მთავარი,სიახლეები

საბაჟოზე გაჩერებულ მოქალაქეებს საკვებს ვაწვდით – თურქეთის საკონსულოს განცხადება

08.03.2018 • 2573
საბაჟოზე გაჩერებულ მოქალაქეებს საკვებს ვაწვდით – თურქეთის საკონსულოს განცხადება

ბათუმში თურქეთის საკონსულოს ინფორმაციით, თურქული მხარე ყველაფერს აკეთებს სარფის საბაჟოზე არსებული ვითარების გამოსასწორებლად. საბაჟოზე დღეს, 8 მარტს, მთელი დღის განმავლობაში მიმოსვლა შეზღუდული იყო. მოქალაქეებს საბაჟოზე საათობით უწევთ გაჩერება.

„ამ დროისთვის სარფში იმყოფება გენერალური კონსული. სარფის საბაჟოზე მუშაობენ არსებული ვითარების გამოსასწორებლად – ვცდილობთ უზრუნველვყოთ კომპიუტერული სისტემების გამართულად მუშაობა. პარალელურად ალტერნატიული გზებს იძიებენ და 20-20-კაციანი ჯგუფები გადმოჰყავთ. მოქალაქეებს თურქეთის სახელმწიფო კვებითაც უზრუნველყოფს“, – იუწყება ბათუმში თურქეთის საკონსულო.

საკონსულოს ინფორმაციით, ამ დროისთვის საბაჟოზე  სხვადასხვა ეროვნების 100-მდე მოქალაქე იმყოფება. თურქეთის მხარე მათი დაბინავების საკითხზეც მუშაობს.

საკონსულოს ინფორმაციით, სარფში საკმაოდ დიდი რიგებია და საკვებით სწორედ იმ მოქალაქეებს უზრუნველყოფენ, რომლებიც დიდი ხანია იმყოფებიან საბაჟოზე.

სარფის საბაჟოზე გადაადგილება გუშინ 19:24 საათის მონაკვეთში სრულიად შეჩერებული იყო. 

მოგვიანებით საქართველოს შემოსავლების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოძრაობა ნაწილობრივ აღდგა.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, სარფში დილიდან იმყოფებიან აჭარის მთავრობის წარმომადგენლებიც, რომლებიც მუდმივ კომუნიკაციაში არიან საბაჟოსა და თურქეთის საკონსულოს თანამშრომლებთან. „მთავრობის წევრები ახლაც იქ არიან და ფიზიკურადაც ეხმარებიან ადამიანებს,“ – აცხადებენ აჭარის მთავრობის პრესცენტრში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: