მთავარი,სიახლეები

მეათე დღეა მაშველები ზღვაში მამაკაცს ეძებენ

13.07.2017
მეათე დღეა მაშველები ზღვაში მამაკაცს ეძებენ

მეათე დღეა სამაშველო სამსახური ზღვაში დაკარგულ კობა ბაკურიძეს ეძებს. თვითმხილველებისა და ოჯახის წევრების თქმით, ის 3 ივლისს ბათუმში, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე შენიშნეს, თუმცა საღამოს შვიდი საათის შემდეგ მისი კვალი დაიკარგა.

დღეს, 13 ივლისს, სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ზღვაში მიმდინარე სამაშველო-საძებრო სამუშაოებს საზღვაო ადმინისტრაციის კატარღა და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც დაემატა, რომელიც ზედაპირულ დათვალიერებას აწარმოებს.

„როგორც ექსპერტები ამბობენ, ზღვაში დაღუპვის შემთხვევაში მე-9-10 დღეს ზღვამ დაღუპულის სხეული უნდა გამორიყოს. დღეს მე-10 დღე ემთხვევა. თუ ამან არ მოგვცა შედეგი, საჭირო იქნება სხვა დამატებითი ღონისძიებების ჩატარება, რაც გამოიხატება იმაში, რომ სპეციაულური აღჭურვილობით გემს მოვიწვევთ,“ – ამბობს კობა ბაკურიძის ძმა, თამაზ ბაკურიძე.

თამაზ ბაკურიძემ ძმის გაუჩინარების თაობაზე აჭარისა და ცენტრალურ მთავრობასაც მიმართა თურქეთიდან ან უკრაინიდან სპეციალური მცურავი საშუალების გამოგზავნასთან დაკავშირებით:

„ვინაიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამაშველო სამსახურებს არ აქვს შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობა, რათა ზღვის სიღრმეში 15 მეტრზე ტექნიკური დათვალიერება მოხდეს, ამიტომ საჭიროა ამ ზომებს მივმართოთ. გუშინ საღამოს თურქეთის სახელმწიფოს წარმომადგენელი დამიკავშირდა, მან მზადყოფნა განაცხადა საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი დახმარების გასაწევად, თუმცა ჩვენ ჯერ არ გვაქვს გადაწყვეტილი პასუხი, ველოდებით დღევანდელ დღეს. თუ არ იქნება შედეგი, ამ კუთხითაც ვიმუშავებთ,“ – ამბობს თამაზ ბაკურიძე.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: