მთავარი,სიახლეები

როგორ მოვუაროთ ბაღის მცენარეებს გაზაფხულზე

26.03.2018 • 3398
როგორ მოვუაროთ ბაღის მცენარეებს გაზაფხულზე

იმისთვის, რომ თქვენი ბაღი ლამაზად გამოიყურებოდეს, ბაღში მუშაობა ადრე გაზაფხულზე უნდა დაიწყოთ. ყვავილოვანი მცენარეები თავიანთი სასიცოცხლო ფორმის მიხედვით არიან ერთწლოვანი, ორწლოვანი და მრავალწლოვანი. თუ გსურთ ლამაზი ბაღი გქონდეთ, მნიშვნელოვანია მათ სწორად  მოვლა-პატრონობაზე იზრუნოთ.

გაზაფხულზე, პირველ რიგში, რა სამუშაოები უნდა ჩატარდეს ბაღში, ვკითხეთ ბათუმის ბოტანიკური ბაღის ლანდშაფტური განაშენიანებისა და მეყვავილეობის დეპარტამენტის ხელმძღვანელს მარინე თათარიშვილს.

გთავაზობთ მის რჩევებს:

გაზაფხულზე ბაღში ძირითადი სამუშაოა გადაბარვა. თუ ხე-მცენარეა, მათ ირგვლივ შემოფხვიერება და მსუბუქად გადაბარვა. ასევე ნიადაგის გამოკვება სასუქებით. თუ გასასხლავია, გასხვლა, ფორმირება და ხმელი ტოტების მოცილება.

თუ მრავალწლოვნების ნაკვეთში ვასრულებთ სამუშაოებს, პირველ რიგში, ვიწყებთ მათ გაწმენდას ხმელი ფოთლებისაგან. მცენარეების გაწმენდის შემდეგ ძირებს ვუფხვიერებთ. პარალელურ რეჟიმში უნდა გამოვკვებოთ როგორც ორგანული, ასევე მინერალური სასუქით. მინერალური სასუქიდან მაგალითად აზოტოვანი სასუქი შეგვაქვს. ოღონდ აქ ფრთხილად უნდა ვიყოთ, თუ წვიმიან დღეს შეგვაქვს სასუქი, დოზები ისე უნდა იყოს, რომ არ დავწვათ მცენარე. ორგანულიდან შეგვაქვს გადამწვარი ნაკელი და ტორფი.

თუ ვარდების ბაღი გაქვთ, საჭიროა მისი სრულად გადაბარვა. გადაბარვამდე კი გასხვლა-ფორმირება სჭირდება მცენარეს. როდესაც გასხლავთ, სამი-ოთხი მუხლთშორისი უნდა დაუტოვოთ ვარდს, მეტი არაა საჭირო. თუ შიგნითა ბუჩქს აქვს ამოღებული ბევრი წვრილი, არასაჭირო ტოტები, ეს უნდა გამოვსხლათ და დავტოვოთ მხოლოდ სამი. რაც შეეხება ფორმას, თვითონ უნდა არეგულიროს მებაღემ როგორი ფორმა მისცეს. მთავარია, ერთმანეთში არ იყოს გადახლართული ტოტები.

იმისთვის, რომ გაზაფხულზე ლამაზი ბაღი გვქონდეს, შემოდგომიდან უნდა დავიწყოთ მზადება. ჰიბრიდული ტიტა და სუმბული, ეს ბოლქვოვნები შეიძლება დაირგოს ნოემბრის თვეში. თუ ნოემბერში ეს მცენარეები დარგეთ, ახლა საჭიროა შევიტანოთ ტორფი, ნიადაგი გავაფხვიეროთ და  გამოვკვებოთ ტერიტორია.

 

 

 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: