მთავარი,სიახლეები

კერძო კომპანიას 500 000 ლარს „ჩექინ ჯორჯიას“ ფარგლებში ექსკლუზიურად გადაუხდიან

26.03.2018 • 2261
კერძო კომპანიას 500 000 ლარს „ჩექინ ჯორჯიას“ ფარგლებში ექსკლუზიურად გადაუხდიან

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია რეკლამის (საიმიჯო ვიზუალის) სარეკლამო ბანერებზე, ბილბორდებსა და მონიტორებზე განსათავსებლად, შპს „ალმას“, პროექტ „ჩექინ ჯორჯია 2018“-ის ფარგლებში, 500 ათასამდე ლარს გადაუხდის.

„ალმას“ 100% წილის მფლობელი, რეესტრის დოკუმენტების მიხედვით, არის კომპანია [Global Investors Limited], რომელიც მალტაშია დარეგისტრირებული. სარეკლამო კომპანია „ალმა“ „ვისოლ ჯგუფის“ შვილობილი ბრენდების ჩამონათვალშია.

„ჩექინ ჯორჯია 2018“-ის ფარგლებში რეკლამები ქალაქ ბათუმშიც განთავსდება, იმ სარეკლამო ფართობზე, რაც „ალმას“ იჯარით აქვს აღებული.

შპს „ალმამ“, ორიოდე კვირის წინ, ბათუმის მერიასთან შეთანხმებული ესკიზისგან განსხვავებული არაადაპტირებული მოსაცდელების დამონტაჟება დაიწყო – კომპანია მერიამ გააფრთხილა და ადაპტირებული მოსაცდელების ქალაქში განსათავსებლად ათდღიანი ვადა მისცა. მერიის ინფორმაციით, უკვე დამონტაჟებულ მოსაცდელებს კომპანია ადგილზე გადააკეთებს.

ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ „ალმას“ სარეკლამო სივრცეებში რეკლამის განთავსება „ხელს შეუწყობს პროექტის პოპულარიზაციას. მოსახლეობის ინფორმირებისა და მათთვის აუცილებელი და საინტერესო ინფორმაციის მარტივად მიწოდების მიზნით, საჭიროდ მიგვაჩნია აღნიშნული შესყიდვის განხორციელება. ქ. თბილისის, თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ტერიტორიის, ქ. ზუგდიდის, ქუთაისის, და ბათუმის [გარკვეულ] ტერიტორიაზე ბანერებსა და მონიტორებზე რეკლამის განთავსების ექსკლუზიური უფლება გააჩნია შპს „ალმას“.

სააგენტოს ინფორმაციით, ყველა ზემოთ აღნიშნულ ქალაქში მათ მიერ შერჩეულ სარეკლამო სივრცეებს შპს „ალმა“ ფლობს.

ბათუმის შემთხვევაში მიწის ნაკვეთები საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებების მოსაწყობად, იჯარით, შპს „ფერტუნა მედიას“ 2015 წელს გადაეცა. საიჯარო ხელშეკრულებაში 2014 წელს ცვლილებები შევიდა, 2017 წლის მარტში კი, „ფერტუნა მედია“ შპს „ალმას“ შეერწყა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია რეკლამის განთავსებას ბათუმში შემდეგ ადგილებში გეგმავს:

[checklist]

  • შ. ხიმშიაშვილის ქუჩა, სასტუმრო „მარინას“ მიმდებარედ;
  • გოგებაშვილის ქუჩა (ეკლესიასთან);
  • ზ. გორგილაძის ქ.#36-ის მიმდებარედ;
  • რუსთაველის ქ. #57-ის მიმდებარედ – საზღვაო აკადემიასთან;
  • მაიაკოვსკის ქ. #3ა-ს მიმდებარედ;

[/checklist]

ასევე ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე, სადაც „ალმას“ რეკლამის განთავსების ექსკლუზიური უფლება აქვს:

[checklist]

  • ბარგის ზონა;
  • ჩამოფრენის არეა.

[/checklist]

„რაც შეეხება მისამართის შერჩევის პრინციპს, აღნიშნული ტერიტორიები გახლავთ ხალხმრავალი. გარდა ამისა, აქ გახლავთ ინტენსიური მოძრაობა. აღნიშნული ბანერის მეშვეობით მოსახლეობა და უცხოელი ტურისტები ამომწურავ ინფორმაციას მიიღეენ  სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებებთან დაკავშირებით“, – აცხადებენ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში.

რაც შეეხება ფასს [500 000 ლარი], სააგენტოში აცხადებენ, რომ „შესყიდვის სავარაუდო ღირებულება განისაზღვრება შპს „ალმას“ მიერ მოწოდებული ფასების შესაბამისად“.

ხელშეკრულების შესრულებისა და მოქმედების ვადებთან დაკავშირებით კი, სააგენტოს ინფორმაციით, „ხელშეკრულების დადებიდან 5 თვის მანძილზე, მაგრამ არაუგვიანეს 2018 წლის 31 დეკემბრისა, აღნიშნული რეკლამა განთავსებულ იქნა ქვეყნის მასშტაბით შერჩეულ ბანერებზე, ბილბორდებზე და მონიტორებზე. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრება 2019 წლის 31 იანვრამდე“.

„ალმასგან“ მომსახურების ექსკლუზიურად შესყიდვაზე თანხმობა ან უარი შესყიდვების სააგენტომ ტურიზმის ადმინისტრაციას 2018 წლის 29 მარტამდე უნდა გასცეს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: