მთავარი,სიახლეები

ქობულეთში რვასართულიანი სახლი შესაძლოა ჩამოიშალოს

30.01.2018 • 3862
ქობულეთში რვასართულიანი სახლი შესაძლოა ჩამოიშალოს

ქობულეთში, რუსთაველის 116-ში მდებარე რვასართულიანი საცხოვრებელი კორპუსი საცხოვრებლად საფრთხის შემცველია. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, სახლის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია.

დასკვნაში, რომელიც სამხარაულის ეროვნულ ბიუროში მომზადდა, წერია, რომ „ცალკეული მზიდი ელემენტები იმყოფებიან კრიტიკულ მდგომარეობაში. მთლიანობაში შენობის მზიდი კონსტრუქცია დაზიანებულია და საჭიროებს კაპიტალურ რეაბილიტაციას“.

დასკვნაში ასევე აღნიშნულია, რომ „გასამაგრებელი კონსტრუქციების დიდი მოცულობიდან გამომდინარე შენობის აღდგენა, არარენტაბელურობიდან გამომდინარე, მიზანშეწონილი არ არის“.

ამ დროისთვის საცხოვრებელ კორპუსში დაახლოებით 25 ოჯახი ცხოვრობს, ბინების ნაწილი კი დაკეტილია.

ავარიული კორპუსის ერთ-ერთი მცხოვრები, არჩილ ჯაფარიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ საცხოვრებელი კორპუსი წლების განმავლობაში შეუფუთავი იყო, წვიმის წყალი ჩადიოდა კედლებში და, სავარაუდოდ, სახლის დაზიანება ამით არის გამოწვეული.

თენგიზ ზოიძესაც ამ კორპუსში აქვს ბინა. მისი აზრითაც, სახლის დაზიანება არასათანადო პირობებმა გამოიწვია. „დიდხანს იყო დაუმთავრებელი, შემდეგ დაიწყო მოპირკეთება. ფასადზე ბათქაში იმდენად დაზიანებული იყო, რომ რემონტის დროს ცვიოდა. ან ცემენტი იყო უხარისხო, ან წვიმისგან იყო კედლები დაზიანებული“, – გვეუბნება ის.

აქ მცხოვრებნი ამბობენ, რომ კორპუსში ზოგიერთი ბინის კედლები ამოყვანილი არ არის და ღია სივრცეში წყალი ისევ ჩადის.

თენგიზ ზოიძე ამბობს, რომ თავის დროზე ეს კორპუსი სახელმწიფომ ააშენა, ამიტომ შენობის მდგომარეობაზე, ასევე მოქალაქეების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობაც სახელმწიფომ უნდა აიღოს.

ქობულეთის მერი, მირიან ქათამაძე ამბობს, რომ საცხოვრებელი კორპუსის მდგომარეობაზე ინფორმაციას ფლობს და მისი მოგვარების რამდენიმე ვერსიას განიხილავს.

„ეს სახლი „ამხანაგობის“ მიერ არის აშენებული. წესით, ეს მისი მოსაგვარებელი პრობლემაა, თუმცა გამგეობა ამხანაგობას მარტო არ ტოვებს ამ საქმეში, სწორედ ამიტომ მოვამზადეთ ექსპერტიზის დასკვნა და გავაცანით სახლის მცხოვრებლებს“, – ამბობს მირიან ქათამაძე.

მერის თქმით, კორპუსის მცხოვრებთა ნაწილი ექსპერტიზის დასკვნას ბოლომდე არ ენდობა და მიაჩნიათ, რომ გამაგრების შემთხვევაში იქ ცხოვრების გაგრძელება შესაძლებელია.

„ვფიქრობ, კიდევ ერთი დასკვნა გაკეთდეს, რომ სრულად დაკმაყოფილდეს მოსახლეობის ინტერესი. პირველ ჯერზე არ იყო გამოკვლეული გეოლოგიური ნაწილი, სახლის საძირკვლის სიმყარე, ამიტომ დასკვნა ამაზეც უნდა გაკეთდეს“, – ამბობს ის.

მეორე ვერსია, რასაც მერი განიხილავს, დეველოპერების დაინტერესებაა. „მშენებელი კომპანიის გამოჩენის შემთხვევაში, შენობის დემონტაჟზე და ახლის აშენებაზე უნდა ვიფიქროთ“, – გვითხრა მირიან ქათამაძემ.

საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ქობულეთის მერი კორპუსში მცხოვრებ მოსახლეობასთან კიდევ ერთხელ შეხვედრას გეგმავს.

მირიან ქათამაძის თქმით,  დაინგრევა თუ გამაგრდება სახლი, საბოლოო გადაწყვეტილებას მერია მინიმუმ სამ თვეში მიიღებს.

ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ქობულეთში, რუსთაველის 116-ში მდებარე კორპუსი ავარიულია.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: