მთავარი,სიახლეები

რატომ არ უერთდება აჭარაში მოქმედი გენდერული თანასწორობის ქსელი სოლიდარობის აქციას 

08.03.2018 • 2315
რატომ არ უერთდება აჭარაში მოქმედი გენდერული თანასწორობის ქსელი სოლიდარობის აქციას 

დღეს, 8 მარტს, თბილისში ქალთა მოძრაობა ტრანსგენდერი ქალების უფლებების დამცველ აქციას მართავს. აქციის მიზანია, სახელმწიფომ ხელი შეუწყოს ტრანსგენდერი ადამიანების უფლებების დაცვას და პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში მათ სქესის შეცვლის უფლება მისცეს.

„მე ვარ ქალი – აღიარე“, ამ სლოგანით ფართომასშტაბიანი აქციის გამართვის შესახებ კამპანიას რამდენიმე კვირის განმავლობაში ეწეოდა ფეისბუქში ქალთა მოძრაობა.

„ბათუმელები“ აჭარაში მოქმედ გენდერული თანასწორობის ქსელის წევრებს დაუკავშირდა და ამ საკითხზე მათი პოზიცია მოისმინა. დღეს ამ ქსელის არც ერთი წევრი სოლიდარობის აქციას საჯარო გამოსვლებით არ უერთდება. აჭარაში გენდერული თანასწორობის ქსელში დაახლოებით 300 ქალია გაწევრიანებული.

გენდერული თანასწორობის ქსელის ხელმძღვანელი თამილა დოლიძე „ბათუმელებთან“ ვერ ასახელებს უშუალო მიზეზებს, თუ რის გამო ვერ ეხმაურებიან ისინი თემას.

„ერთ მაგალითს მოვიყვან, გადაცემაში დამპატიჟეს ერთ-ერთ არხზე და როდესაც ქალთა საჭიროებების კვლევაზე ვსაუბრობდი, პარალელურად ვთქვი, რომ კარგია „რესპუბლიკელებს“ ლგბტ თემის წევრი რომ ჰყავთ არჩევნებში წარმოდგენილი-მეთქი. მინდოდა განმევრცო ეს თემა და მესაუბრა აჭარის მაგალითებზე, მაგრამ არ მალაპარაკეს და რეკლამაზე გამიყვანეს“, – გვეუბნება ის.

ტრანსგენდერი ქალების მხარდამჭერი აქცია თბილისში

„ბათუმელების“ კითხვაზე, იყო თუ არა გენდერული თანასწორობის ქსელის წევრ ქალებთან ამ აქციის შესახებ საუბარი? თამილა დოლიძე ამბობს, რომ არა.

„ჩვენ ქალთა პოლიტიკური გაძლიერების მხრივ ვმუშაობთ. ეს არის ჩვენი მთავარი თემა. მაგრამ ჩვენი ქსელი ამ თემის მიმართ არის ლოიალური და ტოლერანტული“, – ამბობს ის.

„ბათუმელები“ გენდერული თანასწორობის ქსელის კოორდინატორს ქობულეთში, ლია შაქარიშვილსაც ესაუბრა. ლია შაქარიშვილი ქობულეთის საკრებულოს წევრია „ქართული ოცნებიდან“. ის ამბობს, რომ ქალთა მოძრაობის მიერ დაგეგმილი აქციის შესახებ არაფერი სმენია.

„არც აქციის დეტალებია ჩემთვის ცნობილი და არც გამართვის თაობაზე ვიცი რაიმე, ამიტომ ვერაფერს გეტყვით. ის თემა, რაც თქვენ ახსენეთ (ტრანსგენდერი ქალების უფლებების დაცვაზეა საუბარი), არც აქამდე ყოფილა ჩვენი მსჯელობის საგანი“, – გვეუბნება ის.

„ბათუმელების“ კითხვაზე, იცნობს თუ არა ის ტრანსგენდერი ქალების პრობლემებს და რას ფიქრობს ამაზე, ლია შაქარიშვილი ამბობს: „ვიცნობ იმდენად, როგორც ჩვეულებრივი მაყურებელი, რომელსაც რაღაც უნახავს ტელევიზიით.“ თუმცა დასძენს, რომ თემის სენსიტიურობიდან გამომდინარე, ის ამ თემის პრობლემებზე ვერ ისაუბრებს, რადგან ამის კომპეტენცია არ გააჩნია.

„ბათუმელების“ კითხვაზე,  მისი აზრით, იჩაგრებიან თუ არა ტრანსგენდერი ქალები საქართველოში, ლია შაქარიშვილი ამბობს. „ზოგჯერ მომჩვენებია, რომ ამ პრობლემების წარმოჩენა გადაჭარბებულია. ჟურნალისტებს ვგულისხმობ, თემის უფრო მწვავედ წარმოჩენა სურთ“, – გვეუბნება ის.

გენდერული თანასწორობის ქსელშია აჭარის უმაღლესი საბჭო წევრი „ქართული ოცნებიდან“ ნინო ჩხეტიაც. რატომ არ გამოეხმაურნენ დღევანდელ აქციას აჭარაში მცხოვრები გენდერული ქსელის ქალები? – ნინო ჩხეტია ამბობს, რომ ამაზე კონკრეტული პასუხი არ აქვს.

„როგორც ჩანს, ის მიმართულება, რომელიც სექსუალურ უმცირესობებს ეხება, არ არის ჩვენს რეგიონში აქტუალური. გენდერული თანასწორობის საბჭოს თემები, რაც კი ჩატარებულა ამ ორი წლის განმავლობაში, მხოლოდ ქალთა პოლიტიკურ გაძლიერებას შეეხებოდა.“

ტრანსგენდერი ქალები სახელმწიფოს სთხოვენ, რომ მათ მიეცეთ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში სქესის შეცვლის უფლება. თუკი სახელმწიფო არ აღიარებს ამ ადამიანებს ქალებად, ვერც მათი, როგორც ქალების რეალიზება მოხდება საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

ნინო ჩხეტიას თქმით, ის მომხრეა, რომ ტრანსგენდერი ქალების უფლებები იყოს აღიარებული და დაცული სახელმწიფოს მხრიდან. თუმცა, „ბათუმელების“ კითხვაზე, რომ გამართულიყო დღეს მათი უფლებების დაცვის მხარდამჭერი აქცია, გამოხვიდოდით თუ არა აქციაზე, ჩხეტია ამბობს, რომ მას „აქციებთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია აქვს“. ის ამ დამოკიდებულების შინაარსს არ აკონკრეტებს.

ჰომოფობიური აქცია, რომელიც ტრანსგენდერი ქალების მხარდამჭერი აქციის პარალელურად გაიმართა თბილისში

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: