რამდენი პატიმარია საქართველოში [კვლევა]


2018 წლის იანვრის მონაცემებით, საქართველოში 3 718 200 ადამიანი ცხოვრობს, მათ შორის 9 407 ბრალდებული და მსჯავრდებულია, აქედან 9 135 მამაკაცი, 272 კი ქალი. პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებული პირების რაოდენობა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის 0, 25%-ს შეადგენს.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს 2018 წლის იანვრის ანგარიშის მიხედვით, პენიტენციურ სისტემაში 32 არასრულწლოვანი ბრალდებული და მსჯავრდებულია განთავსებული.

პენიტენციურ დაწესებულებაში მოხვედრილ პირთა უმეტესობა მძიმე დანაშაულისთვის იხდის სასჯელს, ასევე დიდია განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის  მსჯავრდებულთა რაოდენობაც.

დანაშაულის კატეგორიების მიხედვით, მსჯავრდებულთა უმრავლესობა  ეკონომიკური (4  659) და საზოგადოებრივი უშიშროების, წესრიგის  წინააღმდეგ (3  675) ჩადენილი დანაშაულისათვის იხდის სასჯელს. ასევე დიდია ადამიანის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულთა ხვედრითი წილიც (2 968).

2018 წლის იანვარში პირობით ვადამდე 36 მსჯავრდებული, პირობითი მსჯავრით კი 29 პირი გათავისუფლდა. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში შეწყალებისა და ამნისტიის საშუალებით არავინ გათავისუფლებულა.

          არაპატიმარი მსჯავრდებულები

2018 წლის იანვრის თვის მონაცემებით, საქართველოში სულ 22 874  არაპატიმარი მსჯავრდებულია. მაღალი მაჩვენებლით თბილისი გამოირჩევა, რომელსაც ასევე მაღალი მაჩვენებლით იმერეთი, სამეგრელო ზემო-სვანეთი, ქვემო ქართლი და აჭარა მოსდევს.  არაპატიმარ მსჯავრდებულთა ყველაზე მცირე რაოდენობა რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთშია დაფიქსირებული.

შეფარდებული ღონისძიების მიხედვით, ქვეყანაში არაპატიმარ  მსჯავრდებულთა ყველაზე მეტი რაოდენობა პირობით მსჯავრზე  მოდის, ეს არასაპატიმრო სასჯელი 19 259 პირს აქვს შეფარდებული. ყველაზე მცირე მაჩვენებლით ხასიათდება სასჯელის მოხდის გადავადება ხასიათდება, ასეთი მხოლოდ 12 შემთხვევა ფიქსირდება.

რას აკეთებს სახელმწიფო რესოციალიზაციისთვის?

2018  წლის იანვრის თვეში, პრობაციის ეროვნული სააგენტოს  ინიციატივით რეგიონებში სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო, სოციალური დახმარებისა და დასაქმების ღონისძიებები სულ 466 არაპატიმარი მსჯავრდებულისთვის მოქმედებდა.

ამონარიდი სისხლის სამართლის სტატისტიკის ერთიანი ანგარიშიდან / 2018 წლის იანვრის სტატისტიკა

დიაგრამა გვიჩვენებს, რომ დასაქმების წილი რესოციალიზაციის პროცესში მხოლოდ 0.9 %-ია, რაც ნიშნავს, რომ დასაქმდა მხოლოდ  4 ადამიანი. საგანმანათლებლო პროგრამების წილია 1,3 % – ეს მხოლოდ 6 ადამიანს გულისხმობს, რაც ძალიან დაბალი მაჩვენებელია. არაპატიმარი მსჯავრდებულებისთვის დასაქმება ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია რეაბილიტაციისთვის.

„ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტი”

ყოფილი პატიმრების რეაბილიტაციის პროცესის ხარვეზების აღმოსაფხვრელად დემოკრატიის ინსტიტუტი პარტნიორ რეგიონულ ორგანიზაციებთან ერთად ახორციელებს ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების გაძლიერების პროექტს, რომლის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მიმართულება დასაქმებაა:

• სოციალური საწარმოების ამოქმედება და ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახის წევრებისა და პრობაციონერების დასაქმების ხელშეწყობა;
• ბენეფიციარების სტაჟირება დასაქმების პირობით;
• ბენეფიციართა თვითდასაქმება-საოჯახო ბიზნესის ჩამოყალიბების გზით;
• ყოფილ პატიმართა განათლება და პროფესიული გადამზადება;

გარდა დასაქმების მიმართულებისა, დემოკრატიის ინსტიტუტის და მისი პარტნიორი ორგანიზაციების: ფონდ თანაზიარის, აფხაზინტერკონტისა და გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრის პატიმართა გაძლიერების პროექტი მიზნად ისახავს:

 • ყოფილ პატიმართა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობას; 
 • იურიდიულ დახმარებას;

 • ბენეფიციართა გადამისამართებას შესაბამისი პროფილის სამედიცინო დაწესებულებაში;
 • ბენეფიციართა დახმარებას (ადვოკატირებას), რომ ისარგებლონ კუთვნილი სამედიცინო შეღავათებით და შესაბამისი სახელმწიფო პროგრამებით.

ზემოთჩამოთვლილი სერვისებით სარგებლობა ყოფილ პატიმრებს, პატიმართა ოჯახის წევრებს და პრობაციონერებს შეუძლიათ. ამისთვის მათ უნდა მიმართონ:

აჭარაში დემოკრატიის ინსტიტუტს – ქ.ბათუმი ჭავჭავაძის ქ. №107, ტელ: (0422) 27 57 44

იმერეთში აფხაზინტერკონტს / ქ.ქუთაისი ნინოშვილის ქ. №27, ტელ: (0431) 26 48 61

გურიაში გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრს /ოზურგეთი რუსთაველის ქ. №4, ტელ: (0496) 27 41 26

თანაზიარი – რუსთაველის ქ. №88 /ტელ: (0415) 22 10 78

მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თამარ ნერგაძე არის "ბათუმელების" რეპორტიორი 2017 წლის ოქტომბრიდან