მთავარი,სიახლეები

საიას დასკვნა საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ კანონპროექტზე

07.09.2017
საიას დასკვნა საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ კანონპროექტზე

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის [საია] ინფორმაციით 2017 წლის ივლისში, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და საჯარო სამსახურის ბიურომ წარმოადგინა „საჯარო დაწესებულებაში ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი, რომელიც ახლებურად განსაზღვრავს საჯარო სამსახურში ანაზღაურების წესსა და ოდენობას.

საიას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი კანონპროექტი ვერ უზრუნველყოფს საჯარო სამსახურის რეფორმის კონცეფციაში გათვალისწინებული ერთიანი და თანასწორი ანაზღაურების სისტემის შექმნას და არსებული არათანაბარი მიდგომების აღმოფხვრას.

„კანონპროექტის მიხედვით, განსხვავებული ანაზღაურების სქემები და კოეფიციენტები მოქმედებს ცენტრალური და ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო სამსახურებისათვის, ასევე დიფერენცირებული მიდგომა არსებობს მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით თავად ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეების ანაზღაურებებს შორის. გარდა ამისა, ცენტრალურ და ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკური თანამდებობის პირების ანაზღაურება განისაზღვრება განსხვავებული წესით, რაც ვერ უზრუნველყოფს ანაზღაურების ერთიანი სისტემის მინიმალური სტანდარტის შექმნას“ – აღნიშნულია საიას განცხადებაში.

საიამ, კანონპროექტთან დაკავშირებით, საჯარო სამსახურის ბიუროს წარუდგინა შემდეგი რეკომენდაციები:

[checklist]

  • ცენტრალური და ავტონომიური რესპუბლიკის დაწესებულებებში საჯარო მოხელეთა ანაზღაურება განისაზღვროს ერთი და იმავე კოეფიციენტების სისტემის საფუძველზე;
  • გაუქმდეს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დასაქმებული საჯარო მოხელეების ანაზღაურების კოეფიციენტებს შორის განსხვავება მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით და ყველა მუნიციპალიტეტს ჰქონდეს შესაძლებლობა თანაბრად გამოიყენოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისათვის შექმნილი ანაზღაურების ცხრილი, მისი შესაძლებლობის ფარგლებში და არ მოხდეს დამატებითი ფინანსური ბარიერების დაწესება;
  • განისაზღვროს საჯარო მოხელის მიერ დაკავებული პოზიციის შესაბამისად ანაზღაურებისათვის განსაზღვრული კატეგორიების მინიჭების წესი და კრიტერიუმები, რათა აღნიშნული საკითხი არ დარჩეს  საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის დისკრეციულ უფლებამოსილებაში;
  • გაიზარდოს საკლასო დანამატის პროცენტული ოდენობა (პირველი კლასი დაიწყოს სულ მცირე 5%-დან), რათა უზრუნველყოს საჯარო მოხელეთა შორის მოტივაციის გაზრდა;
  • განისაზღვროს ერთჯერადად გაცემული სახელფასო დანამატისა და ფულადი ჯილდოს  ზღვრული ოდენობა თანამდებობრივი სარგოს თვიური ოდენობის 10%-დან 30%-მდე;
  • ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებს არ ჰქონდეთ სახელფასო დანამატისა და ფულადი ჯილდოს მიღების უფლება;
  • გაუქმდეს ადმინისტრაციული და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის ანაზღაურების განსაზღვრის საგამონაკლისო წესი;
  • გათანაბრდეს ცენტრალური და ავტონომიური რესპუბლიკების იდენტური სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების სარგოების კოეფიციენტები;
  • სახელმწიფო-პოლიტიკური და პოლიტიკური თანამდებობის პირებს არ ჰქოდეთ უფლება მიიღონ სახელფასო დანამატი და ფულადი ჯილდო;
  • დეტალურად განისაზღვროს კერძო სექტორთან კონკურენციის მუხლი და განისაზღვროს სფეროები, სადაც საქართველოს მთავრობას ექნება უფლება განსაზღვროს თანამდებობათა ჩამონათვალი.
  • სახელმწიფო-პოლიტიკური და პოლიტიკური თანამდებობის პირების ანაზღაურების სისტემა ამოქმედდეს კანონის ამოქმედებასთან ერთად და არა საგამონაკლისო წესით 2021 წლის პირველი იანვრიდან;
  • ანაზღაურების ახალი სისტემის ამოქმედებამ არ გამოიწვიოს საჯარო მოსამსახურეთა არსებული ანაზღაურების შემცირება.

[/checklist]

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: