მთავარი,სიახლეები

ბრიტანელი ქალები დიეტის წინააღმდეგ

26.03.2018 • 2508
ბრიტანელი ქალები დიეტის წინააღმდეგ

Anti Diet Riot Club-ი  დიეტის წინააღმდეგ მიმართული ინგლისური კამპანიაა,  რომელიც დიეტის კულტურას ებრძვის და  სხეულით უკმაყოფილო ადამიანებს თავიანთი გარეგნობის დადებითად და რეალურად აღქმაში ეხმარება.

ქრონიკული დიეტების მიმდევრებს შორის ხშირად არიან ადამიანები, რომლებსაც რეალურად არ აწუხებთ კილოგრამები, თუმცა პრობლემად მხოლოდ იმას მიიჩნევენ, რომ არ გვანან ცნობილ მსახიობებსა და ამა თუ იმ სარეკლამო სახეს.

დიეტის საწინააღმდეგო კამპანიაში ჩართვა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, თუმცა აქტიური წევრები ძირითადად 20-დან 30 წლამდე ქალები არიან.

მოძრაობის დამაარსებელი 28 წლის ბეკი იანგია, რომელიც მოზარდობიდან ებრძოდა სხეულსა და კვების არასწორ წესს. თუმცა მას შემდეგ, რაც საზოგადოება „BoPo“(body positivity)-ში გაერთიანდა, ცდილობს პროპაგანდა გაუწიოს იდეას, რომ ყველას შეუძლია თავი იგრძნოს ბედნიერად სხეულის წონის, ზომის, თმის, კანის ფერისა თუ სხვა გარეგნული მახასიათებლის მიუხედავად. ეს საზოგადოება თავდაპირველად ინტერნეტში არსებობდა. მისი წევრების რაოდენობა ბოლოს ისე გაიზარდა, რომ საჭიროდ მიიჩნიეს ვირტუალური ჯგუფის წევრებს რეალურად მოეწყოთ შეხვედრები.

დიეტის საწინააღმდეგო მოძრაობის წევრები თვეში ერთხელ იკრიბებიან. კლუბის დამაარსებელი, ბეკი იანგი Guardian-თან საუბრისას აღნიშნავს, რომ დიეტების დამთრგუნველი კულტურის საწინააღმდეგოდ აუცილებლად უნდა არსებობდეს მსგავსი ჯგუფები, სადაც განიხილავენ საკუთარი სხეულის მიღების მნიშვნელობას და აუცილებლობას, მით უფრო, რომ დიეტის აუცილებლობა ხშირადაა ხაზგასმული ადამიანების ყოველდღიურ სამოქმედო გარემოში: სამუშაო პროცესსა და მეგობრულ შეკრებებზეც კი.

კლუბის წევრები 10-პუნქტიან სამომავლო მანიფესტზეც მუშაობენ, რომლის გზავნილიც დიეტის ფინანსურად მომგებიანი, უსარგებლო ინდუსტრიის წინააღმდეგ იქნება მიმართული და ადამიანებს საკუთარი სხეულის მიღებაში დაეხმარება.

წყარო: Guardian

გადაბეჭდვის წესი


ასევე: