მთავარი,სიახლეები

ვინ ისარგებლებს ბათუმის მერიის დასაქმების ახალი პროგრამით

26.03.2018 • 2510
ვინ ისარგებლებს ბათუმის მერიის დასაქმების ახალი პროგრამით

ბათუმში მოწყვლადი ჯგუფის წარმომადგენლებს ბათუმის მერია ახალი პროგრამის ფარგლებში რვა თვის განმავლობაში შრომის ანაზღაურების ნაწილს დაუფინანსებს.

„ეს არის ახალი პროგრამა, რომელშიც გარკვეული კატეგორიის სოციალურად დაუცველები და სხვა მოწყვლადი ჯგუფები გვეყოლება. მაგალითად, მარტოხელა დედები, მარჩენალდაკარგულები და სხვები. ჩვენ შევქმნით დასასაქმებელთა ბაზას, დამსაქმებელს თვეში ორას ლარს დაუმატებს მერია. თუ მოხდება ისე, რომ პროგრამის მონაწილეები თავს გამოიჩენენ და ისინი მოეწონება დამსაქმებელს, შესაძლოა მათ შეინარჩუნონ კიდეც ეს სამსახური“, – განმარტავს სოფიო მიქელაძე, მერიის ჯანდაცვის სამსახურის უფროსი.

დამსაქმებლის მიერ დანიშნული ანაზღაურებიდან მერიის თანამონაწილეობა იქნება არაუმეტეს 30 პროცენტამდე, თვეში 200 ლარის ოდენობით.

მერია პროგრამას დასაქმების სააგენტოსთან თანამშრომლობის ფარგლებში განახორციელებს. პროგრამის დაფინანსების თხოვნით ბათუმის მერიას მიმართა არასამთავრობო ორგანიზაციამ – „ვისწავლოთ და ვაკეთოთ ერთად“.

მერიაში არ აქვთ მოლოდინი, რომ პროგრამაში მონაწილეობის სურვილით მერიას ბევრი ბენეფიციარი მიმართავს, რადგან სოფიო მიქელაძის ინფორმაციით, მათ აქვთ შიში, რომ დასაქმება შეიძლება გახდეს სოციალური შემწეობის დაკარგვის მიზეზი.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, პროგრამის ბიუჯეტი და დეტალები ზუსტდება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: