განათლება,მთავარი,სიახლეები

შსს-ს აკადემიის განმარტება უმაღლესი განათლების შეწყვეტასთან დაკავშირებით

07.03.2018 • 4111
შსს-ს აკადემიის განმარტება უმაღლესი განათლების შეწყვეტასთან დაკავშირებით

შსს-ს აკადემიის ადმინისტრაციაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ უმაღლესი სასწავლებლის გარდაქმნა პროფესიულ სასწავლებლად სწავლის მაღალი სტანდარტების დანერგვის გამო იგეგმება. ამ ეტაპზე კი აკადემიას „საბაკალავრო და პროფესიული პროგრამების პარალელურად განვითარების რესურსი არ გააჩნია“.

„საქართველოს შსს-ს აკადემიის მიზანია პოლიციის სისტემისათვის მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება/გადამზადება, სწავლების მაღალი სტანდარტების დანერგვა, საპოლიციო სფეროში საერთაშორისო და ადგილობრივი გამოცდილებისა და  ცოდნის თავმოყრა/გაზიარება.

2018 წლიდან განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების კურსებს. აკადემიას დაგეგმილი აქვს პროფესიული პროგრამების შემდგომი განვითარება, რაც მისი პრიორიტეტული ამოცანაა. ამას დამატებითი რესურსი სჭირდება.

ასეთ პირობებში სტუდენტების რაოდენობის ზრდა ვერ მოხერხდება, მიუხედავად იმისა, რამდენად ოპტიმალურად მოხდება სასწავლო პროცესის დაგეგმვა და ცხრილების შედგენა. ამდენად საბაკალავრო და პროფესიული პროგრამების პარალელურად განვითარების რესურსი ამ ეტაპზე აკადემიას არ გააჩნია.

შესაბამისად, პროფესიული სწავლების გაძლიერებისა და განვითარების მიზნით, აღნიშნული ღონისძიებების  გატარება გარდაუვალი იყო“.

რაც შეეხება საბაკალავრო პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტებს, აკადემიაში გვეუბნებიან, რომ მათ მობილობის წესით გადაიყვანენ სხვა უმაღლეს სასწავლებლებში:„მათ არ დაეკარგებათ შსს-ს აკადემიაში სწავლის პერიოდში ჩაბარებული არც ერთი სასწავლო კურსის კრედიტი“.

აკადემიის ადმინისტრაციის ოფიციალური განმარტებით, შსს-ს აკადემია აქცენტს აკეთებს პროფესიულ სწავლებაზე, „შესაბამისად, მას ექნება სპეციალური პროფესიული სწავლების პროფილი და აღარ ექნება უმაღლესი საგანმანათლებლო სასწავლებლის სტატუსი“.

ამავე თემაზე: შს სამინისტროს აკადემია უმაღლეს განათლებას წყვეტს

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: