თვითმხილველი ამბობს, რომ მოზარდს პოლიციამ სცემა – შსს უარყოფს

26 მარტს, ღამით, ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე, პოლიციის თანამშრომლების არასათანადო ქცევის გამო მოქალაქე თამარ ქაჩლიშვილმა საპატრულო პოლიციას მიმართა. თამარ ქაჩლიშვილი ამბობს, რომ თავად გახდა თვითმხილველი, თუ როგორ აგრესიულად ექცეოდნენ პოლიციის თანამშრომლები არასრულწლოვან ბიჭებს.

„სახლში ვბრუნდებოდი და გორგილაძის 74 ნომერთან არასრულწლოვანი ბიჭები იყვნენ მოპედებით, ჩვეულებრივად იდგნენ. მოვიდა პოლიცია ორი მანქანით, აგრესიულად მიმართეს ბიჭებს, ფეხი დაარტყა მოპედზე ერთმა პოლიციელმა და ძალით შეტენეს ახალგაზრდა, არასრულწლოვანი ბიჭი პოლიციის მანქანაში. ჩავერთეთ, ავუხსენით, რომ ასე ქცევა არ შეიძლება, მაგრამ ვინ გისმინა? „თქვენ ნუ ერევითო და არ გეხებათო” – პასუხი პოლიციელებისგან… დავრეკე 112- ში და გამოვიძახე დამატებითი ეკიპაჟი, გავიდა უკვე 20 წუთი, არავინ არ მოსულა.. მეორედ დავრეკე და „იცით შორიდან მოდის შეიძლება ბრიგადაო”.. ბავშვს მანქანაში ცემდნენ და ყვიროდა  – “მიშველეთო”…

შს სამინისტროში მომხდარის სხვა ვერსიაზე საუბრობენ. პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ახალგაზრდები ღამის საათებში მოპედებით სახიფათოდ მოძრაობდნენ და ისინი პოლიციამ შემოწმების და გაფრთხილების მიზნით გადაამოწმა.

„ერთ-ერთი მოზარდი იქცეოდა აგრესიულად და პოლიციამ იგი, 17 წლის მოზარდი, მშობელთან ერთად გადაიყვანა პოლიციის განყოფილებაში, გაფორმდა ოქმი და გამოუშვეს სახლში.

საპატრულოში როგორც კი შევიდა შეტყობინება, პატრული დაუკავშირდა ზარის ინიციატორს, მან უთხრა, მე არ გამიკეთებია შეტყობინება და ბავშვმა ითამაშა ალბათო და ხუთი წუთის შუალედში რომ მივიდა პატრული, აღარ დახვდა უკვე არავინ,“ – აცხადებენ შს სამინისტროს პრესსამსახურში.

თამარ ქაჩლიშვილი ამბობს, რომ მას პოლიციაში დარეკვის ფაქტი არ უარყვია. პირიქით, მეორედაც დაუკავშირდა პოლიციას, მას შემდეგ, როცა მისი გამოძახების საფუძველზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი არ გამოჩენილა: „პირველი ზარი 00:08 წუთზე იყო, მეორე – 00:16-ზე. ერთი წუთი და 55 წამი მაქვს ნალაპარაკები. მითხრეს, ალბათ შორიდან მოდის ბრიგადაო, 25 წუთი ვიდექი, არც საპატრულოდან დამკავშირებია ვინმე. მხოლოდ მე კი არა, 15-მდე ადამიანი იყო თვითმხილველი. არავინ დამკავშირებია. არც მშობელი არ ყოფილა იქ.“

თამარ ქაჩლიშვილი ამბობს, რომ მას ახალგაზრდების მხრიდან აგრესიული ქცევა არ შეუნიშნავს და პოლიციელებმა მოზარდებს ფოტოებიც გადაუღეს: „ამ ადგილზე ხშირად მიწევს მოძრაობა, ახალგაზრდები ხშირად ირევიან აქ, მოძრავი ადგილია, ნათელი.

პოლიციაში დავრეკე, რადგან, ვთვლი, რომ ეს ჩემი მოქალაქეობრივი ვალია. მე მინდა პოლიციას ვენდობოდეთ, არ მინდა ასეთი რამ ხდებოდეს. ახალგაზრდები განსაკუთრებით უნდა გრძნობდნენ მხარდაჭერას და სწავლობდნენ, რა არის ცუდი და რა კარგი, სისტემა უნდა იყოს მეგობრული, რომ აღვზარდოთ ახალგაზრდები და არ დავაშინოთ და ნდობა არ უნდა დავუკარგოთ.“

მთავარ ფოტოზე: ბათუმი, გორგილაძის ქუჩის კვეთა. 

სამინისტრო მებაჟე-ოფიცრების თანამდებობებზე ვაკანსიებს აცხადებს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ვაკანსიებს აცხადებს მებაჟე-ოფიცრების ვაკანსიებზე. ვაკანსიები გამოცხადებულია საბაჟო დეპარტამენტის 12 საბაჟო გამშვები პუნქტის მებაჟე-ოფიცერზე, მათ შორის ,,ბათუმის აეროპორტში”, ,,ბათუმის პორტსა” და  ,,სარფში”.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ბათუმის პორტში  სამ თანამშრომელს, ბათუმის აეროპორტში ორს, სარფში კი რვა თანამშრომელს აიყვანს.

მებაჟე-ოფიცრების თანამდებობრივი სარგო 1300 ლარია.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე .

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 4 აპრილი.

კონკურსი სამ ეტაპად ჩატარდება: განაცხადების გადარჩევა, წერითი დავალება და ბოლოს, გასაუბრება.

 

ზურაბ პატარაძის მეგობარი პირსის, პლაჟსა და მიწის ნაკვეთებს ითხოვს – მერია თანახმაა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მეგობრის, ბიზნესმენ ედნარ პაპუნაიშვილის კომპანია ბათუმის ზღვისპირა პარკში რესტორან „სანრემოს“ მიმდებარედ არსებულ პლაჟს, რამდენიმე მიწის ნაკვეთსა და შენობა-ნაგებობას, იჯარის წესით, 2067 წლამდე ვადით ითხოვს. 2017 წლის შემოდგომამდე ამ ტერიტორიის ნაწილი კომპანია „ხიდი 2006“-ს ჰქონდა იჯარით აღებული.

კომპანია „ხიდი 2006“, რომელსაც რესტორან „სანრემოს“ შენობა იჯარით ჰქონდა აღებული, ბიზნესმენმა ედნარ პაპუნაიშვილმა 2017 წლის ოქტომბერში იყიდა. კომპანიის ახალი მფლობელი, ბიზნესის გაფართოების მიზნით, ახლა ბათუმის მერიისგან „სანრემოს“ მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთებს, შენობებსა და პლაჟს 49 წლის ვადით გადაცემას ითხოვს.

კომპანია „ხიდი 2006“-ს ამ ტერიტორიაზე იჯარის წესით აქამდე აღებულ ჰქონდა რუსთაველის ქუჩის #34-ში არსებული 1924 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობები, ჯამში 1416,70 კვადრატული მეტრი.

კომპანია ამ ეტაპზე დამატებით ითხოვს 4728 კვადრატულ მეტრ პლაჟის ტერიტორიას და 4486 მიწის ნაკვეთს. წლიური საიჯარო საფასურის – 43 255 ლარის სანაცვლოდ.

ახალი მეიჯარე, ბიზნესმენი ედნარ პაპუნაიშვილი ამ ადგილზე 7-მილიონიანი ინვესტიციის განხორციელების პირობას დებს, თუკი მერია მას დამატებითი ფართობს გადასცემს.

ფოტო: მანანა ქველიაშვილი

მერიის ინფორმაციით, ედნარ პაპუნაიშვილი პირსის შენობის ადგილზე თანამედროვე არქიტექტურული ღირებულების საზაფხულო ღამის კლუბს მოაწყობას. გარდა ამისა, ნალექიან ამინდში სტუმრის ობიექტამდე მიცილების სერვისის დანერგვას აპირებს. სწორედ ამისთვის ითხოვს კომპანია რუსთაველის #34-ში მდებარე მთლიან უძრავ ქონებას.

მერიაში მიიჩნევენ, რომ ზურაბ პატარაძის მეგობრის კომპანიის პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას ბათუმში. შესაბამისად, კომპანიისთვის ამ ქონების 49-წლიანი ვადით გადაცემა მიზანშეწონილად მიაჩნიათ.

ქონების გადასაცემად მერი, ლაშა კომახიძე, ბათუმის საკრებულოს თანხმობას ელოდება.

ედნარ პაპუნაიშვილი კიდევ ერთი კომპანიის, შპს GTEM GROUP-ის მესაკუთრეა. ამ კომპანიის იურიდიულ მისამართად ქობულეთია მითითებული. პაპუნაიშვილი 5% წილს ფლობს ასევე კომპანია „ჯორჯიან მეტალ გრუპში.“

აჭარის მთავრობას შპს GTEM GROUP-ისთვის მიწის რამდენიმე ნაკვეთი აქვს გადაცემული კურორტ გოდერძიზე.

რეესტრის ამონაწერის მიხედვით, ედნარ პაპუნაიშვილს უყიდია სახლი მახინჯაურში, რომელიც ადრე ასლან აბაშიძეს, შემდეგ კი „ბათუმის ნავთობტერმინალს“ ეკუთვნოდა. ამ სახლის მიმდებარედ პაპუნაიშვილი კიდევ ერთ ნაკვეთს ფლობს – ჯამში 3265 კვ/მეტრ მიწას და მათზე განლაგებულ შენობებს.

ფოტო: მანანა ქველიაშვილი

 

ბათუმში მაღლივი კორპუსიდან გადმოვარდნილი ბავშვი გადარჩა

ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე, მაღალსართულიანი კორპუსის მეორე სართულიდან 1 წლის და ორი თვის ბავშვი გადმოვარდა. ადგილზე მისულ სასწრაფოს ბავშვი უკვე საავადმყოფოში გადაყვანილი დახვდა. ბავშვთა საავადმყოფოს ინფორმაციით, ბავშვის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ამ დროისთვის მას გამოკვლევები უტარდება.

ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის 124-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს გაუფრთხილებლობით, ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე.

სასტუმროს პერსონალის სახანძრო უსაფრთხოებაზე გადამზადება დაიწყო

დღეს, 27 მარტს, აჭარაში სახანძრო უსაფრთხოების მიმართულებით სასტუმრო სექტორის პერსონალის გადამზადება დაიწყო. ტრენინგზე  ეტაპობრივად აჭარაში მოქმედი 80-მდე განთავსების ობიექტის 320 ადამიანი გადამზადდება.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ტრენინგი 16 ჯგუფისთვის ჩატარდება და მასში ჩართული იქნებიან  სასტუმროს მენეჯერები და სხვა თანამშრომლები.

ტრენინგების თემატიკა მოიცავს შრომის და სახანძრო უსაფრთხოების წესების, რისკფაქტორების, საგანგებო სიტუაციების მართვის და მათი შეფასების საკითხებს.

სასტუმროს მენეჯერებსა და პერსონალს  ერთდღიანი ტრენინგი ჩაუტარდებათ, ხოლო განთავსების ობიექტების ტექნიკურ პერსონალს – თეორიული და პრაქტიკული გადამზადების ოთხდღიანი კურსები .

ტრენინგები აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ორგანიზებით ხორციელდება.

ამავე თემაზე:

 არის თუ არა დაცული სახანძრო უსაფრთხოება ბათუმის დიდ სასტუმროებში

სასტუმროები ისევ სახანძრო უსაფრთხოების კონტროლის გარეშე

თემურ გაბაიძის დაღუპვიდან 14 თვე გავიდა, საბჭოს კი ექიმების პასუხისმგებლობაზე არ უმსჯელია

ჯანდაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს ჯერ არ განუხილავს თემურ გაბაიძის გარდაცვალების საქმეში ექიმების პასუხისმგებლობის საკითხი, მიუხედავად იმისა, რომ თემურ გაბაიძის ოჯახს სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტომ ჯერ კიდევ 2017 წლის ნოემბერში აცნობა, რა დარღვევები გამოიკვეთა პაციენტის სამედიცინო ისტორიაში.

სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ პროფესიული განვითარების საბჭო ნოემბრიდან დღემდე რამდენჯერმე შეიკრიბა, თუმცა ამ საკითხზე არ უმსჯელიათ. კითხვაზე, რატომ ჭიანურდება საკითხის განხილვა, პრესსამსახურში მოკლედ გვიპასუხეს, რომ „არ ჭიანურდება და საკითხი გავა საბჭოს უახლოეს სხდომაზე.“

რატომ არ განიხილა ნოემბრიდან დღემდე ჯანდაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭომ თემურ გაბაიძის გარდაცვალების საქმეში ექიმების პასუხისმგებლობის საკითხი? – ეს შეკითხვა „ბათუმელებმა“ ჯანადაცვის მინისტრს, დავით სერგეენკოს 2 მარტს დაუსვა. მაშინ მინისტრმა თქვა, რომ „ყველაზე ცოტა, მინიმალური ვადა, რაც სჭირდება სამინისტროს შესწავლისთვის, არის თვე-ნახევარი“.

თემურ გაბაიძე 2017 წელს კუროტ „გოდერძიზე“ დაშავდა და რამდენიმე დღის შემდეგ ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. მისი სამედიცინო ისტორია საქართველოს სამედიცინო საქმიანობის სააგენტომ გარდაცვლილის ოჯახის მიმართვის საფუძველზე შეისწავლა და რამდენიმე დარღვევა დაადგინა.  მათ შორის:

  • სწორი დიაგნოზი დაისვა დაგვიანებით, ჩატარებული სამკურნალო ღონისძიებები კი არაადეკვატური იყო.
  • ოპერაციისას, ანესთეზიის დროს დაშვებული იყო შეცდომა და გამოყენებული იყო მინიმალურ დოზაზე ნაკლები პრეპარატი, ასევე ოპერაცია მიმდინარეობდა არასაკმარისი ანალგეზიის პირობებში.
  • არ ჩატარებულა ინფექციონისტის კონსულტაცია და ანტიკონვულსური (გვერდითი მოვლენები) თერაპია დაინიშნა არაადექვატური სქემით და ა.შ. 

პროფესიული განვითარების საბჭოს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ხელმძღვანელობს. საბჭოს წევრები არიან მინისტრის მოადგილეები, დარგის სპეციალისტები და მოწვეული ექსპერტები. საბჭოს წევრია აჭარის ჯანდაცვის მინისტრიც.

ამავე თემაზე: 

გაბაიძის გარდაცვალების საქმეში „ევექსის“ ექიმების პასუხისმგებლობაზე საბჭოს არ უმსჯელია 

ევექსის ექიმების პასუხისმგებლობა თემურ გაბაიძის გარდაცვალების საქმეში – სააგენტოს დასკვნა  

სექსმუშაკი ბათუმიდან: პოლიციის უფროსმა დახმარების ნაცვლად კაბინეტში სექსი შემომთავაზა

“გამარჯობა, მე ნინო ვარ, სექსმუშაკი. თუმცა ჩვენ ადამიანებად არ გვთვლიან…” – ასე დაიწყო საკუთარი ისტორიის მოყოლა ერთ-ერთმა სექსმუშაკმა საიას მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე ბათუმში. შეხვედრის თემაა მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა სექსმუშაკი და წამალდამოკიდებული ქალებისთვის.

“სექსმუშაკების დიდი ნაწილი ნაადრევ ქორწინებაში იმყოფებოდა და ძალადობის მსხვერპლი გახდა,” – განაგრძო ნინომ. იგი ბოლო 18 წელია ბათუმში სექსინდუსტრიაში მუშაობს. ნინო 15 წლის გათხოვდა ბორჯომში და 10 წლის შემდეგ ქმარს გაშორდა.

“ხშირად ვიყავი ქმრისგან ძალადობის მსხვერპლი… საბოლოოდ გაშორება ვარჩიე, ჩემი ორი შვილი მშობლებს დავუტოვე და სავაჭროდ თურქეთში წავედი,” – გვიყვება ნინო. – „თურქეთში ქართველი ბიჭებისგან გავხდი ტრეფიკინგის მსხვერპლი, ოთახში გამომკეტეს და მითხრეს, რომ კლიენტები უნდა მიმეღო, ფულს კი თვითონ აიღებდნენ. დამაშანტაჟეს, თუ რამეს იტყვი, შენს ამბავს ოჯახის წევრებს და შვილებს გავაგებინებთო.

მონობას მალე დავაღწიე თავი – სასტუმროს უფროსს მოვეწონე და ის დამეხმარა… უკან, ოჯახში ვეღარ დავბრუნდებოდი. ბათუმში დავრჩი და აქ დავიწყე სექსმუშაკად მუშაობა.”

ნინოს თქმით, ადრეც და ახლაც იგი არაერთხელ გახდა პოლიციელებისგან ძალადობის მსხვერპლი. “ბათუმელებთან” გასაუბრების დროს ნინომ თქვა, რომ პოლიციელები ადრეც და ახლაც აიძულებენ სექსმუშაკებს უფასო სექსუალურ მომსახურებას, ხოლო კლიენტებისგან ძალადობის შემთხვევას თითქმის არასდროს არ მოჰყოლია შესაბამისი რეაგირება.

“ერთხელ კლიენტმა მობილიური ტელეფონი მომპარა და პოლიციას მივმართე. ბათუმის პოლიციის მეორე განყოფილების უფროსმა საკუთარ კაბინეტში შამპანური და სექსი შემომთავაზა დახმარების ნაცვლად… უარი ვუთხარი. მერე აღმოჩნდა, რომ აქეთ მომედავა გამოძიება ჩვენების შეცვლისთვის. საბოლოოდ ოთხწლიანი პირობითი მოვიხადე ამ საქმეზე. საპროცესოთი ძლივს დავაღწიე თავი პროკურატურას. ეს, სადღაც, 5-6 წლის წინ იყო. მაგის მერე დავიფიცე, რომ პოლიციას აღარასოდეს დავურეკავდი. ვიცი, რომ ჩემი თავი მე თვითონ უნდა დავიცვა… ის პოლიციის უფროსი გაუთავისუფლებიათ, მერე გავიგე. რატომ, არ ვიცი. ჩემს საქმეზე, რა თქმა უნდა, არა”.

ნინო ამბობს, რომ არასრულწლოვან გოგონებსაც ხშირად რთავენ პროსტიტუციაში.

“ბოლოს ერთ ბიჭს ჰყავდა ბათუმში ჩამოყვანილი სამი გოგო და ამუშავებდა. მე ერთ-ერთი გოგო გავიცანი. დახმარება შევთავაზე, მაგრამ უარი მითხრა, შეშინებული იყო. მეორე დღეს ის გოგო აღარ გამოჩენილა,” – გვითხრა ნინომ.

შეხვედრაზე მყოფმა კიდევ ერთმა სექსმუშაკმა თქვა, რომ მას პოლიცია თბილისში თანამშრომლობას აიძულებდა. მისი თქმით, სექსმუშაკი, რომელიც პოლიციელს თანამშრომლობაზე ან სექსუალურ მომსახურებაზე უარს ეუბნება, სჯიან ადმინისტრაციული წესით –  პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით.

“ბოლოს რამდენიმე თვის წინ დამაჯარიმეს 500 ლარით,” – უთხრა ლიკამ “ბათუმელებს”. იგი ბოლო 11 წელია თბილისში სექსმუშაკად მუშაობს.

“წერეთელზე ვიდექი და მოვიდა სამი პოლიციელი. რადგან თანამშრომლობაზე უარი ვუთხარი, მითხრეს, რომ იქ დგომის უფლება არ მქონდა. ვუთხარი, ჩემს საქმეზე ვდგავარ, ტრანსპორტს ველოდები-მეთქი… საბოლოოდ დამაკავეს და განყოფილებაში წამიყვანეს. სასამართლომ საქმე განიხილა. მე ადვოკატი არ მყოლია. მითხრეს, არაა საჭირო და არც მილაპარაკია. უკვე ისეა, რომ არავინ გისმენს და აზრი არაფერს აქვს,” – ამბობს ლიკა.

სექსმუშაკების თქმით, პოლიციელები ანგარიშს ძირითადად უწევენ შსს-ს გენერალური ინსპექციისთვის მიმართვას.

“ახლა უკვე ბევრი ქალია “თანადგომაში” [არასამთავრობო ორგანიზაცია] და გავიგეთ, რომ უფლებების დაცვისთვის უნდა ვიბრძოლოთ. პოლიციელებს ვეუბნებით, რომ 126-ზე დავრეკავთ და ამაზე გიჟდებიან. გვაგინებენ და გვიყვირიან, გადაგაყლაპებთ მაგ ტელეფონსო… მაინც საბოლოოდ არავინ რეკავს 126-ზე, ყველას ეშინია და ფიქრობს, რომ იქ მეორე დღეს ვეღარ დადგება – პოლიცია გასაქანს არ მისცემს,” – გვიყვება ლიკა.

შეხვედრაზე მყოფმა ერთმა სექსმუშაკმა ასეთი შემთხვევა გაიხსენა:

“ვიდეოს უღებს ზოგი პოლიციელს და ეს ჭრის – გარბიან. ამას წინათ ერთი პოლიციელი მიხვდა, რომ უღებდნენ და იმ გოგოს ძალით წაუშალა ჩანაწერი. მერე ყველას წაგვართვეს ტელეფონები და შეამოწმეს, რამე ხომ არ გვქონდა გადაღებული”.

სექსმუშაკებს ვინაობის გამხელა არ სურთ. ამბობენ, რომ საზოგადოებისგან ისევ გრძნობენ აგრესიას, სტიგმას და ამ კუთხით არაფერი შეცვლილა:

“ისევ ჩვენი შვილები დაისჯებიან. მე ოთხი შვილი მყავს,” – დასძინა ლიკამ საუბრის ბოლოს და შეხვედრას დაუბრუნდა.

საიას მიერ ორგანიზებული შეხვედრა დახურულია. ამ შეხვედრაზე მომხსენებლები არიან სექსმუშაკები და წამალდამოკიდებული ქალები.

 

 

ბათუმში ელექტროავტობუსების მწარმოებელი ქარხნის მშენებლობა იგეგმება

აჭარის მთავრობის ვიზიტი ჩინეთის ქალაქ სიანიანში

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, ქალაქ ბათუმის მერთან ლაშა კომახიძესთან ერთად, 25-26 მარტს სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში იმყოფებოდა. ზურაბ პატარაძე და ლაშა კომახიძე ჰუბეის პროვინციის ქალაქ სიანიანის მუნიციპალური მთავრობის წევრებს შეხვდნენ. შეხვედრას სიანიანის მუნიციპალური მთავრობის მერი, მუნიციპალური პარტიის კომიტეტის მდივანი, მერის მოადგილე, მთავრობის მდივანი, სიანიანის საგარეო და საზღვარგარეთის საქმეთა ბიუროს დირექტორი, საავტომობილო ინდუსტრიის ოფისის დირექტორი და თავისუფალი სავაჭრო ზონის დირექტორი ესწრებოდნენ.

აჭარის მთავრობის ვიზიტი ჩინეთის ქალაქ სიანიანში
აჭარის მთავრობის ვიზიტი ჩინეთის ქალაქ სიანიანში

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ კმაყოფილება გამოთქვა, რომ ჩინეთ-საქართველოს შორის მრავალმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში შედგა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ვიზიტი ქ. სიანიანში, რომელიც ემსახურება ქვეყნებს შორის ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობების გაღრმავებას/განვითარებას. მხარეებმა ისაუბრეს ქვეყნებს შორის არსებულ თანამშრომლობაზე, მიმდინარე და სამომავლო პროექტებზე. გამოითქვა ამ ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისა და განვითარების სურვილი.

ქ. ბათუმსა და ქ. სიანიანს შორის თანამშრომლობის განვითარების შესახებ განზრახვის განაცხადს 2017 წლის 27 ნოემბერს მოეწერა ხელი.

ბათუმში ჩინურ-ქართული ელექტროავტომობილების ქარხნის მშენებლობა დაიგეგმა

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ სიანიანში ვიზიტის ფარგლებში მოლაპარაკებები შედგა რეგიონისათვის უმნიშვნელოვანესი პროექტის – ბათუმში ელექტროავტომობილების ქარხნის მშენებლობის შესახებ.

ბათუმში ჩინურ-ქართული ელექტროავტომობილების ქარხნის მშენებლობა დაიგეგმა
ბათუმში ჩინურ-ქართული ელექტროავტომობილების ქარხნის მშენებლობა დაიგეგმა

როგორც ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, აჭარის მთავრობა სრულ მზადყოფნას გამოხატავს ხელი შეუწყოს ქართულ-ჩინური პროექტის წარმატებულ საქმიანობას აჭარის რეგიონში. „ვფიქრობთ, ეს იქნება უცხოური ინვესტირების საუკეთესო მაგალითი, რომელიც რეგიონში ეკონომიკური პროფილის დივერსიფიცირებას და დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას უზრუნველყოფს. მაშინ, როცა გვაქვს პრეტენზია, ვიყოთ ტურისტული ცენტრი არა მხოლოდ ქვეყნის, არამედ შავის ზღვის რეგიონში, მსგავსი ინვესტიციის განხორციელება კიდე უფრო დიდ მნიშვნელობას შეიძენს დასაქმების, ეკონომიკის განვითარებისა და საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრების საქმეში”- აცხადებს ზურაბ პატარაძე.

 

ბათუმში ჩინურ-ქართული ელექტროავტომობილების ქარხნის მშენებლობა დაიგეგმა
ბათუმში ჩინურ-ქართული ელექტროავტომობილების ქარხნის მშენებლობა დაიგეგმა

უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებად აფასებს ქალაქ ბათუმისათვის ელექტროავტომობილების ქარხნის ამოქმედებას ბათუმის მერი ლაშა კომახიძე. მისი თქმით, ახალი ელექტრო ავტომობილების ქარხნის გახსნა საშუალებას მისცემს ურბანული ტრანსპორტის სისტემას გადავიდეს ალტერნატიული ენერგიის წყაროზე და გახდეს ეკოლოგიურად სუფთა. „ბათუმის მერიას დაწყებული აქვს სხვადასხვა პროექტის განხორციელება ამ მიმართულებით, ხოლო ბათუმში ავტოსაწარმოს ამოქმედება კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ურბანული ტრანსპორტის განვითარებასა და ავტოპარკის განახლების პროცესს“- აღნიშნავს ლაშა კომახიძე.

საავტომობილო კომპანიამ “სიანინგ ჯიუშოუმ” ავტობუსების წარმოება 1992 წელს დაიწყო. მის სახელს მინივენების და ელექტრო ავტომობილების გამოშვება უკავშირდება.

ბათუმში ჩინურ-ქართული ელექტროავტომობილების ქარხნის მშენებლობა დაიგეგმა
ბათუმში ჩინურ-ქართული ელექტროავტომობილების ქარხნის მშენებლობა დაიგეგმა
შეხვედრა სიანიანის თავისუფალი სავაჭრო სივრცის წარმომადგენლებთან

ზურაბ პატარაძემ და ლაშა კომახიძემ სიანიანში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში თავისუფალი სავაჭრო სივრცე დაათვალიერეს და მისი მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ.

სიანიანის თავისუფალ სავაჭრო სივრცეში სტუმრობისას საუბარი ციტრუსის, თხილის, თაფლის და ღვინის ექსპორტის საკითხებს შეეხო. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ქართული ღვინის პოპულარიზაციას ჩინეთში საგრძნობლად შეუწყო ხელი 2011 წელს პირველი ქართული ღვინის მაღაზია-რესტორნის გახსნამ ქ. ურუმჩიში, რომელიც ქალაქ ბათუმთანაა დამეგობრებული. ზურაბ პატარაძემ ასევე ხაზი გაუსვა ღვინის ინდუსტრიის განვითარებას, როგორც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას. განიხილეს ასევე ქალაქ სიანიანის თავისუფალ სავაჭრო სივრცეში აჭარის რეგიონისათვის სპეციალური კუთხის გამოყოფა, სადაც წარმოდგენილი იქნება ადგილობრივი წარმოების პროდუქცია.

შეხვედრა სიანიანის თავისუფალი სავაჭრო სივრცის წარმომადგენლებთან
შეხვედრა სიანიანის თავისუფალი სავაჭრო სივრცის წარმომადგენლებთან

აღსანიშნავია, რომ დღესდღეობით ქართული ღვინის ექსპორტი მსოფლიოს 53 ქვეყანაში ხორციელდება, მათ შორის ერთ-ერთ უმსხვილეს საექსპორტო ბაზარს სწორედ ჩინეთი წარმოადგენს. ამჟამად ჩინეთში 40-მდე ქართული ღვინის სალონი (სახლი/მაღაზია) მუშაობს და 2017 წელს ქართული ღვინის ექსპორტმა 7 მლნ. ბოთლს გადააჭარბა.

შეხვედრა სიანიანის თავისუფალი სავაჭრო სივრცის წარმომადგენლებთან
შეხვედრა სიანიანის თავისუფალი სავაჭრო სივრცის წარმომადგენლებთან

თავისუფალ ეკონომიკურ სივრცეში გამართულ შეხვედრას ჩინეთის მხრიდან სიანიანის მერის მოადგილე, თავისუფალი სავაჭრო ზონის დირექტორი და სასოფლო-სამეურნეო პოდუქტების ექსპორტისა და იმპორტის ბიუროს ხელმძღვანელი ესწრებოდნენ.

შეხვედრა სიანიანის თავისუფალი სავაჭრო სივრცის წარმომადგენლებთან
შეხვედრა სიანიანის თავისუფალი სავაჭრო სივრცის წარმომადგენლებთან

„ვისოლის“ შვილობილი კომპანია მოსაცდელებს ისე ამონტაჟებს, რომ ტროტუარები იკეტება 

„ვისოლ“ ჯგუფის შვილობილი კომპანია „ალმა“ ბათუმში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებზე, მოსაცდელებს ისე ამონტაჟებს, რომ ტროტუარები ზოგიერთ ადგილზე მთლიანად ჩაკეტილია. ამასთან, ახალი მოსაცდელები არაადაპტირებულია, მაშინ, როცა მერია სწორედ ადაპტირებული მოსაცდელების დადგმას გეგმავდა.

რატომ ჩაიკეტა ტროტუარები? იყო თუ არა ტროტუარების მოსაცდელებით ჩაკეტვა იმ პროექტით გათვალისწინებული, რომელიც ქალაქის მერიასთან შეთანხმდა? დარჩება თუ არა ტროტუარები ჩაკეტილი? ხომ არ გეგმავს მერია კონკრეტულ ადგილებში ჩაკეტილი ტროტუარების გაფართოებას? – ამ კითხვებით ბათუმის მერიას მივმართეთ.

მერიის პასუხებს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

რაც შეეხება არაადაპტირებულ მოსაცდელებს, ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ კომპანია გააფრთხილეს და ის უკვე დამონტაჟებულ მოსაცდელებს ადგილზე გადააკეთებს.

ამ ყველაფრის პარალელურად მერია კომპანიას იჯარის ხელშეკრულებას 10 წლით უგრძელებს.

„ვისოლ ჯგუფის“ შვილობილ კომპანია შპს „ალმას“ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სარეკლამო ბანერებზე, ბილბორდებსა და მონიტორებზე თავისი რეკლამის (საიმიჯო ვიზუალის) განსათავსებლად პროექტ „ჩექინ ჯორჯია 2018“-ის ფარგლებში, 500 ათასამდე ლარს გადაუხდის. რეკლამა რამდენიმე ქალაქში განთავსდება, სადაც „ალმა“ სარეკლამო სივრცეებს იჯარით ექსკლუზიურად ფლობს. მათ შორის ბათუმშიც.

ბათუმის შემთხვევაში მიწის ნაკვეთები საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებების მოსაწყობად იჯარით შპს „ფერტუნა მედიას“ 2015 წელს გადაეცა. საიჯარო ხელშეკრულებაში 2014 წელს ცვლილებები შევიდა, 2017 წლის მარტში კი, „ფერტუნა მედია“ შპს „ალმას“ შეერწყა.

ბათუმის მერიამ უკვე მიმართა საკრებულოს, რათა აღნიშნულ ხელშეკრულებაში მორიგი ცვლილება შევიდეს. ამ ცვლილებით მერია „ალმას“ საიჯარო ხელშეკრულების მოქმედების ვადას, 2035 წლის 31 დეკემბრამდე გაუგრძელებს. საკითხზე საკრებულო სავარაუდოდ 30 მარტს ჩანიშნულ სხდომაზე იმსჯელებს. კომპანიას ქალაქის ტერიტორიაზე იჯარით 100 ნაკვეთი აქვს გადაცემული.

საკრებულოს განკარგულების პროექტი
შპს „ალმას“ მიერ დამონტაჟებული მოსაცდელი ბათუმში
შპს „ალმას“ მიერ დამონტაჟებული მოსაცდელი ბათუმში
შპს „ალმა“ ამ ადგილზე მოსაცდელის დამონტაჟებას გეგმავს / ბათუმი
შპს „ალმას“ მიერ დამონტაჟებული მოსაცდელი ბათუმში
შპს „ალმა“ ამ ადგილზე მოსაცდელის დამონტაჟებას გეგმავს / ბათუმი
შპს „ალმა“ ამ ადგილზე მოსაცდელის დამონტაჟებას გეგმავს / ბათუმი
შპს „ალმას“ მიერ დამონტაჟებული არაადაპტირებული მოსაცდელი / ბათუმი
შპს „ალმას“ მიერ დამონტაჟებული არაადაპტირებული მოსაცდელი / ბათუმი

ავტოავარია პუშკინის ქუჩაზე

დღეს დილის 10 საათამდე პუშკინისა და მელიქიშვილის ქუჩებზე საცობი იყო. სწორედ ამ დროის ამ ქუჩების გადაკვეთაზე ორი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს. ავარიაში მოყოლილი პიკაპის ტიპის ავტომანქანა სახელმწიფო საკუთრებაა. რაც შეეხება მეორე – მერსედესის ტიპის ავტომანქანას, მას კერძო პირი მართავდა.

დაზიანებულია ორივე ავტომანქანა.

ავარიის ადგილზე არც საპატრულო პოლიცია იყო და არც სასწრაფო სამედიცინო ბრიგადა.

შესაბამისად, მხარეები თავად არკვევდნენ იმას, თუ ვისი ბრალეულობით იყო ავარია გამოწვეული.

 

 

აქ არ ახსოვთ, გზა როდის შეაკეთეს [ფოტოამბავი]

სოფელი თაგო ხულოს მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 1000 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს, დაბა ხულოდან 7 კილომეტრში. სოფელი გარე სამყაროს,  ძირითადად, საბაგირო გზით უკავშირდება. სოფლის შიდა გზები ცუდ მდგომარეობაშია. ადგილობრივებს არ ახსოვთ, ბოლოს როდის შეაკეთეს აქ გზა. საბაგიროთი გადაადგილდება სასწრაფო სამედიცინო პერსონალიც, როცა სოფლიდან გამოძახებაა.

ეკა ბარამიძის ფოტორეპორტაჟი სოფელ თაგოდან
თაგო. ეკა ბარამიძის ფოტო
თაგო. ეკა ბარამიძის ფოტო
თაგო. ეკა ბარამიძის ფოტო
თაგო. ეკა ბარამიძის ფოტო
თაგო. ეკა ბარამიძის ფოტო
თაგო. ეკა ბარამიძის ფოტო
თაგო. ეკა ბარამიძის ფოტო
თაგო. ეკა ბარამიძის ფოტო
თაგო. ეკა ბარამიძის ფოტო
თაგო. ეკა ბარამიძის ფოტო
თაგო. ეკა ბარამიძის ფოტო
თაგო. ეკა ბარამიძის ფოტო

90-იანელების გაცოცხლებული ბავშვობა თოჯინების თეატრში [ფოტო]

ბათუმის თოჯინებისა და მოზარდმაყურებელთა თეატრში გადაწყვიტეს ქალაქის მცხოვრებლებს ბავშვობა დაუბრუნონ და თეატრის მეორე სართულზე 20-25 წლის წინანდელი, დიდი ხნის გადანახული და და მოქმედი თოჯინების გამოფენა ერთად მოაწყვეს.

თუკი თქვენი ბავშვობა 80-90-იან წლებს დაემთხვა და ბათუმის თოჯინების თეატრის სპექტაკლები გინახავთ, ამ პერსონაჟებიდან რომელიმე მაინც გეხსომებათ: პატარა უფლისწული და კონკიას დედინაცვალი, ნიანგი, ჩიბურაშკა ბომბორა და სხვა უამრავი.

თოჯინების თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა გადაწყვიტა, წარსულისა და მომავლის შემაერთებელი ჯაჭვის სიმბოლოდ ძველი თოჯინები გამოეფინა.

აქვე, თეატრის პირველ სართულზეა გამოფენილი „ოქროს წიწილას”, „პატარა უფლისწულის”, „იდუმალი ჰიპოპოტამის”  1985, 1989 და 1993 წლების ძველი აფიშები, რომლებიც შეიძლება ასევე გეცნოთ:

ბათუმში თოჯინების თეატრის ისტორია XX საუკუნის 30-იანი წლებიდან იწყება. თავიდან ,,ტიკინების თეატრის“ სახელწოდებით 1936 წელს გაიხსნა, მანამდე კი ბათუმში არსებობდა თოჯინების მოყვარულთა თვითმოქმედი თეატრი, რომლის ბაზაზეც შემდეგ ბათუმის თოჯინების პროფესიული თეატრი ჩამოყალიბდა

„ხეტიალა” – ერთ-ერთი ყველაზე ძველი სპექტაკლია, ამ გმირს ანცობისა და მხიარულების გამო კიცხავდნენ, ყოველთვის ვფიქრობდი, რას ერჩიან-მეთქი, მაგრამ მაშინ იდეოლოგია იყო ასეთი: ცელქობის გამო უნდა გესაყვედურა ბავშვებისთვის და თავიდანვე თოხნე და ბარეო უნდა შთაგეგონებინა” – გვეუბნება ბათუმის თოჯინების თეატრის რეჟისორი და კონსულტანტი თამაზ ბოლქვაძე, თან „ხეტიალას” გმირს გვიჩვენებს, რომელსაც მალე შეაკეთებენ და თეატრის თოჯინების გამოფენაზე ღირსეულ ადგილს მიუჩენენ.

ბათუმის თოჯინების თეატრის რეჟისორი და კონსულტანტი თამაზ ბოლქვაძე, თეატრის თოჯინასთან, „ხეტიალასთან” ერთად
 [red_box]როგორ ცოცხლდებიან თოჯინები[/red_box]

სცენარის მიხედვით იქმნება ესკიზები, რეჟისორი წარმოადგენს თავის კონცეფციას, სცენოგრაფი მარინე ფრანგიშვილი აკეთებს ესკიზებს, ითვალისწინებენ მუსიკას, განათებას და ბევრ სხვა დეტალს. მხატვარს აქვს საკუთარი ხედვა, შემდეგ ესკიზს ეცნობიან სახელოსნოში და მხატვარ-მძერწავები – მერი დარცმელიძე და თამარ კახიძე პერსონაჟების გაცოცხლებას იწყებენ, აი ასე:

მერი დარცმელიძე და თამარ კახიძე – ბათუმის თოჯინების თეატრის მხატვარ-მძერწავები თოჯინების დამზადების პროცესში

მერი დარცმელიძე გვეუბნება, რომ მისი თოჯინების ყველაზე კარგი ტესტი ბავშვების რეაქციებია და სპექტაკლის მსვლელობისას ყოველთვის აკვირდება მათ ემოციებს, გმირების გამოჩენისას.

თამარ კახიძე პრეტენზიულ პერსონაჟს, კონკიას დედინაცვალს იხსენებს, რომელიც ყველაზე რთულად შესაქმნელი და შესამოსი აღმოჩნდა მისთვის. თამარი ამბობს, რომ თოჯინის შესაქმნელად ყველაზე ცოტა 10 დღე მაინცაა საჭირო მხატვარ-მძერწავებისთვის.

ამ ნახევრად დამზადებული თოჯინებისგან რომელი ახალი პერსონაჟები ჩაიფიქრეს, ჯერ არ ვიცით. მხატვრები ამას არ გვიმხელენ, თუმცა ყველა მათგანის გასწვრივაა ესკიზი, როგორებადაც ისინი საბოლოოდ უნდა იქცნენ. ცალ-ცალკე დევს მომავალი თოჯინების ხელის მტევნები, სამოსი და ბევრი სხვა წვრილი დეტალი.

მას შემდეგ, რაც თოჯინები დამზადდება და მასალა კარგად გაშრება, მათ შემოსვაზე მკერავი ლეილა რუხაძე იწყებს ზრუნვას. 19 წელია თოჯინებს მოსავს და ბოლოს სპექტაკლებს შვილიშვილებთან ერთად ესწრება.

ფოტოზე ლეილა რუხაძე სტაჟიორ შორენა ბერიძესთან ერთადაა, რომელიც ეს-ესაა ბათუმის თოჯინების თეატრის გუნდს შემოუერთდა და შესაძლოა მის სამუშაო ადგილადაც საბოლოოდ თოჯინების თეატრი იქცეს.

თეატრის სახელოსნოში მუდმივად შემოქმედებითი ქაოსია, აქ ცდილობენ ბავშვის თვალებით დაინახონ სამყარო და ყოველთვის რომელიღაც ახალი პერსონაჟი იბადება. გრძელდება ზღაპრების გაცოცხლების უწყვეტი პროცესი, რომელიც 37 წლის წინ დაიწყო.

ბათუმელი მუსლიმი: სუს-ის თანამშრომლები გვითვალთვალებენ და ფოტოებს გვიღებენ

„სპეცდანიშნულების და სუს-ის თანამშრომლები პარასკევის ლოცვის დროს გვითვალთვალებენ და ფოტოებს გვიღებენ,“ – ამბობს ერთ-ერთი მუსლიმი, რომელიც ყოველ პარასკევს ბათუმის მეჩეთში ლოცვას ესწრება. პარასკეობით მლოცველებით ივსება მეჩეთის შენობა და ეზო, რის გამოც ზოგიერთი მუსლიმი ქუჩაში ლოცულობს.

მუსლიმმა პირმა, რომელმაც ითხოვა, რომ მისი ვინაობა არ დავასახელოთ, „ბათუმელებს“ რამდენიმე პარასკევს გადაღებული ფოტო და ვიდეომასალა მიაწოდა. გადაღებულ მასალაში ჩანს, რომ სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილი სხვადასხვა პირი მეჩეთის შესასვლელთან, ქუჩაში მლოცველ მუსლიმებს ფოტოებს უღებს.

„თავდაპირველად, პარასკეობით რეგულარულად დადიოდა ერთი პირი. ერთხელ დააფიქსირა, რომ მეც ვუღებდი მას ფოტოს და ხელი ამიქნია. მერე გავიგე, რომ ეს ვინმე იშხნელიძე იყო სუს-იდან. მერე სხვა პირი გამოჩნდა და ის დადიოდა. „იმამიჩს“ ეძახიან მაგასო, ასე თქვეს. მამა ყოლია იმამი და ისიც სპეცსამსახურიდან იყო. მაგის მერე პოლიციის თანამშრომელი დადის მე-3 განყოფილებიდან და ის გვიღებს ფოტოებს,“ – გვითხრა მუსლიმმა პირმა.

მუსლიმი მორწმუნის აზრით, ლოცვის დროს ფოტოების გადაღების მიზანი თვალთვალი არ არის და კონტროლის ამ ფორმას ხელისუფლება მეჩეთში მლოცველების შესამცირებლად მიმართავს:

„ჩემი აზრით, მათ უნდათ, რომ ვიგრძნოთ, როგორ გვიღებენ. შედეგიც მიიღეს – ბოლო დროს აღარ დადიან ის მუსლიმები სალოცავად, რომლებიც საჯარო სექტორში მუშაობენ. ხელისუფლებას უნდა აჩვენოს, რომ ახალი მეჩეთის აშენების საჭიროება არ არის. ფოტოების გადაღება ამ მიზანს ემსახურება.“

შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პოლიციის რომელიმე თანამშრომელი უღებს ფოტოებს მუსლიმებს ლოცვის დროს. „არანაირი მსგავსი პრაქტიკა არ არსებობს ბათუმის პოლიციაში, პოლიციის შენობაა იქვე, მეჩეთთან და იმ ტერიტორიაზე გადაადგილება უწევთ პოლიციელებს,“ – განმარტეს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში.

მუსლიმი თემი ახალი მეჩეთის აშენებას ბათუმში რამდენიმე წელია ითხოვს. ბათუმის ყოფილმა მერმა, გია ერმაკოვმა, არ გასცა ნებართვა ახალი მეჩეთის აგებაზე იმ ადგილას, რომელიც მუსლიმმა თემმა შეისყიდა. საქმეს ამჯერად ბათუმის საქალაქო სასამართლო განიხილავს, თუმცა 20 თებერვალს მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ სხდომა ბათუმის მერიის მოთხოვნით გადადო. მერიის წარმომადგენელმა მოსამართლეს უთხრა, რომ ერთი თვის ვადაში მოლაპარაკებას გამართავდა მუსლიმ თემთან.

ბათუმის მერი, ლაშა კომახიძე, ამ დრომდე მუსლიმ თემს არ შეხვედრია.

მუსლიმი მორწმუნის თქმით, ფოტოებს თავდაპირველად პარასკევის ლოცვაზე სუს-ის თანამშრომელი იღებდა.
მუსლიმი მორწმუნის თქმით, ეს პირიც ფოტოებს უღებდა მუსლიმ თემს ლოცვის დროს.
მორწმუნე ამბობს, რომ ბოლო დროს პარასკეობით მათ ეს პირი უღებს ფოტოებს რეგულარულად. მისი თქმით, ამ დრომდე ფოტოებს ეს პოლიციელი იღებს.

ვის შეუწყდება წყლის მიწოდება ხვალ ბათუმში

დადიანის ქუჩაზე, ახლად შექმნილი წყალმომარაგების ქსელის ტესტირების მიზნით, „ბათუმის წყლის“ კონტრაქტორი კომპანია ტექნიკური სამუშაოების შესრულებას გეგმავს. ამის გამო ხვალ, 27 მარტს, 09:00 საათიდან 18:00 საათამდე, წყალმომარაგების მიწოდება შეუწყდება დადიანის ქუჩას: სერგი მესხისა და ერისთავის ქუჩების მონაკვეთში.

„ბათუმის წყლის“ განმარტებით,  წყალმომარაგების შეზღუდვის არეალში მცხოვრებ აბონენტებს ინფორმაცია SMS შეტყობინების სახით უკვე მიაწოდეს. აბონენტებს სამუშაოებთან დაკავშირებით, დამატებითი ინფორმაციის მიღება შეუძლიათ კომპანიის ცხელი ხაზის ნომერზე: (0422) 242222, ან 1152

 

 

კერძო კომპანიას 500 000 ლარს „ჩექინ ჯორჯიას“ ფარგლებში ექსკლუზიურად გადაუხდიან

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია რეკლამის (საიმიჯო ვიზუალის) სარეკლამო ბანერებზე, ბილბორდებსა და მონიტორებზე განსათავსებლად, შპს „ალმას“, პროექტ „ჩექინ ჯორჯია 2018“-ის ფარგლებში, 500 ათასამდე ლარს გადაუხდის.

„ალმას“ 100% წილის მფლობელი, რეესტრის დოკუმენტების მიხედვით, არის კომპანია [Global Investors Limited], რომელიც მალტაშია დარეგისტრირებული. სარეკლამო კომპანია „ალმა“ „ვისოლ ჯგუფის“ შვილობილი ბრენდების ჩამონათვალშია.

„ჩექინ ჯორჯია 2018“-ის ფარგლებში რეკლამები ქალაქ ბათუმშიც განთავსდება, იმ სარეკლამო ფართობზე, რაც „ალმას“ იჯარით აქვს აღებული.

შპს „ალმამ“, ორიოდე კვირის წინ, ბათუმის მერიასთან შეთანხმებული ესკიზისგან განსხვავებული არაადაპტირებული მოსაცდელების დამონტაჟება დაიწყო – კომპანია მერიამ გააფრთხილა და ადაპტირებული მოსაცდელების ქალაქში განსათავსებლად ათდღიანი ვადა მისცა. მერიის ინფორმაციით, უკვე დამონტაჟებულ მოსაცდელებს კომპანია ადგილზე გადააკეთებს.

ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ „ალმას“ სარეკლამო სივრცეებში რეკლამის განთავსება „ხელს შეუწყობს პროექტის პოპულარიზაციას. მოსახლეობის ინფორმირებისა და მათთვის აუცილებელი და საინტერესო ინფორმაციის მარტივად მიწოდების მიზნით, საჭიროდ მიგვაჩნია აღნიშნული შესყიდვის განხორციელება. ქ. თბილისის, თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ტერიტორიის, ქ. ზუგდიდის, ქუთაისის, და ბათუმის [გარკვეულ] ტერიტორიაზე ბანერებსა და მონიტორებზე რეკლამის განთავსების ექსკლუზიური უფლება გააჩნია შპს „ალმას“.

სააგენტოს ინფორმაციით, ყველა ზემოთ აღნიშნულ ქალაქში მათ მიერ შერჩეულ სარეკლამო სივრცეებს შპს „ალმა“ ფლობს.

ბათუმის შემთხვევაში მიწის ნაკვეთები საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებების მოსაწყობად, იჯარით, შპს „ფერტუნა მედიას“ 2015 წელს გადაეცა. საიჯარო ხელშეკრულებაში 2014 წელს ცვლილებები შევიდა, 2017 წლის მარტში კი, „ფერტუნა მედია“ შპს „ალმას“ შეერწყა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია რეკლამის განთავსებას ბათუმში შემდეგ ადგილებში გეგმავს:

[checklist]

  • შ. ხიმშიაშვილის ქუჩა, სასტუმრო „მარინას“ მიმდებარედ;
  • გოგებაშვილის ქუჩა (ეკლესიასთან);
  • ზ. გორგილაძის ქ.#36-ის მიმდებარედ;
  • რუსთაველის ქ. #57-ის მიმდებარედ – საზღვაო აკადემიასთან;
  • მაიაკოვსკის ქ. #3ა-ს მიმდებარედ;

[/checklist]

ასევე ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე, სადაც „ალმას“ რეკლამის განთავსების ექსკლუზიური უფლება აქვს:

[checklist]

  • ბარგის ზონა;
  • ჩამოფრენის არეა.

[/checklist]

„რაც შეეხება მისამართის შერჩევის პრინციპს, აღნიშნული ტერიტორიები გახლავთ ხალხმრავალი. გარდა ამისა, აქ გახლავთ ინტენსიური მოძრაობა. აღნიშნული ბანერის მეშვეობით მოსახლეობა და უცხოელი ტურისტები ამომწურავ ინფორმაციას მიიღეენ  სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებებთან დაკავშირებით“, – აცხადებენ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში.

რაც შეეხება ფასს [500 000 ლარი], სააგენტოში აცხადებენ, რომ „შესყიდვის სავარაუდო ღირებულება განისაზღვრება შპს „ალმას“ მიერ მოწოდებული ფასების შესაბამისად“.

ხელშეკრულების შესრულებისა და მოქმედების ვადებთან დაკავშირებით კი, სააგენტოს ინფორმაციით, „ხელშეკრულების დადებიდან 5 თვის მანძილზე, მაგრამ არაუგვიანეს 2018 წლის 31 დეკემბრისა, აღნიშნული რეკლამა განთავსებულ იქნა ქვეყნის მასშტაბით შერჩეულ ბანერებზე, ბილბორდებზე და მონიტორებზე. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრება 2019 წლის 31 იანვრამდე“.

„ალმასგან“ მომსახურების ექსკლუზიურად შესყიდვაზე თანხმობა ან უარი შესყიდვების სააგენტომ ტურიზმის ადმინისტრაციას 2018 წლის 29 მარტამდე უნდა გასცეს.

ოთხი ბათუმელი მოსწავლე ერთი წლით ამერიკაში ისწავლის – FLEX-ის გაცვლითი პროგრამა 

ოთხმა ბათუმელმა მოზარდმა ცოტა ხნის წინ შეიტყო, რომ ისინი შემდეგ სასწავლო წელს ამერიკულ სკოლებში ისწავლიან. ერთ-ერთი მათგანი ლანა თურმანიძე სკოლა „ნიკეს“ მეათე კლასში სწავლობს. ის აშშ-ის გაცვლითი პროგრამის – FLEX-ის წლევანდელი გამარჯვებულია. ლანას მსგავსად, შემდეგ წელს ბათუმიდან კიდევ ორი გოგონა და ერთ ბიჭი ისწავლის ამერიკულ სკოლაში.

ლანა ამბობს, რომ პროგრამაში მონაწილეობა უკვე მეორედ სცადა:„ამერიკაში წასვლა იმიტომ მინდა, რომ გავეცნო დასავლურ კულტურას. მაინტერესებს ის, რაც ვიცი შორიდან ამერიკის შესახებ, არის თუ არა ნამდვილად ისე, რაც მსმენია, წამიკითხავს ან ფილმებში მინახავს. მინდა, უმაღლესი განათლებაც ამერიკაში მივიღო. ის სპეციალობა – ბიოინჟინერია, რაც მე მაინტერესებს, ქართულ უნივერსიტეტებში არ ისწავლება. ბიოლოგია მიყვარს და ბიოინჟინერია მაინტერესებს. გარდა ამისა, ეს სპეციალობა არის პერსპექტიული, ანაზღაურებადი და საინტერესო“.

როგორ ფიქრობთ, რატომ აგირჩიეს? – ვეკითხებით ლანას.  „პირველ ჯერზე უფრო ნაკლებად გულწრფელი და უფრო შებოჭილი ვიყავი. მეგონა რაღაც შაბლონები არსებობდა, რისი მიხედვითაც უნდა მეპასუხა. თუმცა წელს უფრო გახსნილი და გულწრფელი ვიყავი და საკუთარი თავი უკეთ წარმოვაჩინე,“ – გვეუბნება ლანა.

ამბობს, რომ ბიოლოგიის გარდა აინტერესებს მუსიკა, ხატვა და სპორტი ნაკლებად. „ფლექსის გარდა, ვფიქრობ, ჩემთვის მნიშვნელოვანი წარმატება იყო თურქეთში, ამერიკულ ბანაკში ყოფნა. იმედი მაქვს, რომ  ამერიკაში ცხოვრებაც საინტერესო იქნება,“ – ამბობს ის.

ლანა თურმანიძე

ელენე იმნაიშვილიც „ფლექსის“ გამარჯვებულია. ის ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ მეათე კლასში სწავლობს. ამბობს, რომ ეს ყველაზე პოპულარული გაცვლითი პროგრამაა ახალგაზრდებში და ბევრი თანატოლისგან მიიღო რეკომენდაცია, რომ ამ პროგრამაში მიეღო მონაწილეობა.

„წელს პირველად გავედი. მოლოდინი არ მქონდა, მაგრამ ვფიქრობ, ალღო ავუღე თითოეულ ტურს და ძალიან მიხარია, რომ ამირჩიეს. ვფიქრობ, საკმაოდ დიდ ყურადღებას აქცევენ კომუნიკაბელურობას, საერთო ენის გამონახვას განსხვავებულ კულტურებსა და ტრადიციებს შორის,“ – ამბობს ელენე.

ელენეს ჯერ პროფესია საბოლოოდ არ აურჩევია, თუმცა ყველაზე მეტად ქიმია და ბიოლოგია აინტერესებს.

ელენე იმნაიშვილი

ფლექსის მესამე გამარჯვებულიც სკოლა „პროგრესის“ მოსწავლეა. გოგი მამუჭაძე მეთერთმეტეკლასელია. ის პროგრამის გამარჯვებული მეორე მცდელობის შემდეგ გახდა. გოგის მიაჩნია, რომ ამ პროგრამაში მონაწილეობა მას გამოცდილებას შესძენს როგორც ადამიანებთან ურთიერთობაში, ასევე ახალი ინტერესების აღმოჩენაში.

„მომავალში კომპიუტერული მეცნიერებების შესწავლას ვაპირებ. არ მაქვს გადაწყვეტილი, უცხოეთში ვისწავლი თუ საქართველოში. ვფიქრობ, გადაწყვეტილების მიღებაში ამერიკაში ცხოვრებაც დამეხმარება,“ -ამბობს გოგი.

მისი აზრით, პროგრამაში გამარჯვებისთვის მნიშვნელოვანია აქტიურობა და კომუნიკაბელურობა.

„გასულ წელს ერთი კვირით ვიმყოფებოდი სტრასბურგში, ევროპარლამენტში. ეს იყო ყველაზე ხანგრძლივი ცხოვრება უცხოეთში დამოუკიდებლად. ვფიქრობ, ამერიკაში ცხოვრების ერთი წელი კიდევ უფრო მეტ დამოუკიდებლობას მომცემს,“ – გვეუბნება გოგი.

გოგი მამუჭაძე

ფლექსის პროგრამის მეოთხე გამარჯვებული ბათუმის სასულიერო გიმნაზიის მოსწავლე ელენა თავართქილაძეა. მისი აზრით, პროგრამაში გამარჯვება იმან განაპირობა, რომ შეძლო ეჩვენებინა რამდენად დამოუკიდებელია.

„ამერიკაში ცხოვრება და სწავლა იმიტომ მაინტერესებს, რომ ვნახო რა განსხვავებაა ჩვენსა და ამერიკას შორის. გარდა ამისა, ვიცი, რომ ამერიკაში ძალიან განვითარებულია მოხალისეობრივი საქმიანობა და მინდა, რომ ამის გამოცდილებაც მივიღო,“ – გვეუბნება ელენა.

ელენას მომავალ პროფესიად ჟურნალისტიკა აქვს არჩეული. მოსწონს ფილმების ყურება და ფოტოგრაფია.

ის ყველაზე მნიშვნელოვან წარმატებად ამ პროგრამაში გამარჯვების გარდა მიიჩნევს „Write On!“-ს, სადაც მეორე ადგილი აიღო ქვეყნის მასშტაბით.

ელენა თავართქილაძე

ფლექსის პროგრამა ამერიკაში ერთწლიან სწავლას გულისხმობს. მოზარდები მომავალი სასწავლო წლიდან გაემგზავრებიან შეერთებულ შტატებში. პროგრამის მონაწილეები ამერიკულ ოჯახებში იცხოვრებენ ერთი წლის განმავლობაში, შემდეგ კი სამშობლოში დაბრუნდებიან.

 

არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის მცდელობა წითელ ხიდზე და სარფში

24-25 მარტს საბაჟო გამშვებ პუნქტებში – ,,წითელი ხიდი” და „სარფი“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანისა და საქართველოს მოქალაქეების: ნ.ს-ს, ნ.ჯ-ს, ზ.ა-სა  და მ.დ-ს კუთვნილი ხელბარგისა და ფიზიკური დათვალიერებისას არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს. საქონლის საერთო წონა 291,45 გრამი იყო, საერთო საბაჟო ღირებულებამ კი ჯამში 19,355.31 ლარი შეადგინა.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, სამართალდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, ჯამში, 19,355.31 ლარი შეეფარდათ.

რამდენ ხანს შენარჩუნდება მზიანი ამინდი ბათუმში

სინოპტიკოსები 30 მარტამდე ბათუმში მზიანი ამინდის შენარჩუნებას ელიან. აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, ბათუმში პარასკევამდე კიდევ უფრო დათბება.

ჰაერის ტემპერატურა დღისით 13-18 გრადუსი, ღამით  – 7-12 გრადუსი იქნება. აჭარის მაღალმთიანეთში დღისით ჰაერი 15 გრადუსამდე გათბება, ღამით – 1-6 გრადუსი სითბო იქნება.

ზღვის წყალი უკვე 10 გრადუსამდე გათბა.

უახლოეს დღეებში სინოპტიკოსები არც ქარს ელიან. ქარის სიჩქარე საშუალოდ 10 – 15 მეტრი წამშია ნავარაუდევი.

მთავარ ფოტოზე: ბათუმი, მანანა ქველიაშვილის ფოტო

როდის შეცვლიან არაადაპტირებულ მოსაცდელებს ბათუმში

ბათუმის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, შპს „ალმა“, რომელიც ბათუმში ადაპტირებულის ნაცვლად არაადაპტირებულ მოსაცდელებს ამონტაჟებდა, გააფრთხილეს და ადაპტირებული მოსაცდელების ქალაქში განსათავსებლად ათდღიანი ვადა მისცეს.  მერიის ინფორმაციით, უკვე დამონტაჟებულ მოსაცდელებს კომპანია ადგილზე გადააკეთებს. კომპანია არ დაუჯარიმებიათ.

ქალაქის მერიაში განმარტეს, რომ კომპანიამ მოვალეობის შესრულება უკვე დაიწყო და პირველი ადაპტირებული მოსაცდელი ბათუმში „თევზის ბაზრობის“ წინ განათავსა.

ბათუმის მერიასთან დადებული შეთანხმების შესაბამისად, შპს „ალმამ“ ბათუმის ქუჩებში შშმ პირებისთვის ადაპტირებული მოსაცდელების მონტაჟი ორი კვირის წინ დაიწყო. თუმცა უკვე დამონტაჟებული მოსაცდელები მერიისთვის გადაგზავნილი ესკიზისგან ბევრად განსხვავდება. როგორც „ბათუმელებმა“ აღმოაჩინა, კომპანიამ შეთანხმებულისგან განსხვავებული მოსაცდელების მონტაჟი დაიწყო. კონკრეტულად კი, დამონტაჟებულ მოსაცდელებს ღია შესასვლელი არ დაუტოვეს.

ახალდამონტაჟებულ მოსაცდელში შესვლა ნებისმიერი მოქალაქისთვის მოუხერხებელია. მოსაცდელში რომ შეხვიდე, ტროტუარიდან ავტომობილების სავალ ნაწილზე უნდა გადახვიდე.

ამავე თემაზე: კომპანია „ალმა“ ადაპტირებულის ნაცვლად ბათუმში არაადაპტირებულ მოსაცდელებს ამონტაჟებს

 

ახალი მოსაცდელი მელიქიშვილის ქუჩაზე
ფოტო: როინ გუნდაძე

როგორ მოვუაროთ ბაღის მცენარეებს გაზაფხულზე

იმისთვის, რომ თქვენი ბაღი ლამაზად გამოიყურებოდეს, ბაღში მუშაობა ადრე გაზაფხულზე უნდა დაიწყოთ. ყვავილოვანი მცენარეები თავიანთი სასიცოცხლო ფორმის მიხედვით არიან ერთწლოვანი, ორწლოვანი და მრავალწლოვანი. თუ გსურთ ლამაზი ბაღი გქონდეთ, მნიშვნელოვანია მათ სწორად  მოვლა-პატრონობაზე იზრუნოთ.

გაზაფხულზე, პირველ რიგში, რა სამუშაოები უნდა ჩატარდეს ბაღში, ვკითხეთ ბათუმის ბოტანიკური ბაღის ლანდშაფტური განაშენიანებისა და მეყვავილეობის დეპარტამენტის ხელმძღვანელს მარინე თათარიშვილს.

გთავაზობთ მის რჩევებს:

გაზაფხულზე ბაღში ძირითადი სამუშაოა გადაბარვა. თუ ხე-მცენარეა, მათ ირგვლივ შემოფხვიერება და მსუბუქად გადაბარვა. ასევე ნიადაგის გამოკვება სასუქებით. თუ გასასხლავია, გასხვლა, ფორმირება და ხმელი ტოტების მოცილება.

თუ მრავალწლოვნების ნაკვეთში ვასრულებთ სამუშაოებს, პირველ რიგში, ვიწყებთ მათ გაწმენდას ხმელი ფოთლებისაგან. მცენარეების გაწმენდის შემდეგ ძირებს ვუფხვიერებთ. პარალელურ რეჟიმში უნდა გამოვკვებოთ როგორც ორგანული, ასევე მინერალური სასუქით. მინერალური სასუქიდან მაგალითად აზოტოვანი სასუქი შეგვაქვს. ოღონდ აქ ფრთხილად უნდა ვიყოთ, თუ წვიმიან დღეს შეგვაქვს სასუქი, დოზები ისე უნდა იყოს, რომ არ დავწვათ მცენარე. ორგანულიდან შეგვაქვს გადამწვარი ნაკელი და ტორფი.

თუ ვარდების ბაღი გაქვთ, საჭიროა მისი სრულად გადაბარვა. გადაბარვამდე კი გასხვლა-ფორმირება სჭირდება მცენარეს. როდესაც გასხლავთ, სამი-ოთხი მუხლთშორისი უნდა დაუტოვოთ ვარდს, მეტი არაა საჭირო. თუ შიგნითა ბუჩქს აქვს ამოღებული ბევრი წვრილი, არასაჭირო ტოტები, ეს უნდა გამოვსხლათ და დავტოვოთ მხოლოდ სამი. რაც შეეხება ფორმას, თვითონ უნდა არეგულიროს მებაღემ როგორი ფორმა მისცეს. მთავარია, ერთმანეთში არ იყოს გადახლართული ტოტები.

იმისთვის, რომ გაზაფხულზე ლამაზი ბაღი გვქონდეს, შემოდგომიდან უნდა დავიწყოთ მზადება. ჰიბრიდული ტიტა და სუმბული, ეს ბოლქვოვნები შეიძლება დაირგოს ნოემბრის თვეში. თუ ნოემბერში ეს მცენარეები დარგეთ, ახლა საჭიროა შევიტანოთ ტორფი, ნიადაგი გავაფხვიეროთ და  გამოვკვებოთ ტერიტორია.

 

 

 

 

 

 

ბრიტანელი ქალები დიეტის წინააღმდეგ

Anti Diet Riot Club-ი  დიეტის წინააღმდეგ მიმართული ინგლისური კამპანიაა,  რომელიც დიეტის კულტურას ებრძვის და  სხეულით უკმაყოფილო ადამიანებს თავიანთი გარეგნობის დადებითად და რეალურად აღქმაში ეხმარება.

ქრონიკული დიეტების მიმდევრებს შორის ხშირად არიან ადამიანები, რომლებსაც რეალურად არ აწუხებთ კილოგრამები, თუმცა პრობლემად მხოლოდ იმას მიიჩნევენ, რომ არ გვანან ცნობილ მსახიობებსა და ამა თუ იმ სარეკლამო სახეს.

დიეტის საწინააღმდეგო კამპანიაში ჩართვა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, თუმცა აქტიური წევრები ძირითადად 20-დან 30 წლამდე ქალები არიან.

მოძრაობის დამაარსებელი 28 წლის ბეკი იანგია, რომელიც მოზარდობიდან ებრძოდა სხეულსა და კვების არასწორ წესს. თუმცა მას შემდეგ, რაც საზოგადოება „BoPo“(body positivity)-ში გაერთიანდა, ცდილობს პროპაგანდა გაუწიოს იდეას, რომ ყველას შეუძლია თავი იგრძნოს ბედნიერად სხეულის წონის, ზომის, თმის, კანის ფერისა თუ სხვა გარეგნული მახასიათებლის მიუხედავად. ეს საზოგადოება თავდაპირველად ინტერნეტში არსებობდა. მისი წევრების რაოდენობა ბოლოს ისე გაიზარდა, რომ საჭიროდ მიიჩნიეს ვირტუალური ჯგუფის წევრებს რეალურად მოეწყოთ შეხვედრები.

დიეტის საწინააღმდეგო მოძრაობის წევრები თვეში ერთხელ იკრიბებიან. კლუბის დამაარსებელი, ბეკი იანგი Guardian-თან საუბრისას აღნიშნავს, რომ დიეტების დამთრგუნველი კულტურის საწინააღმდეგოდ აუცილებლად უნდა არსებობდეს მსგავსი ჯგუფები, სადაც განიხილავენ საკუთარი სხეულის მიღების მნიშვნელობას და აუცილებლობას, მით უფრო, რომ დიეტის აუცილებლობა ხშირადაა ხაზგასმული ადამიანების ყოველდღიურ სამოქმედო გარემოში: სამუშაო პროცესსა და მეგობრულ შეკრებებზეც კი.

კლუბის წევრები 10-პუნქტიან სამომავლო მანიფესტზეც მუშაობენ, რომლის გზავნილიც დიეტის ფინანსურად მომგებიანი, უსარგებლო ინდუსტრიის წინააღმდეგ იქნება მიმართული და ადამიანებს საკუთარი სხეულის მიღებაში დაეხმარება.

წყარო: Guardian

მოწმე 20 წლის წინანდელ ყაჩაღობის ფაქტზე: აღარ მახსოვს, რისი მოწმე ვარ

„აღარ მახსოვს, რისი მოწმე ვარ. არც ის მახსოვს, რომ ჩვენება მივეცი გამოძიებას,“ – უთხრა მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილს მოწმის სახით დაბარებულმა ნინო დუმბაძემ. ჯგუფური ყაჩაღობის შემთხვევა, რომელიც ბათუმში 20 წლის წინ მოხდა, ბათუმის საქალაქო სასამართლოში ახლა განიხილება.

გამოძიების ვერსიით, სამმა შეიარაღებულმა პირმა ლუდმილა და ვალერი ბლაგოვეშინსკების ოჯახი 1998 წლის 14 მაისს, დილის 5 საათზე დააყაჩაღა. წაღებულია 200 ამერიკული დოლარი და ოქროს ნივთები. თავდამსხმელებს ნიღბები და ხელთათმანები ეკეთათ.

გამოძიებამ 20 წლის წინ ამ საქმეზე რამდენიმე მოწმე დაკითხა და საბოლოოდ საქმე თაროზე შემოდო.

ჯგუფური ყაჩაღობის საქმეზე ძიება 2015 წელს განახლებულა, მას შემდეგ, რაც კანონით სავალდებულო გახდა დაწყებული გამოძიების დასრულება. პროკურატურამ მხოლოდ ერთი სავარაუდო დამნაშავის იდენტიფიცირება შეძლო და მას ბრალიც წარუდგინა. ბრალდებული დავით ვ.-ს ადგილსამყოფელი არავინ იცის. ის იძებნება.

„ამ საქმეზე გამამართლებელ განაჩენს გამოიტანს მოსამართლე,“ – დარწმუნებულია ადვოკატი, ირაკლი პირველი. ამის იმედს მას აძლევს მოწმეები, რომლებსაც ამბავი აღარ ახსოვთ. „სხვა მტკიცებულება კი საქმეში არ არის,“ – დასძენს ადვოკატი.

სასამართლოში გამოცხადებულმა ერთ-ერთმა მოწმემ თქვა, რომ ქალი, რომელიც დააყაჩაღეს, უკვე გარდაიცვალა, მისი ქმარი კი, საქართველოდან წავიდა.

„აი, ჩვენება, რომელიც თქვენ მიეცით გამოძიებას. ეს ხომ არის თქვენი ხელმოწერა?“ – მიმართა მოწმე ნინო დუმბაძეს პროკურორმა ლევან მურვანიძემ და 20 წლის წინ გამომძიებელ ზაზა თურმანიძის მიერ შევსებული ჩვენება ააფრიალა.

„ხელმოწერა ჩემსას ჰგავს, კი,“ – თქვა მოწმემ, როცა ძველ ფურცლებს გადაავლო თვალი, მერე ჩაფიქრდა და მოსამართლეს მიმართა:

„მახსოვს ის ქალი… რაღაც ნივთებს ყიდდა და სუნამოებს. მოვიდოდა ოჯახში, დაგიტოვებდა, მერე ფულზე გამოივლიდა… ერთხელ ჩემი ძველი შუბა მივეცი, იქნებ გამიყიდო-მეთქი. მაგის ფული თუ დამიბრუნა, აღარ მახსოვს. ისეთი ქალი იყო, არც თვითონ შეირჩენდა და არც შენ შეგარჩენდა რამეს… ჭავჭავაძის და ლერმონტოვის კვეთაში რომ ცხრიანია, აი, იქ ცხოვრობდა“.

მოსამართლე: „თქვენ ამ საქმესთან შეხება არ გქონიათ. მეც გაკვირვებული ვარ, რატომ დაგიბარეს“.

სხდომის დასასრულს მოსამართლემ პროკურორს უთხრა: „იმედია, შემდეგ სხდომაზე მნიშვნელოვანი მოწმეების წარმოდგენას შეძლებთ“”.

„20 წლის წინ მეორე კურსის სტუდენტი ვიყავი,“ – დასძინა პროკურორმა, ვიდრე მოსამართლე სხდომის დარბაზს დატოვებდა.

 

ვინ ისარგებლებს ბათუმის მერიის დასაქმების ახალი პროგრამით

ბათუმში მოწყვლადი ჯგუფის წარმომადგენლებს ბათუმის მერია ახალი პროგრამის ფარგლებში რვა თვის განმავლობაში შრომის ანაზღაურების ნაწილს დაუფინანსებს.

„ეს არის ახალი პროგრამა, რომელშიც გარკვეული კატეგორიის სოციალურად დაუცველები და სხვა მოწყვლადი ჯგუფები გვეყოლება. მაგალითად, მარტოხელა დედები, მარჩენალდაკარგულები და სხვები. ჩვენ შევქმნით დასასაქმებელთა ბაზას, დამსაქმებელს თვეში ორას ლარს დაუმატებს მერია. თუ მოხდება ისე, რომ პროგრამის მონაწილეები თავს გამოიჩენენ და ისინი მოეწონება დამსაქმებელს, შესაძლოა მათ შეინარჩუნონ კიდეც ეს სამსახური“, – განმარტავს სოფიო მიქელაძე, მერიის ჯანდაცვის სამსახურის უფროსი.

დამსაქმებლის მიერ დანიშნული ანაზღაურებიდან მერიის თანამონაწილეობა იქნება არაუმეტეს 30 პროცენტამდე, თვეში 200 ლარის ოდენობით.

მერია პროგრამას დასაქმების სააგენტოსთან თანამშრომლობის ფარგლებში განახორციელებს. პროგრამის დაფინანსების თხოვნით ბათუმის მერიას მიმართა არასამთავრობო ორგანიზაციამ – „ვისწავლოთ და ვაკეთოთ ერთად“.

მერიაში არ აქვთ მოლოდინი, რომ პროგრამაში მონაწილეობის სურვილით მერიას ბევრი ბენეფიციარი მიმართავს, რადგან სოფიო მიქელაძის ინფორმაციით, მათ აქვთ შიში, რომ დასაქმება შეიძლება გახდეს სოციალური შემწეობის დაკარგვის მიზეზი.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, პროგრამის ბიუჯეტი და დეტალები ზუსტდება.

აჭარის მთავრობის შენობის გარემონტებაში 265 392 ლარი დაიხარჯება

ბათუმში, კომახიძის ქუჩაზე მდებარე სამთავრობო შენობის გარემონტებაში აჭარის მთავრობა ბიუჯეტიდან 265 392 ლარს დახარჯავს. სარემონტო სამუშაოები შენობაში დაწყებულია და კონტრაქტორ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, მიმდინარე წლის აპრილის ბოლოს უნდა დასრულდეს.

აჭარის მთავრობას ბათუმში, კომახიძის ქუჩაზე მდებარე შენობის კაპიტალური რემონტისა და რეკონსტრუქციისთვის აჭარის ბიუჯეტში 341 ათასი ლარი ჰქონდა  გათვალისწინებული. ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან კი ხელშეკრულება 265 555 ლარზე გასული წლის დეკემბერში გაფორმდა.

2018 წლის მარტში ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება და სახელშეკრულებო თანხა შემცირდა 162 ლარით. სამუშაოებს „დემე 2015“ ატარებს.

ბათუმში, მ. კომახიძის ქუჩაზე, 119-ში მდებარე აჭარის მთავრობის შენობაში სამი სამინისტროა განთავსებული: ფინანსთა და ეკონომიკის, სოფლის მეურნეობისა და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის.

სამინისტროები შენობაში რემონტის პარალელურად აგრძელებენ მუშაობას.

შენობის გარემონტებაზე გადაწყვეტილება აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სატენდერო კომისიამ 2017 წლის  25 ოქტომბერს მიიღო და ტენდერიც იმავე დღეს გამოაცხადა. კომისიას სამუშაოების შესყიდვის მოთხოვნით კი, ერთი დღით ადრე, სამინისტროს ადმინისტრაციულმა დეპარტამენტმა მიმართა. შესაბამისი პროექტი სამინისტრომ 2016 წელს შეისყიდა.

გიორგი ჩხარტიშვილი სტამბულის თასის პრიზიორია – ცხენოსნობა

ბათუმის საცხენოსნო კლუბის სპორტსმენმა, გიორგი ჩხარტიშვილმა, გუშინ, 25 მარტს, სტამბულში გამართულ შეჯიბრებაზე პირველი ადგილი დაიკავა.

კლუბის წარმომადგენლის, ბექა ხაბაძის თქმით, სტამბულის თასზე სპორტსმენები მხოლოდ თურქეთის მასშტაბით იყვნენ წარმოდგენილნი, საქართველო კი გამონაკლისი იყო და მხოლოდ გიორგი ჩხარტიშვილი მონაწილეობდა.

„გიორგი ჩხარტიშვილი წელს ამიერკავკასიის თასის მოპოვებასაც გეგმავს. ამიერკავკასიის თასის გათამაშება, ივლისშია დაგეგმილი თბილისის იპოდრომზე. აგვისტოში კი აზერბაიჯანში გაიმართება შეჯიბრი და გიორგი იქაც აპირებს მონაწილეობის მიღებას,“ – ამბობს ბექა ხაბაძე.

გიორგი ჩხარტიშვილი საერთაშორისო დონის პროფესიონალი სპორტსმენია.

ბათუმის საცხენოსნო კლუბი ბათუმის ბიუჯეტიდან ფინანსდება. სტამბულში გამართულ შეჯიბრში გიორგი ჩხარტიშვილის მონაწილეობა კი, როგორც კლუბში გვითხრეს, კერძო კომპანიამ დააფინანსა.

იყიდება ველოსიპედი

იყიდება 2017 წელს შეძენილი გერმანული წარმოების Cube-ის მარკის Aim PRO მოდელის ველოსიპედი იდეალურ მდგომარეობაში.

ყველა დოკუმენტაცია ინახება გამყიდველთან.

ფასი 1000 ლარი (შესაძლებელია ფასდაკლება).

ტელეფონი: 595225650, მალხაზი

ველოსიპედის დეტალური აღწერილობა იხილეთ მწარმოებელი კომპანიის ოფიციალურ გვერდზე:

https://www.cube.eu/products/mtb-hardtail/aim/cube-aim-pro-blackngreen-2016/

 

 

 

10 ვაკანსია ბათუმის ბულვარში

“ბათუმის ბულვარი” 10 ვაკანტურ პოზიციაზე ღია კონკურსს აცხადებს.

ორი ვაკანსია გამოცხადებულია ადმინისტრაციული სამსახურის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე, კიდევ ორი ვაკანსია –  გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის მეორე კატეგორიის უფროს სპეციალისტის პოზიციაზე. ერთი ვაკანსიაა გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე, სამი ვაკანსია – იურიდიული, ქონების მართვისა და მონიტორინგის სამსახურის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე.

ვაკანსიები ასევე გამოცხადებულია ადმინისტრაციული სამსახურის უფროსისა და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოადგილის პოზიციაზე.

 

ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის პოზიციაზე, თანამდებობრივი სარგო 2000 ლარია, მისი მოადგილის პოზიციაზე კი – 1800 ლარი. მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტების თანამდებობრივი სარგო 1200 ლარია, პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტისა კი – 1300 ლარი.

ვაკანსიებზე განაცხადებისს მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 2 აპრილი. დამატებითი დეტალების ნახვა შეგიძლიათ საჯარო სამსახურში გამოცხადებული ვაკანსიების ვებგვერდზე.

 

პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ვიცე-პრემიერ ქუმსიშვილის ბიზნესპარტნიორებს აფინანსებს

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში – „აწარმოე საქართველოში“ ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს კომპანია, რომლის მესაკუთრეები და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი ბიზნესპარტნიორები არიან. სააგენტოს დახმარებით განხორციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 11 560 000 ლარია.

ვიცე-პრემიერის ბიზნესპარტნიორების კომპანია „ტისუპეიპერს“ უკვე წელიწადნახევარია აფინანსებს მეწარმეობის განვითარების სააგენტო. ერთ-ერთი ევროპული ბანკის პროცენტს ამ კომპანიას სახელმწიფო, თანადაფინანსების სახით, კიდევ რვა თვის განმავლობაში დაუფინანსებს.

შპს „ტისუპეიპერის“ მიერ მაკულატურისა და ცელულოზის გადამამუშავებელი საწარმო, რომელიც ჰიგიენური ქაღალდების წარმოებასა და რეალიზაციაზეა ორიენტირებული, პროგრამის – „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, 2016 წლის ბოლოს გაიხსნა. საწარმო საზეიმოდ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა გახსნა.

„პროდუქცია ადგილობრივად დამზადდება… მომხმარებელს მაღალ ხარისხს და კონკურენტულ ფასებს შესთავაზებს. ამასთანავე, მაღალტექნოლოგიურ საწარმოში დამზადებული პროდუქციით, შპს „ტისუპეიპერი“  წარმატებით  გაუწევს კონკურენციას იმპორტიორ კომპანიებს“, – აცხადებდნენ მაშინ სააგენტო „აწარმოე საქართველოში“.

საწარმოს გახსნის დროს, კომპანია „ტისუპეიპერის“ მესაკუთრეები იყვნენ ზაზა ბუაძე [25%] და ირაკლი თევდორაშვილი [75%]. ირაკლი თევდორაშვილი მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის ოჯახის ახლობელია. ის მინისტრის მეუღლის, ნატალია თევდორაშვილის ბიძაშვილია.

გარდა ამისა, დიმიტრი ქუმსიშვილი შპს „რეშენალ სოლუშენსის“ 10% წილის მესაკუთრეცაა [წილის მმართველი დღეს ნატალია თევდორაშვილია]. „რეშენალ სოლუშენსის“ 90%-ს შპს „კვირის პალიტრა“ ფლობს. „კვირის პალიტრის“ მფლობელები კი შპს „ტისუპეიპერის“ მესაკუთრეები  – ზაზა ბუაძე [25%] და ირაკლი თევდორაშვილი [25%] არიან.

მიმდინარე წლის 18 იანვარს კომპანიას – „ტისუპეიპერს“ მესაკუთრეებმა შეუცვალეს სახელწოდება და შპს „კრიალა“ დაარქვეს. კომპანიის წილები კი დღეს ასეა გადანაწილებული – ირაკლი თევდორაშვილი [70%], ზაზა ბუაძე [20%] და მალხაზ გოგიტიძე [10%].

მთავარი ფოტო: დიმიტრი ქუმსიშვილი „ტისუპეიპერ“-ის საწარმოს გახსნაზე / ფოტო: სქრინი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ვიდეოდან

როდის აღდგება წყლის მიწოდება განთიადში

განთიადში მცხოვრებ აბონენტებს,  ტექნიკური სამუშაოების შესრულების მიზნით, წყალმომარაგების მიწოდება დღეს, 16:00 საათამდე შეუწყდებათ. „ბათუმის წყალის“ ინფორმაციით, ტექნიკური სამუშაოების მიზეზი გახდა ის, რომ კონტრაქტორმა კომპანიამ, რომელიც განთიადის ტერიტორიაზე სარემონტო სამუშაოებს ასრულებდა, ავარიულად დააზიანა წყალმომარაგების მილი.

 

განთიადის ტერიტორიაზე ტექნიკური სამუშაოები ტარდებოდა 23 მარტსაც, რის გამოც მარკოზ აჭარელის ქუჩასა და მიმდებარე შესახვევებს წყალმომარაგება შეეზღუდათ.

 

7000-ზე მეტი ლარის ღირებულების უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტი გამოავლინეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის ორი ფაქტი გამოავლინეს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, დანაშაულში მხილებული პირები, შემდგომი რეალიზების მიზნით, ერთ შემთხვევაში – 880 კოლოფი, ხოლო მეორე შემთხვევაში – 551 კოლოფი ე.წ. ელექტროსიგარეტისთვის განკუთვნილი „HEETS”-ის ფირმის თამბაქოს ნაწარმის შენახვა-გადაზიდვას ახდენდნენ.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული უაქციზო სიგარეტის საერთო საბაზრო ღირებულება 7 000 ლარს აღემატება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2 – დან 4 წლამდე ვადით. #საგამოძიებოსამსახური2018 #უაქციზოსიგარეტები

ჯარიმა 3 ათასი ლარი საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის ნაცვლად – შეცვლილი სასჯელი

ოლეგ ხოზრევანიძე ერთ-ერთია მსჯავრდებულებს შორის, ვინც დაკისრებული სასჯელი – საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა ვერ შეასრულა. სასამართლო იშვიათად უფარდებს ვინმეს კანონით განსაზღვრული სასჯელის ამ ფორმას. დღეს მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა ოლეგ ხოზრევანიძისთვის სასჯელის სხვა სახით შეცვლის საკითხი განიხილა.

„გასული წლის დეკემბერში მომისაჯეს საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა, „ბათუმის წყალში“ უნდა მემუშავა, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ მოვახერხე,“ – ამბობს ოლეგ ხოზრევანიძე.

მსჯავრდებულის თქმით, ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად, მაინც ვერ მოახერხებდა მუშაობას, რადგან არ იცოდა საქმე, რომლის შესრულებაც დაავალეს: „ერთხელ ვიყავი მისული. მითხრეს, რაღაც ტექნიკას უნდა შეხედოო. ეს ცოდნა და განათლება მე არ მაქვს. მითხრეს, გასწავლითო, მაგრამ ვეღარ ვიარე“.

ოლეგ ხოზრევანიძეს საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის ნაცვლად მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა 3 ათასი ლარი ჯარიმის გადახდა დააკისრა. მას ნარკოდანაშაულის ჩადენისთვის ავტომანქანის მართვის უფლება დროებით შეზღუდული ჰქონდა. ბათუმის საქალაქო სასამართლომ საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა ოლეგ ხოზრევანიძეს ავტომანქანის მართვის აკრძალული უფლების გამოყენებისთვის შეუფარდა.

208 ეკომიგრანტი ოჯახი ბათუმში ბინას მიიღებს

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სოფელ წაბლანაში სტიქიის შედეგად დაზარალებული 208 ოჯახი ბათუმში საცხოვრებელ ბინას მიიღებს.

საცხოვრებელი ბინები განთავსებულია ბათუმში, ტაბიძის ქუჩაზე, 16-სართულიან კორპუსში. ამავე კორპუსში მიიღებს ბინებს 164 დევნილი ოჯახიც, რომლებიც აჭარაში არიან რეგისტრირებული.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობისთვის ბიუჯეტიდან 9 მილიონი ლარი გამოიყო. კორპუსის მშენებლობა 2018 წლის შემოდგომაზე დასრულდება.

დევნილმა ოჯახებმა რეგისტრაცია ბათუმში, აღმაშენებლის 19 ნომერში უნდა გაიარონ.

კულტურული მრავალფეროვნების დღესასწაული სკოლა ევრო-2000-ში

სამყარო, რომელსაც შენი ეროვნულობა და ტრადიცია გიქმნის – განუმეორებელია. განსაკუთრებით შთამბეჭდავია ის მოგონებები, რომელიც ბავშვობის წლებს გვილამაზებს და ჩვენს კულტურასა და ტრადიციებს ყოველი მხრიდან გვაცნობს.

შეგიძლიათ მენდოთ სიტყვაზე, რომ 23 მარტი ევრო-2000 სკოლის მესამე კლასელებს არასოდეს დაავიწყდებათ: ერთ მხარეს ქართული სტუმართმოყვარეობის ზეიმი იყო, მეორე მხარეს კი სომხები, რუსები, უკრაინელები ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს სტუმართმოყვარეობაში, ჩვენი ტრადიციების თხრობაში, და რა თქმა უნდა, არა მარტო ქართულის.

ქართულ ცეკვას, რუსული სიმღერა ცვლიდა, აზერბაიჯანულს – უკრაინული. სხვადასხვა ტრადიციულ სამოსში გამოწყობილი პატარების ტანისამოსი უზადო სილამაზით და ფერებით, გვესაუბრებოდნენ სამშობლოს სიყვარულზე.

ეს დღე სხვადასხვა ეროვნების ბავშვებმა – ქართველებმა, აზერბაიჯანელებმა, უკრაინელებმა, რუსებმა, ყაზახებმა, სომხებმა ერთმანეთისადმი განსაკუთრებული სიყვარულის გამოხატვას და ტრადიციების გაცნობას დაუთმეს. ამაში დიდი წვლილი პედაგოგებმა, ცირა ქობულაძემ და ჯულიეტა კალანდაძემ შეიტანეს. დიახ, ეს ის პროექტია, რომელიც ემსახურება ერთაშორის მეგობრობის გამტკიცებას და სკოლაში სხვადასხვა ეროვნების ბავშვების მეტად დაახლოებას.

შთამბეჭდავი ფინალი არასოდეს დამავიწყდება. ყველამ ერთად იმღერეს პოეტ თინათინ მღვდლიაშვილის ლექსსზე შექმნილი სიმღერა „ხმალი ავლესოთ, ქართველებო, ხმალი ავლესოთ!“, რომლის სოლისტი საბა დარჩიძე გახლდათ.

„ხმალი ავლესოთ, ქართველებო, ხმალი ავლესოთ!
შემოვაქსოვოთ საქართველოს ჯაჭვის პერანგი!“

ინგა გოგიბერიძე

რატომ შეაქვთ ცვლილებები პროექტებში – „ფარული სამუშაოები“ მშენებლობის პროცესში

ქედის მერიის მოთხოვნის საფუძველზე, მშენებლობის პროცესში გამოვლენილ ხარვეზებთან დაკავშირებით დამპროექტებელ კომპანიებს მათ მიერ შედგენილ პროექტებში ცვლილებები ხშირად შეაქვთ. კომპანია, რომელსაც ქედის მერია პროექტში ცვლილებების შესატანად წერილობით მიმართავს, შპს „საბაა“, რომელიც ქედაში, სოფელ ზუნდაგაში, საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის პროექტის ავტორია. პროექტი მერიამ გასულ წელს შეისყიდა.

მშენებლობის დაწყებიდან რამდენიმე თვის შემდეგ ზუნდაგის ბაღის შენობის რეაბილიტაციაზე მომუშავე კომპანიამ ქედის მერიას წერილობით მიმართა და აცნობა, რომ შენობის მეორე სართულზე არსებული შიგა კედლების ნაწილი არამყარია და კედლები პროექტით გათვალისწინებულ შებათქაშებას ვერ გაუძლებდა, კომპანია არ გამორიცხავდა კედლების ჩამოშლას.

ქედის მერის მოადგილე, როლანდ ბერიძე განმარტავს, რომ მშენებელი კომპანიის წერილობითი მოთხოვნისა და მერიის თანამშრომლების მიერ შესწავლის საფუძველზე მიიღო მერიამ პროექტში ცვლილების შეტანის გადაწყვეტილება. სავარაუდოდ, არამყარად მიჩნეულ კედლებს დემონტაჟი ჩაუტარდება და ახალი აშენდება.

მანამდე ცვლილებები შევიდა იმ პროექტებში, რომლებითაც დაბა ქედაში ღია სცენა და მახუნცეთში საზაფხულო თეატრი შენდება.

„ბათუმელების“ კითხვაზე – რატომ შედის  ცვლილებები ხშირად პროექტში და რამდენად კარგად დამუშავებული პროექტებით მიმდინარეობს სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოები ქედაში? – როლანდ ბერიძემ უპასუხა:

„ცვლილებების შეტანა არ ნიშნავს რაღაც ცუდად კეთდება. არის ძალიან ბევრი ფარული სამუშაო, რომელიც პროექტის დროს შეუმჩნეველია. კარგი იქნება, ასეთი ცვლილება ნაკლები იყოს, მაგრამ, როგორც აღვნიშნე, პროექტში შესული ცვლილება არ ნიშნავს, რომ რაღაც ცუდად იყო, რაოდენ ბევრჯერაც არ უნდა მომიხდეს ცვლილების შეტანა, თუ აუცილებელია, შევიტანთ, მთავარი ხარისხია“.

როლანდ ბერიძის თქმით, „რაც უფრო ძლიერია საპროექტო კომპანია, მით უფრო ძლიერია პროექტი, გამომდინარე იქედან, რომ საპროექტო თანხა დიდი არ არის, სერიოზული საპროექტო კომპანიები თავს არიდებენ მცირეთანხიან ტენდერში მონაწილეობას, ურჩევნიათ ისეთ ტენდერში მიიღონ მონაწილეობა, სადაც ხელშეკრულებით, პირობითად მილიონ ლარს აიღებს.“

როლანდ ბერიძის ინფორმაციით, დამპროექტებელი კომპანიების გასაკონტროლებლად ქედის მერიამ 2018 წლის იანვრიდან ხელშეკრულებაში საჯარიმო მუხლი გაწერა და იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე დამპროექტებელი კომპანიის მიერ დამუშავებულ პროექტში მშენებლობის დროს გამოვლენილი ცდომილებებიდან მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანა გახდება საჭირო, დამპროექტებელი კომპანია დაჯარიმდება, ჯარიმის ოდენობას პროექტის ღირებულება განსაზღვრავს.

„სამუშაოების დროს თუ აღმოჩნდება, რომ ცვლილებები 3%-ით ან მეტით აღემატება ობიექტის საერთო ღირებულებას, დამპროექტებელი კომპანია დაჯარიმდება. აუცილებელია პროექტის ავტორმა უფრო მეტი პასუხისმგებლობა აიღოს და გულდასმით მოეკიდოს საქმეს. ჩვენ ეს მოთხოვნა ტენდერებში იანვრის თვიდან ჩავდეთ და საპროექტო სამუშაოებზე ტენდერებს ამის გათვალისწინებით ვაცხადებთ. ვფიქრობ, ამან შედეგი გამოიღო. თუ მანამდე, საპროექტო სამუშაოებზე გამოცხადებულ ტენდერებში ფასის კლება საკმაოდ მაღალი იყო, ფასის კლებამ იკლო. იყო 20 000 – ლარიანი პროექტები, რომლებიც 1500-2000 ლარით აქვთ კომპანიებს მოგებული.  შეუძლებელია რაღაც 20-ჯერ იაფად გააკეთო, ვიდრე ის შეფასებულია. ფასის კლება აისახებოდა ხარისხზე და როდესაც შენ კონტროლის მექანიზმად ჯარიმას უდებ, ყველა ცდილობს საქმე სრულყოფილად შეასრულოს და არ დაჯარიმდეს,“ – ამბობს როლანდ ბერიძე.

მთავარი ფოტო: ქედა, სოფელ ზუნდაგაში საბავშვო ბაღის შენობის რეაბილიტაცია

ბათუმელი კატები | ფოტო

ზუსტი სტატისტიკა, თუ რამდენი კატა ბინადრობს ბათუმში, არ არსებობს. მათგან ძალიან ბევრი ქუჩაში ცხოვრობს, ბევრიც მხოლოდ ნარჩენებით იკვებება. გარდა ამისა, ამ ქალაქში ძალიან ბევრი კატა ცხოვრობს სახლის პირობებში, ოჯახებში, სადაც მათზე ზრუნავენ.

როცა ბათუმში მზიანი ამინდებია, ყოველ ფეხის ნაბიჯზე შეხვდებით ნებიერად გაშოტილ კატებს, მზეს რომ ეფიცხებიან და თბებიან.

ფოტო: „ბათუმელები“
კატა, რომელიც მაზნიაშვილის ქუჩაზე ცხოვრობს
კატები ანგისის ქუჩიდან
ჯინჭარაძის ქუჩის კატები
აქ კატის შემჩნევა მხოლოდ მახვილი თვალის მქონეებს შეუძლიათ

ფოტო: „ბათუმელები“
ყველა კატას აქვს თავისი საყვარელი ადგილი, საიდანაც არაფრის დიდებით არ მოიცვლიან ფეხს
ეს აშკარად ვიღაცას ელოდება
ესეც <3
კატების ცხოვრება ყოველთვის მშვიდი არაა
თუმცა ყველგან შეიძლება მოიძებნოს ადგილი, სადაც ვერავინ მოგაგნებს
ფოტო: „ბათუმელები“

 

32:29 – „ბათუმმა“ თბილისის „ლელო სარასენსი“ დაამარცხა [ფოტო]

დიდი 10-ის მეთექვსმეტე ტურის ბოლო მატჩი დღეს ბათუმში გაიმართა. სარაგბო კლუბი “ბათუმი” თბილისის “ლელო სარასენს” შეხვდა და 32:29 დაამარცხა. თამაში დაძაბული და ტრავმებით სავსე აღმოჩნდა “ბათუმისთვის”.

ბათუმური კლუბის ერთ-ერთი მორაგბე, ვანო ფუტკარაძე, პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ სტადიონზე ვეღარ დაბრუნდა. ტაიმებს შორის მონაკვეთში ის სასწრაფო დახმარების მანქანამ წაიყვანა. ტრავმა მიიღო ნუკრი ფერსელიძემაც.

მიუხედავად ამისა, “ბათუმი” მთელი თამაშის მანძილზე უპირატესობას ფლობდა. პირველი ტაიმი 29:8 დამთავრდა. მეორე ტაიმში “ლელო სარასენსის” მორაგბეებმა მინიმალური სხვაობით წააგეს.

 

“ბათუმი” VS “ლელო სარასენს” 25|03|2018 ფოტო: მანანა ქველიაშვილი
“ბათუმი” VS “ლელო სარასენს”
25|03|2018
ფოტო: მანანა ქველიაშვილი
“ბათუმი” VS “ლელო სარასენს”
25|03|2018
ფოტო: მანანა ქველიაშვილი

“ბათუმი” VS “ლელო სარასენს”
25|03|2018
ფოტო: მანანა ქველიაშვილი
“ბათუმი” VS “ლელო სარასენს”
25|03|2018
ფოტო: მანანა ქველიაშვილი
“ბათუმი” VS “ლელო სარასენს”
25|03|2018
ფოტო: მანანა ქველიაშვილი

“ბათუმი” VS “ლელო სარასენს”
25|03|2018
ფოტო: მანანა ქველიაშვილი
“ბათუმი” VS “ლელო სარასენს”
25|03|2018
ფოტო: მანანა ქველიაშვილი

“ბათუმი” VS “ლელო სარასენს”
25|03|2018
ფოტო: მანანა ქველიაშვილი
“ბათუმი” VS “ლელო სარასენს”
25|03|2018
ფოტო: მანანა ქველიაშვილი

“ბათუმი” VS “ლელო სარასენს”
25|03|2018
ფოტო: მანანა ქველიაშვილი
“ბათუმი” VS “ლელო სარასენს”
25|03|2018
ფოტო: მანანა ქველიაშვილი
“ბათუმის” მორაგბეებს დაშავებული თანაგუნდელი მოედნიდან გაჰყავთ
“ბათუმი” VS “ლელო სარასენს”
25|03|2018
ფოტო: მანანა ქველიაშვილი

 

Exit mobile version