სიახლეები,სპორტი

„ბათუმის“ ორი მორაგბე საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში ითამაშებს

07.03.2018 •
„ბათუმის“ ორი მორაგბე საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში ითამაშებს

სარაგბო კლუბ „ბათუმის“ ორი მორაგბე საქართველოს რაგბის ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში ითამაშებს. გიორგი მენაბდემ და დურმიშხან (დუსკა) ჯაბნიძემ ნაკრებთან ერთად პირველი თამაში საფრანგეთში ჩაატარეს.

„13 წლის ვიყავი ვარჯიში რომ დავიწყე. ანგისაზე ვვარჯიშობდი. თავიდან ვაცდენდი, მერე შერჩევებზე რომ დავდიოდი იქ უფრო სხვა სიტუაცია დამხვდა და მომეწონა. ძალიან მოვინდომე და აი, შედეგიც გამოჩნდა. ნაკრებში თამაში განვითარებაში დამეხმარება,“ – უთხრა  „ბათუმელებს“ გიორგი მენაბდემ.

დუსკა ჯაბნიძის თქმით კი, მისთვის მთავარია, რომ შრომამ შედეგი გამოიღო.

„12 წლის ვიყავი, ქობულეთის „პონტოში“ რომ დავიწყე ვარჯიში. მაქსიმალურად ვიყავი ჩართული. შრომამ და ბევრმა ვარჯიშმა მომიტანა ის, რომ ახალგაზრდულ ნაკრებში მოვხვდი. ჯერჯერობით დამკვიდრებული არ ვარ, მაგრამ თუ ვიშრომებთ, ყველაფერი მოვა და წინსვლა იქნება“.

„ბათუმის“ კიდევ სამი ახალგაზრდა მორაგბეა უმცროს „ბორჯღალოსნებში“ მოხვედრის კანდიდატი. სარაგბო კლუბ „ბათუმის“ ხელმძღვანელი ზვიად უნგიაძე ამბობს, რომ ახალ თაობაზე დიდ იმედებს ამყარებს.

„ოთხი წლის წინ ჩავუყარეთ ბავშვთა რაგბს საფუძველი ანგისის სტადიონზე და იქიდან მოყოლებული ყველა რესურს ვდებთ, რომ ბავშვთა რაგბი განვავითაროთ. შედეგად მივიღეთ ის, რომ დურმიშხან ჯაბნიძე და გიორგი მენაბდე მოხვდნენ 20-წლამდელთა ნაკრებში და საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ითამაშეს საფრანგეთში, საკმაოდ წარმატებულად. ასევე ორივე ირიცხება ბათუმის უმაღლეს ლიგაში, საკმაოდ კარგი რეპუტაციით სარგებლობენ და საკმაოდ პერსპექტიული ბავშვები არიან. სასიხარულოა ის, რომ 18-წლამდელებში დაახლოებით 10 მოზარდია შერჩეული საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის. ალბათ სინჯებზეც წავლენ უახლოეს ხანში, ასევე 6 მორაგბეა ჭაბუკებში 16-წლამდელებში. ეს ყველაფერი ამ ოთხ წელიწადში მოვახერხეთ,“ – ამბობს ზვიად უნგიაძე.

სარაგბო კლუბ “ბათუმის” ახალგაზრდა მორაგბეები

გადაბეჭდვის წესი


ასევე: