მთავარი,სიახლეები

აბუსერიძის ქუჩის მცხოვრებლები კორპუსში ნარკორეაბილიტაციის ცენტრის გახსნას აპროტესტებენ

31.03.2018 • 3833
აბუსერიძის ქუჩის მცხოვრებლები კორპუსში ნარკორეაბილიტაციის ცენტრის გახსნას აპროტესტებენ

ბათუმში, ტბელ აბუსერიძის 29 ნომერში მცხოვრები პირები, საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე ნარკორეაბილიტაციის ცენტრის გახსნას აპროტესტებენ. ცენტრმა მუშაობა პირველად დღეს 30 მარტს დაიწყო. ცენტრი ბათუმში 272 ბენეფიციარს ემსახურება.

კორპუსის მცხოვრებლების აზრით, საცხოვრებელ სახლში ნარკოდამოკიდებული ადამიანების ხშირი ვიზიტები მიუღებელია. სახლის მცხოვრებლებმა დღეს საპატრულო პოლიციაც გამოიძახეს და ცენტრის გახსნის გამო, საჩივარი დაწერეს.

„ჩვენ მომხრე ვართ, რომ დაეხმარონ ამ ადამიანებს, მაგრამ საცხოვრებელი კორპუსის ეზოში ნარკორეაბილიტაციის ცენტრის გახსნა მიუღებელია. აქ უამრავი ბავშვი ცხოვრობს და ათობით ნარკოდამოკიდებული ადამიანის მოძრაობა ეზოში არ არის ჩვენთვის მისაღები“, – ამბობს პაატა ხიმშიაშვილი.

აბუსერიძის 29-ში მცხოვრები პირები, კორპუსში ნარკორეაბილიტაციის ცენტრის გახსნას ეწინააღმდეგებიან

ხიმშიაშვილის თქმით, შესაძლებელია ბენეფიციართა რიცხვი კიდევ გაიზარდოს და ეს აქ მცხოვრებლებისთვის მისაღები არ არის.

„მოდიან, წამალს იღებენ, ამდენი ნარკოდამოკიდებულის  ეზოში სიარული არ გვინდა. ბავშვები გვყავს და ეს სიტუაცია არ მოგვწონს“, -გვეუბნება კორპუსის კიდევ ერთი მაცხოვრებელი.

ნარკორეაბილიტაციის ცენტრი სამედიცინო ცენტრ „ურანტის“ ეკუთვნის. მისი წარმომადგენელი პაატა ლეკიაშვილი ამბობს, რომ ცენტრი არის სახელმწიფოსგან ლიცენზირებული და მისი მუშაობა არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს ამ სახლში მცხოვრები პირებისთვის.

„მე არ მაქვს ვალდებულება, რომ მეზობლებისთვის შემეთანხმებინა სარეაბილიტაციო ცენტრის გახსნა. ბენეფიციარები მოდიან იღებენ მომსახურებას, უტარდებათ სარეაბილიტაციო კურსი და მიდიან. ისინი ამ ტერიტორიაზე არ ჩერდებიან. შესაბამისად, მათი აქ მოსვლა არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს.

სარეაბილიტაციო ცენტრს ცალკე შესასვლელი აქვს, ეზოს მეორე მხრიდან

ეს ადამიანებიც საზოგადოების წევრები არიან, მათ  დახმარება სჭირდებათ და ვფიქრობ მსგავსი დამოკიდებულება არ უნდა ჰქონდეს საზოგადოებას მათ მიმართ. ეს პროგრამა ათი წელია საქართველოში ხორციელდება“, – ამბობს ის.

ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, მეზობლების გაღიზიანება გამოიწვია იმან, რომ ისინი არ არიან კარგად ინფორმირებული ცენტრის საქმიანობის შესახებ, „თუმცა, ყველაფერს ავუხსნით, დაინახავენ, რომ პრობლემას არ ქმნიან ეს ადამიანები“, – ამბობს ის.

სარეაბილიტაციო ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ბენეფიციარები სახლის ცენტრალური შესასვლელით არ სარგებლობენ – ცენტრს ცალკე შესასვლელი აქვს.

პაატა ლეკიაშვილი ამბობს, რომ სარეაბილიტაციო ცენტრი ქვეყნის მასშტაბით 1200-ზე მეტ ნარკოდამოკიდებულ პირს ეხმარება რეაბილიტაციაში.

კორპუსის ცენტრალური შესასვლელი. ეზო

გადაბეჭდვის წესი