მთავარი,სიახლეები

არის თუ არა დაცული სახანძრო უსაფრთხოება ბათუმის დიდ სასტუმროებში

25.11.2017 • 3793
არის თუ არა დაცული სახანძრო უსაფრთხოება ბათუმის დიდ სასტუმროებში

არის თუ არა სახანძრო უსაფრთხოების წესები დაცული ბათუმის დიდ სასტუმროებში? – „ბათუმელებს“ ყველა სასტუმროში უთხრეს, რომ დაცულია. სასტუმროების უმრავლესობამ ვერ გვიპასუხა კითხვებზე: რა სახით არის დაცული უსაფრთხოება და რომელმა უწყებამ შეამოწმა უსაფრთხოების ნორმები?

„დაცულია უსაფრთხოება,“ – გვითხრეს სასტუმრო „რედისონის“ მისაღებში. აქ უარი გვითხრეს უსაფრთხოების მენეჯერთან გასაუბრებაზე. „უსაფრთხოების მენეჯერმა იცის კონკრეტულად, რა და როგორ არის. მის ნომერს ვერ მოგცემთ, შაბათ-კვირას არ მუშაობს,“- დაამატეს მისაღებში.

ორშაბათამდე უსაფრთხოების კუთხით ინფორმაციის მოწოდებაზე უარი თქვა სასტუმრო „შერატონმაც“: „უსაფრთხოება დაცულია, ამას ამოწმებენ. რომელი სამსახური ამოწმებს არ ვიცი. უსაფრთხოების მენეჯერს შემიძლია ორშაბათს გაგასაუბროთ“.

სასტუმრო „ეიფორიაში“ დაცვის სამსახურის უფროსს დაგავლაპარაკეს: „ჩვენთან დაცულია უსაფრთხოების ნორმები, არსებობს ცალკე კიბე, რომელსაც შენობის უკანა მხარეს გაყავხარ… რომელი უწყება ამოწმებს, მაგდენი მე არ ვიცი, დაცვის თანამშრომელი ვარ“.

„ტურიზმის დეპარტამენტი ამოწმებს სახანძრო უსაფრთხოებას,“ – აღნიშნეს სასტუმრო „დივანის“ მისაღებში. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ხარისხის  ნიშანს „რეკომენდებულია“ აძლევს სასტუმროს, სადაც უსაფრთხოების ნორმებიც უნდა იყოს დაცული. ხარისხის ეს ნიშანი სასტუმრო „ლეოგრანდსაც“ ჰქონდა მინიჭებული 2015 წელს.

სასტუმრო „დივანში“  ვერ დაგვიკონკრეტეს, შეამოწმა თუ არა უსაფრთხოების ნორმები საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ. ამ უწყებას აქვს სასტუმროების შემოწმების და რეაგირების უფლება სახანძრო უსაფრთხოების კუთხით.

სასტუმრო „აისში“ გვითხრეს, რომ აქვთ ცალკე გასასვლელი, ასევე საევაკუაციო გეგმა, ფოსფორის განათება იმ შემთხვევისთვის, თუკი შუქი გაითიშება. სასტუმროში აღნიშეს, რომ სახანძრო უსაფრთხოება საგანგეობო სიტუაციების მართვის სააგენტომ შეამოწმა.

სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძარი გუშინ 24 ნოემბერს მოხდა, რის შედეგადაც 11 ადამიანი დაიღუპა, 21 კი დაშავდა.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: