მთავარი,სიახლეები

თვითმხილველი ამბობს, რომ მოზარდს პოლიციამ სცემა – შსს უარყოფს

27.03.2018 • 3877
თვითმხილველი ამბობს, რომ მოზარდს პოლიციამ სცემა – შსს უარყოფს

26 მარტს, ღამით, ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე, პოლიციის თანამშრომლების არასათანადო ქცევის გამო მოქალაქე თამარ ქაჩლიშვილმა საპატრულო პოლიციას მიმართა. თამარ ქაჩლიშვილი ამბობს, რომ თავად გახდა თვითმხილველი, თუ როგორ აგრესიულად ექცეოდნენ პოლიციის თანამშრომლები არასრულწლოვან ბიჭებს.

„სახლში ვბრუნდებოდი და გორგილაძის 74 ნომერთან არასრულწლოვანი ბიჭები იყვნენ მოპედებით, ჩვეულებრივად იდგნენ. მოვიდა პოლიცია ორი მანქანით, აგრესიულად მიმართეს ბიჭებს, ფეხი დაარტყა მოპედზე ერთმა პოლიციელმა და ძალით შეტენეს ახალგაზრდა, არასრულწლოვანი ბიჭი პოლიციის მანქანაში. ჩავერთეთ, ავუხსენით, რომ ასე ქცევა არ შეიძლება, მაგრამ ვინ გისმინა? „თქვენ ნუ ერევითო და არ გეხებათო” – პასუხი პოლიციელებისგან… დავრეკე 112- ში და გამოვიძახე დამატებითი ეკიპაჟი, გავიდა უკვე 20 წუთი, არავინ არ მოსულა.. მეორედ დავრეკე და „იცით შორიდან მოდის შეიძლება ბრიგადაო”.. ბავშვს მანქანაში ცემდნენ და ყვიროდა  – “მიშველეთო”…

შს სამინისტროში მომხდარის სხვა ვერსიაზე საუბრობენ. პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ახალგაზრდები ღამის საათებში მოპედებით სახიფათოდ მოძრაობდნენ და ისინი პოლიციამ შემოწმების და გაფრთხილების მიზნით გადაამოწმა.

„ერთ-ერთი მოზარდი იქცეოდა აგრესიულად და პოლიციამ იგი, 17 წლის მოზარდი, მშობელთან ერთად გადაიყვანა პოლიციის განყოფილებაში, გაფორმდა ოქმი და გამოუშვეს სახლში.

საპატრულოში როგორც კი შევიდა შეტყობინება, პატრული დაუკავშირდა ზარის ინიციატორს, მან უთხრა, მე არ გამიკეთებია შეტყობინება და ბავშვმა ითამაშა ალბათო და ხუთი წუთის შუალედში რომ მივიდა პატრული, აღარ დახვდა უკვე არავინ,“ – აცხადებენ შს სამინისტროს პრესსამსახურში.

თამარ ქაჩლიშვილი ამბობს, რომ მას პოლიციაში დარეკვის ფაქტი არ უარყვია. პირიქით, მეორედაც დაუკავშირდა პოლიციას, მას შემდეგ, როცა მისი გამოძახების საფუძველზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი არ გამოჩენილა: „პირველი ზარი 00:08 წუთზე იყო, მეორე – 00:16-ზე. ერთი წუთი და 55 წამი მაქვს ნალაპარაკები. მითხრეს, ალბათ შორიდან მოდის ბრიგადაო, 25 წუთი ვიდექი, არც საპატრულოდან დამკავშირებია ვინმე. მხოლოდ მე კი არა, 15-მდე ადამიანი იყო თვითმხილველი. არავინ დამკავშირებია. არც მშობელი არ ყოფილა იქ.“

თამარ ქაჩლიშვილი ამბობს, რომ მას ახალგაზრდების მხრიდან აგრესიული ქცევა არ შეუნიშნავს და პოლიციელებმა მოზარდებს ფოტოებიც გადაუღეს: „ამ ადგილზე ხშირად მიწევს მოძრაობა, ახალგაზრდები ხშირად ირევიან აქ, მოძრავი ადგილია, ნათელი.

პოლიციაში დავრეკე, რადგან, ვთვლი, რომ ეს ჩემი მოქალაქეობრივი ვალია. მე მინდა პოლიციას ვენდობოდეთ, არ მინდა ასეთი რამ ხდებოდეს. ახალგაზრდები განსაკუთრებით უნდა გრძნობდნენ მხარდაჭერას და სწავლობდნენ, რა არის ცუდი და რა კარგი, სისტემა უნდა იყოს მეგობრული, რომ აღვზარდოთ ახალგაზრდები და არ დავაშინოთ და ნდობა არ უნდა დავუკარგოთ.“

მთავარ ფოტოზე: ბათუმი, გორგილაძის ქუჩის კვეთა. 

გადაბეჭდვის წესი