პირველი არჩეული მერი ქედის მოსახლეობას საქმიანობის ანგარიშს პირველად აბარებს


ლევან გორგილაძის საქმიანობის 100 დღე, გასული წლის მიმოხილვა და სამომავლო პროექტები – ეს ის თემებია, რომელსაც პრეზენტაციის სახით, მუნიციპალიტეტის პირველი პირი ყველა ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას და საზოგადოების წევრებს, 26 მარტიდან აცნობს.

ლევან გორგილაძე

ლევან გორგილაძე

ლევან გორგილაძე ქედის მერად, 2017 წლის 21 ოქტომბერს გამართული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 63 %-მა  აირჩია. ხალხის მიერ პირველი არჩეული მერი საქმიანობას ოფიციალურად 2017 წლის 1 ნოემბრიდან შეუდგა.

მმართველობის 100 დღის განმავლობაში, ქედის მერიაში არა ერთი მნიშვნელოვანი სიახლე დაინერგა (ონლაინ პეტიცია, მოსახლეობის ჩართულობის ზრდა თვითმმართველობის ორგანოების მუშაობაში, მოქალაქეებთან კომუნიკაციის ყველა არხის ღიაობა და ახლადდამკვიდრებული სოლიდარობის დღეები, ადგილობრივების საჭიროებებზე მორგებული პროექტები და ა.შ.),  გაღრმავდა და გაფართოვდა ურთიერთობები სახელმწიფო თუ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საფუძველი ჩაეყარა საერთაშორისო თანამშრომლობებს.

ლევან გორგილაძე უკვე შეხვდა წონიარისის, ცხმორისის, დანდალოს, ზვარეს, ოქტომბრის, მერისის და დაბა ქედის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას, ასევე სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს და მესამე სექტორის წარმომადგენლებს, ანგარიშით წარსდგა ქედის საკრებულოს წინაშე და შემდეგ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება:

  • პასუხისმგებლობა ამომრჩეველთან და მერიის საქმიანობის ძირითადი პრინციპები:
  • გასატარებელ რეფორმათა სტრატეგიული ორიენტირები და სამომავლო შედეგები;
  • წინ გადადგმული ნაბიჯები;
  • გაზრდილი მიმდინარე წლის ბიუჯეტი და 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის ზოგადი მიმოხილვა 2018 წელთან მიმართებაში;
  • მიმდინარე წლის ადგილობრივი ბიუჯეტის ძირითადი პრიორიტეტები;
  • მიმდინარე მსხვილი პროექტები: გაზიფიცირება, ქედის შემოსასვლელის გაფართოვების სამუშაოები, მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებები, ახალი ნაგავმზიდი და დამატებითი ურნები, ზუნდაგის მრავალფუნქციური სახლი, დაბა ქედის სოციალური სახლი, ლოჯისტიკური ცენტრი და ა.შ.
  • მიმდინარე წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები;
  • მერიაში მოქმედი ყველა სფეროს მიმოხილვა, ახალი პროგრამები და მიღწეული წარმატებები.
  • 2018-2021 წლის მოლოდინები და სხვა.

შეხვედრების ფორმატი ითვალისწინებს ინტერაქტივს და დასმულ შეკითხვებს თავად ლევან გორგილაძე პასუხობს. შეხვედრებზევე ინიშნავენ ყველა იმ საჭიროებას, რასაც ადგილობრივები ასახელებენ.

ქედის მერი ანგარიშის წარდგენას ოფიციალურად 2 აპრილს დაასრულებს. მომდევნო შეხვედრები პირველი მაისის, მახუნცეთისა და დოლოგნის ადმინისტრაციულ ერთეულებშია ჩანიშნული.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი