რატომ არ რეაგირებს მთავრობა ივანიშვილის მიერ ხეების უკანონოდ გატანაზე – პატარაძის განმარტება

რატომ არ რეაგირებს აჭარის მთავრობა, როცა რეგიონიდან ხეები უკანონოდ გააქვთ? – ეს შეკითხვა „ბათუმელებმა“ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ბათუმის სტადიონის საძირკვლის გახსნის ცერემონიალის დასრულების შემდეგ დაუსვა.

„ყველაფერი კეთდება კანონის ფარგლებში და ამ კითხვებზე ცალკე გავმართავ თქვენთან შეხვედრას, მზად ვარ გესაუბროთ,“ – აღნიშნა ზურაბ პატარაძემ. მას ვთხოვეთ დაკონკრეტება, რა იგულისხმება „კანონის ფარგლებში“ და აქვს თუ არა ბიძინა ივანიშვილს ათეულობით ხის ამოღებისა და გატანის ნებართვა. „ყველაფერი კეთდება კანონის ფარგლებში,“ – გაიმეორა მან.

ჩაქვში, უმაღლესი საბჭოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ბიძინა ივანიშვილის დენდროპარკში გადასატანად მრავალწლოვან ხეებს იღებენ. რის საფუძველზე იღებენ და გააქვთ ხეები? – ეს კითხვა გასულ კვირას დაუსვა „ბათუმელებმა“ აჭარის მთავრობას. უწყებამ ვერ მოგვაწოდა დოკუმენტი, რითაც დადასტურდებოდა, რომ ხეებს, რომლებსაც ჩაქვიდან გასატანად ამზადებენ, კანონიერად იღებენ. მთავრობის მიერ მოწოდებულ დოკუმენტში მხოლოდ იმაზეა საუბარი, რომ მთავრობა არ არის წინააღმდეგი 19 ერთეული ცრუ ქაფურის ხე გაჩეხოს კომპანიამ.

ათეულობით ქაფურის ხეა უკვე მოჭრილია. ხეებს კომპანია „ატუ“ ჭრის.

ხეების ამოღება და გატანა სათანადო ნებართვის გარეშე კანონის დარღვევაა. სწორედ ამ უკანონობაზე რეაგირების შესახებ ვკითხეთ დღეს ზურაბ პატარაძეს.

 

ბათუმში სტადიონის მშენებლობა დაიწყო [ფოტო]

საერთაშორისო სტანდარტების სტადიონის მშენებლობას ბათუმში დღეს, 21 იანვარს, ჩაუყარეს საძირკველი. სტადიონი 20 ათას მაყურებელზე იქნება გათვლილი და მისი მშენებლობა 2020 წლის სექტემბერში უნდა დასრულდეს. სტადიონის საძირკვლის ჩაყრას ცენტრალური და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„დღეს არის განსაკუთრებული გრძნობა, ყველანი ბედნიერები ვართ. ყველას გვიხარია ბათუმის ცენტრალური სტადიონის მშენებლობა. ძალიან მალე, ორ წელიწადში მივიღებთ ახალ სტადიონს. დარწმუნებული ვარ, აქ გაიმართება მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიებები. ეს არის როგორც ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო ღონისძიებების ჩატარების ადგილი. პირველ რიგში, ეს დღე მინდა მივულოცო ბათუმელებს. კარგად მახსოვს, წინასაარჩევნო პერიოდში თითქმის ყველა მოსახლე მთხოვდა, როდის იქნებოდა ბათუმში ცენტრალური სტადიონი და დღეს ეს სიტყვა იქცა საქმედ,“ – აღნიშნა ზურაბ პატარაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

ბათუმის სტადიონს კომპანია „ანაგი“ ააშენებს UEFA-ს IV კატეგორიის სტანდარტებით. მშენებლობის ღირებეულება 99 448 408 ლარია.

 


ბათუმში სტადიონის მშენებლობის საკითხი რამდენჯერმე გადაიდო და დროში გაჭიანურდა. ამჯერად მშენებლობის დამკვეთი შპს „სტადიონია, რომელიც სპეციალურად შეიქმნა აჭარის მთავრობამ  ახალი საავადმყოფოსა და ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის მიზნით. შპს „სტადიონი“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ მას შემდეგ შექმნა, რაც სტადიონის პროექტირებაზე სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულთან სამინისტრომ კონტრაქტი შეწყვიტა, ამ კომპანიამ კი სამინისტროს სასამართლოში უჩივლა. 2015 წლის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ ბათუმში საფეხბურთო სტადიონი თურქული კომპანია „BAHADIR KUL ARCHITECTS“ პროექტით აშენდებოდა. სტადიონი ყოფილი მანქანათმშენებლის ტერიტორიაზე, 8 ჰექტარზე განთავსდება.

ბათუმის სტადიონის საძირკვლის ჩაყრის ცერემონია /21.01.2018/ ფოტო „ბათუმელები“

წელს ზღვის ძუძუმწოვრის გამორიყვის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

წელს ბათუმში ზღვის ძუძუმწოვრის გამორიყვის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ზღვის ძუძუმწოვარი – Phocaena phocaena relicta, რესტორან „სან-რემოს“ მიმდებარე ტერიტორიაზე შენიშნეს. ზღვის ძუძუმწოვრის ფოტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, არჩილ გუჩმანიძე, ფეისბუქით ავრცელებს.

 

მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტი ზღვის ძუძუმწოვრების ნაპირზე გამორიყვის მონიტორინგს 2007 წლიდან ეროვნული ქსელის მეშვეობით აწარმოებს.

დელფინების დახოცვისა და გამორიყვის ძირითად მიზეზად ზღვის დაბინძურებით გამოწვეული დაავადებები მიიჩნევა.

„აჭარის კონსტიტუციის“ საჯარო განხილვები იწყება

ორშაბათიდან „აჭარის კონსტიტუციაში“ შესატანი ცვლილებების საჯარო განხილვები დაიწყება. უმაღლეს საბჭოში დღეს, 20 იანვარს შეიკრიბება საორგანიზაციო კომისია, რომელიც საჯარო შეხვედრების ფორმატზე უნდა შეთანხმდეს. კანონის მიხედვით, დადგენილების მიღებიდან უმაღლეს საბჭოს ორკვირიანი ვადა აქვს საჯარო დისკუსიებისთვის. კანონპროექტი „აჭარის კონსტიტუციაში“ ცვლილებებზე 15 იანვარს გამოქვეყნდა.

საორგანიზაციო კომისიის წევრი და უმაღლესი საბჭოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარე ნინო ჩხეტია ამბობს, რომ შეხვედრები აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში ცალ-ცალკე გაიმართება.

„ბათუმში შევხვდებით რამდენიმე ჯგუფს, მათ შორის, არასამთავრობო სექტორს, მედიას, ადვოკატთა კორპუსს. აუცილებლად გვეყოლებიან მომხსენებლები და იქნება კითხვა-პასუხის რეჟიმი. კონკრეტულად სად გაიმართება შეხვედრები და როდის, ჯერ გადაწყვეტილი არ არის,“- გვითხრა ნინო ჩხეტიამ.

რა იცვლება არსებითად „აჭარის კონსტიტუციაში“ და რის გამო შეიძლება დაინტერესდეს მოქალაქე ამ საჯარო განხილვებით? – უმაღლესი საბჭოს წევრმა, ნინო ჩხეტიამ კონკრეტისგან თავი შეიკავა. განმარტავს, რომ ცვლილებები თითქმის ყველა მუხლს ეხება და ამას საზოგადოებას საჯარო შეხვედრების დროს გააცნობს. „ერთ-ერთი ცვლილება, რაც შემიძლია დაგისახელოთ, შეეხება უმაღლესი საბჭოს წევრის კითხვის დასმის უფლებას. ეს იქნება ჩემი ძალიან მოკლე პასუხი,“ – დასძინა მან.

საუბარია კანონპროექტის მე-16 მუხლზე, სადაც ვკითხულობთ: „უმაღლესი საბჭოს წევრი უფლებამოსილია კითხვით მიმართოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას, მთავრობის წევრს, უმაღლესი საბჭოს წინაშე ანგარიშვალდებულ სხვა ორგანოს, ყველა დონის ტერიტორიული ერთეულის ხელისუფლების ორგანოს, სახელმწიფო დაწესებულებას. უმაღლესი საბჭოს წევრის კითხვაზე დროული და სრული პასუხის გაცემა სავალდებულოა.“

უმაღლესი საბჭოს წევრს აქამდეც ჰქონდა მთავრობისთვის კითხვის დასმის უფლება. დღემდე უმაღლესი საბჭოს მისამართით არაერთი პრეტენზია დაფიქსირებულა იმ კუთხით, რომ დეპუტატები მთავრობის წარმომადგენლებს კითხვებს არ უსვამენ და პასუხებს არ ითხოვენ.

უმაღლესი საბჭოს წევრი ნინო ჩხეტია ხაზს უსვამს იმას, რომ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, სამართლებრივი რეგულაცია გაჩნდება ამ კუთხით „აჭარის კონსტიტუციაში. „გახსოვთ, ალბათ, საკმაოდ სერიოზული დისკუსიების საგანი იყო ეს საკითხი არაერთი შემადგენლობის შემთხვევაში,“ – ამბობს ის.

სამოქალაქო სექტორი ჯერ ცვლილებებს გაცნობილი არ არის. „დემოკრატიის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი არჩილ ხახუტაიშვილი საჯარო განხილვებისთვის შექმნილი კომისიის ერთ-ერთი წევრია. იგი მიიჩნევს, რომ განხილვებს, სავარაუდოდ, ფორმალური ხასიათი ექნება.

„მე არ ვიცნობ ჯერ ამ ცვლილებებს. საინტერესოა, რა იცვლება. ამაზე იქნება დამოკიდებული საზოგადოების დაინტერესებაც. ინტერესის სფერო თუ არის, საზოგადოება ყოველთვის ჩაერთვება დისკუსიაში. კონსტიტუცია მაინც ძირითადად არის ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსის თემა, რაც საზოგადოებას ნაკლებად აინტერესებს. არ ვიცი, რა ფორმატი შემუშავდება, რომ, მაგალითად, შუახევში, ან ხელვაჩაურის რომელიღაც სოფელში მცხოვრები ადამიანი ამით დავაინტერესოთ,“ – აღნიშნავს არჩილ ხახუტაიშვილი.

საჯარო განხილვების საორგანიზაციო კომისიაში უმრავლესობის წევრებთან ერთად შედიან ოპოზიციის წარმომადგენლები, ასევე არჩილ ხახუტაიშვილი „დემოკრატიის ინსტიტუტიდან“ და ასლან ჭანიძე „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლიდან“.

 

 

აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში ისევ პრობლემებია

ავტორი: გენო გელაძე – იურისტი, განათლების დოქტორი, მმართველი კომპანიის (GGM) მმართველი

სამწუხაროდ, ბოლო 15 წლის განმავლობაში, თითქმის ყოველ წელს, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში სხვადასხვაგვარად, მაგრამ მაინც იყო დაძაბული კვირეულები.  უცნაურია, მაგრამ რამდენი შემთხვევაც გამახსენდა, ეს სულ გაზაფხულზე ხდება. პრობლემების, გაუგებრობების, დაძაბულობის მიზეზები,  ერთი შეხედვით სხვადასხვა იყო, თუმცა  ბევრი მსგავსებაცაა.

აჭარის ტელევიზიასა და რადიოში, რაც მახსოვს, მუდმივად არსებობდა დაპირისპირებული ჯგუფები. ძირითადად ორი ჯგუფი. იმის მიუხედავად რომ წლების განმავლობაში ამ ჯგუფების შემადგენლობა და ლიდერები იცვლებოდნენ, საერთო მდგომარეობა არ შეცვლილა: ერთი ჯგუფი მიიჩნევდა/მიიჩნევს,  რომ მას სურს აქტიური მუშაობა და არ აძლევენ მუშაობის, განვითარების შესაძლებლობას, ხოლო მეორე ჯგუფი კი მიიჩნევდა/მიიჩნევს, რომ მათ მუშაობის დიდი პრაქტიკა, გამოცდილება, დამსახურება გააჩნიათ და ამდენად ყველაფერი ისე უნდა იყოს, როგორც თავად ფიქრობენ, რადგანაც ეს არის სწორი და სამართლიანი.

ბოლო 15 წელია (უფრო ადრე პერიოდს ვერ შევაფასებ) აჭარის ტელევიზია და რადიო სისტემურად არასდროს იმართებოდა. ყოველთვის ერთ ადამიანზე იყო დამოკიდებული მაუწყებლის სიძლიერე, წარმატებები, პრობლემები, მიღწევები და ნაკლოვანებები. ასეა დღესაც.

საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ ჩვენი, როგორც გადასახადის გადამხდელთა მგრძნობელობა მაღალია.  ბუნებრივი პროცესია, რომ სხვადასხვა ჯგუფს აქვს პრეტენზიები და ინიციატივები მაუწყებლის სხვადასხვა პროექტის მიმართ.

მაუწყებლის მენეჯმენტის გადაწყვეტილების პროტესტის ბევრი უცნაური ფორმა მინახავს, მაგრამ არ მახსენდება მსგავსი შემთხვევა, რაც ბოლო დღეებში ერთ-ერთი გადაცემის – ტელესპექტაკლების დახურვას, თუ ფორმატის შეცვლას მოჰყვა. აქ პროტესტის ფორმა ერთი ამბავია და ამაზე არ შევჩერდები, მე უფრო ცუდად მეჩვენა მაუწყებლის შიგნით დაწყებული პროცესი. მოხდა ის,  რაც ხდებოდა ყოველთვის – გაჩნდა მიზეზი და მაუწყებელშიც ჩამოყალიბდა მხარეები. ადრეც ასე იყო. თითქმის არასდროს არ ჩანდნენ მხარეები. მხოლოდ რამდენიმე ლიდერი იაქტიურებდა და წლის ბოლომდე პროცესი ნელ-ნელა დავიწყებას მიეცემოდა. მომდევნო წლის დასაწყისში კი ყველაფერი თავიდან იწყებოდა. ეს პროცესი კი ბუნებრივია აფერხებს მაუწყებლის განვითარებას.

სამწუხაროა, რომ ამაზე მიწევს საუბარი, მაგრამ აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭო, როგორც კოლეგიალური მართვის ორგანო, ვერ აღმოჩნდა ძლიერი ინსტრუმენტი.

ბუნებრივია ჩნდება კითხვა, ეს ყველაფერი გარედან ჩარევით ხდება, თუ შიდა პროცესია?

მე არ ვფიქრობ, რომ აჭარის მაუწყებელში მიმდინარე პროცესები გარედან ჩარევის შედეგად ხდება.  არა! მიზეზი მარტივია, აჭარის ტელევიზიასა და რადიოში ეს ამბავი დიდი ხნის პრაქტიკაა და ყოველთვის გარე ძალების ბრალი იყო? ასეც რომ დავუშვათ, ეს უფრო ცუდი მგონია, რადგანაც თუ გარედან ყოველთვის ხერხდებოდა მაუწყებლის შიდა პროცესების მართვა – ეს სამწუხაროდ ამყარებს მოქალაქეთა ნაწილის არგუმენტს იმის შესახებ, რომ ჩვენ, ქართული საზოგადოება განვითარების ამ ეტაპზე არ ვიმსახურებთ საზოგადოებრივ მაუწყებელს, ჩვენ ვერ ვქმნით საზოგადოებრივი მაუწყებლის ძლიერ სისტემას და ამიტომ აჯობებს რაც არ შეგვიძლია, საერთოდ აღარ გვქონდეს.

ბოლო 15 წლის პერიოდში, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში დაპირისპირების მიზეზი ძირითადად თანამშრომლების შრომის ანაზღაურება, პროფესიონალიზმის დაუფასებლობა, არასაჭირო კადრების შენახვა და ხშირად მათი პრივილეგირებულ მდგომაროებაში ჩაყენება იყო.

მიუხედავად იმისა, რომ აჭარის ტელევიზიასა და რადიოში მენეჯმენტი ბევრჯერ გამოიცვალა, პრობლემის მთავარი მიზეზი არ შეცვლილა. თანამშრომელთა შეფასება-დაფასების საკითხი ისევ აქტუალურია.

ვფიქრობ, ახლა კარგი დროა იმისთვის, რომ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი სისტემურად გაძლიერდეს, განვითარების ისეთ ეტაპზე გადავიდეს, რომ ერთ ადამიანზე აღარ იყოს დამოკიდებული მისი წარმატება, წარუმატებლობა, მიღწევები და ნაკლოვანებები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი სისტემურად უნდა გაძლიერდეს, ამისთვის კი, ვფიქრობ რამდენიმე სტრატეგიული საკითხი უნდა მოგვარდეს:

  1. აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, სულ მცირე ხუთი წლის პერიოდში კონკრეტულად რა პროდუქციის შექმნა შეუძლია მას და რას შეისყიდის გარე წარმოების ფორმით. ეს სამომავლოდ გაუგებრობებს გამორიცხავს და საზოგადოებრივი მაუწყებლის პროდუქციის შექმნაში დაინტერესებული ჯგუფების ჩართვას შეუწყობს ხელს;
  2. იმ პოზიციებზე, რომლებიც მაუწყებელში შიდა პროდუქციის შესაქმნელად აუცილებელია, უნდა განისაზღვროს საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საჭირო უნარ-ჩვევები. როგორც კი ასეთი დოკუმენტი შეიქმნება, მოკლე დროში უნდა შეფასდეს მაუწყებლის ყველა თანამშრომელი, მრჩეველთა საბჭოსა და დირექტორის გარდა, რომლებიც კანონის შესაბამისად ისედაც განსაზღვრული ვადითა და დადგენილი კრიტერიუმებით აირჩევიან. ვინც შეფასების კრიტერიუმებს ვერ დააკმაყოფილებს, ის მაუწყებელში აღარ უნდა დარჩეს. ეს პროცესი იქნება მტკივნეული, მენეჯმენტის მხრიდან რთულად შესრულებადი, თუმცა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გასაძლიერებლად, აუცილებლად გასაკეთებელი;
  3. უნდა მოგვარდეს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობისა და ტექნიკური რესურსების საკითხი. ვფიქრობ, არსებული შენობების გამოთავისუფლების სანაცვლოდ, აჭარის მთავრობამ ტელევიზიას და რადიოს უნდა გადასცეს მიწის ნაკვეთი, ან უკეთეს შემთხვევაში, შესაბამის საჭიროებებზე მორგებული შენობა-ნაგებობა. ვფიქრობ, აჭარის ტელევიზიისა და რადიოსთვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ქონების გადაცემის დასაბუთება რთული არ არის. უფრო მეტიც, იმისთვის რომ გვქონდეს საზოგადოებრივი მაუწყებელი ჩვენ ბიუჯეტიდან ფულს ვაძლევთ, გადასახადებს ვიხდით და ამავე მაუწყებლის გასაძლიერებლად შენობის გადაცემა იქნება დაუსაბუთებელი? პირიქით, ვფიქრობ ეს აუცილებელიც კია და მე მზად ვარ ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში აქტიურად ჩავერთო ამ საქმეში;
  4. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გასაძლიერებლად გასაუმჯობესებელია კანონმდებლობა. მაგალითისთვის თუნდაც ისიც საკმარისია, რომ აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დეტალურ ბიუჯეტს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო არ უნდა ამტკიცებდეს. ამის შესახებ მე ჯერ კიდევ მაშინ ვამბობდი, როცა კანონპროექტი პარლამენტში განხილვის ეტაპზე იყო. დღეს უკვე ამაზე თითქმის აღარავინ კამათობს, მაგრამ ფაქტია 2018 წლის ბიუჯეტიც იგივე წესით დამტკიცდა.  ბიუჯეტის განხილვისა და დამტკიცების მიზნით გამართულ სხდომაზე აღარაფერს ვამბობ. ეს იყო მაგალითი იმისა, როგორ არ უნდა განიხილებოდეს და მტკიცდებოდეს ბიუჯეტი.

 

 

 

ფეხბურთელი გოგოები ბათუმიდან

მათი უმრავლესობის საყვარელი ფეხბურთელი ლიონელ მესია, ბევრს ფიქრობენ, როცა ეკითხები ვინაა მათი ფავორიტი ქალი ფეხბურთელი და ვერ იხსენებენ. ენთუზიაზმით ვარჯიშობენ ნახევრად დანგრეულ სპორტულ ბაზაზე და 2018 წლის თამაშებისთვის ემზადებიან. საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი ქალთა გუნდებს შორის მიმოსვლით[შინ და გარეთ} 2016 წლიდან ტარდება. 2018 წლის ჩემპიონატში მონაწილეობას 10 გუნდი მიიღებს. ჩემპიონატში მონაწილე გუნდების მგზავრობის ხარჯებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უზრუნველყოფს. მათ შორის ბათუმის „დინამოს“ ხარჯებსაც. გოგონათა გუნდში ყველაზე პატარა ფეხბურთელი 12 წლისაა, ყველაზე უფროსი – 31-ის. გუნდი 2016 წელს შეიქმნა და ბოლო ორი წელია ტურნირებზე ბათუმის „დინამოს“ სახელით გამოდის.

„გუნდის პერსპექტივა იმაზეა დამოკიდებული, როგორ დაგვეხმარება ბათუმის მერია და სპონსორები. საქართველოში ამ მხრივ რთული მდგომარეობაა. არც ერთ ბიზნესმენს არ უნდა სპორტში ფულის ჩადება და მით უმეტეს გოგონების ფეხბურთში. არ არის მოთხოვნადი და ყურებადი,“ – ამბობს თაკო დოლიძე, ბათუმის „დინამოს“ ფეხბურთელი.

თაკო დოლიძე

ქალთა საფეხბურთო გუნდს მართლაც არ აქვს დაფინანსება – ერთადერთი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ჩემპიონატებზე წასასვლელად გზის ფულს აძლევს. ჯერჯერობით ვერც ტიტულებით ლიდერობენ, 2017 წელს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი ფეხბურთში ქალთა გუნდებს შორის მეშვიდე ადგილი დაიკავეს. ჩემპიონატში სულ ცხრა გუნდი მონაწილეობდა.

თაკო კი იმ სპორტსმენებს შორისაა, რომ ბათუმის მერიამ 2017 წელს დააჯილდოვა. საუკეთესო  ფეხბურთელის სტატუსი თაკომ პირველად მოიპოვა.

ბათუმის „დინამომდე“ თაკოს გზა საინტერესო იყო. ცხრა წელია ფეხბურთს თამაშობს. ამბობს, რომ პირველად ვარჯიშზე მამამ მიიყვანა, თუმცა იმის გამო, რომ არც გოგონათა გუნდი არსებობდა და არც შესაბამისი გარემო, თაკო ბიჭებთან ვარჯიშობდა. 13 წლამდე ბიჭების გუნდთან ერთად გამოდიოდა ჩემპიონატებზეც. ახლა 19 წლისაა, ბსუ-ში ფინანსებს სწავლობს, C კატეგორიის მწვრთნელის ლიცენზია აქვს და B კატეგორიის მისაღებად ემზადება.

თაკო ამბობს, რომ აპირებს გოგონები ავარჯიშოს, მომავალ თაობას მაინც რომ ჰქონდეს უკეთესი პირობები, ვიდრე მას აქვს დღეს.

ნიკო ბარამიძე „ბათუმის დინამოს“ ქალთა გუნდის მწვრთნელია. გუნდი მან შეაკოწიწა და ყოველდღიურად იბრძვის იმისთვის, რომ ელემენტალური პირობები შეუქმნას. ნიკო ამბობს, რომ გოგოების შესაკრავად ორი გუნდის – ქობულეთისა და ბათუმის გუნდების გაერთიანება მოუწია. თვე ხშირად ისე გადის, გუნდის სრულად შეკრება ვერ ხერხდება, ქობულეთელები მარტო მაშინ ჩამოდიან, როდესაც ჩემპიონატის წინა მოსამზადებელი ვარჯიშებია ან გზის დაფინანსების შესაძლებლობა არსებობს.

ნიკო ბარამიძისთვის დღევანდელი ნაკრები მესამე მცდელობაა. პირველი ქალთა გუნდი აჭარაში 1997 წელს ჩამოაყალიბა.  ბათუმის ქალთა ფეხბურთის გუნდმა საქართველოს ჩემპიონატში 1997-1998 წლებში  მე-3 ადგილი დაიკავა. მერე გუნდი დაიშალა და თავიდან 2004 წელს ჩამოყალიბდა.   საქართველოს ჩემპიონატებში 2004-2006  წლებში  მე-2 ადგილი დაიკავა, ხოლო 2008 წელს საქართველოს ჩემპიონები გახდნენ.

ბარამიძე ამბობს, რომ გოგონების დაინტერესება ფეხბურთით  არასტაბილურია.

„შეიძლება ბავშვმა ივარჯიშოს ოთხი თვე, ხუთი თვე და მერე გაქრება. ასე მიდი-მოდიან. რთულია სტაბილურად გოგონების შენარჩუნება, თან არანაირი პირობა არ არის,“ – ამბობს ნიკო ბარამიძე. ნიკო ამბობს, რომ თუ მოახერხებს, ის ქალი ფეხბურთელები, რომელთაც მწვრთნელის ლიცენზია მიიღეს, დაასაქმოს, წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ქალთა ფეხბურთის განვითარებისთვის.

„წლებია   აჭარის სპორტის დეპარტამენტში მოქმედებს
“სპორტის ხელშეწყობის”  პროგრამა, რომელშიც ჩართული არიან სპორტული ფედერაციების ნაკრები გუნდები, რომლებსაც წლის განმავლობაში რამდენჯერმე  უტარდებათ სასწავლო – საწვრთნო შეკრებები  სხვადასხვა  ქალაქში, რაც ძალიან კარგია სპორტული შედეგების გასაუმჯობესებლად  და წარმატებების  მისაღწევად. წლებია აჭარის ქალთა ფეხბურთის   ფედერაცია ითხოვს ქალთა ნაკრების ჩართვას   ამ პროგრამაში. წელს დაგვპირდნენ ჩაგრთავთო. დაპირება არის და ვნახოთ რა გამოვა. გვქონდა შეხვედრა ბათუმის “დინამოს” ხელმძღვანელთანაც და ისიც   დაგვპირდა დახმარებას.
გვყავს ლიცენზირებული 6 ქალი მწვრთნელი. ბათუმის სპორტული ცენტრის დირექტორი დაგვპირდა რამდენიმე მწვრთნელის დასაქმებას, რაც ხელს შეუწყობს გოგონებში ფეხბურთის პოპულარიზაციას და განვითარებას,” – ამბობს ნიკო ბარამიძე.

 

ვერონიკა გაროჟანკინა – ბათუმის დინამოს მეკარე

პირობები, რომელშიც ფეხბურთელი გოგოები ვარჯიშობენ, არასახარბიელოა. გუნდს არ აქვს სავარჯიშო ფორმა, აქვთ მწირი დაფინანსება. ფეხბურთელები სხვადასხვა დაწესებულებაში მუშაობენ, ზოგიერთი სწავლობს და სხვა პროფესიას იძენს. გოგოების თქმით, მთავარი, რაც მათ გამოარჩევთ, არის ფეხბურთისადმი სიყვარული. მათი თქმით, ბიჭები ფეხბურთში ხშირად კულტურული ფაქტორის გამო შედიან, გოგოებისთვის კი ერთადერთი ფაქტორი ფეხბურთისადმი უსაზღვრო სიყვარულია.

“ბათუმის დინამოს” ქალთა გუნდი ვარჯიშზე

შეცვლილი როლები მეოცე საუკუნის სექსისტურ პოსტერებში

დიდი გარჯა არ დაგჭირდებათ, თუ სექსისტური რეკლამების ძებნას შეუდგებით სატელევიზიო ეთერსა და ბეჭდურ პრესაში. მე-20 საუკუნის შუა წლებში ასეთი რეკლამები ჩვეულებრივად აღიქმებოდა და ნორმალურ, მეტიც მიმზიდველ სარეკლამო პროდუქტად მიიჩნეოდა.

ქვემოთ მოცემული, მეოცე საუკუნის შუაპერიოდისდროინდელი სარეკლამო პოსტერები არა მხოლოდ  მოძველებული და გამაღიზიანებელი, არამედ ძალადობრივი ელემენტების შემცველიცაა. ბევრ პოსტერზე ქალთმოძულეობის აშკარა და პირდაპირ მინიშნებებსაც აღმოაჩენთ. გენდერული სტერეოტიპები დღემდე შეინიშნება თანამედროვე რეკლამებში, თუმცა ბევრად მსუბუქი ფორმით.

ფოტოგრაფი ელი რეზკალა მე-20 საუკუნის ყველაზე საშინელ სარეკლამო პოსტერებზე უცვლის როლებს ქალებსა და მამაკაცებს. ფოტოპროექტს „პარალელური სამყარო“ ჰქვია.

ფოტოგრაფის მიერ შერჩეულ ძველ რეკლამებში ქალი მხოლოდ სადილის მკეთებელ, ჭურჭლის მრეცხავ, საახალწლოდ მტვერსასრუტზე მეოცნებე უსუსური არსებაა, რომელსაც კეტჩუპის ბოთლის გახსნაც არ შეუძლია დამოუკიდებლად.

ელი რეზკალას ფოტოპროექტის იდეა მადლიერების დღეს ნათესავებთან შეხვედრის შემდეგ გაუჩნდა – „ვისმენდი, როგორ საუბრობდნენ ჩემი ბიძები, რომ ქალს უკეთ გამოსდის და ევალება კიდეც სადილის მომზადება, სამზარეულოში ფუსფუსი, ქალური ვალდებულებების საკუთარ თავზე აღება. მართალია ვიცი, რომ ყველა კაცი ასე არ ფიქრობს, მაგრამ უსიამოვნო იყო იმის განცდა, რომ შენი ახლობლები და ბევრი სხვაც, ირგვლივ ასე ფიქრობს, ამიტომაც გადავწყვიტე შემეცვალა გენდერული როლები პოსტერებზე და სექსისტური დამოკიდებულებების შხამი ასე მოაზროვნეებისთვის უკან დამებრუნებინა,“ – ამბობს ფოტოგრაფი ერთ-ერთ ინტერვიუში. 

 

 

 

 

 

 

 

წყარო: Mymodernmet

 elirezkallah.com

რა თანხებს ელოდება აჭარის მთავრობა საკუთარი შპს-ებიდან

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წილობრივი მონაწილეობით მოქმედი 40-მდე საწარმოდან აჭარის მთავრობა მიმდინარე წელს დივიდენდის სახით მხოლოდ 2 მილიონ ლარს ელოდება.

აჭარის წილობრივი მონაწილეობით, 2018 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, 35 საწარმოა რეგისტრირებული, რომლებსაც ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო კურირებს. ამ საწარმოებიდან, სამინისტროს ინფორმაციით, მოქმედია – 10, მოქმედი [პასიური] – 13, გაკოტრება-ლიკვიდაციის რეჟიმში – 11, ხოლო ერთი გადაცემულია მართვის უფლებით.

გარდა ამისა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წილობრივი მონაწილეობით ფუნქციონირებს რამდენიმე სამედიცინო დაწესებულება, რომლებსაც აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო კურირებს. მათ შორისაა შპს „ქ. ბათუმის N1 პოლიკლინიკა“.

ამათგან მოგებას ანუ დივიდენდებს, რეგიონის მთავრობა მხოლოდ სამი საწარმოდან ელოდება:

სამივე საწარმოში 100% წილის მფლობელი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაა.

არის საწარმოები, სადაც აჭარა 100%-ზე ნაკლებ წილს ფლობს. მაგალითად, სს „ბათუმის ავტოსადგურში“ აჭარის წილი 30,9%-ია. ამ სააქციო საზოგადოების მოგებიდან დივიდენდებს აჭარის მთავრობა არ ელოდება. აქვს თუ არა მოგება „ბათუმის ავტოსადგურს“ ცალკე საკითხია, თუმცა დივიდენდების განაწილების საკითხს აჭარის მთავრობა ვერ წყვეტს, ვინაიდან მას ამ საზოგადოებაში გადამწყვეტი ხმის უფლება არ აქვს.

მართვის უფლებით გადაცემული საწარმოა შპს „CRYSTAL“-ი, რომელიც სამართავად სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოზეა გადაცემული.

რატომ არ ელოდება მთავრობა დივიდენდების მიღებას სხვა საწარმოებიდან, რომლებშიც ავტონომიური რესპუბლიკა 100 ან ნაკლებ პროცენტს ფლობს, რას ნიშნავს „მოქმედი [პასიური]“ საწარმო და სხვა ასეთ კითხვებზე პასუხის მისაღებად სამინისტროს საზოგადოებათან ურთიერთობის სამსახურში გვითხრეს, რომ წერილობით მივმართოთ და 10 სამუშაო დღის ვადაში გვიპასუხებენ.

ერთ-ერთი შპს – „ბათუმის ნავსაყუდელი 2015“ ბათუმის ე.წ. იახტკლუბს მართავდა. ამ კომპანიის 100% წილს აჭარა ფლობს, თუმცა გასული წლის 13 სექტემბერს კომპანიის საწესდებო კაპიტალიდან მთავრობამ ამოიღო მთელი ქონება და ის ცალკე, აჭარის საკუთრებად დაარეგისტრირა. „ბათუმის ნავსაყუდელში“ გვითხრეს, რომ ტერიტორია ნავსაყუდელთან ერთად ინვესტორს უნდა გადაეცეს.

ბათუმის იახტკლუბის მიმდებარე ტერიტორიისა და უშუალოდ იახტკლუბის განვითარებას ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული „თანაინვესტირების ფონდი“ გეგმავს.

აჭარის წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოები [სამედიცინოს გარდა] 2018 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით / წყარო: აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წილობრივი მონაწილეობით არსებულ მოქმედ/პასიურ საწარმოთა რეესტრი 01.01.2018 წლის მდგომარეობით / წყარო: აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

 

ვის რა უნდა აჭარის ტელევიზიაში – ჟურნალისტები და მენეჯერები დაპირისპირებაზე

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის დირექტორის წინააღმდეგ თანამშრომლების პეტიცია ტელევიზიის სამეურვეო საბჭოში ამ დრომდე არ შესულა. პეტიციის გარდა ხელფასების გაზრდის საკითხზე საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტების ერთი ჯგუფი ტელევიზიის დირექტორთან შეხვედრას ითხოვს. „ხელმოწერები არ შესულა, მაგრამ მინდა ერთი რამ განვაცხადო, ეს არ არის უკან დახევა,“ – ამბობს ლალი ბერძენიშვილი, „აჭარის ტელევიზიის“ განვითარების მენეჯერი.

„საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტების ნაწილის წერილი შემოვიდა, ისინი ითხოვდნენ დირექტორთან შეხვედრას, მაგრამ დღეს ამ შეხვედრაზე მოსვლა ჟურნალისტებმა აღარ ისურვეს. შეხვედრაზე დირექტორი ინდივიდუალურად აპირებდა თითოეულ ჟურნალისტთან დალაპარაკებას,“ – გვითხრა გია ქარცივაძემ, „აჭარის ტელევიზიის“ ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა.

საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტებს ხელფასების გაზრდის შესახებ ღიად საუბარი არ სურთ. პირად საუბრებში ისინი აღნიშნავენ, რომ ახალი წლიდან შრომის ანაზღაურების გაზრდის შესახებ დაპირება ტელევიზიის დირექტორისგან უშუალოდ მიიღეს, მაგრამ პირობა არ შესრულდა. „გვითხრეს, რომ ამ ეტაპზე ხელფასის გაზრდის რესურსი არ არსებობს და თუ ჩვენი სურვილია, ხელშეკრულებას ისევ ძველი პირობით უნდა მოვაწეროთ ხელი,“ – აღნიშნა ერთ-ერთმა ჟურნალისტმა.

„ჩვენთან არაფერი არ ხდება, არანაირი პრეტენზია არ აქვთ ჟურნალისტებს. შრომითი ხელშეკრულებები გაფორმებულია, ყველა მუშაობს, სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებ,“ – ეს შორენა ღლონტმა გვითხრა, ტელევიზიის ახალი ამბების სამსახურის უფროსმა. იგი ირწმუნება, რომ ჟურნალისტების მოთხოვნების შესახებ, რაც ხელფასების საკითხს უკავშირდება, თავად ინფორმირებული არ არის.

საინფორმაციო სამსახურის უფროსს ასევე ვკითხეთ, ხედავს თუ არა განსხვავებას წინა და ამჟამინდელ მენეჯმენტს შორის და არის თუ არა მენეჯმენტი ტელევიზიის დამოუკიდებლობის გარანტი? – „კომენტარს ვერ გავაკეთებ-მეთქი, ვთქვი. ყველაფერს უპასუხებს ნათია კაპანაძე [დირექტორი],“ – დასძინა შორენა ღლონტმა.

„აჭარის ტელევიზია“ ბოლო პერიოდში არაერთ კვლევაში მოხვდა, როგორც დაბალანსებული მედიაორგანიზაცია. „აჭარის ტელევიზია“ მოხვდა „Human Rights Watch“-ის მიერ დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშშიც. ანგარიშში დადებით მოვლენად არის ასახული „აჭარის ტელევიზიის“ ეთერში რადიო „თავისუფლების“ იმ გადაცემების განთავსება, რომლებიც საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველმა არხმა დახურა.

რას უკავშირებენ ტელევიზიის თანამშრომლები სარედაქციო დამოუკიდებლობის მიღწევას და არის თუ არა ამის ერთ-ერთი მთავარი გარანტი მენეჯმენტი?

ირინა წუწუნავა, საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტი მენეჯმენტის როლს სარედაქციო დამოუკიდებლობაში ნაწილობრივ ხედავს. „თუ ჟურნალისტი იქნება დამოუკიდებელი, ყველაფერი იქნება შესაძლებელი. მენეჯმენტი ნაწილობრივ განსაზღვრავს სარედაქციო პოლიტიკას. ახლა ყველაზე კომფორტულია ამ ტელევიზიაში მუშაობა, რადგან დამოუკიდებლობის ხარისხი არის ძალიან მაღალი და ეს კარგად ჩანს გარედან. ჩარევა, პირადად, მე არც სოსო სტურუას დირექტორობის დროს მიგრძვნია…“, – ამბობს ის.

სოსო სტურუას დირექტორობის დროს „აჭარის ტელევიზიის“ დატოვება სამ ჟურნალისტს მოუწია: ქეთი დუმბაძეს, ირინა ყურუას და სოფო ჟღენტს. მაშინ ამ ჟურნალისტებმა ღიად ისაუბრეს ჩარევაზე და კონკრეტული სიუჟეტების დაბლოკვაზე. დღეს ირინა ყურუა და სოფო ჟღენტი ისევ „აჭარის ტელევიზიაში“ მუშაობენ იმის მიუხედავად, რომ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ისევ შორენა ღლონტია. სოფო ჟღენტი მიიჩნევს, რომ ამოსავალი მენეჯმენტია, რომელიც „ყოველთვის და ყველგან არის სარედაქციო დამოუკიდებლობის გარანტი. ასეა „აჭარის ტელევიზიის“ შემთხვევაშიც,“ – გვითხრა მან. იგი ამჟამად ტელევიზიის ინტერნეტგვერდის რედაქტორია.

ტელევიზიის განვითარების მენეჯერი, ლალი ბერძენიშვილი, სარედაქციო დამოუკიდებლობის შედეგს ასე აფასებს: „ჩვენ ვიცავთ პოლიტიკურ ბალანსს, მაგრამ მხოლოდ პოლიტიკური ბალანსი არ არის მთავარი, ტელევიზიას აქვს უამრავი პრიორიტეტი, რომლის დაცვისკენაც ნაბიჯი უნდა გადავდგათ. ჩვენ მორალურად გავმყარდით, ვართ საუკეთესო ბალანსის მქონე ტელევიზია, მაგრამ ბალანსი სხვადასხვა ტირანის მქონე რეჟიმის დროსაც იყო დაცული…“

„წინა წლებშიც არავის არ უნდოდა მიკერძოებული ყოფილიყო და მოფერებოდა მთავრობას,“ – გვიყვება ჟურნალისტი ირინე წუწუნავა. – „მაშინ სხვა პოლიტიკა იყო, ზოგადად, და მხოლოდ აჭარის ტელევიზიაზე არ ვრცელდებოდა. ვფიქრობ, სტატუსის შეცვლის შემდეგ [აჭარის ტელევიზია აჭარის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება იყო, ვიდრე საზოგადოებრივ მაუწყებლად ჩამოყალიბდებოდა] ჩარევის მცდელობა არ ყოფილა და ჩვენ უკვე ვიცით დამოუკიდებლობის ფასი.“

სარედაქციო დამოუკიდებლობის დაკარგვის საფრთხეს ნაკლებად ხედავს ლალი ბერძენიშვილი, „აჭარის ტელევიზიის“ განვითარების მენეჯერი. მას შევახსენეთ, რომ აქამდე არაერთმა ხელისუფლებამ  მოახერხა თავისი ინტერესის გატარება „აჭარის ტელევიზიაში“.

„როგორც მოქალაქე და ჟურნალისტი, შეურაცხყოფილი ვარ თქვენი ამ შეკითხვით. ესე იგი, თქვენ არ ენდობით „აჭარის ტელევიზიის“ კოლექტივს?… სად ჩანს დღეს, რომ ხელისუფლება აგრესიულად ცდილობდეს სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევას? ვფიქრობ, ჩვენ ყველანაირად უნდა შევეწინააღმდეგოთ სახელისუფლებო ინტერესების განხორციელებას, თუმცა თუ ხელისუფლება სწორ გადაწყვეტილებას იღებს, ჩვენ უნდა ვაანალიზებდეთ და ადეკვატურად ვრეაგირებდეთ…“ – აღნიშნა ლალი ბერძენიშვილმა.

რაც შეეხება პეტიციას, რომლითაც „ბათუმელების“ ინფორმაციით, ტელევიზიის თანამშრომლების ერთმა ჯგუფმა სამეურვეო საბჭოს ტელევიზიის დირექტორის გადაყენება უნდა მოსთხოვს – ტელევიზიის ინტერნეტგვერდის რედაქტორი, სოფო ჟღენტი ამბობს, რომ არ იცნობს ამ პეტიციის შინაარსს. იგი არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა გარკვეულმა დაინტერესებულმა ჯგუფმა გარედან ეს პროცესი გამოიყენოს.

„იმისთვის, რომ რაიმე დასკვნები გავაკეთო, უნდა ვიცნობდე რას აპროტესტებენ და რა წერია წერილში, ვინ აკეთებს ამას და რას ითხოვენ. ტელევიზიაში ნებისმიერი პროცესი, როცა სარედაქციო დამოუკიდებლობა აქვს მედიას, ყოველთვის შეიძლება იყოს გამოყენებული დაინტერესებული ჯგუფების მიერ, თუმცა ჯერ მხოლოდ ვიცით ის, რომ კონკრეტულ ადამიანებს აქვთ პროტესტი და ამას წერილობით აფიქსირებენ. რა წერია ამ წერილში, რა არ მოსწონთ, ან რისი შეცვლა უნდათ, ეს, ჯერჯერობით, არ ხმაურდება,“ – აღნიშნა სოფო ჟღენტმა.

სოფოსგან განსხვავებით პეტიციის შესახებ ინფორმირებულია ლალი ბერძენიშვილი. იგი ამბობს, რომ წერილი სამეურვეო საბჭოში ამ დრომდე არ შეუტანიათ და მენეჯმენტთან შეხვედრას ელოდებიან. ლალი ბერძენიშვილი ტელევიზიის დირექტორთან მოლაპარაკების დაწყებას უქმე დღეების შემდეგ ითხოვს.

„დირექტორის გადაყენება არ ყოფილა მოთხოვნა. არსებობს საკამათო გადაწყვეტილებები. არსებობენ სპეციალისტები, ვისი მოსაზრებაც მენეჯმენტმა უნდა გაიზიაროს და ეს დაფუძნებულია იმ პროდუქციაზე, რომელიც ჩვენ გვიწარმოებია ტელევიზიაში. მე ვარ განვითარების მენეჯერი და ამიტომ ჩავთვალე საჭიროდ გარკვეულ პროცესებთან გამიჯვნა, მათ შორის, გადაწყვეტილებასთან, რომელიც ბოლო დროს აჟიოტაჟის თემა გახდა და შეეხებოდა სატელევიზიო სპექტაკლების დახურვას. ჩვენ სამუშაო ვითარებაში უნდა გავმართოთ მოლაპარაკება, წესიერი, სამართლებრივად გამართული, ღირსებაზე დაფუძნებული კორპორაცია უნდა შეიქმნას, სადაც ადამიანები ურთიერთპატივისცემით აკეთებენ საზოგადოებრივ მაუწყებელს. არის რაღაც საკითხები, რაზეც არსებობს განსხვავებული შეხედულებები, მათ შორის, საკადრო პოლიტიკა. ზოგადად, უფრო უკეთესი იდეებია, ვიდრე საბოლოოდ სატელევიზიო ეთერში ჩანს… შერჩევითი სამართალი, შერჩევითი პიროვნული დამოკიდებულებები თუკი იქნება საზოგადოებრივ არხზე, საზოგადოებრივი საქმის გაკეთება გაჭირდება. არსებობს ადამიანთა ჯგუფი, რომელთა აზრიც არის გასათვალისწინებელი,“ – გვითხრა ლალი ბერძენიშვილმა.

„შერჩევით სამართალზე“ და კონკრეტულ დარღვევებზე საუბრისგან ტელევიზიის განვითარების მენეჯერმა თავი შეიკავა: „წერილში იყო მოთხოვნა, რაც ჩამოგითვალეთ: სამართლიანი დამოკიდებულება თანამშრომლების მისამართით, ინტელექტუალური ნიშნულის აწევა იმ ადამიანების გამოყენებით, ვინც, ჩემი აზრით, ნაკლებად გამოყენებულია ტელევიზიაში. არის საკითხები, რაზეც საჯაროდ საუბარს ვერიდებით… ჩვენ კარგად ვიცით, ვის რა შეუძლია. ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ ადგილზე ავტორიტეტების, ფიგურების შექმნას, რომლებიც მნიშვნელოვანი გახდებიან… ეს არის საკითხები, რომლებიც გროვდებოდა და ერთი პატარა მიზეზი საკმარისი გახდა იმისთვის, რომ ჩვენ მივსულიყავით რაღაც კონკრეტულ ქმედებამდე.“

„აჭარის ტელევიზიის“ ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსი, გია ქარცივაძე ამბობს, რომ ტელევიზიის დირექტორთან შეხვედრა არავის უთხოვია, გარდა საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტებისა.

ამავე თემაზე:

ვინ გეგმავს აჭარის ტელევიზიის დირექტორის გადაყენებას – დაპირისპირება მაუწყებელში

 

 

 

 

ბათუმის „დინამოს“ ყიდვისთვის ორი ბიზნესჯგუფი იბრძოლებს

საფეხბურთო კლუბ ბათუმის „დინამოს“ ყიდვა ორ ბიზნესჯგუფს სურს. ბათუმის მერიაში წინადადება “ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის” მფლობელს, აიეტ კუკავას და “ლამინი გრუფის” ხელმძღვანელს, არჩილ ბერიძეს აქვთ შეტანილი. იმისთვის, რომ კლუბი გაიყიდოს, ბათუმის მერიამ აუქციონი უნდა გამოაცხადოს.

რატომ გადაწყვიტეთ ბათუმის „დინამოს” შეძენა და როგორ ხედავთ კლუბის მომავალს? – ამ კითხვით მიმართა “ბათუმელებმა” დაინტერესებულ ინვესტორებს.

“ჩვენი გრძელვადიანი მიზანია, საქართველოს სპორტი გავხადოთ უფრო მეტად კონკურენტუნარიანი, სანახაობრივი და კომერციულად მომგებიანი. ამ ეტაპზე განვიხილავთ რამდენიმე ვარიანტს, მათ შორის ბათუმის „დინამოს“. გეგმები იქნება სტრატეგიული პარტნიორების მეშვეობით, რომელსაც დასავლეთ ევროპული კლუბების მართვის გამოცდილება გააჩნია. კლუბის მენეჯმენტის გაძლიერება მაღალი დონის პროფესიონალებით, გუნდის გაძლიერება უცხოელი ფეხბურთელებით და გრძელვადიან პერსპექტივაში საერთაშორისო ტურნირებზე ანგარიშგასაწევი გუნდის შექმნა,” – ჩვენს კითხვებს “ალიანს ჯგუფი ჰოლდინგმა” წერილობით უპასუხა.

მაშინ, როცა ბათუმის „დინამოში“ ინვესტიციის განხორციელება სხვა ინვესტორსაც სურს, რამდენად კონკურენტუნარიანია “ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის” წინადადება? – ამ კითხვაზე ჰოლდინგის წარმომადგენელმა გვიპასუხა, რომ კონკურენციას მიესალმებიან: “რაც უფრო მეტი გამჭვირვალე და ჯანსაღი იქნება [პროცესი], მით უკეთესი იქნება მაყურებლისთვის, ქართული სპორტისთვის და ბიზნესის კუთხითაც”.

“ლამინი გრუფი”, რომელსაც ასევე სურს ბათუმის „დინამოში“  ინვესტიცია ჩადოს, წლების მანძილზე იყო ამ კლუბის სპონსორი. საფეხბურთო კლუბის ვებგვერდზე “ლამინი გრუფი” ოფიციალურ პარტნიორად არის დასახელებული.

არჩილ ბერიძე, კომპანიის ხელმძღვანელი “ბათუმელებთან” ამბობს, რომ მისთვის ბათუმის „დინამოა” მნიშვნელოვანი და არა ის, თუ ვინ იყიდის ლოგოს.

“ჩემი თვითმიზანი ყიდვა არაა. ჩემი მიზანი არის ბათუმის „დინამოს“ აღორძინება. ვინმე თუ ამას გააკეთებს, მე მზად ვარ გვერდში დავუდგე. ბათუმის „დინამოს“ სჭირდება გვერდში დგომა. „ალიანს ჯგუფს“ ღმერთმა ხელი მოუმართოს. მათ ბიზნესი აქვთ, მე მაქვს ინტერესი -ბათუმის „დინამოს“ აღორძინება. მე ბიზნესი არ მაინტერესებს ამ შემთხვევაში, მაინტერესებს ის, რომ ბათუმის „დინამო“ უნდა განვითარდეს. ძალიან ბევრი რამ სჭირდება, რომ ბიზნესად გადაიქცეს,” – გვითხრა არჩილ ბერიძემ.

“ბათუმელების” ინფორმაციით, მერიაში “დინამოს” გასხვისების ალტერნატიულ გზებზეც ფიქრობენ, რადგან აუქციონი ხანგრძლივი და გამჭვირვალე პროცესია. უფრო მარტივი პროცედურა კი პირდაპირი მიყიდვის წესია. კანონით, პირდაპირი მიყიდვის წესის გამოყენების უფლება აქვს აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, მაგრამ ამ უფლებას მხოლოდ მას შემდეგ გამოიყენებს, თუ ბათუმის მერია „დინამოს“ აჭარის მთავრობას გადასცემს.

როდის გამოაცხადებს ბათუმის მერია აუქციონს, ამ კითხვაზე მერიაში ზუსტი პასუხი არ აქვთ. უწყებაში თქვეს, რომ „როცა გამოცხადდება, იქნება საჯარო“.

ბათუმის „დინამოს“ გაყიდვის საკითხი 2012 წელსაც განიხილებოდა. მაშინ უკრაინული მედია წერდა, რომ ბათუმის საფეხბურთო კლუბით უკრაინელი მილიარდერი, ლვოვის „კარპატის” ყოფილი მფლობელი, პიოტრ დიმინსკი იყო დაინტერესებული, რომლის ქონება 3 მლრდ დოლარადაა შეფასებული. თუმცა კლუბი არ გაყიდულა.

საფეხბურთო კლუბი „დინამო ბათუმი“ 1923 წელს შეიქმნა.

 

მთავარი ფოტო ბათუმის “დინამოს” ფეისბუქგვერდიდან. 

შაბათ-კვირას აჭარაში გამოიდარებს – ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის სინოპტიკოსთა ინფორმაციით, შაბათ-კვირას, 20-21 იანვარს, აჭარაში გამოიდარებს და უნალექო ამინდი იქნება. ზღვა დამშვიდდება და ჰაერი სანაპირო რაიონებში 13-15 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 6 -7 გრადუსი დაფიქსირდება.

აჭარის მთიანეთში ბოლო დღეებში თოვდა, თუმცა შაბათ-კვირას გამოიდარებს. მოსალოდნელია დღისით +5, ღამით კი -5 გრადუსი ყინვა. ორშაბათსაც უმეტესად უნალექო იქნება აჭარის სანაპირო რაიონებსა და მთაში. იქროლებს სამხრეთ-დასავლეთის მიმართულების სუსტი ქარი, 5-10 მეტრი წამში.

 

მშენებელი ბათუმში ისტორიული სახლის დემონტაჟზე თანხმობას ითხოვს

ბათუმში, ფარნავაზ მეფის #65-ში, შპს „აჭარა დეველოპმენტი“ ისტორიული სახლის დემონტაჟის ხარჯზე ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობას გეგმავს. სახლი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი არ არის, თუმცა ძეგლის დაცვის ზონაშია.

მშენებლობის მსურველმა კომპანიამ მშენებლობაზე თანხმობის მისაღებად აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ზონალურ საბჭოს მიმართა. სააგენტოს ეს პროექტი საბჭოს მომავალი სხდომის დღის წესრიგში აქვს შეტანილი.

„ბათუმელები“ ისტორიულ სახლში მცხოვრებლებს ესაუბრა, მათ არ აქვთ ინფორმაცია იმაზე, რომ „აჭარა დეველოპმენტი“ მათი საცხოვრებლის ადგილზე ახალი სახლის მშენებლობას გეგმავს და ამის თაობაზე შესაბამის სტრუქტურებსაც მიმართა ნებართვის მისაღებად.

„ჩვენთან ბევრი კომპანიის წარმომადგენელი იყო მოსული, ას კვადრატზე დამატებით ასი კვადრატიც შემოგვთავაზეს, მაგრამ ზოგიერთ მეზობელთან მაინც ვერ შეთანხმდნენ. ჩვენ მომხრე ვართ, რომ ახალი აშენდეს, რადგან სახლი ცუდ მდგომარეობაშია, ამორტიზებულია საერთო სარგებლობაში არსებული დერეფანი და ჩვენ მისი გარემონტების საშუალება არ გვაქვს,“ – გვითხრა სვეტლანა აფხაზავამ. მისივე თქმით, სახლი, რომელშიც ის ცხოვრობს, ერთი საუკუნის წინ არის აშენებული.

იგივე გვითხრა აქ მცხოვრებმა ნონა გიგინეიშვილმაც.

პროექტთან დაკავშირებულ კითხვებს „აჭარა დეველოპმენტში“ დღეს არ უპასუხეს. „არ გაგიგიათ, რომ დღეს დღესასწაულია? – ხვალ მოდით ოფისში და გიპასუხებთ,“ – გვითხრა კომპანიის  წარმომადგენელმა, გელა გაბაიძემ.

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მიერ მოწოდებული რენდერის მიხედვით, ინვესტორი ისტორიული სახლის ადგილზე შვიდსართულიანი, მრავალბინიანი სახლის მშენებლობას გეგმავს.

 

მახუნცეთში, თამარის ხიდის მიმდებარე ტერიტორიის მოწყობაში 90 ათასამდე ლარი დაიხარჯება

მახუნცეთში, თამარის ხიდის მიმდებარე ტერიტორიის მოსაწყობად ქედის მერია წელს 62 897 ლარის დახარჯვას გეგმავს. სამუშაოების შესყიდვაზე მერიამ ტენდერი გუშინ, 18 იანვარს გამოაცხადა. სატნდერო პირობით, თამარის ხიდის მიმდებარედ გარე განათება, რკინა-ბეტონის ბილიკი, პანდუსი და მოაჯირები უნდა მოეწყოს, ბილიკის ბოლოს კი გრუნტზე ქვიშა-ხრეშოვანი ნარევი უნდა დაიყაროს.

კეთილმოწყობის სამუშაოებისთვის 62 897 ლარზე გამოცხადებული ტენდერი 8 თებერვალს დასრულდება, სამუშაოები კი პირველ მარტამდე უნდა დაიწყოს.

წელს მახუნცეთში, თამარ მეფის ხიდთან, სველი წერტილის მოწყობაც არის დაგეგმილი, რისთვისაც ელექტრონული ტენდერი მერიამ გასული წლის დეკემბერში გამოაცხადა. სველი წერტილის მოსაწყობად მერიამ ხელშეკრულება შპს „ზადუსთან“ გასული წლის დეკემბერში 25 499 ლარსა და 91 თეთრზე გააფორმა.

 

ძველ ბათუმში აჭარის მთავრობა 232 კვ/მ არასაცხოვრებელ ფართობს ყიდის

აჭარის მთავრობა ძველ ბათუმში, ელიავას ქუჩაზე, N4-ში [აჭარის ყოფილი შს სამინისტროს შენობის უკან] მდებარე სამ არასაცხოვრებელ ფართობს ყიდის. არასაცხოვრებელი ფართობები ჯამში 232,5 კვ/მეტრია.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ქონების გაყიდვაზე აუქციონი გამოცხადებული აქვს. საწყისი გასაყიდი ფასი 255 ათასი ლარია, ბიჯი – 5 ათასი. ქონება პირობებით იყიდება.

აუქციონის პირობების მიხედვით, მყიდველმა:

[checklist]

  • ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 თვის ვადაში, სამინისტროში შესათანხმებლად უნდა წარადგინოს საპროექტო ობიექტის ვიზუალური ესკიზი (ფასადის ხედი)
  • ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 თვის ვადაში, უნდა დაიწყოს საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტის შენობისთვის შესაბამისი სარემონტო სამუშაოები და არაუგვიანეს 18 თვის ვადაში უნდა დაასრულოს
  • ხელშეკრულების გაფორმებიდან 24 თვის ვადაში, უნდა აამოქმედოს საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტი და პროექტის ფარგლებში განახორციელოს 300 ათასი ლარის ინვესტიცია
  • საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში არანაკლებ 7 მოქალაქის დასაქმება

[/checklist]

ელექტრონული აუქციონი 2018 წლის 9 იანვარს დაიწყო და 23 იანვარს დასრულდება.

შენობა, სდაც აუქციონზე გატანილი ფართობებია განთავსებული / ბათუმი / ფოტო აუქციონის ვებგვერდიდან

მიკროავტობუსით მგზავრობა ბათუმში თებერვლიდან 50 თეთრი იქნება – საკრებულოს გადაწყვეტილება

ბათუმის საკრებულოს მიერ 18 იანვარს სხდომაზე მიღებული განკარგულებით, ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში Mკატეგორიის [სამარშრუტო მიკროავტობუსი] ავტობუსით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ტარიფი 50 თეთრით განისაზღვრა. განკარგულება ძალაში 2018 წლის პირველი თებერვლიდან შევა, შესაბამისად ბათუმის ტერიტორიაზე სამარშრუტო მიკროავტობუსებით მგზავრობა 40 თეთრის ნაცვლად 50 თეთრი იქნება.

მგზავრობის ტარიფის გაძვირება სატრანსპორტო კომპანიების მოთხოვნა იყო. საკრებულოს სხდომამდე ბათუმის საკრებულოს დარგობრივმა კომისიებმა განხილვის შედეგად დაადგინეს, რომ ამ კომპანიების მოთხოვნა საფუძვლიანია.

მგზავრობის საფასური სატრანსპორტო კომპანიებმა ახალი წლის დღეებში გაზარდეს 10 თეთრით. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ძალაში ისევ ძველი ტარიფი დარჩა იმ პირობით, რომ საკრებულო განიხილავდა ამ საკითხს.

ბათუმის საკრებულომ 18 იანვრის სხდომაზე ბათუმის საკრებულოსა და მერიაში დასაქმებულთა თანამდებობრივი სარგოებიც [ხელფასის ოდენობა] დაამტკიცა.

უბანი გზის გარეშე

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ქოსოფელში, დუმბაძეების უბანში მცხოვრები ოჯახები გარე სამყაროს საცალფეხო ბილიკითა და მდინარე აჭარისწყალზე არსებული ბაგირის ხიდით უკავშირდებიან. როცა მდინარეში წყალი მატულობს, მდინარის კალაპოტიდან წყალი გადმოდის და ბაგირის ხიდამდე მისასვლელ ტერიტორიას ტბორავს.

დუმბაძეების უბანთან დასაკავშირებლად არის შემოვლითი გზაც, რომელიც იმდენად არის მწყობრიდან გამოსული, რომ მაღალი გამავლობის ავტომობილიც კი ვერ გადაადგილდება. ეს გზა გასულ საუკუნეშია გაკეთებული, როდესაც დუმბაძეების უბნის მიმდებარედ ჩაის პლანტაციები იყო გაშენებული.

ქედის მერიის ინფორმაციით, მერია დუმბაძეების უბანთან დასაკავშირებლად ახალ გზას აშენებს – სოფელ ჭალახმელადან.

ქედის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის, სულიკო ბოლქვაძის თქმით, პირველ ეტაპზე გრუნტის გზა მოეწყობა, დაახლოებით სამი კილომეტრი გზა გაიჭრება და საცხოვრებელ სახლებამდე მსუბუქი ავტომობილი რამდენიმე თვეში ათეული წლების შემდეგ ისევ მივა.

„გზის მშენებლობა დაწყებულია, დაახლოებით სამი კილომეტრი ახალი გზა გავა. რაც შეეხება შემოვლით გზას, რომელიც წლების წინ გაკეთდა და რომელზეც გადაადგილებას მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილი თუ შეძლებს, მეწყერი ხშირად ვითარდება და გზას კეტავს, შესაბამისად, ამ გზის მოწესრიგება არახელსაყრელი იყო. ახალი გზა მაისამდე გაიხსნება, ამ გზით ის ადამიანებიც ისარგებლებენ, რომლებსაც იმ ტერიტორიაზე სავარგულები აქვთ და იმის გამო, რომ ავტომობილი ვერ გადაადგილდებოდა, არ ამუშავებდნენ,“ – ამბობს სულიკო ბოლქვაძე.

ახალი გზის მშენებლობისთვის ქედის მერიას 65 643 ლარი აქვს გამოყოფილი და ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულებაც დადებულია.

ბაგირის ხიდთან მისასვლელი გზა ქოსოფელში
ბაგირის ხიდი ქოსოფელში დუმბაძეების უბანთან დასაკავშირებლად ერთადერთი საშუალებაა.

სარფში ნარკოტიკული საშუალებები აღმოაჩინეს

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 17 იანვარს, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, სამსახურეობრივი ძაღლის დახმარებით, საქართველოს მოქალაქის გ.ნ-ს, მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის  დათვალიერებისას,  მარიხუანა (0,723 გრ.)  და შავი კანაფის ფისი (0,107 გრ.) გამოვლინდა. მებაჟე-ოფიცრებმა, ასევე აღმოაჩინეს 2 ფირფიტა ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი (FENTANYL 0,0192 გრამის შემცველობის).

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით,  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს  აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონულ სამმართველოს გადაეცა.

ნათლისღება ბათუმში

მართლმადიდებელი ეკლესია 19 იანვარს ნათლისღებას აღნიშნავს. დღესასწაული, რომელსაც ქრისტიანები დღეს აღნიშნავენ, სახარების მიხედვით ერთ-ერთი უმთავრესი საიდუმლოა. სრულდება წყლის კურთხევის მსახურება-დიდი აიაზმა და მორწმუნეები მთელი წლის განმავლობაში ინახავენ ნაკურთხ წყალს.

დღესასწაული, სახარების მიხედვით, მდინარე იორდანეში იოანე ნათლისმცემლის მიერ ქრისტეს მონათვლას უკავშირდება. წყალში განბანვის ტრადიციული რიტუალი ამ გადმოცემის სიმბოლური განმეორებაა. ბათუმში მრევლი ნათლისღების დღესასწაულს ზღვაში განბანვით ხვდება, დღესასწაულის ღამეს სანაპირო სავსეა ხალხით. ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში კი ამ წუთებში საზეიმო წირვა-ლოცვა მიმდინარეობს.

ფოტო: ბათუმელები 

ფოტო: ბათუმელები
ფოტო: ბათუმელები
ფოტო: ბათუმელები
ფოტო: ბათუმელები
ფოტო: ბათუმელები
ფოტო: ბათუმელები
ფოტო: ბათუმელები

რამდენით გაიზარდა ხელფასები ქედაში

ქედის საკრებულოსა და მერიაში დასაქმებულ თანამშრომლებს სახელფასო სარგო გაეზარდათ. თანამდებობრივი სარგოს ცვლილება ქედის საკრებულომ დღეს, 18 იანვარს, რიგგარეშე სხდომაზე დაამტკიცა.

ქედის საკრებულოს თავმჯდომარე ყოველთვიურად ხელფასის სახით 3 500 ლარს, მოადგილე კი – 2 200 ლარს აიღებს. საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების თავმჯდომარეები – 1 700, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეები კი – 1200 ლარს აიღებენ.

თანამდებობრივი სარგო გაეზარდათ საკრებულოს რიგით წევრებსაც, ისინი 497 ლარის ნაცვლად 525 ლარს აიღებენ. საკრებულოს აპარატის უფროსის სახელფასო სარგო – 1 500, პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ხელფასი კი 900 ლარია.

რაც შეეხება მერიას, ქედის მერის ხელფასი – 3 500, მერის პირველი მოადგილის – 2 200, მოადგილისა კი  1800 ლარია. მერიის პირველი რანგის თანამშრომლის ანაზღაურება 1 500, მეორე რანგის – 1 200 და მესამე რანგის თანამშრომლის ხელფასი 800 ლარით განისაზღვრა.

ქედის საკრებულოს თავმჯდომარე, შუქრი თურმანიძე ამბობს, რომ თანამშრომლები დანამატს ვეღარ მიიღებენ და ხელფასის ზრდაც ამან განაპირობა.

„ერთიანი თანამდებობრივი სარგო ჩამოყალიბდა, დანამატი, პრემია აღარ იქნება და განსაკუთრებულად შესრულებული სამუშაოსთვის მხოლოდ ფულადი ჯილდო იქნება. თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრა გასული წლის შემოსავლიდან შრომის ანაზღაურების ნაწილის საშუალო მაჩვენებლიდან მოხდა თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრა, თანამდებობის პირთა ანაზღაურებასთან ერთად შეიცვალა რიგითი დეპუტატების უფლებამოსილების განხორციელებისთვის ანაზღაურება. ჩემი ხელფასის ზრდა უმნიშვნელოა, გასულ წელს ჩემი ანაზღაურება დანამატთან ერთად თვეში 3 000 ლარზე მეტი იყო, დღევანდელი გადაწყვეტილებით ჩემი ხელფასი კი 3 500 ლარით განისაზღვრა. რაც შეეხება საკრებულოს რიგით წევრებს, მათი ანაზღაურება განისაზღვრება საკრებულოს თავმჯდომარის ხელფასის შესაბამისად, მათ შეიძლება ჰქონდეთ საკრებულოს თავმჯდომარის ხელფასის არაუმეტეს 15 %, შესაბამისად განვსაზღვრეთ მათი ხელფასი,“ – ამბობს შუქრი თურმანიძე.

მსოფლიოს საიდუმლო ბიბლიოთეკები

               დამასკოს ბიბლიოთეკა

სირიაში, დამასკოს ქუჩების მიწისქვეშეთში, ინახება წიგნები, რომლებიც ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გადაურჩა. მოხალისეებმა სახლებში 14 000 წიგნი შეაგროვეს და მიწისქვეშა ბიბლიოთეკაში გადაინახეს, სადაც საიდუმლო წიგნები საუკუნეების განმავლობაში ინახებოდა. მიწის ქვეშ დაცულ ბიბლიოთეკაში   რომ მოხვდე, ტყვიების ზუზუნში უნდა გააღწიო.

ამ ადგილს სირიის საიდუმლო ბიბლიოთეკას ეძახიან და მიიჩნევა, რომ იქ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რესურსი ინახება.

რელიგიური და პოლიტიკური ზეგავლენით ბიბლიოთეკები და წიგნების კერძო კოლექციები საუკუნეების განმავლობაში იყო დალუქული და აკრძალული.

             ჩინეთის ბიბლიოთეკის მღვიმე

ჩინეთში, უდაბნო გობის მხარეში მდებარე ბუდისტური სალოცავი გამოქვაბულების ნაწილი, რომელსაც დუნხუანში „ათასი ბუდას მღვიმეს“ ეძახიან, თითქმის ათასი წლის განმავლობაში იყო დალუქული. 1900 წელს გამოქვაბულის არაოფიციალურმა მცველმა, დაოსელმა ბერმა, ვან უანლუმ, ფარული კარი აღმოაჩინა, რომელიც ხელნაწერებით სავსე ოთახში გადიოდა. კოლექცია მე-11 საუკუნის პირველი მეოთხედთ იყო დათარიღებული.

ვან უანლუმ ამის შესახებ ადგილობრივ ხელისუფლებას აცნობა, მაგრამ მათ ბერის მონათხრობისთვის დიდი ყურადღება არ მიუქცევიათ მანამ, სანამ გამოქვაბულის ამბები არ გავრცელდა. აურელ შტაინმა – მკვლევარმა უნგრეთიდან, ხელისუფლება დაარწმუნა, რომ გაეყიდათ 10 000 ხელნაწერი. პროცესში ჩართული იყო დელეგაცია საფრანგეთიდან, რუსეთიდან და იაპონიიდან. გაყიდვის შემდეგ ხელნაწერთა თავდაპირველი საცავიდან დოკუმენტების მხოლოდ მეხუთედი დარჩა პეკინში.

ხელნაწერების ციფრული ვერსიების შექმნა 1994 წელს დაიწყო ბრიტანეთის ბიბლიოთეკის საერთაშორისო პროექტის Dunhuang-ის ფარგლებში. ტექსტების ნაწილი რელიგიური ხასიათისაა, აქ ნახავთ ასევე ნახატების სახით ჩაწერილ კონტრაქტებს მონათა ყიდვა-გაყიდვის შესახებ, თურქული რუნებით გადმოცემულ წინასწარმეტყველებებს და ა.შ.

არავინ იცის, რატომ იყო დალუქული წიგნთსაცავი. მკვლევარი შტეინი ირწმუნებოდა, რომ ეს იყო იმ ხელნაწერთა დაცვის ფორმა, რომლებიც აღარ გამოიყენებოდა, მაგრამ გადაყრა არ შეიძლებოდა. ჩინელი მეცნიერი რონგ სინცზიანი კი მიიჩნევს, რომ ბიბლიოთეკა კარახანიდების სახელმწიფოს შემოსევის შიშით დალუქეს, რაც არ მომხდარა.

როგორი მიზეზითაც უნდა დაელუქათ ბიბლიოთეკა, შიგ დაცული მასალები ცვლის ისტორიას: დუნხუანის  ერთ-ერთი წიგნი, მნიშვნელოვანი ბუდისტური ტექსტი „ალმასის სუტრა“, ბრიტანული ბიბლიოთეკის მონაცემებით, 868 წლით თარიღდება და უკვე მსოფლიოში ყველაზე პირველ ნაბეჭდ წიგნად მიიჩნევა.

       ვატიკანის საიდუმლო ბიბლიოთეკა

შემდეგი საიდუმლო ბიბლიოთეკის შექმნის თარიღი ცნობილია: ვატიკანის საიდუმლო არქივი 1612 წლით თარიღდება. ამ ბიბლიოთეკის თემა ფიგურირებს დენ ბრაუნის რომანში „ანგელოზები და დემონები“. გადმოცემებით არქივში ინახება იესოს წარმომავლობის დოკუმენტაცია და დროის მანქანის შესახებ ცნობები, რომელიც თითქოს ბენედიქტელმა ბერებმა გამოიგონეს.

საიდუმლო ბიბლიოთეკის შესახებ მოარული  მითების დასამსხვრევად რომის კაპიტოლიუმში ბიბლიოთეკის არქივის გამოფენა მოეწყო. პაპმა ლეო მეცამეტემ 1881 წელსაც დართო ნება მეცნიერებს დაეთვალიერებინათ ბიბლიოთეკა, თუმცა დოკუმენტების შესწავლა არ იყო ნებადართული.

მეცნიერებს ეკრძალებოდათ რომის პაპებთან დაკავშირებული მასალების შესწავლა. დღემდე დალუქულია 1922 წლიდან შენახული არქივი, რომელიც კარდინალების პირად საქმეებს ეხება.

საიდუმლო ბიბლიოთეკა ქვითკირის კარგად დაცულ ბუნკერშია განთავსებული, წმინდა პეტრეს ბაზილიკის ერთ-ერთ ნაწილში. არქივებს კარგად შეიარაღებული გვარდიელები, ოფიცრები და ვატიკანის პოლიცია ერთად იცავს.

ბიბლიოთეკაში დაცული და აკრძალული დოკუმენტების სიაშია ოფიციალურ ვატიკანსა და ისეთ ადამიანებს შორის მიმოწერები, როგორიცაა მოცარტი, ერაზმუს როტერდამელი, კარლოს დიდი, ვოლტერი და ადოლფ ჰიტლერი. აქვე ინახება ერესში მხილებული გალილეო გალილეის სასამართლო პროცესის ხელნაწერი სტენოგრამა და მიქელანჯელოს წერილი, რომელიც ვატიკანისგან სიქსტეს კაპელის მოხატვისთვის კუთვნილ ანაზღაურებას ითხოვს.

        ძველი ეგვიპტის ებრაული ბიბლიოთეკა

ასწლეულობით იყო მივიწყებული ეგვიპტეში ძველი კაიროს (ფუსტატის) ბიბლიოთეკა მანამ, სანამ მის შესახებ რუმინელმა ებრაელმა ჯეიკობ საფირმა არ შეიტყო და აღწერა წიგნში 1874 წელს.

ბენ ეზრას სინაგოგის კედლებში დამალული  280 000 ებრაული მანუსკრიპტის საცავი „კაირო გენიზას“ სახელითაა ცნობილი. სიტყვა „გენიზა“ ძველი ივრითულიდან მოდის და თავდაპირველად დამალვას ნიშნავდა, მოგვიანებით კი არქივის მნიშვნელობითაც გამოიყენებდნენ. 1000 წლის განმავლობაში ძველ ეგვიპტეში, ფუსტატში მცხოვრები ებრაელები ტექსტებს მათთვის წმინდა ადგილზე ინახავდნენ. ნიუ-იორკერის მიხედვით კაირო გენიზა მანუსკრიპტების ხელუხლებელი არქივია, რომელიც ინახავს ეგვიპტეში მცხოვრები ებრაელების შესახებ ცნობებს მე-9-დან მე-19 საუკუნემდე. ეს ერთადერთი არქივია მსოფლიოში, რომელიც უწყვეტად აღწერს ეგვიპტეში ებრაელთა ცხოვრების ათასწლეულს.

კაირო გენიზას მასალების დიდი ნაწილი კემბრიჯის ბიბლიოთეკაშია დაცული, ნაწილი კი – ებრაულ თეოლოგიურ სასწავლებელში.

კემბრიჯში კაირო გენიზას კვლევის ზედამხედველი, ბენ აუტვაითი, ნიუ-იორკერთან საუბრისას აღნიშნავს, რომ მასალების მიხედვით შუასაუკუნეების ებრაელ ვაჭრებს მჭიდრო კავშირი ჰქონდათ ქრისტიანებთან, მუსლიმებთან და ნაკლებად იყო გავრცელებული ანტისემიტიზმი.

2013 წელს შეიქმნა ოქსფორდისა და კემბრიჯის გაერთიანებული სამუშაო ჯგუფი, უნიკალური არქივის დაუზიანებლად შენახვა-შესწავლისთვის.

წყარო: The New YorkerBBCThe Telegraph

ბათუმის საკრებულოს სხდომაზე 21 საკითხი განიხილეს

ბათუმის საკრებულოში მორიგი სხდომა გაიმართა, რომელზეც საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ 21 საკითხზე იმსჯელეს.

საკრებულოს წევრთა გადაწყვეტილებით, ბათუმში, ლადო ასათიანის ქ.N27-ში მიმდებარე მიწის ნაკვეთის (9450 კვ/მ) კეთილმოწყობის სამუშაოები განხორციელდება, რომლის დაფინანსებისთვის საჭირო სახსრები, 1,144,709 ლარის ოდენობით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოიყოფა.

ბათუმის საკრებულოს საფინანსო და ეკონომიკური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიების გაერთიანებული სხდომა
ბათუმის საკრებულოს საფინანსო და ეკონომიკური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების  კომისიების გაერთიანებული სხდომა

ცვლილება  შევიდა  სპეციალური (ზონალური) შეთანხმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების წესში და იგი ახლებური ფორმით ჩამოყალიბდა. კერძოდ: ახალი წესის შესაბამისად, კონკრეტული მიწის ნაკვეთიისთვის განსაზღვრული სპეციალური (ზონალური) შეთანხმების კ2 კოეფიციენტის მნიშვნელობის გაზრდის თაობაზე ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო – ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერი გადაწყვეტილებას მიიღებს არა დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა კომისიის (საბჭო) წარდგინების საფუძველზე, არამედ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის წერილობითი დასკვნის საფუძველზე.

ცვლილებით, ასევე, განისაზღვრა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის მიერ კონკრეტული მიწის ნაკვეთისთვის განსაზღვრული სპეციალური (ზონალური) შეთანხმების კ2 კოეფიციენტის მნიშვნელობის გაზრდის თაობაზე წერილობითი დასკვნის წარდგენის ვადა და პირობები.

ბათუმის საკრებულოს მორიგი სხდომა
ბათუმის საკრებულოს მორიგი სხდომა

საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხე-მცენარეების გადაბელვის ან/და ჭრის შედეგად დარჩენილი საშეშე მასალით სოციალურად დაუცველი მოსახლეობის უზრუნველყოფისათვის გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საკრებულოს განკარგულების პროექტს, რომლის მიხედვითაც გაუქმდა საკრებულოს 2017 წლის 29 სექტემბრის N56-ე განკარგულება და ამავე განკარგულებით შექმნილი კომისიის ფუნქციები გადაეცა ქ. ბათუმის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურს.

საკრებულოს წევრებმა ხმათა უმრავლესობით თანხმობა მისცეს ქალაქ ბათუმის მერს ა(ა)იპ „ბათუმის ავტოდრომის“ ლიკვიდაციის თაობაზე, ამასთან, „ბათუმის ავტოდრომის“ ფუნქცია-მოვალეობები ა(ა)იპ „ბათუმის სპორტულ ცენტრს“ გადაეცა. მერს, ასევე, თანხმობა მიეცა, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით მოახდინოს ა(ა)იპ „სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს“ ლიკვიდაცია და ამ მიზნით განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები.

ამასთანავე, ა(ა)იპ „სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს“ ლიკვიდაციისა და მისი ფუნქცია-მოვალეობების შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტისთვის“ გადაცემის საკითხიდან გამომდინარე, მოქმედ კანონმდებლობასთან და შეცვლილ გარემოებებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, სათანადო ტექნიკური ცვლილებები შევიდა საკრებულოს რამდენიმე დადგენილებაში.

ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა
ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა

სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ბათუმის მერს მიეცა თანხმობა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული, ქ. ბათუმში, ერას მოედნის მიმდებარედ არსებული 142,00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშულების მიწის ნაკვეთის შპს „თ და კ რესტორნებისთვის“ პირდაპირი განკარგვის წესით, 20 წლის ვადით, იჯარის ფორმით სარგებლობაში გადაცემის თაობაზე, აღნიშნულ ტერიტორიაზე ევროპული სტანდარტების ტერასის მოსაწყობად. განკარგულების პროექტის მიხედვით, მითითებული უძრავი ქონების წლიური საიჯარო ქირა განისაზღვრა 15500,00 ლარის ოდენობით.

სხდომაზე დამტკიცდა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოში პოლიტიკური თანამდებობის პირების, პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობრივი სარგოები და საშტატო ნუსხა, ასევე, განისაზღვრა ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის შეზღუდვიდან გამონაკლისის დაშვების საკითხი და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა.

საკრებულომ, ასევე, დაამტკიცა საკრებულოსთან არსებული გენდერული თანასწორობის საბჭოს 2018 წლის სამოქმედო გეგმა.

ბათუმის საკრებულოს წევრთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით, ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში M2 კატეგორიის (სამარშრუტო მიკროავტობუსი) ავტობუსით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ტარიფი 0,5 ლარით განისაზღვრა. განკარგულების მიხედვით, აღნიშნული ტარიფი ძალაში 2018 წლის პირველი თებერვლიდან შევა.

სხდომას, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე უძღვებოდა, ბათუმის მერიის სამსახურების, არასამთავრობო სექტორისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ასლან აბაშიძის ოჯახმა ვაჟა-ფშაველას #16-ში ბინა იყიდა და სამუშაოებს უნებართვოდ ატარებს

ასლან აბაშიძის შვილის ოჯახი, კონკრეტულად გიორგი აბაშიძის მეუღლე, სალომე ბაჯელიძე, ბათუმში შეძენილი ბინის გარე ფასადზე სამუშაოებს ატარებს. როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, ის ამას უნებართვოდ აკეთებს. სალომე ბაჯელიძის 254 კვადრატული მეტრი ბინა ბათუმის ცენტრალურ უბანში მდებარეობს. კორპუსში, სადაც სალომე ბაჯელიძეს ბინა აქვს ნაყიდი, 1 კვადრატული მეტრი კარკასის ფასი 800 დოლარია. შენობის მეათე, ბოლო სართულზე ბინა კომპანია „დს გრუპმა“ გაყიდა.

რის საფუძველზე ატარებს სალომე ბაჯელიძე სამუშაოებს? – მერიაში გვითხრეს, რომ უწყებას არც დაშენების და არც სხვა რაიმე ტიპის სამუშაოებზე ნებართვა არ გაუცია. ბათუმის არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელი [მოვალეობის შემსრულებელი] მირიან მეტრეველი ადასტურებს, რომ კომპანია დს ჯგუფის მიერ „შემოტანილი იყო განცხადება, მაგრამ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ ასახავდა მიმდინარე სამუშაოებს, არსებულ მდგომარეობს“.

არსებული მდგომარეობა კი არის ის, რომ გიორგი აბაშიძის მეუღლეს უკვე მოწყობილი აქვს ახალი სახურავი. ამ ეზოში ამბობენ, რომ ოჯახი ყრუ კედლიდან ფანჯრების გაჭრასაც გეგმავს.

კორპუსი, რომელიც დღეს 10-სართულიანია, თავდაპირველი გეგმით სულაც არ უნდა ყოფილიყო ამ მასშტაბის – პროექტის პირვანდელი ვერსიით სახლი 7-სართულიანი უნდა ყოფილიყო. პროექტი შეიცვალა, ბათუმის მერიამ ეტაპობრივად გასცა სართულების დამატების ნებართვა და ასე გაიზარდა კორპუსი 10 სართულამდე.

თუ სალომე ბაჯელიძის მიერ ჩატარებული სამუშაოებით ვიმსჯელებთ, არ არის გამორიცხული კორპუსი სიმაღლეში კიდევ გაიზარდოს.

კორპუსი ააშენა კომპანია „დს გრუპმა“, რომლის 100% წილის მფლობელი რუსეთში მცხოვრები ბიზნესმენი ბენია დავიდოვია.

კორპუსი, სადაც გიორგი აბაშიძის მეუღლე სამუშაოებს უნებართვოდ ატარებს.

გოდერძიზე საავტომობილო გზა ჩაიკეტა – ტურისტებს სპეციალური ტრანსპორტი ემსახურება 

ხულოს მერის, გოჩა მელაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის საავტომობილო მიმოსვლა ბათუმიდან ხულოს მიმართულებით მხოლოდ სამთო-სათხილამურო კურორტ გოდერძიმდეა შესაძლებელი. რაც შეეხება გოდერძის უღელტეხილიდან ზარზმის მიმართულებით არსებულ საავტომობილო გზას – ჩაკეტილია. ზარზმის მიმართულებით და პირიქით, ტურისტებს სპეციალური თოვლმავალი ემსახურება.

„გოდერის უღელტეხილიდან ზარზმის მიმართულებთ გზა ჩაკეტილია, თოვლის საფარი კი 2-3 მეტრს აღწევს. ბათუმიდან კურორტ გოდერძიმდე ავტომობილები შეუფერხებლად გადაადგილდება, კურორტს კი თავისი მუხლუხებიანი სპეციალური ავტომობილი აქვს, რომლითაც ადიგენის სოფელ უტყისუბნიდან – ტურისტები ყოველდღიურად გადმოჰყავს,“ – ამბობს გოჩა მელაძე.

კურორტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ თოვლმავალი, რომელიც ერთდროულად 12 მგზავრს იტევს, ყოველდღიურად ასრულებს რეისს კურორტ გოდერძსა და სოფელ უტყისუბანს შორის: „მაგრამ როცა მოთხოვნა მეტია, უფრო მეტ რეისს ასრულებს საჭიროებისამებრ“.

გოჩა მელაძის თქმით, სოფელ უტყისუბნიდან გოდერძის უღელტეხლამდე გზის მონაკვეთი, რომელიც ზამთარში იკეტება, დაახლოებით 17 კილომეტრია, გზის გახსნას კი, ხულოს მერი ადრე გაზაფხულზე ვარაუდობს: „გაზაფულზე იწყება ხულო-გოდერძი, გოდერძი-ზარზმის გზის მშენებლობა, შესაბამისად,  გზა ადრე გაზაფხლზე გაიხსნება.“

კურორტი გოდერძი / გიორგი ნაკაშიძის ფოტო

ნგრევა გრძელდება – ამჯერად ისტორიული სახლი ფარნავაზ მეფის #52-ში

ბათუმში, ფარნავაზ მეფის 52-ში, ისტორიულ სახლს ანგრევენ. მე-19 საუკუნეში აშენებული სახლისთვის ბათუმის ძველ უბანში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ძეგლის სტატუსი არ მიუნიჭებია.

ისტორიული სახლის დემონტაჟს კომპანია „ტვიქს ჰაუსი“ ახორციელებს. კომპანიის დამფუძნებელმა, მინდია დავითაძემ, „ბათუმელებს“ უთხრა, რომ იგივე კომპანია ამ ადგილას შვიდსართულიან საცხოვრებელ კორპუსს ააშენებს.

„დემონტაჟისა და ახალი მშენებლობის ნებართვაც მერიამ გასული წლის 3 ნოემბერს მოგვცა. სახლს ძეგლის სტატუსი არ აქვს,“ – ამბობს მინდია დავითაძე.

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი, ლაშა ასლანიშვილი ადასტურებს, რომ ისტორიულ სახლს ძეგლის სტატუსი არ ჰქონდა. რატომ არ მიანიჭა სააგენტომ ისტორიულ სახლს ძეგლის სტატუსი? – ლაშა ასლანიშვილმა გვითხრა, რომ არკვევს, იყო თუ არა გაცემული რეკომენდაცია ამ სახლისთვის სტატუსის მინიჭების თაობაზე.

 

Спасибо за внимание – ბათუმის ავტოტრანსპორტი მომხმარებელს მადლობას მხოლოდ რუსულად უხდის

“ბათუმის ავტოტრანსპორტის” ცხელ ხაზზე, +995 422 24 76 76 დილის საათებში ან გვიან საღამოს თუ დარეკავთ, რამდენიმეწამიანი ზუმერის შემდეგ ავტომოპასუხე ირთვება, რომელიც რუსულად გეუბნება – Спасибо за внимание, მადლობა ყურადღებისთვის. ავტომოპასუხე მომხმარებელს არც ქართულ ენაზე აწვდის ინფორმაციას და არც სხვა რომელიმე ენაზე.

“ბათუმელები” განმარტებისთვის ბათუმის ავტოტრანსპორტს დაუკავშირდა. ავტოტრანსპორტში გვითხრეს, რომ ტექნიკური ხარვეზია და გამოასწორებენ.

“ეტყობა ტექნიკურადაა გაპარული შეცდომა. ჩვენ შემოწმებული გვქონდა და მასეთ პასუხს არ იძლეოდა. ჩვენ გვსურდა, როდესაც მოქალაქე დარეკავდა და დაკავება იქნებოდა, დალოდების რეჟიმში ავტომოპასუხეს ქართულად ეთქვა, რომ დალოდებოდა ოპერატორს. სამი ოპერატორი მუშაობს, ერთდროულად სამი მოქალაქის ზარს შეგვიძლია ვუპასუხოთ. Спасибо за внимание-ს რატომ ამბობს, არ ვიცი. აუცილებლად გადავამოწმებთ და შევცვლით,  ტექნიკური პრობლემაა, თორემ მაგას როგორ დავაყენებდით,” – უთხრა “ბათუმელებს” ბათუმის ავტოტრანსპორტის მარკეტინგის განყოფილების უფროსმა, ბესო დათიაშვილმა.

შპს “ბათუმის ავტოტრანსპორტი” ბათუმის მერიის მიერ არის დაფუძნებული. კომპანიას 16 საქალაქო და 6 საგარეუბნო მარშრუტზე გადაჰყავს მგზავრები.

 

ვის შეხვდება იაფი სახლი – კრიტერიუმები საიდუმლოა, ბინების რაოდენობა – უცნობი: მერიის ტენდერი

ბათუმში, ჯავახიშვილის #78ა-ში, სადაც ე.წ. იაფი სახლი უნდა აშენებულიყო, მერიამ ორი ხუთსართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობაზე ახალი ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის ღირებულება 2 მილიონ 478 000 ლარია. ადრე იმავე სამუშაოების შესყიდვისთვის მერიამ ხუთი მილიონი ლარი გაითვალისწინა, ერთი ხუთსართულიანი სახლისთვის. მაშინ ტენდერში გამარჯვებული კომპანია გაუჩინარდა.

ახალი სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, დაგეგმილი მშენებლობის ფართობი უნდა იყოს 633,50 მ2. ტენდერის მიხედვით ჩანს, რომ ამ თანხაში მერია ითხოვს როგორც ორივე სახლის, ისე ეზოს კეთილმოწყობას. კორპუსებში ბინების საერთო რაოდენობის შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, მერიიდან ვერ მოგვაწოდეს.

სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, აშენების გარდა „ფასადის ღიობებში მოეწყობა მეტალოპლასტმასის მასალისაგან დამზადებული კარ-ფანჯრები ე.წ. „ევროგაღების“ მექანიზმით, ბინაში ოთახებში გასასვლელი კარების მოწყობა მდფ-ის მასალისაგან. ბინაში შესასვლელი კარები დამზადდება ლითონის მასალისაგან. საძინებელ ოთახებში დაიგება ლამინატის იატაკი. დერეფანში, ტერასაზე და ჰოლში იატაკი მოეწყობა ხელოვნური გრანიტისგან არასრიალა ზედაპირით. სამზარეულოში, სანკვანძში და აივნებზე მეთლახის იატაკი დაიგება არასრიალა ზედაპირით. გარე კიბეზე და პანდუსზე მოეწყობა საფარი ბუნებრივი გრანიტისაგან არასრიალა ზედაპირით. შიდა კიბის საფეხურებზე დაიგება ხელოვნური გრანიტი არასრიალა ზედაპირით. მოაჯირები დამზადდება ლითონის მასალისაგან…

კორპუსების ირგვლივ მოეწყობა 1.0 მ-ის სიგანის ბეტონის
სარინერი, დაიგება გაზონი და მოეწყობა ბავშვთა სათამაშო მოედანი უსაფრთხო ზედაპირის საფარით… დაიდგმება მსუბუქი ტიპის საბავშვო სათამაშო ატრაქციონები“.

სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, კორპუსებს ექნება პანდუსებიც.

სახანძრო უსაფრთხოებასა და გარემოს დაცვას ტენდერის პირობებში ცალკე მუხლები ეთმობა. თუმცა იქვე წერია, რომ „ფასადზე აიკვრება პენოპანელი“. ეს პროდუქცია კი ერთ-ერთი ყველაზე მარტივად აალებადია.

მერიის შესყიდვების სამსახურის ინფორმაციით, ჯავახიშვილის #78-ის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთში სამომავლოდ  კიდევ ორი ხუთსართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობაა გათვალისწინებული.

მერიაში „ბათუმელებმა“ იკითხა, თუ რა კრიტერიუმებით გაიცემა ბინები მოქალაქეებზე. უწყებაში გვითხრეს, რომ ამ ინფორმაციას არ მოგვაწვდიან. აქამდე არსებული ვერსიებით, იაფ სახლში ბინის ყიდვის შესაძლებლობა ექნებოდათ ბათუმში დარეგისტრირებულ იმ მოქალაქეებს, რომლებსაც გარკვეული შემოსავლები აქვთ და შეძლებენ სახელმწიფოსგან ბინის გამოსყიდვას.


იაფ სახლის ტენდერში გამარჯვებული კომპანია აქამდეც ჰყავდა ბათუმის მერიას, თუმცა „კონვენტ ჯორჯია“, რომელსაც იაფი სახლი უნდა აეშენებინა, მერისთან ხელშეკრულების გაფორმებიდან ცოტა ხანში გაუჩინარდა. მშენებლობის დაწყებამდე მერიამ კომპანიას ავანსის სახით, ხელშეკრულების გაფორმებისთანავე, 1 643 785 ლარი გადაურიცხა. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიამ ხელშეკრულების პირობები დაარღვია, მერია ამ თანხის დაბრუნებას ვერ ახერხებს. 

 

165 აბონენტი ერთ მრიცხველზე – რას ითხოვენ „ოცნების ქალაქში“

ამ წუთებში ყოფილი 25-ე ბატალიონის ტერიტორიაზე ჩასახლებული ოჯახები საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი დასახლებისთვის ელექტროენერგიის მიწოდებას და მრიცხველების დამონტაჟებას ითხოვენ.

„ბათუმელები“ აქციის ერთ-ერთ მონაწილეს, ნუგზარ ფუტკარაძეს ესაუბრა, რომელიც ამბობს, რომ  მთელი დასახლება ელექტროენერგიის გარეშე დატოვეს, რის გამოც მოსახლეობა იძულებული გახდა, ელექტროენერგია სახლებში კუსტარულად შეეყვანა.

„ამ ტერიტორიაზე ეკომიგრანტებმა ჩასახლება ჯერ კიდევ 2012 წელს დაიწყეს, თუმცა ხელისუფლებამ 2015 წელს ეს ტერიტორია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიჰყიდა. ამიტომ კომპანია უარს გვეუბნება აბონენტად აყვანაზე და ელექტროენერგიას არ გვაწვდის.

21-ე საუკუნეში შეიძლება შუქის გარეშე იცხოვრო? აქ ცხოვრობენ მარტოხელები, ბავშვიანი ოჯახები, პენსიონერები, ადამიანები, ვისაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ. ამ წლების განმავლობაში არაერთი განცხადებით მივმართეთ კომპანიას, მაგრამ პასუხი არის უარყოფითი. ვფიქრობ, კომპანიამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და უსაფრთხო ნორმების დაცვით მოგვაწოდოს ელექტროენერგია,“-ამბობს ნუგზარ ფუტკარაძე.

მისი თქმით, დღეს დასახლება ელექტროენერგიას ერთი პირისგან იღებს. „ჩვენ იძულებული ვიყავით გამოსავალი გვეპოვა, კერძო პირმა, ბეჟან ბოლქვაძემ, მოგვცა უფლება მისი მრიცხველიდან მიგვეღო ელექტროენერგია და მთელი დასახლება, ფაქტობრივად, ამ ერთ მრიცხველზეა კუსტარულად მიბმული.“

ნუგზარ ფუტკარაძე  ამბობს, რომ ასეთ პირობებში, ბუნებრივია, არ არის დაცული უსაფრთხოება და ამაზე პასუხისმგებლობა კომპანიის გარდა სახელმწიფომაც უნდა აიღოს.

აქციის მონაწილეების თქმით, იმ შემთხვევაში, თუ კომპანია ამ პრობლემას არ მოაგვარებს, ისინი იძულებული იქნებიან საპროტესტო აქციები მთავრობის სახლის წინ გააგრძელონ.

კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ავთო დვალიშვილი „ბათუმელებთან“ სუაბრაში ამბობს, რომ იმ შემთხვევაში თუკი მოქალაქე ვერ წარმოადგენს საკუთრების დამადასტურებელ მოწმობას, მას აღრიცხვაზე ვერ აიყვანენ.

„კომპანიის პოზიცია არის ის, რომ ეს ადამიანები არ არიან ოფიციალური მესაკუთრეები იმ დასახლებაში, ამიტომ კომპანიას რომც უნდოდეს, ამ ოჯახებს აბონენტებად ვერ აიყვანს. რაც შეეხება უსაფრთხოებას, ეს ჩვენ არ გვეხება, რადგან იქ ჩვენი ქსელი არ არის. ეს ჩვენი კომპანიის ტერიტორიაა, მაგრამ გაჩერებული ვართ და ამ ოჯახებს ვაძლევთ ცხოვრების უფლებას“-ამბობს ის.

ავთო დვალიშვილი ასევე დასძენს, რომ მომავალ წელს კომპანია ამ ტერიტორიაზე ქვესადგურის აშენებას გეგმავს.

 

მოსახლეობის თქმით, 165 აბონენტი ერთ მრიცხველზეა მიერთებული.

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ სხდომა დატოვა

ბათუმის საკრებულოში სხდომა შეწყდა. საკრებულოს თავმჯდომარემ, სულიკო თებიძემ, სხდომათა დარბაზი მას შემდეგ დატოვა, როცა მასთან მივიდა მირდატ ქამადაძე „ნაციონალური მოძრაობიდან“ და მოსთხოვა პასუხის გაცემა, რატომ არ ჰქონდა კითხვის დასმის უფლება.

„ხელები დაიმორჩილე და დაჯექი, კაცურად მოიქეცით,“ – მიმართა საკრებულოს თავმჯდომარემ ოპოზიციას.

„კაცურობას და არაკაცურობას შეეშვით, საკრებულოა ეს… თუ არ შეგიძლიათ მაქ ჯდომა, ჩამოდით. ეტყობა მაქედან პატარებად გეჩვენებით,“ – უთხრა სულიკო თებიძეს მირდატ ქამადაძემ.

საკრებულოს თავმჯდომარემ ისე დატოვა სხდომათა დარბაზი, რომ არ უთქვამს, რის გამო შეწყდა ან როდის განახლდებოდა სხდომა.

ამ წუთებში საკრებულოს წევრები სხდომათა დარბაზს უბრუნდებიან.

ბათუმის საკრებულოს სხდომა / 18.01.2018

ბათუმის საკრებულო დღევანდელ, 18 იანვრის სხდომაზე, 21 საკითხს განიხილავს, მათ შორის, თანამდებობრივი სარგოების საკითხს, ასევე მიკროავტობუსით მგზავრობის საფასურის გაზრდას.

ბათუმის საკრებულოს წევრები სიტყვიერად ერთმანეთს ოფიციალურად განსაზღვრული საკითხების განხილვის დაწყებამდე დაუპირისპირდნენ.

კომპანია „ანიტა ჯანმრთელობის ტურიზმი“ სქოლიოზის თურქეთში მკურნალობას გთავაზობთ

დაავადების სიმძიმის მიხედვით დანიშნული მკურნალობის კურსი როგორც თურქეთში, ასევე საქართველოში, სფეროში გამოცდილი თურქი სპეციალისტების მეთვალყურეობითა და უშუალო მონაწილებით მიმდინარეობს.

იმ შემთხვევაში, თუ მკურნალობის ან ოპერაციის ჩატარება თურქეთის რესპუბლიკაში, კერძოდ, სტამბოლში გახდა აუცილებელი, შესაბამის დახმარებას ადგილზე ჩვენი თანამშრომლები გაგიწევენ.

საქართველოში ოპერაციის ან მკურნალობის გარკვეული ხარჯი სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამით აგინაზღაურდებათ.

სქოლიოზის ნებისმიერი ფორმის მკურნალობისა ან რთული ოპერაციების ჩატარებისთვის მოგვმართეთ თურქული კომპანია-„ანიტა ჯანმრთელობის ტურიზმის“ ბათუმისა და თბილისის მომსახურების ოფისებში.

კონსულტაცია უფასოა!

გვეწვიეთ ოფისებში ან დაგვირეკეთ:

[checklist]

  • ბათუმის ოფისი: 514 52 16 16
  • თბილისის ოფისი: 514 53 16 16

[/checklist]

მის.: ბათუმი ჭავჭავაძის ქუჩა #59

დაპირისპირება შუქის ვაუჩერების გამო ბათუმის საკრებულოში

ოფიციალურად განსაზღვრული საკითხების განხილვის დაწყებამდე ბათუმის საკრებულოს წევრები სიტყვიერად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.

დაპირისპირების საგანი ელექტროენერგიის ვაუჩერი გახდა, რის გადაცემასაც „ნაციონალური მოძრაობა“ ითხოვს სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის. არგუმენტი ბოლო დროს შუქის გაძვირებაა.

საკრებულოს უმრავლესობის აზრით, ეს საკითხი საკრებულოს განსახილველი არ არის.

„მეთოდები დაგიძველდათ, კოლეგებო…. რამდენი იყო ბიუჯეტი 2011 წელს? თქვენ იმის ჩვენება გინდათ, რომ თითქოს გული შეგტკივათ მოსახლეობაზე“, – მიმართა უმრავლესობის წევრმა ნატალია ძიძიგურმა საკრებულოს ოპოზიციას.

კამათში ჩაერთო ნატალია ზოიძეც: „თქვენ არ გაქვთ უფლება, გადაფაროთ ჩემი ხმა,“- თქვა მან.

“მორალის კითხვას თავი დაანებოთ იქნებ,”- უპასუხა კოლეგას ლევან ანთაძემ “ნაციონალური მოძრაობიდან”.

ნატალია ზოიძე: “თქვენ მორალიც არ გესმით…”

ნატალია ძიძიგური: “გაითვალისწინეთ, რომ თქვენ მხოლოდ 4 ადამიანი ხართ საკრებულოში, ოთხი, მეტი არ ხართ”.

“დღეს მგონი ყველაზე სამარცხვინო სხდომაა… შეიკრიბეთ იმისთვის, რომ ხელფასების გაზრდას აუწიოთ ხელი,”- თქვა მირდატ ქამადაძემ მას შემდეგ, რაც საკრებულოს უმრავლესობამ დენის ვაუჩერის საკითხის განხილვაზე უარი თქვა.

ბათუმის საკრებულო დღევანდელ, 18 იანვრის სხდომაზე, 21 საკითხს განიხილავს, მათ შორის, თანამდებობრივი სარგოების საკითხს, ასევე მიკროავტობუსით მგზავრობის საფასურის გაზრდას.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ აჭარაში სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის 300 ლარიანი კომუნალური ვაუჩერების დაწესების ინიციატივით მიმდინარე წლის 12 იანვარს გამოვიდა.

იმავე დღეს აჭარის მთავრობის თავჯდომარემ ზურაბ პატარაძემ განაცხადა, რომ ენმ-ს წინადადებას მთავრობა შეისწავლის.

 

 

 

 

საგამოძიებო სამსახური: აჭარაში უნებართვოდ მოქმედი სამორინე გამოავლინეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, აჭარაში შესაბამისი სავალდებულო ნებართვის გარეშე მოქმედი სამორინე გამოავლინეს, სადაც აზარტული და მომგებიანი თამაშები სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტარდებოდა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, პირთა ჯგუფი დიდი ოდენობით შემოსავლის მოგების მიღების მიზნით,  შესაბამისი ნებართვის გარეშე, ორგანიზებას უწევდა აზარტული და მომგებიანი თამაშების   –  სათამაშო ბორბლის  (ე.წ. ,,რულეტკა“)  ტოტალიზატორის და ბინგოს    სისტემურ-ელექტრონული ფორმით ჩატარებას. აღნიშნული უკანონო სამეწარმეო საქმიანობის შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მიყენებულმა ზიანმა  390 000 ლარი შეადგინა,“ – აღნიშნულია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით.

შენი უბნის მეწაღე

ყველაფერი ფასს კარგავს, როცა ახალი ფეხსაცმელი გიჭერთ ან მაღალქუსლიან ფეხსაცმელს ქუსლი ტყდება შუა ქუჩაში. ამ დროს თუ ვინმე სახეზე შემოგხედავთ, იფიქრებს, რომ უბრალოდ უჟმური ხართ. არადა, ფეხსაცმელი გიჭერთ ან მაღალი ქუსლი მოტყდა ცოტა ხნის წინ და უახლოეს სადარბაზოს ეძებთ, რომ შევარდეთ და მეორეც მოატეხოთ. გამოსავალი მეწაღის უახლოესი ჯიხურია.

ერთ-ერთ ასეთ ჯიხურში თენგიზ დგებუაძე სამი წელია ფეხსაცმელებს აკეთებს. 67 წლისაა, 18 წლიდან მეწაღედ მუშაობს. თავიდან 12 წელი მუშაობდა ფეხსაცმელების ფაბრიკაში, მერე შეკვეთით კერავდა სხვადასხვა ატელიეში. ამბობს, რომ ადამიანების ხასიათი და განწყობა ფეხსაცმლითაც შეიძლება გამოიცნო. პროფესიულ ჩვევებსაც ამხელს: მეწაღეები ქუჩაში სიარულისას, თურმე, ხშირად აკვირდებიან გამვლელებს ფეხსაცმელზე.

ფოტო: მეწაღე თენგიზ დგებუაძე

ახალს ძველი დრო ურჩევნია.

„ადრე ყველა ქალს თითქმის ერთნაირი ფეხსაცმელი ეცვა, კაცების ფეხსაცმელიც ერთმანეთის მსგავსი იყო. კომუნიზმის ეპოქაში არ იყო დიდი არჩევანი არც ფეხსაცმლის, არც არაფრის. ახლა უამრავი სხვადასხვა დიზაინის ფეხსაცმელი იყიდება, თავბრუ დაგეხვევა იმხელა არჩევანია. მე ახალ ეპოქაში ძველი აზროვნებით გადმოვედი და მიჭირს სიახლეებს და მრავალფეროვნებას მოვერგო. ყველაფრის თავიდან დაწყება რომ შემეძლოს, რამე სხვა პროფესიას ავირჩევდი, მეტ შემოსავლიანს. ცოტა ხანში ვაპირებ დავანებო თავი მუშაობას, აღარ შემიძლია. სხვა მეტყვის ალბათ მალე წადიო და მირჩევნია თვითონ მივიღო გადაწყვეტილება”, – ამბობს თენგიზ დგებუაძე.

მას მეგობარი, მიშა ჯიქიძე ექომაგება, რომ შინ ჯდომას ყველაფერი სჯობს. ჯიხურში სამი წელია ერთად მუშაობენ, გულის გადასაყოლებლად მთელი დღე პატარა ტელევიზორი აქვთ ჩართული. ხელსაწყოებით, საკერავი მოწყობილობებითა და ფეხსაცმლის კალაპოტებითაა სავსე პატარა სივრცე.

ამ უძველეს კარადაში ფეხსაცმლის ახალი ლანჩები, წებო, ლურსმნები, სხვადასხვა ფერის ტყავი და ბევრი წვრილი დეტალი ინახება. ყველაფერი, რაც ახალი ფეხსაცმლის შეკერვას სჭირდება.

ფოტო: ბათუმელები

ჯიხურში აკეთებენ დაზიანებულ ფეხსაცმელს, ასევე კერავენ ახალს. თენგიზ დგებუაძე ამბობს, რომ ქალის მაღალყელიანი, ტყავის ჩექმის შეკერვა მინიმუმ 250 ლარი ღირს, მამაკაცის ფეხსაცმელების ფასი კი 150 ლარიდან იწყება.

„ხანდახან ისეთი ფეხსაცმელი მოაქვთ შესაკეთებლად, ზუსტად ვიცი, გაკეთების მერეც ერთი კვირა ვერ გაძლებს, მაგრამ როგორ გინდა ადამიანს ასე უთხრა, ზოგს სწყინს და ჩუმდები. ხანდახან ასეც მომხდარა, შემიკერავს ფეხსაცმელი, მაგრამ კლიენტს არ მოსწონებია და მიჩუქნია, უფასოდ. ხან პირიქით, მოსწონთ და მადლობას გიხდიან. აქ ყველანაირი ხალხი შემოდის, ძირითადად ვცნობთ ჩვენს კლიენტებს,” -ამბობს ბარათაშვილის ქუჩის მეწაღე.

ფოტო: ბათუმელები

ამ ფეხსაცმლის შეკეთება მალე დასრულდება და პატრონი ძველებურად იკაკუნებს ქუსლებზე. მეწაღეების ჯიხურებს ბათუმში სარეკლამო აბრებიც ამშვენებს. კუსტარულად დამზადებულ რეკლამაზე ზოგან პირდაღებულ ფეხსაცმელს წააწყდებით, ზოგან ხასხასა ფერებით შესრულებულ წარწერას, ერთგან მეწაღის ჯიხურისთვის „თემოს ქოხიც” დაურქმევიათ. ზოგიერთი ჩხუბს დაგიწყებთ არ გადამიღოო, ზოგიერთი დაგთანხმდებათ, მაგრამ ჯერ თმას დავივარცხნი, გავიპარსავ და მერე მოდიო-გეტყვით. ასეთ დროს მშვიდად იღიმით და ისეთ რესპონდენტს არჩევთ, ვისაც წვერითაც შეუძლია გელაპარაკოს და სიამოვნებით დაგთანხმდებათ გადაღებაზეც.

 

ბათუმში ფეხბურთის სტადიონის საძირკვლის ჩაყრისთვის ემზადებიან – ჩამოვა პრემიერიც 

ბათუმში საფეხბურთო სტადიონის საძირკვლის ჩაყრის ცერემონია 2018 წლის 21 იანვარს გაიმართება. ცერემონიას „ბათუმელების“ ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილიც დაესწრება.

„20-21 იანვარი განიხილებოდა, თუმცა, ალბათ, უფრო 21 იანვარზე შევჯერდებით. რაც შეეხება პრემიერის ვიზიტს, ამ ეტაპზე ინფორმაცია არ გვაქვს,“ – გვითხრეს აჭარის მთავრობის აპარატში.

ბათუმში, საფეხბურთო სტადიონი ყოფილი მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე აშენდება. სტადიონი UEFA-ას IV კატეგორიის იქნება და ის 20 000 მაყურებელზეა გათვლილი.

შპს „სტადიონსა“ და შპს „ანაგს“ შორის ბათუმში საფეხბურთო სტადიონის მშენებლობაზე ხელშეკრულება 2016 წლის დეკემბერში გაფორმდა. შპს „ანაგი“ ტენდერში გამარჯვებული კომპანიაა, რომელმაც საფეხბურთო სტადიონი 34 თვეში უნდა ააშენოს.

ხელშეკრულების მიხედვით, სახელშეკრულებო თანხა, დღგ-ს გარეშე, 99 მილიონ 448 ათას 408 ლარია. თუმცა ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ საერთო ღირებულება არის 117 მილიონ 349 ათას 122 ლარი დღგ-ს ჩათვლით.

ტერიტორია ბათუმში, სადაც საფეხბურთო სტადიონი უნდა აშენდეს / 7.01.2018 /

ბათუმის მერის ხელფასი 4500 ლარი იქნება

ბათუმის მერის თანამდებობრივი სარგო 2750 ლარის ნაცვლად 4500 ლარი იქნება, ვიცე-მერი 3600 ლარს აიღებს, მერის მოადგილე – 3400 ლარს. თანამდებობრივი სარგოების პროექტს ხვალ, 18 იანვარს უნდა უყაროს კენჭი ბათუმის საკრებულომ.

აქამდე ბათუმის ვიცე-მერის თანამდებობრივი სარგო თვეში 2150 ლარს შეადგენდა, მერის მოადგილის – 2050 ლარს. მერიაში თანამდებობის პირების შრომის ანაზღაურება იზრდება, თუმცა ისინი დანამატებს აღარ მიიღებენ.

პროექტის მიხედვით, 4500 ლარი იქნება საკრებულოს თავმჯდომარის ხელფასიც. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ანაზღაურება – 3400 ლარი, კომისიის და ფრაქციის თავმჯდომარეები 2900 ლარს მიიღებენ, ხოლო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე – 2000 ლარს.

დადგენილების პროექტის მიხედვით, იზრდება ბათუმის მერიის აპარატის და სამსახურის უფროსების თანამდებობრივი სარგოებიც 1650 -დან 2900 ლარამდე. განყოფილების უფროსის ხელფასი 2000 ლარი იქნება, უფროსი სპეციალისტის – 1400. პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი 1000 ლარს მიიღებს, ხოლო მეორე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი – 850 ლარს.

ბათუმის მერის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის, არჩილ ვანაძის განმარტებით, თანამდებობრივი სარგოს გაზრდით არსებითად სახელფასო ფონდში არაფერი იცვლება, რადგან საჯარო მოხელეები დანამატებს ვეღარ აიღებენ.

რაც შეეხება პრემიებს, არჩილ ვანაძე ამბობს, რომ „ეს ოპტიმიზაციის პროცესზე იქნება დამოკიდებული, რაზეც ლაშა კომახიძემ უკვე ისაუბრა. ამ მოცემულობით პრემიების გაცემა ვერ მოხერხდება.“

ხელფასები ბათუმის მერიაში 2018 წელს [პროექტი]
ხელფასები ბათუმის საკრებულოში 2018 წელს [პროექტი]

საკრებულოს კომისიის დასკვნა: მიკროავტობუსით მგზავრობა 10 თეთრით გაძვირდება

საკრებულოს კომისიის დადგენილების პროექტის მიხედვით, მიკროავტობუსებით მგზავრობის საფასურის 10 თეთრით გაზრდა იგეგმება. ბათუმის საკრებულომ ამ საკითხზე ხვალინდელ სხდომაზე უნდა იმსჯელოს.

ფასის მომატებაზე დღეს, 17 იანვარს, საფინანსო-ეკონომიკურმა და ინსფრასტრუქტურის კომისიებმა გაფართოვებულ სხდომაზე იმსჯელეს. კომისიებმა სატრანსპორტო კომისიების მიმართვა განიხილეს, სადაც მოქმედი ტარიფის გაანგარიშება და მგზავრობის საფასურის 10 თეთრით გაზრდა იყო მოთხოვნილი. საკითხის შესწავლაში ჩართულები იყვნენ მერიის ტრანსპორტის განყოფილების სპეციალისტები და დაინტერესებული სატრანსპორტო კომპანიების წარმომადგენლები.

ბათუმის საკრებულოს დარგობრივმა კომისიებმა განხილვის შედეგად დაადგინეს, რომ სატრასნპორტო კომპანიების მოთხოვნა საფუძვლიანია. საკითხს ხვალინდელ სხდომაზე ზურაბ ნაკაიძე წარადგენს, საკრებულოს საფინანსო-ეკონომიკური კომისიის თვამჯდომარე.

მგზავრობის საფასური სატრანსპორტო კომპანიებმა ახალი წლის დღეებში გაზარდეს 10 თეთრით. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ძალაში ისევ ძველი ტარიფი დარჩა იმ პირობით, რომ საკრებულო განიხილავდა ამ საკითხს.

 

 

ივანიშვილს ჩაქვიდან ხეები უკანონოდ მიაქვს – აჭარის მთავრობას ამჯერად თანხმობა არ გაუცია

ჩაქვში, უმაღლესი საბჭოს მიმდებარე ტერიტორიაზე ათეულობით ქაფურის ხეა მოჭრილი. ხეებს კომპანია „ატუ“ ჭრის. ჭრის პარალელურად, ამ ტერიტორიაზე ბიძინა ივანიშვილის დენდროპარკში გადასატანად მრავალწლოვან ხეებს იღებენ. რის საფუძველზე იღებენ და გააქვთ ხეები? – აჭარის მთავრობამ ნებართვის გაცემის შესახებ დოკუმენტი ვერ მოგვაწოდა. მსგავსი დოკუმენტის გარეშე ხეების გატანა კი უკანონობაა.

აჭარის მთავრობის მიერ „ბათუმელებისთვის“ დღეს მოწოდებულ დოკუმენტში საუბარია მხოლოდ ხეების მოჭრა-დასაწყობებაზე და არა ხეების ამოღება-გატანაზე. ამ დოკუმენტზე დაყრდნობით ინფორმაცია „ბათუმელებს“ უკვე ჰქონდა გამოქვეყნებული, შესაბამისად, აჭარის მთავრობას  განმეორებით ვკითხეთ, არსებობს თუ არა დოკუმენტი, რის საფუძველზეც ყოფილ პრემიერ-მინისტრს სახელმწიფოს კუთვნილი ტერიტორიიდან ხეები გააქვს. კითხვის პასუხად აჭარის მთავრობის პრესცენტრში გვითხრეს: „დოკუმენტი გადმოგიგზავნეთ“.

 

ტერიტორია, სადაც ხეებს ჭრიან, იღებენ და გააქვთ, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას საკუთრებაში საქართველოს მთავრობამ 2016 წელს გადასცა. ნაკვეთი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისაა და განკარგულების დანართში აღნიშნულია, რომ ტერიტორია აჭარას ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად სჭირდება. გარდა ამ ტერიტორიისა, სახელმწიფომ აჭარას საკუთრებაში მიმდებარედ კიდევ ორი ნაკვეთი გადასცა. ამ ნაკვეთების საერთო ფართობი 69 732 კვადრატული მეტრია.

სახელმწიფოს მიერ აჭარისთვის გადაცემული ნაკვეთები სადაც ხეებს ჭრიან და იღებენ

რა ინფრასტრუქტურული პროექტისთვის ესაჭიროებოდა აღნიშნული მიწის ნაკვეთები აჭარის მთავრობას? – მთავრობამ ვერც ამ კითხვაზე გაგვცა პასუხი. ეს ტერიტორია, შესაბამისად, მასზე განთავსებული ხეები კი, აჭარის ქონებაა. 

აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, არჩილ ჩიქოვანის ინფორმაციით, აღნიშნულ ტერიტორიაზე გადის გზა, რომელიც ადგილობრივი და საერთაშორისო გზებს ერთმანეთთან შეაერთებს. მისივე თქმით, დეპარტამენტმა 2017 წელს შეისყიდა გზის პროექტი, რომელიც ხეების მოჭრასაც ითვალისწინებს. „ატუ“ გზას სწორედ ამ პროექტით აკეთებს. არჩილ ჩიქოვანის თქმით, დეპარტამენტს ქონებასთან [მათ შორის ხეებთან] და მის განკარგვასთან შეხება არ აქვს: „ეს არ არის ჩვენი კომპეტენცია“.

19 ერთეული ცრუ ქაფურის ხის მოჭრაზე ნებართვა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს აქვს გაცემული.

15 იანვარს, აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ შენობასთან ენმ-ის წევრების საპროტესტო აქცია გაიმართა. ისინი მთავრობის სახლის წინ ბენზოხერხებით და იმ ადგილზე გადაღებული ფოტოებით მივიდნენ, საიდანაც ბიძინა ივანიშვილს ხეები გადააქვს.

Exit mobile version