მთავარი,სიახლეები

90-იანელების გაცოცხლებული ბავშვობა თოჯინების თეატრში [ფოტო]

26.03.2018 • 4629
90-იანელების გაცოცხლებული ბავშვობა თოჯინების თეატრში [ფოტო]

ბათუმის თოჯინებისა და მოზარდმაყურებელთა თეატრში გადაწყვიტეს ქალაქის მცხოვრებლებს ბავშვობა დაუბრუნონ და თეატრის მეორე სართულზე 20-25 წლის წინანდელი, დიდი ხნის გადანახული და და მოქმედი თოჯინების გამოფენა ერთად მოაწყვეს.

თუკი თქვენი ბავშვობა 80-90-იან წლებს დაემთხვა და ბათუმის თოჯინების თეატრის სპექტაკლები გინახავთ, ამ პერსონაჟებიდან რომელიმე მაინც გეხსომებათ: პატარა უფლისწული და კონკიას დედინაცვალი, ნიანგი, ჩიბურაშკა ბომბორა და სხვა უამრავი.

თოჯინების თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა გადაწყვიტა, წარსულისა და მომავლის შემაერთებელი ჯაჭვის სიმბოლოდ ძველი თოჯინები გამოეფინა.

აქვე, თეატრის პირველ სართულზეა გამოფენილი „ოქროს წიწილას”, „პატარა უფლისწულის”, „იდუმალი ჰიპოპოტამის”  1985, 1989 და 1993 წლების ძველი აფიშები, რომლებიც შეიძლება ასევე გეცნოთ:

ბათუმში თოჯინების თეატრის ისტორია XX საუკუნის 30-იანი წლებიდან იწყება. თავიდან ,,ტიკინების თეატრის“ სახელწოდებით 1936 წელს გაიხსნა, მანამდე კი ბათუმში არსებობდა თოჯინების მოყვარულთა თვითმოქმედი თეატრი, რომლის ბაზაზეც შემდეგ ბათუმის თოჯინების პროფესიული თეატრი ჩამოყალიბდა

„ხეტიალა” – ერთ-ერთი ყველაზე ძველი სპექტაკლია, ამ გმირს ანცობისა და მხიარულების გამო კიცხავდნენ, ყოველთვის ვფიქრობდი, რას ერჩიან-მეთქი, მაგრამ მაშინ იდეოლოგია იყო ასეთი: ცელქობის გამო უნდა გესაყვედურა ბავშვებისთვის და თავიდანვე თოხნე და ბარეო უნდა შთაგეგონებინა” – გვეუბნება ბათუმის თოჯინების თეატრის რეჟისორი და კონსულტანტი თამაზ ბოლქვაძე, თან „ხეტიალას” გმირს გვიჩვენებს, რომელსაც მალე შეაკეთებენ და თეატრის თოჯინების გამოფენაზე ღირსეულ ადგილს მიუჩენენ.

ბათუმის თოჯინების თეატრის რეჟისორი და კონსულტანტი თამაზ ბოლქვაძე, თეატრის თოჯინასთან, „ხეტიალასთან” ერთად

 [red_box]როგორ ცოცხლდებიან თოჯინები[/red_box]

სცენარის მიხედვით იქმნება ესკიზები, რეჟისორი წარმოადგენს თავის კონცეფციას, სცენოგრაფი მარინე ფრანგიშვილი აკეთებს ესკიზებს, ითვალისწინებენ მუსიკას, განათებას და ბევრ სხვა დეტალს. მხატვარს აქვს საკუთარი ხედვა, შემდეგ ესკიზს ეცნობიან სახელოსნოში და მხატვარ-მძერწავები – მერი დარცმელიძე და თამარ კახიძე პერსონაჟების გაცოცხლებას იწყებენ, აი ასე:

მერი დარცმელიძე და თამარ კახიძე – ბათუმის თოჯინების თეატრის მხატვარ-მძერწავები თოჯინების დამზადების პროცესში

მერი დარცმელიძე გვეუბნება, რომ მისი თოჯინების ყველაზე კარგი ტესტი ბავშვების რეაქციებია და სპექტაკლის მსვლელობისას ყოველთვის აკვირდება მათ ემოციებს, გმირების გამოჩენისას.

თამარ კახიძე პრეტენზიულ პერსონაჟს, კონკიას დედინაცვალს იხსენებს, რომელიც ყველაზე რთულად შესაქმნელი და შესამოსი აღმოჩნდა მისთვის. თამარი ამბობს, რომ თოჯინის შესაქმნელად ყველაზე ცოტა 10 დღე მაინცაა საჭირო მხატვარ-მძერწავებისთვის.

ამ ნახევრად დამზადებული თოჯინებისგან რომელი ახალი პერსონაჟები ჩაიფიქრეს, ჯერ არ ვიცით. მხატვრები ამას არ გვიმხელენ, თუმცა ყველა მათგანის გასწვრივაა ესკიზი, როგორებადაც ისინი საბოლოოდ უნდა იქცნენ. ცალ-ცალკე დევს მომავალი თოჯინების ხელის მტევნები, სამოსი და ბევრი სხვა წვრილი დეტალი.

მას შემდეგ, რაც თოჯინები დამზადდება და მასალა კარგად გაშრება, მათ შემოსვაზე მკერავი ლეილა რუხაძე იწყებს ზრუნვას. 19 წელია თოჯინებს მოსავს და ბოლოს სპექტაკლებს შვილიშვილებთან ერთად ესწრება.

ფოტოზე ლეილა რუხაძე სტაჟიორ შორენა ბერიძესთან ერთადაა, რომელიც ეს-ესაა ბათუმის თოჯინების თეატრის გუნდს შემოუერთდა და შესაძლოა მის სამუშაო ადგილადაც საბოლოოდ თოჯინების თეატრი იქცეს.

თეატრის სახელოსნოში მუდმივად შემოქმედებითი ქაოსია, აქ ცდილობენ ბავშვის თვალებით დაინახონ სამყარო და ყოველთვის რომელიღაც ახალი პერსონაჟი იბადება. გრძელდება ზღაპრების გაცოცხლების უწყვეტი პროცესი, რომელიც 37 წლის წინ დაიწყო.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: