯების შემცირებასა და ასევე რეგულაციებზე უარის თქმას გეგმავს:
„2017 წელს ჩვენ შევამცირებთ საშემოსავლო გადასახადს 15%-მდე, ხოლო მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში – 10%-მდე. შედეგად, ბიზნესს მეტი ფული დარჩება ინვესტირებისა და სამუშაო ადგილების შესაქმნელად და უკვე დასაქმებულთათვის ხელფასის გასაზრდელად“, – ნათქვამია ენმ-ის საარჩევნო პროგრამაში.
აკაკი ცომაიას შეფასებით, ყველა ეს ნაბიჯი დადებითად უნდა აისახოს სამუშაო ადგილების შექმნის მაჩვენებელზე, რადგან ხელს შეუწყობს მეტი ინვესტიციის შემოდინებას. თუმცა, პროგრამაში არ ჩანს, თუ რატომ შეიქმნება 2017 წელსვე მინიმუმ 45 000 სამუშაო ადგილით მეტი.
„ჩამოყალიბებული გეგმის განხორციელების შემთხვევაში, საერთო ჯამში, უფრო მეტად უნდა გაიზარდოს ეკონომიკაც და ინვესტიციებიც, რაც გაზრდის სამუშაო ადგილებს. ეს სწორი მსჯელობაა, მაგრამ თუ არ არის კვლევები ჩატარებული, თუ როგორ კორელაციაშია სამუშაო ადგილების შექმნაზე მოქმედი ფაქტორები თავად სამუშაო ადგილებთან, ზედმეტად ამბიციური შეფასებაა, რომ მინიმუმ 45 000 სამუშაო ადგილით მეტი იქნება 2017-დან. სინამდვილეში, პროგრამის ნარატივის მიხედვით, ეს არავინ იცის და „ქართული ოცნების“ მსგავსად, ჰაერიდან მოტანილი ციფრია.“
„თავისუფალი დემოკრატები“ დასაქმებასთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარებაზე საუბრისას აქცენტს განათლების სფეროში დაფინანსების გაზრდაზე აკეთებენ, რაც ეკონომისტ ცომაიას აზრით, თავისთავად არ ნიშნავს უფრო მაღალი კვალიფიკაციის კადრების მომზადებას: „ეს გამოიწვევს საბიუჯეტო სახსრების უყაირათო ხარჯვას, რაც სამუშაო ადგილების შექმნაზე უარყოფით გავლენას მოახდენს. თავისუფალ დემოკრატებს არა აქვთ კარგად გააზრებული, როგორ ვებრძოლოთ უმუშევრობას და რა შემთხვევაში შეიძლება შეიქმნას მეტი სამუშაო ადგილი.“
„რესპუბლიკელები“ მიიჩნევენ, რომ დასაქმება მიიღწევა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებით, ინვესტიციების მოზიდვით და წარმოების განვითარებით, სოფლის მეურნეობისა და ადგილობრივი პროდუქციის ექსპორტის ხელშეწყობით, განათლებისა და კვალიფიკაციის ზრდით.
„ჩვენი ხედვაა ადამიანებს მივცეთ ანკესი და არა თევზი. პოსტსაბჭოთა ტიპის მთავრობები ანკესებს ხშირად ექსკლუზიურად ფლობენ და თევზის გადანაწილების არაეფექტური სისტემები აქვთ. ჩვენი ამოცანაა, ანკესი ხელმისაწვდომი გავხადოთ ადამიანებისთვის, ოღონდ მისი მათ ხელში აღმოჩენა დამოკიდებული იყოს მათ უნარებზე და არა ჩვენს „კეთილ ნებაზე“, რასაც საბოლოოდ ტოტალიტარულ ეკონომიკურ-პოლიტიკურ სისტემამდე მივყავართ ხოლმე“, – ნათქვამია პარტიის საარჩევნო პროგრამაში.
კანონმდებლობის ჰარმონიზაციისა და ცივილიზებული შრომის ბაზრის ფორმირების მიზნით, „რესპუბლიკელები“ ამომრჩეველს ჰპირდებიან უმუშევართა აღრიცხვის საინფორმაციო ბანკის შექმნას, რათა შესაძლებელი გახდეს მათთვის ადეკვატური სამუშაოს შეთავაზება; ექსპერტ ცომაიას შეფასებით რესპუბლიკელების ხედვა დასაქმებაზე ჰგავს ენმ-ის ხედვას: „ზოგადად აქვთ სწორი წარმოდგენა იმაზე, თუ რა ქმნის სამუშაო ადგილებს. თუმცა მათი ხედვა, რომ შეძლებენ შრომის ბაზრის შესწავლასა და საბიუჯეტო სახსრების მიმართვის გზით შესაბამისი კვალიფიკაციის კადრების შექმნას, უტოპიურია. საბიუჯეტო რესურსების უყაირათო ხარჯვაა. აღნიშნული რესურსი შეიძლება უფრო ეფექტიანად გამოიყენოს კერძო ბიზნესმა და მოახმაროს სამუშაო ადგილების შექმნას.“
სტატია ქვეყნდება პროექტის ფარგლებში „გაცნობიერებული არჩევანი – დემოკრატიის ფუნდამენტი“. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს“ პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
ცნობილი რვა პარტიიდან სამს აჭარაში გენდერული კვოტირების პრინციპი – „ყველა მესამე ქალი“ – დარღვეული აქვს. მაგალითად, „პაატა ბურჭულაძეს – სახელმწიფო ხალხისთვის“ პირველ ათეულში ქალი საერთოდ არ ჰყავს. აქტიური ქალების ადგილი საარჩევნო სიებში ისევ არ აღმოჩნდა. პარტიების უმრავლესობას ქალების მისაზიდად თავი არ შეუწუხებია. აქტიური ქალები კი ამბობენ, რომ პოლიტიკა ვერ გახდა მათთვის მიმზიდველი.
ია ფრანგიშვილის ინფოგრაფიკა
დარეჯან ალანია „შალვა ნათელაშვილი – ლეიბორისტული პარტიის“ სიის მესამე ნომერია აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში. ის ამბობს, რომ 20 წელია პარტიაშია, მაგრამ პოლიტიკურად გააქტიურება ოჯახის გამო აქამდე ვერ მოახერხა: „არ ვჩანდი, გეთანხმებით… ვიაქტიურე შვილების, შვილიშვილების გაზრდით.
ისე, ტელევიზიებსაც არ უაქტიურიათ, რომ გამოვჩენილიყავი სადმე. გვირჩევნია საქმე ვაკეთოთ, ვიდრე ვილაპარაკოთ. სხვა ქალები, რომლებიც ხმამაღლა საუბრობენ, ცდილობენ იყვნენ ფინანსურად ძლიერ პარტიებში. ვისაც შალვა ნათელაშვილი და ჩვენი ღირებულებები მოსწონს, მოვიდოდა. აქ ვართ ოჯახში დარჩენილი ქალები, ვისაც სამშობლო უყვარს და ჭკუაგახსნილები ვართ. ქალისთვის ოჯახი უპირველესია, ხომ მეთანხმებით?“.
ამ პარტიას გენდერული ბალანსი დაცული აქვს. სიის პირველ ათეულში სამი ქალია. დარეჯან ალანიას შემდეგ, სიის მეექვსე ნომერს ნინო სურმანიძე იკავებს პარტიის ხულოს ორგანიზაციიდან. მეცხრე ნომერი კი ნანა ინასარიძეა ხელვაჩაურიდან.
„ქუჩა-ქუჩა არ დაგვიწყია ქალბატონების ძებნა,“ – გვითხრა საარჩევნო ბლოკ „ნინო ბურჯანაძე დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა აჭარაში, დიმიტრი ჭეიშვილმა. აქცენტი აქ პარტიულ ერთგულებაზე გაუკეთებიათ და სიის პირველ ათეულში ის სამი ქალი მოხვდა, ვინც წინასაარჩევნო პერიოდამდე გახდა პარტიის წევრი. „რაც არ უნდა აქტიური ყოფილიყო ვინმე, გუშინ რომ მოსულიყო პარტიაში, არ ჩავსვამდით სიაში. დიდია რისკი, რომ გაურიგდეს რომელიმე სხვა პარტიას და უღალატოს ჩვენი პარტიის პრინციპებს,“ – ამბობს დიმიტრი ჭეიშვილი. კითხვაზე, რამ შეუშალა ხელი პარტიულ ქალბატონებს პოლიტიკურ, ან სამოქალაქო აქტივობაში? დიმიტრი გვპასუხობს: „კაცებიც არ ვჩანდით… უფრო შიდაპარტიულ საქმიანობაზე ვიყავით გადართულები და არა პიარზე“. ამ ბლოკში საარჩევნო სიის მეოთხე ნომერია ლიანა თაფლაძე. ის აჭარის მთავრობის აპარატში მუშაობდა 2008 წლამდე. მეექვსე – დალი მახარაძეა, ბსუ-ს პროფესორი, ხოლო მეცხრე – ლია კუნჭულია, შპს „ბათუმიტექსის“ ოპერატორი.
„ბოლომდე ვერ ამოვხსენი, რა სურთ ქალებს,“ – გვითხრა კობა ჩხეიძემ, „ირაკლი ალასანია – თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთმა ლიდერმა აჭარაში. მისთვის გაუგებარია, რატომ არ გამოჩნდნენ საზოგადოებრივად აქტიური ქალები პარტიის ღიად დატოვებულ კარში. „ქალბატონები, რომლებიც არიან აქტიურები და ამასთან, ჩვენი პარტიის წევრები, ისინი ჩავსვით სიაში… ჩვენ არაერთ საჯარო დისკუსიაზე შევთავაზეთ სხვა ქალბატონებს პარტიულად გააქტიურება, მაგრამ რატომღაც პასიურობენ. რატომ იკავებენ თავს პოლიტიკისგან, არ ვიცი. თუკი ვიბრძვით საერთო ღირებულებებისთვის, ის რატომ არ უნდა დავინახო?… პარტიაში მნიშვნელოვანია იდეოლოგიური კომპონენტი და ჩვენ აქედან ამოვედით.“ ამ პარტიის საარჩევნო სიის მეხუთე ნომერია ხათუნა ფაღავა, ის სამოქალაქო სექტორიდან მოდის. სიის მეექვსე ნომერია სალომე ზაქარიაძე პარტიის ქობულეთის ორგანიზაციიდან და მეათე ნომერია ნარგიზა ალასანია. ის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორია.
შესთავაზეს თუ არა კანდიდატობა და რა მიზეზით თქვეს უარი აქტიურმა მოქალაქე ქალებმა პოლიტიკის კეთებაზე? – აქტიური მოქალაქე, საინიციატივო ჯგუფის – „დაიცავი ბათუმის ბულვარი“ ერთ-ერთი წევრი, ექიმი ზეინაბ დიასამიძე ამბობს, რომ შეთავაზება პარტიებისგან ჰქონდა, მაგრამ ყველა უარით გაისტუმრა:
„თუკი დავინახავ, რომ არსებობს ისეთი პოლიტიკური ძალა, ვისთვისაც აქტუალური თემები მნიშვნელოვანია და მოსულია ქართული საქმის საკეთებლად, არ გამოვრიცხავ პოლიტიკაში მოსვლას… არის კიდეც ასეთი რამდენიმე ძალა, მაგრამ მათ აქვთ შეცდომები და მინდა ჯერ ეს შეცდომები გამოასწორონ. მინდა, რომ პოლიტიკა აკეთონ პოლიტიკოსებმა. პოლიტიკოსების მხრიდან არც ის დამოკიდებულება მომწონს, რაც არსებობს, ზოგადად, ექიმების მიმართ…“
კონკრეტულად ვისგან მიიღეს შეთავაზება, არ ამხელენ, თუმცა დაგვიდასტურეს, რომ კანდიდატობა შესთავაზეს ნათია ზოიძეს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველოს“ ანალიტიკოსს, ასევე ციალა ქათამიძეს, სახალხო დამცველის წარმომადგენელს აჭარაში. ორივე მათგანი მიიჩნევს, რომ აქტიურობისთვის არაა საჭირო პოლიტიკაში წასვლა და სამოქალაქო სექტორში ყოფნა კარგი პლატფორმაა საზოგადოებრივი შედეგის მისაღწევად.
„დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – პატრიოტთა ალიანსის“ აჭარის უმაღლესი საბჭოს პარტიულ სიაში ათეულის ბოლო პოზიციებზე სამი ქალია. სიის მერვე ნომერია ნინო დავითაშვილი, ის მედიაკავშირ „ობიექტივის“ ბათუმის სტუდიის წამყვანია. მეცხე ნომერი ეთერ თავართქილაძეა, მეათე – ლამარა ქათამაძე, ის ქობულეთის საბავშვო ბაღების გაერთიანებას ხელმძღვანელობდა.
„კარგი ქალები გვყავს ჩვენ. ნინო, გარდა იმისა, რომ წამყვანია, თოჯინების თეატრის მსახიობიცაა. ლამარა ქათამაძეს ყველა იცნობს ქობულეთში. ეთერის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს… ვინც ერთგულება გამოამჟღავნა პარტიის მიმართ, ის ჩავსვით. რომ შეგვეთავაზებია ვინმესთვის და უარი ეთქვას, ასეთი არ ყოფილა,“ – გვითხრა მერაბ ბლადაძემ, ალიანსის ერთ-ერთმა ლიდერმა ბათუმში.
ერთადერთი პარტია, სადაც გვითხრეს, რომ წინასაარჩევნოდ აქტიური მოქალაქე ქალების დათანხმება სცადეს, „რესპუბლიკური პარტიაა“. ზაურ ახვლედიანს შეექმნა შთაბეჭდილება, რომ ქალები იმ შემთხვევაში თანხმდებიან პოლიტიკაში მოსვლას, თუკი გამარჯვებაში დარწმუნდებიან: `ჩვენი მიდგომაა: რაც შეიძლება მეტი ქალი პოლიტიკაში. ძალიან ბევრ ქალს შევთავაზეთ გამხდარიყო ჩვენი კანდიდატი, მაგრამ უარი მივიღეთ. მიაჩნიათ, რომ წაგების ალბათობა იყო დიდი“.
„რესპუბლიკელების“ საარჩევნო სიის ათეულში სამი ქალია. სიის მესამე ნომერია ლარისა ანდღულაძე. ის ბსუ-ს პროფესორია. სიის მეექვსე ნომერი მარინა მახარაძე პარტიის შუახევის ორგანიზაციის ხელმძღვანელია 2014 წლიდან, ხოლო მეცხრე ნომერი ასმათ ცინცაძე პედაგოგია და პარტიის ხელვაჩაურის ორგანიზაციის წევრი.
„პარტიამ ასე გადაწყვიტა,“ – გვიპასუხა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სიის მეექვსე ნომრად დასახელებულმა ასმათ დიასამიძემ, როცა მას გენდერული ბალანსის დარღვევის შესახებ ვკითხეთ. ასმათ დიასამიძე ამბობს, რომ კონკრეტული მიზეზი პარტიის შიგნით არ დასახელებულა, რატომ დაუტოვეს ქალებს ათეულში მხოლოდ ორი ადგილი: „ველოდებით, რომ მოვალთ ხელისუფლებაში უმრავლესობით და გენდერული ბალანსი დაცული იქნება აღმასრულებელ ხელისუფლებაში… ვისურვებდი, რომ ყოფილიყო მეტი ქალი, მაგრამ ვერ ვხედავ რაღაც უსაშველობას… ამაზე პროტესტი არ გამოუთქვამს აქამდე ვინმეს“.
პარტიული სიის პირველ ათეულში ასმათ დიასამიძის გარდა, მეშვიდე ნომრად კიდევ ერთი ქალია დასახელებული – ნინო ჯინჭარაძე. მას სამთავრობო უწყებებში მუშაობის გამოცდილება აქვს. ასმათ დიასამიძის თქმით, პარტიაში ამჯობინეს ბალანსი ძველსა და ახალ სახეებს შორის დაეცვათ: „ამიტომაც გვყავს ახალი სახე, ძალიან პერსპექტიული ნინო. უნდა მოხდეს ესტაფეტის გადაცემა…“
მხოლოდ ორი ქალისთვის გამონახა ადგილი პარტიამ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“. სიის პირველ ათეულში მერვე ნომერია ნინო ჩხეტია. ის „აჭარის რადიოს“ პოლიტიკური თოქ-შოუს წამყვანად მუშაობდა. სიის მეათე ნომერია – ნატალია ზოიძე. ის ბათუმის დელფინარიუმის დირექტორი იყო და ახლა ბათუმის საკრებულოს წევრია.
„გაცხადებული პოზიცია აქვს მმართველ პოლიტიკურ გუნდს, რომ გენდერული ბალანსის დაცვა მნიშვნელოვანია… მიუხედავად სერიოზული მცდელობისა, ძალიან ბევრია სამუშაო ცვლილების მისაღწევად. ცვლილებები უნდა იყოს რადიკალური და ამ კუთხით ჩვენ უნდა ვიმუშავოთ. უნდა შეიქმნას პარტიის ქალთა ორგანიზაციაც, სადაც პოლიტიკურად აქტიური ქალბატონები გამოიკვეთებიან. აქამდე ამ საკითხზე არაერთი დისკუსია მოგვისმენია, მაგრამ საკითხის გარშემო დისკუსია არ გახსნილა პარტიებში, მათ შორის, „ქართულ ოცნებაში“… მე პარტიის ახალი წევრი ვარ და იმედია, ამ კუთხით ცვლილების მიღწევას მოვახერხებ,“ – გვითხრა ნინო ჩხეტიამ.
არც ერთი ქალი საარჩევნო სიის პირველ ათეულში – ბლოკში „პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“. აქ აქტიური ქალების შესარჩევად დრო არ ეყოთ. ამ ბლოკის მაჟორიტარობის კანდიდატი ბათუმიდან ნინო ტავლალაშვილი დაგვეთანხმა, რომ გენდერული დისბალანსი პრობლემაა: „ამის მთავარი მიზეზი არის ის, რომ ახალი კადრების მოზიდვა დროის სიმცირის გამო ვერ მოვახერხეთ. გარდა ამისა, იყო ზაფხული. ამ დროს ბევრი ქალაქგარეთ გადის. პარტიის ხედვებისა და პროგრამის გაცნობის გარეშე კი, რთულია ადამიანს კანდიდატობა შესთავაზო“.
„თუკი მოხერხდა კაცების მოზიდვა, რატომ იყო შეუძლებელი ქალი კანდიდატების შერჩევა?“ – კითხვაზე ნინომ გვიპასუხა, რომ პრობლემად რჩება მენტალიტეტი, რომელიც ქალს პოლიტიკისგან დისტანცირებისკენ უბიძგებს: „რამდენიმე დღის წინ, მოსახლეობასთან შეხვედრის დროს ერთმა კაცმა მკითხა, მეუღლე თუ გყავთო. დადებითი პასუხი რომ მიიღო, თქვა, რომ ჩემი მეუღლე ქართველი არ იქნებოდა. მისთვის რთული წარმოსადგენია, რომ ქართველი მამაკაცის მეუღლე მიდის პოლიტიკაში… შემოსაზღვრულია ეს წრე, რომლის იქით არ უნდა გახვიდე. თავად ქალია ამას შეგუებული და ამ სივრციდან გასვლა მისთვის რთული, ის ხდება კრიტიკის ობიექტი. კარგია, რომ სხვა პარტიები ამ კუთხით გვჯობნიან.“
სტატია ქვეყნდება პროექტის ფარგლებში „გაცნობიერებული არჩევანი – დემოკრატიის ფუნდამენტი“. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს“ პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
19 წლის შემდეგ პირველად, ჩოგბურთის საერთაშორისო ტურნირის – Ladies Open -ის გამარჯვებული ქართველი, 19 წლის მარიამ ბოლქვაძე გახდა. ჩემპიონატში რვა ქვეყნის 40 სპორტსმენი მონაწილეობდა. როგორ ცხოვრობს და რა გეგმები აქვს ახალგაზრდა ჩემპიონს? მარიამ ბოლქვაძე „ბათუმელებს“ ესაუბრა.
მარიამი ბათუმელია, თუმცა ამჟამად ლონდონში ცხოვრობს და წვრთნებს ლონდონის ჩოგბურთის აკადემიაში გადის. მარიამს აკადემია აფინანსებს, როგორც პერსპექტიულ და წარმატებულ ჩოგბურთელს.
ჩოგბურთს 9 წლის ასაკიდან თამაშობს. სპორტის ეს სახეობა თავად აირჩია და ყველა დასახული მიზნის მიღწევას გეგმავს. 12 წლის ასაკში თბილისში გადავიდა და იქ ვარჯიშობდა, 15 წლიდან კი ლონდონში ცხოვრობს და იქ აგრძელებს საწვრთნელ ვარჯიშებს.
„ლონდონში ჩემი მეგობრის ოჯახთან ერთად ვცხოვრობ. გადატვირთული ვარ, რადგან ბევრს ვვარჯიშობ. სწავლის გაგრძელებას ჯერ არ ვგეგმავ, ჯერ სპორტში მინდა წარმატებებს მივაღწიო,“ – გვეუბნება მარიამი.
იმ შემთხვევაში, თუკი სწავლას უმაღლესში გააგრძელებს, სასწავლებლად ამერიკაში წავა. თუმცა, ვარჯიშს ლონდონის აკადემიაში ამჯობინებს და სხვაგან გადასვლას არ გეგმავს.
„მქონდა რამდენიმე შემოთავაზება ამერიკიდანაც, მაგრამ აქ ვაპირებ დარჩენას. მივეჩვიე ამ გარემოს, ჩემთვის აქ ვარჯიში კომფორტულია. თანაც უფასოდ ვვარჯიშობ. ეს აკადემიისთვის მოგებაა, რადგან პრინციპი ასეთია, როცა ჩემპიონი მასთან ვარჯიშობს, ეს სხვა სპორტსმენების მოზიდვას უწყობს ხელს.
ლონდონში 19 სექტემბერს ვაპირებ წასვლას, რამდენიმე ტურნირში ვგეგმავ მონაწილეობას. ზამთარში, ალბათ, მოსამზადებელი პერიოდი მექნება და შემდეგ ევროპის ტურნირებში მივიღებ მონაწილეობას“.
საერთაშორისო ტურნირის Ladies Open -ის გამარჯვებული ბათუმიდან
რამდენიმე დღის წინ მარიამმა თელავში გამართულ 25-ათასიან ტურნირში მიიღო მონაწილეობა. „პირველი შეხვედრა მოვიგე, მეორე კი წავაგე. ჩემთვის მთავარი ქულების დაგროვებაა. წელიწადში 16 საუკეთესო ტურნირი კარგ შედეგად ითვლება“.
მარიამისთვის Batumi Ladies Open -ის ტურნირი არ ყოფილა პირველი გამარჯვება: მან წარმატებებს მიაღწია ეგვიპტეში, სადაც ცოტა ხნის წინ, შარმ ელ შეიხის 10-ათასიან ტურნირში მიიღო მონაწილეობა და პირველი ადგილი დაიკავა. მას სულ სამი ჩემპიონატი აქვს მოგებული.
რატომ ვერ შეძლეს ქართველმა სპორტსმენებმა 19 წლის მანძილზე საპრიზო ადგილის დაკავება? – მარიამის თქმით, ამას ტურნირის ბიუჯეტიც განაპირობებს – რაც უფრო მაღალია ტურნირის დაფინანსება, მით უფრო მაღალია კონკურენცია.
„მანამდე, 25-ათასიანი ტურნირები ტარდებოდა და ბევრი მონაწილე ჰყავდა. საწყის ეტაპზე ბათუმში ვარჯიში საკმარისია, მაგრამ აქ იმდენი ტურნირი არ ტარდება, რომ მხოლოდ ბათუმის შესაძლებლობები გეყოს. სხვა ქვეყნებში აუცილებლად გიწევს გასვლა, ამისთვის კი აუცილებელია უფრო ინტენსიური და უფრო მაღალი დონის წვრთნები, ამიტომ გადავედი თბილისში, შემდეგ კი – ლონდონში“.
თავისუფალ დროს მარიამს პარკში მარტო სეირნობა უყვარს, რადგან ასე უფრო ახერხებს განტვირთვას. უყვარს ხატვა და კითხვაც, „უფრო მეტად გასართობ ლიტერატურას ვკითხულობ“. ჯერჯერობით, დრო არ ჰყოფნის მოგზაურობისთვის ან ქალაქში ხეტიალისთვის, რადგან როგორც გვეუბნება, მთელ დროს ვარჯიშს უთმობს. მარიამის მთავარი მიზანი სპორტული წარმატებებია.
აგვისტოში, ბათუმში, საინიციატივო ჯგუფმა “თავისუფალმა სივრცემ” სოციალური კაფე გახსნა, პირველი, სრულად ადაპტირებული ადგილი შეხვედრებისა და დისკუსიებისათვის. ეს განსაკუთრებული კაფეა იმ თვალსაზრისითაც, რომ აქ მომსახურე პერსონალი 2 ან მეტი საათით შეიძლება იყოს ნებისმიერი მსურველი. 19 სექტემბერს, 13:00-დან 15:00 საათამდე, ამ კაფეში სოფიო ბაკურიძე იმუშავებს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის მეუღლე. ამის შესახებ ინფორმაცია „თავისუფალი სივრცის“ ფეისბუქგვერდზეა განთავსებული.
კაფე თავისუფალი სივრცე
კაფეს მენეჯმენტისთვის ამ სახის ურთიერთობა ნებისმიერ მოქალაქისგან დიდ მხარდაჭერაა. „თავისუფალი სივრცის“ ერთ-ერთმა თანამშრომელმა ნინო ჩხაიძემ 13 სექტემბერს შემდეგი შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა:
ჩემო ახლო და არაახლო მეგობრებო, მინდა გაცნობოთ, რომ თავისუფალი სივრცე / Free Space უკვე ფლობს ყველა რესურს, რათა სოციალური კაფე ხარისხიანად ამუშავდეს (დიდი მადლობა ამ ყველაფრისათვის ერგულ და უანგარო მეგობრებს)!
ვდგავართ ერთი პრობლემისა თუ გამოწვევის წინაშე, რაც გამოიხატება ბარმენის ვერ პოვნაში… მოკლედ, ძალიან რთული აღმოჩნა მოხალისეობრივ საწყისებთან გათანაბრებული ახალგაზრდის ან არაახალგაზრდის პოვნა,რომელიც დასაწყისში “მინიმალური” ხელფასის სანაცვლოდ იმუშავებდა…
ამიტომ, გადავწყვიტეთ, ის, რაც მოხალისეობრივად შევქმენით, ბარემ მოხალისეობრივად დაიწყოს კაფემაც მუშაობა.
რა გვსურს თქვენგან?
არ აქვს მნიშვნელობა შენს სქესს, რელიგიურ აღმსარებლობას, პოლიტიკურ თუ სხვა ტიპის თანამდებობას, არც იმას, ხელოვანი ხარ ჟურნალისტი თუ ბათუმის მერი :)
შენი მოხალისეობრივი საქმიანობა ხელს შეუწყობს სამომავლოდ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმებას, საზოგადოებრივი თავშეყრის ადაპტირებული გარემოს პოპულარიზაციას და ერთ-ერთი მთავარი “სიკეთის” – მოხალისეობის ჯანსაღი სახით დამკვიდრებას ჩვენს საზოგადოებაში”.
დათო ტრაპაიძე თავისუფალ სივრცეში
“თავისუფალი სივრცში” ერთ-ერთ პირველს, „პრაქტიკა“ უკვე ჰქონდა დათო ტრაპაიძეს, ბლოგერს, “აჭარის რადიოს” ჟურნალისტს.
16 სექტემბერს „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ მრჩეველთა საბჭომ, დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნის [არჩევის] წესი დაამტკიცა და თანამდებობაზე ღია კონკურსიც გამოაცხადა – განცხადების მიღება 19 სექტემბრიდან იწარმოებს. თუმცა, მიღებულ დოკუმენტთან დაკავშირებით შენიშვნები აქვთ „საერთაშორისო გამჭვირავალობა – საქართველოსა“ და „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში“.
როგორც ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, ნატა იმედაიშვილმა უთხრა “ბათუმელებს”, დოკუმენტის სამუშაო ვერსია რეკომენდაციებისა და შენიშვნებისთვის ქვეყანაში მოქმედ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციას დაეგზავნა. პასუხები კი რეკომენდაციის სახით მრჩეველთა საბჭოს მიაწოდა “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ [TI] და „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ“.
როგორც TI-ს რეგიონული ოფისების მენეჯერმა, მალხაზ ჭკადუამ უთხრა „ბათუმელებს“, მრჩეველთა საბჭომ მხოლოდ ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებული შენიშვნები გაითვალისწინა:
„რამდენიმე რეკომენდაცია ჩვენი გაგზავნილი წერილიდან ნამდვილად გაითვალისწინეს, მაგრამ ეს არ არის არსებითი“. ჭკადუას თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი შენიშვნა კონკურსანტებისთვის ტელევიზიის განვითარების სტრატეგიული გეგმისა და ხედვების წარმოდგენის ვალდებულებას უკავშირდებოდა.
„მიღებული დოკუმენტის მიხედვით, არა თუ სავალდებულოდ, სასურველადაც არ არის აღნიშნული, კონკურსანტისთვის განვითარების სტრატეგიული გეგმის წარმოდგენის შესახებ. წარმოუდგენელია, როგორ უნდა გაიგოს მრჩეველთა საბჭომ რამდენიმე წუთიანი გასაუბრებით, კანდიდატის ხედვების შესახებ“, – ამბობს მალხაზ ჭკადუა და დასძენს, რომ თუ კი საზოგადოებას და დამკვირვებელ ორგანიზაციებს შესაძლებლობა ექნებოდა ენახა მსგავსი გეგმა დოკუმენტის სახით, ეს პროცესებს უფრო გამჭვირვალეს გახდიდა. იგი ასევე საუბრობს მეორე მნიშვნელოვან საკითხზე, მიღებული დოკუმენტიდან:
„საქმე ეხება თავს, რომლითაც განისაზღვრება კონკურსის ჩაშლის პირობები. აქ ერთ-ერთ პირობად ვკითხულობთ, რომ თუ საბჭო შვიდი დღის ვადაში ვერ მოახერხებს გასაუბრებებს ან/და შეკრებას [ანუ არ შედგება კვორუმი] ჩაიშლება კონკურსი. პრაქტიკულად გამოდის, რომ საბჭოს წევრებმა თავი დაიზღვიეს, რომ თუ კონკურსი ჩაიშალა იმის გამო, რომ ვიღაცამ ვერ მოახერხა საპატიო ან არასაპატიო მიზეზით მისვლა სხდომაზე და აპლიკაციების ნახვა, გასაუბრება და კენჭისყრა, პასუხისმგებლობა არ დააკისრეს საკუთარ თავს. რა უნდა მოხდეს ისეთი, რომ საბჭოს წევრებიდან რომელიმემ ვერ შეძლოს საბჭოს სხდომაზე მისვლა ისე, რომ არ გააფრთხილოს საკუთარი კოლეგები“.
იგივე შენიშვნებზე საუბრობს „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ აღმასრულებელი დირექტორი ნატა ძველიშვილიც:
„წარმოუდგენელია შეარჩიო დირექტორი, წინასწარ თუ არ გეცოდინება, რა ხედვა აქვს მას ტელევიზიის განვითარების შესახებ, როგორ აპირებს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარებას, რა პრიორიტეტები ექნება მას. მიმაჩნია, რომ ამ ინფორმაციის გარეშე წარმოუდგენელია დირექტორის დანიშვნა“, – ამბობს იგი და ქარტიის კიდევ ერთ გაუთვალისწინებელ რეკომენდაციაზე ამახვილებს ყურადღებას:
„ჩვენი შენიშვნა იყო ის, რომ დირექტორი უნდა არჩეულიყო არა სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობით, არამედ მთლიანი შემადგენლობის უმრავლესობით“.
ნატა ძველიშვილის თქმით, კონკურსის ჩაშლის პირობებთან დაკავშირებით მიღებული წესით, შესაძლოა პროცესები გაიწელოს და საბჭო შევიდეს ჩიხში:
„მგონია, რომ ამ წესის სწორად დადგენის შემთხვევაში, მრჩეველთა საბჭოს შეეძლო პროცესები ბევრად უფრო გამჭვირვალე გაეხადა და კითხვის ნიშნები არ გაჩენილიყო. ის წესი, რაც ახლა მათ შეიმუშავეს, დასაწყისშივე აჩენს ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს და შესაძლებელია გამოყენებული იყოს ამა თუ იმ ინტერესის შესაბამისად. სამწუხაროა, რომ არ გაითვალისწინეს შენიშვნები“.
ნატა იმედაიშვილმა „ბათუმელებთან“ აღნიშნა, რომ დოკუმენტზე მუშაობის პროცესში გაითვალისწინეს იურისტების რჩევა:
„იურისტებმა კვოტირებასთან დაკავშირებით გვირჩიეს, რომ, რადგან კვორუმთან დაკავშირებით იგივე წესით მუშაობს პარლამენტი, არც ჩვენ უნდა დაგვემძიმებინა კანონი. რაც შეეხება სამოქმედო გეგმის წარმოდგენას, თავდაპირველ სამუშაო დოკუმენტში გასაუბრების ნაწილი საერთოდ არ იყო, მიღებული დოკუმენტით კი საბჭო უფლებამოსილია კანდიდატთან გამართოს გასაუბრება“.
იმედაიშვილის თქმით, განხილვის პროცესში არსებობდა აზრთა სხვადასხვაობა TI-ს და ქარტიის რეკომენდაციასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც დოკუმენტის სახით უნდა წარმოედგინა კანდიდატს ტელევიზიის განვითარების სტრატეგიული გეგმა და ხედვები, თუმცა საბოლოოდ საბჭოს დამსწრეთა სრული უმრავლესობით იქნა მიღებული დოკუმენტი ამ სახით.
„ვადევნებ თვალს საზოგადოების გამოხმაურებას, დოკუმენტის ამ ნაწილთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ ვაპირებ სამუშაო შეხვედრაზე დავაყენო ეს საკითხი, რათა ჩაინიშნოს სხდომა ცვლილებების შეტანის განსახილველად“, – ამბობს ნატა იმედაიშვილი და აღნიშნავს, რომ იგი ამ ნაწილში ეთანხმება მიღებულ რეკომენდაციებს, შესაბამისად, აპირებს საკითხი განსახილველად კვლავ დააყენოს ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოში:
„თუ სამუშაო შეხვედრაზე ყველანი შევთანხმდით ამ საკითხის განხილვაზე, სხდომა სამ დღეში უნდა ჩაინიშნოს. ხოლო სამი დღის შემდეგ თუ ჩავამატებთ ამ მოთხოვნას, იმ აპლიკანტებისთვის, ვინც შერჩევის განსხვავებულ წესს იცნობდნენ, ეს მოულოდნელი იქნება. ასე რომ, ვნახოთ რას როგორ გადავწყვეტთ, კოლეგებთან ერთად“.
მალხაზ ჭკადუას ინფორმაციით, TI 19 სექტემბერს აპირებს ამ საკითხზე ოფიციალური განცხადება გააკეთოს და საზოგადოებრი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს დირექტორის დანიშვნის [არჩევის] წესში ცვლილებების შეტანისკენ მოუწოდოს.
პირველი აგვისტოდან ძალაში მიწის რეგისტრაციის ახალი კანონი შევიდა, რეფორმა, რომლის ინიციატორი იუსტიციის სამინისტროა, უძრავი ქონების რეგისტრაციის პროცედურების გამარტივებასა და მესაკუთრის უფლებების დაცვაზეა ორიენტირებული.
ინიციატივამ მოქალაქეების მაღალი ინტერესი გამოიწვია, რაც პირველი თვის შედეგებითაც დასტურდება: პირველი აგვისტოდან დღემდე საჯარო რეესტრში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 45 575 განცხადება შევიდა. აქედან 12 164 შემთხვევაში საჯარო რეესტრმა თავად მოიძია საჭირო საბუთები და ყოველგვარი ბარიერის გარეშე მოქალაქეს მიწა წარმატებით დაურეგისტრირა. 25 743 შემთხვევაში საჯარო რეესტრმა მოქალაქის ნაცვლად თავად დაიწყო სხვადასხვა უწყებაში შესაბამისი საბუთების მოძიება და ამ განცხადებათა დიდი ოდენობა ასევე წარმატებით დასრულდება, 4 648 განცხადება კი შესწავლის პროცესშია.
„მინდა, ამ უპრეცედენტო და მოქალაქეზე ორიენტირებული რეფორმის წარმატებისათვის კვირაში 7-დღიანი და თავდადებული მუშაობისათვის განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო საჯარო რეესტრის თითოეულ რეგისტრატორს, კადასტრისა თუ ახალი ტექნოლოგიების თითოეულ სპეციალისტს, იურისტს, არქივის, არქივირების და სკანერზე მომუშავე თანამშრომელს. როდესაც ჩვენ ამ რეფორმის კანონპროექტს ვწერდით, ვიცოდით, რომ მისი პრაქტიკაში განხორციელება დიდი გამოწვევა იქნებოდა საჯარო რეესტრისათვის. მიხარია, რომ დღეს თამამად შემიძლია, მადლობა ვუთხრა საჯარო რეესტრის თანამშრომლებს მოქალაქის ინტერესში წარმატებული მუშაობისათვის. ეს რეფორმა მთლიანად ცვლის საჯარო რეესტრს და მას მოქალაქის მეგობრად აქცევს“, განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პროექტის ერთთვიანი შედეგების შეჯამებისას.
რეფორმის დაწყების მიზეზი მიწის რეგისტრაციის კუთხით არსებული პრობლემები გახდა. პირველი აგვისტოს მონაცემებით, ქვეყანაში არსებული მიწის ნაკვეთების მხოლოდ 25% იყო რეგისტრირებული.
რეფორმას დადებითად აფასებს ექსპერტი დავით თამარაშვილი: ,,მიწის პატარა ფართობების მესაკუთრეებს კარგი შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ ამ პროგრამით და საკუთრების რეგისტრაციის პროცესი დააჩქარონ. მიმაჩნია, რომ ეს პროცესი ცალსახად ხელს შეუწყობს ქვეყანაში მიწის ბაზრის განვითარებას, რაც აგროსექტორის განვითარების ერთ-ერთი წინაპირობაა. იმედი მაქვს, ეს პროცესი მოიცავს ქართულ მიწებს მთელი ქვეყნის, მათ შორის აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ტერიტორიაზე. ამ ტერიტორიებიდან წამოსულ დევნილებს აქვთ მიწის ნაკვეთები და საკუთრების უფლება, რომელსაც შესაბამისი რეჟიმით სახელმწიფო რეგისტრაცია სჭირდება, რაც ქართულ სახელმწიფოს ადრე თუ გვიან მისცემს იურიდიული ბრძოლის წინაპირობებს, რადგან რაც ფაქტობრივადაა დათმობილი, ის იურიდიულად არ უნდა იქნეს აღიარებული“, – აცხადებს ის.
სიახლის შედეგად დოკუმენტებში არსებული უმნიშვნელო ხარვეზები [გვარის შეუსაბამობა, უზუსტობა ასოებში და ა.შ.], რის გამოც ზოგიერთი მოქალაქე მიწის რეგისტრაციას წლების განმავლობაში ვერ ახერხებდა, ხელის შემშლელი გარემოება აღარ არის, რასაც ფერმერი თემურ მარგალიტაშვილი მნიშვნელოვნად მიიჩნევს. „აქამდე ქაოტურად ხდებოდა მიწის რეგისტრაცია, ძალიან დიდი დრო მიჰქონდა ერთი დოკუმენტის მოწესრიგებას. მაგალითად, წინაპრების დანატოვარი მიწები დღეს ძალიან ბევრს ისევ არ აქვს დარეგისტრირებული. კარგი შანსია ჩვენთვის. ვაპირებ, გამოვიყენო და ყველა დოკუმენტი წესრიგში მოვიყვანო“, – ამბობს მარგალიტაშვილი.
საჯარო რეესტრი რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტებს სხვადასხვა უწყებიდან მოქალაქეების ნაცვლად თავად იძიებს. ამასთან, სახელმწიფო მესაკუთრეებს დავების მოგვარებაშიც ეხმარება. რეფორმის ფარგლებში მოქმედებს სანოტარო მედიაცია, რომელიც მოქალაქეებს წარმოქმნილი დავების მარტივად, სასამართლოს გარეშე მოგვარებას სთავაზობს.
ასევე, რეფორმის ფარგლებში მოქმედებს ფაქტების კონსტატაციაც: იმ შემთხვევაში, როდესაც საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტით მიწის ნაკვეთის მდებარეობა, საზღვრები და ა.შ. არ დგინდება ან სადავო სიტუაცია ჩნდება, საჯარო რეესტრი ფაქტების დასაზუსტებლად აღსრულების ეროვნულ ბიუროს თავად მიმართავს და პროცესში ამ უწყების წარმომადგენელს რთავს.
პროექტის ფარგლებში უფასოდ ისარგებლებთ შემდეგი მომსახურებებით:
დოკუმენტაციის მოძიება და სისტემატიზაცია; ნოტარიუსის მიერ გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერის დამოწმება; მედიაცია, მათ შორის, სანოტარო მედიაცია; მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება; ფაქტების კონსტატაცია; მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაცია; საკადასტრო აზომვითი ნახაზის გარეშე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების დაზუსტება [რაც გულისხმობს ელექტრონული ნახაზის გარეშე არსებული მონაცემების დაზუსტების მიზნით ცვლილების რეგისტრაციას უფასოდ]. საკუთრების უფლების დადგენის პროცესში ჩართულია მუნიციპალიტეტი როგორც ადგილზე არსებული ინფორმაციის ყველაზე ეფექტური წყარო.
მიწის ნაკვეთის რეგისტრაციისთვის მოქალაქეებს შეუძლიათ, მიმართონ იუსტიციის სახლებს, საჯარო რეესტრის ტერიტორიულ სამსახურებსა და საზოგადოებრივ ცენტრებს. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ცხელ ხაზზე:
2 405 405
ან ელექტრონული ფოსტით: info@napr.gov.ge
წყლის მონიტრინგის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დღეს, 18 სექტემბერს, „ბათუმის წყალმა“ პრესტური მოაწყო. ტურს შპს „ბათუმის წყლის“ გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი თეიმურაზ ბედინაძე ხელმძღვანელობდა. ჟურნალისტებმა დაათვალიერეს ჩაისუბნის წყლის სათავე ნაგებობა, ინჯალოს წყლის რეზერვუარი და ადლიის ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობები.
ჩაისუბანი. წყლის სათავე ნაგებობა / ფოტო: როინ გუნდაძე
„აქ, ჩაისუბნის სათავე ნაგებობაზე, ხდება წყლის გაწმენდა და დაქლორვა. შუმდეგ გაწმენდილი წყალი მიედინება სალიბაურში, სადაც ხდება მეორადი დაქლორვა და მხოლოდ ამის შემდეგ მიეწოდება მოსახლეობას“ – განაცხადა თეიმურაზ ბედინაძემ. მისივე განმარტებით, ბათუმში სასმელი წყალი არის სრულიად უსაფრთხო და მას არანაირი პრობლემა არ გააჩნია.
ჩაისუბანი. წყლის სათავე ნაგებობა / ფოტო: როინ გუნდაძე
თეიმურაზ ბედინაძის განცხადებით, „ჩაისუბნის სათავე ნაგებობა აშენებულია გერმანიის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის მიერ და აკმაყოფილებს ევრო სტანდარტებს. ამის გარდა არის კიდევ ჩაქვის წყალის სათავე ნაგებობა. ჩაქვის წყლის წარმადობა არის 1050 ლიტრი წამში, მეჯინისწყლის ჭაბურღილების წყლის წარმადობა – 250 ლიტრი წამში, ხოლო ჩაისუბნის წყლის სათავე ნაგებობის წყლის წარმადობა – 400 ლიტრი წამში. თუ წყალი გადააჭარბებს სიმღვრივის დაშვებულ მაჩვენებელს, ხდება წყლის გადაკეტვა სათავეზე და შემდეგ ვრთავთ უკვე რეზერვუარებს, 48 საათის განმავლობაში შესაძლებელია რეზერვის წყლით მოსახლეობის მომარაგება“.
რაც შეეხება ადლიის წყალარინების გამწმენდ ნაგებობებს, სატუმბი სადგურების უფროსის, მარიკა გვიანიძის განმარტებით, ადლიის წყალარინების გამწმენდი ნაგებობა 2012 წლის მარტიდან ფუნქციონირებს, მისი მშენებლობა დაფინანსებულია ასევე გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ: „გამწმენდი ნაგებობა მნიშვნელოვანია გარემოს დაცვის თვალსაზრისით. აქ ჩაედინება ახალსოფლიდან, გონიოდან, კვარიათიდან, სარფიდან და ქალაქის ტერიტორიიდან საკანალიზაციო წყლები და ხდება მისი მექანიკური და ბიოლოგიური გაწმენდა. გამწმენდ ნაგებობას ზღვრული ნორმები დაწესებული აქვს ევროსტანდარტებით, აღნიშნული ნაგებობიდან გაწმენდილი წყალი 1090 მეტრი სიგრძის მილით ზღვის სიღრმეში -40 მეტრზე, ჩაედინება. დღის განმავლობაში ზღვაში ჩაედინება 60 ათასი კუბური მეტრი გაწმენდილი წყალი. ლაბორატორიაში მიმდინარეობს წყლის გაწმენდის ხარისხის კონტროლი და ხდება ზღვრული ნორმების შენარჩუნება.“
ადლია. წყლის გამწმენდი ნაგებობა / ფოტო: როინ გუნდაძე
გამწმენდ ნაგებობაში ბათუმის მცირე ნაწილია ჩართული, ძირითადად ცენტრალური უბნები. ე.წ. ჭაობის უბანში, გოროდოკის, ბარცხანის, თამარის დასახლებასა და მახინჯაურში ცენტრალიზებული საკანალიზაციო სისტემა არ არსებოს. არ არსებობს ასეთი სისტემა არც ადლიასა და სხვა ქალაქსშემოერთებულ ტერიტორიებზე. სამუშაოები ახლა მიმდინარეობს ან ზოგან მხოლოდ დაგეგმილია.
წლებია გაყინულია რამდენიმე საინვესტიციო პროექტი ბათუმში, რომლებსაც მთავრობა ინვესტიციის გარდა კონკრეტულ უბანში ტურისტების მოზიდვის შესაძლებლობას უკავშირებდა. ზოგიერთმა ინვესტორმა დათქმული ვადის გაგრძელება რამდენჯერმე ითხოვა და თანხმობაც მიიღო, თუმცა მშენებლობა ნულოვან ნიშნულს ჯერ კიდევ ვერ გასცდა.
ამ საინვესტიციო წინადადებებს შორის არის ის პროექტები, რომლებთან დაკავშირებითაც ხელშეკრულებები წინა მთავრობამ გააფორმა, ახალმა მთავრობამ კი განაახლა და ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად კომპანიების მეპატრონეებს ახალი ვადები მისცა, თუმცა უშედეგოდ. მათ შორისაა „Adog Georgia“. ამ კომპანიამ ბათუმის ცენტრში, გოგებაშვილის #10-12-ში მაღალი კლასის სასტუმროსა და კაზინოს მშენებლობის პირობით 1621 კვ/მეტრი ფართობი 2011 წელს თუნუქით შემოღობა. აჭარის მთავრობასთან მაშინდელი შეთანხმების პირობებით „Adog Georgia“-ს 22-სართულიანი სასტუმრო კომპლექსი „კუბთაუერი“ 40 თვეში უნდა აეშენებინა.
სასტუმროს ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ კომპანიას მინიმუმ 100 ადამიანი უნდა დაესაქმებინა. კომპანიამ სახელმწიფოსთან დადებული პირობა ვერ შეასრულა – შენობის მხოლოდ საძირკველი ჩაყარა, რომელიც დღეს წყლითაა სავსე, ხოლო ქალაქში ჩამოსულ ტურისტებს უკვე ხუთ წელზე მეტია რესტორან „სანაპიროს“ წინ თუნუქის ღობე ხვდებათ, რომელიც მზეზე ბრჭყვიალებს.
2014 წელს გაყინული „კუბთაუერის“ პროექტის გაგრძელების შესაძლებლობაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა, დავით ბალაძემ საინვესტიციო წინადადებების წარდგენისას განაცხადა. მაშინ მინისტრმა თქვა, რომ ბათუმში შემოსვლას გეგმავდა მსოფლიო ბრენდი „Swiss Belhotel International“-ი, სასტუმროს მშენებლობის ადგილად გოგებაშვილის10-12, ხოლო მშენებელ კომპანიად „Adog Georgia“ დაასახელა. ამის შემდეგ `ბათუმელები~ კომპანიის დირექტორს მიხეილ ძოძუაშვილს ესაუბრა, რომელმაც თქვა, რომ მშენებლობა განახლდა და ახალი ვადების თანახმად, 2015 წლის მაისში დასრულდებოდა. ახალ მთავრობასთან შეთანხმების შემდეგ სამუშაოების გასაგრძელებლად „Adog Georgia“-მ შპს „ორბი“ დაიქირავა. ამ კომპანიის ტექნიკამ გოგებაშვილის 10-12-ში რამდენიმე დღე იმუშავა და შემდეგ სამშენებლო მოედანი დატოვა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ამის მიზეზი დამკვეთის მხრიდან თანხის გადაუხდელობა გახდა.
ამ ამბავს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მხარე აქვს, ეს ერთადერთი ქონება არ არის, რომელიც წინა მთავრობამ ინვესტიციის განხორციელების მიზნით სიმბოლურ ფასად – 1 ლარად გაასხვისა, „Adog Georgia“-სთან ხელშეკრულებას [2010 წელს] მაშინდელი მინისტრის მოადგილე ოლეგ ბოლქვაძე აწერს ხელს [ქონების 1 ლარად გაცემის უფლება მხოლოდ მთავრობის თავმჯდომარეს ჰქონდა]. შესაბამისად, გადაწყვეტილება მაშინდელმა მთავრობის თავმჯდომარემ ლევან ვარშალომიძემ მიიღო. ვარშალომიძე წლების შემდეგ ისევ ბათუმშია, არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს და საუბრობს პროექტებზე, რომლებიც მისი ხელისუფლებაში ყოფნის დროს განხორციელდა.
ახსოვს თუ არა ლევან ვარშალომიძეს გადაწყვეტილებები, რომელთა თანახმადაც სიმბოლურ ფასად გაყიდული ქონების მყიდველებმა სახელმწიფოსთან აღებული ვალდებულებები ვერ შეასრულეს, ხოლო ამ ქონებას ქვეყანა ვერ იბრუნებს, რადგან სახელმწიფომ მათ [მესაკუთრეებს] საშუალება მისცა ქონება იპოთეკით დაეტვირთათ. ზოგიერთმა 1 ლარად მიღებული ქონება უკვე გაყიდა სოლიდურ ფასად. აღიარებს თუ არა ლევან ვარშალომიძე, რომ მისი ეს გადაწყვეტილებები იყო შეცდომა? _ ამ კითხვებზე „ბათუმელებმა“ მისგან პასუხი ვერ მიიღო. ის შეთანხმებულ დროს, შეთანხმებულ ინტერვიუზე არ მოვიდა.
სახელმწიფო აუდიტის 2014 წლის ანგარიშში კი აუდიტორი წერდა, რომ 2008-2012 წლებში პრივატიზებული ქონების იპოთეკით დატვირთვისა და დაყადაღების გამო, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის მიუხედავად, მთავრობა ვერ ახერხებდა 5 მილიონ 119 800 აშშ დოლარისა და 2 343 900 ლარის ღირებულების ქონების აჭარის მთავრობის საკუთრებაში დაბრუნებას. ამ მონაცემებში არ შედის ის კომპანიები, რომლებსაც მთავრობამ შეუსრულებელი ვალდებულებების გამო სასამართლოში უჩივლა ან რომლებსაც ვადები გაუგრძელა, თუმცა მათ ვალდებულებები მაინც ვერ შეასრულეს.
ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ამჯერად კომპანიის ხელმძღვანელებმა მთავრობას ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად ვადა 2018 წლის თებერვლამდე სთხოვეს.
გოგებაშვილის #30-ში თუნუქის ღობით კიდევ ერთი დაწყებული და დაუსრულებელი პროექტია შემოღობილი. ამ მისამართზე მდებარე შენობა-ნაგებობა და მასზე დამაგრებული 2522,27 კვ/მ მიწის ნაკვეთი 2008 წელს აჭარის მთავრობამ პირობადებული აუქციონით შპს „არაი ჯორჯიას“ 3 მილიონ დოლარად, 60-ნომრიანი სასტუმროს და სამორინეს მშენებლობის პირობით მიჰყიდა. კომპანიას მშენებლობა 2010 წელს უნდა დაესრულებინა. ხელშეკრულებით შესასრულებად ინვესტორს ვადა რამდენჯერმე გაუგრძელეს. 2013 წლიდან კი ამ პროექტის განხორციელების ვალდებულება კომპანია „ქროსვეისს“ გადააბარეს და ვადა 2015 წლის მაისამდე მისცეს. ამ დროისთვის შენობის მხოლოდ სამი სართულია აშენებული, მშენებლობა კი გაჩერებულია. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში ამბობენ, რომ მშენებლობის გაგრძელებასთან დაკავშირებულ პირობებზე სამინისტრო მოლაპარაკებას აწარმოებს კომპანიასთან.
შპს „ქროსვეისი“ ერთ-ერთია მათ შორის, რომელიც აჭარის მთავრობასთან ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო 2013 წელს 442 500 აშშ დოლარით, ხოლო 2014 წელს 32 500 აშშ დოლარით დააჯარიმეს. საბოლოოდ კი, სულ ჯარიმის სახით კომპანიამ ბიუჯეტის სასარგებლოდ 415 000 აშშ დოლარი გადაიხადა. დარჩენილი თანხისგან ინვესტორი აჭარის მთავრობამ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით გაათავისუფლა.
„ქროსვეისი“ 2010 წელსაა დაფუძნებული და დაარსებიდან დღემდე კომპანიის ერთპიროვნული მფლობელი თეიმურაზ უგულავაა.
ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე, სასტუმროს გახსნის თარიღი ისევ გადაწია „აქტივ ბათუმმაც“, სასტუმროსა და კაზინოს გახსნა ყოფილი ფოსტის შენობაში აგვისტოში იგეგმებოდა. შენობაში ჯერ კიდევ მოსაპირკეთებელი სამუშაოები მიმდინარეობს და არც სასტუმროს გახსნის თარიღია დაზუსტებული. შენობის მეპატრონემ მოლაპარაკება თითქმის დაასრულა Wyndham Hotel Group-თან, რომელიც მსოფლიოში ცნობილი სასტუმროების ქსელის მფლობელია.
ბათუმის ცენტრში, რუსთაველის ქუჩაზე, #30-ში, გაჩერებულია „ბაბილონ თაუერის“ მშენებლობაც. „ბაბილონ თაუერის“ მშენებელმა კომპანია „თAM GEO-მ“ აჭარის მთავრობას მშენებლობის დასრულების ვადის გაგრძელების თხოვნით უკვე მესამედ მიმართა. კომპანია მშენებლობის დასასრულებლად, რომელიც 2012 წელს დაიწყო და 2015 წლის ბოლოს უნდა დასრულებულიყო, კიდევ ორ წელს ითხოვს.
სახელმწიფოსთან ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო აჭარის მთავრობამ 2014 წელს 10 ინვესტორთან დადებული ხელშეკრულება შეწყვიტა. 1015 წელს, იმავე მიზეზით, მთავრობამ 11 კონტრაქტი გააუქმა. პირგასამტეხლოს დაკისრების ამოღების მიზნით აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2014-2015 წლებში სასამართლოს 13-ჯერ მიმართა.
ბათუმში, 6 მაისის პარკში მდებარე ნურიგელის ტბაში, თევზები დაიხოცნენ.
ბათუმის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს უფროსის, ალექსანდრე თევზაძის თქმით, თევზების დახოცვა უჟანგბადობითაა გამოწვეული და „აქამდეც არაერთხელ მომხდარა“.
აჭარის ტელევიზია სტუდიებს განაახლებს. სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს“ სარგებლობაში არსებული სატელევიზო სტუდიის მოწყობის სამუშაოებს, ტელევიზია, გამარტივებული ელექტრონული ტენრდერით, მაქსიმუმ 42 395 ლარად შეისყიდის.
სატელევიზო სტუდიების მოწყობის [დეკორაციული ] სამუშაოები ქ. ბათუმში, მემედ აბაშიძის ქ. N 41-ში მდებარე შენობაში ჩატარდება.
სატელევიზიო სტუდიებია: დილის გადაცემის, პოლიტიკური თოქ-შოუს, საინფორმაციო გამოშვების, სამედიცინო გადაცემისა და სპორტული გადაცემის სტუდია.
შესრულებულ სამუშაოზე ვრცელდება 1-წლიანი საგარანტიო ვადა. სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2016 წლის 30 ოქტომბრამდე უნდა დასრულდეს. ტენდერი ხვალ, 19 სექტემბერს დასრულდება.
ასეთი უნდა იყოს აჭარის ტელევიზიის სტუდიები განახლების შემდეგ [ფოტოები საპროექტო დოკუმენტაციიდან]:
დილის გადაცემის სტუდიაპოლიტიკური თოქ-შოუს სტუდიასაინფორმაციო გამოშვების სტუდიასამედიცინო გადაცემის სტუდიასპორტული გადაცემის სტუდია
საქართველოს მევენახეობის მთავარ რეგიონში, კახეთში, უახლოეს დღეებში რთველი აქტიურ ფაზაში შევა. აგვისტოს ბოლოს, ყურძნის კრეფა ტრადიციულად დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებიდან დაიწყო. დღეისათვის, რთველის პროცესში ფაქტობრივად კახეთის მთელი რეგიონია ჩართული.
რთველის ორგანიზებულად და შეუფერხებლად წარმართვის მიზნით, თელავში 24 საათიან რეჟიმში მუშაობს საკოორდინაციო შტაბი, სადაც სრულად მობილიზებულია როგორც ტექნიკური, ასევე ადამიანური რესურსი. შტაბში დარეგისტრირებულია 110 ღვინის კომპანია, მათგან 30-ზე მეტი უკვე ჩართულია ყურძნის მიღება-გადამუშავების პროცესში.
სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი რთველი 2016-ის საკოორდინაციო შტაბის წევრებს შეხვდა და რთველის მიმდინარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა. შტაბის ხელმძღვანელმა, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი სამანიშვილმა მინისტრს ყურძნის გადამუშავების სტატისტიკა გააცნო. ლევან დავითაშვილმა და რთველის საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელმა ღვინის საწარმოებიც დაათვალიერეს და ყურძნის გადამუშავების პროცესს ადგილზე გაეცნენ.
სოფლის მეურნეობის მინისტრის შეფასებით, რთველი ორგანიზებულად, შეფერხების გარეშე მიმდინარეობს და ყურძნის ჩაბარების პრობლემა არცერთ მევენახეს არ შეექმნება.
„ისტორიულად რთველი ზეიმთან ასოცირდებოდა. იმედი გვაქვს, წლევანდელი რთველი ორგანიზებულად, წარმატებულად წარიმართება და მევენახეებს ნამდვილად საზეიმო განწყობა ექნებათ. ამ დროისთვის უკვე გადამუშავებულია 18 ათას ტონამდე ყურძენი. რთველი უახლოვდება ძალიან აქტიურ, ფაქტობრივად პიკურ ფაზას, რომელიც რამდენიმე დღე გასტანს. ამისთვის სრულ მზადყოფნაშია რთველის საკოორდინაციო შტაბი, მობილიზებულია ტექნიკური საშუალებები და ვფიქრობ, წლევანდელი რთველი შეუფერხებლად წარიმართება“, – აღნიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.
კახეთის რეგიონში წელსაც უხვ მოსავალს, სავარაუდოდ 200 ათას ტონამდე ელოდებიან. აქედან 134,3 ათას ტონამდე რქაწითელი იქნება, 54,4 ათას ტონამდე საფერავი და 4 ათას ტონამდე კახური მწვანე.
13 სექტემბრის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 18,4 ათასამდე ტონა ყურძენი. აქედან 7,1 ათასი ტონა რქაწითელი, 9 ათასი ტონა საფერავი, 960 ტონა კახური მწვანე, დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. ერთ დღე-ღამეში ღვინის კომპანიების მიერ გადამუშავდა 2 ათასამდე ტონა ყურძენი, რაც 2016 წლის რთველის ყველაზე მაღალი დღეღამური გადამუშავების მაჩვენებელია.
ღვინის კომპანიებში ყურძნის რეალიზაციის შედეგად კახეთის რეგიონის მევენახეებმა შემოსავლების სახით 15,2 მლნ ლარი მიიღეს.
ამ ეტაპისთვის რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია 123 ღვინის კომპანია. ყურძნის გადამუშავების პროცესში უკვე ჩართულია 34 ღვინის კომპანია, მათ შორის 8 სახელმწიფოს მიერ დაქირავებული საწარმო, დანარჩენი კერძო ღვინის კომპანიაა, რომლებიც განლაგებულია სიღნაღის, დედოფლისწყაროს, გურჯაანის, ყვარლის, თელავისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში.
რთველის პროცესში აქტიურად არის ჩართული „დუგლაძეების ღვინის კომპანია“, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო მევენახეებისგან ყურძნის შესყიდვა.
„ჩვენმა ქარხანამ ყურძნის ჩაბარება 29 აგვისტოს დაიწყო. ამ დროისთვის მიღებული გვაქვს 1900 ტონა. აქედან 1300 ტონა საფერავი, 600 ტონა რქაწითელი. მთლიანობაში ვგეგმავთ 5 ათასი წითელი, დაახლოებით 1000 ტონა თეთრი და 9 ათას ტონა საბრენდე ყურძნის გადამუშავებას. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ გლეხი არ დავაყოვნოთ რიგში“ – აღნიშნა „დუგლაძეების ღვინის კომპანიის“ მთავარმა მეღვინემ ლევან ყანჩაველმა.
როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი აღნიშნავს, გასული წლების მსგავსად, მევენახეს ჩაუბარებელი ყურძენი არ დარჩება.
„რთველი ფაქტობრივად დასრულდა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, სადაც ყურძნის ძირითადი ნაწილი გადამუშავებულია. სიღნაღში დაკრეფილია და საღვინე მიმართულებით გადამუშავებულია მოსავლის დიდი ნაწილი. ყურძენი სიმწიფეში შედის კახეთის დანარჩენ ზონებში. კერძო ღვინის ქარხნები ელოდება ყურძნის დამწიფებას და მზადაა მიღება-გადასამუშავებლად. იმ შემთხვევაში, თუ მაინც დარჩა ჭარბი ყურძენი, რომელსაც კერძო სექტორი ვერ გადაამუშავებს, სახელმწიფოს მიერ დაქირავებული ქარხნებიც მზადყოფნაშია ყურძნის მისაღებად. გასული წლის მსგავსად, ჩაუბარებელი ყურძენი არ დარჩება“ – აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა.
საქართველოს მთავრობამ მევენახე გლეხების ინტერესის გათვალისწინებითა და ყურძნის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, რთველი 2016-ის ფარგლებში სუბსიდიის გაცემის გადაწყვეტილება მიიღო. გასული წლის მსგავსად, სახელმწიფო სუბსიდია გაიცემა პირდაპირ მევენახეებზე და არა ღვინის მწარმოებელ კომპანიებზე. ღვინის კომპანიებში ჩაბარებულ ყურძენზე სუბსიდია გაიცემა შემდეგი ოდენობით: კახეთის რეგიონში:
1 კგ. რქაწითელი- 45 თეთრი; 1 კგ. კახური მწვანე – 45 თეთრი; 1 კგ. საფერავზე – 20 თეთრი;
გლეხი ჩაბარებული ყურძნის საფასურს ყურძნის ჩაბარებიდან 15 სამუშაო დღის შემდეგ „ლიბერთი ბანკის“ ფილიალებსა და სერვის ცენტრებში მხოლოდ პირადობის მოწმობის წარდგენის საფუძველზე მიიღებს.
საქართველოს ხელისუფლებამ, 2013 წლიდან კახეთის რეგიონში განახორციელა წარმატებული პროგრამები, რომელთაგან უმნიშვნელოვანესი რთველია.
2013-2014-2015 წლებში კახეთის რეგიონის მოსახლეობამ, ღვინის საწარმოებში ყურძნის რეალიზაციის შედეგად, შემოსავლების სახით 400 მლნ-მდე ლარი მიიღო.
გასული წლების მსგავსად, ჩაბარებული ყურძენი აღირიცხება სპეციალური კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით ერთიან ელექტრონულ ბაზაში და ნებისმიერ მსურველს განახლებული ინფორმაციის ნახვა ონლაინ რეჟიმში ღვინის ეროვნული სააგენტოს ინტერნეტ-გვერდებზე: www.georgianwine.gov.ge, www.rtveli2016.gov.ge შეეძლება.დაინტერესებულ პირებს რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შეუძლიათ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზზე – 1501
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო
ვებ-გვერდი: www.moa.gov.ge
დღეს, ბათუმის პორტის მიმდებარედ არსებული ყოფილი ხის დამამუშავებელი კომბინატის ტერიტორიაზე არსებული შენობა თვითნებურად დაიკავა 25-მდე ოჯახმა. მათი განმარტებით, უმრავლესობა ბათუმში ქირით ცხოვრობდა და ვეღარ შეძლო ქირის გადახდა, რის გამოც გადაწყვიტეს აღნიშნული შენობის თვითნებურად დაკავება.
„დილის 8 საათზე შემოვედით შენობაში, შემოსვლის მიზეზი არის ის, რაც ყველას გვაწუხებდა – ქირის გადასახადი! ვართ სოციალურად დაუცველები, სოციალური დახმარებით ქირის გადახდა ვეღარ შევძელით, მშივრები რომ არ დავრჩენილიყავით გამოვედით და შევსახლდით აღნიშნულ შენობაში, ეს არის ჩვენი პროტესტის ერთგავრი ფორმა“, – ამბობს ერთ-ერთი შესახლებული, ტარიელ მახარაძე.
შესახლებული ოჯახებიდან ერთ-ერთში, ცხოვრობს შეზღუდილი შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვანი. ოჯახის წევრის, ინგა გუკასიანის თქმით, ოჯახში სულ ოთხნი არიან: „მყავს შშმ ბავშვი, რომელსაც აქვს ცერებრალური დამბლა. ვცხოვრობდი ქირით. სოციალურ დახმარებას ვღებულობდი 250 ლარს, აღნიშნული თანხით ვეღარ შევძელით ქირის გადახდა. აქეთ საჭმლის ფული არ მრჩებოდა და ბავშვისთვის მედიკამენტების ყიდვაც მიჭირდა. ტელევიზიით ვნახეთ რომ მერია აძლევდა სოციალურად დაუცველებს ბინებს, მაგრამ როდესაც მერიაში მივედით და ვთხოვეთ დახმარება, უარი გვითხრეს“.
მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით აღნიშნული შენობა მერიის ბალანსზე არ ირიცხება. ამ დრომდე შესახლებულებთან შესახვედრად არავინ არ მისულა.
საჯარო რეესტრის ბოლო ამონაწერის მიხედვით შენობა და ტერიტორია, სადაც ეს შენობა დგას, 2012 წლის აგვისტოდან სახელმწიფოს საკუთრებაშია.
ბათუმის ყოფილი ხის დამამუშავებელი კომბინატის შენობაში 25-მდე ოჯახი შესახლდა / როინ გუნდაძის ფოტოები
ბათუმში, 6 სექტემბერს იარაღის უკანონო შენახვა-ტარების საქმეზე დაკავებული მინდია ოჯახიშვილი მესამე დღეა შიმშილობს. ინფორმაციას ამის შესახებ მისი ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე ავრცელებს. ინფორმაციას ადასტურებენ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროშიც:
„ბრალდებულმა მ.ო-მა შიმშილობა დაიწყო 15 სექტემბერს და დღესაც აგრძელებს. მ.ო. იმყოფება ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. მისი ჯამრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის დამაკმაყოფილებელია“, – ვკითხულობთ სამინისტროს პრესსამსაურის მიერ მოწოდებულ წერილში.
მინდია ოჯახიშვილი ამ დროისათვის წინასწარ პატიმრობაში იმყოფება ქუთაისის მეორე საპყრობილეში. როგორც მისი ადვოკატი ამბობს, თავდაპირველად ოჯახიშვილს მხოლოდ იარაღის უკანონო შენახვა-ტარებას ედავებოდა პროკურატურა, ხოლო შემდგომ ნარკოტიკული ნივთიერების შენახვა და პოლიციელების მიმართ წინააღმდეგობის გაწევაც დაემატა. მინდია ოჯახიშვილის ადვოკატი და ოჯახის წევრები თავიდანვე უარყოფდნენ დაკავებულის ბრალეულობას და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვდნენ. თავად მინდია ოჯახიშვილმა კი სახალხო დამცველის წარმომადგენელს აჭარაში, ციალა ქათამიძეს უთხრა, რომ ის პოლიციელებმა სცემეს და იძულებით იარაღი ჩაუდეს.
წინასწარ პატიმრობაში მყოფის ოჯახის წევრებმა, მისი განთავისუფლების მოთხოვნით, დღეს, პროკურატურასთან საპროტესტო აქცია გამართეს. პატიმრის დედამ, თინა დოლიძემ განაცხადა, რომ მალე თავადაც დაიწყებს შიმშილობას, თუ კი ოჯახიშვილს დაუყოვნებლივ არ გაათავისუფლებენ. საპროტესტო აქცია მინდია ოჯახიშვილის გათავისუფლების მოთხოვნით 10 სექტემბერსაც გაიმართა.
დღეს, 17 სექტემბერს, ბათუმში, ევროპის მოედანზე, ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი ამომრჩეველს შეხვდა.
„აი, ჩამოვედით და მზემაც გამოანათა და, თქვენ წარმოიდგინეთ, ხელისუფლებაში რომ მოვალთ, როგორი მზე გამოანათებს საქართველოსთვის და როგორი გამარჯვების ვარსკვლავი აიწევა ზეცაში და ეს აუცილებლად ერთად უნდა გავაკეთოთ ჩვენ 8 ოქტომბერს და ისტორიულ მოუსავლეთზე გავუშვათ ივანიშვილის ძირგამომპალი, კორუმპირებული რეჟიმი. ამის მაგალითს სრულიად საქართველო ელოდება ჩვენი უსაყვარლესი აჭარისაგან, იმ აჭარისაგან, რომელიც 300 წელი წასული იყო დედასამშობლოდან დამპყრობელთა კლანჭებში და დაბრუნდა უფრო ქართველი და უფრო დიდი ქართველი… არამარტო საქართველოს, არამედ მსოფლიო ისტორიას ასეთი პრეცედენტი არ ახსოვს, რომ, აი, ვთქვათ, გერმანიას დაეკარგა რამე ტერიტორია და მერე დაბრუნებულიყო უფრო გერმანული, ვიდრე, ვთქვათ, იქ დამხვედრი მოსახლეობა და ხალხი“ – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
მისივე თქმით, ეს პრეცედენტი აჭარამ შექმნა და „სწორედ აჭარამ – ბათუმმა, ქობულეთმა, ხულომ, ხელვაჩაურმა, ქედამ, არ უნდა აპატიოს მატყუარა და ცრუპენტელა ბიძინა ივანიშვილს ის ტყუილები, ის გადაგდებები, რაც მან იკადრა უფასო ფულზე, დაბალპროცენტიან კრედიტებზე, იპოთეკარებზე, მაღალ პენსიებზე, სამუშაო ადგილებზე, განახევრებულ ტარიფებზე და კომუნალურ გადასახადებზე, საოცნებო და საოცარ, აყვავებულ ქვეყანაზე“.
„ეს ყველაფერი მან მოგვატყუა, მან ჩაიდინა ათასწლოვანი თაღლითობა და ეს თაღლითობა უნდა დამთავრდეს მისი საბრალდებო სკამზე დაჯდომით… ამიტომ, 8 ოქტომბერს პირველ განაჩენს ივანიშვილის რეჟიმის მიმართ ველოდებით ბათუმიდან, აჭარიდან, თქვენ გენაცვალეთ“ – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა, ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც წინასაარჩევნოდ არასამთავრობო ორგანიზაციის სახელით ხვდება ჟურნალისტებს, ერთ-ერთ შეხვედრაზე, „რესპუბლიკელების“ კრიტიკის დროს განაცხადა, რომ ისინი „განათლებით დამძიმებული თავებით, ხშირად ასეთ შეფასებებს აკეთებენ, რომ „ილია არცთუ ისე კარგი კაცია“, რომ „ვიღაც დამპყრობელი არც თუ ისე ცუდია“, რასაც საზოგადოება ადეკვატურად პასუხობს“. რას ნიშნავს ქვეყანაში ერთ-ერთი გავლენიანი პირის მხრიდან განათლების უარყოფით კონტექსტში გამოყენება და როგორია ივანიშვილის მიერ დაარსებული მმართველი პარტიის განათლების პოლიტიკა? ამ თემაზე „ბათუმელებთან“ განათლების ექსპერტმა სიმონ ჯანაშიამ ისაუბრა.
ბატონო სიმონ, როგორ ფიქრობთ, რატომ გამოიყენა ბიძინა ივანიშვილმა განათლება უარყოფით კონტექსტში და არის თუ არა ეს ირიბი პროპაგანდა იმის, რომ განათლებული ადამიანი ქვეყნისთვის სახიფათოა?
საქართველოში, ზოგადად, პოლიტიკა არის ანტიინტელექტუალური, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რასაც ინტელექტუალური ადამიანები ამბობენ, ყოველთვის ჭკვიანურია. განათლებულ და გაუნათლებელ ადამიანს შორის ის განსხვავებაა, რომ განათლებულ ადამიანს მეტ რაღაცაზე აქვს ეჭვი, ნაკლებად ხისტი პოზიცია აქვს და შეუძლია იმსჯელოს, როცა გაუნათლებელ ადამიანებს უფრო მეტი პასუხები აქვთ, ვიდრე კითხვები.
აი, ეს არის პრობლემა. ამიტომ, საკმარისია ადამიანმა კითხვა დასვას კერპის შესახებ, რომელსაც გაუნათლებელი საზოგადოების ნაწილი აღიარებს უპირობოდ და მაშინვე ჩნდება კითხვა, რომ ეს ადამიანი ხომ არ არის არაპატრიოტი?
აზროვნება მიიჩნევა არაპატრიოტულად დიდი ხანია და გარკვეული კონტექსტები მოქმედებს ამაზე.
ივანიშვილმა ასევე თქვა, რომ „განათლებით დამძიმებულ თავებს საზოგადოება ადეკვატურად პასუხობს“, ანუ ისინი არ მოსწონთო. ეს რას ნიშნავს?
საზოგადოების გარკვეული ნაწილი უკრიტიკოდ იღებს ბევრ კლიშეს, დოგმას, ჩვენი კულტურის, ისტორიის შესახებ და ნებისმიერი გადახვევა ოფიციალური ვერსიისგან, ღალატად აღიქმება. ეს არაადეკვატურია თანამედროვე საზოგადოებისთვის. ადეკვატური იქნებოდა ტოლერანტობა განსხვავებული აზრის მიმართ, რომელიც გვეხმარება აზრის ჩამოყალიბებაში. როგორ უნდა ჩამოვაყალიბო ჩემი აზრი, თუ ღია ალტერნატივებს ვერ დავინახავ. რაც შეეხება ივანიშვილს, ის პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს და სიმართლესთან ახლოს არის თუ არა, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.
პოლიტიკური სარჩული გასაგებია, მაგრამ ამით ის არ ახდენს განათლებული საზოგადოების, ზოგადად განათლების იდეის დისკრედიტაციას?
ამ განცხადებით ნაკლებად, მაგრამ განათლების დისკრედიტაცია მაშინ ხდება, როცა საუბარია იმაზე, რომ იმარჯვებს ის, ვისაც უფრო მაგარი კუნთები აქვს. ის, ერთი მხრივ, მსგავსი ტერმინებით საუბრობს, მეორე მხრივ კი, ცდილობს სწორედ განათლებული ადამიანები მოიყვანოს თავისი პარტიის რიგებში. საარჩევნო სიის ათეულში სწორედ იმაზეა აქცენტი გაკეთებული, ვის ჰქონდა ჰარვარდი [უნივერსიტეტი] დამთავრებული ან ვიღაც მოაზროვნეთა კლუბშია. განათლების დისკრედიტაცია იმით უფრო ხდება, როცა მინისტრი ამბობს, რომ ის მასწავლებლები, რომლებიც გამოცდას ვერ აბარებენ, მაინც მაღალი კვალიფიკაციის არიან. ამით არა მარტო მასწავლებლის პროფესიის დისკრედიტაცია ხდება, არამედ მთელი საგანმანათლებლო სისტემის.
როცა ის საუბრობს „განათლებით დამძიმებულ თავებზე“ უარყოფით კონტექსტში, ეს ნიშნავს იმას, რომ მას შეიძლება ჰქონდეს პირადი კომპლექსები განათლებულ ადამიანებთან მიმართებაში, თუ შეიძლება განვიხილოთ როგორც გაუაზრებელი განცხადება?
ფაქტია, რომ ივანიშვილის მიღწევები არ არის დაკავშირებული განათლებასთან, მაგრამ იცის როგორია კონკრეტულ შემთხვევაში საზოგადოების განწყობა და ცდილობს ამ განწყობაზე ითამაშოს. ანუ მიზანია, რომ თავისი მოწინააღმდეგეები დაამციროს. ფაქტია, რომ ის არ არის ადამიანი, რომელმაც იფიქრა, რაღაც ისწავლა და ამიტომ არის წარმატებული. ხშირად ასეთი ადამიანები უფრო ქედმაღლურად უყურებენ სხვებს, რომლებიც აკრიტიკებენ მას, ვთქვათ, გაუნათლებლობის თუ გულუბრყვილო იდეების გამო.
მმართველ პარტიაზე ივანიშვილის გავლენა დიდია. თქვენი აზრით, მისი შეფასებები სამინისტროს პოლიტიკაზე აისახება თუ არა?
ხელისუფლების გზავნილები განათლების მიმართ ბევრნაირია, თუმცა ურთიერთგამომრიცხავი. არის საუბარი სხვადასხვა პროგრამაზე, თუმცა, ზოგადად, განათლების პოლიტიკა ძალიან სუსტია. მათი საარჩევნო გზავნილები ორიენტირებულია არჩევნების მოგებაზე და არა განათლების პრობლემების გაანალიზებაზე. ისინი განათლების სფეროში დასაქმებულებს ეუბნებიან, რომ არ შეექმნებათ პრობლემები იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ცუდად იმუშავებენ. ეს არის გულის მოგებაზე ორიენტირებული პოლიტიკა და არა რეალური პრობლემების გადაჭრაზე.
ბიძინა ივანიშვილი მუდმივად იწონებს თავს იმით, რომ დაუშურებლად ხარჯავს მილიონებს ქველმოქმედებაში, წლობით აფინანსებდა პარტიებს, ე.წ. რჩეულ ინტელიგენციას და ა.შ. მაგრამ არასდროს მოუწონებია თავი იმით, რომ, ვთქვათ, ნიჭიერი ახალგაზრდების სწავლა დააფინანსა, თუ არ ჩავთვლით მის დაინტერესებას ტექნოლოგიური უნივერსიტეტით. თქვენ თუ გახსენდებათ მისი მნიშვნელოვანი აქტივობა განათლებასთან დაკავშირებით?
ოლიმპიადები ჩაატარა შარშან, მისი პრემიერობის დროს გადაწყდა სამეცნიერო ხარისხების დაფინანსება, ანუ რაღაც ინიციატივები იყო. თავის დროზე აფინანსებდა განათლებას, სანამ ხელისუფლებაში მოვიდოდა, მაგალითად, საჩხერეში ყველა მასწავლებელს უხდიდა დანამატს.
ეს იმიტომ ხომ არა, რომ, ვთქვათ, მაშინაც კონკრეტული ჯგუფის მომადლიერებაზე იყო ორიენტირებული და არა განათლების ხელშეწყობაზე?
საჩხერის შემთხვევაში კი, რადგან ყველამ იცოდა, რომ ეს მისი დაფინანსება იყო, მაგრამ სკოლების რემონტები, ინვენტარის შეძენა და ა.შ. არ იყო ცნობილი საზოგადოებისთვის. მაშინ არ იყო ეს პიარისთვის გაკეთებული. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გარემონტებაც კარგი საქმეა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. როცა ხელისუფლებაში მოვიდა, უკვე სისტემების გაუმჯობესებაზე უნდა ეზრუნა, რაც არ გაკეთებულა.
„დატოვე ქვეყანა! თუ არ წახვალ, იარაღს ჩაგიდებთ“, – ეს ფრაზა გიორგი ბერიძეს უცნობმა პირმა უთხრა. ის არ არის ერთადერთი მოქალაქე, ვინც ამბობს, რომ საკუთარი ქვეყნის დატოვებას სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები აიძულებენ. რამდენიმე დღის წინ დაკავებულმა და ნაცემმა მინდია ოჯახიშვილმაც წინასწარი დაკავების იზოლატორში, სახალხო დამცველის წარმომადგენელთან უცნობი პირის იგივე გზავნილი გააჟღერა – „დატოვე ქვეყანა!…“ მინდია პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარების ფაქტზე დააკავა.
მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძისთვის მიწერილ წერილში გიორგი ბერიძე წერს: „მუქარის შემდეგ იძულებული გავხდი 10 აგვისტოს დამეტოვებინა საქართველო და გავმგზავრებულიყავი უკრაინაში. 3 სექტემებრს, ახლო ნათესავის გარდაცვალების გამო, იძულებული გავხდი დავბრუნებულიყავი საქართველოში. როგორც ჩანს, ჩემი დაბრუნების შესახებ ცნობილი გახდა სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებისთვის და 5 სექტემბერს საცხოვრებელ ადგილას კვლავ მოვიდა ჩემთვის უცნობი პირი, რომელმაც განმიცხადა, რომ ჩემი ყოფნა ბათუმში იყო დაუშვებელი. ამიტომ მაძლევდნენ ვადას, რა პერიოდშიც უნდა დამეტოვებინა საქართველო. წინააღმდეგ შემთხვევაში, მუქარას აასრულებდნენ – ჩამიდებდნენ ცეცხლსასროლ იარაღს და რამდენიმე წელი გამომკეტავდნენ ციხეში…“
„მეთოდი, როდესაც სამართალდამაცვი ორგანოს წარმომადგენლები აიძულებენ მათთვის არასასურველ ადამიანებს დატოვონ ქვეყანა, არ არის უცხო. ამას აქტიურად იყენებდა წინა ხელისუფლება. ამ მეთოდს მიმართეს მოქმედი ხელისუფლების პირებმაც,“ – ამბობს გიორგი ხიმშიაშვილი. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის თავმჯდომარეს ეჭვი არ ეპარება იმაში, რომ გიორგი ბერიძეს მართლაც აიძულებენ ქვეყნის დატოვებას. იგი 2014 წლის 8 დეკემბერს იხსენებს, როცა სარფის საბაჟო პუნქტზე შემოსვლის საშუალებას არ აძლევდნენ.
„მაშინაც იძულებით ვიყავი წასული ქვეყნიდან და უკან ვბრუნდებოდი“, – გვიყვება გიორგი ბერიძე: „2014 წლის აგვისტოში ნარკოლოგიურ შემოწმებისთვის ამიყვანეს. არაფერი აღმომაჩნდა. პოლიციის შენობაში შემხვდა პირი, რომელიც მაღალჩინოსანი იყო და ლევან ხარაბაძის სახელით გამეცნო. მითხრა, რომ ჩემთვისვე აჯობებდა, თუ დავტოვებდი ქვეყანას. უკრაინაში 21 აგვისტოს წავედი და 7 სექტემბერს დავბრუნდი. აეროპორტში შემოსვლის საშუალება არ მომცეს. აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა მანქანაში იძულებით ჩამსვეს და თურქეთში გადამიყვანეს. თურქეთიდან ვბრუნდებოდი დეკემბერში, როცა უკვე წინასწარ გაფრთხილებული მყავდა საია და სახალხო დამცველიც… ხმაურს მოერიდნენ და შემომიშვეს. არც მაშინ და არც ახლა ჩემ წინააღმდეგ არ მიმდინარეობს არანაირი სისხლის სამართლებრივი დევნა“.
„2013 წლიდან 5 საქმეა ასეთი. მოქალაქეები ამბობენ, რომ ქვეყნის დატოვებას აიძულებდნენ,“ – ამბობს ნათია კაციტაძე, სახალხო დამცველის მოადგილე. ომბუდსმენის ბათუმის ფილიალში გვითხრეს, რომ წელს ორი მოქალაქე მივიდა მათთან ანალოგიური ისტორიით, თუმცა მათ განაცხადი არ დაუწერიათ გარკვეული მიზეზების გამო და საქმის წარმოება არ დაწყებულა. დაფიქსირებულ შემთხვევებზე კი, ომბუდსმენის აპარატისგან შინაგან საქმეთა სამინისტროში წერილები შესულა. „რა თქმა უნდა, უარყვეს. ჩვენც მონაყოლის გარდა, არსებითი მტკიცებულება არ გვქონდა, რომ სხვა მხრივ მოგვეხდინა რეაგირება. უფრო პრევენციის მიზანი აქვს ჩვენს ჩართულობას ამ პროცესში… მოქალაქეებს, ვინც მოგვმართა, არ დაუტოვებიათ ქვეყანა. ისინი არც პასუხისგებაში მიუციათ. ერთი შემთხვევა იყო შარშან, როცა მამა ამბობდა, რომ მის შვილს უკვე აიძულეს ქვეყნის დატოვება,“ – განმარტავს ნათია კაციტაძე.
ომბუდსმენის აპარატმა უკვე დაიწყო საქმის წარმოება მინდია ოჯახიშვილის შემთხვევაზე, რომელიც ბათუმში 6 სექტემბერს, ღამით დააკავეს. დაკავებულს თვალისა და მუხლის არეში ფიზიკური დაზიანებები აღენიშნებოდა და მის მიღებაზე დროებითი მოთავსების იზოლატორმა უარი თქვა. მინდია ოჯახიშვილს იზოლატორში მოთავსებამდე ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში უმკურნალეს.
„ჩემი შვილისგან ვიცი, ეუბნებოდნენ, ქვეყანა უნდა დატოვოო. რატომ უნდა დაეტოვებინა ქვეყანა, როცა რამე დანაშაული არ ჩაუდენია? სპორტსმენი იყო და ცხოვრობდა თავის ქვეყანაში,“ – გვითხრა მინდიას მამამ, ნუგზარ ოჯახიშვილმა.
მინდია ოჯახიშვილი წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა გიორგი ბერიძისგან განსხვავებით, რომელიც წარსულში იარაღის უკანონო ტარებისა და ქურდული სამყაროს წევრობისთვის იხდიდა სასჯელს. მოქალაქეების უმეტესობა, ვისაც ანალოგიური პრობლემა აქვს, ასევე ნასამართლევია ქურდული სამყაროს წევრობისთვის.
„ქურდული სამყაროს წევრობა არ მიღიარებია. სასამართლოში მეუბნებოდნენ, რომ ვარ „ლავასოღლის“ [კანონიერი ქურდი] შვილის ნათლია და ბიძაჩემი კანონიერი ქურდია. ახლობლობა და ნათესაობა მგონი არ ნიშნავს ქურდობას,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ გიორგი ბერიძე.
თუკი ადამიანი ქურდული სამყაროს წევრობისთვის იხდიდა სასჯელს და შესაძლოა, დღესაც ჰქონდეს გავლენა ამ კუთხით, რამდენად სამართლიანი და ადეკვატურია ქვეყნის დატოვების მოთხოვნა? – კითხვა სახალხო დამცველის მოადგილეს დავუსვით. ნათია კაციტაძემ გვითხრა, რომ ეს არ არის გამართლებული: „თუკი საგამოძიებო ორგანოს აქვს ინფორმაცია და მტკიცებულება, მას აქვს მთელი რიგი მექანიზმები, რომ ეს გამოიძიოს. თუ ადამიანი დამნაშავეა, მან პასუხი უნდა აგოს. ქვეყნის დატოვების მოთხოვნა დაუშვებელია“.
„თუ პირი ჩადის დანაშაულს, ვალდებული ხარ იგი დააკავო. თუ მას ჰიპოთეტური შიშის გამო აძევებ ქვეყნიდან, გამოდის, რომ შენ, სახელმწიფო, ჩადიხარ დანაშაულს,“ – მიიჩნევს გიორგი ხიმშიაშვილი, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი. მისი შეფასებით, მსგავსი მიდგომა სახელმწიფო ბიუროკრატიის რღვევას იწვევს და საზოგადოების ნიჰილისტურ დამოკიდებულებას: „ამიტომაც არის, რომ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მიმართ უფრო ხშირად გვხვდება უნდობლობა, ვიდრე სხვა სახელმწიფო ინსტიტუტის მიმართ“.
„საქართველოს კონსტიტუციის“ 22-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეს შეუძლია თავისუფლად შემოვიდეს ქვეყანაში. მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად კი, საქართველოდან საქართველოს მოქალაქის გაძევება დაუშვებელია.
2010 წლიდან დღემდე საქართველოში 1264 ადამიანი ითვლება უგზო-უკვლოდ დაკარგულად. სტატისტიკა „ბათუმელებს“ შს სამინისტრომ მიაწოდა. დაკარგულებს შორის ერთ-ერთი დარეჯან დიასამიძეა. 17 წლის გოგო ზუსტად სამი წლის წინ გაუჩინარდა. ის ხელვაჩაურში, სოფელ ახალშენში ცხოვრობდა. დაკარგულის მამა ამბობს, რომ ერთ დღეს ის მეუღლესთან ერთად გამომძიებლებმა კახეთში წაიყვანეს…
დარეჯან დიასამიძე
„გაუჩინარებიდან რამდენიმე თვე იყო გასული, ახალი წელი დგებოდა, მაშინდელმა პროკურორმა სიმონ გოგილაშვილმა და პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსმა, ვალერი თელიამ დაგვიბარეს,“ – გვიყვება ამირან დიასამიძე. პოლიციის სამმართველოში დაკარგული დარეჯანის მამა ცოლთან ერთად მისულა: „გვითხრეს, თელავში გავაგზავნეთ თქვენი გოგოს ფოტოსურათი და ერთ-ერთმა ექიმმა დაგვიდასტურა, ეს გოგო იყო მოსული, აბორტის გაკეთებას ითხოვდა და გარეთ წვერებიანი მამაკაცი ელოდაო. კახეთში გამომძიებლები უშანგი მიქელაძე და ზვიად ქედელიძე გაგვყვნენ.იმ ექიმს ჩვენც ვაჩვენეთ დარეჯანის რამდენიმე ფოტო. არც დაუხედავს ისე გვითხრა, კი, ეს გოგო იყო ნამდვილადო, აბორტზე უარი ვუთხარით და მალე წავიდა, რადგან პასპორტი არ ჰქონდაო. ვითხოვე, იქნებ ვიდეოთვალის ჩანაწერი გვაჩვენოთ-მეთქი, მაგრამ არ მუშაობსო, ასე გვითხრეს. მაშინვე მივხვდით, რომ შეთხზული ამბავი იყო ეს“.
ამირან დიასამიძის მიერ დასახელებული პირები სამართალდამცავ უწყებაში აღარ მუშაობენ. ვალერი თელია უცხოეთშია, სიმონ გოგილაშვილი კი ადვოკატად მუშაობს. მან „ბათუმელების“ სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.
„მართალია, ამ საქმის გამომძიებელი აღარ ვარ, მაგრამ რადგან ძიება არ დასრულებულა, არ შემიძლია დავადასტურო ფაქტი, რაზეც ბატონი ამირანი საუბრობს. ის მამაა და უნდა დავუჯეროთ,“ – გვითხრა უშანგი მიქელაძემ, რომელიც დარეჯან დიასამიძის საქმეს იძიებდა და ამჟამად „ნაციონალური მოძრაობის“ წევრია.
ამირან დიასამიძეს აღარ სჯერა, რომ სამართალდამცველები მისი შვილის დაკარგვის ამბავს რეალურად იძიებენ: „იმდენჯერ შეცვალეს პროკურორი და გამომძიებელიც, აღარ ვიცი უკვე, ვინმე თუ იძიებს რამეს. დაზარალებულის სტატუსიც არ მომანიჭეს, რომ საქმის მასალებს გავეცნო. ერთი კაცი დაიწყებს ძიებას, ცოტა ხანში, როცა საქმის მოსაკითხად დავრეკავ, სხვაა უკვე გამომძიებელი. ახლა უჩა კახიძესთანაა საქმე. მითხრა, თუ რამე გაიგოთ, შეგვატყობინეო. რამე თუ გავიგე, კიდევ იქ მივალ?“
ამირან დიასამიძის თქმით, გამოძიებას არც კომახიძის ქუჩის ვიდეო სათვალთვალო კამერების ჩანაწერები ამოუღია, საიდანაც დარეჯანის მობილურზე ბოლო ზარი განხორციელდა: „7 აგვისტოს, როცა გოგო არ გამოჩნდა, ვრეკავდი მის ტელეფონზე. ზარი არ გადიოდა. მხოლოდ 5 წუთით ჩაირთო ტელეფონი საღამოსკენ. ზარი გავიდა, მაგრამ არავინ პასუხობდა. რამდენიმე დღეში ამოიღეს ამონაწერი სატელეფონო ქსელიდან. გამოჩნდა, რომ კომახიძეზე იყო ტელეფონი იმ დღეს, როცა ჩემგან ზარი გავიდა“.
„ყველაფერი ჩატარდა, რაც შესაძლებელია და ყველაფერი კეთდება. ძიება გრძელდება, მეტს ვერაფერს გეტყვით,“ – უთხრა „ბათუმელებს“ რამაზ შავაძემ, რომელიც ამჟამად დარეჯან დიასამიძის გაუჩინარების საქმეზე ზედამხედველი პროკურორია.
დარეჯან დიასამიძე 2013 წლის 7 აგვისტოს გაუჩინარდა. მე-12 კლასის მოსწავლე ღამით ბიძის ოჯახში დარჩა. დილით სახლში ბრუნდებოდა. ის დაახლოებით ერთკილომეტრიან გზაზე, სოფლის მჭიდროდ დასახლებულ მონაკვეთში დაიკარგა. „მჯერა, რომ ცოცხალია. აუცილებლად ვნახავ. მალე 20 წლის გახდება. ოქტომბერში აქვს დაბადების დღე…“ – გვითხრა ამირან დიასამიძემ.
დარეჯან დიასამიძის გარდა, დღევანდელი მონაცემებით, შსს კიდევ 365 პირს ეძებს საქართველოში. 1264 უგზო-უკვლოდ დაკარგულიდან [კანონმდებლობის მიხედვით, ეს სტატუსი ენიჭება ადამიანს გაუჩინარებიდან ორი წლის შემდეგ] 767 შემთხვევაში დაკარგული ადამიანი უპოვნიათ, 131 შემთხვევაში კი – გაუჩინარებულთა გვამი.
საგანგაშოა ბავშვების უგზო-უკვლოდ დაკარგვის მაჩვენებელი – 2010 წლიდან დღემდე 16 წლის ან ამ ასაკს მიუღწეველი 147 პირი გაუჩინარებულა. ამათგან შვიდს დღემდე ეძებენ, 2 არასრულწლოვნის გვამი იპოვეს, ხოლო 138 გამოჩნდა. ამავე სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში ყველაზე ხშირად 25-დან 44 წლამდე ადამიანები იკარგებიან. 2010 წლიდან დღემდე სულ 490 ასეთი შემთხვევა დაფიქსირებულა. ამათგან 182-ის ძებნა დღემდე გრძელდება.
2006 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო საერთაშორისო კონვენცია ადამიანთა ძალადობრივი გაუჩინარებისგან დასაცავად. საქართველო ამ კონვენციას დღემდე არ მიერთებია. ექსპერტების განმარტებით, კონვენციაზე მიერთება ხელს შეუწყობდა საკანონმდებლო სივრცის დახვეწას ამ კუთხით: ტერმინს – „გაუჩინარება“ არ ცნობს საქართველოს სისხლის სამართალი, დაკარგულის ოჯახის წევრს დაზარალებულის სტატუსი ენიჭება. ამ თემაზე დღემდე საქართველოში არც რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაცია მუშაობს.
მხოლოდ ომებსა და სამხედრო კონფლიქტებში დაკარგულთა ოჯახებთან მუშაობს საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი. სხვადასხვა პროგრამით „წითელი ჯვარი“ ცდილობს გაუჩინარებული ოჯახების მხარდაჭერას და მათ გაძლიერებას. ბოლო ორი წლის განმავლობაში მცირე ბიზნესის პროგრამაც დაფინანსდა, სადაც 1850 ოჯახი იყო ჩართული. უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახების კომიტეტმა, რომელიც ახლახან ჩამოყალიბდა „წითელი ჯვრის“ ხელშეწყობით, 30 აგვისტოს ბათუმშიც აღნიშნეს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღე.
დღეს, ძლიერი წვიმის შედეგად, ბათუმში, 26 მაისის ქუჩის N70 – ში მცხოვრებ სოფო გოგუას საცხოვრებელ სახლში, დაზიანებული სახურავიდან წყალი ჩავიდა, რის შედეგადაც მისივე თქმით, გადაიწვა ტელევიზორი და დაზიანდა სხვა საყოფაცხოვრებო ნივთები.
სოფო გოგუას ბათუმის მერიაში ჯერ კიდევ იანვრის თვეში ჰქონდა განცხადება შეტანილი, დაზიანებული სახურავის შეკეთების გამო, თუმცა მას მხოლოდ დღეს დაუკავშირდნენ და სახურავის შეკეთებას შეჰპირდნენ, იქამდე კი დროებითი საცხოვრებელი ფართის, ქირის ფულით დააფინანსებენ
სოფო გოგუას 5 მცირეწლოვანი ბავშვი ჰყავს, მათ შორის ყველაზე უმცროსი 10 თვისაა – „ჩამომივიდა წყალი, გადამეწვა ტელევიზორი, დამისველდა საწოლებიც და ტანსაცმელი, სამზარეულოში როგორც გარეთ ისე წვიმს, ფონდი იალქანი გვეხმარება ხოლმე, მერიას აქამდეც მივმართეთ დაზიანებული სახურავის გამო, მაგრამ ჯერ არ დაგვხმარებია. დღეს დამირეკეს თქვენი ზარის შემდეგ და მითხრეს რომ სადმე ნახეთ საცხოვრებელი სახლი 3-4 დღით და ქირის ფულს ჩვენ გადაგიხდითო, მანამდე კი თქვენი სახლის სახურავს შევაკეთებთო” – თქვა სოფო გოგუამ.
ბათუმის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსის სოფიო მიქელაძის განმარტებით, სოფო გოგუამ განცხადებით, იანვრის თვეში, ა(ა)იპ “ბათუმის კორპუსს” მიმართა, თუმცა ეს საკითხი “ბათუმის კორპუსის” კომპეტენციაში არ შედის – „ბათუმის კორპუსმა მათ უარი იმის გამო უთხრა, რომ ის ვერ ეხმარება კერძო საკუთრებაში მცხოვრებლებს, ამისთვის მან ბათუმის მერს უნდა მიმართოს“ – თქვა სოფო მიქელაძემ.
ცოტა ხნის წინ, ბათუმის მერიამ, ძლიერი წვიმის შედეგად ბათუმის რამდენიმე ქუჩის დატბორვასთან დაკავშრებით, განცხადება გაავრცელა. მათი ინფორმაციით, უხვი ნალექის მოსვლასთან დაკავშირებით საგანგებო რეჟიმში მუშაობს შპს ,,ბათუმის წყალი“, რომლის ბრიგადები უწყვეტ რეჟიმში ახორციელებენ წყლის ამოტუმბვის სამუშაოებს. სანიაღვრე წყლების სწრაფი გადინების მიზნით გახსნილია ზღვაში გამსვლელი ყველა არხი.
ბათუმის მერიის ბოლო მონაცემებით, შპს ,,ბათუმის წყლის“ ცხელ ხაზზე 45 გამოძახება დაფიქსირდა.
ძლიერი წვიმის გამო გადაადგილების პრობლემა არ შექმნია სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებს. რეგულარულ რეჟიმში მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი.
შეზღუდვა არ დაფიქსირებულა წყალმომარაგებაში. ამ დროისთვის წყალი შეუფერხებლად მიეწოდებათ როგორც ახალი, ასევე ძველი ქსელის აბონენტებს.
ქალაქის მერია მოუწოდებს მოქალაქეებს, საჭიროების შემთხვევაში დარეკონ ცხელი ხაზის ნომერზე 24 22 22.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებით, საქართველოში 31 ადამიანს ჰქვია “არმინდა”, მათ შორის 30 ქალია. “მეწყინა” ჰქვია 17 ადამიანს და 17-ვე ქალია; “ვაკონა” (მეგრულად – არ უნდათ) ჰქვია 77 ადამიანს, მათგან 74 ქალია; “არმინდოდა” ჰქვია ერთ ქალს; 24 ადამიანია რეგისტრირებული სახელით “გულსარა” – ყველა მათგანი ქალია; სამ ადამიანს ჰქვია “კმარა” – ყველა მათგანი ქალია; ასევე, 12 ადამიანს ჰქვია “სევდაგული” და 12-ივე მათგანი არის ქალი.
ორგანიზაციის – “ევროპელი ქალები საერთო მომავლისთვის” გენდერის სპეციალისტის, იდა ბახტურიძის შეფასებით, სელექციურ აბორტს გადარჩენილი გოგონების სახელები ყველაზე ცხადად აჩვენებს იმას, რომ ჩვენს კულტურას მიზოგინია (ქალთმოძულეობა) ახასიათებს.
„ამ სახელებით ერთი შეხედვითაც მარტივად იკითხება ის სიძულვილი, რაც ამ კულტურას ახასიათებს ქალების მიმართ.
არსებულ ბაზაში სულ რამდენიმე სახელი ჩავწერე ჩემი ინიციტივით და აღმოჩნდა, რომ ის გოგონები, რომლებიც დაიბადნენ იმისდა მიუხედავად, უნდოდათ მათი გაჩენა მშობლებს თუ არა, მაინც ვერ გადაურჩნენ იმ ნეგატივს, რაც მათ დაბადებას მოჰყვა და წესით, ყველაზე ახლობელი ადამიანებისგან, ე.წ. დამღის სახით დარჩათ ისეთი სახელი, როგორიცაა, მაგალითად, “მეწყინა”. ცხადია, ეს შემთხვევით არ ხდება და ამას უფრო სიღრმისეული კვლევა სჭირდება.
ფაქტია, რომ სულ სხვა ვითარება გვაქვს ბიჭების შემთხვევაში. როცა კაცის სახელებში არსებობს – “შენგელი”, “გელოდი” და ა.შ. შინაარსობრივად ძალიან ადვილია ამოიცნო ის განწყობები, რაც ოჯახებში არსებობს ამა თუ იმ სქესის მიმართ”, – ამბობს იდა ბახტურიძე.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებით, ბიჭებთან მიმართებაში მართლაც უფრო პოზიტიური განწყობის გამომხატველი სახელები გვხვდება. მაგალითად, მიმდინარე სტატისტიკით, საქართველოში 219 ადამიანს ჰქვია “გელოდი”, მათგან 218 ბიჭია, “მოგელი” ჰქვია 241 ადამიანს, მათგან 236 კაცია, “მოგელი” ჰქვია 46 ადამიანს და ყველა მათგანი კაცია; სახელი “შენგელი” ჰქვია 263 ადამიანს, რომელთაგან 260 ბიჭია, “შენგელ” ჰქვია შვიდ ადამიანს და ყველა მათგანი ბიჭია.
“არასასურველი” გოგონებისთვის სახელები არა მარტო საქართველოში, არამედ მთლიანად სამხრეთ კავკასიაშია გავრცელებული, რასაც აზერბაიჯანული ონლაინჟურნალის ფოხზყ.აზ-ის რედაქტორი ხაიალა მამედოვა საზოგადოებაში არსებულ სტერეოტიპებს უკავშირებს:
„აზერბაიჯანში არის, მაგალითად, სახელი Kifayet Besdi, რაც ნიშნავს – “საკმარისია”. უფრო ძველ დროს არქმევდნენ გოგონებს ასე, ახლა შედარებით უფრო იშვიათია, უფრო რეგიონებშია შემორჩენილი”, – ამბობს ის.
მისივე განმარტებით, აზერბაიჯანში, ისევე როგორც დანარჩენ სამხრეთ კავკასიაში, საზოგადოებას აქვს დამოკიდებულება, რომ ბიჭი შვილი აუცილებელია ოჯახში, რადგან გოგონა არ ითვლება თაობის გამგრძელებლად.
ანალოგიურ პრაქტიკაზე საუბრობს ახალგაზრდულ საქმეთა სპეციალისტი სომხეთიდან ფარანძემ ჰოვანესიანი:
“ჩვენთანაც არსებობს ქალის სახელი “Bavakan”, რაც სომხურად ნიშნავს “საკმარისია”. ისტორიაც მახსენდება, როცა ერთ ოჯახში ბიჭის მოლოდინში მერვე გოგო დაიბადა და მას სწორედ ასე დაარქვეს. ძალიან სამწუხაროა, რომ სწორედ მშობლები იმეტებენ შვილებისთვის ასეთ სახელებს”, – ამბობს ის.
სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანაში, სელექციური აბორტების საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.
გაეროს მიერ 2013 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, აზერბაიჯანში ყოველ 100 გოგოზე 116 ბიჭი იბადება, სომხეთში ყოველ 100 გოგოზე 114 ბიჭი, საქართველოში კი ყოველ 100 გოგოზე -113 ბიჭი. ამავე დროს, UNEFPA ცნობით, საქართველოში ბოლო წლებში დაბადებისას სქესთა შორის დისბალანსის კლების ტენდენცია აღინიშნება. ბოლო მონაცემებით, ამჟამად იგი 1.10-ზე ნაკლებია, ანუ ყოველ 100 გოგონაზე – 110 ვაჟი იბადება, რაც მიუთითებს, რომ ეს ნიშნული ნორმალურ ზღვარს (100 გოგოზე 105- ბიჭს) უახლოვდება.
2015 წელს საქართველოში 28 347 გოგო და 30 902 ანუ 2555-ით მეტი ბიჭი დაიბადა. საქართველოში ბოლო 10 წლის მანძილზე დაბადებული ბიჭებისა და გოგონების რაოდენობა რომ შევადაროთ, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ამ პერიოდში საქართველოში 272 320 გოგო და 300 096, ანუ 27 776-ით მეტი ბიჭი დაიბადა.
UNFPA-ს იმავე კვლევის მიხედვითვე, საქართველოში ერთი შვილის ყოლის შემთხვევაში ოჯახების 46%-ს უპირატესობას ბიჭს ანიჭებს. ქალების 9% კი ამბობს, რომ სქესის შერჩევის მიზნით აბორტი გაუკეთებია, შერჩევითი აბორტები ძირითადად მდედრობითი სქესის ნაყოფზე ორსულობის შესაწყვეტად გამოიყენება.
გაეროს განვითარების პროგრამის [UNDP] მიერ, 2013 წელს ჩატარებული კვლევის შედეგად, ქართულ საზოგადოებაში ვაჟის მიმართ პრეფერენციას განაპირობებს ის, რომ ბიჭი გვარის გამგრძელებელია. ამავე დროს, მოიაზრება, რომ ვაჟი ოჯახში რჩება და ამდენად მას აქვს მშობლების მოვლის, მათი ფინანსურად შენახვის ვალდებულება მოხუცებულობის დროს.
იდა ბახტურიძე ამბობს, რომ კულტურისთვის მახასიათებელი დისკრიმინაციული დამოკიდებულება, სახელების გარდა, ხშირად ვლინდება ენაშიც, თუნდაც ისეთი სახელებით, როგორიცაა „სუსტი სქესი” და სხვა:
“მაგალითად ტერმინი “გათხოვება”, რომელიც იმდენად გამჯდარია ცნობიერებაში, რომ არც ექცევა ყურადღება, რა მნიშვნელობა აქვს მას. ამ ტერმინში არ ჩანს ადამიანის პერსონალური სურვილი, მას ათხოვებენ, ის არ არის სუბიექტი, ქალი გადადის ერთი ხელიდან მეორე ხელში, როცა ამ დროს კაცი – ქორწინდება. ასევეა სექსის აღმნიშვნელ სიტყვებში, მაგალითად – “იხმარა”, რომელსაც ხშირად ამბობენ ქალებზე, თითქოს სექსში ქალი მოხმარების ობიექტია და არა სრულფასოვანი პარტნიორი, აქაც სუბიექტი არის მარტო კაცი”.
დღეს, 16 სექტემბერს, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, 12:00-დან 17:00 საათამდე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში – წიქარეულში, მასაურსა და წინსვლაში, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდბა 250 აბონენტს.
19 სექტემბერს, 12:00-დან 14:00 საათამდე, ელექტროენერგია შეუწყდება 1730 აბონენტს ქედის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებში – წონიარისი, ცხმორისი და დანდალო.
20 სექტემბერს, 11:00-დან 13:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 1774 აბონენტს ქობულეთის რაიონის სოფლებში – საჩინო და ციხისძირი, 11:00-დან 18:00 საათამდე კი 343 აბონენტს ქედის რაიონის სოფლებში ვარჯანისი, აბუქეთა, წონიარისი, კანტაური და ტაკიძეები.
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ელექტროენერგიის მიწოდების შეფერხება ქსელების სარეაბილიტაციო სამუშაოებს უკავშირდება.
ბათუმში ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე ქუჩა დაიტბორა, მათ შორის მემედ აბაშიძის გამზირი, 26 მაისის, ფარნავაზ მეფის, რუსთაველის, მაიაკოვსკის, პუშკინისა და ლერმონტოვის ქუჩების მონაკვეთები.
მემედ აბაშიძის გამზირი
მემედ აბაშიძის გამზირიმაიაკოვსკის ქუჩა [ავტოსადგურთან]რუსთაველის ქუჩაპუშკინისა და შავშეთის ქუჩების კვეთა [ავტოსადგურთან]ფარნავაზ მეფის ქუჩა
ბათუმში მოსული უხვი ნალექის გამო, რამდენიმე ქუჩა დაიტბორა, მათ შორის დატბორილია მემედ აბაშიძის, 26 მაისის და ფარნავაზ მეფის ქუჩები ნაწილი.
შსს-ს ინფორმაციით, ბათუმში მოსული ძლიერი წვიმის შესახებ საგანგებო სიტუაციების სამსახურში 50-მდე გამოძახება დაფიქსირდა, გამოძახებები ძირითადად სარდაფების დატბორვას უკავშირდება.