ბათუმი,მთავარი,სიახლეები

რა უჯდება ავთანდილ ბერიძის შენახვა მთავრობას

10.06.2017 •
რა უჯდება ავთანდილ ბერიძის შენახვა მთავრობას

ავთანდილ ბერიძე, რომელმაც საზოგადოებას ქოლგით და იმით დაამახსოვრა თავი, რომ საკუთარ თავს VIP პერსონა უწოდა, აჭარის მთავრობაში უმაღლეს საბჭოსთან ურთიერთობის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს. მისმა შრომის ანაზღაურებამ წელს, პირველ ხუთ თვეში 16 746 ლარი შეადგინა, თვეში საშუალოდ 3349 ლარი [მათ შორის დანამატის სახით 6569 ლარი მიიღო, პრემია – 1416 ლარი]. ავთანდილ ბერიძის, როგორც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის შრომა კი, თვეში 5750 ლარს ფასობდა [ის წინა მოწვევის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე იყო].

აჭარის მთავრობისგან „ბათუმელებისთვის“ მოწოდებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით, ავთანდილ ბერიძე ხელფასის გარდა, დანამტსაც იღებს და პრემიასაც.

ავთანდილ ბერიძეს ავტომანქანაც ემსახურება. პირველ ხუთ თვეში მას 750 ლიტრი საწვავი დაუხარჯავს. უმაღლესი საბჭოს ყოფილ თავმჯდომარის სატელეფონო ხარჯი ჯამში 186 ლარი ყოფილა.

რა არის უმაღლეს საბჭოსთან ურთიერთობის დეპარტამენტის საქმიანობის შედეგი და რის გამო დაიმსახურა პრემია ავთანდილ ბერიძემ – აჭარის მთავრობის აპარატმა ეს ინფორმაცია ვერ მოგვაწოდა. მოგვწერეს, რომ ავთანდილი ბერიძის საქმიანობის ამსახველი ინფორმაცია ცალკე არ მუშავდება.

„რაც შეეხება საქმიანობის შესახებ ინფორმაციას, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის უმაღლეს საბჭოსთან ურთიერთობის დეპარტამენტი ახორციელებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის დებულებით განსაზღვრულ ამოცანებსა და ფუნქციებს, ხოლო საქმიანობის ამსახველი ინფორმაცია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატში ცალკე დამუშავებას არ ექვემდებარება“, – წერია აჭარის მთავრობის აპარატიდან „ბათუმელებისთვის“ გამოგზავნილ წერილში.

ავთანდილ ბერიძე არაა ერთადერთი ყოფილი დეპუტატი, რომელიც მთავრობაში დაასაქმეს. ყოფილი დეპუტატებიდან ანზორ თხილაიშვილი აჭარის არქივის უფროსის მოადგილე გახდა, ალეკო ჩიტიშვილს კი, გარემოს და ბუნებრივი რესურების სამმართველოს უფროსის მოადგილის სავარძელი მოარგეს. ტურიზმის დეპარტამენტის უფროსად დანიშნეს კიდევ ერთი ყოფილი დეპუტატი – სულხან ღლონტი.

მთავრობაში დასაქმება არ გამოუვიდა კაკო ძნელაძეს. მან განათლების მინისტრის მოადგილეობის სურვილი „ბათუმელებს“ გასული წლის ბოლოს დაუდასტურა, არჩევნების შემდეგ, როცა მთავრობის ახალმა თავმჯდომარემ მინისტრების დაკომპლექტება დაიწყო. კაკო ძნელაძისთვის ადგილი ისევ უმაღლეს საბჭოში გამოიძებნა. ის განათლების კომისიის თავმჯდომარის, ლადო მგალობლიშვილის თანაშემწეა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: