იმ მომენტიდან, როცა ბავშვი ფანქრის ხელში დაჭერასა და ფურცელზე გამოსახულებების გამოყვანას იწყებს, უფროსებს შესანიშნავი საშუალება ეძლევათ მათი ფიქრები და ემოციები წაიკითხონ, რადგან ბავშვები ხშირად თავიანთ შიშებსა თუ მოლოდინებს საიდუმლოდ ინახავენ. ფსიქოთერაპევტი, ბავშვთა და ოჯახის გეშტალტ-თერაპევტი ირმა კვაჭაძე ამბობს, რომ ბავშვების ნახატების სწორი ანალიზით შესაძლებელია მათი თვითშეფასებისა თუ გარშემომყოფებისადმი დამოკიდებულებების წაკითხვა:
„ითვლება, რომ ფურცელი ფანჯარაა ბავშვის არაცნობიერში და მასზე დატანილ თითოეულ დეტალს დიდი ინფორმაციის მოწოდება შეუძლია უფროსებისთვის, იქნება ეს ფერი თუ ფორმა. ხატვას შემეცნებითი პროცესია, მაგრამ მას ახასიათებს ფსიქოლოგიურ-თერაპიული ეფექტიც, ამ უკანასკნელისთვის კი სპეციალური ცოდნაა საჭირო, რადგან თვითნებურ ინტერპრეტირებას თავისუფლად შეუძლია შეცდომაში შეიყვანოს მშობელი” – ამბობს ირმა.
ირმა, რა ასაკში იწყებენ ბავშვები ხატვას, რა ხდება ამ დროს ?
ბავშვი ხატვას 1.5-2 წლიდან იწყებს. ეს არის ფორმები, ხაზები, წერტილები… თუმცა, ბუნებრივია, ამ პროცესის შედეგად მიღებული ნახატებით ბავშვის შინაგან სამყაროზე დასკვნებს ვერ გავაკეთებთ. ამ ასაკში ხატვით მხოლოდ წვრილი მოტორიკის ელემენტებზე შეგვიძლია საუბარი. სამი წლის ბავშვის ნახატის ინტერპრეტირება უკვე შესაძლებელია, ისინი ძირითადად „თავფეხება“ კაცუნებს ხატავენ, რაც სრულიად ნორმალური განვითარების მაჩვენებელია. ასაკის მატებასთან ერთად ხატვის „ტექნიკა“ უნდა დაიხვეწოს და უფრო უნდა შეესაბამებოდეს რეალობას.
როდის იწყებენ ბავშვები ოჯახის წევრების ხატვას?
ბავშვი ოჯახის ხატვას 3-4 წლიდან იწყებს, სწორედ ამ დროიდან მისი ფსიქო-ემოციური მდგომარეობის შესახებ ბევრი რამის გაგება ხდება შესაძლებელი. კერძოდ, თუ როგორია მისი როლი ოჯახურ სტრუქტურაში, ვის აღიქვამს ოჯახში წამყვან ფიგურად და ა.შ. აქ გასათვალისწინებელია ბევრი ნიუანსი, მთავარი კი ნახატის დახატვის შემდეგ, ბავშვის ანალიზია – თუ როგორ ხსნის თავად ბავშვი ამა თუ იმ დეტალს. არსებობს რიგი კითხვებისა, მაგალითად: „რომ შეგეძლოს, ვის გაუცვლიდი ადგილს ამ ოჯახში”, „ვინ არის ყველაზე მეგობრული”, და ა.შ. ამ და სხვა კითხვებით, სპეციალისტები ვახდენთ დიაგნოსტირებას, თუ როგორია მისი დამოკიდებულება ოჯახის ამა თუ იმ წევრის მიმართ.
აქვს თუ არა მნიშვნელობა ოჯახის წევრების ზომებს ნახატზე (მაგალითად, როცა დედა ყველაზე დიდია ან ბაბუა ყველაზე პატარა)?
დახატული ოჯახის წევრის ზომას, ისევე როგორც მის ადგილმდებარეობას დიდი მნიშვნელობა აქვს – ვისთან დგას ახლოს თავად ბავშვი, ვისთან არის ყველაზე შორს ნახატში, ვისი ფიგურაა დეტალურად შესრულებული… მაგალითად, ერთ-ერთ პერსონაჟზე შეიძლება „დაავიწყდეს“ ხელების დახატვა, მაშინ როდესაც მეორეს ღილებიც კი მკაფიოდ აქვს გამოკვეთილი, ეს მიუთითებს ბავშვისთვის ამ პიროვნების მნიშვნელობაზე. შეიძლება ოჯახის რომელიმე წევრი საერთოდაც არ დახატოს, როგორც წესი „ავიწყდებათ“ და-ძმის დახატვა. ეს ფაქტიც არ უნდა დარჩეს უყურადღებოდ უფროსს, თუმცა სანამ ბავშვს ეგოიზმში დავადანაშაულებთ ან ოჯახის წევრისადმი აგრესიაში დავდებთ ბრალს, უმჯობესია არ ვიჩქაროთ, ბავშვთანვე დავაზუსტოთ, რას ნიშნავს, როცა არ არის დახატული და ან ძმა. ასეთი შემთხვევის ანალიზი კი უმჯობესია სპეციალისტებს მივანდოთ.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სად ხატავს ბავშვი საკუთარ თავს ნახატზე, რა ზომის, რა ფერებით, აქვს მის ფიგურას საყრდენი თუ ჰარშია. ამ დეტალებით მკაფიოდ ჩანს რა დამოკიდებულება აქვს მას საკუთარ თავთან.
როგორი დატვირთვა აქვს ფერებს ბავშვების ნახატებში?
სამ წლამდე ასაკის ბავშვისთვის მხოლოდ ერთი ფერის ფანქრით ან ფლომასტრით ხატვა სრულიად ბუნებრივი პროცესია. შემდეგ უნდა გაჩნდეს სხვა ფერებიც. ითვლება, რომ რაც უფრო ფართოა ფერთა გამა, მით უფრო მშიდი და ემოციურად გაწონასწორებულია ბავშვი. აქვე მნიშვნელოვანია ფურცელზე ფანქრის დაჭერის ხარისხი, რაც უფრო მაგრად აჭერს ბავშვი ფანქარს, მით უფრო მეტია მასში ემოციური დაძაბულობა.
რას ნიშნავს, როცა ბავშვი სახლებსა და ეზოს ხატავს? ამაში რაიმე შინაარსი დევს, თუ უბრალოდ სიმარტივის გამო ირჩევენ ამ თემას?
არტ თერაპიაში ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება თითოეულ სიმბოლოს. არსებობს სიმბოლოების უნივერსალური და ინდივიდუალური განმარტებები. ჩვენ ყოველთვის ვიცით, ამა თუ იმ სიმბოლოს უნივერსალური მნიშვნელობა, მაგრამ ბავშვს თავს არ ვახვევთ ამ განმარტებას, ვეკითხებით რა დატვირთვა აქვს მისთვის სახლს, ზოგისთვის ეს შეიძლება იყოს სიმყუდროვე, ზოგისთვის დაცულობა, საზღვრები, კომფორტი, ემოციური მიჯაჭვულობა ოჯახთან. ხატვის დროს ჩვენდაუნებურად „გვეხატება” ემოციურად დატვირთული ელემენტები, ის რაც ძალიან გვიყვარს ან პირიქით – ის რაც ყველაზე მეტად გვაწუხებს და ტრანსფორმაციას საჭიროებს.
რა სიმბოლოები შეიძლება მიანიშნებდეს ბავშვის ნახატში იმაზე, რომ ის რაღაცას განიცდის ან რაიმეს ეშინია?
საყურადღებოდ შეიძლება მივიჩნიოთ მუდამ განმეორებადი ნახატები, როდესაც ერთი და იგივე ფიგურა მეორდება რამდენჯერმე. ამ დროს არაცნობიერი ამბობს, რომ „რაღაც არსებობს, რის გადამუშავებაშიც ბავშვს დახმარება სჭირდება“. ასევე ყურადღებას საჭიროებს ძალიან პატარა ზომის ნახატები, როდესაც ფურცელზე ფიგურის შემჩნევა ჭირს – აქ შეიძლება საქმე გვქონდეს დაბალ თვითშეფასებასთან ან ზედმეტი ჩაკეტილობისკენ მიდრეკილებასთან, ამიტომ აუცილებელია, მოვუსმინოთ, რას ყვება ბავშვი, როცა ნახატს დაასრულებს.