კვირის ამბები,მთავარი,სიახლეები

დასაქმება კანადაში – კომპანია მოქალაქეებს თაღლითური ჯგუფის შესახებ აფრთხილებს

23.01.2018 • 12939
დასაქმება კანადაში – კომპანია მოქალაქეებს თაღლითური ჯგუფის შესახებ აფრთხილებს

სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დარეგისტრირებულია გვერდი „სამუშაო ვიზები, დასაქმება“, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს ვანკუვერში სამუშაო ვიზებს და შესაბამისად, დასაქმებას სთავაზობს. კანადური კომპანია კი, რომელშიც საქართველოს მოქალაქეებს დასაქმებას სთავაზობენ, თავის ვებგვერდზე განცხადებას ავრცელებს თაღლითური ჯგუფების ყალბი შეთავაზების შესახებ.

„თბილისში, წერეთლის #12-ში, პოლიციის შენობის უკან ვიყავით. ჩემს მეგობარს ვახლდი. შეგვხვდა 35-წლამდე კაცი, რომელმაც გვითხრა, რომ დასაქმების სანაცვლოდ თავდაპირველად 200 დოლარი უნდა გადაგვეხადა“, – გვიყვება მეგობართან ერთად „გასაუბრებაზე“ მისული ლელა ინასარიძე.

„დამსაქმებელი“ ლელა ინასარიძეს გაეცნო, როგორც შვედეთის მოქალაქე. „ამ ადამიანმა გვითხრა, რომ კანადაში საქმიანობს ქართულ-ებრაული კომპანია, რომელიც ტენდერებს იგებს ქარხნებში და დასაქმების მიზნით ჩაჰყავს პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან მოქალაქეები. მე შვედეთის მოქალაქე ვარ და სპეციალურად ამ საქმისთვის ჩამოვედიო,“ – ყვება ლელა ინასარიძე.

გასაუბრებაზე ლელას და მის მეგობარს აუხსნეს, რომ მას შემდეგ, რაც კანადაში დასაქმდებოდნენ, ქართულ-ებრაული კომპანიისთვის დასაქმებულს 10 000 დოლარი უნდა გადაეხადა, ოთხი თვის ვადაში.

„გვითხრა, კაცებს თევზის ქარხანაში ვასაქმებთ, ხელფასი თვეში 8500-დოლარია. ქალებს სამკერვალო ფაბრიკაში – ვისაც სერტიფიკატი აქვს, ხელფასი 10000 დოლარი ექნება, დამხმარეს – 6500 დოლარი. გვაქვს კოტეჯები, სადაც იცხოვრებთ, კვირაში ერთხელ კოტეჯებს დამლაგებელი ალაგებს. სამუშაო დილა ოთხ საათზე იწყებაო“, – გვიყვება ლელა ინასარიძე.

იმავე ჯგუფისგან ანალოგიური შეთავაზება ელექტრონული ფოსტით ქვემოთ მოცემული შეტყობინების ავტორმაც მიიღო, რომელმაც ელფოსტით მიღებული ინფორმაციის ნამდვილობის შესახებ კანადაში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტს ჰკითხა.

ვანკუვერში მართლაც არსებობს თევზის ქარხანა – CANFISCO. ამ ქარხნის ვებგვერდზე კი იძებნება ინფორმაცია, რომელიც უცხოელებს თაღლითური ჯგუფების ყალბი შეთავაზების შესახებ აფრთხილებს.

„თევზის გადამამუშავებელი კანადური კომპანია Canfisco ვაკანსიის გამოსაცხადებლად არ იყენებს ელფოსტით განცხადებების გავრცელების ფორმას. თუ ელ.ფოსტით მიიღეთ შემოთავაზება, ან ინტერნეტში იპოვეთ ინფორმაცია ჩვენს ქარხანაში დასაქმების შესახებ, გაითვალისწინეთ, რომ შეიძლება საქმე გქონდეთ თაღლითურ ჯგუფის წერილთან ან სატელეფონო შეტყობინებასთან. თუ დამატებითი კითხვები გაგიჩნდათ, შეავსეთ ქვემოთ მოცემული ველი და დაგვიკავშირდით“, – აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

„სამუშაო ვიზები, დასაქმება“ – ფეისბუქის ამ გვერდზე  მითითებული ტელეფონის ნომერი გამორთულია. ლელა ინასარიძე ამბობს, რომ „დამსაქმებელს“ თავადაც იმავე ნომერზე ეკონტაქტებოდა. შესაბამისად, მასთან დაკავშირება ვერ მოვახერხეთ.

 

გადაბეჭდვის წესი