Batumelebi | როდის შეცვლიან არაადაპტირებულ მოსაცდელებს ბათუმში როდის შეცვლიან არაადაპტირებულ მოსაცდელებს ბათუმში – Batumelebi
RU | GE  

როდის შეცვლიან არაადაპტირებულ მოსაცდელებს ბათუმში

ბათუმის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, შპს „ალმა“, რომელიც ბათუმში ადაპტირებულის ნაცვლად არაადაპტირებულ მოსაცდელებს ამონტაჟებდა, გააფრთხილეს და ადაპტირებული მოსაცდელების ქალაქში განსათავსებლად ათდღიანი ვადა მისცეს.  მერიის ინფორმაციით, უკვე დამონტაჟებულ მოსაცდელებს კომპანია ადგილზე გადააკეთებს. კომპანია არ დაუჯარიმებიათ.

ქალაქის მერიაში განმარტეს, რომ კომპანიამ მოვალეობის შესრულება უკვე დაიწყო და პირველი ადაპტირებული მოსაცდელი ბათუმში „თევზის ბაზრობის“ წინ განათავსა.

ბათუმის მერიასთან დადებული შეთანხმების შესაბამისად, შპს „ალმამ“ ბათუმის ქუჩებში შშმ პირებისთვის ადაპტირებული მოსაცდელების მონტაჟი ორი კვირის წინ დაიწყო. თუმცა უკვე დამონტაჟებული მოსაცდელები მერიისთვის გადაგზავნილი ესკიზისგან ბევრად განსხვავდება. როგორც „ბათუმელებმა“ აღმოაჩინა, კომპანიამ შეთანხმებულისგან განსხვავებული მოსაცდელების მონტაჟი დაიწყო. კონკრეტულად კი, დამონტაჟებულ მოსაცდელებს ღია შესასვლელი არ დაუტოვეს.

ახალდამონტაჟებულ მოსაცდელში შესვლა ნებისმიერი მოქალაქისთვის მოუხერხებელია. მოსაცდელში რომ შეხვიდე, ტროტუარიდან ავტომობილების სავალ ნაწილზე უნდა გადახვიდე.

ამავე თემაზე: კომპანია „ალმა“ ადაპტირებულის ნაცვლად ბათუმში არაადაპტირებულ მოსაცდელებს ამონტაჟებს

 

ახალი მოსაცდელი მელიქიშვილის ქუჩაზე
ფოტო: როინ გუნდაძე

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი