ნეტგაზეთი • RU

აკადემიაში საზღვაო ნავიგაციას ორი გოგო სწავლობს

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მონაცემებით, საქართველოში 5 მეზღვაური ქალია. მათგან ერთი კადეტია, სამი – მზარეული, ერთი კი, რანგით ყველაზე მაღალი, ბათუმელი ნათია ლაბაძეა, რომელმაც საზღვაო აკადემია გასულ წელს დაამთავრა და უკვე ორჯერ იმყოფებოდა შორეულ ნაოსნობაში, ერთხელ, როგორც პრაქტიკანტი და მეორედ – როგორც კაპიტნის მესამე თანაშემწე.

ბათუმის საზღვაო აკადემიაში საზღვაო ნავიგაციას ამჟამად ორი გოგო სწავლობს, ანა ყურშუბაძე და ლუსინე თამარიანი. ორივე მათგანი გემზე აპირებს მუშაობას.

ლუსინე თამარიანი

ლუსინე თამარიანი

ლუსინე პირველ კურსზეა. ამბობს, რომ გადაწყვეტილება, ესწავლა საზღვაო ნავიგაცია, უცებ მიიღო და ნაცნობ-მეგობრების კრიტიკის მიუხედავად, არ შეუცვლია. „ყველას უცნაური ეჩვენა ეს გადაწყვეტილება, დიდი კრიტიკა მოჰყვა მეგობრებიდან, ოჯახის წევრები უფრო ადვილად შეეგუენ, ვიდრე მეგობრები. ქალი გემზე? – ეს იყო კრიტიკის ძირითადი მიზეზი.  ალბათ იმიტომ უჭირთ ამის გაგება, რომ საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა ბევრი კაპიტანი ქალი, მეორე მსოფლიო ომის დროს იყვნენ, როგორც მახსოვს და ძალიან იშვიათი მოვლენაა.  და რატომ უნდა იყოს პრობლემა ქალი გემზე? რას აკეთებს მამაკაცი ისეთს, რისი გაკეთებაც ქალს არ შეუძლია? მითუმეტეს, როცა არ ვსაუბრობთ ფიზიკურ ძალაზე, თუმცა არიან მექანიკოსი ქალებიც. რაც შეეხება ნავიგაციას, გონებრივი მუშაობაა საჭირო და ეს პრობლემა არ არის,“ – ამბობს ლუსინე.  იგი მომავალში საკუთარ თავს კაპიტნის პოსტზე ხედავს, ასე რომ არ იყოს, არც ჩავაბარებდიო, ამბობს.

„მე რომ ჩავაბარე აკადემიაში, ნათია ლაბაძემ დაასრულა სწავლა. აკადემიაში  ყველა მასზე ყვებოდა, იმიტომ, რომ კარგი კარიერა აქვს. მისაბაძია ჩემთვის, მან დამანახა, რომ ქალს შეუძლია ეს საქმე და ქალს აქვს მომავალი ამ პროფესიაში, მთავარია, ისწავლო და ეცადო,“ – ამბობს ლუსინე.

ანი ყურშუბაძე

ანა ყურშუბაძე

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის საზღვაო ნავიგაციის სპეციალობის მეოთხე კურსზე სწავლობს ანა ყურშუბაძე. „ეს ძალიან კარგი პროფესიაა, პერსპექტიული და მრავალფეროვანი. არ მიყვარს ერთფეროვნება, პირიქით, დაბრკოლებები მომწონს. ჩემს თავს ვხედავ ისე, როგორც რიგითი მეზღვაური, გავივლი ყველა ეტაპს, რასაც მეზღვაურები გადიან, კაპიტნის წოდებამდე,“ – ამბობს ანა. იგი ამბობს, რომ მისი ოჯახის წევრები ძალიან კარგად შეხვდნენ მის გადაწყვეტილებას და მათგან დიდი მხარდაჭერა აქვს. ახლა ბევრი ინტერესდება ჩემი არჩევანითო – ამბობს.

________________________

კაპიტანი ქალების რაოდენობა მსოფლიოში ბოლო წლებში იზრდება, თუმცა ჯერ ისევ იშვიათობაა. გასულ წელს ინდოელი რადჰიკა მენონი გახდა პირველი ქალი კაპიტანი, რომელმაც საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ჯილდო მიიღო ზღვაში გამოჩენილი განსაკუთრებული სიმამაცისთვის. ინდოეთის დროშის ქვეშ მცურავმა ნავთობის ტანკერმა, რომლის კაპიტანიც რადჰიკა იყო, ბანგლადეშის სრუტეში შვიდი მეთევზე გადაარჩინა დაღუპვას.

ამავე თემაზე: „ჩვენ მოძველებულ სტანდარტებს ვანგრევთ“ – ქალები გემზე 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com