ორი თვის შემდეგ ძალაში შედის 2017 წელს მიღებული კანონი „თამბაქოს კონტროლის შესახებ“, რომლის თანახმადაც, 2018 წლის პირველი მაისიდან თამბაქოს მოწევა [ასევე, ელექტროსიგარეტის] იკრძალება მთელ რიგ დაწესებულებებში.
პირველი მაისიდან სიგარეტს ვეღარ მოწევ:
ნებისმიერი დანიშნულების შენობა-ნაგებობაში [გარდა ქვემოთ ჩამოთვლილი ზოგიერთი გამონაკლისისა]. იგულისხმება შენობა, რომელსაც აქვს იატაკი, სახურავი ან ჭერი და არანაკლებ 1/2-ზე აქვს ნებისმიერი სახის ან/და მასალის მოძრავი ან უძრავი კედლები, მათ შორის, ღია ან დახურული ფანჯარა და კარი.
საზოგადოებრივ ტრანსპორტში [გარდა ტაქსისა და კატერისა];
საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებების, სხვა სასწავლო დაწესებულებების, ბიბლიოთეკების, მოსწავლე ახალგაზრდობის ბანაკების, ბავშვთა გასართობი ცენტრების და 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილი სხვა დაწესებულებების შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე, აგრეთვე 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილ საზოგადოებრივ შეკრებებზე;
სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებების შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე;
ბენზინგასამართი, გაზგასამართი და გაზგამანაწილებელი სადგურების, აგრეთვე იმ დაწესებულებათა შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე, სადაც ცეცხლსაშიში ნივთიერებები ინახება.
პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც მოწევის პირობებს განსაზღვრავს შესაბამისი მინისტრი;
წინასწარი დაკავების იზოლატორში;
კანონის შესაბამისად გაცემული ნებართვის საფუძველზე მოწყობილ სიგარაბარში;
სამორინეში;
აეროპორტის სატრანზიტო ზონაში სპეციალურად გამოყოფილ მოსაწევ ოთახში;
სტაციონარული ფსიქიატრიული და პალიატიური მკურნალობისთვის განკუთვნილ დაწესებულებებში თამბაქოს მოწევა ნებადართულია შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის სპეციალური ბრძანებით დადგენილი წესით.
2020 წლის 1 იანვრამდე დასაშვებია სტადიონის ტერიტორიაზე მოწევა.
წესების დარღვევის შემთხვევაში დაწესებულება დაჯარიმდება 500 ლარით, განმეორებისას – 1000 ლარით.
ფიზიკური პირის შემთხვევაში ჯარიმა 100 ლარია. იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკური პირი მოწევს მრავალბინიანი სახლის იმ ნაწილში, რომელიც საერთო ქონებაა (ვესტიბიული, სადარბაზო, დერეფანი, კიბის უჯრედი, სარდაფი, სახურავი, ლიფტი და სხვ.) იგი დაჯარიმდება 50 ლარით, განმეორების შემთხვევაში 100 ლარით.
სახმელეთო საზოგადოებრივი ტრანსპორტში მძღოლის მიერ მოწევის აკრძალვის მოთხოვნის შეუსრულებლობა, გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 500 ლარით, განმეორებისას 1000 ლარით.
რკინიგზის, საზღვაო და საჰაერო საზოგადოებრივი ტრანსპორტის მესაკუთრის/მფლობელის მიერ შესაბამის სატრანსპორტო საშუალებაში მოწევის აკრძალვის/შეზღუდვის მოთხოვნის შეუსრულებლობა, გამოიწვევს მის დაჯარიმებას 500 ლარით, განმეორებისას – 1000 ლარით.
ფიზიკური პირის მიერ სახმელეთო საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოწევის აკრძალვის წესების დარღვევა გამოიწვევს 100 ლარით დაჯარიმებას.
ფიზიკური პირის მიერ საზღვაო , სარკინიგზო და საჰაერო საზოგადოებრივ ტრანსპორტში თამბაქოს მოწევა, გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარით, განმეორებისას 100 ლარით.პირველი მაისიდან მარტივდება დაჯარიმების წესი და უფლებამოსილი პირი (საზოგადოებრივ შენობებში პოლიციას, ტრანსპორტის შემთხვევებში შესაბამისი ადმინისტრაციებს, სამედიცინო დაწესებულებებში ჯანდაცვის სამინისტროს) ადგილზე შეუფარდებს ჯარიმას შესაბამის იურიდიულ თუ ფიზიკურ პირს. დაჯარიმებულ პირს უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს თუ იგი არ ეთანხმება საჯარიმო სანქციას.
მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა რომ ბათუმში ჩატარდებოდა ჯერ კიდევ 2014 წლის აგვისტოში გადაწყდა. შესაბამისი ღონისძიებების გატარებაც, წესით მაშინ უნდა დაწყებულიყო, თუმცა, 61,9-მილიონიანი სპორტული კომპლექსის მშენებლობა ბათუმში, რაც ამ დონის ოლიმპიადის ჩატარებისთვის იყო გათვლილი და აუცილებელი, ვერ ესწრება. ამით კი ისეთი ფორსმაჟორი შეიქმნა, რომლის თავიდან აცილება მთავრობას გაცილებით ადრე შეეძლო.
გამოსავალი აჭარის მთავრობამ იმაში ნახა, რომ ტენდერის გარეშე მორიგ სპორტკომპლექსს ააშენებს, რომლის ერთ დარბაზშიც შემოდგომაზე ოლიმპიადას ჩაატარებს, შემდეგ კი ყინულის არენად გადააკეთებენ. ამ პროექტში აჭარის ბიუჯეტიდან, ტენდერის გარეშე, 19 990 002 მილიონამდე აშშ დოლარი დაიხარჯება.
ბათუმში, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დაკვეთით, კიდევ ერთი ახალი სპორტის სასახლის მშენებლობა თითქმის დასრულდა. ოლიმპიადას ეს სასახლეც უმასპინძლებს.
საბოლოოდ, „მოახლოებული ოლიმპიადის“ გამო, ბათუმში ამ ეტაპზე 3 სპორტული კომპლექსი შენდება. მიმდებარე ტერიტორიის [ლადო ასათიანის ქ. N27-ში] მოწესრიგებაში კი ბათუმის ბიუჯეტიდან 1 მილიონ 144 ათას 72 ლარი, ასევე გამარტივებული შესყიდვით, ანუ ტენდერის გარეშე დაიხარჯება. გადაწყვეტილება ბათუმის მერიას უკვე მიღებული აქვს და შესყიდვების სააგენტოს თანხმობას ელოდება.
ბათუმის მერია თავის გადაწყვეტილებას გამარტივებულ შესყიდვაზე ასე ამართლებს: „ბათუმში, ლადო ასათიანის ქ. N27-ში, მიწის ნაკვეთის კეთილმოწყობის სამუშაოების დროულად განუხორციელებლობის შემთხვევაში ვერ მოხერდება შენობის ექსპლუატაციაში მიღება, რაც გამოიწვევს ა[ა]იპ ,,ბათუმის სპორტული ცენტრის“ თანამშრომლების საქმიანობის შეფერხებასა და სხვადასხვა სახეობის სპორტული ჯგუფების ყოველდღიური ფუნქციონირების შეწყვეტას [ბათუმის არსებულ ყინულის სასახლეში-ავტ.]. ასევე გასათვალისწინებელია, რომ მათი ახალ სპორტულ ცენტრში უმოკლეს ვადებში გადაყვანის გარეშე ვერ ხორციელდება ისეთი სახელმწიფო და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტი, როგორიცაა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ დაგეგმილი ყინულის არენისა და საცურაო აუზის მშენებლობა“.
გარდა ამისა, როგორც ბათუმის მერიაში აცხადებენ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართა თხოვნით, „რამდენად შესაძლებელია 2018 წლის 3-4 აპრილს საქართველოსა და ინგლისის ფუტსალის ნაკრებს შორის საერთაშორისო ამხანაგური მატჩები ჩატარდეს ახალაშენებულ სპორტის სასახლეში. ხოლო აღნიშნული ამხანაგური მატჩების ჩატარება შესაძლებელი იქნება თუ სპორტის სასახლეზე მოხდება ენერგომომარაგების, გაზის, წყლის სისტემის და კანალიზაციის დაერთება, რომლის სამუშაოების შესრულება უნდა მოხდეს უმოკლეს ვადებში [კანალიზაციის დაერთების სამუშაოები შედის ტერიტორიის კეთილმოწყობის ხარჯთაღრიცხვაში]“.
საუბარია, იმ სპორტის სასახლეზე, რომელიც ყინულის სახლის უკან სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დაკვეთით აშენდა.
„ამასთან, 2018 წლის სექტემბერში ქალაქ ბათუმში დაგეგმილია მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს, როგორც ადგილობრივი ასევე 160-მდე ქვეყნის 1000 მოჭადრაკე და 5000-მდე სხვა პირი… ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ლადო ასათიანის ქ. N27-ში მდებარე შენობის ენერგომომარაგების, გაზის, წყლის სისტემის, კანალიზაციის დაერთებისა და მიწის ნაკვეთის კეთილმოწყობის სამუშაოების შესრულება სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობისაა“, – მიაჩნიათ ბათუმის მერიაში.
ბათუმში, ლადო ასათიანისა და ორბელიანის ქუჩებს შორის [არსებული ყინულის სასახლის უკან] ახალი სპორტის სასახლის მშენებლობა თითქმის დასრულებულია. სასახლეში ორი დარბაზია განთავსებული. ის საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დაკვეთით შენდება და იმ პროგრამის შემადგენელი ნაწილია, რომლის განხორციელებისთვის საქართველოს მთავრობა 54 მილიონ აშშ დოლარს დახარჯავს. ამ თანხით, გარდა ბათუმისა, კიდევ ორ რეგიონში შენდება სპორტული კომპლექსები.
ეს სპორტის სასახლე, ცალკე აღებული მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის ჩატარებისთვის ფიდეს მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს [ფართობის მხრივ]. ამიტომ, ოლიმპიადის ჩატარება იმ ახალ სპორტკომპლექსშიც იგეგმებოდა, რომელსაც ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე, აჭარის მთავრობა აშენებს. თუმცა, ტენდერის სხვადასხვა ეტაპზე დავების გამო, ოლიმპიადისთვის ამ კომპლექსის დასრულება ვეღარ ესწრება [კომპლექსისთვის აჭარის მთავრობას 66,5 მილიონი ლარი ჰქონდა გათვალისწინებული. საბოლოოდ ხელშეკრულება მშენებელ კომპანიასთან 61,9 მილიონ ლარზე გაფორმდა].
არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, აჭარის მთავრობამ გადაწყვიტა არსებული ყინულის სასახლის ადგილზე ახალი ყინულის არენა და საცურაო აუზი ააშენოს. სამუშაოების შესყიდვის ღირებულება 19 990 002 აშშ დოლარია, რაც კომპლექსის დაპროექტების დროს შესაძლოა შეიცვალოს. ამ სპორტულ კომპლექსს კანადური კომპანია Westincor Limited-ი ააშენებს, რომელთანაც შპს „სტადიონმა“ ხელშეკრულება ტენდერის გარეშე გააფორმა.
ამ პროექტის ფარგლებში სექტემბრამდე აშენდება მრავალფუნქციური სპორტული დარბაზი, რომელიც საჭადრაკო ოლიმპიადის დასრულების შემდეგ გადაკეთდება ყინულის არენად. დღეს არსებული ყინულის სასახლე კი დაიშლება. პარალელურად აშენდება საცურაო აუზიც.
ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე მდებარე მერიის ადმინისტრაციულ შენობაზე უკუღმა შემოტრიალებული აჭარის დროშა ბათუმის საკრებულოს წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“, მირდატ ქამადაძემ გადაიღო და ფოტოს ვიდეოც დაურთო თან:
ფოტო მირდატ ქამადაძის ფეისბუქგვერდიდან
ბათუმის მერიაში განმარტეს, რომ დროშა სწორად იყო დაკიდული და ქარმა შეატრიალა:
„დილიდანვე მერიის ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე დაშვებული იქნა დროშები. ლერმონტოვის ქუჩაზე, დროშის დაწევის შემდეგ ქარმა ამოატრიალა დროშა, ორ სამაგრიანიდან მოწყდა, დარჩა ერთ სამაგრზე და ამან გამოიწვია დროშის შებრუნება“ – ამბობენ მერიაში.
24 თებერვალს უკრაინის დედაქალაქში, კიევში გამართულ საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონი შმაგი ბოლქვაძე გახდა 72 კგ. წონით კატეგორიაში. შმაგიმ ფინალში უკრაინელი სპორტსმენი დაამარცხა ანგარიშით – 7-5.
შმაგი ბოლქვაძე 2017 წლის მსოფლიო ჩემპიონია თავის წონით კატეგორიაში. მან გასული წლის ბოლოს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გამარჯვება რუსეთის სახელით მოასპარეზე ალენ მირზოიანთან მოიპოვა.
ბათუმის მერიის შენობაზე, 1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის დაკავშირებით, დროშები დაშვებულია. შავი ლენტები აქვს დროშებს აჭარის მთავრობისა და საკონსტუტუციო სასამართლოს შენობებზე.
საქართველოს მთავრობის ცნობით, დროშა დაშვებულია ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე მდებარე ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე და საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში.
ბათუმში მცხოვრებმა სომხური დიასპორის წარმომადგენლებმა დღეს, 25 თებერვალს, 1988 წელს აზერბაიჯანში, ქალაქ სუმგაიტში მომხდარი ტრაგიკული მოვლენები გაიხსენეს, როცა ეთნოკონფლიქტის დროს ქალაქში მცხოვრები სომეხი მოსახლეობა დაიღუპა. პანაშვიდი ბათუმის სომხურ ეკლესიასთან გაიმართა.
საბჭოთა პროპაგანდის ოფიციალური მონაცემების თანახმად, სუმგაიტში სამი დღის განმავლობაში დაიღუპა 27 სომეხი, დაიჭრა – 100, დარბეული იქნა 200 ბინა, თუმცა არაოფიციალური სტატისტიკით მსხვერპლი გაცილებით დიდი იყო.
ბათუმში სომხეთის საკონსულოს ცნობით, სუმგაიტის მოვლენებში 80 ბრალდებულიდან ერთს მიუსაჯეს სასიკვდილო განაჩენი, დანარჩენებმა კი მიიღეს რამდენიმეწლიანი პატიმრობა, ბევრმა – მხოლოდ პირობითი. რამდენიმე თვის შემდეგ დამნაშავეთა უმრავლესობა გაათავისუფლეს, დანაშაულის ორგანიზატორები კი ვერ დადგინდა.
„..სუმგაითს“ არ გააჩნია ხანდაზმულობის ვადა, ყველა დამნაშავე და ორგანიზატორი უნდა დაისაჯოს.
გვინდა აღვნიშნოთ, რომ ორივე სომხური მხარე გამოთქვამს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მხოლოდ მშვიდობიანი გზით, მოლაპარაკების მაგიდასთან, მოგვარების სურვილს. ამ პრობლემის სამხედრო გზით მოგვარებას მომავალი არ გააჩნია, ვინაიდან ეს გზა მიგვიყვანს კონფლიქტის ესკალაციასა და ახალ მსხვერპლამდე, რაც არ შედის ორი მეზობლური ქვეყნის ხალხის ინტერესებში,“ – აღნიშნულია ბათუმში სომხეთის რესპუბლიკის გენერალური საკონსულოს პრესრელიზში.
ბათუმის სომხურ ეკლესიასთანნანა კვაჭაძის ფოტონანა კვაჭაძის ფოტო
ასოციაცია „ჰერა XXI “ 28 თებერვალს, 14:00 დან 15:00 საათამდე, ხელვაჩაურის მერიის შენობაში, საინფორმაციო საგანმანათლებლო შეხვედრას ჩაატარებს. შეხვედრის მიზანია მუნიციპალიტეტში მცხოვრები მშობლების ინფორმირება რეპროდუქციული ჯანმრთელობის, უფლებებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის სკითხებზე.
15:00 საათიდან 16:00 საათამდე კი ორგანიზაცია „ ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრში“ მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებს შეხვდება, სადაც შეხვედრის მეორე ნაწილი დაეთმობა მოხალისეობასა და ახალგაზრდების ლიდერ – აქტივისტებად ჩამოყალიბების მნიშვნელობას.
ასოციაცია „ჰერას“ ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების, ასევე, ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ ფორმალური და არაფორმალური განათლების ხელშეწყობა საქართველოში.
„ჩვენ შევქმენით ინოვაციული ონლაინ-პლატფორმა forparents.ge და მობილური აპლიკაცია, სახელწოდებით „მშობლებისთვის“. იმისათვის მათ უკეთ შეძლონ რეპროდუქციული და სქესობრივი ჯანმრთელობის, ასევე, ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ შვილების ინფორმირება, ასაკზე მორგებული ფსიქოლოგიური და კულტურული ასპექტების გათვალისწინებით. მშობელთა ინფორმირებულობის კამპანიის ფარგლებში, გვსურს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მშობლებსაც მივაწოდოთ ინფორმაცია მათი ახალი შესაძლებლობის შესახებ. “ – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
უძრავი ქონების სერვისების გლობალური კომპანიის Colliers international-ის კვლევის მიხედვით ხრუშჩოვის პროექტის ბინებს დედაქალაქში 4 % უჭირავს. ასეთი სახლები საქართველოსა და მთელ საბჭოთა კავშირში 1960-80-იან წლებში შენდებოდა მასიურად. ნიკიტა ხრუშჩოვის პერიოდის ბინების პროექტი არქიტექტორ ვიტალი ლაგუტენკოს ეკუთვნოდა. თუმცა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ამგვარ სახლებს დღემდე „ხრუშჩოვკებს“ უწოდებენ.
1950 წელს მოსკოვში არქიტექტორთა ყრილობა მოეწყო, რომელზეც სწრაფად და მარტივად ასაშენებელი სახლების საკითხი იყო შეკრების მთავარი მიზეზი.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ქალაქებში მრავალსართულიანი ბინების საჭიროება გაჩნდა. არქიტექტორთა ყრილობაზე უპირატესობა დაბალფასიანი და სწრაფი ტექნოლოგიებით მშენებარე, ვიტალი ლაგუტენკოს სახლების პროექტს მიანიჭეს.
ამ ტიპის სახლები ძირითადად 4-5 სართულიანი იყო, სამშენებლო მასალებად ბეტონის პანელებს და იშვიათად აგურსაც იყენებდნენ, რადგან ეს უკანასკნელი საბჭოთა კავშირში უფრო ძვირადღირებულ მასალად ითვლებოდა. შიდა კედლებს ჰქონდა ხმის ძალიან ცუდი იზოლაცია, ჭერის სიმაღლე არ აღემატებოდა 2,5 – 2,6 მეტრს, თითო სართულზე 3 ბინა იყო განთავსებული და კორპუსში არ იყო ლიფტი.
დაბალი თბოიზოლაციის გამო ბეტონის პანელებით აგებულ სახლებს „ხრუშჩოვის მაცივრებსაც“ ეძახდნენ.
მოსკოვსა და სხვა ქალაქებში ააგეს ბეტონის პანელების ჩამომსხმელი ქარხნები, საქართველოში მზა მასალა შემოდიოდა და სახლებს ადგილზე აწყობდნენ, ისე, როგორც ეს ფოტოზეა ნაჩვენები.
ფოტო: culture.ru
„ხრუშჩოვკების“ პროექტი არ ითვალისწინებდა ბათქაშით ფასადის მოპირკეთებას და დეკორატიულ ელემენტებს, სახლები იყო სტანდარტული და ერთმანეთის მსგავსი. ქალაქის განაშენიანების ასეთი პროექტებით უზრუნველყოფა საბჭოთა კავშირში არ იყო შემთხვევითი: ზოგადი იდეოლოგია, რომელიც ყველა ადამიანს ერთმანეთის მსგავს, არაფრით გამორჩეულ და მუშათა კლასის ნაწილად მიიჩნევდა, უნდა ჰქონოდა სხვისგან არაფრით გამორჩეული და სტანდარტული საცხოვრებელი.
ფოტო: culture.ru
„ხრუშჩოვკების“ ექსპლუატაციის ვადა 25 წელი იყო, არსებობდა ე.წ. მყარი „მყარი ხრუშჩოვკებიც“ რომელსაც 50 წლამდე უნდა გაეძლო, თუმცა გამაგრებითი სამუშაოების დროულად ჩატარების შემთხვევაში ამ ვადის გახანგრძლივება 150 წლამდე იყო შესაძლებელი.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში „ხრუშჩოვკის“ ტიპის სახლების ექსპლუატაციის ვადა ამოწურულია, კვლევის მიხედვით თბილისში, ვაჟა-ფშაველას კვარტლებში გვხვდება ამ ტიპის ყველზე მყარი სახით შემორჩენილი საცხოვრებელი სახლები. ამავე კვლევაზე დაყრდნობით თბილისში სულ 508 ხრუშჩოვის პროექტის კორპუსია. მათი უმრავლესობა ვაჟა-ფშაველას კვარტლებში, დიღმისა და ვარკეთილის მასივებში გვხვდება.
1960-1980-იან წლებში ხარისხის რეგულაციების არარსებობამ ხელი შეუწყო მოსახლების თვითნებურ ქმედებებს: „ხრუშჩოვკებზე“ გაჩნდა მიშენებები, ზემოდან დაშენებული სართულები, რამაც საძირკველზე ზეწოლა და შენობების მწყობრიდან გამოსავლა გამოიწვია.
კვლევის მიხედვით კვადრატული მეტრის ფასებიც „ხრუშჩოვის“ პროექტის ბინებში უბნების მიხედვით განსხვავებულია: საბურთალოზე 1 კვ.მ-ის ფასი – 688 აშშ დოლარია, დიდუბის რ-ში – 1 კვ.მ-ის ფასი – 654 აშშ დოლარი, ხოლო ვარკეთილში კი – 1 კვ.მ-ის ფასი -474 აშშ დოლარს შეადგენს.
შედარებით იაფია „ხრუშჩოვის“ პროექტის ბინები, თემქის, სამგორისა და გლდანულას დასახლებაში, სადაც 1 კვ.მ-ის საშუალო ფასი 454 აშშ დოლარია.
„მზიანი შაბათი. ფოტოზე გამოსახულია სიძველისგან და მოსახლეების ინდივიდუალური რემონტების შედეგად აჭრელებული “ხრუშოვკა”. მზიან შაბათ დღეს. ზოგმა სარეცხი გამოკიდა გასაშრობად, ზოგმა საბან-ლეიბი გამოფინა გასამზეურებლად, რითაც ეზო კიდევ უფრო აჭრელდა… უკან მოჩანს ახალი, მაღლივი სახლები, რომლის მსგავსიც ალბათ მალე ჩაანაცვლებს ამ სახლს.”
საქართველოს სატატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით აკვაკულტურის მეურნეობების გამოკვლევა სოფლის მეურნეობის, გარემოსა და სოფლის სტატისტიკის სტრატეგიული გეგმის ნაწილია და საქართველოში პირველად ჩატარდება.
საველე სამუშაოები ანდროიდ ტაბლეტების გამოყენებით მონაცემთა შეგროვების ახალი მეთოდით [CAPI] განხორციელდება. ამისთვის საქსტატმა საველე პერსონალის ტრენინგები უკვე დაიწყო. სწავლება ევროკავშირის მხარდაჭერით, გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან [FAO] თანამშრომლობით, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის [ENPARD] ფარგლებში ხორციელდება.
გამოკვლევის მიზანია საქართველოში აკვაკულტურის შესახებ ოფიციალური სტატისტიკის წარმოება. გამოკვლევის შედეგად საქსტატი მიიღებს ინფორმაციას აკვაკულტურის მეურნეობების სხვადასხვა მახასიათებლების, მათ შორის, აკვაკულტურის მეურნეობების სარგებლობაში არსებული წყალსატევების, ნედლი თევზის წარმოების, თევზის რეალიზაციისა და დანაკარგების, ასევე წყლის ორგანიზმების კვების, სასუქებისა და პესტიციდების გამოყენების, აკვაკულტურის მეურნეობებში გამოყენებული ტექნიკის, აკვაკულტურის მეურნეობებში დასაქმების და დანახარჯების შესახებ.
აღნიშნულ გამოკვლევასთან დაკავშირებით ტრენინგები და საველე სამუშაოები 22 თებერვლიდან 19 მარტის ჩათლით გაგრძელდება და საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს.
სწავლების მიმდინარეობისას უწყების სოფლის მეურნეობისა და გარემოს სტატისტიკის სამმართველოს თანამშრომლების დახმარებით საქსტატის საველე პერსონალი და რეგიონული სამმართველოების 70-მდე თანამშრომელი გადამზადდება.
„იმიტომ არ მოგეცით ხმა, რომ ხეები მოჭრათ“ – მოქალაქეები ბათუმში ბაგრატიონისა და გენერალ აბაშიძის ქუჩების კვეთაში ხის მოჭრას აპროტესრებენ. თვითმხილველის თქმით, ადგილზე იმყოფება გარემოს დაცვის ინსპექციაც.
თვითმხილველის თქმით, რომელმაც ფოტო მოგვაწოდა, ამ ხეს ჭრიან
ბათუმის მერიის გამწვანების სამსახურის უფროსის შავლეგ ფხაკაძის ინფორმაციით, ამ ადგილზე გაცემულია ერთი ხის მოჭრისა და ორის გადაბელვის ნებართვა:
„ადგილი ეკუთვნის კერძო მესაკუთრეს „სან პეტროლიუმ ჯორჯიას“, ამ ადგილზე გაცემულია მშენებლობის ნებართვაც. ხის მოჭრის მიზეზებს ჩვენ არ ვიკვლევთ როცა კერძო საკუთრებაა“ – ამბობს შავლეგ ფხაკაძე.
ბაგრატიონისა და გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩების კვეთა
ბათუმში, შარაბიძეების დასახლებაში, მოსახლეობა მოსაცდელის მოწესრიგებას ითხოვს. ადგილობრივები ამბობენ , რომ ფრიდონ ხალვაშისა და აკაკი შანიძის ქუჩების კვეთაში მოსაცდელი დიდი ხანია მოუწესრიგებელია.
მოსაცდელი, ფრიდონ ხალვაშისა და აკაკი შანიძის ქუჩების კვეთა.
„მოსაცდელში საერთოდ ვერ შევდივართ, ძალიან მნიშვნელოვანია მისი მოწესრიგება, რადგან ამ გზაზე ინტენსიური მოძრაობაა და ფაქტობრივად მანქანის სავალ ნაწილზე გვიწევს დგომა. ჩვენი ძალებით ვერ შევძელით, სპეციალისტი სჭირდება, ისე უნდა გაკეთდეს, რომ წყალი აღარ დადგეს. ხშირად არის შემთხევები, როცა მძღოლები გვეჩხუბებიან და შეურაცხყოფასაც კი გვაყენებენ იმის გამო, რომ გზიდან ვერ გადავდივართ. ეს მჭიდრო დასახლებაა, დილით ბავშვები მიჰყავთ სკოლაში და წარმოიდგინეთ წვიმაში უფრო უარესი მდგომარეობაა, მოსაცდელი არის და ვერ ვსარგებლობთ. “ – ამბობს ნათელა ბერიძე.
ადგილობრივების თქმით ბათუმი მერიას არაერთხელ მიმართეს ამ პრობლემის მოგვარების თხოვნით, თუმცა უშედეგოდ.
ხელვაჩაურის საკრებულოში ე.წ. დაბის ტერიტორიის უკან დაბრუნების საკითხზე მუშაობენ. შესაბამის კომისიაში მიიჩნევენ, რომ 2011 წელს მუნიციპალიტეტის დაბის ტერიტორიის ბათუმის საზღვრებში მოქცევა არასწორი გადაწყვეტილება იყო.
„ამის შემდეგ ხელვაჩაურის გამგეობის შენობაც კი მოექცა ბათუმის საზღვრებში, რაც არასწორი იყო. არ შეიძლება მუნიციპალიტეტი დაბის გარეშე დატოვო“- განაცხადა ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარემ ნადიმ ვარშანიძემ. მისივე ინფორმაციით, კომისიას ჯერ არ აქვს განსაზღვრული ზუსტად რომელი უბნები უნდა დაუბრუნდეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს: „ საუბარია მახვილაურიდანჭოროხამდე ან თოდოგაურიდანჭოროხამდე ტერიტორიაზე, თუმცა ჯერ არ შევჯერებულვართ“.
ბათუმის საზღვრების გაფართოების პროცესი 2011 წლიდან დაიწყო და ეტაპობრივად საზღვრები, ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების ტერიტორიების ხარჯზე გაფართოვდა.
ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოექცა მახინჯაურის, დაბა ჩაქვის ნაწილი, მდინარე ჩაქვისწყლამდე და ბათუმის ადმინისტარციული საზღვრის აღმოსავლეთ ნაწილში ურეხს, მნათობს და ფერიას შორის არსებული ტერიტორია, ასევე თოდოგაურის, შავლიძეების და მახვილაურის მეურნეობის ტერიტორიების ნაწილი, მდინარე მეჯინისწყლის სამხრეთით დაბა ხელვაჩაურის ტერიტორია.
ბათუმში, პუშკინის N111-ში, 16 -ე საბავშვო ბაღის ეზოსთან შპს „უსა ჯორჯია“ მრავალბინიან სახლს აშენებს. მშენებლობა ბაღის შესასვლელთან მიმდინარეობს. საბავშვო ბაღის ადმინისტრაციაში შიშობენ, რომ მშენებლობამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას ბავშვებს. ამასთან დაკავშირებით ბათუმის საბავშვო ბაღების ადმინისტრაციამ მერიის ზედამხედველობის სამსახურს წერილობითაც მიმართა.
„გავესაუბრე მშენებლებს, ადგილი შემოსაზღვრეს, რომ ბავშვმა იქ მისვლა ვერ შეძლოს. მე ბადეც ვთხოვე, ბადე არ გაკეთდებაო გვითხრეს. ზედამხედველობის სამსახურმა მშენებლობა უკვე შეამოწმა და როგორც ვიცი შესაბამისი დავალებებიც მისცა კომპანიას. რამდენად შეასრულებს ამას ვერ გეტყვით, ჩვენ მაქსიმალურად ფრთხილად ვართ და ბავშვებს იმ მხარეს საერთოდ არ ვუშვებთ. მაინც ვერ ვენდობით მაგათ დამცავებს.“ – ამბობს 16-ე ბაღის დირექტორი მარიკა ბეჟანიძე.
ზედამხედველობის სამსახურის წარმომაგდნლის, ლაშა ბერიძის ინფორმაციით, შპს „უსა ჯორჯია“ ბათუმში პუშკინის 111-ში მშენებლობას უსაფრთხოების ნორმების დარღვევით აწარმოაბდა, რის გამოც დაიწყო საქმის წარმოება, კომპანიას კი დარღვევების გამოსასწორებლად ერთკვირიანი ვადა მიეცა:
„მთავრობის დადგენილების შესაბამისად, ჩვენ, კომპანიას მოვთხოვეთ ობიექტზე სპეციალური ფენილების განთავსება, რამაც უნდა დაიცვას ობიექტი რაიმე სახის მასალის გადმოვარდნისგან, ეს არ არის ბადე. ბადე გამოიყენება შელესვის დროს წვრილი ქვები რომ არ ჩამოვარდეს, რაც მძიმე მასალებს ვერ შეაკავებს. მოვითხოვეთ ასევე მოაჯირების დაყენება სართულებზე იქ მომუშავე ადამიანების უსაფრთხოებისთვის.“
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა სკოლებში საატესტატო გამოცდების ფორმატი შეცვალა. ცვლილების თანახმად, მოსწავლე კომპიუტერის ეკრანზე ვეღარ დაინახავს, რამდენი ქულა მიიღო საგამოცდო საგანში. მოსწავლეთა ჯგუფები ცენტრის გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში კრიტიკულად ეხმიანებიან – ამბობენ, რომ ქულა მათთვის მნიშვნელოვანი იყო, რადგან ასე თავიანთი ცოდნის ხარისხის შემოწმება შეეძლოთ. რა იყო გამოცდების ფორმატის შეცვლის მიზეზი? -„ბათუმელებთან“ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, ივა მინდაძე საუბრობს.
ბატონო ივა, რა არის ამ გადაწყვეტილების დადებითი ან უარყოფითი მხარე?
მართალი გითხრათ, გამოცდების ეს ფორმატი თავიდანვე იყო გათვალისწინებული, როცა სქემაზე ვმუშაობდით. არგუმენტი კი იყო ის, რომ რადგან საქმე გვაქვს სასერტიფიკატო ტიპის გამოცდასთან, მთავარია, დადასტურდეს, რომ მოსწავლეს აქვს მინიმალური კომპეტენცია ამა თუ იმ საგანში.
მოსწავლეები წერდნენ სოციალურ ქსელში, რომ აინტერესებდათ რეალურად შეესაბამებოდა თუ არა მათი ცოდნა იმ ნიშანს, რომელსაც აკადემიური წლის ბოლოს იღებდნენ. ამის შესაძლებლობა კი ახლა აღარ მიეცემათ.
გავითვალისწინოთ ერთი რამ, რომ თვისობრივად ეს გამოცდები ისედაც გადალახა-ვერგადალახა იყო და ამ ქულას ფუნქციური დატვირთვა არ ჰქონდა.
საატესტატო ნიშნები გავლენას არ ახდენს არც მოსწავლის წლიურ შეფასებაზე, არც ოქროს მედლის კანდიდატს უშლის. გარდა ამისა, მოსწავლის ცოდნის დონეს სკოლა განსაზღვრავს და როცა მოსწავლეს აქვს მაღალი შეფასება, ეს უკვე არის რაღაცის მთქმელი.
მეთოდურად გამართლებულია, რომ სასერტიფიკატო გამოცდებზე სწორედ ჩაეთვალა-არჩაეთვალა ტიპის გამოცდები იყოს და ამით ვერ ვიწინასწარმეტყველებთ, რა შეფასებას მიიღებს აბიტურიენტი მისაღებ გამოცდაზე.
სკოლის გამოსაშვებ გამოცდებზე არის ეგრეთ წოდებული დახურული დავალებები, როცა 4 შესაძლო ვარიანტიდან მოსწავლემ უნდა მონიშნოს სწორი პასუხი. მისაღებ გამოცდებში აქცენტი გადატანილია ღია ტიპის დავალებებზე, სადაც მოსწავლემ უნდა იმსჯელოს და გამოავლინოს შეუძლია თუ არა აზრის ჩამოყალიბება, მსჯელობა, თავისი პოზიციის გამყარება და ა.შ. ანუ სხვა უნარები სჭირდება. სკოლის გამოსაშვები გამოცდების და მისაღების მიზანი არის სხვადასხვა. საატესტატო გამოცდების მიზანია დაადასტუროს მინიმალური კომპეტენცია, ხოლო ეროვნული გამოცდებზე აბიტურიენტმა კონკურენცია უნდა გაუწიოს სხვებს.
მოსწავლეები ასევე წერდნენ, რომ მათთვის მნიშვნელოვანი იყო იმის ცოდნა, რამდენი ქულა დააკლდათ ბარიერის გადასალახად. ვთქვათ, დააკლდა ნახევარი ქულა, როგორ გაიგოს ამის შესახებ?
ბარიერის ნიშნულზე თუ ვსაუბრობთ, ბარიერი იყო 5.5 და ამითაც შეეძლოთ ბარიერის დაძლევა. არსებითად, გასაჩივრების საკითხიც არ შეცვლილა, მოსწავლეს შეუძლია გაასაჩივროს პროცედურული ნაწილი, თუკი დაირღვა მისი უფლებები, თუკი ვინმემ ხელი შეუშალა პასუხის გაცემისას და ა.შ. რაც შეეხება შინაარსობრივ მხარეს, ეს ნაკლებად შესაძლებელია, რომ გაასაჩივროს.
ეს არის რამდენიმე წლის განმავლობაში შემოწმებული ბაზა, რომელიც მოსწავლეს იმ დავალებას აწვდის, რაც წლების განმავლობაში ისწავლა. მეორე პასუხი დამოკიდებულია წინაზე. თუ მოსწავლე სტაბილურად ვერ პასუხობს, პროგრამა უფრო და უფრო იოლ დავალებებს აწვდის. თუ სტაბილურად პასუხობს, მაშინ დავალებები რთულდება. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ თუკი მოსწავლე 40 სუსტ დავალებას მიიღებს და აქედან 15-16-ს უპასუხებს, ბარიერს გადალახავს.
მოსწავლის ცოდნის ბარომეტრი არის სკოლის შემაჯამებელი ნიშანი. სკოლას აქვს უკუკავშირის შესაძლებლობა. ეს ნიშნავს იმას, რომ თუკი მოსწავლე დაბალ შეფასება იღებს, მასწავლებელმა უნდა მიუთითოს ხარვეზებზე და პრობლემა აღმოფხვრას. ამის დაკავშირება საატესტატო გამოცდებთან თეორიულად არასწორად მიმაჩნია.
საატესტატო გამოცდების ნიშნები არც უცხოურ უნივერსიტეტებში მიღებაზე ახდენს გავლენას. თუკი არც ეროვნულ გამოცდებისთვის აქვს მნიშვნელობა და არც მედლის მიღებას უშლის ხელს, რა დატვირთვა აქვს მაშინ ამ გამოცდებს. რატომ არ შეიძლება მოსწავლემ წლიური შეფასების საფუძველზე აიღოს ატესტატი?
ეს არის მინიმალური კომპეტენციის განმსაზღვრელი ინსტრუმენტი სახელმწიფოსთვის. სახელმწიფო უნდა დარწმუნდეს, რომ ყველა მოსწავლემ, ვისაც აქვს ატესტატის მიღების სურვილი, აქვს მინიმალური ცოდნა და კომპეტენცია. მოსწავლემ უნდა დაამტკიცოს, რომ ნამდვილად დაიმსახურა ის ნიშანი, რასაც უწერდნენ, რადგან შესაძლებელია, ვიღაც დაუმსახურებლადაც იღებდეს ნიშანს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე, ერთი პირი ამხილეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, საბაჟო კონტროლისგან მალულად, ერთ – ერთი გადამზიდავი კომპანიის კუთვნილ სატვირთო ავტომანქანაში მოწყობილი სპეციალური სამალავებით შემოიტანა არადეკლარირებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ძვირფასი ლითონისაგან დამზადებული საიუველირო ნაკეთობები, მობილური ტელეფონის აქსესუარები და ავტომანქანის სათადარიგო ნაწილები“ – აღნიშნულია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.
საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, რომ საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია ჯამში 21 კგ-ზე მეტი ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები, რომლის საერთო საბაჟო ღირებულება 191 381 ლარს შეადგენს; ასევე ამოღებულია ჯამში 10 144 ლარის ღირებულების ტელეფონის აქსესუარები და ავტომანქანის სათადარიგო ნაწილები.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი შავაძე საკუთარი უფლებების დასაცავად დახმარებას „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ სთხოვს. ირაკლი შავაძემ ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის პირდაპირ ეთერში ისაუბრა. მას იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უვადოდ გამწესებაზე გუშინ, 22 თებერვალს უარი უთხრა.
„იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გააკეთა განმარტება, რომ 50-მა კანდიდატმა მიიღო მონაწილეობა და 50-ვე პირი იყო კეთილსინდისიერი და კვალიფიციური. მაშინ გაურკვევლია, რის გამო მითხრეს უარი უვადოდ გამწესებაზე, რადგან მოსამართლის გამწესება ამ ორი კრიტერიუმის საფუძველზე ხდება… მე უარი მითხრეს იმიტომ, რომ არ ვარ „კოლექტიური მურუსიძე“, – აღნიშნა ირაკლი შავაძემ.
პირდაპირ ეთერში საუბრის დროს მოსამართლემ ძირითადად ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარესთან დაპირისპირებაზე ისაუბრა. თქვა, რომ დავით მამისეიშვილი „მისვლის დღიდანვე დაუპირისპირდა“ და „მართლმსაჯულების განხორციელებაში ხელს უშლიდა“.
ირაკლი შავაძე: „დავით მამისეიშვილი დანიშვნის პირველივე დღიდანვე ჩემს მიმართ იყო არაკეთილგანწყობილად. როცა მივედი, პირველივე დღესვე ულტიმატუმი დამიყენა: ან იქნები ჩვენი გუნდის წევრი, ან თუ არ იქნები ჩვენთან ერთად, მაშინ იქნები მარტო, გარიყული… მასთან დაპირისპირებაში შესვლას არ ვაპირებდი, მაგრამ მისი სურვილი იყო, რომ ჩემს მიერ მისაღებ გადაწყვეტილებებზე მოეხდინა გავლენა და მისი კარნახის მიხედვით მიმეღო გადაწყვეტილებები.
ის ხელს მიშლიდა მართლმსაჯულების განხორციელებაში… ხშირად აღნიშნავდა, რომ ლევან მურუსიძე იყო მისი შვილის ნათლია, იუსტიციის საბჭოს წევრები მისი მეგობრები არიან და მე შემექმნებოდა პრობლემები.“
მოსამართლემ კონკრეტული საქმეც გაიხსენა – ხანძარი ქობულეთში მდებარე სასტუმროში, რასაც სამი ბავშვის დაღუპვა მოჰყვა. ამ საქმეზე ბრალდებულს თავდაპირველად მოსამართლე დავით მამისეიშვილმა პატიმრობა შეუფარდა, მოგვიანებით კი, როცა საქმე ირაკლი შავაძეს გადააბარეს, მან ბრალდებული ზაზა ართმელაძე წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლა.
„მან არ გაუშვა პატიმრობიდან იმიტომ, რომ ჰქონდა ბოღმა. ბრალდებულის დამ და ადვოკატმა საპროტესტო აქცია გამართეს და ამის გამო იყო გაბრაზებული…“ – დასძინა ირაკლი შავაძემ.
მოსამართლემ ისაუბრა საჩივრებზეც, რაც მის წინააღმდეგ შევიდა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით. ირაკლი შავაძე მიიჩნევს, რომ „ეს ორკესტრირებული ქმედებაა მის წინააღმდეგ“ და პროკურატურიდან ამას „ადეიშვილის ნარჩენები“ აკეთებდნენ.
„იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის გადაწყვეტილების მიხედვით, მან ვერ დაინახა დისციპლინური პასუხისმგებლობის დევნის შემცველი საკითხები ამ საჩივრებში, მაგრამ საბოლოოდ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მხარი არ დაუჭირა შეწყვეტას. მიზანმიმართულად აჩივლებინეს ცალკეულ პირებს… 37 წელი რომ ყოფილიყო, ალბათ დამხვრეტდნენ. ოთხი თუ ხუთი საჩივარი დაწერეს, მაგრამ ხელშესახები ვერაფერი მოაგროვეს,“ – განაცხადა ირაკლი შავაძემ.
ამ ნაწილში ითხოვა მოქმედმა მოსამართლემ არასამთავრობო ორგანიზაციებისგან დახმარება:
„მე ვთხოვ საიას და გამჭვირვალობას ჩაერთონ ამ საქმეში და გახადონ საჯარო, რადგან საზოგადოებამ დაინახოს, რომ ეს იყო ჩემს წინააღმდეგ ორკესტრირებული მოქმედება…“ – თქვა მოსამართლემ.
ირაკლი შავაძემ ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის საკითხით დაინტერესება პროკურატურას სთხოვა. მისი შეფასებით, იკვეთება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და ბოროტად გამოყენების ნიშნები. ამის დასტურად მოსამართლემ მისი გადაყვანა დაასახელა ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიიდან სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში.
ირაკლი შავაძე 2016 წლის იანვარში იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ადმინისტრაციული საქმეების განმხილველ მოსამართლედ დანიშნა, თუმცა ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, წელიწადნახევრის განმავლობაში ირაკლი შავაძე სისხლის სამართლის საქმეებს განიხილავდა.
„ამის უფლება დავით მამისეიშვილს არ ჰქონდა, მაგრამ მათ ჰგონიათ, რომ ყველაფრის უფლება აქვთ,“ – თქვა მოსამართლე ირაკლი შავაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის პირდაპირ ეთერში.
ირაკლი შავაძემ ასევე თქვა, რომ დავით მამისეიშვილი სრულად აკონტროლებს მოსამართლეების თავისუფალ ნებას. თუ მითითებას მისცემს, რომ არ დამელაპარაკონ, ხვალიდან ვერავინ დამელაპარაკება სასამართლოში – აცხადებს მოსამართლე.
23 თებერვალს საქართველოში ქართველი იუნკრების ხსოვნის დღეს აღნიშნავენ. ვინ იყვნენ ქართველი იუნკრები და რა ბედი ეწიათ? – ამ თემაზე „ბათუმელები“ ირაკლი ირემაძეს ესაუბრა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის საქართველოს რესპუბლიკის შემსწავლელი ცენტრის ხელმძღვანელს. ეს ცენტრი რამდენიმე წელია საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიას იკვლევს.
ირაკლი ირემაძე
როდის და როგორ შეიქმნა იუნკერთა სასწავლებელი
იუნკერთა სასწავლებელი რესპუბლიკის პირმშო იყო და ამ სასწავლებლის შექმნის ინიციატორი და სულისჩამდგმელი გენერალი გიორგი კვინიტაძე იყო, სასწავლებლის პირველი ხელმძღვანელი.
1918 წელს, როცა რესპუბლიკა გამოცხადდა და საქართველო დამოუკიდებელი გახდა, დადგა სამხედრო კადრების მომზადების საკითხიც. იმ დროისათვის ჯარში მსახურობდნენ რუსეთის ჯარში გაწვრთნილი სამხედრო პირები, გენერლების საკმაოდ დიდმა ნაწილმა ქართული ენაც კი არ იცოდა, რადგან სამხედრო კადრების მომზადება საქართველოს ტერიტორიაზე არ ხდებოდა, ეს პროცესი რუსეთის სამხედრო სასწავლებლებში მიმდინარეობდა.
საქართველოს რესპუბლიკა რომ მუდმივი ომის საფრთხის წინაშე იქნებოდა, ეს 1918 წლის მაისშივე ცხადი იყო, ამიტომაც, საჭირო იყო სამხედრო სასწავლებლის სასწრაფოდ შექმნა, რომელიც სამხედრო პირებს მოამზადებდა.
იუნკერთა სამხედრო სასწავლებელი შეიქმნა 1919 წლის სექტემბერში. ამ სასწავლებელს ქართული არმიისათვის უნდა მოემზადებინა უმცროსი ოფიცრები ორი წლის განმავლობაში.
იუნკერთა სასწავლებელი საკმაოდ კარგად იყო ორგანიზებული, მიუხედავად რესპუბლიკის მწირი შესაძლებლობისა. კურსანტებს ასწავლიდნენ გენერალი კვინიტაძე, პოლკოვნიკი ალექსანდრე ჩხეიძე, რომელმაც საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ პოლონეთის არმიაში გააგრძელა საქმიანობა და საკმაოდ წარმატებული გენერალიც იყო.
ქვეყნის მთავრობა და გენერალური შტაბი ძალიან ჩქარობდნენ.
1919 წლით დათარიღებულ წერილში თავდაცვის მინისტრი რამიშვილი სთხოვს მთავრობას, რომ იუნკერთა სასწავლებლის მოსწავლეებს მიეცეთ ჩინი, რადგან ძალიან ჭირდა ჯარში კვალიფიციური კადრები.
რა მოხდა 1921 წლის თებერვალში
1921 წლის თებერვალში ქართველი იუნკრები, პოლკოვნიკ ჩხეიძის მეთაურობით, ტაბახმელასთან, რუსეთის მე-11 არმიისგან იცავდნენ თბილისს.
იმ დროისათვის იუნკერთა სასწავლებელში 183 კურსანტი ირიცხებოდა, თუმცა ყველას არ მიუღია ბრძოლაში მონაწილეობა, რადგან იმ ხანად გავრცელებულ ტიფს ებრძოდნენ.
ტაბახმელასთან იბრძოდა დაახლოებით 170 იუნკერი.
გავრცელებულია მოსაზრება, რომ თითქმის ყველა იუნკერი დაიღუპა ტაბახმელასთან, რაც მცდარია. ტაბახმელასთან დაიღუპა ცხრა იუნკერი, თუმცა დაღუპულთა შესახებ არის სხვადასხვა ცნობაც. დაიჭრა 43 იუნკერი, მათ შორის რამდენიმე – მძიმედაც.
რა ბედი ეწიათ იუნკრებს საქართველოს გასაბჭოების შემდეგ
იუნკრების ნაწილი წავიდა ემიგრაციაში და სამხედრო სამსახური გააგრძელეს სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის საფრანგეთის და საბერძნეთის არმიაში, თუმცა უმეტესობა წავიდა პოლონეთში, რადგან იმ დროს საქართველოს საკმაოდ კარგი ურთიერთობა ჰქონდა პოლონეთთან. მათგან რამდენიმე პოლონეთის არმიის გენერალიც კი გახდა.
პოლონეთის არმიაში მომსახურე ქართველი იუნკრების ნაწილი შეეწირა კატინის ტყეში ცნობილ დახვრეტას.
ქართველი ოფიცრები პოლონეთის ჯარში. ფოტო: dspace.nplg.gov.ge
იუნკრების თავდადება საქართველოს რესპუბლიკის ისტორიაში უმნიშვნელოვანესია, მაგრამ სამწუხაროდ, ქართული სენია – როცა რაღაც გმირობაზე საუბრობენ, მხოლოდ კონკრეტული ჯგუფების წარმოჩენა ხდება.
1921 წლის თებერვალში 10 ათასამდე საქართველოს მოქალაქე იბრძოდა თბილისის მიდამოებში და ძირითადად საუბრობენ მხოლოდ იუნკრებზე. რა თქმა უნდა, იუნკრები გამორჩეულები იყვნენ, მაგრამ ვერ დავივიწყებთ სახალხო გვარდიელებს, მათ შორის განსაკუთრებით გვარდიის ჯავშანმატარებლის შემადგენლობას, რომელიც გმირულად მოქმედებდა და ანადგურებდა მოწინააღმდეგე ჯარის შენაერთებს.
და კიდევ ერთი დეტალი, რამდენიმე დღის წინ საქართველოს პარლამენტის შენობაზე 1921 წელს დაღუპულთა მოსაგონებლად აბრის გახსნის ღონისძიების აღწერაში აღნიშნული იყო, რომ იუნკერთა სასწავლებელში ძირითადად სწავლობდნენ ქართველი თავად-აზნაურებისა და ინტელიგენციის წარმომადგენლების შვილები. ეს ასე ნამდვილად არ ყოფილა, რადგან იუნკერთა სიაში საკმაოდ ბევრია ჩვეულებრივი, გლეხის ოჯახში გაზრდილი ახალგაზრდები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, რომელთაც უბრალოდ უნდოდათ სამხედრო განათლების მიღება და საკუთარი ქვეყნის სამსახურში ჩადგომა.
დღეს, 23 თებერვალს, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ადგილობრივ ბიუჯეტში ცვლილებები შეიტანა და ქედის ბიუჯეტი 319 ათასი ლარით გაიზარდა. საკრებულოს ინფორმაციით, ბიუჯეტი 180 ათასი ლარის ეკონომიისა და გასული წლის ნაშთის ხარჯზე გაიზარდა.
ბიუჯეტში შესული ცვლილებებით, ყველაზე მეტი თანხა – 129 602 ლარი ქედაში, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ გაიწერა. 15 000 ლარი შპს „ქედის კომუნალურსერვისსა“ და შპს „ქედის წყალკანალს“ ავტომობილების შესაძენად გადაერიცხებათ; მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული ავარიული შენობა-ნაგებობების გამაგრებით თუ სადემონტაჟო სამუშაოებისთვის -7 000 ლარი, ხოლო არასაცხოვრებელ შენობა-ნაგებობებში ელექტრო-მეურნეობის აღსადგენად – 5 000 ლარი გაიწერა.
ამავე ცვლილებებით, 10 000 ლარით ქედის მერია მოსახლეობისთვის სასმელი წყლის მილებს შეისყიდის; 26 600 ლარით კი – ზოგადი ხედვის კამერებს – სულ 23 ცალს.
კითხვაზე, რატომ ხარჯავს ქედის თვითმმართველობა თანხებს წყლის მილების შესაძენად, მაშინ, როდესაც გასულ წელს მოსახლეობისთვის შესყიდული სასმელი წყლის მილები ჯერ კიდევ მერიის ეზოში აწყვია და სოფლების გულები-ხუნკუდას სასმელი წყლის პრობლემა ვერ მოგვარდა, საკრებულოს თავმჯდომარე, შუქრი თურმანიძე პასუხობს:
„უახლოეს პერიოდში შექიმნება კომისია, რომელიც წყალმომარაგების საკითხებთან დაკავშირებით იმუშავებს, შემოწმდება რა მდგომარეობაშია სისტემა. არ შეიძლება ითქვას ქედის მუნიიპალიტეტი უწყლოდაა და ამ მხრივ კატასტროფული მდგომარეობა გვაქვს“.
პენიტენციურ სისტემაში სოცმუშაკებსა და ფსიქიატრებზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია, თუმცა ყოფილი პატიმრების უმრავლესობა კადრების სიმცირესა და სერვისების არახელმისაწვდომობაზე საუბრობს.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტიდან მიღებული ინფორმაციით, თბილისის #2 პენიტენციურ დაწესებულებაში დასაქმებული იყო მხოლოდ 1 ფსიქიატრი, რომელიც თვეში 300 პაციენტს უწევდა კონსულტაციას, #8 დაწესებულების ერთი ფსიქიატრი კი 2000 პატიმარს ემსახურებოდა.
რიგ შემთხვევებში, დამატებით მოწვეული ფსიქიატრები დღეში 25-30 პაციენტს უწევდნენ მომსახურებას. მსგავს პირობებში ვერ იქნება უზრუნველყოფილი ფსიქიატრების მომსახურების სათანადო ხარისხი.
1 ფსიქიატრი და 2000 პატიმარი
პრობლემაზე დავითი, ყოფილი პატიმარი გვესაუბრება, რომელიც საპატიმროდან ცოტა ხნის წინ გათავისუფლდა და ფსიქიატრის მომსახურება თავადაც ესაჭიროებოდა:
„წარმოიდგინეთ, როცა 2000 პატიმარზე 1 ფსიქიატრი მოდის, გასაუბრებასაც კი ვერ ასწრებს ამ დროს ადამიანი. გარკვეული პერიოდი გერმანიაში ვცხოვრობდი და კვირაში ერთხელ ვხვდებოდი ჩემს ფსიქიატრს, ერთსაათიანი ვიზიტები გვქონდა, მიცნობდა, პრობლემის დაძლევის ეტაპებს აკვირდებოდა და შედეგიც გვქონდა. ეს მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, როცა კომუნიკაციისთვის საკმარისი დრო გაქვს“, -ამბობს დავითი.
პენიტენციურ სისტემაში გარდა ფსიქიატრების ნაკლებობისა, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტიდან მიღებული ინფორმაციით, პრობლემაა ფსიქიკური აშლილობის მქონე პატიმრებისთვის აუცილებელი სერვისების მოუქნელობა და კონსტრუქციული სარეაბილიტაციო პროგრამების არარსებობა: ფსიქიკური აშლილობის მქონე პატიმრები გადაჰყავთ ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო (#18) დაწესებულების ფსიქიატრიულ განყოფილებაში, რომელიც თბილისში მდებარეობს და გარკვეულ პრობლემებს ქმნის სერვისის გეორგაფიული ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით.
ფსიქიატრიული დახმარების მიზნით სტაციონარში მოთავსების მაჩვენებელი 2015 წელს 425-ს, 2016 წელს 592-ს, ხოლო 2017 წლის 6 თვეში 205-ს შეადგენდა.
დაწესებულებას არ გააჩნია მულტიდისციპლინური ფსიქიატრიული დახმარების, ფსიქო-სოციალური ინტერვენციისთვის საჭირო მატერიალური და პროფესიული რესურსები. განყოფილებაში კვალიფიციური სამედიცინო პერსონალის ნაკლებობაა.
ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულების ფსიქიატრიულ განყოფილებაში არ არის დანერგილი კონსტრუქციული საქმიანობების არც ერთი პროგრამა, არ იგეგმება დღის განმავლობაში პატიმართა აქტივობები, არ არის მოწყობილი სპორტული ინფრასტრუქტურა, არ აქვთ სპორტული ინვენტარი და არ ხდება სპორტულ აქტივობების ორგანიზება.
საერთო სურათი იძლევა დასკვნის გამოტანის საშუალებას, რომ განყოფილებაში არ არის უზრუნველყოფილი პაციენტთა სათანადო ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია.
„ნარკოდამოკიდებული პატიმრებისთვის მთელ მსოფლიოში მეტადონით ჩანაცვლების პრინციპი მოქმედებს”
ყოფილი პატიმარი, დავითი საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით პენიტენციურ სისტემაში ნარკოდამოკიდებულთა სირთულეებზე საუბრობს, რომელთა მდგომარეობაც, მისი თქმით, სასჯელაღსრულების სისტემაში გაუსაძლისია:
„ციხის ფსიქიატრთან მისული 100 პატიმრიდან 70 ნარკოდამოკიდებულია. ნარკოდამოკიდებულები ძირითადად შფოთვითი აშლილობების, უძილობის გამო მიმართავენ ფსიქიატრს, ფსიქიატრი მათ ფსიქოტროპულ საშუალებებს, მაგალითად, დიაზეპამს უნიშნავს, რისი მოხმარებაც ერთ თვეზე მეტხანს დაუშვებელია. როცა ეს ერთი თვე გადის, ფსიქიატრი ვალდებულია ფსიქოტროპული აბები მოუხსნას პატიმარს და შედეგად მათ ისევ ძველებურად აქვთ უძილობა და აშლილობები, ანუ პრობლემა არ გვარდება.
ციხეებში ახლა დეტოკსიკაციის უსარგებლო თერაპია მოქმედებს. კარგი იქნებოდა ამის ნაცვლად მეტადონით ჩანაცვლების პროგრამა ამოქმედებულიყო: მეტადონის გამოყენება ხანგრძლივი პერიოდით, წლობითაა შესაძლებელი და ნარკოდამოკიდებულ პატიმრებს უძილობა-შფოთვის პრობლემა მოეხსნებოდათ. შესაბამისად, აღარ მიმართვადნენ ფსიქიატრს.
მეტადონით ჩანაცვლების პრინციპი მოქმედებს მთელ მსოფლიოში. ფსიქოტროპული წამლები ბევრად უფრო მავნეა, ვიდრე მეტადონი. მეტადონიც არ არის სასარგებლო, მაგრამ შფოთი და უძილობა, რაც ნარკოდამოკიდებულს აქვს, უფრო სწრაფად კლავს ადამიანს, ვიდრე მეტადონი. შფოთით და უძილობით თუ 10 წელიწადში მოკვდები, მეტადონით სიცოცხლეს 20 წლით გაიხანგრძლივებ. რა თქმა უნდა, სჯობს არაფერზე ვიყოთ დამოკიდებული, მაგრამ როცა გვაქვს სავალალო მოცემულობა, უნდა გავაკეთოთ არჩევანი ცუდსა და უარესს შორის“, – გვიყვება დავითი.
მთავარ ფოტოზე: ნარკოლოგიური საავადმყოფო. სერა ძნელაძის ფოტო
მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“ ფარგლებში. პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს
ბათუმში, ირაკლი აბაშიძის # 3-ში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე მიმდინარე უნებართვო სამუშაოები, რაზეც „ბათუმელები“ წერდა, სააგენტოს მონიტორინგისა და ნებართვების განყოფილებამ შეაჩერა.
მასალის გამოქვეყნების შემდეგ რედაქციას სახლის მესაკუთრე გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ ძეგლი სავალალო მდგომარეობაშია, სახურავი რამდენიმე ადგილზე დაზიანებულია და ჟონავს, რაც ოთახებში მოჩუქურთმებულ, უნიკალურ ჭერს აზიანებს, ეზოს მხრიდან კი კედლები დაბზარულია და თანდათან იშლება, ამიტომაც მისი რესტავრირება და პირვანდელი სახით შენარჩუნება სურს.
„ჩვენ ვიცით სახლის ღირებულება, ვაცნობიერებთ იმასაც, რომ ძეგლია, ზუსტად ამიტომ ვაპირებთ გავწიოთ ძალისხმევა მის გადასარჩენად. გაგვიმართლა, რომ წელს არ იყო დიდი ზამთარი, ასე რომ მომხდარიყო, შესაძლოა ეზოს მხარეს კედელი ჩამონგრეულიყო. მოუვლელობის გამო ისედაც ბევრი გაფუჭდა. გასულ წელს თოვლმა მოაჯირი დააზიანა. ჩვენ გვინდა, რომ ძეგლი გადავარჩინოთ. ჩემი შვილი საფრანგეთში სწავლობს ინტერიერის დიზაინზე და ისიც ღელავს, იქედან მკარნახობს დეტალების შესახებ, ამბობს, რომ ფრანგულია და არ უნდა შევეხოთ“ – ამბობს ნონა მაჭუტაძე, სახლის ერთ-ერთი მესაკუთრე.
მან სახლის ინტერიერი და სადარბაზოს კედლებზე შემორჩენილი ფერწერაც გვაჩვენა. სადარბაზოს პროფილურ ჩარჩოებში შემორჩენილია პეიზაჟები, სადაც ციხესიმაგრეები, ეკლესიები და მცირე ზომის ფიგურებია გამოსახული, სადარბაზოს ჭერზე კი ნალესობით შესრულებული პროფილებია. სახლში შემორჩენილია ასევე ძველი ბუხარი, რომელიც 200 კვმ ფართობის გათბობას უზრუნველყოფდა.
ბათუმი. ირაკლი აბაშიძის ქუჩა #3 ფოტო: ცაგო კახაბერიძეძეგლის სადარბაზოს კდელებზე შემორჩენილია პეიზაჟებიკულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სადარბაზო, ბათუმი, ირაკლი აბაშიძის ქუჩა #3 ფოტო: ცაგო კახაბერიძე
ირაკლი აბაშიძის #3-ში მდებარე ძეგლი რამდენიმე მესაკუთრეზეა რეგისტრირებული, ერთ-ერთია როსტომ ბოლქვაძე, რომელსაც სახლის საკუთარი ნაწილის რესტავრირების დაწყება სურს. მისი მეუღლე, ნონა მაჭუტაძე ამბობს, რომ სახლის იმ ნაწილის რესტავრაციისთვის, რაც მისი ოჯახის საკუთრებაშია, პროექტი მოამზადეს და ნებართვის მისაღებად აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მიმართეს და უარი მიიღეს, თუმცა ამ ინფორმაციას სააგენტოში არ ადასტურებენ.
სააგენტოს ნებართვებისა და მონიტორინგის განყოფილების უფროსის მირზა ცეცხლაძის განმარტებით ირაკლი აბაშიძის #3-ში ძეგლზე სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებული განაცხადი სააგენტოს კულტურული მემკვიდრეობის საბჭომდე ვერ მივიდა, რადგან განმცხადებელმა საჭირო დოკუმენტები სრულად ვერ წარადგინა.
„შემიძლია წარმოგიდგინოთ ბრძანება, რომლითაც განაცხადი დარჩა განუხილველი იმის გამო, რომ მესაკუთრემ ვერ წარმოადგინა კანონით განსაზღვრული დოკუმენტები განსაზღვრულ ვადაში, რაზეც ასევე კანონი ითვალისწინებს განაცხადის განუხილველად დატოვებას. ამიტომაც ვამბობ, რომ უარი არ მიუღია.“
სააგენტოში განმარტეს, რომ მესაკუთრემ ამხანაგობის თანხმობა ვერ წარუდგინა სააგენტოს. სააგენტო კი ამ დოკუმენტს ითხოვდა, რადგან სახლის რეკონსტრუქცია-გამაგრების პროექტი ამხანაგობის საერთო ქონების ცვლილებასაც ითვალისწინებდა:
„თუ მესაკუთრე მოიფიქრებდა სამუშაოების იმგვარად ჩატარებას, რომ ის არ შეეხებოდა საერთო ქონებას, თუ იქნებოდა შესაძლებელი ასეთი კონსტრუქციული გადაწყვეტა, აღარ მოვითხოვდით მეზობლების თანხმობას. ამაზე უკვე იმსჯელებდა საბჭო. რა გადაწყვეტილებას მიიღებდნენ საბჭოს წევრები, ეს მეორე საკითხია, მაგრამ ის, რომ საბჭომ რაღაცაზე უარი უთხრა, არ არის სწორი“ – განმარტა მირზა ცეცხლაძემ.
მესაკუთრე კი ამბობს, რომ საკითხი ეხება სახურავს, რომლის შეკეთების გარეშე შიდა სამუშაოები აზრს კარგავს, რადგან სახურავი რამდენიმე ადგილზე დაზიანებულია და წყალი ჟონავს. ის ადასტურებს იმასაც, რომ მეზობლებმა დოკუმენტზე ხელი არ მოუწერეს, შესაბამისად ის სააგენტოში ვერ წარადგინა.
ბუხარი, რომელიც ირაკლი აბაშიძის #3-ში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლშია შემორჩენილი
რა ბედი ეწევა ძეგლს თუ მესაკუთრე მეზობლების თანხმობის მიღებას ვერ შეძლებს, რაც ძეგლის რესტავრაციის დაწყების პროცესს კიდევ დიდი ხნის განმავლობაში გააჩერებს? – სააგენტოში ამბობენ, რომ მესაკუთრეს ძეგლის მოვლის ვალდებულება აქვს. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ კანონში აღნიშნულია, რომ მესაკუთრე ვალდებულია მოუაროს ძეგლს სახელმწიფოსთან დადებული ხელშეკრულების შესაბამისად, ასეთი ხელშეკრულება კი ირაკლი აბაშიძის #3-ში მდებარე სახლის მესაკუთრესა და სახელმწიფოს შორის გაფორმებული არ არის.
იგივე კანონმდებლობით ძეგლებზე ზრუნვის პასუხიმგებლობა აქვს შესაბამის სამთავრობო სტრუქტურას, ამ შემთხვევაში აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს, რომელმაც მესაკუთრეს უნებართვო სამუშაოების შეჩერება მოსთხოვა.
სააგენტოში ამზადებენ ოფიციალურ წერილს, რითაც მოქალაქეს გააფრთხილებენ, რომ სამუშაოების კიდევ ერთხელ უნებართვოდ განახლების შემთხვევაში ფულად ჯარიმას დააკისრებენ.
იმ შემთხვევაში თუ მესაკუთრე რესტავრაციის დასაწყებად მეზობლების თანხმობას ვერ მიიღებს და ეს პროცესი დროში გაჭიანურდება, როგორ იზრუნებს სააგენტო ძეგლის გადარჩენაზე? – კანონმდებლობით მესაკუთრის თანხმობის მიღება და სახლის რესტავრაცია სააგენტოს შეუძლია, ამას სახელმწიფო დააფინანსებს, თუმცა კანონივე ითვალისწინებს შემდგომში ამ თანხის მესაკუთრისგან ამოღებას.
იმ შემთხვევაში კი თუ ძეგლის მესაკუთრის იდენტიფიცირება ან მისი პოვნა ვერ მოხერხდა, სააგენტოს აქვს უფლებამოსილება დაიწყოს სახლის რესტავრაცია- გამაგრება სასამართლოს თანხმობით.
„თუ ძეგლის მდგომარეობა გადაუდებელ ჩარევას არ საჭიროებს, ამ შემთხვევაში ინდივიდუალურ მესაკუთრეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს და დაასაბუთოს ძეგლისა და თავისი კერძო ინტერესი და მოითხოვოს ამხანაგობის დავალებულება, რომ გასცენ თანხმობა“ – განმარტა მირზა ცეხცლაძემ.
ბათუმი. ირაკლი აბაშიძის #3 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ფოტო: ცაგო კახაბერიძესპეციალისტების შეფასებით ჭერში ნალესი პროფილებია
როგორ აფასებენ სპეციალისტები ძეგლის მდგომარეობას
სამი წლის წინ კომპანია „გეოგრაფიკმა“ ირაკლი აბაშიძის #3-ში მდებარე ძეგლის მდგრადობა შეაფასა და რეკომენდაციებში სასურველ ჩარევად რესტავრაცია-რეკონსტრუქცია მიუთითა:
„ეზოს მხარეს შენობის მეორე სართულის იატაკი და აივნები დაზიანებულია, კედლებს აქვს ბზარები, სახურავი ატარებს წყალს, ქუჩის მხარეს შენობა ვიზუალურად ნორმალურ მდგომარეობაშია“ – ნათქვამია „გეოგრაფიკის“ დასკვნაში.
რაც შეეხება ძეგლის არქიტექტურულ ღირებულებას, მას სპეციალისტები ასე ახასიათებენ:
„ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი ჩართულია პერიმეტრულ განაშენიანებაში. უკან განვითარებული ფლანგები შემოიზღუდავს შიდა ეზოს. კლასიცისტურ ფასადზე არქიტექტურული ფორმები სიმეტრიულად არის გადანაწილებული. შენობას არსებითი როლი აქვს უბნის ისტორიულად ჩამოყალიბებული სახის შექმნაში, განსაზღვრავს მის საერთო მასშტაბსა და ხასიათს. იგი ძეგლის სტატუსის მატარებელ შენობათა რიგში დგას და თავადაც ძეგლს წარმოადგენს. დატვირთვის თვალსაზრისით შენობის მდებარეობა მოხერხებულია, მართალია, თუმცა იქვე ავტოსადგომის მოწყობა პრობლემურია.
დაზიანებული ჭერითაღოვანი ფანჯრები ქუჩის მხარესსპეციალიტების შეფასებით, ეზოს მხარეს შემინული აივანი შენარჩუნებულია, თუმცა სხვადასხვა მასალით არის გადაკეთებული და დაკარგული აქვს თავდაპირველი სახე.სადარბაზოს კედელიბათუმი, ირაკლი აბაშიძის ქუჩა #3ფასადი ეზოს მხრიდანფასადი ეზოს მხრიდან
ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე ორი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს. ავარიის შედეგად პარკინგზე მდგომი კიდევ სამი მსუბუქი ავტომანქანა დაზიანდა.
ბათუმის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა შემთხვევის შედეგად ორი დაშავებული გადაიყვანა რეფერალურ საავადმყოფოში. სამედიცინო ჯგუფის ინფორმაციით, დაშავებულებს სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არ აღენიშნებოდათ, ერთ ახალგაზრდას თავის ტრამვა დაუფიქსირეს, მეორეს – ზედა კიდურების დაზიანება და დაჟეჟილობა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.
ქედის საკრებულოს უმრავლესობამ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ საკრებულოს წევრის, ვაჟა ბოლქვაძის ინიცირებულ საკითხს, რომელიც ქედის საბავშვო ბაღების თანამშრომელთა ხელფასების 100 ლარით გაზრდას ითვალისწინებდა, მხარი არ დაუჭირა.
საკითხის განხილვისას, ქედის საკრებულოს თავმჯდომარემ შუქრი თურმანიძემ განაცხადა, რომ ქედის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა „აიპებში“ დასაქმებულ თანამშრომელთა ხელფასების გასაზრდელად მოლაპარაკებებს აჭარის მთავრობასთან აწარმოებს და დასძინა, რომ თვითმმართველობა საკუთარ თანამშრომლებს სიურპრიზს უმზადებს.
საკრებულოს სხდომა ქედაში
„სიურპრიზითაც ვაპირებდით ამის გაკეთებას, მაგრამ მათქმევინეთ, მოვლენებს გაასწარით და პოპულისტური განცხადება გააკეთეთ“ – განაცხადა შუქრი თურმანიძემ სხდომის მსვლელობისას, როდესაც ვაჟა ბოლქვაძემ ინიცირებული საკითხი დეპუტატებს გააცნო.
„სამარცხვინო ხელფასი აქვთ საბავშვო ბაღის თანამშრომლებს, მუნიციპალიტეტის რეალური ფინანსური შესაძლებლობიდან გამომდინარე დავაყენე საკითხი ხელფასი ასი ლარით გაეზარდოს, მართალია დიდი არაფერია ასი ლარი, მაგრამ გაზრდილ კომუნალურ გადასახადებს მაინც გადაიხდიან“ – ამბობს ვაჟა ბოლქვაძე.
მისი თქმით, საბავშვო ბაღის ხელფასი 100 ლარით რომ გაიზარდოს, ამისთვის წლის განმავლობაში დაახლოებით 210 000 ლარია საჭირო.
„ჩვენ არამარტო ბაგა-ბაღის თანამშრომლებისთვის, არამედ მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებულ ყველა „აიპში“ ვაპირებთ ხელფასების გაზრდას, თუმცა ხელფასები რომ გაიზარდოს ამას კოლოსალური თანხა სჭირდება. ამას მარტო ქედის ბიუჯეტი ვერ გასწვდება, ყველა სახელისუფლებო ორგანოში ამ საკითხებთან დაკავშირებით მუშაობა მიმდინარეობს და უახლოეს პერიოდში დადებითად გადაწყდება“ – ამბობს შუქრი თურმანიძე.
ბათუმის ბულვარის ბათუმისთვის დაბრუნება საკრებულომ 2014 წლის აპრილში გადაწყვიტა, მაგრამ ბულვარის მართვის უფლება ისევ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს აქვს. დღეს ბათუმის საკრებულოსა და მერიაში არავის სურს საუბარი თემაზე: რატომ არ იბრუნებს ბათუმის მუნიციპალიტეტი ბულვარს მართვაში.
ბათუმის ბულვარი სამართავად აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2009 წელს გადაეცა. მას შემდეგ არაერთხელ გაჩნდა ბულვარში ისტორიული ძეგლის დაზიანებისა და განადგურების საფრთხე. საფრთხის პირისპირ ყოფნის დროს სპეციალისტები და მესამე სექტორის წარმომადგენლები საუბრობდნენ სხვადასხვა რისკზე, მათ შორის, იმაზე, რომ ბათუმის ბულვარის მართვა ბათუმის მუნიციპალიტეტის საქმეა და არა ეკონომიკის სამინისტროს, რომელიც, ძირითადად, ინვესტიციების მოზიდვაზეა ორიენტირებული.
საზოგადოებრივი პროტესტის შემდეგ, 2014 წლის 24 აპრილს საკრებულომ ბულვარის დაბრუნება გადაწყვიტა, თუმცა ეს გადაწყვეტილება არ შესრულდა. 2016 წლის დეკემბერში ბათუმის საკრებულო ხელახლა შეიკრიბა ბულვარის საკითხზე. საკრებულომ ამჯერად ბულვარის დაბრუნებაზე უარი თქვა. სხდომას მაშინდელი ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვიც ესწრებოდა. საკრებულოს წევრებს მან იგივე უთხრა, რასაც მანამდე საჯაროდ ამბობდა: ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულდეს და შემდეგ განვიხილოთ ბულვარის დაბრუნება.
ამ სხდომამდე ბათუმის ბიუჯეტის პროექტში ბულვარისთვის დაფინანსებაც გაჩნდა – 3 მილიონ 400 ათასი ლარი, რომელიც 2017 წლისთვის უნდა დახარჯულიყო. მას შემდეგ, რაც საკრებულომ ბულვარზე უარი თქვა, ეს ფული სხვა პროექტებზე გადაანაწილეს. საკრებულომ დადო პირობა, რომ ბულვარის დაბრუნების საკითხს ერთი წლის შემდეგ, ბულვარში მიმდინარე სხვადასხვა სამუშაოს დასრულების შემდეგ განიხილავდა.
ერთი წლის შემდეგ ბათუმის საკრებულოში ახალი შემადგენლობაა, რომელსაც ამ დრომდე ბულვარის საკითხზე არ უმსჯელია.
„უნდა მოგვმართოს ინიციატივით ბათუმის მერიამ. თუ შემოვა ინიციატივა, განვიხილავთ, ვიმსჯელებთ, ახლა მეტს ვერაფერს გეტყვით,“ – გვითხრა საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარემ, ომარ მახარაძემ.
რატომ აღარ სურს მერიას ბათუმის ბულვარის დაბრუნება? – მერიის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ამ საკითხზე კომპეტენტურ პასუხს მხოლოდ გოგა ლომაძე გაგვცემდა, მერიის ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის უფროსი. გოგა ლომაძემ ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. რამდენადაც „ბათუმელებმა“ გაარკვია, ბულვარის მართვის უფლების მუნიციპალიტეტისთვის დაბრუნების საკითხი ამ დროისთვის ქალაქის მერიაში არ განიხილება.
ბულვარის ბათუმის მუნიციპალიტეტისთვის დაბრუნებას არც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში განიხილავენ. „ბიუჯეტში ისევ არის გათვალისწინებული თანხა ბულვარის მართვისთვის და მისი გადაცემის საკითხი არ განიხილება,“ – გვითხრეს სამინისტროს პრესსამსახურში.
2018 წელს ბათუმის ბულვარისთვის გათვალისწინებული ბიუჯეტი 10 მილიონ 357 ათას 100 ლარია.
2018 წლის 23 თებერვალს ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრში, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ორგანიზებით, მორიგი შეხვედრა გაიმართა. ცენტრის წევრ ახალგაზრდებს შეხვდნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და ჟურნალ „ბათუმელების“ წარმომადგენლები.
შეხვედრა ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრში. ფოტო: „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“
დისკუსიათა ციკლი მზადდება „სიტყვის თავისუფლების მხარდაჭერის“ პროექტის ფარგლებში, ფონდის -„ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ (NED) დაფინანსებით.
თამარ დუმბაძე თხილნარის №1 საჯარო სკოლაში სწავლობს და იქ არსებულ პრობლემებზე საუბრობს, კერძოდ კი სპორტულ დარბაზსა და შესაბამის ინფრასტრუქტურაზე: „ჩემი სკოლის დარბაზში მხოლოდ ბურთები და წვრილმანი აღჭურვილობაა, რაც ძირითადად ბიჭებისთვისაა განკუთვნილი, რომ არ იხმაურონ და რაიმე არ დააშავონ. გოგონებს კი მხოლოდ ბადმინტონი გვაქვს, ისიც იშვიათად. ხშირად ფიზკულტურის გაკვეთილზე არა სპორტით, არამედ სხვა საქმეებით ვართ დაკავებულები, ან არაფერს ვაკეთებთ, საკლასო ოთახში ვსხედვართ თავისუფლად. ინტერესი არ არის იმისა, რომ ყველა სპორტით დავკავდეთ და ერთად მოვიყაროთ თავი დარბაზში.“
ნუკრი უშარიძე ხელვაჩაურის №1 საჯარო სკოლაში სწავლობს, იგი სკოლის ბიბლიოთეკაზე საუბრობს: „ ჩემს სკოლაში, 9:00 საათიდან 18:00 საათამდე ხელმისაწვდომია ინტერნეტიც და წიგნებიც, რითიც ძალიან კმაყოფილი ვარ. გვაქვს ორი კაბინეტი, ერთში დაახლოებით 30 პერსონალური კომპიუტერია, მეორეში კი – 15. როდესაც გვაქვს ინფორმატიკის გაკვეთილი, კომპიუტერების განაწილება თანაბრად ხდება და არავინ რჩება უკმაყოფილო.“
გიორგი ზოიძე: „ჩვენთან ტარდება მარათონი, შვიდი სახის სპორტული შეჯიბრება, არის ინტელექტკლუბი და მთელი რიგი ღონისძიებები, სადაც მონაწილეობას ვიღებთ და გვეძლევა განვითარების შესაძლებლობა. სკოლაში გვაქვს სპორტული დარბაზიც, მაგრამ ახალსოფელში ვცხოვრობ და იქ არ გვაქვს სათამაშო მოედანი. იყო დაპირებები, რომ გააკეთებდნენ, მაგრამ ეს პრობლემა ჯერ არ მოგვარებულა.“
თამარ დუმბაძე, თხილნარის №1 საჯარო სკოლის მოსწავლე: „მაგალითად, ჩემს სკოლაში არ არიან მანდატურები. ჩემი აზრით, ეს დიდი პრობლემაა. მხოლოდ თბილისში არ ხდება მოსწავლეებს შორის დაპირისპირება, რამდენიმე დღის წინ ჩემს სკოლაშიც მოხდა და მასწავლებლები ვერაფერს გახდნენ, სანამ მთელი სკოლა არ ჩაერია ამ ამბავში. საჭიროა კონტროლის სისტემა, რომელიც მოსწავლეებს თვალყურს ადევნებს“.
რეზი ქორიძე, ხელვაჩაურის №1 საჯარო სკოლა: „ჩემი აზრით, მანდატურები არ უნდა იყვნენ სკოლებში. ჩემი გზებით მოვაგვარებ პირად პრობლემას, ეს მანდატურს არ ეხება.
ნინო დიდმანიძე, რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტი: „მე, მაგალითად, თქვენს გადაცემაში ვისურვებდი სიუჟეტს, სადაც განხილული იქნებოდა ბათუმში არსებული უნივერსიტეტები რამდენად აკმაყოფილებენ მოთხოვნებს. ჩემს უნივერსიტეტში გაუმართავია ინტერნეტი, ძალიან ნელია და ცუდი სიხშირე აქვს. სატალეფონო კავშირიც ცუდია და ზოგჯერ ვფიქრობ, რომ შესაძლოა არცაა საჭირო უნივერსიტეტში ჩართული მქონდეს ტელეფონი-მეთქი. თუმცა ხშირად მჭირდება ტელეფონის გამოყენება ინტერნეტისთვის, სემინარებისთვის და ა.შ. გარდა ამისა, მაინტერესებს ბათუმში არსებული სასტუმროები რამდენად აკმაყოფილებს უსაფრთხოების ნორმებს. ასევე, მინდა ვთქვა,რომ ვსწავლობ ჟურნალისტიკაზე და არ გვაქვს შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რომ პრაქტიკა გავიაროთ, მაგალითად, გვინდოდა რადიო გვქონოდა, თუმცა ისე გადავალ მეოთხე კურსზე, ვფიქრობ, კიდევ არ გვექნება.“
შეხვედრა ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრში. ფოტო: „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“
მაგდა კომახიძე, განთიადის საჯარო სკოლის მოსწავლე: „ ჩემს სკოლაში მარტივად ფეთქებადი ხასიათის მქონე ბავშვები არიან. მათ შორის უთანხმოება ერთ-ერთი პრობლემაა, რაც სკოლის გარეთ მყოფ მოსახლეობაზეც გადავიდა და მასწავლებლებმა და ადმინისტრაციამ მოაგვარა. იმდენად დიდი იყო ეს დაპირისპირება, ისინი რომ არა, პოლიცია ჩაერეოდა.“
ნუკრი იაკობაძემ, ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტმა, უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე ისაუბრა: „დღეს უმრავლესობა აბარებს ისეთ „პრესტიჟულ“ ფაკულტეტებზე, როგორებიცაა: სამართალმცოდნეობა, მეზღვაურობა და ა.შ. ჩემი აზრით, თვითონ ფაკულტეტისთვის ეს დიდი პრობლემაა, იმიტომ, რომ ერთ კურსზე ბევრი სტუდენტი სწავლობს. ამ დატვირთვის გამო სხვა პროფესიები უგულებელყოფილია. მაგალითად, ჩემი ახლობელი სწავლობს სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებულ ფაკულტეტზე და ამჟამად სულ ოთხი თუ ხუთი სტუდენტია მთელ კურსზე. მინდა, რომ საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპები ფაკულტეტებთან დაკავშირებით რამენაირად დავამსხვრიოთ. თუნდაც პოპულარიზაცია რომ გავუწიოთ სხვა პროფესიებს, ან პროფესიულ განათლებას.“
ალბინა ბერიძე, აჭარისწყლის სკოლის მოსწავლე: „სკოლაში გვაქვს საინტერესო და სხვადასხვა თემატიკის წიგნები,თუმცა ბიბლიოთეკა სულ დაკეტილია. მაგალითად, დაგვჭირდა ვეფხისტყაოსანი და როდესაც გვინდოდა ბიბლიოთეკიდან გამოტანა, გვითხრეს, რომ სკოლაში არ იყო ეს წიგნი, თუმცა დიდი ხვეწნის შემდეგ გავახსნევინეთ ბიბლიოთეკა და აღმოჩნდა, რომ შვიდი ეგზემპლარი იყო. კომპიუტერებს და ინტერნეტს რაც შეეხება, ინვენტარი არის, თუმცა ინტერნეტთან წვდომა მხოლოდ ერთი კომპიუტერითაა შესაძლებელი და ისიც ნელა მუშაობს.“
თამარ დუმბაძემ ტრანსპორტთან დაკავშირებულ პრობლემებზე ისაუბრა: „ძირითადად რაიონებიდან ვართ მოსწავლეები და ბევრია ისეთი, ვისაც ტრანსპორტის პრობლემა აწუხებს. მე მაგალითად, აბიტურიენტი ვარ და ჩემი სოფლიდან 6 საათზე წასვლა ძალიან რთულია, მეცადინეობა კი 8 საათზე მაქვს. უკან დაბრუნება პრობლემურია. რთულია, დრო შეუწყო რეპეტიტორებს და თან სახლშიც დროზე მიხვიდე. გარდა ამისა, როგორც ვიცით, არსებობს მგზავრობის ბარათები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის, თუმცა ამის შესახებ როდესაც ვიკითხე ბანკში, მითხრეს, რომ რაიონში მცხოვრებ ბავშვებზე არ მოქმედებს.“
2018 წელს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად 14 მილიონ ლარს დახარჯავს. გასული წლის დეკემბერში უკვე დაიხარჯა 35 მილიონი, სამინისტრომ წამალი და ტექნიკა შეიძინა.
სურსათის ეროვნული სააგენტო მთელი ქვეყნის მასშტაბით ერთი მილიონი ჰექტარის შეწამვლას აპირებს. დაინერგება მონიტორინგის სისტემა და მოსახლეობას საგანმანათლებლო ბროშურები დაურიგდება.
რამდენად ეფექტური იქნება სახელმწიფოს მიერ დაგეგმილი ღონისძიებები და რა როლი აკისრია ამ პროცესში მოსახლეობას, „ბათუმელების“ კითხვებს სურსათის ეროვნული სააგენტოს დირექტორი მოადგილე, ზურაბ ლიპარტია პასუხობს.
ზურაბ ლიპარტია
– როდის იღვიძებს აზიური ფაროსანა და რას აპირებს სურსათის ეროვნული სააგენტო მავნებლის წინააღმდეგ?
მწერს აქვს თავისი ბიოლოგიური თავისებურებები. ყველა ქვეყანაში და ყველა კლიმატურ პირობებში იგი სხვადასხვაგვარად იქცევა. ჩვენს პირობებში დაახლოებით აპრილის თვიდან უნდა ველოდოთ აზიურ ფაროსანას გარეთ გამოსვლას ზამთრის სამალავებიდან, როცა დღე-ღამური საშუალო ტემპერატურა 15 გრადუსზე მეტი იქნება. შეჯვარების და კვერცხის დადების პერიოდი აქვს მაისის დასაწყისში. თუ ცივი და ნალექიანი გაზაფხული იქნა, მისი სახლებიდან გამოსვლა შეიძლება გაჭიანურდეს 15 ივნისამდე, როგორც შარშან მოხდა.
ღონისძიებები, რომელიც გატარდა შარშან და გატარდება წელს შემუშავებულია ჩვენი ევროპელი და ამერიკელი კოლეგების, ენტომოლოგების დახმარებით. ამერიკელ და იტალიელ მეცნიერებთან ერთად შედგა მავნებელ მწერთან ბრძოლის სტრატეგია.
სტრატეგია რაში მდგომარეობს – პირველი ეს არის მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება. ვინაიდან გადამწყვეტი როლი ღონისძიებების გატარებაში და წარმატებაში სახელმწიფოსთან ერთად მოსახლეობის ჩართულობას აქვს. ზამთრის პერიოდში მავნებელი არის სახლებში, ამიტომ მისი მექანიკური განადგურება ძალიან მნიშვნელოვანია. უნდა გვახსოვდეს, რომ ერთი მდედრის განადგურება მომავალ წელს 200-250 ინდივიდით ამცირებს მავნებლის რაოდენობას.
მეორე მნიშვნელოვანი მომენტია მონიტორინგის სისტემის შექმნა. მაგალითად, თუ ადრე ამერიკაში 10-12 წამლობას აკეთებდნენ ბაღებში აღნიშნული მწერისგან დასაცავად, ახლა აკეთებენ ორ წამლობას, ვინაიდან ზუსტად იციან, რომელი ფაზის წინააღმდეგ არის ბრძოლა ეფექტური. ეს ფაზა მათი გადმოცემით და ჩვენი დაკვირვებით არის სასოფლო-სამეურნეო კულტურებში ნიმფის ანუ მატლის ფაზა. ამ ფაზაში მწერი იმყოფება 4-6 კვირა. ამ დროს ფრთები არ აქვს მავნებელს, არ ფრენს, არ გადაადგილდება დიდ ადგილზე და ზუსტად მაშინ არის საჭირო წამლობის ჩატარება, რომ მივიღოთ მაქსიმალური ეფექტი.
ეს სტადიები დგინდება ფერომონიანი დამჭერების გამოყენებით. თუ ფერომონიან ხაფანგზე დაფიქსირდა ნიმფა, ერთი მაინც, ეს იმას ნიშნავს, რომ დაწყებულია ნიმფების კვერცხიდან გამოსვლა. საჭიროა ღონისძიებების გატარება, მაგრამ ამას სახელმწიფო გააკეთებს. მთელს რეგიონში, მათ შორის აჭარაშიც დამონტაჟებული იქნება ხაფანგები. ჩვენი სპეციალისტები დააკვირდებიან და მოსახლეობას აცნობებენ მავნებლის გამოსვლის ზუსტ ვადებს.
კონკრეტულად რას გააკეთებთ ინფორმაციის გავრცელებისათვის? მაგალითად გლეხი, რომელიც ცხოვრობს აჭარის ან გურიის რომელიმე სოფელში, როგორ გაიგებს ამ ინფორმაციას?
ტელევიზიით გავა სპეციალური ვიდეო გაკვეთილები და ახსნილი იქნება თუ რა უნდა გააკეთოს მოსახლეობამ. სად უნდა ჩამოკიდოს ფერომონიანი დამჭერები, როგორ უნდა შეასხუროს და გააზავოს ბიფეტრინის შემცველი ინსექტიციდები. თუმცა, განსხვავებით სხვა რეგიონებისგან, აჭარაში ციტრუსის წამლობის დიდი გამოცდილებაა, ამიტომ ვიმედოვნებთ, რომ მოსახლეობა კარგად გამოიყენებს ამ საშუალებებს. ასევე დაგეგმილია საინფორმაციო ბუკლეტების დარიგება. ძალიან გასაგებ, მარტივ ენაზე იქნება ინფორმაცია, თუ რომელ კულტურაზე როდის რა უნდა გავაკეთოთ.
ფერომონიან ხაფანგებს ვინ დაამონტაჟებს, თუ მოსახლეობას დაურიგებთ?
სახელმწიფო დაამონტაჟებს, ჩვენი სპეციალისტები იქნებიან ჩართული. ფერომონიანი სატყუარები განკუთვნილია „მოიზიდე და მოკალი’’ სადგურებისთვის. ეს ნიშნავს იმას, რომ ერთ ხეზე მონტაჟდება რამდენიმე ფერომონიანი ხაფანგი ეფექტის გასაძლიერებლად. ის ხე იწამლება კვირაში ერთხელ. ფერომონი იზიდავს აზიურ ფაროსანას, შეწამლულ ხეზე მოძრაობს მწერი და ასე ხდება მისი განადგურება. ეფექტურია, ამერიკაში ამას იყენებენ, მაგრამ ჩვენს პირობებში როგორ იმუშავებს ჯერ არ ვიცით.
დასავლეთ საქართველოში და სხვა ადგილებში, სადაც მავნებლის გავრცელების საშიშროება არსებობს, დიდი ინტენსივობით აღინიშნა შარშან. იქ შეწამვლავენ სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები. ეს მავნებელი აფხაზეთიდან შემოვიდა ჩვენთან. სოჭის ოლიმპიადის დროს ხის მასალა შეიტანეს სოჭში და მერე უკვე იქიდან შევიდა აფხაზეთში. საქართველოში სამეგრელოს რეგიონშია ყველაზე დიდი კერა, ამიტომ პროპორციულად იქნება ღონისძიებები გატარებული. თუმცა მონიტორინგი და დაკვირვება მთლიანად საქართველოს ტერიტორიაზე დაგეგმილი.
როგორ უნდა გამოიყენოს ინსექტიციდები მოსახლეობამ? სჭირდებათ თუ არა სპეციალური კომბინეზონი და შესაწამლი ტექნიკა?
ბიფეტრინის ჯგუფის პრეპარატები საქართველოში 2010 წლიდან არის დაფიქსირებული. ყველამ იცის და ყველა იყენებდა. განსაკუთრებული მიდგომა ამ პრეპარატს არ სჭირდება. სპეციალურ კომბინიზონს იმიტომ იყენებდნენ, რომ ერთი ადამიანი ასხურებდა 33 ჰექტარს. ამიტომ მას განსაკუთრებული დაცვა სჭირდებოდა. ამდენი რაოდენობის შესხურება ადამიანს თავის საკარმიდამო ნაკვეთში არ სჭირდება. როგორც შაბიამანი შეგისხურებია, აი ვენახის შეწამვლის დროს რა პროცედურაცაა, ზუსტად იგივეა ამ შემთხვევაშიც მოსახლისთვის. არავითარი განსაკუთრებული მიდგომა არ სჭირდება. სჭირდება მხოლოდ პირადი ჰიგიენის წესების და უსაფრთხოების დაცვა. იქნება ეს პირბადე, გრძელმკლავებიანი ბამბის პერანგი, სათვალე და ქუდი, კანი რომ იყოს დაცული.
როგორც ვიცი მოსავლის მწიფობის პერიოდში ჩატარებული წამლობის დროს, გარკვეული წესები უნდა დაიცვას მოსახლეობამ…
საქართველოს პირობებში აზიურ ფაროსანას ორი თაობა აქვს. ერთი ციკლი გამოზამთრებიდან ახალი თაობის მოცემამდე და შემდეგ ის თაობა ახალ თაობას იძლევა.
ორი პიკი გვაქვს. მაისი-ივნისი და ივლისი-აგვისტო. მაისი-ივნისის თვეში ხდება პირველი წამლობა. მეორე პიკის დროს ყველა თაობის, ყველა ასაკის მწერი შეიძლება შეგვხვდეს. მეორე წამლობისას უნდა გავითვალისწინოთ ლოდინის პერიოდი, ანუ ბოლო წამლობიდან მოსავლის აღებამდე პერიოდი. ეს იცის ყველამ. მეორე წამლობის დროს არამარტო ბიფეტრინის ჯგუფის პრეპარატები შეიძლება გამოვიყენოთ, არამედ ნებისმიერი სხვა ინსექტიციდები – ეს იქნება კარატე, დეცისი თუ ასე შემდეგ. ყველა პრეპარატის ეტიკეტზე, ტარაზე დატანილია ლოდინის პერიოდი. ბოლო წამლობიდან მოსავლის აღებამდე თუ აწერია 20 დღე, ბოლო წამლობიდან უნდა გავიდეს 20 დღე, რომ დაიშალოს და არ მოხდეს ნაშთი პროდუქციაში.
შარშან ამ კუთხით პრობლემები არ გვქონია. ჩვენი პროდუქცია გადის უცხოეთში, მოწმდება იქ პესტიციდების შემცველობაზე და ჯერ არ ყოფილა შემთხვევა დაფიქსირებულიყოს რაიმე ნაშთები.
მავნებელთან ბრძოლის ბოლო ფაზა არის ოქტომბერში – ისევ ეზოებში უნდა ჩავატაროთ ღონისძიება. შემდეგ, როცა შევა სახლებში, ზამთარში მექანიკურად უნდა გავანადგუროთ. ეს არის ყველაზე მარტივი და უსაფრთხო წესი.
მოსახლეობა შიშობს, რომ შეწამვლის დროს შეიძლება შინაური ფრინველები მოიწამლონ. რამდენად საფუძვლიანია ეს შიშები?
შეწამვლა გულისხმობს, რომ პრეპარატი, რაც მიესხმება, მცენარის ფოთლებზე დარჩეს. არ უნდა მივასხუროთ უშუალოდ ფრინველს და ცხოველს – ეს ზოგადი წესია. ფუტკრებს უნდა მოვარიდოთ. და ასევე ყვავილობის დროს არ შეიძლება ყვავილოვან მცენარეებზე შესხურება. არც სხვა მცენარეებზე, რომელიც ყვავის. ელემენტარული წესებია დასაცავი.
რამდენად არის საფრთხე მავნებელი აღმოსავლეთ საქართველოშიც გავრცელდეს? მონიტორინგს თუ ახორციელებთ?
პროგრამა, რომელიც შედგენილია მიმდინარე წელს, გათვლილია მთელ საქართველოზე. ანუ ჩვენ გაგვაჩნია რესურსი, როგორც ტექნიკური, ისე პრეპარატების, რომ წამლობა განვახორციელოთ ყველა კულტურაზე, მთელს ტერიტორიაზე. საშიშროება სხვადასხვა დონისაა. დასავლეთისგან განსხვავებით აღმოსავლეთ საქართველოში ყველა კულტურა იწამლება. ყველა პრეპარატი, რომელიც ინსექტიციდია და ხდება შესხურება, ის მოქმედებს.
მონიტორინგის სისტემა, რომელიც მავნებელს აღმოაჩენს და გვეტყვის რა სიმჭიდროვითაა მავნებელი ამა თუ იმ რეგიონში, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე განთავსდება.
რაც შეეხება აფხაზეთს და კონკრეტულად გალის რაიონს. თუ გაქვთ რაიმე გათვალისწინებული მათთვის. დაეხმარებით თუ არა აზიურ ფაროსანასთან ბრძოლაში?
შარშან გადავეცით, 182-ძრავიანი ზურგსაკიდი შესაწამლი აპარატი და დაახლოებით 16-17 ტონა პრეპარატი. ასევე ფერომონიანი ხაფანგები და დამცავი კომბინეზონები, ანუ რაც სხვადასხვა რეგიონმა მიიღო, ის მიიღო გალის რაიონმაც. ჩატარდა სხვადასხვა ღონისძიება, მაგრამ, როგორც ჩანს, მთლიანად ვერ მოიცვა. ამასთან დაკავშირებით 27 თებერვალს მიწვეულები ვართ გალში. პირადად მივდივარ და შევხვდები აფხაზ კოლეგებს. ალბათ იქ განვიხილავთ ღონისძიებებს, რომელიც უნდა დავგეგმოთ როგორც აქეთ, ისე იქით მხარეს, რომ პარალელურად განხორციელდეს და შედეგი მოიტანოს.
ქონება ბათუმში, რომელიც ასლან აბაშიძის ცოლის ძმას და მისივე ხელისუფლების უშიშროების მინისტრს,სოსო გოგიტიძეს თითქოსდა ჩამოართვეს, როგორც დაუსაბუთებელი ქონება [2005 წლის 10 მარტის სასამართლო გადაწყვეტილება], ამ წლების განმავლობაში, საჯარო რეესტრში, სოსო გოგიტიძის დისშვილზე, ენვერ ცეცხლაძეზე ყოფილა დარეგისტრირებული. ამის შესახებ აღნიშნულია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებაში. იმავეს ადასტურებენ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროშიც.
როგორც ირკვევა, სოსო გოგიტიძის ქონების ჩამორთმევის დოკუმენტში ეწერა, რომ ჩამორთმეული ქონება მდებარეობდა სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩაზე [ჭაობის დასახლება], სინამდვილეში კი სახლი და მიწის ნაკვეთი, სადაც სოსო გოგიტიძე პერიოდულად ცხოვრობდა, მდებარეობდა შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩის ბოლოში [ახალი ბულვარის გასწვრივ].
სოსო გოგიტიძის დისშვილი, ენვერ ცეცხლაძე, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში – 2013 წელს დაბრუნდა საქართველოში, სწორედ ამ გარემოების [ქუჩის სახელწოდება] საფუძველზე აცხადებს, რომ ჩამორთმეული ქონება ეკუთვნის მას და არა მის ბიძას. ენვერ ცეცხლაძე სასამართლო სარჩელში მიუთითებს, რომ ქონება – 12 600 კვადრატული მიწის ნაკვეთი და 201,8 კვ/მ საცხოვრებელი სახლი 2002 წელს იყიდა. ამ დროისთვის ენვერ ცეცხლაძე მხოლოდ 17 წლის იყო.
სახელმწიფომ ენვერ ცეცხლაძის არგუმენტები გაიზიარა და 2016 წლის 29 დეკემბერს, სასამართლო განჩინებით, მას ქონება დაუბრუნა, ოღონდ ერთი ძირითადი დათქმით: სახლს, რომელშიც აბაშიძის ხელისუფლების უშიშროების მინისტრი პერიოდულად ცხოვრობდა, სუს-მა იქამდე უნდა განკარაგოს, ვიდრე ენვერ ცეცხლაძე ამ ტერიტორიაზე 100-ნომრიანი სასტუმროს მშენებლობას არ დაასრულებს [ამ სახლს, ჩამორთმევის შემდეგ, ყოველთვის სუს-ი განკარგავდა. შენობას სახელმწიფო დაცვა იცავდა და იცავს].
ენვერ ცეცხლაძე დაბრუნებულ მიწის ნაკვეთზე, ახალ ბულვართან სასტუმროს რომ ააშენებს, ესეც ხელისუფლებასთან აქვს შეთანხმებული. 2018 წლის დასაწყისში ენვერ ცეცხლაძემ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის რეკომენდაციის მოპოვებაც მოახერხა, დადგენილ ნორმაზე მეტი სიმაღლის [კ2] სასტუმრო რომ ააშენოს.
სასამართლომორიგების აქტით:
[checklist]
სადაო ქონება დაიყო ხუთ საკადასტრო ერთეულად, საიდანაც 4-ზე გაუქმდა სახელმწიფოს საკუთრების უფლება და ისინი ენვერ ცეცხლაძის საკუთრებად დარეგისტრირდა. რაც შეეხება დარჩენილ ერთ საკადასტრო ერთეულს, ის დარჩა სახელმწიფო საკუთრებაში [ამ ტერიტორიის ნაწილი ახალი ბულვარის შემადგენლობაშია, ნაწილზე კი საავტომობილო გზა გადის];
ენვერ ცეცხლაძემ აიღო ვალდებულება გარკვეულ ტერიტორიაზე უზრუნველყოს სრულყოფილი პროექტირება და სამშენებლო ნებართვის მიღება, შენობა-ნაგებობის აშენება და ექსპლუატაციაში შეყვანა;
ენვერ ცეცხლაძე ასევე ვალდებულია ბათუმის მერიასთან შეთანხმებით, 2019 წლის იანვრამდე, უზრუნველყოს ტროტუარის მოპირკეთება, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩიდან დამატებით ერთი საავტომობილო გზის მოწყობა [ეს გზა ცეცხლაძის მიერ ასაშენებელ სასტუმროსთან მივა], ბილიკებისა და ბორდიურების მოწყობა, შეინარჩუნოს მწვანე ზოლი, გადარგას მცენარეები და ტროტუარისთვის განკუთვნილი მიწის ნაკვეთი დატვირთოს სერვიტუტით ბათუმის მუნიციპალიტეტის სასარგებლოდ;
სასტუმროს ექსპლუატაციაში შეყვანამდე ენვერ ცეცხლაძე სახელმწიფოს სარგებლობის უფლებით გადასცემს, უკვე მის საკუთრებაში არსებულ 2804 კვ/მ მიწის ნაკვეთს და ამ ნაკვეთზე მდებარე სახლს [ეს ქონება, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური [სუს] სარგებლობდა, ვალდებულებების სრულად შესრულების შემდეგ გადავა ენვერ ცეცხლაძის სარგებლობაში].
[/checklist]
ხელისუფლებასთან მორიგებამდე ენვერ ცეცხლაძემ სასამართლოს სარჩელით მიმართა. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გამოიტანა [2016 წლის 29 დეკემბრის განჩინება] და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და ენვერ ცეცხლაძეს შორის მორიგების აქტი დაამტკიცა.
მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო უწყებები ენვერ ცეცხლაძის სარჩელს არ ცნობდნენ, მორიგების აქტი მაინც გაფორმდა.
მხარეთა პოზიციები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებიდან
[crosslist]
ენვერ ცეცხლაძე სარჩელში უთითებს, რომ 2002 წლის 14 სექტემბერს ანგისაში [ადლია] იყიდა 6900 კვ/მ და 5700 კვ/მ მიწის ნაკვეთი, 201,8 კვ/მ საცხოვრებელ სახლთან ერთად. მიწის ნაკვეთები გაერთიანდა და შემოევლო კაპიტალური ქვის ღობე. ის ასევე აღნიშნავს, რომ წლების განმავლობაში იმყოფებოდა საზღვარგარეთ სასწავლებლად, 2013 წელში კი დაბრუნდა საქართველოში და გადაწყვიტა უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში მის საკუთრებად აღრიცხული რამდენიმე ერთეული უძრავი ქონების ფართობების დაზუსტება და ამ გზით არსებულ სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების შეტანა;
ის, რომ უძრავ ქონებაზე უფლებათა რეესტრის მონაცემებით, აღნიშნული ქონება რეგისტრირებული იყო ენვერ ცეცხლაძის სახელზე, ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2013 წლის 20 მაისს გაცემული ცნობითაც დადასტურდა;
ენვერ ცეცხლაძე უთითებს, რომ აჭარის უმაღლესი სასამართლოს 2004 წლის 6 სექტემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე სოსო გოგიტიძეს ქ. ბათუმში, სელიმ ხიმშიშვილის ქუჩის ბოლოში ჩამოერთვა და სახელმწიფოს საკუთრებაში გადაეცა 12 500 კვ/მ მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი. ცეცხლაძე აღნიშნავს ასევე, რომ 2005 წლის 10 მარტს სასამართლოს გადაწყვეტილებაზე გაცემული იქნა სააღსრულებო ფურცელი, რომელშიც ნათლადაა მითითებული ჩამორთმეული ქონების მდებარეობა, კერძოდ: ქ. ბათუმი, სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩის ბოლო [ჭაობის დასახლება]. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ 2007 წლის ივნისში ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურში შეტანილი იქნა განცხადება, რასაც თან ერთვოდა სააღსრულებო ფურცელიც და სახელმწიფო საკუთრებად დარეგისტრირდა ქონება მდებარე შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩის ბოლოში [ახალი ბულვარის მიმდებარე ტერიტორია];
„აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საერთოდ არ გამოუკვლევია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ სოფელ ანგისაში მდებარე ქონება რეესტრში ირიცხებოდა სოსო გოგიტიძის სახელზე. ასევე არ გამოუკვლევია ის გარემოება, რომ სამინისტროს დაკვეთით შესრულებულ საკადასტრო-აზომვით ნახაზზე მითითებული უძრავი ქონება და სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული ქონება იყო თუ არა იდენტური – აღნიშნულია ენვერ ცეცხლაძის სარჩელში – სამინისტროს უკანონო ქმედების შესაბამისად, ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურმაც ისე განახორციელა რეგისტრაცია, რომ სულ არ შეუმოწმებია სააღსრულებო ფურცელში მითითებული მოვალე სუბიექტი, სოსო გოგიტიძე თუ იყო იმ მისამართზე არსებული უძრავი ქონების მესაკუთრე… სააღსრულებო ფურცლის თანახმად, სოსო გოგიტიძეს ქონება ჩამოართვეს სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩის ბოლოში და არა შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩის ბოლოში“;
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტოს წარმომადგენელმა ენვერ ცეცხლაძის სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ „ენვერ ცეცხლაძის საკუთრება მიწის მართვაში რეგისტრირებული იყო, მაგრამ საჯარო რეესტრის არქივში არ მოიპოვებოდა ნასყიდობის ხელშეკრულების გარდა სხვა რაიმე დოკუმენტაცია“;
ცეცხლაძის სარჩელი არ სცნო არც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელმა და აღნიშნა, რომ სასამართლო გადაწყვეტილებაში დაშვებულია ტექნიკური ხარვეზი: „უდავოა, რომ სელიმ ხიმშიაშვილისა და შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩები სხვადასხვაა, სოსო გოგიტიძისთვის ჩამორთმეული უძრავი ქონების მისამართად გადაწყვეტილებაში უნდა იყოს მითითებული „შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩა“, ხოლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში აღნიშნულია „ხიმშიაშვილის ქჩის ბოლოს“. სოსო გოგიტიძეს სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩის ბოლოში უძრავი ქონება ვერანაირად ვერ ექნებოდა საკუთრებაში, რადგანაც იმ დროს აქ სამხედრო ბაზები იყო განლაგებული, ხოლო მოპირდაპირე მხარეს, ე.წ. ბამბუკის ქარხანაა განთავსებული დღესაც“;
სამინისტრო მიიჩნევს, რომ „ენვერ ცეცხლაძე იყო სოსო გოგიტიძის დაახლოებული პირი, რა საფუძვლითაც აჭარის უმაღლესმა სასამართლომ სოსო გოგიტიძეს ჩამოართვა ეს ქონება, როგორც დაუსაბუთებელი და უკანონოდ მოპოვებული“;
სამინისტრო განმარტავს: „ენვერ ცეცხლაძე სადავო ქონებას თუ ფლობდა და სარგებლობდა, მაშინ მისთვის ცნობილი უნდა ყოფილიყო იმ ფაქტის შესახებ, რომ ქონება 2007 წლიდან სახელმწიფო საკუთრებაა, ხოლო 2012 წლიდან ქონებით სარგებლობს საქართველოს შს სამინისტრო, აგრეთვე იქ გაკეთდა გზა“. აქედან გამომდინარე სამინისტრო თვლიდა, რომ ენვერ ცეცხლაძის მოთხოვნა იყო ხანდაზმული, რადგან ქონებას ის 11 წელია არ სარგებლობს და დღესაც მის მფლობელობაში არ არის. ამასთან, სამინისტროს აზრით, „დასადგენი იყო საკადასტრო აზომვით ნახაზზე ნამდვილად ის მიწის ნაკვეთი იყო თუ არა, რაც ენვერ ცეცხლაძის ნასყიდობის ხელშეკრულებაშია მითითებული“;
ენვერ ცეცხლაძის პოზიციას არ ეთანხმებოდა სსიპ სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებიც;
ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2016 წლის აპრილში ენვერ ცეცხლაძის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, რაც სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა ენვერ ცეცხლაძემ.
[/crosslist]
ბათუმის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონულმა ოფისმა და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ, რომლითაც ბათუმის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ენვერ ცეცხლაძისთვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში 2016 წლის 29 დეკემბერს სააპელაციო საჩივრების განხილვისას გამართულ სასამართლო სხდომაზე კი მხარეებმა წარადგინეს მორიგების აქტი და იშუამდგომლეს მისი დამტკიცება.
მორიგების აქტი სააპელაციო სასამართლომ იმავე დღეს დაამტკიცა.
ბათუმში, ახალი ბულვარის გასწვრივ, ხიმშიაშვილის ქუჩის ბოლოში, ენვერ ცეცხლაძის საკუთრებად დარეგისტრირებულ ნაკვეთზე ასნომრიანი სასტუმროს და საცხოვრებელ ბინების, კაზინოს, საცურაო აუზის და სხვა გასართობი ობიექტების აშენებას „ეიჩ გრუპ კონსტრაქშენი“ გეგმავს.
საჯარო რეესტრის მონაცემებით, „ეიჩ გრუპ კონსტრაქშენი“ ერთ-ერთი დირექტორი და 45 პროცენტის მფლობელი სწორედ ენვერ ცეცხლაძეა. 33 წლის ენვერ ცეცხლაძე მოსკოვში ცხოვრობს და საქართველოს მოქალაქეობაც აქვს. კომპანიის კიდევ ერთი დირექტორი და 50 პროცენტის მფლობელი, ასევე რუსეთის მოქალაქე ვინმე მაგომედ ჩაბიევია, ხოლო 5% ეკუთვნის თამარა ჩაბიევას. კომპანია 2017 წლის ივნისში ბათუმში, რუსთაველის ქუჩის #22-შია რეგისტრირებული.
სადავო ტერიტორია, რომლის ძირითადი ნაწილი ენვერ ცეცხლაძის საკუთრებად არის დარეგისტრირებული [ტროტუარი, გამწვანება, ადგილი, სადაც სასტუმრო აშენდება და სახლი და ნაკვეთი, რომლითაც სასტუმროს აშენებამდე სუსი ისარგებლებს]. ახალი ბულვარისა და გზის ნაწილი კი, სახელმწიფო საკუთრებაში დარჩა.ამავე თემაზე:
მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ დააკმაყოფილა მოქალაქე ჩარიტა ჟღენტის სარჩელი საპატრულო პოლიციის წინააღმდეგ. ჩარიტა ავტომანქანას ფლობს და რამდენიმე თვის წინ მან მძღოლის გამოძახების სერვისით ისარგებლა. გამოძახებული მძღოლი ნასვამი აღმოჩნდა, რის გამოც საპატრულო პოლიციამ ჩარიტა 700 ლარით დააჯარიმა, როგორც ავტომანქანის მფლობელი.
საპატრულო პოლიციის მიერ შედგენილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი ჩარიტა ჟღენტმა სასამართლოში გაასაჩივრა. მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ მიიჩნია, რომ ჩარიტას დაჯარიმება უკანონო იყო.
„როგორც წესი, მსგავს შემთხვევებს იშვიათად იკვლევს ხოლმე სასამართლო, რადგან ამ ტიპის საქმეებზე გადაწყვეტილების გასაჩივრება არ ხდება და თან ჩარიტამ ჯარიმა მაშინვე გადაიხადა. ამ შემთხვევაში მოსამართლე ძირფესვიანად დაინტერესდა ამ ამბით,“ – გვითხრა ადვოკატმა, ტოგო ჭელიძემ.
სასამართლომ ძალაში დატოვა ჯარიმა ნასვამი მძღოლის მიმართ, ვისი სერვისითაც ავტომანქანის მფლობელმა ისარგებლა. მძღოლი საპატრულო პოლიციამ 500 ლარით დააჯარიმა.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაუშვებლად ცნო სახარების რწმენის ეკლესიის სარჩელი, რომელიც საქართველოს მთავრობის დადგენილების დისკრიმინაციულად ცნობას ითხოვდა. მთავრობის გადაწყვეტილება შეეხებოდა ოთხი რელიგიური ორგანიზაციისთვის, – (ისლამური, იუდეური, რომაულ–კათოლიკური და სომხური სამოციქულო ეკლესია) საბჭოთა რეჟიმის მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებას.
მოსარჩელის უფლებადამცველების თქმით, ამ სარჩელით ნაჩვენები იყო ის, რომ დადგენილება ითვალისწინებს ზიანის სიმბოლურ ანაზღაურებას და არ ხდებოდა რეალური ზიანის ოდენობის მასშტაბური განსაზღვრა, ან რაიმე ობიექტური, სამართლიანი, განჭვრეტადი კრიტერიუმების გათვალისწინება. „გარდა ამისა, ის შეიცავს რელიგიური ორგანიზაციების ავტონომიურობაში სახელმწიფოს ჩარევის საფრთხეს“.
საკონსტიტუციო სასამართლოში სახარების რწმების ეკლესიის უფლებებს არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ იცავს.
„ეს საქმე სამწუხაროდ ასე დასრულდა,“-გვეუბნება ორგანიზაციის წარმომადგენელი, მარიამ ბეგაძე. მისი განმარტებით, ეს შედეგი გამოიწვია იმან, რომ სასამართლომ დაუშვა დამატებითი კითხვა პროცესზე.
„რადგან თქვენ ითხოვთ, რომ არაკონსტიტუციურად ვცნოთ მთავრობის დადგენილება, ამით თქვენ უშვებთ, რომ სხვა რელიგიურმა ორგანიზაციებმა ვერ მიიღონ სახელმწიფოსგან ზიანის ანაზღაურება, – ამბობდა სასამართლო. „სახარების რწმენის ეკლესიას“ კი ჰქონდა მკაცრი განმარტება, რომ ისინი არ ითხოვდნენ სხვა რელიგიურ ორგანიზაციებს წართმეოდათ კომპენსაციის ანაზღაურების უფლება,“-ამბობს მარიამ ბეგაძე.
მისი განმარტებით, თუკი საკონსტიტუციო სასამართლო დისკრიმინაციულად ცნობდა მთავრობის დადგენილებას, ყველა შემთხვევაში მოხდებოდა ამ რელიგიური ორგანიზაციებისთვის ზიანის ანაზღაურების შეწყვეტა.
„საკონსტიტუციო საამართლო არ არის პოზიტიური და ის ვერ გადაწყვეტდა, სხვა რელიგიური ორგანიზაციების ამ სიაში დამატების საკითხს. მას მხოლოდ იმის თქმა შეეძლო, იყო თუ არა მთავრობის დადგენილება დისკრიმინაციული.
გამომდინარე იქედან, რომ მოსარჩელეები ძალიან მყარად ითხოვდნენ, რომ სხვას არ წართმეოდა ზიანის ანაზღაურების უფლება, სასამართლომ თქვა, რომ ეს იყო ნორმის არა მთლიანად გასაჩივრება, არამედ მხოლოდ იმ შინაარსის გასაჩივრება, რომელიც მათ არ ამატებდა სიაში. სამწუხაროდ, პროცესზე ეს ვერ გავითვალისწინეთ,“-ამბობს ბეგაძე.
მისი თქმით, გამომდინარე იქედან, რომ სახელმწიფომ ოთხ რელიგიურ ორგანიზაციას უკვე შეუქმნა მოლოდინი, რომ ისინი მიიღებენ საბჭოთა რეჟიმის მიერ მიყენებული ზიანის კომპენსაციას, შესაძლებელია ამ დადგენილების შეჩერების გამო, სასამართლოს მათაც მიმართონ.
„სამართლებრივად ცოტა რთული და ჩახლართული პროცესია, ამიტომ ვფიქრობთ, რომ სარჩელი თავიდან შევიტანოთ, ოღონდ ამ შემთხვევაში აღარ მოვახდინოთ რაიმეს დაკონკრეტება.
ჩვენ ველოდებით ლუთერული ეკლესიის გადაწყვეტილებასაც, რომელმაც ასევე ძალიან დიდი ზიანი მიიღო საბჭოთა რეჟიმისგან და ამის შემდეგ ხელმეორედ მივმართავთ სასამართლოს,“-გვეუბნება ბეგაძე.
იმ შემთხვევაში, თუკი საკონსტიტუციო სასამართლო მთავრობის დადგენილებას დისკრიმინაციულად ცნობს, საქართველოს მთავრობა ორი არჩევანის წინაშე დადგენა, ან შეუწყვიტოს სხვა რელიგიურ ორგანიზაციებსაც კომპენსაციის გადახდა, ან სიაში დაამატოს მოსარჩელე რელიგიური ორგანიზაციებიც.
საბჭოთა რეჟიმის დროს ისევე, როგორც სხვა რელიგიურმა ორგანიზაციებმა, „სახარების რწმენისა“ და ლუთერულმა ეკლესიამაც დევნა განიცადეს.
საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომები, ზეპირი მოსმენით, 2015 წლის 11 მარტსა და 2016 წლის პირველ თებერვალს გაიმართა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბათუმში ნარკოდანაშაულისთვის თურქეთის 3 და უზბეკეთის 1 მოქალაქე დააკავეს.
პოლიციამ ერთ-ერთი ბრალდებულის მიერ მოქალაქისთვის მიყიდული 10 აბი „ექსტაზი“ ნივთმტკიცებად ამოიღო. მისი პირადი და დროებით საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებულია 427 აბი „ექსტაზი“.
სამართალდამცველებმა, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ასევე, დააკავეს მათთან კავშირში მყოფი თურქეთის რესპუბლიკის სხვა მოქალაქე და უზბეკეთის 1 მოქალაქე, რომელთა პირადი და დროებით საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას 164 აბი „ექსტაზი“ ამოიღეს.
შს სამინისტროს ცნობით, ზემოაღნიშნულ ფაქტებზე გამოძიება გრძელდება.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აბიტურიენტებს ზოგადი უნარების გამოცდების ჩაბარებაში ტესტის ავტორი, სოფო დოლიძე დაეხმარება.
ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულია ვიდეორგოლი და ინსტრუქციები, რომელთა მეშვეობითაც აბიტურიენტები ყოველდღიურად მიიღებენ რჩევებსა და რეკომენდაციებს ავტორისგან.
პროექტი სახელწოდებით – #სანდოთანამგზავრი, პირველი მარტიდან დაიწყება და ყოველ ხუთშაბათს შესთავაზებს აბიტურიენტებს ვიდეორუბრიკას “ზოგადი უნარები სოფო დოლიძესთან ერთად”.
პროექტის ფარგლებში განხილული იქნება სხვადასხვა ტიპის დავალება, ტესტზე მუშაობის პრინციპები.
ვიდეომასალა ცენტრის ვებგვერდის გარდა,გამოქვეყნდება Facebook გვერდზეც.
ინიციატივის მიზანი, როგორც გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე წერენ, აბიტურიენტთა ხელშეწყობაა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა რუბრიკა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად მოამზადა.
ბათუმის მერიის ჯანდაცვის სამსახურის დეზინსექცია-დერატიზაციის პროგრამაში ცვლილებები შევიდა. კერძოდ, მიმართვის შემთხვევაში, სპეციალური ჯგუფი, შენობა-ნაგებობებისა და სათავსოების გარშემო ტერიტორიას ქვეწარმავლების საწინააღმდეგო სპეციალური პრეპარატებით დაამუშავებს.
ქვეწარმავლების საწინააღმდეგო პრეპარატებით დამუშავდება უშუალოდ შენობა-ნაგებობებიც და მათი სარდაფები, სხვენები და საწყობები. მერიის ინფორმაციით, მიმართვის შემთხვევაში, ქვეწარმავლებს დაიჭერენ, გადაიყვანენ ტრანსპორტით და დაუსახლებელ ტერიტორიაზე გაუშვებენ.
მერიის გარემოს დაცვითი და სანიტარიული ზედამხედველობის განყოფილების ხელმძღვანელის, ნუგზარ ცეცხლაძის განმარტებით, ამ ქვეწარმავლების მოკვლა არ არის რეკომენდირებული იმიტომ, რომ ისინი ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენენ:
„ჩვენთან შხამიანი გველი არ ბინადრობს. უსაფრთხოებიდან გამომდინარე ხდება პროფილაქტიკური ღონისძიებები, თუ გამოჩნდება, დაიწყება იმ ტერიტორიის შეწამვლა და გარკვეული პერიოდის განმავლობაში იქ ქვეწარმავალი აღარ გამოჩნდება. თუ ადგილზე გასულ ჯგუფს დახვდება ქვეწარმავალი, მაშინ მოხდება მისი გადაყვანა და გაშვება დაუსახლებელ ტერიტორიაზე, სადაც ტყეებია”. ტერიტორია გარემოს დაცვის სამმართველოსთან შეთანხმდება.
ნუგზარ ცეცხლაძე ამბობს, რომ ცვლილება პროგრამაში იმიტომ გახდა საჭირო, რომ გასულ წლებში ამ საკითხზე მოსახლეობის მხრიდან იყო მიმართვიანობა, სამსახურს კი არ გააჩნდა შესაბამისი პროგრამა, რომელშიც გაწერილი იქნებოდა შესაბამისი ღონისძიებები.
ნუგზარ ცეცხლაძის ცნობით, გასულ წელს 10-მდე მიმართვის შემთხვევა იყო: „უფრო ადლიის და ბონი-ბარცხანის ტერიტორიაზე, გარეუბნებში. ეს პრობლემა აქტუალური ხდება ტემპერატურის მატებისას, თუმცა ჩვენი ჯგუფი ახლაც მზად არის, ინფორმაციის შემოსვლის საფუძველზე ადგილზე გავიდეს ოპერატიულად და სპეციალური პრეპარატებით დაამუშაონ ტერიტორია.“
როგორც მერიის სანიტარიული ზედამხედველობის სამსახურში გვითხრეს, წელს ასეთი გამოძახება ჯერ არ დაფიქსირებულა.
მერიის ცხელი ხაზია: 0422 27 26 06, გარემოს დაცვითი და სანიტარიული ზედამხედველობის განყოფილებისა კი: 04 22 27 69 13.
დეზინსექცია-დერატიზაციის პროგრამის ბიუჯეტი 369 406 ლარია. პროგრამის ფარგლებში, მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით, დეზინფექციას ასევე ჩაუტარებენ მრავალსართულიან სახლებს, სადარბაზოებს, ქალაქის ტერიტორიაზე ერთ და ორსართულიან მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებს, იტალიურ ეზოებსა და სარდაფებს. ასევე, ნაგავშემკრები კონტეინერების დეზინსექცია [მავნე მწერების, პარაზიტების მოსპობა] და ქალაქის ტერიტორიის დერატიზაცია [მავნებელი მღრღნელების განადგურება] მთელი წლის განმავლობაში ჩატარდება.
საქართველოში 2016 წელს 30 000-მდე აბორტი იყო რეგისტრირებული, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში ექიმის ზედამხედველობის გარეშე ორსულობის შეწყვეტა დღემდე არსებული პრაქტიკაა, აბორტის რიცხვი გაცილებით მაღალია. ინფორმაციას ორსულობის შეწყვეტის მედიკამენტურ მეთოდებზე ხშირად ფეისბუქის საშუალებით, საჯაროდ ცვლიან.
აბორტი, იგივე ორსულობის შეწყვეტა, უარყოფითად მოქმედებს ქალის ორგანიზმზე, განსაკუთრებით საშიშია განმეორებითი აბორტები. აბორტის თავიდან აცილება შესაძლებელია თანამედროვე ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებით, მაგრამ თუკი აბორტი მაინც გარდაუვალია, მაშინ, მოსალოდნელი გართულებების თავიდან ასაცილებლად, დროულად უნდა მიმართოთ ექიმს.
დღეს აბორტი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დამტკიცებული ორი მეთოდით ტარდება – მედიკამენტური აბორტი და ვაკუუმ-ასპირაციის მეთოდი, იგივე „მინი აბორტი”. მედიკამენტური აბორტი დასაშვებია ორსულობის მე-9 კვირის ჩათვლით, ხოლო ქირურგიული აბორტი – ორსულობის მე-12 კვირის ჩათვლით.
წყარო: საქსტატი
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, 2010-2014 წლებში, ჯამში, დაახლოებით 25 მილიონი არაუსაფრთხო აბორტი გაკეთდა. საფრთხისშემცველად მიიჩნევა აბორტი, როცა ორსულობა ხელოვნურად წყდება ექიმის მეთვალყურეობის გარეშე.
საქართველოში აბორტის ფასი საშუალოდ 150 ლარია, თუმცა სიღარიბის ფონზე, ხშირად ქალები უფრო დაბალი ფასის ძიებაში აბორტის სახიფათო გზებს მიმართავენ, მათ შორის თვითნებურ მედიკამენტურ აბორტს, “ბევრი ფასის გამო იკეთებს თავისით აბორტს, იაფი ჯდება იმ მედიკამენტით, აბორტის ფასის გარდა კიდევ ოცი ლარის წამლებსაც გიწერენ… მე მეზობელმა მასწავლა” ამბობს ნ.რ., რომელსაც თავადაც მიუმართავს აბორტის ამ სახიფათო გზისთვის, მიზეზად ფინანსური ნაწილის გარდა, ზოგადად აბორტის შესახებ ნაკლები ინფორმაცია და შიში დაასახელა – “შემეშინდა მეც, მეგონა იქ მაშებით და რაღაც ინსტრუმენტებით გამიკეთებდნენ ამ პროცედურას და ვარჩიე აბები მარტივად. სახლში არავინ იცოდა. ქმარს არ ვუთხარი იმიტომ, რომ არ დამთანხმდებოდა და ბავშვი პატარა მყავდა…”. ნ. ამბობს რომ აბორტის ეს სახიფათო გზა ხშირად ხშირად არ მუშაობს და პირადად მას, მაინც მოუწია კლინიკაში მისვლა: “ხშირად არც აშორებს, არც მე მომაშორა, ოღონდ მე შემეშნდა და რამდენიმე აბის მეტი არ დამილევია. კიდევ რამდენჯერმე უნდა დამელია წესით, მაგრამ მივედი და იქ გამიკეტეს”.
მეან-გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი, აკადემიური დოქტორი მედიცინაში გიორგი ცერცვაძე ამბობს, რომ ეს ძალიან საშიში პრაქტიკაა:
„აფთიაქებში, წესით, რეცეპტის გარეშე არ უნდა იყიდებოდეს, მაგრამ მაინც ახერხებენ. იმ მედიკამენტის კომბინაციის გამოყენება, რასაც ყიდულობენ, არ არის მართებული. კლინიკებში საერთოდ სხვა კომბინაცია გამოიყენება,” – ამბობს გიორგი ცერცვაძე. ასეთ დროს შესაძლოა ქალის ჯანმრთელობა გაუარესდეს, დაეწყოს სისხლდენა, რომელიც კლინიკისთვის დროულად არ მიმართვის შემთხვევაში, შესაძლოა ლეტალურადაც კი დასრულდეს.
განსაკუთრებით საყურადღებოა ის, რომ მედიკამენტური აბორტი აუცილებლად მცირე ვადებზე უნდა იყოს გამოყენებული. დიდ ვადებზე, მით უმეტეს ექიმის მეთვალყურეობის გარეშე – დიდი რისკია ლეტალური გამოსავლის”.
მიიჩნევა, რომ აბორტი პირველი ორსულობისას განსაკუთრებულად საშიშია ქალის რეპროდუქციის უნარისთვის. გიორგი ცერცვაძე ამბობს, რომ გართულებების რისკი ყოველთვის არსებობს, პირველი ორსულობის შეწყვეტა იქნება ეს თუ მეორე, მაგრამ პირველ ორსულობაზე აბორტისას, გართულების რისკი 10%-ით მაღალია, ვიდრე მომდევნო შემთხვევებში, თუმცა ეს, ძირითადად, ქირურგიულ აბორტს ეხება, ამ დროს არსებობს ინფექციის შეტანის რისკი.
საქართველოში უსაფრთხო აბორტზე უარის თქმის მიზეზი ხშირად ისიც ხდება, რომ ქალები არ ენდობიან სამედიცინო დაწესებულებებს, საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის დაცულობაში. ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავეა პატარა ქალაქებში.
“ჩემმა მეგობარმა ოცი აბი დალია, ოღნოდ ზედიზედ არა. გარკვეული პერიოდულობით აკეთებდა. ასე იმიტომ გადაწყვიტა, რომ უსიამოვნო პროცედურის გარდა, კლინიკაში წლებია მისი ქმრის ოჯახის წევრი მუშაობს და არ უნდოდა იქ ვინმეს ეცნო” – ჰყვება ნ.რ..
„ეს პრობლემა ნამდვილად არსებობს, ნდობის ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია. რაღაც გარანტიები უნდა არსებობდეს, რომ ქალის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალური იქნება”, – ამბობს გიორგი ცერცვაძე.
კონტრაცეპციის შესახებ კონსულტაცია წყვილმა ან ქალმა დამოუკიდებლად შეიძლება გაიაროს გინეკოლოგთან, რეპროდუქტოლოგთან ან ოჯახის ექიმთან. სპექტრი ფართოა – მეთოდის შერჩევა ქალის ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის, წყვილის ცხოვრების წესის, სქესობრივი კავშირის სიხშირის, მეთოდის ეფექტურობის, გამოყენების წესის, ხელმისაწვდომობისა და სხვა საჭირო ფაქტორების გათვალისწინებით ხდება.
“გიორგი მიქაუტაძის საქმის” განხილვა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში გადაიდო. გადადება პროკურორმა რომან ბოლქვაძემ ითხოვა, რომელმაც დავით ხარძეიშვილი ჩაანაცვლა და საქმის გასაცნობად დრო ითხოვა.
საუბარია 2016 წლის აგვისტოში გონიოს პლაჟზე მომხდარ ინციდენტზე, რომლის შემდეგაც გამოძიება არასრულწლოვნის ცემის ფაქტზე დაიწყო. არასრულწლოვნის მშობლების თქმით, ბავშვს მოსამართლე გიორგი მიქაუტაძემ სცემა. ბავშვის ცემის ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას იმავე დღეს პროკურატურამ კვალიფიკაცია შეუცვალა და ძიება მოსამართლის სიცოცხლის მოსპობის მუქარით გააგრძელა.
დღევანდელ პროცესზე ბრალდებულები თამარ ხაჭაპურიძე და კახაბერ ხაჩიძეც არ გამოცხადნენ. ისინი ისევ დიდ ბრიტანეთში იმყოფებიან და გამოაგზავნეს ცნობა ერთ-ერთი სამედიცინო კლინიკიდან. ცნობაში წერია, რომ მათ ექიმთან ვიზიტი აქვთ ჩანიშნული.
“ბოლო ხუთი თვის განმავლობაში არის წარმოდგენილი რომელიმე ცნობა, სადაც წერია, რომ ისინი მკურნალობის კურსს გადიან?” – იკითხა მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილმა.
საია-ს იურისტმა პაატა დიასამიძემ, რომელიც ამ საქმეში თამარ ხაჭაპურიძის ინტერესებს იცავს, მოსამართლეს უპასუხა, რომ ასეთი ცნობა წარმოდგენილი არ არის.
მოსამართლემ მორიგი სხდომა 12 მარტს დანიშნა და დასძინა:
“ასე ექიმთან ვიზიტის ჩანიშვნა მეც შემიძლია… გადაეცით ბრალდებულებს, რომ სხდომა აღარ გადაიდება.”
ბრალდებულები სასამართლო სხდომაზე დისტანციური წესით ჩართვას ითხოვენ, თუმცა ამ ეტაპზე ეს შუამდგომლობა სასამართლოს არ განუხილავს.
მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილი უვადოდ გუშინ, 23 თებერვალს გაამწესეს. გასაუბრებაში მონაწილეობდა გიორგი მიქაუტაძეც, რომელმაც საბოლოოდ კენჭისყრაში მონაწილეობა აღარ მიიღო. მან აცილების საკითხი მას შემდეგ დააყენა, როცა საჯაროდ უთხრეს, რომ სახეზეა ინტერესთა კონფლიქტი.
ხულოს ყოფილი გამგებელი და 2017 წლის მოწვევის ხულოს საკრებულოს წევრი ბესიკ ბაუჩაძე აჭარის საარქივო სამმართველოს უფროსის მოადგილის პოსტზე შეუდგა მუშაობას.
ბაუჩაძემ ხულოს საკრებულო დატოვა. „აქტიურ სადეპუტატო უფლებამოსილებას ვერ განვახორციელებდი, ეს გავითვალისწინე და ისე მივიღე გადაწყვეტილება,“ – განაცხადა ბესიკ ბაუჩაძემ „ბათუმელებთან“.
ბესიკ ბაუჩაძე პროფესიით ინჟინერ-ეკონომისტია. იგი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის, ფინანსების აღრიცხვისა და აუდიტის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორია.