სიახლეები

“ვაკანსია” – ინკლუზიური სპექტაკლის პრემიერა „თავისუფალ სივრცეში“

18.05.2017
“ვაკანსია” – ინკლუზიური სპექტაკლის პრემიერა „თავისუფალ სივრცეში“

19 – 20 მაისს, განახლებულ „თავისუფალ სივრცეში“ ინკლუზიური სპექტაკლის  „ვაკანსიის“ პრემიერა გაიმართება. პროფესიონალ მსახიობთან, იაგო მორთულაძესთან  ერთად სპექტაკლში მონაწილეობას ჟესტური ენის თარჯიმანი მზია მელაძე და ეტლით მოსარგებლე ლალი მენაღარიშვილი მიიღებენ. პიესის ავტორი და რეჟისორი ოთარ ქათამაძეა.

ლალისთვის ეს არ არის პირველი სამსახიობო გამოცდილება. მისი მონაწილეობით პერფორმანსი „დამოუკიდებელი ცხოვრების მნიშვნელობა“, გასული წლის დეკემბერში, ბათუმის დრამატულ თეატრში ჩატარდა.

ლალი მენაღარიშვილი სპექტაკლის რეჟისორთან, ოთარ ქათამაძესთან ერთად ფოტო:გულნარა კაკაბაძე

ლალი მენაღარიშვილი სპექტაკლის რეჟისორთან, ოთარ ქათამაძესთან ერთად
ფოტო:გულნარა კაკაბაძე

„ვაკანსია“ ახალგაზრდული ორგანიზაცია „ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის“ ინიციატივით დაიდგა  და მიზნად შშმ პირებისთვის თეატრალური კულტურის  ხელმისაწვდომობას ისახავს.

„ხელოვნება არის ის საშუალება, რომელიც ყველაზე მარტივად გასაგებს ხდის ყველაფერს, ერთ-ერთი ყველაზე გამართლებული მეთოდი კი სპექტაკლია, რომლის შემდეგ მნახველი სხვანაირად აღიქვამს არსებულ რეალობას, ასევე სხვა ტიპის ინტერესს იწვევს შშმ პირების თემაც, რომელიც თავისუფლდება ყოველგვარი სტერეოტიპული აღქმისგან“ –  ამბობს  “თავისუფალი სივრცის” მენეჯერი ნინო ჩხაიძე.

free space 2

“ვაკანსიის” რეპეტიცია ფოტო: გულნარა კაკაბაძე

განახლებულ „თავისუფალი სივრცეში“, ნინოს თქმით, შშმ პირთა საკითხებთან დაკავშირებით სხვადასხვა სახის ტრენინგები, საინფორმაციო შეხვედრები და კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებები იგეგმება.  ასევე დაგეგმილია ჟესტური ენის სკოლის ჩამოყალიბებაც.

პროექტი ბათუმის მერიის ახალგაზრდული განყოფილების თავისუფალი ინიციატივების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.

ახალგაზრდულ ორგანიზაციას „ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის“  შშმ პირების მიმართ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით  რამდენიმე პროექტი აქვს განხორციელებული, მათ შორის: „საზოგადოებაში შშმ პირების ინტეგრაციის პირველი ნაბიჯი“, “ცვლილებების დრო”, “თანამედროვე ხედვა” და სხვა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: