კვირის ამბები,მთავარი,სიახლეები

ვინ როგორ დაასაქმებს – პარტიების ხედვები

19.09.2016 • 1825
ვინ როგორ დაასაქმებს – პარტიების ხედვები

ქვეყანაში დასაქმების ოფიციალური სტატისტიკა ეკონომიკურ ექსპერტებსა და ამ მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციებს არათუ აეჭვებს, არამედ ისინი დარწმუნებით საუბრობენ, რომ საქსტატმა რეალობა უფრო ნათელ ფერებში აჩვენა, ვიდრე ის არის. სამაგიეროდ, პარტიები ეჯიბრებიან ერთმანეთს ამომრჩევლის დასარწმუნებლად, თუ ვისი ეკონომიკური გეგმა უფრო შეუწყობს ხელს ქვეყანაში სამუშაო ადგილების გაზრდას.

სახელისუფლებო პარტიის საარჩევნო პროგრამაში ცალკე თავი ეთმობა პარტიის ხედვებს იმაზე, თუ როგორ უზრუნველყოფს „ქართული ოცნება“ სამუშაო ადგილების გაზრდას ქვეყანაში. პროგრამის მიხედვით, რომელიც მმართველმა პარტიამ 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის მოამზადა, ბიზნესის მხრივ მთავარი პრობლემა კვლავ კვალიფიციური სამუშაო ძალის ნაკლებობაა და ამის დასადასტურებლად მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2015-2016 წლების გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიში მოჰყავთ.

„ერთი მხრივ, არსებობს მოთხოვნა კერძო სექტორის მხრიდან, თუმცა, ეს მოთხოვნა ვერ კმაყოფილდება იმ სამუშაო ძალით, რომელიც შრომის ბაზარზეა წარმოდგენილი“, – ნათქვამია სახელისუფლებო გუნდის საარჩევნო პროგრამაში. ამ დისბალანსის აღმოსაფხვრელად „ოცნება“ ამომრჩეველს კონკრეტული ღონისძიებების განხორციელებას ჰპირდება. „ოცნების“ გეგმით პროფესიული განათლების სისტემა უნდა განვითარდეს დუალური (გერმანული) მოდელის შესაბამისად, რაც გულისხმობს დამსაქმებლის საგანმანათლებლო პროცესში ჩართვას. შედეგად, მომავალი დასაქმებულების შრომის ბაზრისთვის მზაობის ხარისხის გაზრდას ვარაუდობენ.

„ოცნება“ გეგმავს შრომის ბაზრის მოთხოვნების შესწავლას. „რის შემდეგაც უმაღლესი განათლება დაეფუძნება არა ასიმეტრიულ მოთხოვნას, რომელიც რამდენიმე დომინირებული პროფესიით შემოიფარგლება, არამედ რეალურ საჭიროებებს, რომლის წინაშეც ქვეყანა დგას.“ ეს არ შეეხება ფუნდამენტურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებებს. გარდა ამისა, „ოცნება“ ამომრჩეველს ჰპირდება, რომ შეიმუშავებს ქვეყნის ინდუსტრიული განვითარების დოკუმენტს, რაც ეკონომიკის ზრდის მხარდამჭერი ახალი პოლიტიკის შემუშავებას გულისხმობს. დოკუმენტი საფუძვლად უნდა დაედოს  ღონისძიებებს, რომლებიც სახელმწიფომ უნდა გაატაროს ახალი სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით;  შემდგომი 4 წლის განმავლობაში „ქართული ოცნება“ 200 000 ახალი სამუშაო ადგილის შექმნას ჰპირდება ამომრჩეველს.

ეკონომისტ აკაკი ცომაიას შეფასებით [მას „ბათუმელებმა“ საარჩევნო პროგრამებში დასაქმებასთან დაკავშირებული ხედვების შეფასება სთხოვა], – „შრომის ბაზარზე არსებული დისბალანსი ვერ აღმოიფხვრება მანამ, სანამ უმაღლესი განათლების სისტემაში სახელმწიფო ინტერვენციები დომინირებს. გარდა ამისა, რეალურად არსებობს მოთხოვნა უფრო უმაღლესი განათლების დიპლომზე, ვიდრე უმაღლეს განათლებაზე და პროფესიის შერჩევისას მომავალი სტუდენტების დიდი ნაწილი უფრო მეტად ირჩევს ისეთ უმაღლეს სასწავლებელს ან/და პროფესიას, სადაც დიპლომის მიღება შედარებით მარტივია და სახელმწიფო ინტერვენციის შედეგად დამახინჯებული ფასიც – ხელმისაწვდომი“. ეკონომისტის განმარტებით, “ქართული ოცნება“, უმაღლესი განათლების რეფორმაში გულისხმობს სახელმწიფო სექტორის კიდევ უფრო მეტ გააქტიურებას, „მაგრამ ამ გეგმით შრომის ბაზარზე არსებული დისბალანსი კიდევ უფრო გაიზრდება. ხოლო ამ მიმართულებით განხორციელებული ინტერვენცია ვერ შეძლებს შრომის ბაზრის შესახებ ობიექტური სურათის გამოვლენას. ეს ნიშნავს იმას, რომ აღნიშნული მიზნებისთვის მიმართული საბიუჯეტო სახსრები წყალში გადაიყრება: „ჯობს ეს სახსრები კერძო სექტორმა განკარგოს.“

„მოგების გადასახადის შემცირებით და დაგროვებითი საპენსიო სისტემის შემოღებით  რა რაოდენობის სამუშაო ადგილი შეიქმნება, ეს არავინ იცის. „ქართული ოცნების“ პროგრამაში მოტანილ ციფრებს არანაირი დასაბუთება არ აქვს. სახელმწიფო პროგრამების ხელშეწყობით სუბსიდირებულ დარგებში სამუშაო ადგილების შექმნა იქნება დროებითი მოვლენა, – როგორც საერთაშორისო გამოცდილებით დასტურდება, ხშირ შემთხვევაში იქმნება არაკონკურენტუნარიანი წარმოებები, რომლებიც არსებობენ მხოლოდ სახელმწიფო სუბსიდიების ხარჯზე. ეს იმას ნიშნავს, რომ შექმნილი სამუშაო ადგილების სანაცვლოდ, საზოგადოება იხდის მაღალ ფასს, რაც თითოეული ჩვენგანის კეთილდღეობას აუმჯობესებს უფრო ნაკლებად, ვიდრე ამას ექნებოდა ადგილი მაშინ, თუ ამ ტიპის სახელმწიფო პროგრამები არ იარსებებდა: `სჯობს ეს ფინანსური რესურსიც განკარგოს კერძო სექტორმა, რადგან ვართმევთ სწორედ მათ, ვინც ქმნის პროდუქტს.“

სამუშაო ადგილების შექმნის პროგნოზი უნდა დავუკავშიროთ სწორ ფაქტორებს. კერძოდ, მომავალში ეკონომიკური ზრდის ტემპს და შემოსული ინვესტიციების რაოდენობას. არსებულ მონაცემთა ანალიზის საფუძველზე უნდა დადგინდეს, თუ რა პროპორციით ზრდის 1%-იანი საინვესტიციო ან/და ეკონომიკური ზრდა სამუშაო ადგილების რაოდენობას. ეს პოლიტიკური პარტია ამას არ აკეთებს. შესაბამისად, 200,000 სამუშაო ადგილის შექმნის პროგნოზი ვერ დასტურდება პროგრამით.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, მხარდაჭერის შემთხვევაში, ამომრჩეველს შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში 45 000 სამუშაო ადგილის შექმნას ჰპირდება და ამ მიზნით პარტია გადასახადების, ბიუროკრატიას, მასზე გაწეული ხარჯების შემცირებასა და ასევე რეგულაციებზე უარის თქმას გეგმავს:

„2017 წელს ჩვენ შევამცირებთ საშემოსავლო გადასახადს 15%-მდე, ხოლო მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში – 10%-მდე. შედეგად, ბიზნესს მეტი ფული დარჩება ინვესტირებისა და სამუშაო ადგილების შესაქმნელად და უკვე დასაქმებულთათვის ხელფასის გასაზრდელად“, – ნათქვამია ენმ-ის საარჩევნო პროგრამაში.

აკაკი ცომაიას შეფასებით, ყველა ეს ნაბიჯი დადებითად უნდა აისახოს სამუშაო ადგილების შექმნის მაჩვენებელზე, რადგან ხელს შეუწყობს მეტი ინვესტიციის შემოდინებას. თუმცა, პროგრამაში არ ჩანს, თუ რატომ შეიქმნება 2017 წელსვე მინიმუმ 45 000 სამუშაო ადგილით მეტი.

„ჩამოყალიბებული გეგმის განხორციელების შემთხვევაში, საერთო ჯამში, უფრო მეტად უნდა გაიზარდოს ეკონომიკაც და ინვესტიციებიც, რაც გაზრდის სამუშაო ადგილებს. ეს სწორი მსჯელობაა, მაგრამ თუ არ არის კვლევები ჩატარებული, თუ როგორ კორელაციაშია სამუშაო ადგილების შექმნაზე მოქმედი ფაქტორები თავად სამუშაო ადგილებთან, ზედმეტად ამბიციური შეფასებაა, რომ მინიმუმ 45 000 სამუშაო ადგილით მეტი იქნება 2017-დან. სინამდვილეში, პროგრამის ნარატივის მიხედვით, ეს არავინ იცის და „ქართული ოცნების“ მსგავსად, ჰაერიდან მოტანილი ციფრია.“

„თავისუფალი დემოკრატები“ დასაქმებასთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარებაზე საუბრისას აქცენტს განათლების სფეროში დაფინანსების გაზრდაზე აკეთებენ, რაც ეკონომისტ ცომაიას აზრით, თავისთავად არ ნიშნავს უფრო მაღალი კვალიფიკაციის კადრების მომზადებას: „ეს გამოიწვევს საბიუჯეტო სახსრების უყაირათო ხარჯვას, რაც სამუშაო ადგილების შექმნაზე უარყოფით გავლენას მოახდენს. თავისუფალ დემოკრატებს არა აქვთ კარგად გააზრებული, როგორ ვებრძოლოთ უმუშევრობას და რა შემთხვევაში შეიძლება შეიქმნას მეტი სამუშაო ადგილი.“

„რესპუბლიკელები“ მიიჩნევენ, რომ დასაქმება მიიღწევა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებით, ინვესტიციების მოზიდვით და წარმოების განვითარებით, სოფლის მეურნეობისა და ადგილობრივი პროდუქციის ექსპორტის ხელშეწყობით, განათლებისა და კვალიფიკაციის ზრდით.

„ჩვენი ხედვაა ადამიანებს მივცეთ ანკესი და არა თევზი. პოსტსაბჭოთა ტიპის მთავრობები ანკესებს ხშირად ექსკლუზიურად ფლობენ და თევზის გადანაწილების არაეფექტური სისტემები აქვთ. ჩვენი ამოცანაა, ანკესი ხელმისაწვდომი გავხადოთ ადამიანებისთვის, ოღონდ მისი მათ ხელში აღმოჩენა დამოკიდებული იყოს მათ უნარებზე და არა ჩვენს „კეთილ ნებაზე“, რასაც საბოლოოდ ტოტალიტარულ ეკონომიკურ-პოლიტიკურ სისტემამდე მივყავართ ხოლმე“, – ნათქვამია პარტიის საარჩევნო პროგრამაში.

კანონმდებლობის ჰარმონიზაციისა და ცივილიზებული შრომის ბაზრის ფორმირების მიზნით, „რესპუბლიკელები“ ამომრჩეველს ჰპირდებიან უმუშევართა აღრიცხვის საინფორმაციო ბანკის შექმნას, რათა შესაძლებელი გახდეს მათთვის ადეკვატური სამუშაოს შეთავაზება; ექსპერტ ცომაიას შეფასებით რესპუბლიკელების ხედვა დასაქმებაზე ჰგავს ენმ-ის ხედვას: „ზოგადად აქვთ სწორი წარმოდგენა იმაზე, თუ რა ქმნის სამუშაო ადგილებს. თუმცა მათი ხედვა, რომ შეძლებენ შრომის ბაზრის შესწავლასა და საბიუჯეტო სახსრების მიმართვის გზით შესაბამისი კვალიფიკაციის კადრების შექმნას, უტოპიურია. საბიუჯეტო რესურსების უყაირათო ხარჯვაა. აღნიშნული რესურსი შეიძლება უფრო ეფექტიანად გამოიყენოს კერძო ბიზნესმა და მოახმაროს სამუშაო ადგილების შექმნას.“

ღია საზოგადოება საქართველოსტატია ქვეყნდება პროექტის ფარგლებში „გაცნობიერებული არჩევანი – დემოკრატიის ფუნდამენტი“. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს“ პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: