მთავარი,სიახლეები

სად მოაწყობს საპიკნიკე ადგილებს ეკონომიკის სამინისტრო აჭარაში

19.05.2017
სად მოაწყობს საპიკნიკე ადგილებს ეკონომიკის სამინისტრო აჭარაში

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო დასასვენებელი-საპიკნიკე ადგილების მოსაწყობად საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას შეისყიდის. 6 ობიექტის დოკუმენტაციის შედგენაში კი, მაქსიმუმ 33 ათას 898 ლარს გადაიხდის.

აჭარაში დასასვენებელი-საპიკნიკე ადგილები მოეწყობა შემდეგ პუნქტებში:

[checklist]

  • სოფელი ბუკნარი – სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის ორივე მხარეს;
  • ბათუმი, მახინჯაურის დასახლება – სარკინიგზო გადასასვლელი ხიდის მიმდებარედ;
  • ქედის მუნიციპალიტეტის სოფელი დანდალო – დანდალოს ხიდის მიმდებარედ;
  • ქედის მუნიციპალიტეტის სოფელი დოლოგანი;
  • ქობულეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი სახალვაშო – ბელვედერი გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების სადგური;
  • ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი ერგე – საავტომობილო გზის მიმდებარედ.

[/checklist]

სამინისტროს ინფორმაციით, სარეკრეაციო ადგილები უზრუნველყოფილი უნდა იყოს მცირე მოცულობის სავაჭრო ობიექტით, დასასვენებელი სივრცით [ღია და დახურული], კარვების განთავსების ადგილით [სამინისტროსთან შეთანხმებით], სველი წერტილებით, საშხაპე კაბინით, სანაგვე ურნებით, გარე განათებით, ავტო და ველოსიპედის პარკინგით, ტურისტულ-საინფორმაციო მარშრუტების სქემების განთავსებით, ელექტროხელსაწყოების დატენვის მოწყობილობებითა და ტერიტორიის ნორმალური ფუნქციონირებისათვის სხვა საჭირო მოწყობილობებით [რაც უნდა შეთანხმდეს წინასწარ სამინისტროსთან], თუ შესაძლებელია ასევე WIFI-ით.

ამასთან, სოფელ ბუკნარში, საავტომობილო გზის მარჯვენა მხარეს დასაგეგმარებელი დასასვენებელი-საპიკნიკე ადგილის პროექტირებისას გათვალისწინებული უნდა იქნას კემპინგის მოწყობის საკითხი.

საპიკნიკე ადგილების მოწყობის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენა 2017 წელს აჭარაში „ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის“ მიზნით დაიგეგმა. თავდაპირველად საუბარი იყო, რომ 8 ობიექტის პროექტი მომზადებულიყო, თუმცა სამინისტრომ ტენდერი 6 ობიექტის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზე გამოაცხადა. ტენდერში წინადადებების მიღება 22 მაისს დაიწყება და 24 მაისს დასრულდება.

„გონიოს ციხის მიმდებარედ ვგეგმავდით ანალოგიური ადგილის მოწყობას, თუმცა იქ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს აქვს თავისი პროექტი და ის მოაწყობს ასეთ ადგილს. ასევე გვინდოდა სარფში, მაგრამ მიწის ნაკვეთის გამოყოფის კუთხით შეიქმნა ტექნიკური პრობლემა და სარფის, ასევე შუახევის [ერთი ან ორი] საპიკნიკე ადგილის პროექტების შეძენა მეორე ეტაპზე მოხდება და ის მწვანე ტბის პროექტს მიებმება“ – გვითხრა ნუგზარ ძნელაძემ, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ქალაქმშენებლობის დეპარტამენტის უფროსმა.

საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტების შესყიდვის შემდეგ გამოცხადდება ტენდერი სამშენებლო სამუშაოებზე. სამინისტროში ფიქრობენ, რომ კარკვეული ადგილების მოწყობა შესაძლოა შემოდგომისთვის დასრულდეს, ნაწილი კი მომავალ წელს. სამინისტრო აპირებს სამომავლოდ დასასვენებელი-საპიკნიკე ადგილები იჯარით გასცეს – პირობით, რომ ზოგიერთი სერვისი იქნება უფასო, ზოგიერთი კი – ფასიანი.

დასასვენებელი-საპიკნიკე ადგილების მაკეტები:
ბუკნარი

ფოტომასალა სატენდერო დოკუმენტაციიდან

მახინჯაურიდანდალოდოლოგანისახალვაშოერგე

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: