მთავარი,სიახლეები

ავტოავარიების შედეგად ოთხი თვის განმავლობაში 624 ადამიანი დაზარალდა, მათ შორის – 58 არასრულწლოვანი

07.09.2017 • 1854
ავტოავარიების შედეგად ოთხი თვის განმავლობაში 624 ადამიანი დაზარალდა, მათ შორის – 58 არასრულწლოვანი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2017 წლის იანვრიდან მაისამდე ავარიების შედეგად ქვეყანაში 624 ადამიანმა მიიღო დაზიანება, მათ შორის 58 არასრულწლოვანია.

ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წესების დარღვევაზე პროკურატურამ 2017 წლის იანვრიდან მაისამდე 301 ადამიანის მიმართ დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა.

ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით ისჯება. ეს მუხლი ითვალისწინებს ჯარიმას, თავისუფლების შეზღუდვას ან თავისუფლების აღკვეთას ერთიდან სამ წლამდე. 2018 წლიდან სასჯელის სახეს – თავისუფლების შეზღუდვას შინაპატიმრობა ჩაანაცვლებს. შემთხვევის სიმძიმის მიხედვით, შესაძლოა ბრალდებულს ამ მუხლით გათვალისწინებული უფრო მკაცრი სასჯელის მოხდა დაეკისროს. 276-ე მუხლი მაქსიმალურ სასჯელად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 8-დან 12 წლამდე.

ბათუმის საქალაქო სასამართლოდან „ბათუმელებისთვის“ მოწოდებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით, 2016 წლის იანვრიდან მიმდინარე წლის პირველ ივლისამდე სასამართლომ ავტოსაგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე, ჯამში, 142 საქმე განიხილა. სასამართლოს არც ერთი მძღოლი არ გაუმართლებია. სასამართლოს პროცესებზე პროკურატურა და ბრალდებული უმეტეს შემთხვევაში მორიგებულან და საპროცესო შეთანხმებები გაფორმდა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად პასუხისგებაში მიცემული 142 პირიდან სამს მიესაჯა პატიმრობა. 2017 წელს თავისუფლების აღკვეთა მხოლოდ ერთ პირს შეეფარდა, ორს – 2016 წელს.

მთავარ ფოტოზე: ავტოავარია ბათუმში, 2016 წელი. ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან. 

________________________

წაიკითხე უფრო მეტი ამ თემაზე:

სიკვდილი გზაში„დილით მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა ქვეითს, ახალგაზრდა ქალი სასწრაფო-სამედიცინო სამსახურს გარდაცვლილი დახვდა…“

ერთ თვეში აჭარაში 6 ადამიანი დაიღუპა სახელმწიფო ავტოსაგზაო შემთხვევებზე არ რეაგირებს – გასულ წელს ქვეყანაში ავტოავარიების გამო 28 ბავშვი გარდაიცვალა … 

„ჩვენი ქალაქები არ არიან მზად ავტომანქანების გაზრდილი რაოდენობისთვის“ –  საქართველოში ავტომანქანების რაოდენობა 8 პროცენტით გაიზარდა, ხოლო 2014 წელთან შედარებით – 16,8 პროცენტით. ავტომანქანების რაოდენობის ზრდასთან ერთად ქვეყანაში იზრდება ავტოავარიების შემთხვევათა რაოდენობა და კიდევ უფრო გადატვირთული ხდება მოძრაობა ქალაქებში. 

 

გადაბეჭდვის წესი