მთავარი,სიახლეები

პროექტი, რომელიც შშმ პირთა დასაქმებას ლობირებს

19.05.2017 • 2107
პროექტი, რომელიც შშმ პირთა დასაქმებას ლობირებს

დღეს, 19 მაისს, „დემოკრატიის ინსტიტუტში“ „შშმ პირთა ის ადვოკატირებისა და ლობირების“ პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.

პრეზენტაციას განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრის პროგრამების დირექტორი ნათია ნამიჭეიშვილი უძღვებოდა.

პრეზენტაციაზე დაწვრილებით განიხილეს შშმ პირებთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის შშმ პირებთან მიმართებაში არსებული სტიგმისა და დისკრიმინაციის შემთხვევები, პრობლემებური სიტუაციების აღმოფხვრის გზები, შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის როლი და სხვა.

პროექტი  აჭარაში მეორე წელია რაც ხორციელდება. ბათუმში ამ ეტაპზე პროექტის ფარგლებში დასაქმებულთა რიცხვი 35 პირს შეადგენს, ხოლო ოქტომბრის ბოლომდე 60 ადამიანის დასაქმება იგეგმება, ამათგან 20 შშმ პირი ანაზღაურებად  სტაჟირებას გაივლის.

განათლების  განვითარებისა და და დასაქმების ცენტრის ბათუმის კონსულტანტის, ირმა ზოიძის თქმით, დამსაქმებელთა შორის არასამთავროებო ორგანიზაციები დომინირებს, ხოლო ის ორგანიზაციები, ვისაც უკვე აქვთ მიღებული თანამშრომლობის გამოცდილება, გახსნილნი არიან თანამშრომლობის გაგრძელებისთვის.

„დამსაქმებელს უნდა გამოადგეს დასაქმებული და პირიქით  – ურთიერთსასარგებლო უნდა იყოს ეს თანამშრომლობა. მაქსიმალურად ვცდილობთ დავეხმაროთ მათ, ვინც უკვე იცის რა პროფესიით იმუშავებს, დანარჩენებს კი სტაჟირების გავლის საშუალებას ვაძლევთ გამოცდილების მიღების მიზნით, რადგან თვითშეფასებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სტაჟირების გავლა.

მაგალითად, სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, საზღვაო აკადემიის ერთ-ერთმა სტუდენტმა გადაწყვიტა ეცადა თავი ბუღალტერიაში და ახლა თვლის, რომ იპოვა ის პროფესია, რაც უნდა ესწავლა თავიდანვე.

შშმ პირებს ჩვენ ვუკავშირდებით ან არასამთავრობო ორგანიზაციებიდან გვიკავშირდებიან, ამ მხრივ, პროექტის აქტიური პარტნიორია ორგანიზაცია „ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის“ – ამბობს ირმა ზოიძე.

მისივე თქმით, სტაჟირების გავლის შემდეგ დასაქმებულთა რაოდენობა მიახლოებით 60%-ს უდრის, რაც  ქვეყანაში უმუშევრობის მაღალი დონისა და შშმ პირთა მიმართ სტიგმების გათვალისწინებით, არ არის ცუდი მაჩვენებელი.

შეხვედრას დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის, ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ასევე სხვადასხვა კომერციული მომსახურების ობიექტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შშმ პირთა განათლებისა და დასაქმების თანაბარი შესაძლებლობების ადვოკატირებისა და ლობირების პროგრამა საქართველოში ოთხ რეგიონში ხორციელდება: იმერეთში, კახეთში, თბილისსა და ბათუმში.

18596756_383590528708628_501583830_o

პროგრამის ფარგლებში ოთხი ძირითადი მიმართულება ფუნქციონირებს: ბავშვთა დაცვა, სამოქალაქო განვითარება, ბიზნესის და ეკონომიკის განვითარება, (რომლის ფარგლებში პროექტი ხშირად საგრანტო კონკურსები აცხადებს) და განათლება.

პროექტის ფარგლებში  იგეგმება 260 შშმ პირთა დასაქმება, 120 შშმ პირის ჩართვა ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამაში და  დასაქმების ფორუმის ორგანიზება.

პროგრამა შშმ პირთა მიმართ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიმართულებითაც აწარმოებს საქმიანობას. ამ კუთხით იგეგმება 20 ჟურნალისტის გადამზადება და  ჟურნალისტთა კონკურსის ორგანიზება.

პროგრამას ქუთაისის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრი, თელავის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრი, ასევე, ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების აკრძალვის საერთაშორისო კამპანიის საქართველოს კომიტეტი – „ოტავა 98“ ახორციელებს.

პროექტს ევროკავშირი აფინანსებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: