მთავარი,სიახლეები

იაკუბ დური: თავისუფალი ვაჭრობა არ არის ვარდისფერი გზა, ეს არის შრომა

13.07.2017 • 2037
იაკუბ დური: თავისუფალი ვაჭრობა არ არის ვარდისფერი გზა, ეს არის შრომა

დღეს, 13 ივლისს, ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“ გამართულ კონფერენციაზე – „საქართველოს ევროპული გზა“,  საქართველო-ევროკავშირს შორის  თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების თაობაზე იმსჯელეს. ისაუბრეს იმაზე, თუ  რა მიღწევები აქვს საქართველოს ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში და რა გამოწვევების წინაშე დგას თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობების გზაზე.

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, თამარ ხულორდავას შეფასებით, საქართველო ცდილობს ეფექტურად და დროულად შეასრულოს ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, გენადი არველაძის შეფასებით, ევროპის ბაზრის გახსნასთან არის დაკავშირებული ფიტოსანიტარულ სფეროში არსებული მიღწევები და ევროპული სტანდარტების დამკვიდრება.

„წარმატების მაჩვენებელია სამი მეტროლოგიური ინსტიტუტის აღიარება და ლაბორატორიები და აკრედიტაციის სფეროში მიღწეული წარმატებები. აუცილებლად აღსანიშნია ის, რომ ევროპული ბაზარი გაიხსნა ქართული თევზისა და ფათლისთვის,“-განაცხადა მან.

ევროპარლამენტის ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფის წევრის, ევროპა-სერბეთის სტაბილიზაციის დელეგაციისა და ასოციაციის კომიტეტის ხელმძღვანელის, ედუარდ კუკანის თქმით, სწორედ საქართველოს მონდომებაზეა დამოკიდებული, რომ მან მტრულად განწყობილი მეზობლების გარემოცვაში შეძლოს თავისი მიზნების მიღწევა და ამაში ევროპის პარლამენტი მზად არის, დაეხმაროს საქართველოს.

„ევროკავშირის გაფართოების საკითხი მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენი პარტნიორები უნდა იყვნენ სტაბილურები და ადექვატურები რჩევის მიცემის საკითხებში.

ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ეკონომიკურ განვითარებას, ენერგოუსაფრთხოებას, მობილურობას და ადამიანურ ურთიერთობებს. თუმცა, არ უნდა არსებობდეს ყალბი მოლოდინები, რომ ყველაფერი რბილად ჩაივლის, რეფორმებს, რომლებმა ეს ურთიერთობები უნდა გაამყაროს, დიდი დრო სჭირდება,“-განაცხადა ედუარდ კუკანმა.

მან ასევე ისაუბრა იმაზე,  რომ  არსებობს ევროკავშირის  272 დირექტივა, რომელიც ჯერ კიდევ საჭიროებს ჰარმონიზაციას. „მთავარია დავინახოთ  მეტი სარგებელი, ბიუროკრატია მცირე და საშუალო ბიზნესის დიდი მტერია. თავისუფალ სავაჭრო სივრცეს  ნათელი ენა, ნათელი წესები სჭირდება, ამ საკითხზე კი დებატები არ უნდა შეწყდეს,“-ამბობს ის.

ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის რუსეთის, აღმოსავლეთ პარტნიორობის, ცენტრალური აზიის, რეგიონალური თანამშრომლობის და ცენტრალური აზიის მმართველის დირექტორის მოადგილე ლუკ დევინის თქმით, ევროკავშირის ქვეყნები  პარტნიორი ქვეყნებისგან არ მოითხოვენ იმას, რაც მათ არ გაუკეთებიათ.

„ეს უნდა იყოს ნათლად გაცხადებული. ჩვენ დადებითად შევაფასეთ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები და ყურადღებით დავაკვირდებით თვითმმართველობის არჩევნებსაც, ასევე, კონსტიტუციის რეფორმას და ვენეციის კომისიის მითითებებსაც გავაანალიზებთ. პარტნიორობა უნდა იყოს ყოვლისმომცველი,“-ამბობს ის.

ლუკ დევინის თქმით, საქართველოს პროგრესი ევროპასთან სავაჭრო ურთიერთობებში პროგრესულია: „ 40 პროცენტით იყო გაზრდილი ვაჭრობა, ოქტომბრის შემდეგ, კი ეს მაჩვენებელი 80 პროცენტამდეა გაზრდილი. თუმცა საქართველოს მეტი აქვს გასაკეთებელი საკვების უსაფრთხოების მხრივ. სამიტი რომელიც მალე გაიმართება საქართველოში, ჩვენ ამ დეტალებზეც იქაც ვისაუბრებთ. ერთ ფრანგულ ციტატას მოვიყვან: „ ჩვენ არ ვქმნით კოალიციებს, ჩვენ ვაერთიანებთ ადამიანებს.“

კიდევ ერთი გამომსვლელის, ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის,  იაკუბ დურის შეფასებით, გამოწვევების დაძლევის უნივერსალური გზები არსებობს და საქართველოს შეუძლია გამოიყენოს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების გამოცდილება მსგავსი გამოწვევების დასაძლევად. თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობა ეს არ არის ვარდისფერი გზა, ეს არის შრომა და დახმარება გამოწვევებზე“.

მისი თქმით, საქართველომ ასევე უნდა გაითვალისწინოს რუსეთის ბაზარი და აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არსებული გამოწვევები, ასევე  ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოება.

საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა“, ხვვალ, 14 ივლისს დასრულდება.

საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა“

საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა“

გადაბეჭდვის წესი


ასევე: