კვირის ამბები,კვირის ამბები,მთავარი

ადგილი ყველასთვის – სოციალური კაფე ბათუმში

16.08.2016 • 4456
ადგილი ყველასთვის – სოციალური კაფე ბათუმში

„ეს არის ადგილი, რომელიც ყველასია, განურჩევლად რასისა, სქესისა, ასაკისა, რელიგიისა და ასე შემდეგ. ყველას შეუძლია მონაწილეობა მიიღოს მის შექმნასა და აქ საკუთარი კუთხის მოწყობაში“, – ამბობს ორგანიზაცია „ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის“ ხელმძღვანელი თომა კაკაბაძე. იგი ბათუმში, ზვიად გამსახურდიას #6-ში, 15 აგვისტოს გახსნილ სოციალურ კაფეზე საუბრობს.

ძველ ბათუმში, ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე რომ ჩაივლით, აუცილებლად შენიშნავთ შემინულ შენობაში გაფერადებულ სივრცეს. აქ სულ ოთხი მაგიდა დგას, ჭრელი გადასაფარებლებით, დეკორატიულ თაროებზე კი ფერადი ყვავილებია. ეს გარემო აუცილებლად შეგიტყუებთ – აქ შეგიძლიათ ფინჯანი ყავა მიირთვათ ან რომელი საინტერესო შეხვედრის, დისკუსიისა თუ შემოქმედებითი საღამოს მონაწილე გახდეთ. ეს „თავისუფალი სივრცეა“, რომელიც სრულადაა ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

„თავისუფალი სივრცე“ ძირითადად 4-5-კაციანმა სამუშაო ჯგუფმა შექმნა. მათ არასამთავრობო ორგანიზაცია „ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის“ აერთიანებთ.

ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი თომა კაკაბაძე იხსენებს, რომ თავიდან ორგანიზაციის ერთ-ერთმა მეგობარმა შესთავაზა სოციალური საწარმოს გახსნა: „ვგეგმავდით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთების მაღაზიის გახსნას და დავიწყეთ მოლაპარაკებები ბათუმის მერიასთან“. მერიას მათ ფართობი სთხოვეს, რადგან თავად მისი შეძენა არ შეეძლოთ. მერიამ საინიციატივო ჯგუფს ფართობის ორი ვარიანტი შესთავაზა: ერთის ადაპტირება შეუძლებელი აღმოჩნდა, ხოლო მეორე, სადაც ამჟამად „თავისუფალი სივრცე“ მდებარეობს, ახალი იდეის წყარო გახდა:

„რომ ვნახეთ, უკვე წარმოვიდგინეთ, რა შეიძლებოდა აქ გაგვეკეთებინა. მაღაზია არ შეცვლიდა იმ რეალობას, რაც გვაქვს ბათუმში. შშმ პირთათვის არ არის ადაპტირებული ადგილები, კაფეები, სადაც შეიძლება მიხვიდე თავისუფლად, შეხვდე მეგობრებს, თანამოაზრეებს, ისაუბრო, აზრები გაცვალო, რაიმე დაგეგმო,“ – ამბობს თომა.

სამუშაო ჯგუფი "თავისუფალ სივრცეში“

სამუშაო ჯგუფი “თავისუფალ სივრცეში“

მისი თქმით, ნაწილობრივ ადაპტირებული [დგას საპირფარეშოების ადაპტირების პრობლემა, მაგრამ აქვს პანდუსი] დემოკრატიული ჩართულობის ცენტრია, სადაც დისკუსიებსა და შეხვედრებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ესწრებიან, ხოლო კაფეები პანდუსებით, შშმ პირთათვის ბოლომდე მოხერხებული მაინც არ არის. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა ჯგუფმა, რომ სოციალური საწარმოს ნაცვლად სადისკუსიო, ღია შეხვედრების სივრცე შეექმნა, სადაც მსურველს ყავის დალევა და მსუბუქად წახემსებაც შეეძლება.

„თავიდან ახალგაზრდული სივრცე გვინდოდა დაგვერქმია, მაგრამ რატომ მხოლოდ ახალგაზრდული? ეს სივრცე ხომ ყველასთვისაა. აქ კაფეც გვექნება და არავის არ დასჭირდება წავიდეს სხვაგან, მითუმეტეს, რომ შშმ პირებისთვის ისეთი ადგილის პოვნა, სადაც კომფორტულად ისადილებენ, ფიზიკურად რთულია“. თომა ამბობს, რომ კაფე შშმ პირებს დაასაქმებს, სოციალური კაფეს შემოსავალი კი „თავისუფალი სივრცის“ კომუნალურ ხარჯებსაც დაფარავს.

„თავისუფალი სივრცის“ მოწყობა ადვილი არ იყო. მერიისგან დროებით სარგებლობაში მიღებული ფართობის გასარემონტებლად სამუშაო ჯგუფმა რამდენიმე კომპანიას სთხოვა დახმარება, თუმცა ეს პროცესი გაჭიანურდა და ნოემბერში გადაცემული ფართობის გარემონტება აგვისტოში დასრულდა.

პროექტის იდეის ერთ-ერთი თანაავტორი, ნინო ჩხაიძე გვიყვება, რომ სივრცეს, რომელიც მერიამ ორი წლით გადასცა მათ სარგებლობაში, წლების განმავლობაში საწყობად იყენებდნენ და იქ რაიმე მსგავსი კაფეს მოწყობა ამბიციური იდეა იყო, თუმცა მათ ეს გამოუვიდათ. ორგანიზაციის ყველა თანამშრომელი და მეგობარი ცდილობდა ალტერნატიული სახსრების მოძიებას. საკუთარი ხელფასებით შეაგროვეს მცირე ბიუჯეტი, შემდეგ ნელ-ნელა მოხალისეებიც გამოჩნდნენ.

„მეგობარი ორგანიზაციები, ნაცნობები, უცნობები, მეგობრები, ნათესავები – ყველა ჩავრთეთ, ვინც შეიძლებოდა. ერთ-ერთმა მოქალაქემ თბილისიდან ე.წ. „გიფსკარდონი“ გამოგვიგზავნა, რომლითაც აქაურობა გავარემონტეთ, ერთმა ორგანიზაციამ ფული ჩაგვირიცხა, ერთმა კი კაფესთვის ჭურჭელი გვაჩუქა. მოდიოდნენ მოხალისეები, რომლებიც ხეხავდნენ იატაკს, კედლებს, რისი გაკეთებაც შეეძლოთ, ყველაფერს აკეთებდნენ. მაგიდების გადასაფარებლებიც მოხალისეობრივად შეგვიკერეს… მეგობარმა მხატვარმა გვათხოვა თავისი ნამუშევრები… სწორედ ამიტომ არის ეს ყველას სივრცე,“ – ამბობს თომა. ის იმედოვნებს, რომ „თავისუფალი სივრცის“ განვითარებაში მონაწილეობის მსურველები მომავალშიც გამოჩნდებიან.

ამ ეტაპზე ორგანიზაციის თანამშრომლები ცდილობენ რამდენიმე კომპანიასთან მოლაპარაკებას, რათა კონდიციონერი შეღავათიან ფასად იყიდონ.

ნინო ჩხაიძე „თავისუფალი სივრცის“ მნიშვნელობას და დატვირთვას ასე ხედავს:

„80% „თავისუფალი სივრცეში“ წარმოადგენს ახალგაზრდებისა და არა მარტო ახალგაზრდებისათვის ხელმისაწვდომ, თავისუფალ, სადისკუსიო და შემოქმედებით ადგილს, სადაც საკუთარი იდეების, პროექტების განხორციელება და ღონისძიებების უსასყიდლოდ ჩატარება შეგიძლია. სადაც შეგიძლია მიხვიდე და საინტერესოდ გაატარო დრო, განვითარდე და გაუზიარო საკუთარი გამოცდილება სხვებს. რაც მთავარია, არ შეგექმნას პრობლემა მოწვეული სტუმრებისა თუ მეგობრების წინაშე, რადგან აქაურობა სრულად ადაპტირებული და ყველასთვის მოსახერხებელია. დარჩენილი 20%, შეგვიძლია, კაფეს ნაწილს მივაკუთვნოთ. სწორედ ამიტომ არ იქნებოდა სწორი ამ ადგილისთვის მხოლოდ კაფე დაგვერქმია, ეს არის უბრალოდ „თავისუფალი სივრცე“.

„თავისუფალი სივრცე“ ამ ფართობს 2017 წლის ნოემბრამდე ფლობს. შეკითხვაზე, თუ რას გეგმავენ იდეის ავტორები ვადის გასვლის შემდეგ, თომა კაკაბაძე გვპასუხობს: „როგორც კი ავამუშავებთ, ყველა დაინახავს, თუ რამდენად აუცილებელია ეს სივრცე ბათუმში. კვლავ ვაპირებთ მერიისთვის განცხადებით მიმართვას და ვადის გაგრძელების თხოვნას. „თავისუფალის სივრცე“ ბათუმს ნამდვილად ძალიან სჭირდება“.

„თავისუფალი სივრცე" გახსნამდე რამდენიმე დღით ადრე

„თავისუფალი სივრცე” გახსნამდე რამდენიმე დღით ადრე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: