ქედის „ბეთლემს“ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს

საფეხბურთო კლუბ ქედის „ბეთლემს“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. ეროვნულ, მესამე ლიგაში მოთამაშე  საფეხბურთო კლუბის სპორტსმენების მწვრთნელი ირაკლი გოგიჩაიშვილი იქნება. გუნდის ყოფილი მწვრთნელი, ავთანდილ გოგიტიძე კი, საფეხბურთო კლუბის დირექტორის, სულხან ჯიჯავაძის ინფორმაციით, „დინამოში“ გადავიდა.

„ბეთლემში“ ამ დროისთვის ფეხბურთელთა ფორმირება მიმდინარეობს. სულხან ჯიჯავაძის თქმით, გუნდის საბოლოო შემადგენლობა ათ დღეში გახდება ცნობილი.

წელს საფეხბურთო კლუბ „ბეთლემს“ სახელფასო ბიუჯეტი გაუნახევრდა. გასულ წელს ხელფასებისთვის ბიუჯეტი 200 000 ლარი იყო, წელს ფეხბურთელების ანაზღაურებისთვის  კი 100 000 ლარია გათვალისწინებული.

მთავარ ფოტოზე ქედის „ბეთლემი“ 

ბათუმში კაცი დაჭრეს, ბრალდებული ოჯახის ახლობელია

50-წლამდე კაცი დანით წუხელ დაჭრეს. მას ოთხი ჭრილობა აქვს მიყენებული. წუხელ დაჭრილი კლინიკა „მედინას“ რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს. ბრალდებული მიმალვაშია. საქმეს ხელვაჩაურის პოლიცია იძიებს.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, დაზარალებული თავდამსხმელის სიმამრის ძმა არის. დაზარალებული და ბრალდებული ერთად მუშაობდნენ ხელვაჩაურში – ელექტროგადამცემი ბოძების მონტაჟისთვის გარემოს აწესრიგებდნენ.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, კონფლიქტი მხარეებს შორის გასული წლის სექტემბერში დაიწყო – უთანხმოების მიზეზი გახდა ანაზღაურება. მაშინ ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროლა ბრალდებულმა, რის შედეგადაც დაზარალებულის მანქანას ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა.

თავის დროზე გამოძიება ამ ფაქტთან დაკავშირებითაც დაიწყო, თუმცა რაიმე სამართლებრივი შედეგი არ დამდგარა.

შს სამინისტროში აცხადებენ, რომ კაცის დაჭრასთან დაკავშირებით ამჯერად გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით, რაც ნიშნავს სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას.

ბრალდებულის მიმართ საქმის გამოძიება კიდევ ორი – 236-ე და 187-ე მუხლებით რომ მიმდინარეობს, შს სამინისტროში ამ ინფორმაციასაც ადასტურებენ. უწყებაში გვითხრეს, რომ ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვასა და სხვის ნივთის დაზიანება-განადგურების ფაქტზე გამოძიება გასული წლის სექტემბერში დაიწყო.

უწყების ინფორმაციით, „უკვე დადგენილია ბრალდებულის ვინაობა და მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები“.

რა ხდება ჩაქვში, საიდანაც ივანიშვილს ხეები გააქვს [ფოტო, ვიდეო]

აქვს თუ არა ნებართვა კომპანიას, რომელიც ჩაქვში, ბიძინა ივანიშვილის პარკისთვის მრავალწლოვან ხეებს იღებს და შეკვეთილში გადასატანად ამზადებს? – ამ კითხვაზე პასუხს აჭარის მთავრობიდან 11 იანვრის შემდეგ ველოდებით.

ქვეყნის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ხეების გატანა აჭარიდან პირველად 2016 წელს დაიწყო. დადასტურებულია, რომ აჭარის მთავრობამ მას შემდეგ ყველა ის მიწა გაყიდა კერძო კომპანიებზე, საიდანაც მოგვიანებით ბიძინა ივანიშვილმა ხეები გაიტანა. გამონაკლისია ჩაქვი, უმაღლესი საბჭოს მიმდებარე ტერიტორია – სახელმწიფო საკუთრებიდან დენდროლოგიურ პარკში ხეებს გადასატანად უკვე ერთი კვირაა ამზადებენ.

ხეების გადატანის გამო მოშლილი გზის დამცავი ნაგებობა ჩაქვში, აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობის მიმდებარედ. /22.01.2017 / თედო ჯორბენაძის ფოტო
ჩაქვი. ამ ადგილზე, რომელიც აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობიდან რამდენიმე მეტრში მდებარეობს, ხეების ამოღება ინტენსიურად მიმდინარეობს. /22.01.2017 /

გადაჭრილი ხის ძირი, რომელსაც ჩაქვში ამოღებულ სხვა ხესთან ერთად, შეკვეთილში გადაიტანენ

სახელმწიფოს მიერ ინვესტორებზე გადაცემული მიწის ნაკვეთები, სადაც ხეებს იღებენ ან უკვე ამოიღეს
მახინჯაურში, ზღვისპირას მდებარე მიწის ოთხი ნაკვეთი, მათ შორის ეს ადგილი, სადაც დღეს, 23 იანვარს, ხეებს იღებენ და შეკვეთილში გადასატანად ამზადებენ, საქართველოს მთავრობამ პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 660 ათას ლარად „აჭარის კურორტებს“ [ფაქტობრივად სილქ როუდ ჯგუფს] გადასცა.
ბილიკი, რომელიც ნარინჯის წმ. გიორგის ეკლესიასთან ადიოდა, გადათხრილია. მრავალწლოვან ხეებს ეკლესიიდან რამდენიმე მეტრში იღებენ. ემუქრება თუ არა რაიმე საფრთხე ეკლესიას? – ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის პრესცენტრში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მათ ინფორმაცია არ აქვთ.

წმ.გიორგის ეკლესია [მაღლა]

 

ბათუმში, მწვანე კონცხის დასახლებაში მდებარე 20 366 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი საქართველოს მთავრობამ პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 931 ათას ლარად, საკუთრებაში გადასცა კომპანიას, რომელიც კერძო პირმა ქონების გადაცემამდე რამდენიმე დღით ადრე დაარეგისტრირა. ბიძინა ივანიშვილის პარკში გადასატანად ხეებს ამ ტერიტორიაზეც იღებენ.

[crosslist]

[/crosslist]

სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ქობულეთში, სოფელ ციხისძირში, ჯამში 18 136 კვ/მ მიწის ნაკვეთები, აუქციონზე ყოველგვარი პირობის გარეშე გაყიდეს. უძრავი ქონება სახელმწიფოსგან ბიძინა ივანიშვილის კომპანიამ „ბიზნეს დეველოპმენტმა“ 1 მილიონ 99 ათას ლარად, ანუ 1 კვ/მ მიწის ნაკვეთი – 60 ლარად და 60 თეთრად შეიძინა. „ბიზნეს დეველოპმენტის“ მიერ შესყიდული ტერიტორიიდან ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი პარკისთვის რამდენიმე მრავალწლოვანი ხე იქამდე გადაიტანეს, ვიდრე ამ ნაკვეთებს სახელმწიფო გაყიდდა. აუქციონზე გაყიდულ ტერიტორიასთან ახლოსაა ასევე ის ადგილი, საიდანაც ბიძინა ივანიშვილმა პირველად გაიტანა მრავალწლოვანი ტიტას ხე.

 

ადგილი ბათუმში, თამარ მეფის გამზირის მიმდებარედ, საიდანაც მრავალწლოვანი ხე ამოიღეს და შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში გადაიტანეს. ამ ადგილთან ახლოს კიდევ რამდენიმე ხეს იღებენ შეკვეთილში გადასატანად. ხეების ამოღების გამო რკინიგზის მიმდებარე ტერიტორია დატბორილია. სანიაღვრე არხის გაწმენდით სამუშაოებს კი დღეს, 23 იანვარს, აქ „საქართველოს რკინიგზა“ აწარმოებდა.

ამავე თემაზე:

ივანიშვილის დანატოვარი აჭარაში

რას ამბობენ ბავშვების ნახატები?

იმ მომენტიდან, როცა ბავშვი ფანქრის ხელში დაჭერასა და ფურცელზე გამოსახულებების გამოყვანას იწყებს, უფროსებს შესანიშნავი საშუალება ეძლევათ მათი ფიქრები და ემოციები წაიკითხონ, რადგან ბავშვები ხშირად თავიანთ შიშებსა თუ მოლოდინებს საიდუმლოდ ინახავენ.  ფსიქოთერაპევტი,  ბავშვთა და ოჯახის გეშტალტ-თერაპევტი ირმა კვაჭაძე ამბობს, რომ ბავშვების ნახატების სწორი ანალიზით შესაძლებელია მათი თვითშეფასებისა თუ გარშემომყოფებისადმი დამოკიდებულებების წაკითხვა:

„ითვლება, რომ ფურცელი ფანჯარაა ბავშვის არაცნობიერში და მასზე დატანილ თითოეულ დეტალს დიდი ინფორმაციის მოწოდება შეუძლია უფროსებისთვის, იქნება  ეს ფერი თუ ფორმა. ხატვას შემეცნებითი პროცესია, მაგრამ მას ახასიათებს ფსიქოლოგიურ-თერაპიული ეფექტიც, ამ უკანასკნელისთვის კი სპეციალური ცოდნაა საჭირო, რადგან თვითნებურ ინტერპრეტირებას თავისუფლად შეუძლია შეცდომაში შეიყვანოს მშობელი” – ამბობს ირმა.

ირმა კვაჭაძე

ირმა, რა ასაკში იწყებენ ბავშვები ხატვას, რა ხდება ამ დროს ?

ბავშვი ხატვას 1.5-2 წლიდან იწყებს. ეს არის ფორმები, ხაზები, წერტილები… თუმცა,  ბუნებრივია, ამ პროცესის შედეგად მიღებული ნახატებით ბავშვის შინაგან სამყაროზე დასკვნებს ვერ გავაკეთებთ. ამ ასაკში ხატვით მხოლოდ წვრილი მოტორიკის ელემენტებზე შეგვიძლია საუბარი. სამი წლის ბავშვის ნახატის ინტერპრეტირება უკვე შესაძლებელია, ისინი ძირითადად „თავფეხება“ კაცუნებს ხატავენ, რაც სრულიად ნორმალური განვითარების მაჩვენებელია. ასაკის მატებასთან ერთად ხატვის  „ტექნიკა“ უნდა დაიხვეწოს და უფრო უნდა შეესაბამებოდეს რეალობას.

როდის იწყებენ ბავშვები ოჯახის წევრების ხატვას?

ბავშვი ოჯახის ხატვას 3-4 წლიდან იწყებს, სწორედ ამ დროიდან მისი ფსიქო-ემოციური მდგომარეობის შესახებ ბევრი რამის გაგება ხდება შესაძლებელი. კერძოდ,  თუ როგორია მისი როლი ოჯახურ სტრუქტურაში, ვის აღიქვამს ოჯახში წამყვან ფიგურად და ა.შ. აქ გასათვალისწინებელია ბევრი ნიუანსი, მთავარი კი ნახატის დახატვის შემდეგ, ბავშვის ანალიზია – თუ როგორ ხსნის თავად ბავშვი ამა თუ იმ დეტალს. არსებობს რიგი კითხვებისა,  მაგალითად: „რომ შეგეძლოს, ვის გაუცვლიდი ადგილს ამ ოჯახში”, „ვინ არის ყველაზე მეგობრული”, და ა.შ. ამ  და სხვა კითხვებით, სპეციალისტები ვახდენთ დიაგნოსტირებას, თუ როგორია მისი დამოკიდებულება ოჯახის ამა თუ იმ წევრის მიმართ.

აქვს თუ არა მნიშვნელობა ოჯახის წევრების ზომებს ნახატზე (მაგალითად, როცა დედა ყველაზე დიდია ან ბაბუა ყველაზე პატარა)?

დახატული ოჯახის წევრის ზომას, ისევე როგორც მის ადგილმდებარეობას დიდი მნიშვნელობა აქვს – ვისთან დგას ახლოს თავად ბავშვი, ვისთან არის ყველაზე შორს ნახატში, ვისი ფიგურაა დეტალურად შესრულებული… მაგალითად, ერთ-ერთ პერსონაჟზე შეიძლება „დაავიწყდეს“ ხელების დახატვა, მაშინ როდესაც მეორეს ღილებიც კი მკაფიოდ აქვს გამოკვეთილი, ეს მიუთითებს ბავშვისთვის ამ პიროვნების მნიშვნელობაზე. შეიძლება ოჯახის რომელიმე წევრი საერთოდაც არ დახატოს, როგორც წესი „ავიწყდებათ“ და-ძმის დახატვა. ეს ფაქტიც არ უნდა დარჩეს უყურადღებოდ უფროსს, თუმცა სანამ ბავშვს ეგოიზმში დავადანაშაულებთ ან ოჯახის წევრისადმი აგრესიაში დავდებთ ბრალს, უმჯობესია არ ვიჩქაროთ, ბავშვთანვე დავაზუსტოთ, რას ნიშნავს, როცა არ არის დახატული და ან ძმა. ასეთი შემთხვევის ანალიზი კი უმჯობესია სპეციალისტებს მივანდოთ.

განსაკუთრებით  მნიშვნელოვანია სად ხატავს ბავშვი საკუთარ თავს ნახატზე,  რა ზომის, რა ფერებით, აქვს მის ფიგურას საყრდენი თუ ჰარშია. ამ დეტალებით მკაფიოდ ჩანს რა დამოკიდებულება აქვს მას საკუთარ თავთან.

როგორი დატვირთვა აქვს ფერებს ბავშვების ნახატებში?

სამ წლამდე ასაკის ბავშვისთვის მხოლოდ ერთი ფერის ფანქრით ან ფლომასტრით ხატვა სრულიად ბუნებრივი პროცესია. შემდეგ უნდა გაჩნდეს სხვა ფერებიც. ითვლება, რომ რაც უფრო ფართოა ფერთა გამა, მით უფრო მშიდი და ემოციურად გაწონასწორებულია ბავშვი. აქვე მნიშვნელოვანია ფურცელზე ფანქრის დაჭერის ხარისხი, რაც უფრო მაგრად აჭერს ბავშვი ფანქარს, მით უფრო მეტია მასში ემოციური დაძაბულობა.

რას ნიშნავს, როცა ბავშვი სახლებსა და ეზოს ხატავს? ამაში რაიმე შინაარსი დევს, თუ უბრალოდ სიმარტივის გამო ირჩევენ ამ თემას?

არტ თერაპიაში ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება თითოეულ სიმბოლოს. არსებობს სიმბოლოების უნივერსალური და ინდივიდუალური განმარტებები. ჩვენ ყოველთვის ვიცით, ამა თუ იმ სიმბოლოს უნივერსალური მნიშვნელობა, მაგრამ ბავშვს თავს არ ვახვევთ ამ განმარტებას, ვეკითხებით რა დატვირთვა აქვს მისთვის სახლს, ზოგისთვის ეს შეიძლება იყოს სიმყუდროვე, ზოგისთვის დაცულობა, საზღვრები,  კომფორტი, ემოციური მიჯაჭვულობა ოჯახთან. ხატვის დროს ჩვენდაუნებურად „გვეხატება” ემოციურად დატვირთული ელემენტები, ის რაც ძალიან გვიყვარს ან პირიქით –  ის რაც ყველაზე მეტად გვაწუხებს და ტრანსფორმაციას საჭიროებს.

რა სიმბოლოები შეიძლება მიანიშნებდეს ბავშვის ნახატში იმაზე, რომ ის რაღაცას განიცდის ან რაიმეს ეშინია?

საყურადღებოდ შეიძლება მივიჩნიოთ მუდამ განმეორებადი ნახატები, როდესაც ერთი და იგივე ფიგურა მეორდება რამდენჯერმე. ამ დროს არაცნობიერი ამბობს, რომ „რაღაც არსებობს, რის გადამუშავებაშიც ბავშვს დახმარება სჭირდება“. ასევე ყურადღებას საჭიროებს ძალიან პატარა ზომის ნახატები, როდესაც ფურცელზე ფიგურის შემჩნევა ჭირს – აქ შეიძლება საქმე გვქონდეს დაბალ თვითშეფასებასთან ან ზედმეტი ჩაკეტილობისკენ მიდრეკილებასთან, ამიტომ აუცილებელია, მოვუსმინოთ, რას ყვება ბავშვი, როცა ნახატს დაასრულებს.

 

დასაქმება კანადაში – კომპანია მოქალაქეებს თაღლითური ჯგუფის შესახებ აფრთხილებს

სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დარეგისტრირებულია გვერდი „სამუშაო ვიზები, დასაქმება“, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს ვანკუვერში სამუშაო ვიზებს და შესაბამისად, დასაქმებას სთავაზობს. კანადური კომპანია კი, რომელშიც საქართველოს მოქალაქეებს დასაქმებას სთავაზობენ, თავის ვებგვერდზე განცხადებას ავრცელებს თაღლითური ჯგუფების ყალბი შეთავაზების შესახებ.

„თბილისში, წერეთლის #12-ში, პოლიციის შენობის უკან ვიყავით. ჩემს მეგობარს ვახლდი. შეგვხვდა 35-წლამდე კაცი, რომელმაც გვითხრა, რომ დასაქმების სანაცვლოდ თავდაპირველად 200 დოლარი უნდა გადაგვეხადა“, – გვიყვება მეგობართან ერთად „გასაუბრებაზე“ მისული ლელა ინასარიძე.

„დამსაქმებელი“ ლელა ინასარიძეს გაეცნო, როგორც შვედეთის მოქალაქე. „ამ ადამიანმა გვითხრა, რომ კანადაში საქმიანობს ქართულ-ებრაული კომპანია, რომელიც ტენდერებს იგებს ქარხნებში და დასაქმების მიზნით ჩაჰყავს პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან მოქალაქეები. მე შვედეთის მოქალაქე ვარ და სპეციალურად ამ საქმისთვის ჩამოვედიო,“ – ყვება ლელა ინასარიძე.

გასაუბრებაზე ლელას და მის მეგობარს აუხსნეს, რომ მას შემდეგ, რაც კანადაში დასაქმდებოდნენ, ქართულ-ებრაული კომპანიისთვის დასაქმებულს 10 000 დოლარი უნდა გადაეხადა, ოთხი თვის ვადაში.

„გვითხრა, კაცებს თევზის ქარხანაში ვასაქმებთ, ხელფასი თვეში 8500-დოლარია. ქალებს სამკერვალო ფაბრიკაში – ვისაც სერტიფიკატი აქვს, ხელფასი 10000 დოლარი ექნება, დამხმარეს – 6500 დოლარი. გვაქვს კოტეჯები, სადაც იცხოვრებთ, კვირაში ერთხელ კოტეჯებს დამლაგებელი ალაგებს. სამუშაო დილა ოთხ საათზე იწყებაო“, – გვიყვება ლელა ინასარიძე.

იმავე ჯგუფისგან ანალოგიური შეთავაზება ელექტრონული ფოსტით ქვემოთ მოცემული შეტყობინების ავტორმაც მიიღო, რომელმაც ელფოსტით მიღებული ინფორმაციის ნამდვილობის შესახებ კანადაში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტს ჰკითხა.

ვანკუვერში მართლაც არსებობს თევზის ქარხანა – CANFISCO. ამ ქარხნის ვებგვერდზე კი იძებნება ინფორმაცია, რომელიც უცხოელებს თაღლითური ჯგუფების ყალბი შეთავაზების შესახებ აფრთხილებს.

„თევზის გადამამუშავებელი კანადური კომპანია Canfisco ვაკანსიის გამოსაცხადებლად არ იყენებს ელფოსტით განცხადებების გავრცელების ფორმას. თუ ელ.ფოსტით მიიღეთ შემოთავაზება, ან ინტერნეტში იპოვეთ ინფორმაცია ჩვენს ქარხანაში დასაქმების შესახებ, გაითვალისწინეთ, რომ შეიძლება საქმე გქონდეთ თაღლითურ ჯგუფის წერილთან ან სატელეფონო შეტყობინებასთან. თუ დამატებითი კითხვები გაგიჩნდათ, შეავსეთ ქვემოთ მოცემული ველი და დაგვიკავშირდით“, – აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

„სამუშაო ვიზები, დასაქმება“ – ფეისბუქის ამ გვერდზე  მითითებული ტელეფონის ნომერი გამორთულია. ლელა ინასარიძე ამბობს, რომ „დამსაქმებელს“ თავადაც იმავე ნომერზე ეკონტაქტებოდა. შესაბამისად, მასთან დაკავშირება ვერ მოვახერხეთ.

 

მთავარი პრობლემა გამონაბოლქვია – რამდენმა ავტომანქანამ ვერ გაიარა ტექნიკური ინსპექტირება

ავტომანქანების ტექნიკური ინსპექტირების ორწლიანი რეფორმა პირველი იანვრიდან დაიწყო. თავდაპირველად ინსპექტირება სატვირთო ავტომანქანებმა უნდა გაიარონ, ასევე მუნიციპალურმა ავტობუსებმა და მიკროავტობუსებმა. მსუბუქი ავტომანქანებისთვის ინსპექტირება სავალდებულო პირველი ივლისიდან იქნება.

ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით, ავტომანქანა, ძირითადად, შვიდი კრიტერიუმის შესაბამისად მოწმდება: მუხრუჭი, საჭის მექანიზმი, სავალი ნაწილი, ხილვადობა, მაშუქები ანუ ფარები, გამონაბოლქვი და საბურავები. მძღოლები, რომლებმაც ინსპექტირება გაიარეს, ამბობენ, რომ ძირითადი პრობლემა გამონაბოლქვის შემოწმების დროს იქმნება, რადგან საწვავი უხარისხოა. მძღოლების ნაწილს უკვე სქემაც აქვს შემუშავებული – როგორ მიიღონ დადებითი ქულა ელექტრონული სისტემისგან, როცა გამონაბოლქვის შემოწმების დრო დგება.

„გავდივართ ეტაპობრივად ინსპექტირებას, თითქმის ყველამ გაიარა,“ – გვიყვება ნუგზარ ფარტენაძე, შპს „ჯორჯია ტრანსის“ დირექტორი. ამ კომპანიის მიკროავტობუსებს ბათუმში რამდენიმე მიმართულებით გადაჰყავს მოქალაქეები.

„ვერ გეტყვით, რამდენმა ვერ გაიარა ინსპექტირება, რადგან ხელმეორე ცდაზე ყველა ხარვეზი გამოსწორდა. ძირითადი პრობლემა იყო გამონაბოლქვი, რაც საწვავის ხარისხს უკავშირდება. ვერ გაიგებ, რომელი კომპანიის საწვავს უნდა ენდო. შეიძლება ერთხელ ჩაასხა და კარგი იყოს, მეორე შემთხვევაში – არ ვარგოდეს. ჩვენ, პირადად, თურქეთიდან გადმოვიტანეთ კარგი ხარისხის საწვავი და ხელახლა ინსპექტირება წარმატებით ჩავაბარეთ,“ – ამბობს ის.

გამონაბოლქვი რომ მთავარი პრობლემაა ინსპექტირების პროცესში, ადასტურებს ნოდარ ჭაღალიძეც. იგი ბათუმში მდებარე ერთ-ერთი ინსპექტირების ცენტრის „დიაგნოსტიკა აჭარას“ ხელმძღვანელია.

„ჩვენი ცენტრი მუშაობდა წინა წლებშიც. ახლა, უბრალოდ, მომართვამ იმატა, რადგან გამკაცრდა ჯარიმები. თუკი აქამდე ინსპექტირების გაუვლელობა 10 ლარით ჯარიმდებოდა, ახლა ჯარიმა 50 ლარია, იურიდიული პირებისთვის – 200 ლარი. ახლა პატრული პირდაპირ მიერთებულია ჩვენს ბაზებს და ქუჩაში რომ მიდის მანქანა, მაშინვე ხვდებიან, ინსპექტირება აქვს თუ არა გავლილი, ევროპული სტანდარტითაა ყველაფერი… რიგები არ გვაქვს, პერსონალი 10 კაცისგან შედგება და ყოველდღიურად ვმუშაობთ. ცენტრში სულ ორი ხაზი მაქვს და დღეში 60 მანქანის შემოწმება შემიძლია. იანვრიდან დღეში დაახლოებით 20 მანქანა მოდის შემოწმებაზე. ზუსტ ციფრს ვერ გეტყვით, მაგრამ დაახლოებით 30 პროცენტი ვერ იღებს დადებით შეფასებას. ძირითადი პრობლემა გამონაბოლქვია, ასევე სამუხრუჭე სისტემა…“ – გვიყვება ნოდარ ჭაღალიძე.

რა უნდა გააკეთოს მძღოლმა, თუკი გამონაბოლქვის პრობლემა საწვავს უკავშირდება? – ნოდარ ჭაღალიძე გვარწმუნებს, რომ ხელახალი ინსპექტირების შემთხვევაში ყველა ავტომანქანა წარმატებით გადის ინსპექტირებას, რომელსაც გამონაბოქლვის პრობლემა დაუდგინდება.

„გამონაბოლქვი არ უკავშირდება მხოლოდ საწვავს. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ამას ვერ ვადგენთ, საწვავის გამოა თუ არა. ფაქტია, რომ მეორე ჯერზე ინსპექტირებას ისინი აბარებენ,“ – დასძენს „აჭარა დიაგნოსტიკის“ ხელმძღვანელი.

გაიარეს თუ არა ინსპექტირება მუნიციპალურმა ავტოსბუსებმა? – „ვემზადებით ამისთვის და პირველი თებერვლიდან გავივლით. ავტობუსები აქამდეც გადიოდნენ ტექნიკურ დათვალიერებას წელიწადში ორჯერ. როგორც ვიცი, მთავარი პრობლემა არის გამონაბოლქვი. ვცდილობთ, რომ ეს პრობლემა აღმოვხვრათ და ისე გავიაროთ ინსპექტირება,“ – გვითხრა მუნიციპალური შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ხელმძღვანელმა, ბადრი ფარტენაძემ.

ქვეყნის მასშტაბით სატვირთო ავტომანქანების ტექნიკური ინსპექტირებას 25 ცენტრში 35 ხაზზე ხორციელდება. ტექნიკურ ინსპექტირებას ბათუმში ორი კომპანია ატარებს. ერთი ადლიის დასახლებაშია, მეორე – აეროპორტის გზატკეცილზე. ინსპექტირების ცენტრები ეკონომიკის სამინისტროს ტენდერის გზით არ შეურჩევია. დაინტერესებულმა კომპანიებმა აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრს მიმართეს და თანხმობა მიიღეს.

„შემოწმება ხდება ევროდირექტივის შესაბამისად, მძიმეწონიან მანქანებზე შეღავათი არ გვაქვს. მსუბუქზე გარდამავალი დებულება გავაკეთეთ, თუმცა იქაც შემოწმება იქნება საკმაოდ მკაცრი. ცენტრში მისვლის დროს მეპატრონე რჩება შესასვლელში და მანქანა ელექტრონულად მოწმდება, ასევე არსებობს ვიდეო გადაღება და მაკონტროლებელ ორგანოს შეუძლია ეს დაინახოს. კორუფცია გამორიცხულია იმითაც, რომ ხელზე ფულის გადახდა შეუძლებელია,“ – განმარტავს მიხეილ ხმალაძე, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი.

ავტომობილების ისნპექტირების ორგანოების ასოციაციის ხელმძღვანელი, ვაჟა იორდანიშვილი ამბობს, რომ ელექტრონული მოწყობილობა მხოლოდ სამუხრუჭე სისტემას და გამონაბოლქვს ამოწმებს, დანარჩენს – ტექნიკური პერსონალი. მას ვკითხეთ, რა შეიძლება გააკეთოს მოქალაქემ, თუკი იგი ცენტრის შეფასებას არ ეთანხმება.

„ეს ჯერ ზუსტად გაწერილი არ არის… მესაკუთრე შესასვლელში მონიტორიდან აკვირდება ინსპექტირების პროცესს. თუ უკმაყოფილოა, შეუძლია ადგილზეც გამოხატოს პრეტენზია… ვიდეოჩანაწერის ამოღების უფლება აქვს თუ არა, ეს არ ვიცი,“ – გვითხრა ვაჟა იორდანიშვილმა.

„ვიდეოჩანაწერის ამოღების უფლება ექნება მხოლოდ შესაბამის ორგანოს. რომელია ასეთი ორგანო, არ ვიცი ზუსტად ეს სამართლებრივი რეგულაციები. დანამდვილებით ვიცი ის, რომ ჩანაწერს ნებისმიერი დაინტერესებული პირი ვერ გაეცნობა, რადგან ეს პირადი ინფორმაციაა,“ – ამბობს „სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს“ უფროსი, მიხეილ ხმალაძე.

ამ სააგენტოს პირველადი მონაცემებით, დღეისათვის ავტომანქანების დაახლოებით 15-მა პროცენტმა ვერ გაიარა ინსპექტირება. სააგენტო ამ ეტაპზე არ ასაჯაროვებს მონაცემს მუნიციპალური ტრანსპორტის შემთხვევაზე.

„ვინც ვერ გაიარა ინსპექტირება, მას ერთვიანი ვადა აქვს, რომ აღმოფხვრას ხარვეზი. ერთი თვის შიგნით შესაძლებელია ინსპექტირების ხელახლა გავლა უფასოდ. ჯერ ერთი თვეც არ გასულა ამ ცენტრების ამოქმედებიდან და ციფრები არ დაგვითვლია,“ – გვითხრა მიხეილ ხმალაძემ.

„იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა პოლიციამ დააჯარიმა ინსპექტირებაგავლილი სატვირთო ავტომანქანა. შემდეგ გვითხრეს, რომ ყველა მსგავს შემთხვევაზე ჯარიმა მესაკუთრეებს უკან დაუბრუნდებათ,“ – გვიყვება ვაჟა იორდანიშვილი, ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის ხელმძღვანელი. მისი თქმით, პოლიციას ჰქონდა შეფერხება მონაცემთა ბაზის წვდომასთან, თუმცა ახლა ეს ხარვეზი აღმოფხვრილია.

ფონდის „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ ხელმძღვანელი გელა კვაშილავა ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ინფრასტრუქტურა ინსპექტირებისთვის არ არის საკმარისი, ასევე პრობლემაა პერსონალი.

„2004 წლიდან ინსპექტირება გაუქმებულია, შესაბამისად, ამ კუთხით გვაქვს რთული მდგომარეობა – ცენტრები არ შენდებოდა და პერსონალი არ მზადდებოდა, ამ სერვისი მიწოდებით ბაზარზე არავინ იყო დაინტერესებული. დღეს არის გამოწვევა, რომ რეალურად მოხდეს ადმინისტრირება და ისევ არ გაჩნდეს ეჭვები ამ პროცესის მიმართ. ჩვენ ვამბობდით, რომ მინიმუმ 90 ცენტრია საჭიროა, გვაქვს – 25. სამინისტრო არ აცხადებს ტენდერს, რომ კერძო სექტორი ამისთვის მოემზადოს. გარდა ამისა, პრობლემაა საწვავის ხარისხიც, რომელიც ისევ კონტროლის გარეშე რჩება,“ – აღნიშნავს გელა კვაშილავა.

რატომ არ აცხადებს ტენდერს სახელმწიფო ისნპექტირების კუთხით მომსახურების შესყიდვაზე? – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსი განმარტავს, რომ ეს სერვისი სპეციფიკურია და ექვემდებარება აკრედიტაციას.

„შვეიცარულმა კომპანიამაც – SGS ჩვენ მოგვცა რეკომენდაცია, რომ 100-110 ინსპექტირების ხაზია საჭირო ქვეყანაში. ჩვენ ახლა გვაქვს 35, მაგრამ შენდება რამდენიმე ახალი ცენტრი. ზუსტად რამდენი შენდება, ამ მონაცემს ახლა ვერ გეტყვით… სადაც იქნება პრობლემა, იქ შევისყიდით ამ მომსახურებას. ეს არის ორწლიანი რეფორმა. კანონი ეტაპობრივად სთხოვს ავტომანქანის მესაკუთრეებს ინსპექტირების გავლას სწორედ იმიტომ, რომ მანამდე შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოეწყოს,“ – გვითხრა მიხეილ ხმალაძემ.

ტექნიკური ინსპექტირება საქართველოში 2004 წლიდან შეწყდა, თუმცა იგი სავალდებულო დარჩა სატვირთო მანქანებისთვის.

იგეგმება თუ არა სკოლის გამოსაშვებ გამოცდებში ცვლილება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში „ბათუმელებთან“ აცხადებენ, რომ მუშაობენ სკოლის გამოსაშვებ გამოცდებთან დაკავშირებულ ყველა შესაძლო საკითხზე. თუმცა ამ დროისთვის ცენტრში ვერ აზუსტებენ, შეიცვლება თუ არა გამოსაშვები გამოცდების ბარიერი.

აიწევა თუ არა საგამოცდო ბარიერი, რაზეც განათლების ყოფილი მინისტრი, ალექსანდრე ჯეჯელავა საუბრობდა? – „ბათუმელების“ ამ კითხვაზე ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, თეიკო ანჯაფარიძე ამბობს, რომ დაზუსტებულ ინფორმაციას მხოლოდ კონკრეტული ცვლილების შემთხვევაში გვეტყვიან.

„ამ ეტაპზე ჩვენ განათლების სამინისტროსთან ერთად ვმუშაობთ შესაძლო ცვლილებებზე. განიხილება ყველა საკითხი, რაც გამოსაშვებ გამოცდებს უკავშირდება, მათ შორის საგამოცდო ბარიერის საკითხიც. დეტალური ინფორმაცია გამოქვეყნდება ცვლილების შემთხვევაში,“ – გვითხრა თეიკო ანჯაფარიძემ.

საატესტატო გამოცდების ბარიერი, ჯერჯერობით, 5,5-ია.

 

 

ანა ნაცვლიშვილი ბათუმში შეხვედრას გამართავს

ხვალ 24 იანვარს, ბათუმში, „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“,  საქართველოს პრეზიდენტის საპარალამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი შეხვედრას გამართავს.

დისკუსიის თემაა „საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კანონპროექტი“, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს მოტივირებული შენიშვნებით გაუგზავნა. „ანა ნაცვლიშვილი შეხვედრის მონაწილეებს ვეტოს არგუმენტებს გააცნობს და დამსწრეთა კითხვებს უპასუხებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

შეხვედრა 15:00 საათზე გაიმართება. შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია.

სეზონური გრიპის პიკს თებერვალში უნდა ველოდოთ

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, წელს საქართველოში A ტიპის გრიპის ვირუსები გავრცელებული არ არის. სწორედ ამ ტიპის ვირუსებს მიეკუთვნება H1N1 [ე.წ. ღორის გრიპი], რომელიც გასულ წლებში აჭარაშიც იყო გავრცელებული. რა ტიპის ვირუსია გავრცელებული წელს, როგორია ეპიდსიტუაცია აჭარაში და როდის დგება სეზონური გრიპის პიკი? – ამის შესახებ „ბათუმელები“ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელს, ნინო ნიჟარაძეს ბლიც-ინტერვიუში ესაუბრა.

ქალბატონო ნინო, რა ტიპის ვირუსია ამჟამად გავრცელებული და რა გართულებები ახასიათებს?

ამჟამად გავრცელებულია B ტიპის ვირუსი, რომელსაც გართულების სახით, ძირითადად, ახასიათებს პნევმონია. ეს არ არის ისეთი საშიში ვირუსი, როგორც A ტიპის ვირუსებია, მაგრამ საყურადღებოა და პაციენტმა ექიმს აუცილებლად უნდა მიმართოს, რადგან ნებისმიერი ვირუსის, თუნდაც რესპირატორული და არა გრიპის ვირუსის შემთხვევაში, თუ კი რისკის ჯგუფს წარმოადგენს მოქალაქე და რაღაც წინაპირობები არსებობს, სიტუაცია მაინც ხშირად რთულდება პნევმონიით.

ვინ მოიაზრება რისკის ჯგუფში?

ესენი არიან 0-დან ხუთ წლამდე ასაკის ბავშვები, 60 წელს გადაცილებული პირები, ბავშვთა და მოხუცებულთა სახლებში მცხოვრებნი, ქრონიკულად მოავადე, ასევე, შაქრიანი დიაბეტის მქონე პირები, დიალიზზე მყოფი პირები და ასე შემდეგ.

ბოლო მონაცემებით, როგორია გრიპის ეპიდსიტუაცია აჭარაში?

მდომარეობა სტაბილურია. 100 000 მოსახლეზე გრიპისა და გრიპისმაგვარი დაავადებებით მომართვიანობა შეადგენს 115-ს, ეს არის გაცილებით ნაკლები გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით.  თუმცა, აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ველოდებით შემთხვევების მატებას, ეს ახასიათებს სეზონურ გრიპს, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ პაციენტები და ის რისკის ჯგუფები, რაც ზემოთ ჩამოვთავლეთ, ყურადღებას აქცევდნენ საეჭვო ნიშნების გამოვლენას.

იყო თუ არა გართულებული, ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები?

ასეთ დაავადებებზე ჰოსპიტალიზაციის დაახლოებით 8 პროცენტი მოდის. ზოგადად, ლაბორატორიულად დადასტურება და დიაგნოსტირება გრიპზე არ ხდება, თუ კი კლინიცისტი მიიჩნევს, რომ პაციენტს გრიპი უვითარდება, მას ლაბორატორიული დიაგნოსტიკა არ სჭირდება. შესაბამისად, გრიპითა და ვირუსული პნევმონიით ხდება ჰოსპიტალიზაცია, მაგრამ ყველა შემთხვევა ლაბორატორიულად ვერ იქნება დადასტურებული.

ასაკობრივი ჯგუფი თუ არის გამოკვეთილი გართულებულ, ჰოსპიტალიზაციის შემთხვევებში?

დიდი წილი მაინც არის ბავშვების და 60 წელს გადაცილებული პირების. მაგრამ ეს არ არის მძიმე შემთხვევები.

როდის აღწევს სეზონური გრიპის გავრცელება პიკს, როცა შემთხვევათა რაოდენობა იზრდება?

ჯერ ვერ გეტყვით, თუმცა, სავარაუდოდ, ეს იქნება თებერვლის მეორე ნახევარი. ზოგადად, გრიპის სეზონად მიიჩნევა ყოველი წლის მეორმოცე კვირიდან მეორე წლის მეოცე კვირამდე პერიოდი, ანუ ეს პერიოდი მაისის დასაწყისამდე გრძელდება. პიკი ხშირ შემთხვევაში არის იანვარი-თებერვალი, თუმცა, ჯერჯერობით, შემთხვევათა მატება არ ფიქსირდება.

მუშაობთ თუ არა საბავშვო ბაღებთან, სკოლებთან, სადაც გრიპის ვირუსის გავრცელების დიდი ალბათობა არსებობს?

ბავშვთა ორგანიზებულ დაწესებულებებთან, რესურსცენტრებთან და სკოლებთან აქტიურად ვმუშაობთ სანიტარულ-ჰიგიენური წესების დაცვაზე, გაცდენების მიზეზის დადგენაზე და იმაზე, რომ თუ კი რაიმე საეჭვო შემთხვევა გვექნება [იგივე წითელას შემთხვევაში], გვაცნობონ. მათთან ყოველდღიური კონტაქტი გვაქვს.

სეზონური გრიპის თავიდან ასარიდებლად არის შემდეგი რეკომენდაციები: ეს არის ხელების ხშირი დაბანა, სანიტარულ-ჰიგიენური წესების დაცვა, სველი წესით დალაგება, ვენტილაცია, საეჭვო ნიშნების გამოვლენისთანავე დროულად ვიზიტი ექიმთან, ქრონიკულად მოავადეთა და რისკჯგუფებისათვის გრიპის წინააღმდეგ ვაქცინაციის დროულად ჩატარება.

_____________________________

ცოტა რამ სეზონური გრიპის შესახებ: ცნობილია სეზონური გრიპის ვირუსის სამი ტიპი: A, B, C. გადაცემა ადამიანიდან ადამიანზე ხდება ხველით, ვირუსით კონტამინირებულ ნივთებთან ან ზედაპირებთან შეხებისას. სეზონური გრიპი ხასიათდება როგორც მსუბუქი, ისე მძიმე სიმპტომატიკით, შესაძლოა მოყვეს ლეტალური გამოსავალიც განსაკუთრებით მაღალი რისკის ჯგუფებში. 

წყარო: დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი

ცნობილი მწერლების უცნობი ბავშვობა

როგორები იყვნენ მწერლები ბავშვობაში, რა ცხოვრება გაიარეს და ჩანს თუ არა ხშირად წიგნებში ავტორის ბავშვობა, როგორც მნიშვნელოვანი პერიოდი? როგორი ბავშვი იყო მსოფლიოს ყველა ბავშვისთვის საყვარელი ასტრიდ ლინდგრენი, რამ მოახდინა გავლენა მარკესის მაგიურ რეალიზმზე ან რა გაიარა რეი ბრედბერიმ ისეთი, რამაც „ბაბუაწვერას ღვინო“ შთააგონა?

1. რეი ბრედბერი

ფოტო: liberalarts.iupui.edu

ბრედბერის წიგნი „ბაბუაწვერას ღვინო“ ვრცელი ამბავია იმაზე, თუ როგორი ბავშვობა ჰქონდა მწერალს თავად. ბევრი ამბავი, რაც რომანში დაგლას სპოლდინგის გმირს თავს გადახდება, ნამდვილია. ილინოისიც, რომელიც რომანშია აღწერილი, რეი ბრედბერის მშობლიური შტატია.

სხვა მწერლების მსგავსად ბრედბერიმაც ბავშვობის ბევრი ტრავმა და შთაბეჭდილება აღწერა სხვადასხვა რომანში. ჯერ მწერლის ტყუპი ძმებისგან ერთ-ერთი, სემი გარდაიცვალა, შემდეგ კი – და, ელიზაბეტი.

ილინოისის შტატის ქალაქ უოკიგანში მცხოვრები ბრედბერები ღარიბები იყვნენ. მშობლებს არ ჰქონდათ საშუალება, 19 წლის რეის სკოლის დამთავრების შემდეგ კოლეჯში რომ გაეგრძელებინა სწავლა. როგორც მწერალი მოგონებებში წერს, 19-დან 27-წლამდე კვირაში სამ დღეს ბიბლიოთეკაში ატარებდა და უნივერსიტეტში სწავლის სანაცვლოდ 27 წლისას უკვე მთელი ბიბლიოთეკა ჰქონდა ათვისებული. 

1.ერნესტ ჰემინგუეი

ფოტო: librarycamden.org

ერნესტ ჰემინგუეი ჩიკაგოს გარეუბანში დაიბადა 1899 წლის 21 ივლისს. მამა ფსიქიატრი ჰყავდა, დედა – მუსიკოსი, ვისი გავლენითაც მომავალი მწერალი უმცროს დასთან, მარსელინასთან ერთად ორი წელი უკრავდა სკოლის ორკესტრში. პატარა ერნესტი ბავშვობიდანვე გატაცებული იყო სპორტით. დადიოდა წყალბურთზე, ფეხბურთზე, კრივზე და სრიალებდა თხილამურებით. სპორტი მომავალში მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს ჰემინგუეის რომანებში. წერა მან სკოლის გაზეთისთვის დაიწყო, სკოლის დამთავრებისთანავე კი რეპორტიორად დაიწყო მუშაობა და მალევე გაემგზავრა ევროპაში.

2.მარკ ტვენი 

ფოტო: steamboattimes.com

როგორი იყო ბავშვობაში ტომ სოერის და ჰეკლბერი ფინის ავტორი? ასეთი, როგორსაც ფოტოზე ხედავთ. მარკ ტვენის, იმავე სამუელ კლემენსის ეს ფოტო 1850 წელსაა გადაღებული, მომავალი მწერალი ამ დროს 15 წლისაა. მარკ ტვენი ფლორიდის შტატ მისურიში დაიბადა 1835 წელს. როცა ის 4 წლის იყო, მშობლები საცხოვრებლად იმავე შტატის, მისურის ქალაქ ჰანიბალში გადავიდნენ, ქალაქში, რომლის მცხოვრებლებიც ტვენმა მოგვიანებით „ტომ სოიერის თავგადასავალში აღწერა“.

3. ასტრიდ ლინდგრენი

ფოტო: pinterest.com

ყველასთვის საყვარელი ასტრიდ ლინდგრენი შვედეთის პატარა ქალაქ ვიმერბიუში დაიბადა. უზრუნველმა ბავშვობამ, ბუნებასთან ახლო ურთიერთობამ და მშობლების უზომო სიყვარულმა ლინდგრენს მისცა შესაძლებლობა, ბავშვობის იდილიური პერიოდის შთაბეჭდილებები და ამბები სამომავლოდ მთელი მსოფლიოსთვის გაენაწილებინა. პეპის, კარლსონის, ბიულერბიუელი ბავშვების და სალტკროკელების ისტორიების ავტორს მშობლებსა და მათ დიდ სიყვარულზე შვილების მიმართ წიგნიც აქვს დაწერილი – „სამუელ ავგუსტი სევედსტორპიდან და ჰანა ჰულტიდან“. ასტრიდი ორ დასთან, სტინასთან და ინგეგერდთან ერთად იზრდებოდა. მის ცნობილ წიგნში – ,,ჩვენც სალტკროკელები ვართ“ სტინა ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი პერსონაჟია.

4. უმბერტო ეკო 

ფოტო: pinterest.com

იტალიელი მწერალი, ფილოსოფოსი, კულტუროლოგი და სემიოტიკოსი, უმბერტო ეკო ჩრდილოეთ იტალიის პატარა ქალაქ ალესანდრიაში დაიბადა. მის ოჯახს მატერიალურად არ ულხინდა და მშობლებს სურდათ ეკოს იურისპონდენცია შეესწავლა, რაც სამომავლოდ მატერიალური უზრუნველყოფის გარანტად მიაჩნდათ. თუმცა ეკომ შუასაუკუნეების ლიტერატურისა და ფილოსოფიის სწავლა არჩია. ქართულ ენაზე უმბერტო ეკოს არაერთი წიგნია თარგმნილი.

5. ანტუან დე სენტ ეკზიუპერი 

ფოტო: lesailesdupetitprince.fr

„პატარა უფლისწულის“ ავტორი ასწლეულის დასასრულს, 1900 წელს დაიბადა მრავალშვილიან ოჯახში. ეგზიუპერს ერთი და და ხუთი ძმა ჰყავდა. განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა დედასთან, რომელიც 7 შვილს მეუღლის გარდაცვალების შემდეგ მარტო ზრდიდა. თავიდან განათლება საფრანგეთის იეზუიტურ სკოლასა და შვეიცარიის კათოლიკურ პანსიონში მიიღო, შემდეგ ნატიფი ხელოვნების სკოლაში არქიტექტურის ფაკულტეტი დაამთავრა. მისი, როგორც მწერლის ცხოვრება მას შემდეგ დაიწყო, რაც ჯარში გაიწვიეს და მფრინავი გახდა. ამ დროიდან იწყებს ის აქტიურად წერას. მის რომანებში „ადამიანთა მიწა“ და „სამხედრო მფრინავი“ სწორედ ეს პერიოდი აღწერა მწერალმა.

6. გაბრიელ გარსია მარკესი

ფოტო: gabo.elheraldo.co

გარსია მარკესი კოლუმბიის ქალაქ არაკატაკაში დაიბადა. მაგიური რეალიზმის წარმოსახვითი, ცრურწმენებით სავსე, ზღაპრული სამყარო მარკესმა საკუთარი ოჯახის მაგალითზე შექმნა. მწერალზე დიდი გავლენა მოახდინა პაპა-ბებიამ. პაპამისი კოლუმბიის ათასდღიანი ომის ვეტერანი იყო და დიდი პატივით სარგებლობდა კოლუმბიელ ლიბერალებს შორის. პაპის პროტოტიპია „მარტოობის ას წელიწადში“ დაუსრულებელი რევოლუციების გმირი, ხოსე არკადიო ბუენდია.

ბებია ტრანკილინა იგუარანის სახე კი იმავე რომანში ურსულა ბუენდიაა. ბებიის ცრურწმენები და წარმოსახვითი, ზებუნებრივი ხედვის ნიჭი მარკესის შთაგონების წყაროდ იქცა. მწერლის ბოლო, ავტობიოგრაფიულ რომანში – „იცხოვრო, რომ მოჰყვე“ დაწვრილებითაა აღწერილი არაკატაკაში გატარებული ბავშვობა და კოლუმბიის ეგზოტიკური გარემო რეალური, სახალისო გმირებით.

 

ვინ აძლევს ბათუმს მილიონებს ძეგლების გადასარჩენად – ლაშა კომახიძის განმარტება

ბათუმის მერი, ლაშა კომახიძე, არ ასახელებს ორგანიზაციას, რომელთანაც, მისივე თქმით, მოლაპარაკებები აქვს რამდენიმე მილიონის გამოყოფასთან დაკავშირებით, ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და ძეგლის დაცვის ზონაში მდებარე ისტორიული სახლების გადასარჩენად. ამ ორგანიზაციაზე მან სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში დაწერა, სადაც პასუხი გასცაბათომს “ ღია წერილზე. „ბათუმელებმა“ ლაშა კომახიძეს კიდევ რამდენიმე საკითხის დაზუსტება სთხოვა.

ბატონო ლაშა, მინდა გთხოვოთ რამდენიმე საკითხის დაზუსტება თქვენი წერილიდან, „ბათომის“ საპასუხოდ რომ გამოაქვეყნეთ სოციალურ ქსელში.

დიახ, მე უკვე გავეცი „ბათომს“ პასუხი. მე ნამდვილად მაქვს პრეტენზია იმაზე, რომ ახალი თვითმმართველობა, ახალი მერია ზრუნავს ქალაქის განაშენიანებაზე, მისი ისტორიული და კულტურული ნაწილის შენარჩუნებასა და განვითარებაზე. სამწუხაროდ, გარკვეული მემკვიდრეობითი ნაწილი ნებართვებისა, რომელიც ჩვენც არ მოგვწონს, ძველი გაცემულია და ვცდილობთ სამართლებრივ ჩარჩოში მოვაქციოთ, კანონის მიხედვით გავაკეთოთ მათზე რეაგირება. ჩვენ არა გვაქვს უფლება, რომ ხელაღებით გავაჩეროთ [გაცემული ნებართვები]. ამას აქვს თავისი პროცედურები, თავისი სამართლებრივი ნაწილი და გვინდა, რომ ეს ყველაფერი დაცული იყოს. ის, რომ არ გამოვდივართ საჯარო სივრცეში და ყოველ ასეთ შემთხვევაზე ისტერიკას არ ვმართავთ, თუ რამდენად არ მოგვწონს ჩვენც და რა ნაბიჯებს ვდგამთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ერთ ადგილზე ვართ და არაფერს არ ვაკეთებთ.

ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები გვაქვს მიღებული, გეგმები გვაქვს შემუშავებული და ამ ყველაფრის პრეზენტაციას შემდეგ კვირაში გავაკეთებთ, სადაც დავპატიჟებთ არასამთავრობოებს, „ბათომსაც“ და მედიას. რეალურად გაჩვენებთ, რომ ამ ორი თვის განმავლობაში, ჩემი უფლებამოსილების დაწყებიდან, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები შევიმუშავეთ, რაც არ მიღებულა მუნიციპალიტეტის ისტორიაში. შესაბამისად, იმედი მაქვს, რომ აი ამ შეხვედრის შემდეგ, საბოლოოდ, ბათუმის მერიისგან მტრის ხატის შექმნას წერტილი დაესმება და ბევრი ადამიანისათვის გასაგები გახდება, რომ ჩემი ხელმძღვანელობის დროს სხვაგვარი მიზნები და მოწოდებები გვაქვს, რომ გვიყვარს ეს ქალაქი და ვცდილობთ ამ ქალაქისათვის სასიკეთო საქმეების კეთებას. ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი ინიციატივა და ასევე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრს შერცხვება ამის გაცხადების შემდეგ.

ამ დრომდე არსებული პრაქტიკით ბათუმში ნებართვის გამცემი ორგანოები არასოდეს ამბობენ უარს ისტორიული სახლების ნგრევაზე.

პრაქტიკა არსებობს ჩემს უფლებამოსილებამდე, მე მაგ ნაწილზე არ ვსაუბრობ, არის შენობები, რომლებზეც ჩემი უფლებამოსილების დაწყებამდეა გაცემული [ნებართვა]. ვმოქმედებთ კანონის ფარგლებში, ამაზე მეტს ჩვენ ვერ გავაკეთებთ და თუ რას ვმოქმედებთ, როგორ ვაკეთებთ, რა ნაბიჯებს ვდგამთ ქალაქის სასიკეთოდ, ამაზე ვისაუბრებთ შემდეგ კვირაში, შეხვედრაზე.

მინდა გკითხოთ დონორ ორგანიზაციაზე, რაზეც თქვენს სტატუსში საუბრობდით.

არაფერს ამაზე მეტს არ გეტყვით იმიტომ, რომ…

მაშინ მხოლოდ ის გვითხარით, გაქვთ თუ არა თანხმობა ამ ორგანიზაციიდან?

ეს არის სამუშაო პროცესი, ეს არის რეალურად ბათუმისთვის გამოყოფილი გრანტი, დადასტურებული გრანტი, რომელსაც მე ვცდილობ, რომ სხვა მიმართულებიდან მივმართო ამ მიმართულებაზე იმიტომ, რომ ეს ჩემთვის არის პრიორიტეტი. მართალია, ზოგიერთს ეჭვი აქვს, მაგრამ  სწორედ იმის გამო, რომ ჩემთვის კულტურული და ისტორიული განაშენიანება, ბათუმზე ზრუნვა არის ნომერ პირველი პრიორიტეტი, მაქსიმალურს ვაკეთებ იმისათვის, რომ ეს თანხა მივმართო სწორედ ამ კუთხით და მოვახმარო ამ საქმეს.

ამბობთ, რომ ამაზე თანხმობა გაქვთ?

ვამბობ, რომ ეს არის სამუშაო პროცესი დონორებთან, თანხმობა მაქვს  თანხის გამოყოფაზე, მაგრამ მოხმარდება თუ არა ეს კულტურულ და ისტორიულ განაშენიანებას, ეს არის მუშა პროცესი. ამ ეტაპზე ეს გათვლილია საკმაოდ კარგ ვარიანტად, მე სტატუსში მიწერია, რომ ეს ადვილი არ არის და ამას სჭირდება დრო, მაგრამ ამ ეტაპზე ეს ჩათვლილია, როგორც კარგი ვარიანტი თანხის განკარგვის. შესაბამისად, ეს გაგრძელდება არა ერთი თუ ორი თვე, უფრო მეტიც. როდესაც ამხელა თანხებზე, ამხელა გრანტზეა საუბარი, შესაბამისად, პროცედურები საკმაოდ ხანგრძლივია. თუმცა, ეს არ არის ერთადერთი საშუალება გრანტების მოპოვების. შემიძლია გითხრათ, რომ ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე მაქსიმუმს გავაკეთებ და დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ამ კუთხით სახელმწიფო ბიუჯეტით და გრანტითაც შევძლებთ ქალაქს მოვახმაროთ ეს.

რამდენ მილიონზეა საუბარი ის მაინც რომ თქვათ?

არ მინდა ზედმეტ დეტალებზე საუბარი. ის ინფორმაცია  აბსოლუტურად საკმარისია, რომ ეს არის რამდენიმე მილიონი.

საუბრობთ იმ შენობებზე, რომლებიც სახელმწიფოს საკუთრებაშია, თუ კერძო საკუთრებაზეც?

მე ვლაპარაკობ ძველი ბათუმის ტერიტორიაზე, სადაც ყველაზე დიდი სიმრავლე გვაქვს კულტურული ძეგლების, კონკრეტულად, კულტურული ძეგლის სტატუსის მქონე ობიექტების რეაბილიტაციაზე.

რაც შეეხება ძეგლებთან მიმდებარედ არსებულ ისტორიულ შენობებს?

ამასთან მიმართებაში ჩვენს გადაწყვეტილებას გავაჟღერებთ კონკრეტულად იმ შეხვედრაზე, რომელსაც შემდეგ კვირაში ჩავატარებთ.

 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარისა და მთავრობის აპარატში დასაქმებულთა ხელფასები

მიმდინარე წლისთვის აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის ხელფასი თვეში 5 750 ლარით განისაზღვრა, მთავრობის აპარატის უფროსის კი – 3 700 ლარით. მთავრობის აპარატში დეპარტამენტების უფროსების თანამდებობრივი სარგო – 3 200 ლარი, განყოფილების უფროსების – 2 800 ლარი, უფროსი სპეციალისტებისა კი – 1 800 ლარი იქნება.

აჭარის მთავრობამ ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებში თანამდებობრივი სარგოს [ხელფასის] განაკვეთები, ახალი წესის შესაბამისად, 2018 წლის 18 იანვარს დაამტკიცა.

„აღნიშნული განაკვეთები შერჩეულ იქნა კანონით განსაზღვრული შესაბამისი ცხრილის მიხედვით, საშუალო თვიური შრომის ანაზღაურებისა და რანგების გათვალისწინებით. რაც შეეხება პოლიტიკური თანამდებობის პირების შრომის ანაზღაურებას, მათი თანამდებობრივი სარგო არ გაზრდილა. სარგოს დადგენა განხორციელდა კანონით გათვალისწინებული არაუმეტეს ამ თანამდებობის პირებისათვის 2017 წელს გაცემული საშუალო თვიური შრომის ანაზღაურების მიხედვით“, – აცხადებენ აჭარის მთავრობაში.

მთავრობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგო 5 750 ლარით განისაზღვრა. შესაბამისად, ზურაბ პატარაძე თვეში ხელზე აიღებს 4 600 ლარს.

ახალი კანონმდებლობით, საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ პირებს, 2018 წლის იანვრიდან, ხელფასთან ერთად დანამატისა და პრემიის მიღებაც შეუძლიათ, რომელსაც ფულადი ჯილდო ერქმევა. თუმცა, დანამატი წლის განმავლობაში, ჯამში არ უნდა აღემატებოდეს წლიური თანამდებობრივი სარგოს 20%-ს, ხოლო ფულადი ჯილდო – 10%-ს.

მთავრობის აპარატში, მაგალითად, დეპარტამენტის უფროსზე შესაძლოა საერთოდ არ გაიცეს, ან გაიცეს დანამატი მთელი წლის განმავლობაში არაუმეტეს 7 680 ლარისა, ხოლო პრემია, არაუმეტეს 3 840 ლარისა [თუ ამ მოხელეს დანამატს და პრემიას სრულად მისცემენ, ის ფულადი ჯილდოს სახით ჯამში 9 216 ლარს აიღებს ხელზე].

თუმცა საჯარო სამსახურის ბიუროში განმარტავენ, რომ დანამატი შესაძლოა გაიცეს საჯარო მოხელეზე, თუ ის ზეგანაკვეთურ ან/და სხვა მოხელის ნაცვლად ასრულებს სამუშაოს, ხოლო პრემია შესაძლოა გაიცეს მხოლოდ მოხელის შეფასების შემდეგ და ამ შეფასების შესაბამისად. საჯარო სამსახურები ვალდებული არიან დაიწყონ და წლის ბოლომდე შეაფასონ საჯარო მოხელეები.

აჭარის მთავრობის აპარატში განაცხადეს, რომ ცალკე თანხა ზეგანაკვეთური სამუშაოს ასანაზღაურებლად გამოყოფილი არ არის, თუმცა, მიმდინარე წელს აპარატის სახელფასო ფონდი შარშანდელთან შედარებით შემცირდა 56 ათასი ლარით: „ამასთან, 4 ერთეულით შემცირდა შტატის რაოდენობაც. მთავრობის თავმჯდომარეს ორით ნაკლები მრჩეველი და ასევე ორით ნაკლები თანაშემწე ეყოლება.“

საჯარო მოხელეებს შეფასების შემდეგ შესაძლოა მიენიჭოთ მოხელის კლასიც. მოხელე, რომელსაც მიენიჭება ესა თუ ის კლასი, ხელფასთან ერთად მიიღებს საკლასო დანამატსაც.

 

 

შვიდ ეკომიგრანტ ოჯახს აჭარაში დღეს საცხოვრებელ ფართობს გადასცემენ

შვიდ ეკომიგრანტ ოჯახს აჭარაში საცხოვრებელი ფართობები დაურეგისტრირდება „ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის“ 2018 წლის პროგრამის ფარგლებში.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საცხოვრებელი ფართობების რეგისტრაციის პროცედურა იუსტიციის სახლში დღეს, 23 იანვარს, გაიმართება. საცხოვრებელი ფართობების დაკანონების პროცესს აჭარის ჯანდაცვის მინისტრი, ზაალ მიქელაძე დაესწრება.

„ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის“ პროგრამის ბიჯეტი 3 000 000 ლარს შეადგენს. პროგრამით გათვალისწინებულია 115-მდე სახლის ან ბინის შეძენა. პროგრამა თანადაფინანსებით ხორციელდება და თითოეულ ოჯახზე გათვალისწინებულია 25 000 ლარი.

პროგრამა 2016 წელს ამოქმედდა. სამინისტროს ინფორმაციით, მას შემდეგ უსაფრთხო საცხოვრისი 207-მა ოჯახმა შეიძინა.

________________________________

მთავარ ფოტოზე: ეკომიგრანტებისთვის საცხოვრებელი ფართობის რეგისტრაცია. ფოტო აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს არქივიდან.

აჭარაში წითელას შემთხვევებმა იმატა – საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი მშობლებს აფრთხილებს

იანვარში აჭარაში წითელას 35-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც გასულ წლის მთლიან მაჩვენებლზე მეტია – ასეთია აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაცია. ცენტრის ხელმძღვანელის, ნინო ნიჟარაძის ინფორმაციით, ბოლო წლების განმავლობაში, 2013 წლის შემდეგ, როცა აჭარაში წითელათი დაავადებულთა რაოდენობამ 196-ს მიაღწია, ასეთი ეპიდსიტუაცია არ ყოფილა.

„მოსახლეობას, განსაკუთრებით მშობლებს, მოვუწოდებთ: წითელას აცრა კეთდება ერთი და ხუთი წლის ასაკში. მიიყვანეთ ბავშვი ოჯახის ექიმთან წითელას ვაქცინაციისთვის, დანაკლისი დოზის შესავსებად, რადგან წითელა 100-პროცენტიანი გადამდებობით ხასიათდება და დაავადების თავიდან აცილების ერთადერთი გზა არის სწორედ ვაქცინაცია. დაავადებულები არიან ის ბავშვები, ვისაც აცრა გამოტოვებული აქვს ან მოზრდილი მოსახლეობა, რომელიც ამბობს, რომ თავის დროზე აცრა არ ჩაუტარებია, ან კიდევ 0-დან ერთ წლამდე ბავშვები, ვინც ჯერ ვერ მოასწრო წითელას საწინააღმდეგო აცრის ჩატარება და კონტაქტის გამო მოხდა დაავადების გადადება.

შეიძლება ითქვას, რომ 2013 წლის შემდეგ ეს არის ეპიდდაძაბული სიტუაცია. თუმცა ინფექციური დაავადებების შემთხვევაში ეს კანონზომიერება არსებობს –  3-5 წელიწადში ერთხელ არაიმუნურ მოსახლეობაში ყოველთვის ხდება შემთხვევების მატება,“ – ამბობს ნინო ნიჟარაძე.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, წითელას გართულებული შემთხვევები აჭარაში წელს არ ყოფილა.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, წითელას ვირუსი სახიფათოა ყველა ასაკში, მაგრამ 5 წლამდე ასაკის და 20 წელს გადაცილებულ პირთათვის შესაძლებელია გახდეს სერიოზული გართულებების მიზეზი.

პნევმონია  (20  შემთხვევიდან ერთი) ყველაზე ხშირია მცირეწლოვან ბავშვებში, ენცეფალიტი/ ტვინის შეშუპება (1000 შემთხვევიდან ერთი)  მთავრდება  სმენის  დაკარგვით და ასევე ყურის ინფექციები (10  შემთხვევიდან ერთი)  მთავრდება სმენის  დაკარგვით, ორსულობის  პერიოდში კი  წითელა შესაძლებელია გახდეს  ნაადრევი მშობიარობის ან ახალშობილის მცირე წონის მიზეზი.

წითელას სიმპტომებია: მაღალი ტემპერატურა, ხველება, ცემინება, კონიუნქტივიტი, ყელის ტკივილი. სიმპტომების განვითარებიდან მესამე-მეხუთე დღეს ჩნდება წითელი ლაქისებრი ბრტყელი გამონაყარი სახეზე, თმის საფარველის გასწვრივ კისერზე, მხრებსა და მთელ სხეულზე.

წითელა ჰაერ-წვეთოვანი გზით, დაინფიცირებული პირისგან ცემინებისა და ხველების დროს ვრცელდება. ვირუსი ორი საათის განმავლობაში ცოცხლობს ჰაერში და იწვევს გარშემომყოფი პირების დაინფიცირებას ჰაერის ან დაბინძურებულ საგნებთან შეხების საშუალებით.

დაინფიცირებული პირი სიპტომების გამოვლენამდე ოთხი დღის და გამოვლენის შემდეგ კიდევ ოთხი დღის განმავლობაში შესაძლებელია იყოს ვირუსის გამავრცელებელი.

ქედის საკრებულო კომისიის წევრებს საწვავს პირადი ავტომობილებისთვის გამოუყოფს

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, შუქრი თურმანიძის ინფორმაციით, საკრებულოს კომისიებს  გადაადგილებისთვის ყოველთვიურად საწვავის ხარჯი გამოეყოფა, თითოეულ კომისიას თვეში 80 ლიტრი.

ქედის საკრებულოს ბალანსზე ამ დროისთვის ორი სახელმწიფო ავტომობილი ირიცხება, მათგან ერთი საკრებულოს თავმჯდომარეს, მეორე კი მის მოადგილეს ემსახურება. შესაბამისად, დღემდე ქედის სკარებულოში საწვავის ხარჯი ამ ორი ავტომობილისთვის იყო გაწერილი.

შუქრი თურმანიძე განმარტავს, რომ ადგილობრივი ბიუჯეტის თანხით კომისიებს მთლიანობაში ყოველთვიურად 400 ლიტრამდე საწვავი გამოეყოფა. საწვავს კომისიის წევრები კი პირად საკუთრებაში არსებული ავტომობილებით მოიხმარენ.

„წინა წელთან შედარებით საწვავის ხარჯი მცირედით გაზრდილია, ხუთივე კომისიას საკუთარი საწვავის ხარჯი ექნება, შესაბამისად, ამან გამოიწვია ზრდა. კომისიები საკუთარი საქმით დაკავდებიან და არ იქნება კაბინეტური მუშაობა. საკრებულოს ევალება საბიუჯეტო ხარჯების კონტროლი და მიზნობრივი გამოყენება, საწვავის გამოყენებას პირად საკუთრებაში არსებული ავტომობილებით შეძლებენ, კანონი ამას არ კრძალავს, ყველა ინსტანციაში გარკვევულია ეს საკითხი,“ – აცხადებს შუქრი თურმანიძე.

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის ბიუჯეტი გასულ წელთან შედარებით 28 620 ლარით არის გაზრდილი. თუ გასულ წელს  საკრებულოს მთლიანი ბიუჯეტი  504 000 ლარი იყო, წელს  532 620 ლარია გაწერილი.

მშენებლობაზე დაღუპული ორი ახალგაზრდის ოჯახს კომპენსაციაზე უარს ეუბნებიან

2017 წლის სექტემბერში „მეტრობეტონის“ მშენებლობიდან 30 წლამდე ორი მამაკაცი ჩამოვარდა. დაღუპული ახალგაზრდების ოჯახის წევრები სადაზღვევო კომპანია „უნისონისგან“ კომპენსაციას ითხოვენ. დაღუპულების ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა დღეს, 23 იანვარს, „უნისონის“ ოფისის წინ საპროტესტო აქცია გამართეს. მათი თქმით, დაღუპულებს ჰქონდათ სიცოცხლის დაზღვევა, მაგრამ, ამის მიუხედავად, სადაზღვევო კომპანია თანხის – 100 ათასი დოლარის გადახდაზე უარს აცხადებს.

სააქციო საზოგადოება „მეტრობეტონსა“ და სადაზღვევო კომპანია „უნისონს“ შორის სადაზღვევო ხელშეკრულება 2017 წლის 17 აგვისტოს გაფორმდა. ხელშეკრულების მიხედვით, დაზღვეული იყო მუშების სიცოცხლე და მათი გარდაცვალების შემთხვევაში ოჯახი ასი ათას დოლარს მიიღებდა. ახალგაზრდა მუშები ხელშეკრულების გაფორმებიდან 23 დღეში დაიღუპნენ.

როგორც დაღუპული მუშების ოჯახის წევრები აცხადებენ,  ოჯახებისთვის კომპენსაცია არც „მეტრობეტონს“ გადაუხდია.

„ჩემს შვილს ორი პატარა შვილი დარჩა, მისი სიცოცხლე შეუფასებელია და მას ვერავინ დაგვიბრუნებს, მაგრამ ვითხოვთ, რომ ამ პატარა ბავშვების გამო მაინც გადაიხადონ კომპენსაცია,“ – გვეუბნება დაღუპული რეზო თურმანიძის დედა, ნაზი თურმანიძე.

მეორე დაღუპული მუშის, მამუკა თურმანიძის მეუღლე ფეხმძიმედაა. მისი თქმით, კომპანია ვალდებულია მის ოჯახს კომპენსაცია გადაუხადოს, დაღუპული მუშის შვილი სოციალურად დაცული რომ იყოს.

ოჯახის წევრების განცხადებით, დაღუპული მუშების სიცოცხლე დაზღვეული იყო. ისინი კომპანიისგან კომპენსაციას ითხოვენ.
ფოტო: ლელა დუმბაძის

„ჩვენ ვითხოვთ, სიცოცხლის დაზღვევის პუნქტით გადაიხადონ კომპენსაცია, თუმცა სადაზღვევო კომპანია უარს გვეუბნება. ვფიქრობთ, მივმართავთ სასამართლოს ჩვენი შვილების უფლებების დასაცავად,“ -ამბობს მარიამ სირაბიძე.

„ბათუმელები“ სადაზღვევო კომპანია „უნისონის“ რეგიონული ოფისის ხელმძღვანელს, მზია რომანაძეს ესაუბრა, რომელიც აცხადებს, რომ „მეტრობეტონმა“ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები დაარღვია, რის გამოც „უნისონი“ ვალდებულებისგან თავისუფლდება.

„პირველ რიგში, მწუხარებას გამოვხატავთ დაღუპული მუშების გამო და განვმარტავთ, რომ  2017 წლის 17 აგვისტოს სადაზღვევო კომპანია „უნისონსა“ და სააქციო საზოგადოება „მეტრობეტონს“  შორის გაფორმდა ხელშეკრულება და დაზღვეულ იქნა დამქირავებლის პასუხისმგებლობა.

პოლისის თანახმად, დამზღვევი ვალდებული იყო 2017 წლის პირველ სექტემბრამდე  გადაეხადა პირველადი ან ერთჯერადი სადაზღვევო შენატანი, რაც არ მომხდარა. „მეტრობეტონმა“ სადაზღვევო თანხა გადაიხადა მას შემდეგ, რაც მუშები დაიღუპნენ.

ხელშეკრულების მიხედვით, დამზღვეველმა დაარღვია ხელშეკრულების პირობები, რის გამოც „უნისონი“ თავისუფლდება პასუხისმგებლობისგან,“ – აცხადებს „უნისონის“ წარმომადგენელი.

მისი თქმით, „მეტრობეტონი“ ცდილობს, მთელი პასუხისმგებლობა „უნისონს“ დააკისროს, რითაც ის ლახავს სადაზღვევო კომპანიის იმიჯს.

„უნისონის“ წარმომადგენლის თქმით, სადავო საქმე სასამართლოს გზით უნდა მოგვარდეს.

მშენებლობაზე დაღუპული ახალგაზრდა მუშების ოჯახის წევრები და ახლობლები საპროტესტო აქციას „უნისონის“ ოფისის წინ მართავენ

კომპანია „მეტრო“ კი კომპენსაციის საკითხთან დაკავშირებით შემდეგ კომენტარს ავრცელებს: „უნისონთან“ საკმაოდ დიდი ხანია ვთანამშრომლობთ, ახლანდელი ფაქტი სადაზღვევო შემთხვევას უკავშირდება. „უნისონს“ აქვს გარკვეული პრეტენზიები, რასაც კატეგორიულად არ ვეთანხმებით.  თუ შეთანხმება ვერ შედგა, საქმეს გაგრძელება მოჰყვება სასამართლოში“.

შოთა გუჯაბიძე: „მერმა გადაწყვიტა, საკონტროლო გასროლით მოვეთავებინეთ“

„რატომ ცდილობთ შექმნათ აგრესიული ფონი?“, „თანამშრომლობისთვის გამოწვდილ ხელს კბენთ და ღრღნით?!“, „მე თქვენზე ჯერ ხელი არ ჩამიქნევია“, – ეს არის ის ციტატები ფეისბუქზე დაწერილი ვრცელი პოსტიდან, რითაც ბათუმის არჩეულმა მერმა საზოგადოება „ბათომის“ წევრების მიმართ. ამის მიუხედავად ლაშა კომახიძე წერს, რომ „ეს იყოს პროლოგი მომავალი შეხვედრისთვის“.

ლაშა კომახიძემ პოსტი კულტურული მემკვიდრეობის დამცველ ორგანიზაციას მას შემდეგ მიუძღვნა, რაც გუშინ, 22 იანვარს, „ბათომმა“ მას ღია წერილით მიმართა.

„ბათომის“ წევრი, შოთა გუჯაბიძე, ლაშა კომახიძის საპასუხო პოსტს არ განიხილავს მერის ოფიციალურ პასუხად. ის მიიჩნევს, რომ ლაშა კომახიძეს ამ წერილით „ბათომის“ გაუვნებელყოფა სურდა და მერი ახლა თავს გამარჯვებულად მიიჩნევს:

„ვერ მივხვდი, იყო თუ არა ეს ჩვენი წერილის პასუხი, უბრალოდ, ეს იყო ადამიანი, რომელიც გაღიზიანდა იმის გამო, რომ შევბედეთ კრიტიკა და გადაწყვიტა დავეტუქსეთ. აქ [პოსტში] არაფერი საქმიანი არ იყო გარდა იმისა, რომ აპირებს გრანტების მოპოვებას, მაგრამ შენობები დანგრეულია და მე ჩემი თვალების უფრო მჯერა, ვიდრე მისი სიტყვების. ვფიქრობ, ეს არის სწორედ არასერიოზული დამოკიდებულება. თუკი, ვთქვათ, ჩვენ სერიოზულად მივაჩნივართ, მე მგონი უნდა დაუშვას, რომ რაღაც ჩვენც ვიცით, მინიმუმ ვიცით კანონი. თვითონ ისტორიულ შენობას არც თუ ისე სერიოზულად უყურებს, გამოდის, რომ არ იცის“.

შოთა გუჯაბიძე მერის მიერ ვრცელი პოსტის გამოქვეყნებას „პოპ-ვარსკვლავის ჟანრში“ ლაპარაკს ადარებს, „როცა სავალდებულო კი არ არის კარგად იმღერო, მთავარია თქვა, რომ კარგად მღერი. ეს ბელეტრისტიკულ ჟანრში გადაიტანა. პრობლემა კი მაინც რჩება პრობლემად და არაფერი არ კეთდება“.

„ის ფიქრობს, რომ ჩვენზე უკვე გაიმარჯვა და გადაწყვიტა, რომ ბოლოს საკონტროლო გასროლით მოვეთავებინეთ და გავეუვნებელვყავით.  როგორც მისი „მრევლი“ უწერს, ხოტბას ასხამს კომენტარებში, ეტყობა ჰგონიათ, რომ ამას მიაღწიეს,“ – ამბობს შოთა გუჯაბიძე.

ბოლო კვირის განმავლობაში ბათუმში რამდენიმე ისტორიული, ფონური ნაგებობის დანგრევა დაიწყო, მათ შორის მე-19 საუკუნეში აგებული ბელეტაჟის დემონტაჟი ფარნავაზ მეფის ქუჩაზე. ამ ადგილას შვიდსართულიანი სახლის აშენება იგეგმება. ასევე, ანგრევენ მე-19 საუკუნეში აგებულ, ერთსართულიან, ფონურ შენობას ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე, სადაც ხუთსართულიანი სახლის აგება იგეგმება.

ორგანიზაცია „ბათომი“, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი შოთა გუჯაბიძეა, წლებია ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებზე მუშაობს.

უახლოესი დღეების ამინდი: ბათუმში მოსალოდნელია თოვლ-ჭყაპი

ბათუმში იანვრის თბილი დღეების შემდეგ ამინდი ხვალიდან შეიცვლება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, ხვალ ბათუმსა და აჭარის სანაპირო რაიონებში იწვიმებს, გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი, ჰაერის ტემპერატურა დღისით 5-10 გრადუსი, ღამით კი 1-6 გრადუსი იქნება.

მომდევნო ორი დღის განმავლობაში ბათუმში ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება, მოსალოდნელია თოვლ-ჭყაპი.

უახლოეს დღეებში აჭარის მთიანეთში თოვაა მოსალოდნელი, დღისით – ზოგან ძლიერი. ჰაერის ტემპერატურა დღისით 2 გრადუსი სითბო – სამი გრადუსი ყინვაა მოსალოდნელი, ღამით კი -1-2 გრადუსი ყინვა.

მთავარი ფოტო: „ბათუმელები“/მანანა ქველიაშვილი 

 

„მე თქვენზე ჯერ ხელი არ ჩამიქნევია“ – ლაშა კომახიძე „ბათომს“ პასუხობს

ბათუმის არჩეული მერი ლაშა კომახიძე სოციალურ ქსელ ფეისბუქში საზოგადოება „ბათომს“ პასუხობს. „ბათომმა“ დღეს ღია წერილი გაავრცელა და ლაშა კომახიძეს მოუწოდა გაიღოს ძალისხმევა ისტორიული თუ კულტურული მემკვიდრეობის გადასარჩენად. ბათუმის მერი სოციალურ ქსელში სწორედ ამ მიმართვას გამოეხმაურა. მერის მიერ გავრცელებულ პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„მინდა გამოვეხმაურო ორგანიზაცია „ბათომის“ და მისი ცალკეული წევრების მიერ სოციალურ ქსელში წარმოებულ კამპანიას ბათუმის კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის შენარჩუნების მიზნით. რამდენადაც სამწუხარო არ უნდა იყოს, პირადად ჩემი არაერთი მცდელობის მიუხედავად გადავსულიყავით კონსტრუქციულ, სამუშაო რეჟიმში და ერთად გვეფიქრა კონკრეტული, ქმედითი ნაბიჯების გადაგმაზე ამ მიმართულებით ჩემმა ინიციატივამ ვერ ჰპოვა თქვენში მხარდაჭერა… ან არ ჰპოვა. დაუჯერებელია მაგრამ სიტყვითაც კი, სურვილის დონეზეც კი არსად არ გაგიჟღერებიათ მზადყოფნა! ეს ბევრ რამეზე მაფიქრებს…

მიუხედავად შემოთავაზებისა კომპლექსურად შეგვეხედა პრობლემაზე როგორც ქალაქის ისტორიულ ნაწილში მაცხოვრებელი ადამიანების პოზიციიდან ასევე სახელმწიფო ბიუჯეტის პოზიციიდან, მიგვეგნო პრობლემის არსისთვის და ერთად გვეფიქრა ქმედით, შინაარსიან და სასარგებლო ნაბიჯების გადადგმაზე… პასუხად მივიღე ბრმა აგრესია რომ თურმე ჩემი საუბარი „კულტურული მემკვიდრეობის კონვერტაციაა“, რომ ასეთ კალაპოტში საუბარი „არგუმენტებია ქალაქის ნგრევის გასაგრძელებლად“…

მიუხედავად მოწოდებისა დაკავებულიყავით ნამდვილად სასარგებლო საქმით და მიუხედავად უპრეცედენტო შემოთავაზებისა კონკრეტული ფინანსური სახსრების გამოყოფაზე ყოველ მოზიდულ გრანტზე კულტურული და ისტორიული ძეგლების აღდგენა რეაბილიტაციისა თუ სხვა პროგრამების კუთხით, ერთ-ერთი თქვენგანისგან პასუხად მივიღე რომ არაფრის მომზიდველი არ არის (ეჰ…) და ეს ფაქტი არ ნიშნავს რომ „ლაყე კვერცხის ჭამაზე უნდა დათანხმდეს“…

მეგობრებო, რატომ იქცევით ასე? ყოველ ახალ ჯერზე რატომ ცდილობთ შექმნათ აგრესიული ფონი? რატომ ცდილობთ საზოგადოების გრძნობებზე მანიპულირებით (მანიპულაცია და სხვა არაფერია როდესაც პოზიციას აწვდით ცალსახად, თქვენთვის სასურველი ინტერპრეტაციით) დაამკვიდროთ მტრის ხატი? ეგებ იმიტომ რომ მტრის გარეშე დარჩით და დაიბენით?! ახალს ეძებთ?! არ იცით როგორ იცხოვროთ ასეთ რეალობაში და თანამშრომლობისთვის გამოწვდილ ხელს კბენთ და ღრნით?! რა არის ეს? საკუთარი უუნარობის გამოვლენა თუ იმის წამოცდენა რომ არა ხართ მოწოდებული პრობლემის მოგვარებაზე? დაფიქრდით ამაზე… კითხეთ სხვასაც, გვერდიდან უკეთესად ჩანს როგორ გამოიყურებით. კარგი, გადავდოთ გვერდზე ეს საკითხი…

მოკლედ, კეთილისმსურველებო, ზოგიერთისგან განსხვავებით მე ვიცი როგორ შეიძლება გრანტების მოზიდვა… ამიტომ უკვე ვსაუბრობ ერთ-ერთ მსხვილ დონორ ორგანიზაციასთან რამოდენიმე მილიონიანი გრანტის (დადასტურებულის და არა პერსპექტივაში!) ბათუმის ისტორიული უბნის რეაბილიტაციაზე დახარჯვის თაობაზე. ღმერთის დახმარებით მივიყვან ბოლომდე ამ საქმეს (ეს არ არის ადვილი და მოითხოვს დროს) და გულწრფელად მჯერა (რატომღაც ერთი კაცის სიტყვები გამახსენდა „არ გაბლაყვდე, არ დეიჯერო ჯოოო!“ ?), რომ იგივე მონდომებით დაწერთ სტატუსს „ლაშა კომახიძის მერობის დროს რეაბილიტირებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები!“

ეს იყოს პროლოგი ჩვენი მომავალი შეხვედრისთვის რომელსაც ამ პოსტით ვაანონსებ შემდეგ კვირაში (მოგვიანებით დაგიზუსტებთ თარიღს და დროს). შეხვედრისა, რომელზეც მოვიწვევთ მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს, ასევე სხვადასხვა თემატური ორგანიზაციისა და მთავრობის წევრებს. ეს იქნება შეხვედრა პრეზენტაცია მერიის მიდგომებისა ქალაქის კულტურული და ისტორიული განაშენიანების დაცვისა და განვითარების მთავარ ასპექტებზე შემდეგი 4 წლის განმავლობაში. პრეზენტაცია კონკრეტული გადაწყვეტილებებისა და პროექტების რომელზეც მუშაობა დაწყებულია ჩემი უფლებამოსილების პირველივე დღიდან და რომელიც იმედი მაქვს მნიშვნელოვან გარდატეხას შეიტანს თქვენს ცნობიერებაში – მე თქვენზე ჯერ ხელი არ ჩამიქნევია ?“

ბოლო კვირის განმავლობაში ბათუმში რამდენიმე ისტორიული, ფონური ნაგებობის დანგრევა დაიწყო, მათ შორის მე-19 საუკუნეში აგებული ბელეტაჟის დემონტაჟი ფარნავაზ მეფის ქუჩაზე. ამ ადგილას შვიდსართულიანი სახლის აშენება იგეგმება. ასევე, ანგრევენ მე-19 საუკუნეში აგებულ, ერთსართულიან, ფონურ შენობას ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე, სადაც ხუთსართულიანი სახლის აგება იგეგმება.

ორგანიზაცია „ბათომი“ წლებია ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებზე მუშაობს.

______________________________

ამავე თემაზე:

ისტორიულ ქალაქს მხოლოდ ძეგლის სტატუსის მქონე შენობები არ ქმნიან – „ბათომის“ ღია წერილი მერს

სოფელ განთიადთან, მთაზე ხანძარია

ხანძარია ბათუმთან ახლოს მდებარე სოფელ განთიადთან, მთაზე. შემთხვევის ადგილისკენ წავიდნენ სახანძრო-სამაშველო სამსახურის ჯგუფები. სახანძროს ინფორმაციით, მათთან შეტყობინება შევიდა, რომ მთაზე ეკალ-ბარდი იწვის. ემუქრება თუ არა ხანძარი საცხოვრებელ სახლებს, სახანძროში ამის შესახებ ჯერ არ იციან.

ფოტოზე: ხანძარი მთაზე. შალვა თავდგირიძის ფოტო 

 

12 კარი ძველ ბათუმში, რომლებიც უნდა ნახოთ

2014 წელს ძველ ბათუმში, 16 ქუჩაზე, ჭიშკრები და სადარბაზო კარები გამოცვალეს, ზოგი შეაკეთეს, რესტავრაცია გაუკეთეს, ზოგიც მთლიანად შეცვალეს ახლით.

ბათუმის განვითარების ფონდის მიერ განხორციელებული პროექტისთვის მაშინ 500 000 ლარი იყო გამოყოფილი. დავათვალიეროთ ძველი ბათუმის რამდენიმე კარი, რომლებთანაც აუცილებლად უნდა შეჩერდეთ, თუნდაც ცოტა ხნით.

            1.კონსტანტინე გამსახურდიას 29 

 

            2. ფარნავაზ მეფის ქუჩა

                3. მერაბ კოსტავას 13

                4. ფარნავაზ მეფის 39

                   5. ირაკლი აბაშიძის 3

                  6. გორგილაძის 24

               7. კონსტანტინე გამსახურდიას 36

                   8. რევაზ კომახიძის 1

                9. ახმედ მელაშვილის 23

                10. მემედ აბაშიძის ქუჩა

                  11. მერაბ კოსტავას 26

         12. რუსთაველის 39 – სამშობიარო სახლი

ამავე თემაზე:    26 ახალი სადარბაზო კარი ძველ ბათუმში

 

„ქართულმა ოცნებამ“ ქედის საკრებულოში კიდევ ორი ფრაქცია შექმნა

„ქართულმა ოცნებამ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ორი ახალი ფრაქცია: „ქართული ოცნება – მრეწველები“ და „ქართული ოცნება – კონსერვატორები“ შექმნა. ახალი ფრაქციები სამ-სამი წევრით არის წარმოდგენილი.

„ქართული ოცნება – მრეწველების“ ფრაქციის წევრები არიან: ტარიელ მანველიძე, მზია ბოლქვაძე და ოთარ ბოლქვაძე, ხოლო ფრაქცია  „ქართული ოცნება – კონსერვატორებს“ წარმოადგენენ: როსტომ შერვაშიძე, უშანგი დუმბაძე და ბადრი შავლიძე.

„ქართული ოცნება – მრეწველების“ ფრაქციის თავმჯდომარე ტარიელ მანველიძეა, მისი მოადგილე კი – მზია ბოლქვაძე. „ქართული ოცნება – კონსერვატორებს“  როსტომ შერვაშიძე უხელძღვანელებს, მისი მოადგილე კი უშანგი დუმბაძე იქნება. ქედის საკრებულოს თავმჯდომარის, შუქრი თურმანიძის ინფორმაციით, ახალი ფრაქციები 12 იანვარს დარეგისტრირდა.

ქედის საკრებულომ ქედის მერიასა და საკრებულოს თანამშრომელთა საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგო  გასულ კვირას დაამტკიცა. ანაზღაურება გაეზარდა საკრებულოს როგორც თანამდებობის პირებს, ასევე რიგით წევრებსაც. სახელფასო სარგოში შესული ცვლილებების მიხედვით, ქედის საკრებულოს ფრაქციებისა და კომისიების თავმჯდომარეები 1 700 ლარს აიღებენ, მოადგილეები – 1 200 ლარს.

კითხვაზე – რატომ იქმნება ახალი ფრაქციები საკრებულოში მაშინ, როდესაც ფრაქციას ერთი და იმავე პარტიის წევრები ქმნიან და ფრაქციის შექმნა მეტი ანაზღაურების მიღებით ხომ არ არის განპირობებული? საკრებულოს თავმჯდომარემ, შუქრი თურმანიძემ, უპასუხა:

„საკრებულოს წევრებმა გამოხატეს თავიანთი პოლიტიკური ნება და უფლება, შეექმნათ ფრაქცია. დატოვეს „ქართული ოცნების“ ფრაქცია და ახალი ფრაქცია შექმნეს, რითაც უფრო მეტი განსხვავებული აზრი იქნება და უფრო მეტად ნაყოფიერი იქნება ფრაქციებისა და მთლიანად საკრებულოს მუშაობა. ჩვენ არც კანონით და არც მორალურად უფლება არ გვქონდა უარი გვეთქვა.“

მმართველი პარტიის ფრაქცია ქედაში ამ დროისთვის  12 დეპუტატითაა წარმოდგენილი.

ქედის საკრებულოში, რომელიც 24 წევრისგან შედგება, სულ ოთხი ფრაქციაა: „ქართული ოცნება“ , „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ქართული ოცნება – კონსერვატორები“ და „ქართული ოცნება – მრეწველები“.

„ჭოროხის გზასთან“ მცხოვრებთ საკუთრების დათმობა მოუწევთ

ხელვაჩაურში, ეგრეთ წოდებული ჭოროხის გზის მიმდებარედ მცხოვრებთ, სახელმწიფო ქონებას სთხოვს – სრულად ან ნაწილობრივ. ქონების დათმობა 19 მესაკუთრეს მოუწევს.

ამ ზონაში მცხოვრები მოქალაქეების თქმით, მათ მთავრობის წარმომადგენელმა აცნობა, რომ სახელმწიფო კერძო საკუთრებას გზის გაფართოების მიზნით გამოისყიდის. თუმცა მესაკუთრეებმა დაზუსტებით არ იციან, რამდენს გადაუხდიან ერთი კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის, სახლის, ასევე დამხმარე შენობა-ნაგებობებისა და ნარგავების სანაცვლოდ.

კერძო საკუთრების მფლობელები „ბათუმელებთან“ ამბობენ, რომ მათთვის ასევე უცნობია, რა ვადებში გეგმავს ხელისუფლება მათი ქონების გამოსყიდვას.

მოქალაქეები ამომწურავ ინფორმაციას ითხოვენ.

„…დაზუსტებით არაფერი ვიცით. ვშიშობთ ისე არ მოხდეს, ერთ დღეს მოგვადგნენ და გვითხრან სახლი ერთ თვეში დაცალეთო. სადმე ხომ უნდა დავბინავდეთ, შევინახოთ ჩვენი ნივთები. გარდა ამისა, არ ვიცით ასევე რამდენს შემოგვთავაზებენ კვადრატულ მეტრში. შესაძლებელია იქნება თუ არა ადგილის მონაცვლეობა და ასე შემდეგ. დაზუსტებულ პასუხებს ჯერ არავინ გვაძლევს. ჩვენ ძალიან  ვნერვიულობთ ამაზე“, – უთხრა ერთ-ერთმა მესაკუთრემ, ხათუნა მორთულაძემ, „ბათუმელებს.“

აქ ამბობენ, რომ მთავრობამ ზოგიერთს სრული ქონების გამოსყიდვა შესთავაზა, ზოგიერთს კი – ნახევრის. შესაბამისად, მოქალაქეებს აინტერესებთ, თავიანთი მიწის ნაკვეთების ნაწილს თუ დაუტოვებენ, შეძლებენ თუ ვერა იმ ნახევარზე სახლების აშენებას, შესაბამისი ნებართვების მიღებას მერიიდან. მათ ასევე აინტერესებთ, რა სამუშაოების ჩატარება იგეგმება და ნაკვეთების გაყოფის შემდეგ დარჩენილი ნაწილი იქნება თუ არა შემოსავლიანი. თუ ეს ასე არ იქნება,  ისინი ფიქრობენ, რომ მთავრობამ მათი ქონება სრულად უნდა გამოისყიდოს.

ე.წ. ჭოროხის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს აჭარის გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი ატარებს. პროექტის პარამეტრები გზის ამაღლებასა და გაფართოებას ითვალისწინებს. კომისია კი, რომელმაც მოსახლეობისგან საკუთრების გამოსყიდვა უნდა უზრუნველყოს, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროშია შექმნილი. კომისიის წევრის, გელა ცინცაძის ინფორმაციით, მთავრობას ჯერ არ შეუძლია დაასახელოს ქონების გამოსასყიდი ფასი.

„…ამ ყველაფერზე მოსახლეობას ინფორმაცია ადგილზე მივაწოდეთ, თუ ვინმეს კითხვები აქვს, შეგვიძლია ნებისმიერს გავცეთ პასუხები სამინისტროში,“ – ამბობს გელა ცინცაძე.

რაც შეეხება ღირებულებას, უწყებაში განმარტავენ, რომ გადასახდელი ფასი ჯერ არც მათთვის არის ცნობილი. „ამას დაადგენს სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო და შემდეგ შევთანხმდებით, თუ ვერ შევთანხმდით, სხვა გზით წავალთ“, – ამბობს გელა ცინცაძე.

კომისიის წევრი ადასტურებს, რომ „სხვა გზა“ ექსპროპრიაციაა.

ექსპროპრიაცია აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის ქონების ჩამორთმევას გულისხმობს. კანონით განსაზღვრულია, რომ ასეთი საჭიროება შეიძლება იყოს გზის მშენებლობა. ექსპროპრიაცია შეიძლება განხორციელდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით.

გელა ცინცაძის ინფორმაციით, ახალი გზის რეაბილიტაციისა და მისი გაფართოების მიზანი არსებული მაგისტრალის განტვირთვაა.

ე.წ. ჭოროხის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტენდერი აჭარის გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტმა გასული წლის  სექტემბერში გამოაცხადა, შესყიდვის ღირებულება მილიონ 34 000 ლარია. ე.წ. ჭოროხის გზა მახოს ხიდიდან იწყება, მდინარეს მიუყვება და გონიოს ხიდამდე გადის. სამუშაოებს შპს „ტ.ტ.“ აწარმოებს.

2018 წლის 8 იანვარს ე.წ. ჭოროხის გზაზე ასფალტ-ბეტონის გზის  დაგების სამუშაოების შესყიდვის მიზნით გზების დეპარტამენტმა კიდევ ერთი ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის ბიუჯეტი ამჯერად სამი მილიონ 400 000 ლარია.

ავტობანი – გზების დეპარტამენტის აჭარის დირექციის უფროსი ზედამხედველ კომპანიაში დასაქმდა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის აჭარის დირექციის უფროსის თანამდებობა ვაკანტურია. ეს თანამდებობა ზურაბ სიხარულიძემ დატოვა და სამუშაოდ იმ კომპანიაში გადავიდა, რომელიც „ბათუმის შემოვლითი გზის“ პროექტს  ზედამხედველობს.

„ჩემი სურვილით დავტოვე თანამდებობა, ბევრი ვიშრომე და ასე გადავწყვიტე… ისევ ბათუმის შემოვლითი გზის პროექტზე განვაგრძობ მუშაობას. დავსაქმდი კომპანია „სნეკში“, რომელიც ტენდერში გამარჯვებული კომპანიაა და საზედამხედველო საქმიანობას ახორციელებს შემოვლითი გზის პროექტზე, ახლა ზედამხედველობის ინჟინერი ვარ,“ – გვითხრა ზურაბ სიხარულიძემ.

„ბათუმის შემოვლითი გზის“ პროექტით გათალისწინებულ სამუშაოებზე ზედამხედველობას კომპანია „სნეკი“ 2017 წლის 16 სექტმებრიდან ახორციელებს. ტენდერი საზედამხედველო სამუშაოს შესყიდვაზე საავტომობილო გზების დეპარტამენტს ჰქონდა გამოცხადებული. დეპარტამენტის პრესსამსახურში ასევე გვითხრეს, რომ გადაწყვეტილება დეპარტამენტის აჭარის დირექციის ახალი უფროსის დანიშვნის შესახებ ინფრატრუქტურის მინისტრმა უნდა მიიღოს. ამ ეტაპზე კი კანდიდატურა არ განიხილება.

არის თუ არა პრობლემა, როცა თანამდებობის პირი გადადის იმ კომპანიაში სამუშაოდ, რომელმაც ზედამხედველობა უნდა გაუწიოს თანამდებობის ყოფილი პირის მიერ ჩატარებულ საქმესაც? – „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში“ მიიჩნევენ, რომ ეს პრობლემაა.

ერეკლე ურუშაძე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ პროგრამის მენეჯერი: „ნებისმიერი ასეთი გადასვლა, როცა მიდის სახელმწიფო მოხელე იმავე სფეროში მოღვაწე კომპანიაში, არის პრობლემური. კანონი დაირღვა თუ არა კონკრეტულად, ეს მეორე საკითხია და ამას სჭირდება დეტალების შესწავლა. რადგან ტენდერი ჰქონდა გამოცხადებული გზების დეპარტამენტს და არა ბათუმის დირექციას, აქ შესაძლოა არ იყოს პირდაპირი დარღვევა. აღსანიშნავია, რომ კანონი ინტერესთა შეუთავსებლობის შესახებ დასახვეწია ამ კუთხით, რადგან იგი ბევრნაირი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა“.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს ბათუმის შემოვლითი გზის პროექტს. პროექტის ფარგლებში აშენდება 2-ზოლიანი ასფალტის გზა, 19 სახიდე გადასასვლელი, 4 სატრანსპორტო კვანძი, 5 გვირაბი და 57 წყალგამტარი მილი. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი ფინანსდება აზიის განვითარების ბანკისა (ADB) და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკთან (AIIB) გაფორმებული სასესხო ხელშეკრულებების ფარგლებში. ხელშეკრულების ღირებულება 329 მილიონი ლარია.

ბულვარში ახალი ველობილიკის მოსაწყობად 1 მილიონ 763 ათასი ლარი დაიხარჯება

ბათუმის ბულვარში ახალი ველობილიკის მოწყობის შესახებ გადაწყვეტილება ბულვარის ადმინისტრაციამ მიიღო. საუბარია არსებული ველობილიკების შეცვლაზე პანორამული ბორბლიდან ახალ ბულვარში მდებარე ხიდამდე. ველობილიკზე ფილების ნაცვლად ბეტონის ნარევის სხმული დაიგება [ახალი ბულვარის ტერიტორიაზე ველობილიკი ბეტონის ნარევის სხმულითაა მოწყობილი].

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის პრესსამსახურში განმარტავენ, რომ ბილიკი ამორტიზებულია და მის ხელახლა მოწყობაზე ტენდერი უახლოეს ორ კვირაში გამოცხადდება. ჯამში 19 424 კვადრატული მეტრის ველობილიკის მოსაწყობად, სავარაუდოდ, 1 მილიონ 763 ათას 113 ლარი დაიხარჯება.

უახლოეს დღეებში ბულვარის ადმინისტრაცია კიდევ ერთ ტენდერს გამოაცხადებს ახალი ბულვარის ტერიტორიაზე. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ აქ დაზიანებული ფილები უნდა გამოცვალოს და ბორდიურები მოაწყოს. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 2 მილიონ 83 ათას 556 ლარია. სამუშაოები სულ 30 143 კვადრატულ მეტრზე უნდა ჩატარდეს.

დაზიანებული ფილები ახალი ბულვარის ტერიტორიაზე/ 21.01.2018

სამინისტრო სკოლებში რელიგიის სწავლების დანერგვაზე მუშაობს -სიმონ ჯანაშიას შეფასება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მუშაობენ სკოლებში არჩევით საგნად რელიგიის ისტორიის სწავლების დანერგვაზე. „ბათუმელებს“ ამის შესახებ უწყებაში დაუდასტურეს. სამინისტროში მიაჩნიათ, რომ სკოლებში ამ საგნის სწავლება ძალადობის პრევენციას შეუწყობს ხელს. შეამცირებს თუ არა რელიგიის ისტორიის სწავლება ძალადობას მოზარდებში და რამდენად თანმიმდევრულია სამინისტროს პოლიტიკა ამ მიმართულებით? – საკითხს „ბათუმელებთან“ განათლების სპეციალისტი, სიმონ ჯანაშია აფასებს.

„ჩემთვის არ არის ცნობილი რაიმე კვლევა, როდესაც რელიგიის სწავლებით ძალადობა შემცირებულა, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ძალადობას ჰქონდა რელიგიური საფუძველი.

რელიგიების ისტორია ახლაც ისწავლება სკოლებში, ისტორიის კურსშია ეს საკითხები შესული, ამიტომ სხვა საკითხია რა ფორმა ექნება ამას. სწავლებაში კი არ არის პრობლემა, არამედ იმაში, რომ სახელმწიფოს არც ნება აქვს და არც ფინანსური შესაძლებლობა, ამ საგნის სწავლება სწორად რომ დანერგოს.

სახელმწიფომ ერთხელ სცადა ამ საგნის დანერგვა – 90-იანი წლების ბოლოს და ეს დამთავრდა იმით, რომ იყო არა რელიგიების ისტორიის, არამედ ერთი კონკრეტული რელიგიის სწავლება და ხდებოდა რელიგიური პროზელიტიზმი. გარდა ამისა, ნებისმიერი საგანი სერტიფიცირებულმა პედაგოგმა უნდა ასწავლოს, მათ შორის რელიგიის ისტორიაც,“ – ამბობს სიმონ ჯანაშია.

მის თქმით, არჩევითი საგნები, ძირითადად, მე-11-12  კლასებშია დანერგილი, თუმცა ახლა საუბარია იმაზე, რომ დაბალ კლასებშიც დაინერგოს არჩევითი საგანი. „ეს რაიმე კონკრეტული პრობლემის გადასაჭრელად არ კეთდება და ეს არის პრობლემა,“ – ამბობს სიმონ ჯანაშია.

მისი შეფასებით, ძალადობის შემცირებასა და პრევენციაზე საუბრის დროს, განათლების მინისტრი ისევ ძველ ინსტრუმენტებზე დაყრდნობით საუბრობს და რაიმე ახალ კომპლექსურ მეთოდზე საუბარი არ ყოფილა.

სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ამ ეტაპზე მუშაობენ სახელმძღვანელოს სტანდარტზე, რის შემდეგაც განისაზღვრება პროგრამები. „ამის შემდეგ, ცხადია, შეიქმნება სახელმძღვანელოები და განისაზღვრებიან  პედაგოგები.“

ისტორიულ ქალაქს მხოლოდ ძეგლის სტატუსის მქონე შენობები არ ქმნიან – „ბათომის“ ღია წერილი მერს

ორგანიზაცია „ბათომი“ ბათუმის მერს, ლაშა კომახიძეს, ღია წერილით მიმართავს და ძველი ბათუმის ტერიტორიაზე დაგეგმილი მშენებლობების, ეგრეთ წოდებული ფონური ნაგებობების, ისტორიული სახლების დემონტაჟის გაცემული ნებართვების გადახედვას და ძველი ბათუმის ისტორიული დაცვის ზონის დამტკიცებას სთხოვს.  „ბათუმელები“ ორგანიზაციის ღია წერილს სრულად გთავაზობთ.

„ბატონო ლაშა!

2018 წელს, თქვენი მერად არჩევის შემდეგ, ძველი ბათუმის ისტორიული განაშენიანების ზონაში  ისტორიული სახლების დემონტაჟი ინტენსიურად მიმდინარეობს. ეს გვაფიქრებინებს, რომ თქვენი დაპირება ძველი ბათუმის დაცვისა და შენარჩუნების შესახებ, არ ან ვერ იქნა აღქმული შესაბამისად იმ საბჭოს მიერ, რომელიც დაკომპლექტებულია მერიის და სხვა სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებით.

ამასთან, რჩება შთაბეჭდილება, რომ ქალაქის მმართველობა ბოლომდე არ არის ჩამოყალიბებული, როგორ აპირებს ისტორიული გარემოს შენარჩუნებას. ისტორიული შენობების ნგრევისას მერია თავს იმართლებს, ნაცვლად იმისა, რომ გააკრიტიკოს საბჭოს გადაწყვეტილება და დაანონსოს ქმედითი ნაბიჯები აქამდე გაცემული ნებართვების შესწავლის შესახებ.

სადავო არ არის, რომ ურბანულ კრიზისამდე მიყვანილ მდგომარეობას ამძიმებს ნებისმიერი დანგრეული შენობა, რომელიც პირდაპირპროპორციულია ძველი ქალაქის  ფასეულობებისა და თვითმყოფადობის განადგურების.

ორგანიზაცია „ბათომის“ და ისტორიული  ქალაქის დამცველებისთვის უცნობია კიდევ რამდენი ისტორიული სახლის დანგრევის „კანონიერი“ ნებართვაა გაცემული მერად თქვენ არჩევამდე.

დანგრეული სახლების თაობაზე რამდენჯერმე ახსენეთ, რომ ამ სახლების დანგრევის ნებართვა თქვენი მერობის პერიოდში არ გაცემულა, თუმცა თქვენ ხართ მემკვიდრე ბათუმის მერიის ყველა გადაწყვეტილების და გაქვთ ქალაქის ღირებულებების დაცვის ვალდებულება.

თუ თქვენც ფიქრობთ (და ეს არაერთხელ აღნიშნეთ), რომ თქვენთვის მნიშვნელოვანია ძველი ბათუმის ისტორიული განაშენიანების შენარჩუნება, აუცილებელია სასწრაფოდ იქნას მიღებული გადაწყვეტილება და შესაბამისი ზომები:

  1. უნდა გადაიხედოს მშენებლობისა და დემონტაჟის ნებართვები, რომლებიც ძველი ბათუმის ტერიტორიაზე გაიცა და ჯერჯერობით სისრულეში არ არის მოყვანილი.
  2. მერიამ უნდა შეძლოს და ქალაქის შენარჩუნებისთვის მოძებნოს საკანონმდებლო საფუძველი ამ ნებართვების გაუქმებისთვის, შესთავაზოს მენაშენეებს ალტერნატივა.

თქვენი განცხადება, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობებს არ ანგრევთ, კულტურული მემკვიდრეობის დამცველებისთვის გაუგებარია. ჩნდება შთაბეჭდილება, რომ ქალაქის მმართველობაში ვერ ან არ იაზრებთ ფაქტს, რომ ისტორიული ქალაქის შემადგენელი ნაწილი მხოლოდ ძეგლის სტატუსის მქონე შენობები არ არის.

შეგახსენებთ, რომ ისტორიული განაშენიანება შედგება როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე, ასევე ასეთი სტატუსის არმქონე, ე.წ. ფონური, ისტორიული შენობებისგან. ყველა ის ბელეტაჟი თუ ორსართულიანი სახლი, რომელიც ქმნის ძველი ბათუმის ქუჩების ხასიათს და დინამიკას, უნარჩუნებს ქალაქს მის პირვანდელ სახეს და განწყობას. თუ ამ შენობებს დავანგრევთ, გავანადგურებთ ქალაქის ისტორიულ კონტექსტს. ცალკე აღებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი კი არ ქმნის ქალაქის ურბანულ ქსოვილს, არამედ მთლიანი განაშენიანება. ამიტომ აუცილებელია სწორედ ეს ისტორიული, ურბანული განაშენიანება ვაღიაროთ მემკვიდრეობად და ყველაფერი გავაკეთოთ მის შესანარჩუნებლად.

ისტორიული სახლის დემონტაჟი ფარნავაზ მეფის #52-ში

თუ ეს მიდგომა არ გავითავისეთ და ნგრევის პოლიტიკა გაგრძელდა, ჩვენ დავუკარგავთ ქალაქს მდგრადი ეკონომიკური, კერძოდ, ტურისტული განვითარების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს რესურსს, რომელსაც სწორი განვითარების შემთხვევაში უნდა მოეტანა კეთილდღეობა, ეკონომიკური აღმავლობა და დასაქმება, პირველ რიგში ამ უბანში მცხოვრები ადამიანებისთვის.

ვითხოვთ, სასწრაფოდ დამტკიცდეს ძველი ბათუმის ისტორიული დაცვის ზონა  შესაბამისი რეგულაციებით. მერიამ ამისთვის რამდენჯერმე დახარჯა საბიუჯეტო თანხები და გადაწყვეტილების მისაღებად შესაბამისი დოკუმენტიც (ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმა) არსებობს.

ბათუმის მერიის და ქალაქის მერის ძველი ბათუმის გადარჩენის ყველა მცდელობა ამაოა ბათუმის ისტორიული ზონის გამოცხადებისა და სამართლებრივი დაცვის, რეგულაციების დაწესების გარეშე. ასევე, შეუძლებელი გახდება თქვენს მიერ შემოთავაზებული წინადადების განხილვა საერთაშორისო ფონდებთან ურთიერთობისას, რაც დარწმუნებულები ვართ, თქვენი გულწრფელი პოზიცია იყო.

როგორც იცით, 2018 წელი ევროკავშირმა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის წლად გამოაცხადა. ეს არის ძალიან კარგი შანსი ბათუმისთვის, ჩვენთვის და თქვენთვის,როგორც ქალაქის მერისთვის, ყველაფერი გავაკეთოთ იმის დასამტკიცებლად, რომ ბათუმი ევროპული ღირებულებების მქონე ქალაქია და ჩვენთვის მნიშვნელოვანია საკუთარი კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და

თუნდაც დაზიანებული ისტორიული გარემოს შესანარჩუნება და განვითარება.

ეს თქვენი გამოწვევა და ჩვენი მოთხოვნაა.

აქვე შეგახსენებთ, კულტურული მემკვიდრეობა ეკონომიკური განვითარების უმნიშვნელოვანეს რესურსად არის აღიარებული და ამაზე მსოფლიოში აღარ კამათობენ. ამაზე მეტყველებს საერთაშორისო კონვენციები, ქარტიები თუ რეზოლუციები, რომლებსაც საქართველოც არის მიერთებული (მაგ.: ევროპის საბჭოს ჩარჩო კონვენცია საზოგადოებისთვის კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობის შესახებ (2005 წ.) და გაეროს რეზოლუცია – „ახალი ურბანული დღის წესრიგი“.) საქართველოს აღებული აქვს მათი შესრულების ვალდებულება უპირველ ყოვლისა საკუთარი მოსახლეობის ინტერესების დასაცავად.“

ღია წერილს ხელს კულტურული მემკვიდრეობის დამცველების სახელით, ორგანიზაცია „ბათომი“ აწერს.

„ბათომის“ ღია წერილს წინ უძღოდა რამდენიმე ისტორიული, ფონური ნაგებობის დანგრევა ბათუმში. გასულ კვირას დაიწყო მე-19 საუკუნეში აგებული ბელეტაჟის დემონტაჟი ფარნავაზ მეფის ქუჩაზე. ამ ადგილას შვიდსართულიანი სახლის აშენება იგეგმება. ასევე, ანგრევენ ერთსართულიან, ფონურ შენობას ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე, სადაც ხუთსართულიანი სახლის აგება იგეგმება.

სპეციალისტები ამბობენ, რომ ისტორიული განაშენიანება მსგავსი, ფონური შენობების გარეშე არ არსებობს, ამიტომ, მათი შენარჩუნება აუცილებელია კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად.

_______________________________________

წაიკითხეთ ამ თემაზე: 

ლაშა კომახიძე “ბათომის” წევრებს: მაჩვენეთ რისი გაკეთება შეგიძლიათ

ქალაქი შენი ფანჯრიდან

 

ფულადი გზავნილები საქართველოში [ინფოგრაფიკა]

2017 წლის განმავლობაში საქართველოში ფულადი გზავნილების სახით $1.379 მილიარდი შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით 20%-ით მეტია. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. ფულადი გზავნილების ძირითად წყაროდ, საქართველოდან ემიგრირებული მოქალაქეების ფულადი გზავნილები მიიჩნევა.

საქსტატის ბოლო მონაცემებით [2014-2016 წწ.], ემიგრანტთა ნაკადი საქართველოდან იზრდება. 2014 წელს მათი რაოდენობა 88, 704 იყო, რომელთა შორის 69 855 საქართველოს მოქალაქე იყო. 2015 წელს კი, 95 965 ემიგრანტი წავიდა საქართველოდან, რომელთა უმრავლესობაც [67 452] საქართველოს მოქალაქე იყო.

2016 წელს ემიგრანტთა რიცხვი ოდნავ გაიზარდა და 98 288-ს მიაღწია, თუმცა მათ შორის საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა არ გაზრდილა, პირიქით შემცირდა [64,705].

მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის მიერ მომზადებული საქართველოს 2017 წლის მიგრაციის პროფილის მიხედვით,  საქართველოში ადგილი აქვს ემიგრაციის მზარდ ტენდენციას, თუმცა ეს ხდება არა საქართველოს მოქალაქეების, არამედ სხვა ქვეყნის მოქალაქეების საქართველოდან გასვლის შედეგად.

2016 წელს, მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის დაკვეთით ჩატარებული გამოკითხვის შედეგებმა აჩვენა, რომ ფულადი გზავნილების მიმღები სხვა ქვეყნების მსგავსად, საქართველოშიც ფულადი გზავნილების დიდი ნაწილი იხარჯება პირველადი მოხმარების საგნებზე, როგორიცაა საკვები, კომუნალური გადასახადები და ტანსაცმელი, რასაც მოჰყვება ჯანმრთელობასთან და განათლებასთან დაკავშირებული ხარჯები. ფულადი გზავნილების მიმღებთაგან, მხოლოდ 7% ახერხებს ფულადი გზავნილებით დანაზოგის გაკეთებას ბინის ან მანქანის შესაძენად ან ბიზნესის დასაწყებად.

გამოკითხვაში 324 ოჯახი მონაწილეობდა, რომლებსაც ჰყავდათ სულ მცირე ერთი დაბრუნებული ან ამჟამინდელი ემიგრანტი ოჯახის წევრი.

 

დეპუტატ ფატი ხალვაშის მუშაობის ერთწლიანი ანგარიშის პრეზენტაცია

24 იანვარს, 17:00 საათზე, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მაჟორიტარი დეპუტატი, ფატი ხალვაში, მისი მუშაობის ერთწლიანი ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს.

შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად მედიისა და ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრებიან. დამსწრე საზოგადოებას საშუალება ექნება მაჟორიტარ დეპუტატს დაუსვას კითხვები.

მის: ფარნავაზ მეფის ქუჩა, N 62/64/66

აღნიშნული ღონისძიება ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერითა და დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK აიდ-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება.

ენმ: აჭარის კონსტიტუცია კიდევ უფრო დასუსტდა

დღეს, 22 იანვარს, გამართულ ბრიფინგზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა აჭარის კონსტიტუციაში დაგეგმილ ცვლილებებზე ისაუბრეს. მათი განცხადებით, ამ ცვლილებებით აჭარის კონსტიტუცია კიდევ უფრო დასუსტებულია, ცვლილებების განხილვა კი – ფორმალური.

„რეალურად,  აჭარის უფლებამოსილებები დასუსტდა. კერძოდ, მანამდე მოქმედ აჭარის სტატუსის შესახებ კონსტიტუციურ კანონში ეწერა, რომ განათლება, სოფლის მეურნეობა, სპორტი, კულტურა, კულტურული მემკვიდრეობა – მიეკუთვნებოდა აჭარის გამგებლობას, ხოლო ახალი, უკვე მოქმედი კონსტიტუციური კანონით ამ უფლებამოსილების განხორციელება შესაძლებელია მას შემდგომ, თუ ეს უფლებები დელეგირებული იქნება კანონებით.

თუკი აქამდე ეს უფლებები იყო გარანტირებული კონსტიტუციით, დღეს ამ უფლებამოსილების განხორციელება დამოკიდებულია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაზე და პარლამენტის უმრავლესობაზე,“-აცხადებს გია აბულაძე.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებით, კონსტიტუციური კანონი უნდა მიღებულიყო ფართო კონსესუსის საფუძველზე.

„ცვლილებები შეეხება საარჩევნო სისტემასაც. „ქართული ოცნება“ სანამ ხელისუფლებაში მოვიდოდა, აცხადებდა, რომ მაჟორიტარული სისტემა იყო არასწორი და რეალურად, ეს სისტემა მართლაც არასწორია, რადგან ბოლო კვლევებმაც აჩვენა, რომ  მოსახლეობის დიდი ნაწილი ვერ იცნობს თავისი უბნის მაჟორიტარს. ამიტომ, ჩვენ ვითხოვდით, რომ  მაჟორიტარული სისტემა აღარ ყოფილიყო, თუმცა არც ეს იქნა გათვალისწინებული,“-აცხადებს გია აბულაძე.

ბრიფინგზე ენმ-ს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ რეალურად აჭარის კონსტიტუციის განხილვა  ფორმალურად ხდება. „სხვა პარტიების წარმოდგენით კი, ხელისუფლებას სურს აჩვენოს, რომ თითქოს ეს არის დემოკრატიული პროცესი. მათ არ აქვთ სურვილი, ისაუბრონ რეალურ ცვლილებებზე, შესაბამისად ამ ფორმალურ განხილვებში ჩვენ მონაწილეობას არ მივიღებთ.“

ენმ-ს წევრების თქმით, მათ შეიმუშავეს რეკომენდაციები,  რომლებიც საარჩევნო სისტემის რეალურ ცვლილებებს შეეხება და მათ მოსახლეობას გააცნობენ.

 

ნაკლები შაქარი და მარილი – კვების რაციონი ბათუმის საბავშვო ბაღებშიც შეიცვალა

2018 წლიდან საბავშვო ბაღებში კვების რაციონი შეიცვალა. ცვლილებები შევიდა ბათუმის საბავშვო ბაღების მენიუშიც. ზოგიერთი მშობელი ცვლილებებს კრიტიკულად შეხვდა, ისინი უკმაყოფილებას სოციალურ ქსელებში გამოხატავდნენ.  რა შეიცვალა მენიუში კონკრეტულად და ვისი რეკომენდაციით?

ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის, მამაუკა შამილიშვილის თქმით, ახალი მენიუ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად შედგა.

„ეს არის მთავრობის თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული რაციონი.  შემცირდა ნახშირწყლების ცხიმების  რაოდენობა და გაიზარდა ხილი და ბოსტნეული. ეს არის თანამედროვე მიდგომებით შემუშავებული რაციონი. ევროპაში 7 წლამდე შაქარს და მარილს საერთოდ არ აძლევენ ბავშვს,“-ამბობს მამუკა შამილიშვილი.

მისი თქმით, გაიზარდა ხილისა და ბისტნეულის რაოდენობა. რაციონს დაემატა ბანანი და იოგურტი. „ხორცი, თევზი და ქათამი ისევ რჩება მენიუში. ვისაც არ მოსწონს, ვფიქრობ, არაპროფესიონალები არიან, რადგან ბავშვის ორგანიზმისთვის ეს მენიუ გაცილებით სასარგებლოა,“-ამბობს შამილიშვილი.

მისი აზრით, კერძი უგემური არ იქნება, რადგან შაქარი და მარილი მთლიანად არ არის ამოღებული მენიუდან, „უბრალოდ, შემცირებულია რაოდენობა. ასე, რომ უფრო პროგრესული მენიუ გვაქვს.“

ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის თქმით, ხილისა და ბოსტნეულის შემთხვევაშიც მკაცრად კონტროლდება მისი ხარისხი: „პესტიციდების რაოდენობასთან დაკავშირებით ძალიან მკაცრად მოწმდება ეს პროდუქტები, ყველა პარტიას ახლავს ლაბორატორიული შემოწმების სერტიფიკატი.“

მამუკა შამილიშვილის თქმით, რაციონის ცვლილებას არ გამოუწვევია ბიუჯეტის ცვლილება.  მამუკა შამილიშვილი ამბობს, რომ ახალი კვების რაციონის შესახებ ინფორმაციას მშობლებსაც გააცნობენ.

 

 

ქართული პროდუქცია ევროპაში – ლეპტოპი მაქვს, მაგრამ ინტერნეტს უჭირს

შემოდგომის ბოლოს, როცა ზღვისპირეთში მანდარინი შემოდის, ბიზნესმენი ნუგზარ სურმანიძე მორიგი ექსპორტისთვის ემზადება. მან ქართული ციტრუსი წელსაც რუსეთში გაყიდა. ნუგზარმა იცის, რომ ევროპის ბაზარი ღიაა და იქ მანდარინში კარგად იხდიან, მაგრამ მაინც ნაცნობი ბაზარი ურჩევნია. ორი წლის წინ ნუგზარ სურმანიძემ ციტრუსი ავსტრიაში გაყიდა, მაგრამ ამბობს, რომ ევროპული ბაზარი მისთვის მაინც უცხოა და კონტაქტის დამყარება უჭირს.

ნუგზარ სურმანიძე არ არის ერთადერთი ბიზნესმენი, რომელიც ქართული წარმოების ევროპაში ექსპორტისგან თავს იკავებს. პრობლემების ჯაჭვიდან ერთ-ერთი „ციფრული ეკონომიკაა“, რაც საქართველოში „უცხო ხილია“ და რაც სავაჭრო ურთიერთობების ინტერნეტპლატფორმაზე გადასვლას გულისხმობს. ექსპერტები განმარტავენ, რომ „ციფრული ეკონომიკის“ გარეშე, განსაკუთრებით ევროპის ბაზართან, კომუნიკაციის დამყარება შეუძლებელია.

„ბათუმელები“ დაინტერესდა, ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში ქართველ ბიზნესმენებს რამდენად აქვთ წვდომა ინტერნეტრესურსებთან, შეუძლიათ თუ არა მათ პროდუქტის გაციფრულება, შესაბამისი ინტერნეტპორტალების პოვნა, ან ევროპაში ინტერნეტით საჭირო პარტნიორების მოძიება.

ჯემალ ართმელაძე: ლეპტოპი მაქვს, მაგრამ ინტერნეტს უჭირს…

ხულოში, სოფელ ბეღლეთიდან 17 კილომეტრის დაშორებით მესამე წელია ჯემალ ართმელაძეს ნიორი მოჰყავს. ამბობს, დაახლოებით 2 ტონამდეა მოსავალი და უფრო მეტი მექნებოდა, მთავრობას რომ ნივრის სათესლე პროგრამა არ ჩავარდნოდაო [ნივრის სათესლე მასალაზე აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გამოცხადებული ტენდერი 2017 წელს ჩაიშალა].

„ლოდიძირის მთაზე ვთესავ ნიორს. იქ ჯერ კარტოფილი მოდის, მერე ნიორი. ყინვაგამძლეა და კარგად ხარობს… თავიდან არ მეგონა, თუ იხარებდა, მაგრამ გადარჩა,“ – გვიყვება ჯემალ ართმელაძე. – „მაშინ მთავრობამ მოგვცა საჩუქრად სათესლე მასალა და დავთესე. 210 დღე უნდა, ვიდრე მოსავალი მოვა… კილოს დაახლოებით 7-10 ლარად ვყიდი. გასულ წელს გერმანიაში გაიყიდა ჩემი ნიორი. კილოში 3 დოლარი გადამიხადეს… მე არ წავსულვარ არსად, უკრაინიდან იყვნენ ჩამოსულები, იმათ იყიდეს და მერე გვითხრეს მთავრობიდან, გერმანიაში გაიყიდაო. მე თვითონ არ მიცდია ევროპაში ვინმესთან დაკავშირება, თაფლიც მაქვს და ბოსტნეულიც, მაგრამ არ ვიცი, რა როგორ უნდა…

ჯემალ ართმელაძე/ ფოტო ფეისბუქგვერდიდან

თავიდან ვფიქრობდი, უკეთესია, მოვიდეს ვინმე და წაიღოს ჩვენი ნიორი და თაფლიც-მეთქი, მაგრამ თუ ჩვენ ვაწარმოებთ, ჩვენვე გავიტანოთ, ეს ჯობია, ან ვინმე ისეთი ვიპოვოთ, რომ იმანაც ნახოს მოგება, მეც… ვიცით, რომ ევროპაში კარგი ფასია, მაგრამ ხომ გესმით, მარტო ვერ იზამ ამას. კოოპერატივი არ გვაქვს, მაგრამ ვაპირებთ შექმნას. მეთაფლეებს გვაქვს კოოპერატივი, მაგრამ თურქეთში გაგვაქვს, ევროპა არ გვიცდია. რა ვიცი, რთულიაო, ამბობენ, ბევრი სერტიფიკატი უნდა და ასე შემდეგ…

კარგი იქნება, ევროპის ბაზარზე გასვლა, მაგრამ აქედან აბა როგორ?… ლეპტოპი მაქვს, მაგრამ ინტერნეტი არა, სუსტია ძალიან, ძირითადად სოციალური ქსელებით ვსარგებლობ… ენაც კარგად უნდა იცოდე, რომ რამე დაიწყო. ინგლისური ვიცი, მაგრამ კარგად არა.“

ჯემალ ართმელაძეს ვკითხეთ, ესწრება თუ არა მთავრობის ან დონორი ორგანიზაციების მიერ მოწყობილ ტრენინგებს და აქვს თუ არა ეფექტი ამას. გვითხრა, რომ ტრენინგებს სისტემატურად ესწრება, ეს კარგია, მაგრამ „მობილურის ინტერნეტით რა ეფექტი უნდა მქონდეს?“ – გვეკითხება ის.

როდის მოაგვარებს მთავრობა ინტერნეტთან წვდომის პრობლემას

„ციფრული ეკონომიკის“ პირობებში შეუძლებელია კონკრეტული ქმედება განახორციელო ინტერნეტის და ციფრული უნარების გარეშე,“ – ამბობს ავთანდილ კასრაძე, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე. მას ვკითხეთ, რატომ გაჭიანურდა ინტერნეტიზაციის პროცესი.

„წინა წლებში სახელმწიფოს მხრიდან ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობდა კერძო სექტორთან, რათა გვქონოდა ზუსტი მონაცემები,თუ სად არიან უკვე წარმოდგენილი ინტერნეტ ოპერატორები ოპტიკურ ბოჭკოვანი კაბელით და სად გეგმავენმომავალში შეყვანას, რათა სახელმწიფო კერძო სექტორთან არ შესულიყო კონკურენციაში. სახელმწიფო ოპტიკურ ბოჭკოვან კაბელებს გაიყვანს მხოლოდ იმ სოფლებში,სადაც კერძო ოპერატორებს კომერციული დაინტერესება არ გააჩნიათ.საქართველოს მთავრობას მიაჩნია ინტერნეტთან წვდომა თითოეული ადამიანის ფუნდამენტურ უფლებად და სწორედ ამას გულისხმობს ეს პროექტი, რომ სახელმწიფო გაიყვანს იმ სოფლებში ოპტიკურ ბოჭკოვან კაბელს, სადაც 200-ზე მეტი მოსახლე ცხოვრობს და კერძო სექტორის კომერციულ ინტერესს არ წარმოადგენს.უახლოესმომავალში დაიწყება სახელმწიფო შესყიდვების პროცედურა მშენებლობაზე ოთხი მიმართულებით. ესენია: სამტრედია-ჩოხატაური-ოზურგეთის მაგისტრალი, ზუგდიდი-მესტიის, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის და ქუთაისი-ცაგერის მაგისტრალები,“ – განმარტავს ავთანდილ კასრაძე.

მოსახლეობის რამდენ პროცენტს აქვს წვდომა ინტერნეტთან? – ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს უფროსის მოადგილის მონაცემებით, ქვეყანაში დაახლოებით 99 პროცენტს მიუწვდება ხელი ინტერნეტთან „მაგრამ ეს არის ძირითადად მობილური ინტერნეტის ხარჯზე, რაც არ ნიშნავს ფიქსირებულ მაღალსიჩქარიან და უწყვეტ ინტერნეტს, რითაც სოფლების დიდი ნაწილი არ არის დაფარული,“ – დასძენს ავთანდილ კასრაძე.

ჯობია თუ არა რუსეთის ბაზარი ევროპულს?

ნუგზარ სურმანიძეს, ბიზნესმენს, რომელსაც მანდარინი რუსეთში გააქვს, ვკითხეთ, რატომ ჯობია რუსეთის ბაზარი ევროპულს და უცდია თუ არა მანდარინის ევროპის რომელიმე ქვეყანაში გატანა.

„კი მიცდია, ერთხელ ავსტრიაში გავიტანე, ორი წლის წინ იყო ეს,“ – გვიყვება ნუგზარ სურმანიძე, შპს „აგროექსპორტის“ დირექტორი. – „კარგად გაიყიდა ავსტრიაში, მაგრამ ცოტა მქონდა შეტანილი. სულ ერთი მანქანა იყო, ანუ 20 ტონა… უბრალოდ, ბაზრის დაპყრობაა საჭირო, სისტემატურად უნდა მიაწოდო. ერთხელ რომ მიაწვდი, მერე კიდევ უნდა სცადო. მოლოდინი იყო, რომ ბევრს გავიტანდით, მაგრამ რთულია. სახელმწიფოსგან ყველანაირი ხელშეწყობა არის, მაგრამ ბევრი რამეა საფიქრალი. ავსტრიელ ბიზნესმენს ვწერდით დიდხანს და ბოლოს, როგორც იქნა, დაგვთანხმდა. როგორ გითხრათ, უკეთესი სიტუაციაა რუსეთში. თვითონ ჩამოდიან და მიაქვთ. ევროპა ითხოვს ხარისხიან საქონელს, რუსეთს ასეთი მოთხოვნები ნაკლებად აქვს. როგორ ფიქრობთ, რომელი ჯობია? თანაც ციტრუსი მალფუჭებადი პროდუქტია. ევროპაში ბევრად ძვირად გაიყიდა მანდარინი, ვიდრე რუსეთში ვყიდი, ან უკრაინაში, მაგრამ იქ რთულია შეღწევა.“

„მეც ხშირად მიფიქრია, რატომ ურჩევნია მეწარმეს რუსეთი,“ – გვესაუბრება მიხეილ მირზიაშვილი, სტრატეგიული კვლევების რეგიონული ცენტრის დირექტორი.

„ცნობილია, რომ რუსეთის ბაზარი ექვემდებარება პოლიტიკურ გავლენებს და არ არის სტაბილური. იგივე ემბარგო, რაც რუსეთმა დაუწესა საქართველოს ღვინოზე, ნაკლებად იჯერებს ვინმე, რომ უკავშირდებოდა ხარისხს. რუსეთის ბაზარი ურჩევნიათ ალბათ იმიტომ, რომ ურიგდებიან ბაზრის მაკონტროლებლებს და შენ უკვე, როგორც ბიზნესმენს, უხეშად რომ ვთქვათ, მოგვარებული გაქვს სიტუაცია,“ – აღნიშნავს მიხეილ მირზიაშვილი.

მიხეილ მირზიაშვილი, ასევე სხვა ექსპერტები, მიიჩნევს, რომ ექსპორტის წილი ევროპულ ბაზარზე საქართველოდან მაშინ გაიზრდება მნიშვნელოვნად, როცა, პირველ რიგში, ეფექტური კომუნიკაცია დამყარდება ევროპის ბაზრის სუბიექტებთან.

„პროდუქტის ხარისხზე აქცენტირება გადაჭარბებული მგონია. ევროპა, უბრალოდ, მოითხოვს იმას, რომ ეტიკეტზე დატანილი ინფორმაცია შეესაბამებოდეს მის შინაარსს. რაც შეეხება ენის ფლობას და სხვა სირთულეს, ყველაფერი დაძლევადია, თუკი მეწარმე ურთიერთობის მოსალოდნელ შედეგებს იგრძნობს. ნებისმიერი ბიზნესმენი კი, მოგეხსენებათ, მოგებაზეა ორიენტირებული,“ – დასძენს მიხეილ მირზიაშვილი.

ხელისუფლების ნაბიჯები ევროპის ბაზრისკენ

თუკი ფერმერი Google-ს საძიებო სისტემაში ჩაწერს „ექსპორტს“, იქ მთავრობის სხვადასხვა წარმომადგენლის კომენტარს ნახავს, როგორ იზრდება ექსპორტის მაჩვენებელი საქართველოდან და რამდენად საგრძნობი წარმატება აქვს ქვეყანას.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის პირველადი მონაცემებით, 2017 წლის იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით ექსპორტის მაჩვენებელი 29.1 პროცენტით გაიზარდა და მან 2 439 733 ამერიკული დოლარი შეადგინა. აქედან ევროკავშირის ქვეყნებში – 579 751 მილიონი.

სტატისტიკის მონაცემებით, საქართველოს ყველაზე მეტი პროდუქტი ექსპორტის სახით თურქეთში გააქვს, შემდეგ რუსეთსა და ჩინეთში. ამ ქვეყნების სიის ათეულში ევროპული ქვეყნებიდან მხოლოდ გერმანიაა [მე-7 ადგილი], ბულგარეთი [მე-9 ადგილი] იტალიაა [მე-10 ადგილი].

საექსპორტო პროდუქტების ხუთეულში სოფლის მეურნეობის პროდუქტებიდან მხოლოდ ქართული ღვინოა. საქართველოდან ექსპორტის სახით ყველაზე მეტად სპილენძი და ფეროშენადნობები გადის, ასევე მსუბუქი ავტომანქანები [იგულისხმება სხვა ქვეყნებიდან იმპორტირებული ავტომობილების ექსპორტი].

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის დეკლარაციაში [2015 წელი] ევროკავშირსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის ციფრული ბაზრების ჰარმონიზება თანამშრომლობის ერთ-ერთ პრიორიტეტად განისაზღვრა. რა ნაბიჯები გადადგა საქართველოს ხელისუფლებამ ამ პრიორიტეტის შესასრულებლად?

ნაბიჯი 1. – საინფორმაციო საკონსულტაციო სამსახურები 2016 წელს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ჩამოაყალიბა და ამისთვის ბიუჯეტიდან დაახლოებით 4 მილიონი დაიხარჯა. 60 სამსახური ქვეყნის სხვადასხვა ქალაქშია და იქ ვეტერინარი, აგრონომი, ბიოლოგი და ტექნიკური პერსონალი მუშაობს. ამ სამსახურების საქმიანობის ეფექტურობის კვლევა გასულ წელს ბიოლოგიურ მეცნიერებათა ასოციაცია „ელკანამ“ აწარმოა ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოს“ პროექტის ფარგლებში. კვლევა სახელწოდებით – „ცოდნის მიღებისა და საინფორმაციო სისტემების განვითარების გზით მცირე ფერმერების და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის ბაზრის მისაწვდომობის გაუმჯობესება“ ასეთი დასკვნით სრულდება:

„მიუხედავად დონორების დახმარებისა და სახელმწიფო პოლიტიკისა, რომელიც მნიშვნელოვან აქცენტს ინფორმაციის გადაცემაზე აკეთებს, ამ საკითხების გადაჭრა ვერ მოხერხდა და ფერმერებსა და კოოპერატივებს მათთვის საინტერესო ინფორმაციაზე ხელი კვლავ არ მიუწვდებათ“.

კვლევაში ასევე წერია: „დაარსებიდან დღემდე სამსახურების საქმიანობა უფრო სპონტანურია და არ ეყრდნობა გრძელვადიან ხედვას…“

ნაბიჯი 2: ტექნოლოგიური პარკები

საკონსულტაციო მომსახურების მისაღებად და დამწყები ბიზნესის მხარდასაჭერად ხელისუფლებამ 2016 წელს ტექნო პარკები შექმნა თბილისსა და ზუგდიდში. ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს უფროსის მოადგილის, ავთანდილ კასრაძის თქმით, იგეგმება ტექნო პარკის ბათუმში გახსნაც.

„ჩვენ გვაქვს მოლაპარაკებები აჭარის მთავრობასთან, ასევე ბათუმის მერიასთან, რომ გამოიყოს შესაბამისი შენობა. იმედია, მალე დასრულდება ეს ეტაპი და ჩვენ უმოკლეს დროში ავამოქმედებთ ტექნოპარკს ბათუმში. ტექნოპარკი არის ციფრული საზოგადოების განვითარების საშუალება, ეს არის ადგილი, სადაც შესაძლებელია ადამიანმა მიიღოს ცოდნა ახალი ტექნოლოგიების შესახებ. აქ არის ასევე ბიზნესინკუბატორი, რომ მოხდეს იდეის ფორმირება და ბიზნესმოდელის ჩამოყალიბება…“

ავთანდილ კასრაძეს ვკითხეთ, დაეხმარება თუ არა ტექნოპარკი ბიზნესმენს, მაგალითად, ევროპაში მისთვის სასურველი ბაზრის შესახებ ინფორმაციის მოძიებაში?

„ამ კუთხით ტექნოპარკი ვერ დაეხმარება, მაგრამ ბიზნესსაქმიანობის კონცეფციის შემუშავებაში დაეხმარებიან. მას ექნება ინფორმაცია, სად უნდა მოძებნოს შესაბამისი ბაზები. ეს არ არის ორგანო, რომელიც ბიზნესკომპანიას კონკრეტულ კვლევას გაუკეთებს ბაზრების შესახებ… ჩვენ გვაქვს ასევე ინოვაციის აგენტების პროექტი, როცა ექსპერტები მიდიან ტრადიციულ ბიზნეს ორგანიზაციაში და ატარებენ ტექნოლოგიურ აუდიტს. ისინი დადებენ დასკვნას იმის შესახებ, თუ რა უნდა გაკეთდეს, რომ ის უფრო მომგებიანი გახდეს. ეს პროექტი არის პილოტირების რეჟიმში და ამის შემდეგ დაიწყება ფართომასშტაბიანი ღონისძიებები, რაც მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება. დაგეგმილია 75 კომპანიის შესწავლა,“ – გვითხრა ავთანდილ კასრაძემ.

სამინისტრო: არაფერი ხელს არ უშლით იმაში, რომ ფეისბუქგვერდი მაინც შექმნან

„კერძო სექტორს ხომ არ დავავალებთ, მოწეული პროდუქტი ევროკავშირის ბაზარზე გაყიდონ? ეს მათი გადასაწყვეტია, თავისუფალი ბაზრის პრინციპია. ჩემი ვარაუდით ხდება ის, რომ იქ მეტი მოთხოვნებია, სამართლებრივ ჩარჩოებში უნდა მოექცნენ…“ – გვიპასუხა ლაშა ინაურმა, გარემოს და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა. მასთან ვცადეთ გარკვევა, სამინისტროს შეფასებით, რის გამო არ იმატა სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტმა ევროკავშირის ქვეყნებში და რა არის ხელშემშლელი გარემოებები.

„სახელმწიფოზე რაც არის დამოკიდებული, ვაკეთებთ: ბაზარი გახსნილია, კონტროლი ხორციელდება, ტექნიკური რეგლამენტი დამტკიცებულია, ბარიერები არ არსებობს… სახელმწიფოს რაც ხელეწიფება ხელშეწყობის კუთხით, ვაკეთებთ,“ – ამბობს ლაშა ინაური.

რატომ ურჩევნიათ, მაგალითად, ქართველ ფერმერებს, რომლებსაც თხილი მოჰყავთ, ევროპულ ბაზართან პირდაპირი კომუნიკაციის ნაცვლად, თხილი ადგილზე გაყიდონ და თურქეთის გავლით იგი მაინც ევროპულ ბაზარზე მოხვდეს?

„რატომ ურჩევნიათ, რა ვიცი, სახელმწიფო ხომ ვერ ჩაერევა ამაში. სახელმწიფო ხომ არ ეტყვის, არ მიყიდოთ თურქებს და ასე შემდეგ. შეუძლია არ მიყიდოს თურქს და თვითონ გაიტანოს… ეს მათი გადასაწყვეტია. მე ვიცი ის, რომ მეთხილეებს ძალიან კარგი კოოპერატივი გაუკეთეს და ერთ-ერთ კოოპერატივში, სამეგრელოში 100-მდე წევრია,“ – აღნიშნავს სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელი.

ლაშა ინაურის შეფასებით, მთავარი პრობლემა არის არა კომუნიკაცია, არამედ არასაკმარისი საწარმოო სიმძლავრეები. მიიჩნევს, რომ დროდადრო მოცემულობა შეიცვლება და როცა სოფლის პროდუქტი კონკურენტუნარიანი გახდება, ფერმერები კომუნიკაციის დამყარებასაც იოლად შეძლებენ.

ლაშა ინაური, გარემოს და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი: „მეწარმეებს კომუნიკაციის კუთხით ეხმარება სავაჭრო-სამრეწველო პალატა, ასევე იმართება საერთაშორისო გამოფენები. გაციფრულებას რატომ არ ახდენენ პროდუქციის, ეს მე არ ვიცი. დღეს, ციფრულ ეპოქაში, არაფერი ხელს არ უშლით იმაში, რომ ფეისბუქგვერდი მაინც შექმნან“.

ამერიკელი მოხალისე: მთავრობამ მხარი უნდა დაუჭიროს ბიზნესს გარე ბაზრის მოძიებაშ

ამერიკელი ბიზნესმენი მერი ჩენდლერი 40 წლის განმავლობაში მართავდა ციფრულ კომპანიას – Great Big Pictures. ახლა იგი მშვიდობის კორპუსის მოხალისეა და არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინსტიტუტში“ მუშაობს. მერი ჩენდლერი მიიცნევს, რომ ამ მიმართულებით ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს მთავარი – სტრატეგია, რომელიც ბიზნესს გაუადვილებს გარე ბაზარზე თავის დამკვიდრებას.

მერი ჩენდლერი

„გავიხსენებ ჩემი შტატის, ვისკონსინის მაგალითს,“ – გვიყვება მერი ჩენდლერი. -„ვისკონსინი ცნობილია რძის პროდუქტების წარმოებით. ამიტომ მთავრობამ გადაწყვიტა მოეძიებინა რძით, ყველით და მსგავსი პროდუქციის ექსპორტით დაინტერესებული მეწარმეები, ასევე შეისწავლა ყველა ის პროცედურა, რაც უნდა გაევლო პროდუქციას და რა მოთხოვნები უნდა დაეკმაყოფილებინა. ეს არის მთავრობის მხრიდან შემუშავებული ბიზნესის განვითარების სტრატეგია. ეს სტრატეგია უადვილებს ადგილობრივ მეწარმეს გარე ბაზარზე დაამკვიდროს თავისი პროდუქცია. ადგილობრივი მეწარმეების მიერ უცხოურ ბაზარზე ექსპორტის შედეგად საკუთარი ქვეყნის ბიუჯეტში შემოტანილი თანხა არის უზარმაზარი სარგებელი ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერებისთვის. მთავრობამ მხარი უნდა დაუჭიროს ბიზნესს გარე ბაზრის მოძიებაში. არის ასევე იმპორტით დაინტერესებული საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც უფრო ადვილად აკავშირებს ადგილობრივ მეწარმეებს გარე ბაზართან. არ ვარ მომხრე ამისთვის მთავრობაში რაიმე დამატებითი სამსახური, სააგენტო ან რაიმე მსგავსი შეიქმნას. აღნიშნული საქმიანობა შეუძლია შეითავსოს ეკონომიკის ან სავაჭრო დეპარტამენტმა.“

რა ფორმით იყენებდა ციფრულ ტექნოლოგიებს კომპანია, სადაც მერი ჩენდლერი მუშაობდა?

მერი ჩენდლერი:ჩემს ბიზნეს კომპანიაში ინტერნეტ რესურსებს აქტიურად ვიყენებდით. გვყავდა მთავარი ბიზნეს მომხმარებლები, რომლებთანაც ექსკლუზიურ ელექტრონულ მიმოწერას ვახორციელებდით. ჩვენ კომპანიაში გვქონდა „R & D“ კვლევის (მოძიების) და განვითარების დეპარტამენტი, რომელიც მომხმარებლის დაკვეთის შესაბამისად ეძებდა ბაზარზე პროდუქციას, ვსწავლობდით როგორც ადგილობრივი, ასევე გარე ბაზრებს. ამ პროცესში იყო აქტიურად ჩართული ასევე შესყიდვების დეპარტამენტი. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ჩემი ბიზნესი ცოტა სპეციფიკური იყო, კომპანიის რეკლამირებისთვის სოციალური მედიის არხებს გარკვეული დოზით ვიყენებდით, ისე, რომ არ გაღიზიანებულიყო მომხმარებელი კომპანიის საქმიანობის მუდმივი შეხსენებით. არსებობს მომხმარებელთან კომუნიკაციის სხვა ეფექტიანი ინტერნეტ რესურსები და აპლიკაციები, ერთ-ერთი ასეთია – Salesforce.“

მოლოდინი

„ციფრული ეკონომიკა: ახალი შესაძლებლობა ევროკავშირში მეტი ინტეგრაციისთვის“, – ამ სახელწოდებით კვლევა ორგანიზაციამ „სამართლიანი არჩევნები და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ მოამზადა. კვლევაში აღნიშნულია:

„ელექტრონული მმართველობის სისტემის დანერგვა და ფუნქციონირება საქართველოში უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს. ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი სტრუქტურები მოსახლეობასა და ბიზნესს სხვადასხვა სახის ელექტრონულ მომსახურებას აწვდიან, თუმცა, გაეროს 2016 წლის ელექტრონული მმართველობის კვლევის შედეგებმა ცხადყო, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში, ელექტრონული მმართველობისა და ელექტრონული ჩართულობის მხრივ საქართველოს პოზიციები 193 ქვეყანას შორის გაუარესდა: ელექტრონული მმართველობის მხრივ საქართველო 61-ე ადგილს იკავებს (2014 წლის ამავე კვლევაში 56-ე ადგილს იკავებდა), ხოლო ელ-ჩართულობის მხრივ – 76-ე ადგილზეა (2014 წელს 49-ე ადგილი ეკავა).

საქართველოს აღებული აქვს ვალდებულება მიიღოს კანონი ელექტრონული კომერციის შესახებ. ამ კანონმა უნდა განსაზღვროს რეგულაციები და ერთიან ფორმატში მოაქციოს ისინი. ელექტროკომერციის კანონპროექტზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მუშაობს, თუმცა დღემდე მასზე მუშაობა და პარლამენტისთვის წარდგენა ვერ მოხერხდა.

მთავარი ფოტო: სააგენტო Farmeinguk.com

რა ელის ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს – ინტერვიუ ექიმთან

9 იანვარს აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა აჭარის რესპუბლიკურ-კლინიკური საავადმყოფოს თანამშრომლებს მისწერა, რომ „მიმდინარე პერიოდისთვის საავადმყოფოს გასხვისება/განკარგვის საკითხი არ განიხილება“. ამ წერილს წინ უსწრებდა 2017 წლის 21 იანვრის განცხადება, რესპუბლიკური საავადმყოფოს კერძო კომპანიისთვის მართვაში გადაცემაზე. ექიმი ბენო ჭელიძე ამბობს, რომ კოლექტივი ბოლო წერილს განიხილავს, დროის მოგებისა და თანამშრომლობის გადაბირების მცდელობად. მის თქმით, 350 თანამშრომლის ხელმოწერილი განცხადებით, რომელიც ზურაბ პატარაძის მაგიდაზე დევს, კოლექტივი საავადმყოფოს გასხვისებას ეწინააღმდეგება.

ბატონო ბენო, თქვენ მიიღეთ მინისტრ ზაალ მიქალაძის წერილი, რომ რესპუბლიკური საავადმყოფო არ გაიცემა მართვაში. კიდევ რას აპროტესტებთ?

ბენო ჭელიძე, რესპუბლიკურ-კლინიკური საავადმყოფოს ექიმი

ბრიფინგს ვაპირებდით პრესასთან და საპროტესტო აქციების დაანონსებას. ეტყობა, ეს გაიგეს და 29 დეკემბერს თუ ამბობდა მინისტრი, რომ უნდა გაქირავდეთო, 10 დღის შემდეგ მოგვწერა, რომ ამ პერიოდისთვის არ გაქირავდებითო. თუ ბატონმა მინისტრმა აზრი 10 დღეში შეიცვალა, თავისუფლად შეიძლება 10 დღის შემდეგაც თქვას, რომ „მიმდინარე პერიოდი“ გავიდა და ახლა უნდა გაქირავდეს ახალი საავადმყოფო.

ამ ყველაფერში განსაკუთრებული წვლილი ჩვენს დირექტორს მიუძღვის – ის საავადმყოფოს გასხვისების იდეის მოკავშირეა. ერთი წლის წინ თვითონ ხურავდა 555-კაციან საავადმყოფოს, მაშინ ეს ამბავი არ გავასაჯაროეთ. რამდენიმე პატრიოტი ექიმის ხელშეწყობით შევიტყვეთ მისი ეს გეგმა და ჩავუშალეთ. მინისტრებს აწვდიდა ინფორმაციას იმაზე, რომ მშენებლობის პროცესში საავადმყოფოს ნაწილი როცა მოიშლება, ვერ ვიმუშავებთ და ამიტომ უნდა დავიშალოთო. ეს წერილი ჩავიგდეთ ხელში. კოლექტივს შეგვხვდა და იმავეს გვიმტკიცებდა, როცა ფლიგელი მოიშლება და ვერ ვიმუშავებთო. მაშინაც დაანონსა სამინისტრომ, რომ რესპუბლიკური უნდა დაიშალოსო, მაგრამ მეორე დღეს მოუწიათ დაანონსებულის შეცვლა – ადგილზე ვიყავით და არ ყოფილა დასანგრევიო. ფაქტია, რომ დირექტორმა მთავრობა შეიყვანა შეცდომაში.

უნდა გკითხოთ – ასე დირექტორთან პირადი კონფლიქტის გამო ხომ არ საუბრობთ?

პირადი კონფლიქტი რა შუაშია, რატომ თვლით, რომ რასაც მე ვლაპარაკობ, არასწორია. გვაუქმებს ეგ კაცი. აქამდე თავს ვიკავებდი, ვფიქრობდი, რამენაირად შიგნიდან ვეტყოდი, რომ წასულიყო. ვერ მიხვდა. არ უნდა და კი ბატონო, წავიდეს სკანდალით.

გაქირავების ამბავიც პრესით შევიტყვეთ, არადა, ძალიან ბევრი კონტაქტი აქვს დირექტორს მინისტრთან. ასეც რომ არ იყოს, რამდენი დრო უნდა მინისტრთან თუ პატარაძესთან შეხვედრას – ორი თვე სჭირდება? რატომ არ შეხვდა და არ გაარკვია, რას აპირებდნენ?

ახლაც იმავე წრეზე მივდივართ – ერთი კვირაა ვიწვევთ ჯანდაცვის მინისტრს, მაგრამ ჩვენთან საქმიანი შეხვედრისთვის ვერ მოიცალა. სამაგიეროდ მოიცალა ვახშამზე მოსასვლელად – გუშინ რესპუბლიკურის კორპორაციულ ქეიფზე მივიდა.

მარტო ხომ არ ხართ ამ დაპირისპირებაში?

თანამშრომლები, ვინც ხელი მოაწერა განცხადებას და სხვებიც, რესპუბლიკურის შენარჩუნებას ემხრობიან, მაგრამ ტაქტიკაშია სხვაობა: მე დროის გაყვანის სიტუაცია არ მომწონს, რასაც დირექტორი აკეთებს – ერთ მშვენიერ დღეს გამოგვიცხადებენ, რომ რესპუბლიკური გაქირავებულია და გვიან არ დარჩეს-მეთქი. სხვები ნელ-ნელა ეთანხმებიან იმ პოლიტიკას, რომ დაველოდოთ მინისტრს, წერილი გავგზავნოთ…

რესპუბლიკური საავადმყოფოს რომელიმე ბიზნესჯგუფისთვის მართვაში გადაცემას რატომ ეწინააღმდეგებით ასე კატეგორიულად. ამბობთ, რომ ბევრი რამ სწორედ იმიტომ არ გაკეთდა, რომ საავადმყოფოს გასხვისება უფრო მარტივი ყოფილიყო. რა არ გაკეთდა?

აქამდე უნდა შექმნილიყო კომისია, რომელშიც შევიდოდნენ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, საავადმყოფოს დირექტორი, დეპარტამენტის უფროსები, უნივერსიტეტის წარმომადგენელი, უმაღლესი საბჭოს ჯანდაცვის კომისიის ერთ-ერთი წევრი  და იმუშავებდნენ ორი მიმართულებით. 1. რა ტექნიკით უნდა აღიჭურვოს ახალი საავადმყოფო, რომელიც პირველ ივნისს მზად იქნება. შესაბამისად, რა თანხა უნდა გაჩენილიყო ტექნიკისთვის ბიუჯეტში. ჯანდაცვის სამინისტრომ კომისია არ შექმნა. 2. კადრებით უზრუნველყოფა არის საკმაოდ რთული საკითხი, რადგან დეფიციტია სპეციალისტები. ახალ საავადმყოფოს დასჭირდება კადრები, ზოგი სპეციალისტის გადამზადებას სჭირდება 2-3 წელი. აქამდე უნდა გაეგზავნათ გადამზადებაზე სპეციალისტები იმ პირობით, რომ დაბრუნდებოდნენ და იმუშავებდნენ რესპუბლიკურ საავადმყოფოში. ამის მაგივრად, ერთ დღეს, ნოემბრის თვეში, აღმოჩნდა [ეს გავიგეთ პრესით და არ ჩვენი დირექტორისგან, ამიტომაც არის ეჭვი, რომ ჩვენი დირექტორი ამ ქმედებებში გარეულია], რომ ახალი საავადმყოფო უნდა გაქირავდეს.

ამ განცხადების შემდეგ ორი თვე გავიდა – ჯერ ბიუჯეტში ფულის დეფიციტს იმიზეზებდნენ, მერე აღმოჩნდა, რომ ბიუჯეტში 95 მილიონი ვერ დაიხარჯა. ფინანსთა მინისტრმაც ხომ თქვა, რომ ფული პრობლემა არ არის, ოღონდ ჯანდაცვის სამინისტრომ იანგარიშოს რამდენი სჭირდებაო.

თქვენ ხართ ექიმი. წესით, არ უნდა გაწუხებდეთ ვინ მართავს რესპუბლიკურს, სახელმწფო თუ ვინმე კერძო კომპანია.

კვალიფიციური სპეციალისტი არ შეიძლება შეშინდეს იმის გამო, რომ, აი, გაიყიდება საავადმყოფო და სამსახურს დაკარგავს. აქ სხვა რამეშია საქმე – საყოველთაოდ დეკლარირებულია, რომ თუ გვინდა იყოს ნორმალური სამედიცინო მომსახურება, აუცილებელია საავადმყოფოების მინიმუმ 30% დარჩეს სახელმწიფოს მართვა-გამგებლობაში. თუ ეს ასე არ იქნება, მაშინ წავა ოლიგოპოლიური მართვა. ეს ნიშნავს, რომ იქნება ქაოსი, ხარისხი დაბალი, ფასები მაღალი, ხელფასები დაბალი. სახელმწიფოს ასევე არ ექნება თავისი დასაყრდენი საავადმყოფო ეპიდემიებისა თუ სხვა უბედური შემთხვევების დროს.

ასეა ევროპაში. პოლონეთში იყო ჩვენი დელეგაცია ტრენინგებზე, საიდანაც ორი ამბავი ჩამოიტანეს. ერთი ის, რომ იქ 30 %-მდე სახელმწიფო საავადმყოფოები აქვთ. აქვთ, მაგალითად, 40 საწოლზე აღჭურვილი ტოკსიკოლოგიური განყოფილებები, რომლევიც შეიძლება 80 პროცენტით დაუტვირთავი იყოს. ხელფასს უხდიან ადამიანებს. სახელმწიფო ამას იმიტომ აკეთებს, რომ ასე თუ არ დაგეგმავ, როცა დაგჭირდება, არ გექნება.

გერმანიაშიც, ბისმარკის დროიდან მოქმედებს ბისმარკის სისტემა – ბიუჯეტის 13 პროცენტი მიდის მედიცინაზე და 90 პროცენტი სარგებლობს სახელმწიფო ჯანდაცვით, 10 პროცენტი მდიდრების, ცალკე დაზღვევაა. შესაბამისად, მინიმუმ 30% რომ უნდა იყოს სახელმწიფო საავადმყოფო, ეს ჩვენი ახირება არ არის.

მოსახლეობისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია რესპუბლიკური, რომელიც ამ რეგიონში ერთადერთი სახელმწიფო დაწესებულებაა, დარჩეს სახელმწიფო კლინიკად. საყრდენი საავადმყოფო მკაცრი კონკურენციის პირობებში ხარისხს მაღლა წევს, ფასებს არეგულირებს, ასევე ხელფასებზეც იქონიებს გავლენას. აი, ეს არის ის მთავარი რამ, რის გამოც რესპუბლიკური საავადმყოფო უნდა გადარჩეს. ეს აქამდე ასეც იყო დაგეგმილი, მაგრამ ახლა ვიღაცის თავში მოვიდა, რომ გაქირავდეს. თავდაპირველად ითქვა, რომ ეს უნდა ყოფილიყო ევროპული გამოცდილების ფირმა, 29 დეკემბრის ინტერვიუში ევროპულს აღარ ახსენებს მინისტრი. ჩვენ დიდი ეჭვი გვაქვს, რომ ამის უკან, პირველ რიგში, დგას „ევექსი“ ან სხვა მისი მსგავსი კერძო სამედიცინო ფირმა. ოლიგოპოლია უკვე გვაქვს ფარმაცევტულ სფეროში, რამაც წამლებზე ფასების 1000-პროცენტიანი მატება გამოიწვია.

რამდენჯერმე ახსენეთ კორპორაცია „ევექსი“. მომეჩვენა, რომ რესპუბლიკურის მართვაში განსაკუთრებით ამ კომპანიისთვის გადაცემას ეწინააღმდეგებით…

სულ ერთია, რომელი კერძო კომპანია წაიღებს, მაგრამ „ევექსის“ მაგალითი ამ რეგიონში უკვე ვიცით – სამი დღის წინ ბავშვთაშიც და რეფერალურშიც ხელფასები გაანახევრეს. დადასტურებულად ვიცი, რომ ხელფასები ადმინისტრაციის და 2-3 წამყვანი სპეციალისტის გარდა ყველას შეუმცირეს. თუ რესპუბლიკური არ შენარჩუნდა, წავა ოლიგოპოლია – ქართველი კაცის ბუნება ხომ იცით, საღამოს შეიკრიბებიან კერძოს ხელმძღვანელები რესტორანში და იტყვიან, რა ღირს კარდიოგრამა – 10 ლარი? რა არის ათი ლარი, მოვითხოვოთ 50 ლარი. პნევმონია რა ღირს – მოდი მოვამატოთ. აქამდეც კერძო კლინიკებს ისედაც 2-3-ჯერ მეტს უხდიდნენ, ვიდრე ჩვენ, რაღაც ისტორიული მინიმუმის მოტივით. ეს ისტორიული მინიმუმი იცით რას ნიშნავს? – 10 წლის წინ, როცა კერძო კლინიკები თითქმის არ არსებობდა, რესპუბლიკურ საავადმყოფოს ფილტვის ანთება, ვთქვათ, შეფასებული ჰქონდა 500 ლარად. იმის მერე განვითარდა ინფლაცია, სხვა პროცესებიც და ვიღაც, ვინც ზის თბილისში სამინისტროში, დაადგინა, რომ რესპუბლიკურს ისტორიული მინიმუმის ფარგლებში უნდა გადაუხადოს დღესაც. ორჯერ მეტს უხდიდნენ სხვა საავადმყოფოებს ფილტვის ანთებაზე და ინსულტში 3-ჯერ მეტს. ახლა გაგვითანაბრეს ფასები, ჩვენ ცოტა მოგვიმატეს, მაგათ დააკლეს.

როგორც ვიცით, თქვენ იყავით ზურაბ პატარაძესთან, რა გითხრათ?

ვფიქრობ, პატარაძეზე ზეწოლაა თბილისიდან. გვითხრა, რომ მაქსიმალურად ეცდებოდა, შეგვხვდებოდა კიდეც. მივიტანეთ 350 თანამშრომლის ხელწერა და თხოვნა, რომ შეგვხვედროდა, მაგრამ არ შეგვხვდა, ალბათ სათქმელი არ ჰქონდა. ვერ დაგვპირდებოდა, რომ გარანტირებულად დარჩება რესპუბლიკური და ამიტომ გადაგვამისამართა ჯანდაცვის მინისტრთან, რომელმაც ბუნდოვანი პასუხი გაგვცა. ამბობს, რომ ჩემთან იყვნენ ექიმები, ავუხსენი და გაგებით შეხვდნენ, მხოლოდ ვიღაცები არ გვეთანხმებიანო. 350 კაცი ვიღაც არის. ჯანდაცვის მინისტრის სიტყვა არადამაჯერებელია.

არ  ფიქრობთ, რომ თქვენ ამ პროტესტში შეიძლება მარტო დარჩეთ?

იმედი მაქვს, რომ თანამშრომლები გონიერები არიან. ბევრი მხარს მიჭერდა და იმედია, კიდევ დამიდგებიან გვერდში.

ძალიან ბევრ ადამიანს შევხვედრივარ, ვინც უკმაყოფილოა რესპუბლიკური საავადმყოფოს მომსახურებით. თუ გასხვისდება, რას ფიქრობთ, საზოგადოების მხარდაჭერა გექნებათ?

კი ბატონო, შეუცდომელი არავინაა, მაგრამ იმ  საშინელ პირობებში, როგორშიც ჩვენ ვართ, 56 სტაციონარული ავადმყოფი გვეწვა გუშინ, ამბულატორულიც არანაკლები იყო. თუ ავადმყოფი არ გენდობა, არ მოვა. სტატისტიკა მაძლევს იმედს, რომ საზოგადოება გვერდით დაგვიდგება.

საზღვაო ჰოსპიტლის მეოთხე სართულზე, ლიფტის შახტაში ქალი ჩავარდა

ბათუმის საზღვაო ჰოსპიტალში თანამშრომელი ლიფტში ჩავარდა. დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა და იგი კლინიკა „მედინას“ რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, კლინიკის მეოთხე სართულზე ლიფტი დამლაგებელმა ქალმა გამოიძახა, თუმცა კარის გახსნის შემდეგ მას ლიფტის კაბინა არ დახვდა. ქალმა ეს ვერ შენიშნა და ლიფტში შევიდა. დაშავებული 45 წლის ქალი კლინიკა „მედინაში“ გადაიყვანეს.

საზღვაო ჰოსპიტლის და კლინიკა „მედინას“ დირექტორებმა ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს. ქალის დაშავების შესახებ ფაქტი დაგვიდასტურა საზღვაო ჰოსპიტლის სამედიცინო დირექტორმა, თამარ ქაჩლიშვილმა. თუმცა, მისი თქმით, იგი ადგილზე არ იმყოფებოდა და დეტალურ ინფორმაციას არ ფლობს. თამარ ქაჩლიშვილის თქმით, დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

საზღვაო ჰოსპიტლის იურისტის, ნატო ხიმშიაშვილის თქმით, დამლაგებელი ლიფტის შახტაში მეორე სართულიდან ჩავარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საზღვაო ჰოსპიტალში მომხდარ შემთხვევაზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსი 124-ე მუხლის შესაბამისად, რაც გაუფრთხილებლობით ჩადენილ ჯანმრთელობის ნაკლებად, ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ენერგო-პრო ჯორჯიას განცხადებას ტერიტორიის გათავისუფლებაზე, „ოცნების ქალაქში“ აქციით უპასუხეს

„ოცნების ქალაქში“, ყოფილი 25-ე ბატალიონის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა ამ წუთებში საპროტესტო აქციას მართავს. ისინი კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ განცხადებას გამოეხმაურნენ, რომლის მიხედვითაც კომპანია ამ ტერიტორიაზე ახალი ქვესადგურების მშენებლობას გეგმავს. ყოფილი 25-ე ბატალიონის ტერიტორიაზე თვითნებურად შესახლებულები 2012 წლიდან ცხოვრობენ, 2015 წელს კი, ხელისუფლებამ ტერიტორია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიჰყიდა.

„საპროტესტო აქციით მოსახლეობა ეხმაურება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ „ბათუმელებში“ გაკეთებულ განცხადებას იმის შესახებ, რომ მოსახლეობამ უნდა დატოვოს ტერიტორია და ეს არის მათი საკუთრება. გასაგებია, რომ ეს ტერიტორია კომპანიის საკუთრებაა, მაგრამ, პირველ რიგში, ამ მოსახლეობის ინფორმირება უნდა მომხდარიყო. ამ მოქალაქეებისთვის არავის უთქვამს, რომ აქ კეთდება ახალი ქვესადგურები. კომპანიამ და ხელისუფლებამ თანაბრად უნდა გაინაწილონ პასუხისმგებლობა და დააკმაყოფილონ მოსახლეობის ინტერესები. ძალით ამ ხალხს აქედან ვერ გაიყვანენ, აქ მოხდება სოციალური აფეთქება, 300 ოჯახი ცხოვრობს ამ ტერიტორიაზე,“ – ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩვენი უფლებებისათვის“ ხელმძღვანელი, თამაზ ბაკურიძე.

ყოფილი 25-ე ბატალიონის ტერიტორიაზე მცხოვრებმა მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა 18 იანვარსაც. მაშინ მათ დასახლებისთვის ელექტროენერგიის მიწოდება და მრიცხველების დამონტაჟება ითხოვეს. ამის საპასუხოდ „ენერგო-პრო ჯორჯიას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ავთო დვალიშვილმა „ბათუმელებთან“ განაცხადა:

„კომპანიის პოზიცია არის ის, რომ ეს ადამიანები არ არიან ოფიციალური მესაკუთრეები იმ დასახლებაში, ამიტომ კომპანიას რომც უნდოდეს, ამ ოჯახებს აბონენტებად ვერ აიყვანს. რაც შეეხება უსაფრთხოებას, ეს ჩვენ არ გვეხება, რადგან იქ ჩვენი ქსელი არ არის. ეს ჩვენი კომპანიის ტერიტორიაა, მაგრამ გაჩერებული ვართ და ამ ოჯახებს ვაძლევთ ცხოვრების უფლებას“- თქვა მან.

საპროტესტო აქცია ყოფილი 25-ე ბატალიონის ტერიტორიაზე / 21.01.2018/ როინ გუნდაძის ფოტო

სხალთელი მთავარეპისკოპოსი

სხალთის მთავარეპისკოპოს სპირიდონზე საუბრისას სოფელ ხიჭაურში ხმას იდაბლებენ ან პირზე ხელს იფარებენ – არავინ გაიგოს და ამბავი არ მიუტანოსო. ამბობენ, რომ მას ამბის მიმტანი ბევრი ჰყავს.

მანამ, სანამ ხელისუფლება ბობოყვათის სამთავრობო რეზიდენციას ეკლესიას გადასცემდა, სხალთის მთავარეპისკოპოსი ყველაზე მეტ დროს ხიჭაურში ატარებდა. ახლა, ძირითადად, ბობოყვათში ათევს ღამეს. ის ხიჭაურში საპატრიარქოს მიერ დაარსებული უნივერსიტეტის რექტორია დაარსების დღიდან. მას შემდეგ კი, რაც სასწავლებელი სასულიერო გიმნაზიის დირექტორმა, ნუგზარ ზოსიძემ სკანდალურად დატოვა, გიმნაზიასაც თავად მართავს.

ოფიციალური მონაცემებით, ხიჭაურის უნივერსიტეტში ჩაბარების მსურველთა რაოდენობამ წელს მკვეთრად იკლო. თუ უნივერსიტეტი 2008-2013 წლებში ყოველწლიურად 200-მდე სტუდენტს იღებდა და ამას ემატებოდა მოსამზადებელ ჯგუფში მიღებული აბიტურიენტებიც, წელს უნივერსიტეტს მხოლოდ 37 სტუდენტი მიუღია. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, 2016 წელს ეროვნულ გამოცდებზე სასურველი სასწავლებლების ჩამონათვალში საპატრიარქოს ტბელ აბუსერიძის სახელობის უნივერსიტეტი მხოლოდ 51-მა აბიტურიენტმა მიუთითა. 2014-2017 წლებში ხიჭაურის უნივერსიტეტიდან მობილობით ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში 47 სტუდენტი გადავიდა.

შუახევში მსგავს ცვლილებას თავად მთავარეპისკოპოსს უკავშირებენ. აქ ამბობენ, რომ 2008 წლის შემდეგ, რაც უნივერსიტეტი გაიხსნა, მთავარეპისკოპოს სპირიდონს ხიჭაურში პოლიციის დახმარება ბევრჯერ დასჭირდა. ადგილობრივების თქმით, „მას დიდი ძალა აქვს“. სხალთის ეპარქიაში საკუთარი პოლიტიკის გატარებაში მთავარეპისკოპოსს პოლიცია ეხმარება, ხოლო იმისთვის, რომ მისი ხმა ქვეყანას გააგონოს – „იუთუბის“ არხი.

სპირიდონ აბულაძე
  • „აქ ხალხს მისი ეშინია“ – ხმაურიანი ამბების მდუმარე გმირები

საკუთარ ამბებზე, ძირითადად, არ საუბრობენ ამბის „გმირები“, ისინი, ვისაც სხალთის მთავარეპისკოპოსთან დაპირისპირება ჰქონდა ან აქვს. მკაცრი გაფრთხილებისა და კონფიდენციალურობის დაცვის პირობის შემდეგ საუბარს მხოლოდ „ამბის მაყურებლები“, მთავარი გმირების მეზობლები ბედავენ. ამიტომაც მონაყოლი ერთსა და იმავე ამბავზე რამდენიმე სხვადასხვა წყაროსთან გადავამოწმეთ.

თავიდან ყველაფერი სულ სხვანაირად, პოზიტიურად დაწყებულა:

„მეუფე სპირიდონს ხიჭაურში თბილად შეხვდნენ, უნივერსიტეტის გახსნამდე ამოდიოდა, სოფელში ყველას ტკბილად ელაპარაკებოდა და ეფერებოდა. შეხვედრებს უწყობდნენ, ფოტოებიც გვაქვს გადაღებული, საყოველთაო ნათლობები იმართებოდა, მაგრამ შემდეგ ყველაფერი შეიცვალა.

ახლა აქ ხალხს მისი ეშინია.

დაზუსტებით გეტყვით, რომ პოლიციაც მას ემორჩილება და ვერც გამგებელი გაუბედავს ზედმეტს, თუნდაც რაიმე კანონთან შეუსაბამო გააკეთოს. ადგილობრივებთან დაპირისპირების შემდეგ, როცა საქმეში პოლიცია ერთვება, ყველაფერი ისე მთავრდება, როგორც სპირიდონს უნდა“, – ეს არის ზოგადი ამბავი, რასაც მთავარეპისკოპოს სპირიდონთან დაკავშირებით მოისმენთ, როგორც შუახევის მინიციპალიტეტის სოფელ ხიჭაურში, ისე ზემო აჭარაში.

ერთ-ერთი ხიჭაურელის თქმით, მთავარეპისკოპოსმა საკუთრება წაართვა აქაურ ოჯახებს და ამაში მას პოლიციაც დაეხმარა – ხიჭაურში დაპირისპირების ერთ-ერთი თემა ის ქონება გახდა, რომელიც მეპატრონეებს ყოფილი საბჭოთა სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე ჰქონდათ, სადაც ტბელ აბუსერიძის სახელობის უნივერსიტეტი და სასულიერო გიმნაზია გაიხსნა. სამხედრო ნაწილი თავისი შენობებიანად სახელმწიფომ საპატრიარქოს ჯერ უზურფრუქტის წესით, შემდეგ კი სიმბოლურ ფასად – 1 ლარად საკუთრებაში 2007 წელს გადასცა, უნივერსიტეტი სწორედ ამ ტერიტორიაზე გაიხსნა.

„მეზობელს, ძია მიშას, სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე მაღაზია ჰქონდა, ძველი კაჩიგარიის შენობა გაარემონტა და ფართობი მიაშენა, ახალი „ჟეშტითაც“ გადახურა. თავისი სახსრებით გააკეთა ეს ყველაფერი.

მაღაზიის წინ სამი მაგიდა ედგა, სადაც კლიენტებს უმასპინძლდებოდა. ერთ საღამოს აქ მთავრობის ხალხმა შეიარა, ხულოდან მოდიოდნენ, ჩამოსხდნენ ძია მიშას მაღაზიაში და თითო ჭიქა არაყი დალიეს. მეუფემ ძია მიშა იმ საღამოსვე დაიბარა რეზიდენციაში და არყის გაყიდვა აუკრძალა, უთხრა აქ დალევა არ შეიძლებაო. არ გაჭრა ახსნა-განმარტებამ, რომ სტუმრები მთავრობიდან იყვნენ და უარის თქმა უხერხული იქნებოდა.

ასე დაიწყო შევიწროება.

ერთ მშვენიერ დღეს კი, მიშას არ ყოფნის დროს, დაკეტილ მაღაზიას რაღაც ქაღალდი მიაწებეს წარწერით – „შენობა დალუქულია“. ამის შემდეგ ძია მიშა რამდენიმე დღე არ გამოჩენილა, სოფელში ამბობდნენ სპირიდონი უთვლის, თავისი საქონელი გაიტანოს, შენობა ჩემიაო. ტომრებში ჩაუყარეს ნივთები. მანამდე პოლიცია მივიდა ძია მიშასთან და უთხრა, ხომ იცი მაგასთან არ გაგივა და სჯობს დანებდეო. ამის შემდეგ ძია მიშა სპირიდონს უთვლიდა, ჩემს დამონტაჟებულ რკინის ღობეს მაინც წავიღებო, არც ეს დაანება.“

მეზობლების თქმით, ეს ამბავი შეემთხვა მიშა ქარცივაძეს, რომელმაც ამ თემაზე „ბათუმელებთან“ საუბარი არ ისურვა. მას ახლაც აქვს მაღაზია იმ კორპუსებიდან ერთ-ერთის პირველ სართულზე, სადაც ყოფილი სამხედროები ცხოვრობენ. ამბობს, რომ ფართობი იჯარით აიღო.

აქ ამბობენ, რომ მთავარეპისკოპოსი უნივერსიტეტის მიმდებარე მცხოვრებლებს, კურთხევის გარეშე, ისეთ წვრილმან საკითხებსაც კი უკრძალავს, როგორიც „ეზოში შეშის დაყრა“ თუ „ბოსტანში მწვანილის მოკრეფაა“.

გახმაურებული ამბების გმირებს შორის გამონაკლისია მურად ქარცივაძე, ის მთავარეპისკოპოს სპირიდონთან დაპირისპირებაზე თავად მოგვიყვა:

„ყოფილი სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე რკინის კონტეინერი მქონდა, ჩემი საკუთრება. მეუფემ ბოქლომი გამოცვალა, კონტეინერიც დაიტოვა და ნივთებიც, რაც იქ მქონდა. სულ ვცდილობ გავიტანო ჩემი კონტეინერი ყოფილი სამხედრო ნაწილის ტერიტორიიდან, მაგრამ უშედეგოდ. ახლოსაც არ მიშვებენ, არც მეუფესთან მიშვებენ, რომ ვთხოვო. ვერც გამგებელი მივუგზავნე – ყველამ უარი მითხრა.“

კიდევ ერთი ადგილობრივი, რომელიც „ბათუმელებს“ ასევე ვინაობის დაფარვის პირობით ესაუბრა, მოგვიყვა, რომ მთავარეპისკოპოსი სპირიდონი ითხოვდა იმ კორპუსების დაცლას, რომლებშიც ყოფილი სამხედრო პირები და მათი ოჯახები დღემდე ცხოვრობენ.

ამ ფაქტს ადასტურებს შუახევის ყოფილი გამგებელი ომარ მეგრელიძეც, რომელიც ამბობს, რომ მთავარეპისკოპოსი ოთხი კორპუსიდან 108 ოჯახს უპირებდა გამოსახლებას:

„ისინი სამხედრო ნაწილში იყვნენ დასაქმებულები და ამ კორპუსში ბინები ჰქონდათ. რუსის ჯარი რომ გავიდა და შენობები დაცარიელდა, აქ გააგრძელეს ცხოვრება ისე, რომ ბინები საკუთრებაში არ დაუკანონებიათ. სპირიდონი ამტკიცებდა, რომ ყოფილი სამხედრო შენობები მთლიანობაში უნივერსიტეტს გადასცა მთავრობამ, ამიტომ ის კორპუსიც, სადაც ხალხი ცხოვრობს, მისთვის უნდა დაეთმოთ“, – ადასტურებს ადგილობრივების ინფორმაციას ომარ მეგრელიძე.

„საპარლამენტო არჩევნების წინ თათბირი იყო მთავრობაში. ამ თათბირს ესწრებოდა ადეიშვილი, მერაბიშვილი, ტყეშელაშვილი, უგალავა, სააკაშვილის გარდა ყველა. გამოცხადდა, რომ ხიჭაურის სამხედრო ნაწილი საპატრიარქოს გადაეცემა 1 ლარად უნივერსიტეტის გასახსნელად… თავად ასე მეუბნებოდა, ეს არის ეკლესიის ქონება და ჩემს სახლში ცხოვრობენ ესენიო. ერთ დღესაც, წინააღმდეგობის შემდეგ, მეუფე სპირიდონი ჩავიდა პატრიარქთან, იქედან ჩამოსულმა კი, ღამის ორ საათზე გამოიყვანა ხალხი კორპუსებიდან და უთხრა, რომ პატრიარქმა და მე გამოვიჩინეთ დიდი სიკეთე და ამ სახლებს თქვენ გიტოვებთო. ამის შემდეგ დავიწყეთ ბინების ოჯახებზე დაკანონების პროცესი. რამდენადაც ვიცი, კიდევ 16 ოჯახია დარჩენილი, ვისაც ისევ დასაკანონებელი აქვს იქ ბინა.“

საჯარო რეესტრის ინფორმაციით, სადავო კორპუსები, სხვა შენობებთან ერთად, მართლაც შედიოდა იმ შენობების ჩამონათვალში, რომლებიც მთავრობამ საპატრიარქოს გადასცა. მაშინ არავინ გაითვალისწინა, რომ გადაცემულ კურპუსებში ოჯახები ცხოვრობდნენ და წასასვლელი არსად ჰქონდათ.

სადავო შენობებს შორის იყო კიდევ ერთი – ბაგა-ბაღის შენობა, რომელიც ასევე საბჭოთა სამხედრო ნაწილს ეკუთვნოდა, თუმცა მთელი სოფელი სარგებლობდა. შარშან, როცა მთავრობამ სოფელში ბაღის მშენებლობა დაგეგმა, ადგილობრივებისა და ყოფილი გამგებლის, ტარიელ ებრალიძის ინიციატივა იყო, რომ ახალი ბაღი ამ შენობის ბაზაზე გაემართათ, თუმცა მთავარეპისკოპოს სპირიდონს შეუშლია ხელი. ბაღი სხვაგან აშენდა, ყოფილი ბაღის შენობა კი, ცარიელია და ინგრევა.

  • დაპირისპირება ეკლესიის აშენებისთვის

მთავარეპისკოპოს სპირიდონთან კიდევ ერთი დაპირისპირების ამბავი ჩირუხისწყლისა და აჭარისწყლის შესართავთან, სოფელ ოქროპილაურში ეკლესიის მშენებლობას უკავშირდება. სხალთის ეპისკოპოსმა ინიციატორებს უარი უთხრა იმ მიზეზით, რომ ამ ადგილზე მშენებლობა გეოლოგიური დასკვნების შესაბამისად დაუშვებელი იყო. მშენებლობის ინიციატორები კი მიიჩნევენ, რომ უარის მიზეზი მთავარეპისკოპოსის განაწყენებაა, რაც იმან გამოიწვია, რომ მშენებლობის ადგილი არა სხალთის ეპისკოპოსს, არამედ ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტს, დიმიტრის აკურთხებინეს.

დოკუმენტების მიხედვით, რომელიც საინიციატივო ჯგუფმა „ბათუმელებს“ მოაწოდა, გეოლოგიური დასკვნა ორივე მხარემ მოამზადა. საქართველოს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრის მიერ მომზადებულ დასკვნაში წერია, რომ საინიციატივო ჯგუფის მიერ მითითებულ ადგილზე ეკლესიის მშენებლობა მიზანშეწონილი არ არის და ეს საპატრიარქოს სამეცნიერო საბჭოს წევრმა, არქიტექტორმა რევაზ ჯანაშიამ ვიზუალური დათვალიერების შედეგად გამოარკვია.

საინიციატივო ჯგუფისთვის კი დასკვნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტს მოუმზადებია, რომელსაც ხელს აწერს ინსტიტუტის დირექტორი და გარემოს დაცვის სამინისტროს ექსპერტი გივი გავარდაშვილი. მეორე დასკვნის მიხედვით, სოფელ ოქროპილაურში საინიციატივო ჯგუფის მიერ მითითებულ ადგილზე ეკლესიის მშენებლობა შესაძლებელია და ამ ადგილს დატბორვის საფრთხე არ ემუქრება. დასკვნა 2017 წლის 22 მარტით თარიღდება. მიუხედავად ამისა, საინიციატივო ჯგუფი ეკლესიის მშენებლობას მაინც ვერ იწყებს.

სოფელ ოქროპილაურში დარწმუნებულები არიან, რომ სხალთის ეპისკოპოსმა თავდაპირველად სოფელში ჩასული სპეციალისტები შეცდომაში შეიყვანა და სხვა ადგილი აჩვენა. ამის შესახებ წერია იმ დასკვნაშიც, რომელიც საინიციატივო ჯგუფის დაკვეთით მომზადდა.

„ჩვენ გავეცანით სააგენტოს წერილს, გავესაუბრეთ მათ ავტორებს, რომლებმაც შეისწავლეს მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა და აღმოჩნდა, რომ მათ საკვლევი ადგილი შეცდომით მიუთითეს“, – ნათქვამია ტექნიკური უნივერსიტეტის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის დასკვნაში.

სოფელ ოქროპილაურში ამბობენ, რომ ეკლესიის მშენებლობას სხვა ინიციატორებთან ერთად შუახევის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე, ვაჟა დავითაძე გეგმავდა: „მანამდე ისინი მეგობრობდნენ, ვაჟა დავითაძე ხშირად დადიოდა მასთან სტუმრად და თავის მარანში დაწურულ ღვინოსაც ხშირად ჩუქნიდა ეპისკოპოსს“.

საინიციატივო ჯგუფი ღია დაპირისპირებაში შევიდა მთავარეპისკოპოსთან. მათ მთავარეპისკოპოს სპირიდონს გაუგზავნეს წერილი, რომელსაც ხელს აწერს 111 ადამიანი. ხელმომწერების პირველ ათეულში შედიან: ვაჟა დავითაძე, რომელიც ახლა უკვე ბიზნესმენია და ერთ-ერთია მათ შორის, ვინც ამ ეკლესიის მშენებლობის დაფინანსებას აპირებდა, მწერალი რამაზ სურმანიძე, ბსუ-ს პროფესორი ბიჭიკო დიასამიძე, ვახტანგ მაკარაძე, ალიოშა ბაკურიძე – ბსუ-ს ყოფილი რექტორი და სხვები. თავად ვაჟა დავითაძემ „ბათუმელებთან“ ამ თემაზე საუბარი არ ისურვა.

სხალთის ეპისკოპოსზე განაწყენებულებს ამბავი პატრიარქთანაც ჩაუტანიათ. ამბობენ, რომ პატრიარქთან ამ თემაზე სასაუბროდ რამაზ სურმანიძე ჩავიდა. „ამის შემდეგ ხიჭაურის უნივერსიტეტში კომისია მიავლინეს, მათ შორის იყო გიორგი მამალაძეც, რომელიც ახლა ციანიდის საქმეზეა დაკავებული. თუმცა არ გაგვიგია რა დასკვნა დადო ამ კომისიამ. კომისიის წევრები ხიჭაურში ხალხს არ გასაუბრებიან“, – ამბობენ საინიციატივო ჯგუფში.

ადგილობრივებს მიაჩნიათ, რომ ნებისმიერი კონფლიქტისას მთავარეპისკოპოსი სპირიდონი რეალურ მიზეზებს არასოდეს განიხილავს. ის ყოველთვის ერთ განმარტებას იშველიებს – „ადგილობრივები მუსლიმები არიან და რელიგიური ნიშნით ებრძვიან, ამიტომაც ის ყოველთვის ახერხებს თავი გაიმართლოს“.

მთავარეპისკოპოს სპირიდონის რეზიდენცია ხიჭაურში. ფოტო: „ბათუმელები“/მანანა ქველიაშვილი
  • შაუხევის ყოფილი გამგებელი გავლენის მასშტაბებზე

ომარ მეგრელიძე – შუახევის ყოფილი გამგებელი ერთ-ერთია მათ შორის, რომელიც მიიჩნევს, რომ ეპისკოპოს სპირიდონთან დაკავშირებით ღიად საუბარი მას პრობლემებს არ შეუქმნის. ამ ორი ადამიანის გზები შუახევის მუნიციპალიტეტში არაერთხელ გადაკვეთილა:

„საეკლესიო პირებს იმ ხელისუფლებაშიც ჰქონდათ და ამ ხელისუფლებაშიც აქვთ დიდი გავლენები. მეუფე სპირიდონის შემთხვევაში კი, სიტუაცია ყველაზე უფრო მაშინ დაიძაბა, როდესაც სხალთის მთავარეპისკოპოსმა პრობლემები შეუქმნა საპატრიარქოსთვის გადაცემულ შენობებში მცხოვრებ ოჯახებს.

მივხვდი, რომ მეუფე უკან არ დაიხევდა. წავედი მასთან შესახვედრად და პირდაპირ ვუთხარი, რომ ბინები, რომლებშიც ცხოვრობენ, ამ ოჯახებს უნდა დაუკანონდეს.

მეუფე გაოცდა, გაგიჟდა, გადაირია. გადმოაღებინა რაღაც წიგნი და წამიკითხა ციტატა, რომ ეკლესიაზე გადაცემული ქონების სხვაზე გადაცემის უფლება არ აქვს პატრიარქსაც კი და ვინც ამას გააკეთებს, დაიწყევლება უკუნითი უკუნისამდე. მაგრამ ბოლოს მაინც თქვა, რომ ამ ხალხს არ გაყრის ქუჩაში და იცხოვრონ, სანამ არ მოიძიებენ ახალ საცხოვრებელ ადგილებს. საუბარი იყო 108 ოჯახზე.

მეუფეს ყველაფერზე შეუძლია გაბრაზება. მახსოვს, ეზოში შეშის დაყრის გამო დაურეკა მაშინდელ პროკურორ კლდიაშვილს, პოლიციას, უშიშროების სამსახურს და დამირეკა მეც, რომ მისი კურთხევის გარეშე შეშა შეიტანეს ეზოში. მერე გამივრცელეს ხმები, რომ შუახევის გამგებელი ზემო აჭარაში ქრისტიანობას ებრძვისო. მაშინ ძალიან გამიჭირდა მთავრობის დარწმუნება – მირეკავდნენ, მეუფესთან ითანამშრომლე, კარგი კაცია და ასე შემდეგ. ერთადერთი, ვინც მაშინ მხარი დამიჭირა, უმაღლესი საბჭოს წევრი, მიშა მჟავანაძე იყო.

სანამ ხიჭაურში დამკვიდრდებოდა, ყველას ეფერებოდა, ბავშვებთან კანფეტები მოჰქონდა. როგორც კი ყველაფერი მიიღო, შექმნა უზარმაზარი კედელი. თანამედროვე სამყაროში რა საჭირო ქვის უზარმაზარი კედელი? – კედელს რომ აკეთებდა, ზედამხედველობას გავაჩერებინე, რადგან მაგ ადგილას გზის გაფართოება იგეგმებოდა, მაგრამ დამირეკეს უშიშროების მინისტრის მოადგილეებმა, სოსო თოფურიძემ (კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი), – ვინ არ მირეკავდა, მეუფეს როგორ ეწინააღმდეგებიო.

200-200 ათას ლარს რიცხავდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია შუახევის გამგეობის ანგარიშზე ხიჭაურის უნივერსიტეტის მშენებლობისთვის. წესით, უნდა ჩაგვეტარებინა ტენდერი, მაგრამ ამ გადმორიცხულ ფულს მოყვებოდა ათასი ზარი, რომ პირდაპირ გადაურიცხეთო. ამ თანხას ვრიცხავდით მეუფის რაღაც ანგარიშზე, რისი უფლებაც არ გვქონდა. რას ხარჯავდა, როგორ ხარჯავდა არავინ იცის“.

მთავარეპისკოპოს სპირიდონს „ბათუმელები“ რამდენიმე მცდელობის მიუხედავად ვერ დაუკავშირდა.

  • უნივერსიტეტი და გიმნაზია

გარდა იმისა, რომ ყოფილი სამხედრო ნაწილის არსებობის კვალი ისევ ეტყობა და მისი რექტორი სასულიერო პირია, რომელიც ყოველ კვირას ამავე უნივერსიტეტის ეზოში, ეკლესიაში წირვას ატარებს, ხიჭაურის უნივერსიტეტი სხვა უნივერსიტეტებისგან იმითაც განსხვავდება, რომ აქ სტუდენტებს უფასოდ კვებავენ, უნივერსიტეტს კი გარესამყაროსგან ბეტონის გალავანი იცავს, რომლის შესასვლელთან დაცვა დგას.

აქ ამბობენ, რომ უნივერსიტეტში ხელფასის გაცემის წესიც განსხვავებულია – ხიჭაურის უნივერსიტეტისა და სასულიერო გიმნაზიის ლექტორები, ასევე ადმინისტრაციული პერსონალი ხელფასს თვეობით ვერ იღებს, ხელფასებს ახლაც საახალწლოდ ელოდებიან. ამის მიუხედავად, აქ დასაქმებულები მაინც კმაყოფილები არიან, რადგან როცა იღებენ, დანაკლისის გარეშე ერიცხებათ თანხა. ამ ინფორმაციას ისინიც კი ადასტურებენ, რომლებიც მთავარეპისკოპოსს დიდად ემადლიერებიან. თუმცა ღიად საუბარი, თუნდაც მადლიერების გამოხატვა, არც მათ ისურვეს.

ის, რომ „უნივერსიტეტის საქმე არც ისე კარგად მიდის“, ადგილობრივებზე ისევე უარყოფითად აისახა, როგორც 2008 წელს უნივერსიტეტის გახსნა – დადებითად. გარდა იმისა, რომ სტუდენტებზე ოთახები გააქირავეს, უნივერსიტეტის გახსნის შემდეგ ბევრი ადგილობრივი ხიჭაურის უნივერსიტეტში, ბევრიც გიმნაზიაში დასაქმდა. ამბობენ, რომ უპირატესობა მათ მიანიჭეს, ვინც მოინათლა. ახლა გასაქირავებლად გამზადებული ბინები ცარიელია.

ხიჭაურის უნივერსიტეტი. ფოტო: „ბათუმელები“/მანანა ქველიაშვილი
  • მთავარეპისკოპოსი სპირიდონი „იუთუბში“

მთავარეპისკოპოს სპირიდონის მარდამჭერთა ჯგუფი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ მას შემდეგ გამოჩნდა, რაც აჭარიდან პატრიარქთან ჩავიდნენ მთავარეპისკოპოსზე სასაუბროდ. ამ გვერდზე ხშირად წერენ მთავარეპისკოპოს სპირიდონის საქმიანობის შესახებ. აქვე აზიარებენ მის ქადაგებებსაც, რომლებსაც ჯერ „იუთუბის“ არხზე ტვირთავენ.

ქადაგებისას მთავარეპისკოპოსი სასტიკად აკრიტიკებს მათ, ვინც არ მოსწონს, ბოლოს მისი კრიტიკის ობიექტი გახდა თბილისის ახალარჩეული მერი კახა კალაძე. მთავარეპისკოპოსმა კალაძე ფეხბურთელ გურამ კაშიას მხარდამჭერი განცხადების გამო გააკრიტიკა.

მთავარეპისკოპოსმა სპირიდონმა ერთ-ერთი წირვის დროს გენდერული თანასწორობა ასე განმარტა: „გენდერი იცით რა არის? – გენდერი არის უსქესო არსება. ისინი ამბობენ, რომ ადამიანი არის გენდერი, ანუ უსქესო არსება. და რომ გაიზრდება, სრულწლოვანი, რომ გახდება თვითონ აირჩევს, რომელი სქესის იქნება“.

მთავარეპისკოპოსის აზრით, სატანურია კანონი დისკრიმინაციის შესახებ, მედია კი „ეშმაკის საყვირია“.

სხალთის მთავარეპისკოპოსისთვის დასავლეთი მტერია, რუსეთი კი – მეგობარი, რადგან ამერიკა და ევროპა „გათახსირებით“ გვებრძვის. მიუხედვად მისი ასეთი მოსაზრებისა, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოების მიხედვით, ევროპაში ხშირად მოგზაურობს სხალთის ეპისკოპოსის შვილი ელისაბედ აბულაძე, ის საპატრიარქოს ტელევიზიაში წამყვანად მუშაობს.

  • გზა მთავარეპისკოპოსობამდე

მთავარეპისკოპოს სპირიდონის საერო სახელი და გვარი გოჩა აბულაძეა, დაიბადა 1950 წლის 14 ივნისს ზესტაფონში. 1967-1972 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერნეტიკის ფაკულტეტზე, ხოლო 1972-1976 წლებში – უნივერსიტეტის ასპირანტურაში კიბერნეტიკის სპეციალობით. 1975 წლიდან მუშაობდა მეცნიერ-მუშაკად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სხვადასხვა კათედრაზე, 1976 წლიდან – საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მართვის ავტომატიზებული სისტემების კათედრაზე. 1978-1979 წლებში გოჩა აბულაძე ქირურგიის ინსტიტუტის, ხოლო 1979 წლიდან სახალხო მეურნეობის მართვის კვალიფიკაციის ამაღლების ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-მუშაკი იყო. საპატრიარქოს ინფორმაციით, აქ იგი ლექციებს უკითხავდა საქართველოს მთავრობის კაბინეტის თანამშრომლებს მართვის სისტემების მიმართულებით.

1990 წლის 21 სექტემბერს მიტროპოლიტმა კონსტანტინემ (მელიქიძე), ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში გოჩა აბულაძე აკურთხა დიაკვნად და სახელად უწოდა გრიგოლი. იგი განწესებულ იქნა ბათუმის საკათედრო ტაძარში. 1990 წლის 4 დეკემბერს მიტროპოლიტმა კონსტანტინემ დიაკონი გრიგოლი ჯიხეთის მონასტერში მღვდლად აკურთხა და სხალთის მონასტრის წინამძღვრად დაადგინა. 1991 წლის დასაწყისში ხულოში გაიხსნა სასულიერო სასწავლებელი, რომლის ხელმძღვანელობა პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დაევალა მამა გრიგოლ აბულაძეს. 2006 წელს ის ეპისკოპოსად, 2013 წელს კი მთავარეპისკოპოსად აკურთხეს.

 

Exit mobile version