მთავარი,სიახლეები

ბათუმელი მუსლიმი: სუს-ის თანამშრომლები გვითვალთვალებენ და ფოტოებს გვიღებენ

26.03.2018
ბათუმელი მუსლიმი: სუს-ის თანამშრომლები გვითვალთვალებენ და ფოტოებს გვიღებენ

„სპეცდანიშნულების და სუს-ის თანამშრომლები პარასკევის ლოცვის დროს გვითვალთვალებენ და ფოტოებს გვიღებენ,“ – ამბობს ერთ-ერთი მუსლიმი, რომელიც ყოველ პარასკევს ბათუმის მეჩეთში ლოცვას ესწრება. პარასკეობით მლოცველებით ივსება მეჩეთის შენობა და ეზო, რის გამოც ზოგიერთი მუსლიმი ქუჩაში ლოცულობს.

მუსლიმმა პირმა, რომელმაც ითხოვა, რომ მისი ვინაობა არ დავასახელოთ, „ბათუმელებს“ რამდენიმე პარასკევს გადაღებული ფოტო და ვიდეომასალა მიაწოდა. გადაღებულ მასალაში ჩანს, რომ სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილი სხვადასხვა პირი მეჩეთის შესასვლელთან, ქუჩაში მლოცველ მუსლიმებს ფოტოებს უღებს.

„თავდაპირველად, პარასკეობით რეგულარულად დადიოდა ერთი პირი. ერთხელ დააფიქსირა, რომ მეც ვუღებდი მას ფოტოს და ხელი ამიქნია. მერე გავიგე, რომ ეს ვინმე იშხნელიძე იყო სუს-იდან. მერე სხვა პირი გამოჩნდა და ის დადიოდა. „იმამიჩს“ ეძახიან მაგასო, ასე თქვეს. მამა ყოლია იმამი და ისიც სპეცსამსახურიდან იყო. მაგის მერე პოლიციის თანამშრომელი დადის მე-3 განყოფილებიდან და ის გვიღებს ფოტოებს,“ – გვითხრა მუსლიმმა პირმა.

მუსლიმი მორწმუნის აზრით, ლოცვის დროს ფოტოების გადაღების მიზანი თვალთვალი არ არის და კონტროლის ამ ფორმას ხელისუფლება მეჩეთში მლოცველების შესამცირებლად მიმართავს:

„ჩემი აზრით, მათ უნდათ, რომ ვიგრძნოთ, როგორ გვიღებენ. შედეგიც მიიღეს – ბოლო დროს აღარ დადიან ის მუსლიმები სალოცავად, რომლებიც საჯარო სექტორში მუშაობენ. ხელისუფლებას უნდა აჩვენოს, რომ ახალი მეჩეთის აშენების საჭიროება არ არის. ფოტოების გადაღება ამ მიზანს ემსახურება.“

შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პოლიციის რომელიმე თანამშრომელი უღებს ფოტოებს მუსლიმებს ლოცვის დროს. „არანაირი მსგავსი პრაქტიკა არ არსებობს ბათუმის პოლიციაში, პოლიციის შენობაა იქვე, მეჩეთთან და იმ ტერიტორიაზე გადაადგილება უწევთ პოლიციელებს,“ – განმარტეს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში.

მუსლიმი თემი ახალი მეჩეთის აშენებას ბათუმში რამდენიმე წელია ითხოვს. ბათუმის ყოფილმა მერმა, გია ერმაკოვმა, არ გასცა ნებართვა ახალი მეჩეთის აგებაზე იმ ადგილას, რომელიც მუსლიმმა თემმა შეისყიდა. საქმეს ამჯერად ბათუმის საქალაქო სასამართლო განიხილავს, თუმცა 20 თებერვალს მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ სხდომა ბათუმის მერიის მოთხოვნით გადადო. მერიის წარმომადგენელმა მოსამართლეს უთხრა, რომ ერთი თვის ვადაში მოლაპარაკებას გამართავდა მუსლიმ თემთან.

ბათუმის მერი, ლაშა კომახიძე, ამ დრომდე მუსლიმ თემს არ შეხვედრია.

მუსლიმი მორწმუნის თქმით, ფოტოებს თავდაპირველად პარასკევის ლოცვაზე სუს-ის თანამშრომელი იღებდა.

მუსლიმი მორწმუნის თქმით, ეს პირიც ფოტოებს უღებდა მუსლიმ თემს ლოცვის დროს.

მორწმუნე ამბობს, რომ ბოლო დროს პარასკეობით მათ ეს პირი უღებს ფოტოებს რეგულარულად. მისი თქმით, ამ დრომდე ფოტოებს ეს პოლიციელი იღებს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: