მთავარი,სიახლეები

უფასო საშხაპეები და გასახდელები ბათუმის პლაჟზე – რა სიახლეები იგეგმება ბულვარში

17.05.2017
უფასო საშხაპეები და გასახდელები ბათუმის პლაჟზე – რა სიახლეები იგეგმება ბულვარში

შეზლონგი სამი ლარი, ქოლგა ერთი ლარი მთელი დღით – „ბათუმის ბულვარმა“ აუქციონში მონაწილე პირებს ფასი წინასწარ განუსაზღვრა. ბულვარის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აუქციონები დასრულდა და გამარჯვებულები გამოვლენილია; ფასი კი დამსვენებლების პრეტენზიების გათვალისწინებით განისაზღვრა.

„რადგან  იყო შემთხვევები, როცა  გამქირავებლები ბევრად მაღალ ფასს ადებდნენ, რაც დამსვენებლების უკმაყოფილებას იწვევდა,“ – განაცხადეს ბულვარის ადმინისტრაციაში.

წელს, ტურისტულ სეზონზე, შეზლონგების გამქირავებლებს უნიფორმაც ეცმევათ.  „უნიფორმები თვითონ უნდა შეიძინონ, სასურველია, ერთი ფერის ეცვათ, ერთ სექტორში მაინც. გარდა ამისა, მოიჯარემ უნდა დაასუფთაოს ტერიტორია, წინააღმდეგ შემთხვევაში დაჯარიმდება. ასევე, ყველა სექტორში უნდა განთავსდეს მცირე ზომის ურნა,“-  გვეუბნება ბულვარის პრესსამსახურის ხელმძღვანელი მაგდა ჯაიანი.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, მოიჯარეებს უფლება არ აქვთ, მოქალაქეებს ზღვაზე გადასასვლელი ჩაუკეტონ. „შეზლონგები ზღვიდან ათი მეტრის დაშორებით იქნება განთავსებული, რადგან იყო პრეცედენტი, როცა მოქალაქეებს, რომლებიც არ ქირაობდნენ შეზლონგებს, პლაჟზე თავისუფლად გადაადგილება ეზღუდებოდათ.  მსგავს ფაქტებს ჩვენ გავაკონტროლებთ. გარდა ამისა, შეზლონგები მოწესრიგებული ან ახალი უნდა იყოს“ – ამბობს მაგდა ჯაიანი.

სიახლეა ის, რომ წელს პლაჟზე უფასო  20 ახალი საშხაპე და 20 გასახდელი დამონტაჟდება,  მოეწყობა გადასასვლელი ბილიკები. სულ 29 სექტორი იქნება. „საშხაპეებსა და გასახდელებს, რომ არ დაზიანდეს, მონიტორინგს ბულვარის ადმინისტრაცია გაუწევს“,  – აცხადებენ ბულვარის ადმინისტრაციაში.

აღნიშნული მომსახურების შესასყიდად „ბათუმის ბულვარი“ ხელშეკრულებას იმ პრეტენდენტთან გააფორმებს, რომელმაც ყველაზე მეტად შესთავაზა ბულვარს მომსახურება.

საპლაჟე ინფრასტრუქტურის [გასახდელები, საშხაპეები, ხის ბილიკი, სასმელი წყლის შადრევანი] მოწყობის სამუშაოებზე „ბათუმის ბულვარის“ მიერ გამოცხადებულ ტენდერში სამი პრეტენდენტი [ერთი ინდმეწარმე და ორი შპს] მონაწილეობდა. მომსახურება ბათუმის ბულვარს 94 066, 92 000 და 88 888  ლარად სთავაზობენ. საწყისი სატენდერო თანხა 126 740 ლარი იყო. შპს-ებს სატენდერო კომისიამ დისკვალიფიკაცია მისცა, ხელშეკრულების გასაფორმებლად კი ინდმეწარმე ბესიკ სოლომონიძეს მიიწვევენ, რომელიც სამუშაოს 94 066 ლარად შეასრულებს.

„ბათუმის ბულვარის“ მარკეტინგის სამსახურის უფროსის, დათო გამრეკელაშვილის ინფორმაციით, აუქციონის შედეგების მიხედვით, პლაჟს შეზლონგებით, ქოლგებით და ნაგვის ურნებით აუქციონში გამარჯვებული 29 პირი უზრუნველყოფს, ასევე, გამოვლენილია 14 გამარჯვებული, რომელიც სანაყინე ჯიხურებს განათავსებს ბულვარში, იქნება სამი სანაყინე კუთხე, სუვენირებისთვის კი 30 დახლი დაიდგმება.

„მთავარია, მიზნობრიობა იყოს დაცული, რადგან თუ პირი აუქციონს ნაყინის რეალიზაციაზე იგებს, სხვა პროდუქტს ვერ გაყიდის, თუ ასე მოხდება, მაშინ პირი დაჯარიმდება,“ – ამბობს გამრეკელაშვილი.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: