Batumelebi | უგზო-უკვლოდ დაკარგულები საქართველოში – როგორ გააჩუმეს სამართალდამცველებმა დაკარგული დარეჯან დიასამიძის ოჯახი უგზო-უკვლოდ დაკარგულები საქართველოში – როგორ გააჩუმეს სამართალდამცველებმა დაკარგული დარეჯან დიასამიძის ოჯახი – Batumelebi
RU | GE  

უგზო-უკვლოდ დაკარგულები საქართველოში – როგორ გააჩუმეს სამართალდამცველებმა დაკარგული დარეჯან დიასამიძის ოჯახი

2010 წლიდან დღემდე საქართველოში 1264 ადამიანი ითვლება უგზო-უკვლოდ დაკარგულად. სტატისტიკა „ბათუმელებს“ შს სამინისტრომ მიაწოდა. დაკარგულებს შორის ერთ-ერთი დარეჯან დიასამიძეა. 17 წლის გოგო ზუსტად სამი წლის წინ გაუჩინარდა. ის ხელვაჩაურში, სოფელ ახალშენში ცხოვრობდა. დაკარგულის მამა ამბობს, რომ ერთ დღეს ის მეუღლესთან ერთად გამომძიებლებმა კახეთში წაიყვანეს…

117884

დარეჯან დიასამიძე

„გაუჩინარებიდან რამდენიმე თვე იყო გასული, ახალი წელი დგებოდა, მაშინდელმა პროკურორმა სიმონ გოგილაშვილმა და პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსმა, ვალერი თელიამ დაგვიბარეს,“ – გვიყვება ამირან დიასამიძე. პოლიციის სამმართველოში დაკარგული დარეჯანის მამა ცოლთან ერთად მისულა: „გვითხრეს, თელავში გავაგზავნეთ თქვენი გოგოს ფოტოსურათი და ერთ-ერთმა ექიმმა დაგვიდასტურა, ეს გოგო იყო მოსული, აბორტის გაკეთებას ითხოვდა და გარეთ წვერებიანი მამაკაცი ელოდაო. კახეთში გამომძიებლები უშანგი მიქელაძე და ზვიად ქედელიძე გაგვყვნენ.იმ ექიმს ჩვენც ვაჩვენეთ დარეჯანის რამდენიმე ფოტო. არც დაუხედავს ისე გვითხრა, კი, ეს გოგო იყო ნამდვილადო, აბორტზე უარი ვუთხარით და მალე წავიდა, რადგან პასპორტი არ ჰქონდაო. ვითხოვე, იქნებ ვიდეოთვალის ჩანაწერი გვაჩვენოთ-მეთქი, მაგრამ არ მუშაობსო, ასე გვითხრეს. მაშინვე მივხვდით, რომ შეთხზული ამბავი იყო ეს“.

ამირან დიასამიძის მიერ დასახელებული პირები სამართალდამცავ უწყებაში აღარ მუშაობენ. ვალერი თელია უცხოეთშია, სიმონ გოგილაშვილი კი ადვოკატად მუშაობს. მან „ბათუმელების“ სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

„მართალია, ამ საქმის გამომძიებელი აღარ ვარ, მაგრამ რადგან ძიება არ დასრულებულა, არ შემიძლია დავადასტურო ფაქტი, რაზეც ბატონი ამირანი საუბრობს. ის მამაა და უნდა დავუჯეროთ,“ – გვითხრა უშანგი მიქელაძემ, რომელიც დარეჯან დიასამიძის საქმეს იძიებდა და ამჟამად „ნაციონალური მოძრაობის“ წევრია.

ამირან დიასამიძეს აღარ სჯერა, რომ სამართალდამცველები მისი შვილის დაკარგვის ამბავს რეალურად იძიებენ: „იმდენჯერ შეცვალეს პროკურორი და გამომძიებელიც, აღარ ვიცი უკვე, ვინმე თუ იძიებს რამეს. დაზარალებულის სტატუსიც არ მომანიჭეს, რომ საქმის მასალებს გავეცნო. ერთი კაცი დაიწყებს ძიებას, ცოტა ხანში, როცა საქმის მოსაკითხად დავრეკავ, სხვაა უკვე გამომძიებელი. ახლა უჩა კახიძესთანაა საქმე. მითხრა, თუ რამე გაიგოთ, შეგვატყობინეო. რამე თუ გავიგე, კიდევ იქ მივალ?“

ამირან დიასამიძის თქმით, გამოძიებას არც კომახიძის ქუჩის ვიდეო სათვალთვალო კამერების ჩანაწერები ამოუღია, საიდანაც დარეჯანის მობილურზე ბოლო ზარი განხორციელდა: „7 აგვისტოს, როცა გოგო არ გამოჩნდა, ვრეკავდი მის ტელეფონზე. ზარი არ გადიოდა. მხოლოდ 5 წუთით ჩაირთო ტელეფონი საღამოსკენ. ზარი გავიდა, მაგრამ არავინ პასუხობდა. რამდენიმე დღეში ამოიღეს ამონაწერი სატელეფონო ქსელიდან. გამოჩნდა, რომ კომახიძეზე იყო ტელეფონი იმ დღეს, როცა ჩემგან ზარი გავიდა“.

„ყველაფერი ჩატარდა, რაც შესაძლებელია და ყველაფერი კეთდება. ძიება გრძელდება, მეტს ვერაფერს გეტყვით,“ – უთხრა „ბათუმელებს“ რამაზ შავაძემ, რომელიც ამჟამად დარეჯან დიასამიძის გაუჩინარების საქმეზე ზედამხედველი პროკურორია.

დარეჯან დიასამიძე 2013 წლის 7 აგვისტოს გაუჩინარდა. მე-12 კლასის მოსწავლე ღამით ბიძის ოჯახში დარჩა. დილით სახლში ბრუნდებოდა. ის დაახლოებით ერთკილომეტრიან გზაზე, სოფლის მჭიდროდ დასახლებულ მონაკვეთში დაიკარგა. „მჯერა, რომ ცოცხალია. აუცილებლად ვნახავ. მალე 20 წლის გახდება. ოქტომბერში აქვს დაბადების დღე…“ – გვითხრა ამირან დიასამიძემ.

დარეჯან დიასამიძის გარდა, დღევანდელი მონაცემებით, შსს კიდევ 365 პირს ეძებს საქართველოში. 1264 უგზო-უკვლოდ დაკარგულიდან [კანონმდებლობის მიხედვით, ეს სტატუსი ენიჭება ადამიანს გაუჩინარებიდან ორი წლის შემდეგ] 767 შემთხვევაში დაკარგული ადამიანი უპოვნიათ, 131 შემთხვევაში კი – გაუჩინარებულთა გვამი.

საგანგაშოა ბავშვების უგზო-უკვლოდ დაკარგვის მაჩვენებელი – 2010 წლიდან დღემდე 16 წლის ან ამ ასაკს მიუღწეველი 147 პირი გაუჩინარებულა. ამათგან შვიდს დღემდე ეძებენ, 2 არასრულწლოვნის გვამი იპოვეს, ხოლო 138 გამოჩნდა. ამავე სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში ყველაზე ხშირად 25-დან 44 წლამდე ადამიანები იკარგებიან. 2010 წლიდან დღემდე სულ 490 ასეთი შემთხვევა დაფიქსირებულა. ამათგან 182-ის ძებნა დღემდე გრძელდება.

2006 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო საერთაშორისო კონვენცია ადამიანთა ძალადობრივი გაუჩინარებისგან დასაცავად. საქართველო ამ კონვენციას დღემდე არ მიერთებია. ექსპერტების განმარტებით, კონვენციაზე მიერთება ხელს შეუწყობდა საკანონმდებლო სივრცის დახვეწას ამ კუთხით: ტერმინს – „გაუჩინარება“ არ ცნობს საქართველოს სისხლის სამართალი, დაკარგულის ოჯახის წევრს დაზარალებულის სტატუსი ენიჭება. ამ თემაზე დღემდე საქართველოში არც რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაცია მუშაობს.

მხოლოდ ომებსა და სამხედრო კონფლიქტებში დაკარგულთა ოჯახებთან მუშაობს საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი. სხვადასხვა პროგრამით „წითელი ჯვარი“ ცდილობს გაუჩინარებული ოჯახების მხარდაჭერას და მათ გაძლიერებას. ბოლო ორი წლის განმავლობაში მცირე ბიზნესის პროგრამაც დაფინანსდა, სადაც 1850 ოჯახი იყო ჩართული. უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახების კომიტეტმა, რომელიც ახლახან ჩამოყალიბდა „წითელი ჯვრის“ ხელშეწყობით, 30 აგვისტოს ბათუმშიც აღნიშნეს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღე.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი