ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე, ორი მსუბუქი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა, დაშავებულია სამი ადამიანი.
ქობულეთის სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ცნობით, დაშავებულებს საშუალო სიმძიმის დაზიანებები აღენიშნებოდათ და ისინი ქობულეთის რეგიონულ კლინიკაში გადაიყვანეს. ავტოსაგზაო შემთხვევა დაახლოებით დილის 10 საათზე მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.
„უნდა მიმართოს სასამართლოს, სხვა რა უნდა ქნას სახელმწიფომ“, – ასე პასუხობს უმაღლესი საბჭოს წევრი და იმავდროულად პროფკავშირების რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი დასაქმებულს, რომელიც სამუშაო ადგილზე „მძიმე სამუშაო პირობების გამო“ დახმარებას ითხოვს. ერთ-ერთ კომპანიაში დასაქმებულმა შრომის პირობების შესწავლის მოთხოვნით ჯანდაცვის სამინისტროს რამდენიმე დღის წინ მიმართა. უწყებიდან მოქალაქემ პასუხი მიიღო, რომ „ინსპექტირება მხოლოდ კომპანიის თანხმობის შემთხვევაშია შესაძლებელი“.
რამდენიმე თვეში შრომის უსაფრთხოების კუთხით ინსპექტირების უფლებამოსილება შრომის ინსპექცია დაიწყებს. შრომის პირობების დარღვევაზე კი, ინსპექციას შემოწმების უფლება არ ექნება.
რატომ თქვა უარი ხელისუფლებამ შრომის პირობების ინსპექტირებაზე და რა აქტივობა ჰქონდა უმაღლეს საბჭოს შრომის პირობების ინსპექტირების კუთხით რეალობის შესაცვლელად – „ბათუმელები“ უმაღლესი საბჭოში ფრაქცია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელს, ილია ვერძაძეს ესაუბრა. ილია ვერძაძე ამ დრომდე პროფესიული კავშირების აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელიცაა.
იყო თუ არა უმაღლესი საბჭო რაიმე ფორმით ჩართული შრომის ინსპექციის უფლებამოსილების კუთხით კანონმდებლობის შეცვლის პროცესში?
ჩვენ ასოცირების შეთანხმებით გვაქვს ვალდებულება, რომელიც ითვალისწინებს შრომის ტექნიკურ უსაფრთხოებას. პირველი ეტაპი იყო შრომის კოდექსის შეცვლა და ეს იყო პრინციპული მოთხოვნა, მათ შორის, პროფკავშირების მხრიდან. ეს გაკეთდა. შემდეგი ნაბიჯი იყო შრომის უსაფრთხოება, რაც მოიცავდა შრომის ტექნიკური ინსპექციის შექმნას. იყო ფაქტი, რომ ინსპექცია შეიქმნა, ადამიანები აღჭურვეს შესაბამისი ცოდნით, მაგრამ ისინი არასაკმარისად ქმედუნარიანები იყვნენ კანონიდან გამომდინარე. იქვე გაჟღერდა, რომ დამსაქმებლის ნების შემთხვევაში არის შესაძლებელი ინსპექტირება.
მე ინტენსიურად ვარ ამაში ჩართული, რადგან უკვე სახელისუფლებო გუნდის წევრი ვარ. ხელისუფლების მხრიდან არის მიდგომა, რომ ეს უნდა შეიცვალოს. რა თქმა უნდა, ვერც ერთი ხელისუფლება 100 პროცენტით მხოლოდ ერთი სოციალური პარტნიორის მხარეს ვერ გადაიხრება. ჩვენი ხელისუფლება დეკლარირებულად ახდენს ცვლილებებს და, რაც მთავარია, აკეთებს. ახლა საუბარია აქ ტემპებზე, სისწრაფეზე, დეტალებზეა უკვე კამათი.
6 წელი გავიდა ამ პროცესში და დღესაც უარი აქვს ნათქვამი ხელისუფლებას შრომის პირობების კუთხით ინსპექტირებაზე. თქვენ ფიქრობთ, რომ ეს შეუძლებელია, თუ ნება არსებობს ხელისუფლების მხრიდან?
შრომის ინსპექცია შევა კონკრეტულ ადგილებზე და მისი უფლებამოსილება ეტაპობრივად გაიზრდება. ჩვენ გვაქვს კანონი შრომის უსაფრთხოების შესახებ, სადაც დეტალურად არის გაწერილი, ვის რა უფლებამოსილება აქვს. დამსაქმებელის ჩართულობა ამ პროცესში არის გარანტირებული… 2019 წლის სექტემბრიდან ინსპექციას ნებისმიერ დროს შეეძლება შეუზღუდავად შესვლა კომპანიაში და იქ შრომის პირობების შესწავლა.
„ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის“ ცენტრი განმარტავს, რომ შრომის ინსპექცია იმუშავებს კონკრეტულად უსაფრთხოების კუთხით, რაც დასაქმებულის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს. ინსპექცია ვერ იმუშავებს შრომითი უფლებების დარღვევაზე.
ეს მოთხოვნაც აქვს მერე პროფკავშირებს. ჩვენც გვინდა, რომ უსაფრთხოებასთან ერთად ინსპექტორმა სამუშაო პირობაც დააფიქსიროს, იგივე ზეგანაკვეთური და ასე შემდეგ, ამას ვიძახდით პროფკავშირები სხვა არასამთავრობოებთან ერთად. ამ თემაზე, რა თქმა უნდა, საუბარი მიდის. აღჭურავენ ამ უფლებით თუ არა საბოლოოდ ტექნიკურ ინსპექტორს, მე ამაზე პასუხს ვერ გაგცემთ.
როგორც უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა რა მოითხოვეთ?
კანონი პარლამენტმა მიიღო. ეგ წინადადება არის იქ მისული. ვფიქრობ, ცალმხრივ კომისიაზეც გვაქვს დაყენებული. არ ვარ ახლა მზად გიპასუხოთ, მაგაზე კონკრეტულად.
ბათუმის კონკრეტულ მცხოვრებს ჯანდაცვის სამინისტროს შრომის დეპარტამენტმა უთხრა, რომ სამუშაო ადგილზე შრომის პირობების ინსპექტირება ვერ განხორციელდება კომპანიის ხელმძღვანელის თანხმობის გარეშე. რა უნდა ქნას ამ მოქალაქემ, რას სთავაზობთ?
უნდა მიმართოს სასამართლოს, სხვა რა უნდა ქნას სახელმწიფომ? პროფაკვშირებში გაწევრიანდეს და იქ დასვას პრობლემა. არსებობს მთელი რიგი უფლებები, რომლებიც 10 წლის წინაც არსებობდა, 70 წლის წინათაც…
თქვენ 2016 წელს დაჰპირდით ამომრჩეველს, რომ შრომის პირობები გაუმჯობესდებოდა და ამისთვის უნდა შესულიყავით უმაღლეს საბჭოში.
ბერკეტები მეტია ახლა, თუკი მოქალაქე სასამართლოში მივა, რომ საქმე მოიგოს, შეცვლილია შრომის კოდექსი. ნული იყო აქამდე ყველაფერი, სხვა რეგულაცია არ იყო. კანონით არის ჩარეული სახელმწიფო იგივე ამ მოქალაქის უფლებების დაცვაში, ვისზეც საუბრობთ. შრომის ინსპექტირების უფლებამოსილების გაზრდას მე ამომრჩეველს არ დავპირებივარ. მე ვმუშაობ სხვადასხვა ინიციატივაზე და მაქვს საკანონმდებლო აქტივობა.
რომელიმე ინიციატივა შეეხებოდა შრომის პირობების გაუმჯობესებას?
არა. შრომის კანონმდებლობაზე მუშაობა უმაღლესი საბჭოს კომპეტენცია არ არის. სოციალური გარანტიების შესახებ მაქვს ინიციატივა, რაც 18 წლამდე შშმ პირებისთვის დამატებითი სოციალური შეღავათების დაწესებას გულისხმობს. მალე დაიწყება ამ კანონპროექტის განხილვა. ასევე ინიცირება გავუკეთე სოციალური პარტნიორობის კომისიას, რომელიც ალბათ მალე შეიქმნება, მოსამზადებელი სამუშაო ჯგუფი შევქმენით და ამაში შედიან პროფკავშირების, დასაქმების საგენტოს, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები. ეს კომისია განიხილავს სხვადასხვა საკითხს, რაც შრომით ურთიერთობას შეეხება, კომისია შეასრულებს მედიატორის როლს…
უშუალოდ შრომის პირობების კუთხით უმაღლეს საბჭოს არ ჰქონია ინიციატივა.
არსებობს ფედერალური თემები, მაგალითად, პენსია. აჭარაში პენსია ხომ ცალკე ვერ გაიცემა? რაც ჩვენს კომპეტენციაში შედის, იმას ვაკეთებთ, მთებს კი ვერ გადააბრუნებ. ეს ისეთი თემაა, თქვენ რომ შემოგიბრუნოთ კითხვა, რატომ დაწერეთ ამ თემაზე ერთი სტატია და რატომ ორი არა? ან მარტო ამ ქალის საკითხზე რატომ მეკითხებით, ვისაც სამუშაო ადგილზე პრობლემა აქვს და სხვაზე არა, სხვებსაც ხომ აქვთ პრობლემები?… მე ვამბობ იმას, რომ ეტაპობრივად უმჯობესდება მდგომარეობა. უკვე შეიქმნა შრომის ინსპექცია. შრომითი უფლებების დაცვა არსად, არცერთ ქვეყანაში არაა საკმარისი, ყველგან მიდის დახვეწა.
უმაღლესმა საბჭომ რა გააკეთა, რომ დახვეწილიყო კანონმდებლობა შრომითი უფლებების კუთხით?
შრომითი უსაფრთხოების კუთხით მიდიოდა მუშაობა. ამ პროცესში ჩართული იყო არასამთავრობო ორგანიზაციები, პროფკავშირები. რა მნიშვნელობა აქვს ახლა, რომელი კუთხიდან ვიყავი ჩართული. ყველაფერს დრო უნდა, თანდათან კეთდება… გეთანხმებით, რომ შრომის ინსპექტირება სუსტია, მაგრამ მისი გაძლიერების პირობა არსებობს ხელისუფლების მხრიდან. მეც ვფიქრობ, რომ უნდა ჰქონდეს შრომის ინსპექციას შრომის პირობების კუთხით ინსპექტირების უფლება, მაგრამ შეიძლება არ გავიდეს იქ ჩემი აზრი, პარლამენტია, კენჭისყრაა. ინიციატივა არსებობდა პროფკავშირების მხრიდან მაგაზე.
ფიქრობთ, რომ როგორც უმაღლესი საბჭოს წევრს, არ უნდა გქონოდათ ინიციატივა ამ კუთხით?
როგორც უმაღლესი საბჭოს წევრმა რა უნდა გავაკეთო? დავუშვათ, ინიციატივა ილია ვერძაძემ შეიტანა იქ, პარლამენტში. დახედავენ და იტყვიან, რომ რასაც პროფკავშირები გვწერს, ვერძაძემაც იგივე დაგვიწერაო, რა შეიცვლება ამით?
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ კანტაურში არსებული უძველესი მეჩეთი ნადგურდება. სალოცავი, რომელიც ადგილობრივების თქმით, მე-19 საუკუნეში სოფლის მოსახლეობას აუშენებია, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი არ აქვს.
კრამიტით გადახურული ორსართულიანი მეჩეთის სახურავი ალაგ-ალაგ ჩამოშლილი და ჩამოტეხილია. ჩატეხილია ფანჯრები, მთლიანად ჩამოშლილია მეორე სართულთან დამაკავშირებელი ხის ორნამენტიანი კიბეები და იატაკი.
მე-19 საუკუნეში აგებული მეჩეთი, სოფელი კანტაური. ფოტო: ეკა ბარამიძე
შენობის მეორე სართულზე დღემდე შემორჩენილია ხეზე ამოკვეთილი ძველი ორნამენტები, აქვე ინახება უძველესი ხის აკვანიც. შენობის კედლებზე კი ძაფზე აკინძული თამბაქოს ფოთლებია დაკიდული.
მე-19 საუკუნეში აგებული მეჩეთი, სოფელი კანტაური. ფოტო: ეკა ბარამიძე
ადგილობრივი ამირან ხიმშიაშვილი ამბობს, რომ სოფლის უძველესი მეჩეთის რეაბილიტაციით დაახლოებით 6-7 წლის წინ თურქეთის მოქალაქე დაინტერესდა – მას მეჩეთის შეკეთება უნდოდა. ხიმშიაშვილის თქმით, აქაურებმა არ მოისურვეს, სოფლის სალოცავი უცხო ქვეყნის მოქალაქეს რომ შეეკეთებინა.
„ჩვენ მეჩეთის გარემონტების წინააღმდეგი მხოლოდ ერთი მიზეზით წავედით – მას რომ გაეკეთებინა, მიისაკუთრებდა. ჩვენ ვთქვით, თუ გაკეთდებოდა, მხოლოდ ადგილობრივი თანხებით უნდა გაკეთებულიყო.
გადმოცემით ვიცი, რომ მეჩეთი მე-19 საუკუნეში აუშენებიათ, თუმცა ამ მეჩეთისთვის ადგილი რამდენჯერმე შეუცვლიათ. ადრე სოფლის ზევით ყოფილა, მაგრამ რადგანაც მინარეთიდან ლოცვის ხმა სხვა სოფლებში არ გადიოდა, მეჩეთს ადგილი უცვალეს და არსებული სახით ამ ადგილზე გადმოუტანიათ. აქედან მოლას ხმა სოფელ ტიბეთაში, კვაშტასა და ვაიოშიც ისმოდა თურმე,“- ამბობს ამირან ხიმშიაშვილი.
მეჩეთს ახლა მინარეთი არ აქვს, ადგილობრივებს არ ახსოვთ, როდის ჩამოიშალა მინარეთი, რომლის გამოც მეჩეთისთვის ადგილი შეუცვლიათ.
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში ამ მეჩეთის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ. აქ ამბობენ, რომ „ბათუმელებისგან“ მიღებული ინფორმაციის საფუძველზე სალოცავს შეისწავლიან და იმ შემთხვევაში, თუ საკულტო ნაგებობა კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს, ძეგლის სტატუსის მისანიჭებლად მოთხოვნასაც გააგზავნიან.
მე-19 საუკუნეში აგებული მეჩეთი, სოფელი კანტაური. ფოტო: ეკა ბარამიძე
„სოფელ კანტაურში ჩვენ ძეგლის სტატუსის მქონე ჯამე არ გვაქვს. გამომდინარე იქედან, რომ ჩვენ ყველა იმ ობიექტს ვსწავლობთ, რომელსაც, სავარაუდოდ, ძეგლის სტატუსის ნიშები შეიძლება ჰქონდეს, აღნიშნულ ჯამეს ადგილზე დათვალიერებთ, შევაფასებთ, თუ რამდენად არის ძეგლის ნიშნის მატარებელი ეს ჯამე. ამის შემდეგ განვსაზღვრავთ მის ღირებულებას“, – ამბობს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ძეგლებზე ნებართვების გაცემისა და მონიტორინგის განყოფილების უფროსი, მირზა ცეცხლაძე.
კითხვაზე, ჩაუტარდება თუ არა მეჩეთს რეაბილიტაცია ან რა სახით? მირზა ცეცხლაძე ამბობს, რომ ეს შენობის სტატუსზე იქნება დამოკიდებული.
„თუ შენობას ძეგლის სტატუსი მიენიჭება, შემდეგ დავადგენთ, რა ტიპის ჩარევა სჭირდება, დაუყოვნებლივ, თუ დროის რაღაც მონაკვეთში. ასევე, სტატუსის შესაბამისად განისაზღვრება ჩარევის მეთოდოლოგია და დრო“.
მე-19 საუკუნეში აგებული მეჩეთი, სოფელი კანტაური. ფოტო: ეკა ბარამიძე
ხელვაჩაურში, სოფელ მურმანეთში, საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა თურქეთის მოქალაქე დააკავეს. სარფის გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე საქართველოდან თურქეთში უკანონო გადასვლის ფაქტზე კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოს მიმართულებით, უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლების მიერ, პირველი სამმართველოს (ბათუმი) სასაზღვრო სექტორის (სარფი) დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ღონისძიების შედეგად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით, თურქეთის რესპუბლიკის კიდევ ერთი მოქალაქეა დაკავებული,“ – აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის 1-ელი ნაწილით. დაკავებულების მიერ ჩადენილი დანაშაული ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით.
ბათუმის ბულვარში, კოლონადებთან, იასონ გორდეზიანის ძეგლი გაიხსნა. იასონ გორდეზიანი ბათუმის მთავარი მებაღე და ცნობილი დეკორატორი იყო. ძეგლის გახსნის ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და ბათუმის მერი დაესწრო.
იასონ გორდეზიანის ქანდაკების ჩამოსხმისა და მონტაჟის სამუშაოების შესყიდვისთვის ბათუმის ბულვარის ბიუჯეტიდან 128 174 ლარი დაიხარჯა. „ბათუმის ბულვარის“ ინფორმაციით, იასონ გორდეზიანის დეკორატიული სკულპტურის ავტორია მოქანდაკე ირაკლი წულაძე. ქანდაკების განთავსება ბულვარის ადმინისტრაციის ინიციატივა იყო.
„ბათუმის ბულვარის“ ინფორმაციით, იასონ გორდეზიანი 1876 წელს რაჭაში დაიბადა, 1911 წელს წარჩინებით დაამთავრა ვერსალის სასოფლო-სამეურნეო ნაციონალური ინსტიტუტი და მიიღო სახელმწიფო ჯილდო, ოქროს მედალი.
ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა საფრანგეთის, ბელგიის, შვეიცარიის, ჰოლანდიის საბაღო მეურნეობებში. პარიზში, მსოფლიოში ცნობილ სელექციონერ ველმორენის სათესლე-სანერგე მეურნეობაში იღრმავებდა ცოდნას. ევროპაში აღიარებულ სპეციალისტს სამუშაოდ იწვევენ ლონდონის ბოტანიკური ბაღის მებაღე-დეკორატორად.
„1913 წლის იანვარში ბრუნდება საქართველოში და მწვანე კონცხზე ბოტანიკური ბაღის იდეის სულისჩამდგმელი და არქიტექტორია,“-ამბობენ ბულვარის ადმინისტრაციაში.
1916 წელს კი ის ინიშნება ბათუმის გამწვანების ტრესტის დირექტორად. „სწორედ მის სახელთანაა დაკავშირებული ბულვარის განახლება-განაშენიანების მცენარეული საფარის, ახალი სათბურების, სანერგეებისა და ორანჟერეების შექმნა-მშნებელობა.
„ინსპექტირების განხორციელება ნებაყოფლობითია და დამოკიდებულია დამსაქმებლის თანხმობაზე,“ – ასე უპასუხა ჯანდაცვის სამინისტრომ ბათუმში, ერთ-ერთ საწარმოში დასაქმებულს, რომელმაც სამინისტროს წერილობით მიმართა და სამუშაო ადგილზე მძიმე შრომითი პირობები გააპროტესტა.
მოქალაქის პრობლემის შესახებ და სამინისტროდან მიღებული ოფიციალური პასუხი სოციალურ ქსელში „სამოქალაქო და სოციალური უფლებების დაცვის ორგანიზაციამ“ გამოაქვეყნა. ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი, მეგი ბაკურიძე გვიყვება, რომ შრომის პირობები კონკრეტულ კომპანიაში სხვადასხვა მიმართულებით ირღვევა.
„დასაქმებული თავდაპირველად აპროტესტებდა იმას, რომ დღე-ღამის განმავლობაში 12 საათი უწევს მუშაობა, არ არსებობს გამოსასვლელი დღე. შემდეგ გაირკვა, რომ საერთოდ არ არსებობს ხელშეკრულება დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის, ასევე არ არის გამიჯნული ფუნქცია. შესაძლებელია, ამ კომპანიაში კონსულტანტი პარალელურად დამლაგებელიც იყოს… საუბარია ერთ-ერთ კაფეზე, რომელიც ბათუმში ცოტა ხნის წინ გაიხსნა,“ – ამბობს მეგი ბაკურიძე.
მოქალაქეს ჯანდაცვის სამინისტრომ წერილობით განუმარტა, რომ თუკი კომპანია ინსპექტირებაზე თანხმობას არ განაცხადებს, კომპანიაში შესვლის და შრომის პირობების მონიტორინგის უფლება შრომის ინსპექციას არ აქვს. თანხმობის შემთხვევაში კი, „გამოიყოფა ინსპექტორთა ჯგუფი, რომელიც განახორციელებს ინსპექტირებას, რომლის შემდეგადაც მომზადდება საჯარო სარეკომენდაციო ხასიათის დასკვნა, სადაც მითითებული იქნება ინფორმაცია შრომის პირობების დაცვასთან დაკავშირებული მოთხოვნების დარღვევების შესახებ“, – აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროდან გამოგზავნილ წერილში. წერილს ლიკა კლიმიაშვილი აწერს ხელს, შრომის და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი.
„დამსაქმებლის ორგანიზაცია, რომელსაც შრომითი უფლებების კუთხით აქვს დარღვევები, არასოდეს გამოთქვამს თანხმობას შრომითი ინსპექტირების განხორციელებაზე. აღნიშნული აიხსნება მაგალითად, დამსაქმებლის ეკონომიკური ინტერესით დასაქმებულების ანაზღაურების გარეშე ზეგანაკვეთურ სამუშაოზე. შესაბამისად, დასაქმებული კვლავ რჩება შრომითი უფლებების უხეში დარღვევის, დისკრიმინაციის, მორალური და მატერიალური ზიანის მსხვერპლ,“ – აღნიშნავს მეგი ბაკურიძე, სამოქალაქო და სოციალური უფლებების დაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელი.
„სახელმწიფო უარს ამბობს შრომის პირობების ინსპექტირებაზე,“ – ამბობს ლინა ღვინიანიძე, „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის“ სოციალური პოლიტიკის პროგრამის დირექტორი. ეს ორგანიზაცია აქტიურად იყო ჩართული საკანონმდებლო პროცესში, რაც შრომის ინსპექციისთვის უფლებამოსილების განსაზღვრას უკავშირდებოდა. ლინა ღვიანიანიძის თქმით, მისი, ასევე შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის და სახალხო დამცველის კრიტიკის საგანი სწორედ ეს ნაწილი იყო.
„კანონში შესული ცვლილებების შემდეგ, შრომის ინსპექციას ექნება უფლება, თანმობის გარეშეც შევიდეს კონკრეტულ ობიექტზე და სანქციები გაატაროს, მაგრამ ეს ეხება მხოლოდ შრომის უსაფრთხოებას. მხოლოდ შრომითი პირობების გადასამოწმებლად ინსპექცია ობიექტზე ვერ შევა,“ – განმარტავს ლინა ღვინიანიძე.
კანონში „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ ცვლილება უკვე შევიდა. ცვლილების შესვლიდან 6 თვეში მთავრობამ იმ ობიექტების ნუსხა უნდა განსაზღვროს, სადაც შრომის ინსპექციას შესვლის და ინსპექტირების განხორციელების უფლება ექნება. ლინა ღვინიანიძის თქმით, დაახლოებით აგვისტოდან ექნება შრომის ინსპექციას ეს უფლებამოსილება, თუმცა მხოლოდ შრომის უსაფრთხოების კუთხით.
„ბათუმელები“ ამ დროისთვის ვერ დაუკავშირდა კომპანიას, სადაც დასაქმებული პირი შრომითი პირობების დარღვევაზე საუბრობს.
მთავარ ფოტოზე: საპროტესტო აქცია თბილისში შრომით უფლებებზე, 2015 წელი, „ბათუმელების“ არქივი.
„გაუმჯობესების ნაცვლად, პენსიონერებისთვის მომსახურების პირობები გაუარესდა,“ – აცხადებს უმაღლესი საბჭოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ გია აბულაძე. მან დღეს ბათუმში, თამარის დასახლებაში ბრიფინგი ქუჩაში გამართა, სადაც მოხუცები პენსიას ბანკის სპეციალური ავტომანქანებიდან იღებენ.
„ამ დასახლებაში „ლიბერთი ბანკის“ ფილიალი გაუქმდა და 2000-მდე პენსიონერს ახლა ქუჩაში უწევს პენსიის აღება. ხშირად არის რიგები. მოხუცებს წვიმაში, ან სიცხეში უწევთ აქ დგომა. სახელმწიფო მათ მომსახურეობის პირობების გაუმჯობესებას დაპირდა, რაც არ შესრულდა,“ – ამბობს გია აბულაძე.
უმაღლესი საბჭოს წევრი სოციალური მომსახურების სააგენტოსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის 3 წლის წინ გაფორმებულ ხელშეკრულებაზე ამახვილებს ყურადღებას, სადაც წერია, რომ პენსიონერებისთვის მომსახურების სერვისი უნდა გაუმჯობესდეს და ამისთვის ყოველწლიურად 5 მილიონი ლარი დაიხარჯება.
„სოციალური მომსახურების სააგენტოს წერილობით მივწერეთ, მაგრამ პასუხი ვერ მივიღეთ. პასუხი არც აჭარის მთავრობამ გასცა პენსიონერების კოლექტიურ წერილს,“ – დასძენს გია აბულაძე.
სოციალური მომსახურების სააგენტოში გვითხრეს, რომ ამ საკითხზე კომენტარს ორშაბათს გააკეთებენ.
„ლიბერთი ექსპრესი“ მუშაობს სრული დატვირთვით, შეფერხება არ იქნება. „ლიბერთი ბანკი“ მუშაობს პენსიონერებისთვის მომსახურების პირობების გასაუმჯობესებლად,“ – გვითხრეს „ლიბერთი ბანკის“ პრესსამსახურში.
რა იგულისხმება მომსახურების გაუმჯობესებაში – ბანკში განმარტავენ, რომ დეტალების შესახებ მოგვიანებით მიაწვდიან საზოგადოებას სრულ ინფორმაციას.
მე-19 საუკუნის აჭარის შესახებ ინფორმაცია ქართველი და უცხოელი მოგზაურების ჩანაწერებში გვხვდება. აქვე ვხვდებით აჭარლების დახასიათებას, როგორ იცვამდნენ, რას ჭამდნენ, რა თვისებები ახასიათებდათ აქ მცხოვრებ ადამიანებს. ნახეთ მოკლე ამონარიდები.
„მამაკაცები და ქალები ძალიან ლამაზები არიან, უყვართ გართობა. ადვილად ამყარებენ ურთიერთობას სხვასთან. მათი ძირითადი საქმიანობა მიწათმოქმედება და ხელოსნობაა. ორივეში გამოირჩევიან ოსტატობით, განსაკუთრებით ნახელავის ორნამენტული დამუშავებით. რელიგიის მხრივ ისინი უფრო თავისუფალნი არიან ფანატიზმისგან, ვიდრე სხვა ხალხები.“
პალგრევი, დიდი ბრიტანეთის კონსული ტრაპიზონში, 1872 წელი
„როგორც ჩანს, აჭარლები უმშვენიერესნი უნდა იყვნენ კავკასიის ხალხთა შორის, ყველას მოსული ტანი და გმირული შეხედულება აქვს. ადვილად შეამჩნევთ სიარულში სიყოჩაღეს, ქცევაში – ზრდილობას, საქმეში – სიმარდეს; მსუქნები იშვიათია, თითქმის სულ არ არიან. მოხუცი კაცებიც მკვირცხლნი და მარჯვენი არიან, პატარა ყმაწვილები ძლიერ ლამაზნი და მალხაზნი“.
ემილ ლევიე, შვეიცარიელი ბოტანიკოსი. ბათუმში, ქედასა და ხულოში იმოგზაურა 1890 წელს
ხუცუბანი. აჭარელი თევზითა და ლიმნით მოვაჭრე. დიმიტრი ერმაკოვის ფოტო. ფოტო დაცულია საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში
„აჭარელი მეტად თავაზიანია, ზრდილი და პირად მთქმელი. აჭარელი ერიდება კაცის შეურაცხყოფას, მაგრამ ერიდება იმასაც, რომ სხვამ არ შეურაცხყოს იგი. შურისძიება და სისხლის აღება ძველთაგან დარჩენილია. კაცი თუ შემოაკვდა, მოელის, რომ მოკლულის ნათესავისგან ადრე თუ გვიან მიეზღვევა. აქედან წარმოსდგება ყაჩაღად გავარდნა… კაცის მკვლელი სულ სისხლის აღების მოლოდინშია და უმეტეს შემთხვევაში ტყეში და სახლის გარეთ იფარავს თავს. გაჭირვებულია და იძულებული ხდება ამ შემთხვევაში სხვას წაართვას რამე. ყაჩაღობის დროსაც კი თავის ღირსებას არ კარგავს აჭარელი, სიმართლის მთქმელს, რაინდული ხასიათი ამ გაჭირვებულ მდგომარეობაშიც არ ავიწყდება და სწამს, რომ ვაჟკაცი ტყუილს არ იტყვის.
მეტად დამახასიათებელია აქაურთათვის შემდეგი შემთხვევა. რამდენიმე წლის წინათ ბათუმ-ახალციხის შარაგზაზე აჭარაში ინჟინერი პასეკი გაძარცვეს. ყაჩაღებმა პასეკს წაართვეს საათის ძეწკვი და ფულად ათი თუმანი. შავი ნიკელის საათი უკან დაუბრუნეს, სირცხვილია ასეთი ნივთის წართმევაო.
მერე უკითხავთ, ჩემოდანში რა გაქვთო? პასეკს უპასუხნია – არაფერია შიგაო, იმ დროს, როცა შიგ ექვსასი თუმანი დებულა. ყაჩაღები ენდვნენ თურმე, ასეთი ნასტავლი კაცი ტყუილს როგორ იტყვისო და ჩემოდნისთვის ხელი არ უხლიათ.“
თედო სახოკია, მწერალი, ეთნოგრაფი, მკვლევარი. აჭარის სოფლებში იმოგზაურა 1886 წელს
„აჭარელის ცხოვრება მეტად ჩუმია, წყნარი და შეუმჩნევი. თოფის, დამბაჩისა და ხანჯლის ხმარება კი მარჯვედ იციან. თოფისა და დამბაჩის სროლას ბავშვები შვიდი წლიდანვე იწყებენ.
სახელმწიფო ხარჯის გადახდა ძნელი არ არის. კომლს წელიწადში ზოგს 2 მანეთი შეხვდება, ზოგს – 3, ზოგს – მეტი და იშვიათად აიწევს 10 მანეთამდე. უფრო ხუთამდეა, ხშირად ამის წინააღმდეგიც არიან…
აჭარელთ აცვიათ ვიწრო შარვალი, თავზე ყაბალახი, ფეხზე ზოგს ჩუსტები და ზოგს ევროპიული ჩექმები… აწინდელ ტანსაცმლის ტარება აქეთ ამ 150 წლის წინ შემოუღიათ, თორემ, როგორც ამბობენ, ღრმად მოხუცებულები: ქრისტიანობის დროს აჭარელთ ჯავახურად სცმიათ, თავზე ბუხრის ქუდები ეხურათ თურმე, ტანზე ჩოხა-ჩერკესკები, ზოგს გრძელსახელოებიანი კაბა (სპარსულ-ქართული კაბა), ისეთი წაღები ეცვათო რომ… ტყავის გრძელი წვერები ჰქონდაო, როგორც თბილისშიაც იცოდნენ 1870 წლამდის.
ქალებსაც ისეთივე ტანსაცმელი ჰქონიათ, როგორც საქართველოს სხვა ქალებსო.
…აჭარელთა სადილი მჭადი და ლობიოა. ან მხალი და ყველი. ჩაი და ყავის სმა უყვართ, თაფლიც დიდ პატივისცემაშია. ფუტკარი ბევრსა ჰყავს, ყაჭის ძაფსაც აკეთებენ, მაგრამ მცირედ.“
ზაქარია ჭიჭინაძე, 1889 წლიდან პერიოდულად მოგზაურობდა აჭარის სოფლებში. ავტორი წიგნისა – „მუსლიმანი ქართველობა და მათი სოფლები საქართველოში“. წიგნი 1913 წელს თბილისში, იაკობ მანსვეტაშვილის სტამბაში დაიბეჭდა
გაზეთი „სახალხო ფურცელი – სურათებიანი დამატება“, 1915 წელი. ფოტო დაცულია საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში
„აჭარლებისა და ლაზების დადებითი მხარეებიდან მივუთითებთ სტუმართმოყვარეობას, გულკეთილობას, იშვიათ პატიოსნებას, თავშეკავებას, უბრალოებას… აჭარლები ზრდილნი არიან, არავითარ შემთხვევაში არ დაარღვევენ დადებულ სავაჭრო თუ სხვა გარიგებას, არასდროს გასტეხენ მიცემულ სიტყვას.
აჭარლები არ გამოირჩევიან სიმსუქნით, ტანადი არიან, სხეული საოცარი აგებულებისა აქვთ, მამაკაცებიც და ქალების ლამაზებია, მაღალი და წვრილი წელი, ფართო მხარბეჭი, პირმრგვარი მოყვანილობის, შავგვრემანი, მკრთალი სახე, სწორი, ზოგჯერ ოდნავ კეხიანი ცხვირი, წვრილი ტუჩები, შავი თვალები, გამბედავი გამოხედვა, შესამჩნევი კუნთები – ასეთია აჭარელის პორტრეტი.
მოხდენილი აგებულების აჭარელი იმავე დროს ფიზიკურად ძლიერი და დაუღალავია. ეს განსაკუთრებით შესამჩნევია შრომასა და სიარულში. მთიანმა რელიეფმა, მიხვეულ-მოხვეულმა ბილიკებმა, გზებმა, აღმართ-დაღმართებმა, ტვირთის გადატანამ ზურგით იგი საუკეთესო მსუბუქ მოსიარულედ აქცია. დადის ჩქარა და სწორი ნაბიჯით, შეუმჩნევლად ადის აღმართს, გეგონება გარბის. მთელი დაძაბულობა გადააქვს წონასწორობაზე და ძალაზე, ისეთი მოუქანცველნი და სწრაფნი არიან სიარულში, რომ ბევრისთვის იშვიათობა როდია დღეში 80 ვერსის გავლა.“
ვლადიმერ ლისოვსკი, მეფის რუსეთის ოფიცერი, 1887 წელი
„აჭარელს თავზე ახურავს ყავისფერი ყაბალახი, ზოგჯერ წითელი სარჩულით. ტანზე აცვია მოყვანილი, ყავისფერი ან ნაცრისფერი მაუდის ქულაჯა, რომლის ქვეშ ღია ფერის ახალუხი მოჩანს, ახალუხი წითელი თასმებით იკვრება, იმავე ქსოვილის შარვალი წვივებთან და კოჭთან ვიწროვდება. წელს ქვევით იკეცება და რამდენიმე არშინის წვრილი თოკისაგან დაწნული ღვედით იკვრება, რომელსაც ღია ფერის ქამარი ფარავს. ფეხზე შალის წინდებს და ტყავის წუღამესტებს იცვამს.
აჭარელი მხარზე გადმოკიდებულ პატარა ჩანთაში პილზებს და სხვა საომარ მოწყობილობას ატარებს. ქამარზე ჩამოკიდებული აქვს ქონწასმული ლითონის პატარა კოლოფი და მათარა, ხელში სახმარად ხანჯალი, დანა და დამბაჩა, ზურგზე გარდიგარდმო შაშხანა ჰკიდია.
აჭარლები იარაღის კარგი ოსტატები არიან. მათ იციან ისეთი რთული სისტემის თოფების შეკეთება, როგორიცაა – მარტინი, პეაბოდი, სნიდერსი.
აჭარელი შუა ტანისაა, მხარბეჭიანი და კუნთმაგარი, სახით პირხმელი, კეხიანი ცხვირი აქვს, თხელი ტუჩები, ხშირი შავი წვერი და ჩამოშვებული გრძელი ულვაშები. გამოხედვა ამაყი აქვს, მოძრაობაში ცქვიტი, დადის თამამად და ვაჟკაცურად. შესანიშნავი ქვეითია და დღეში სამოცი ვერსის გავლა შეუძლია.
გარეგნობით, მიხვრა-მოხვრით, ხასიათით, ძალიან ჰგავს გურულს. მასავით კოხტა, მკვირცხლი და მხარბეჭიანია, მასავით არის ჩაცმული.“
ჟან მურიე, ფრანგი მოგზაური
„აჭარელი გურულივით მარდია, მხნეა და გამბედავი; თოფ-იარაღი ძალიან უყვარს, მარჯვე მსროლელიც არის. გარდა ამისა, საუკეთესო ზნეობრივი თვისებანი აჭარლების არის: მოხუცებულის პატივისცემა, სტუმრის მოგებება, ღირსეულად თავის დაჭერა, ზრდილობა, თავაზიანობა, ცნობისმოყვარეობა და დაუღალავი გამრჯეობა.“
იაკობ გოგებაშვილი, მწერალი
„ქობულეთელები შესანიშნავი, გულოვანი, ლამაზი და ცოცხალი, ბუნებით ნიჭიერი და ჭკვიანი, ტანით მრთელი და სტუმართმოყვარე ხალხია. ამასთან ახირებული, ამაყი და თავმოყვარე.
საკმაო არის ცოტა, სისხლი მოითხოვოს და აიღოს კიდეცა, გალახვას ხომ, სანამ სული უდგია, ვერ მოინელებს. ამ შემთხვევაში ქობულეთელს კაცის სიკვდილი დიდ საქმეთ არ მიაჩნია, მაგრამ თუ კაცურად მოეპყრობი, იმ შემთხვევაში, იცოდე, ის შენი ერთგული ყმა არის, უკანასკნელი სისხლის წვეთამდე, დიდად საიმედო მეგობრობა იცის ქობულეთელებმა და ამასთანავე, საშინელი მტრობაცა; თუ მეგობარი არის, შენთვის თავს მოიკლავს და თუ მტერია, შენც მოგკლავს.
აქ შენ ვერ ნახავ კისერჩახრილს, ცხვირ-ჩამოშვებულ, ფერმიმკრთალ კაცს. აქ მხოლოდ წელში გამართული, თავაწეული, ფეროვანი კაცები შეგხვდებიან.“
გაზეთი „დროება“, 21 მაისი, 1876 წელი
___________________________________
წყარო: აჭარის ენციკლოპედიური ცნობარი
მთავარ ფოტოზე: აჭარლები. დიმიტრი ერმაკოვის ფოტო. ფოტოს ორგინალი დაცულია ელეფთერ ლაფაჩის კოლექციაში. ციფრული ფოტო – საქართველო პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. dspace.nplg.gov.ge
ჭოროხის სანაპირო, განსაკუთრებით სამრეწველო ზონის გასწვრივ, ნაგავსაყარადაა ქცეული. მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა ამბობს, რომ საწარმოებს ნაგავი თავიანთი შემოსაზღვრული ტერიტორიიდან გამოაქვთ და პირდაპირ ქუჩაში ყრიან. ამის გამო მათ საწარმოებში დასაქმებულებთან კონფლიქტი ბევრჯერ მოსვლიათ. ამბობენ, რომ სამშენებლო ნარჩენების გარდა ინტენსიურად ყრიან საყოფაცხოვრებო ნარჩენებსაც.
„მოაქვთ და ყრიან. ნაგავსაყარი გაიხსნა აქ თუ რა ხდება, ვერ გავიგეთ. არის მერე საშინელი სუნი და ანტისანიტარია,“ – ამბობს მიმდებარედ მცხოვრები ნათელა ზოიძე. ნაგავი ყოველი გაწვიმების შემდეგ მდინარე ჭოროხში ხვდება, იქედან კი ზღვაში.
რამდენიმე დღის წინ აქ ტომრით მკვდარი ხბოც დაუტოვებიათ. დანაგვიანებული სანაპიროს კადრები „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ მოხალისემ, გიორგი ბოლქვაძემ გადაიღო. გიორგის თქმით, მდინარის სანაპიროზე „საშინელი ანტისანიტარიაა“.
ფოტო: გიორგი ბოლქვაძე
„ბათუმელები“ გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს დაუკავშირდა. სამსახურის აჭარის სწრაფი რეაგირების განყოფილების უფროსი, მიხეილ მარგალიტაძე არ უარყოფს, რომ ჭოროხის სანაპირო და მიმდებარე ტერიტორია ამ მხრივ ერთ-ერთი ყველაზე პრობლემურია:
„ხშირად, როცა ჩვენ იქ მივდივართ, ნაგავი გვხვდება დაყრილი, მაგრამ დამბინძურებელი ადგილზე არ არის. ჩვენ ამას ვასურათებთ, ვიღებთ ჯიპიეს კოორდინატებს და შემდეგ ჩვენი დეპარტამენტი ამ მონაცემებს ათავსებს ინტერაქტიულ რუკაზე. ინფორმაციის მიწოდებიდან შესაბამის ვადებში მუნიციპალიტეტს ევალება, დაასუფთაოს ტერიტორია. იმის მიუხედავად, სამართლებრივად დავსჯით თუ ვერ დავსჯით დამრღვევს, ასეთ ფაქტს უყურადღებოდ მაინც არ ვტოვებთ.“
ფოტო: ფრიდონ ხიმშიაშვილი
მიხეილ მარგალიტაძის ინფორმაციით, ამ უბანში კანონდამრღვევისთვის ყველაზე მაღალი ჯარიმა – 24 000 ლარიც კი დაუკისრებიათ. თუმცა, ეს სხვებისთვის სამაგალითო ვერ გახდა და პრობლემა ისევ სახეზეა.
გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარის სწრაფი რეაგირების განყოფილების უფროსი მოსახლეობას სთხოვს, დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში ოპერატიულად შეატყობინოს შესაბამის სამსახურს ცხელ ხაზზე – 153. ცხელი ხაზი 24 საათი მუშაობს და უფასოა. „ბათუმელებმა“ ცხელი ხაზის მუშაობაც გადაამოწმა, ზარზე ოპერატიულად პასუხობენ:
„დარეკონ და ჩვენი ჯგუფი მყისიერად იქ გაჩნდება. მოქალაქეს, როცა ვიდეოს გადაღება დაიწყო, იმ მომენტში ოპერატიულად რომ დაერეკა ჩვენთან, ადგილზევე მოვახერხებდით რეაგირებას“.
2017 წელს აჭარის სწრაფი რეაგირების სამსახურს გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევაზე 246 ადმინისტრაციული ჯარიმა აქვს გამოწერილი. ჯარიმის ოდენობას კანონმდებლობა იმის მიხედვით განსაზღვრავს, თუ რა სიმძიმის ზიანი მიადგა გარემოს.
დღეს, 13 აპრილს, ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბმა აჭარაში მუშაობა დაიწყო. რეგიონალური საკოორდინაციო შტაბი, რომელსაც ადგილზე გიორგი მახარაძე უხელმძღვანელებს, დაბა ჩაქვში, შპს „მექანიზაციის“ ადმინისტრაციულ შენობაში იმუშავებს.
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგრარული განვითარების დეპარტამენტის უფროსის, მამუკა თურმანიძის ინფორმაციით, შტაბში იქნებიან სპეციალისტები აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროდან, გარემოს დაცვისა და სატყეო სააგენტოდან, ასევე სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის სამსახურიდან.
„შტაბი აღიჭურვა ინტერნეტტექნოლოგიებითა და 2 000 ცალი სპეციალური, ჩიპიანი ფერომონით, რომელსაც სპეციალისტები მუნიციპალიტეტებში, სასოფლო-სამეურნეო სავარგულებში დაამონტაჟებენ. გარდა ამისა, ტყისა და სოფლების ბუფერულ ზონაში, დამატებით, სატყეო სააგენტო დაამონტაჟებს 1 500 ცალ ფერომონს. ყველა მათგანი აისახება აჭარის ელექტრონულ რუკაზე და ფერომონები ყოველდღიურად გაკონტროლდება. იმისათვის, რომ განვსაზღვროთ მაღალი და დაბალი რისკის ზონები, სოფლისა და ტყის ბუფერულ ზონაში შიმშილის ფერომონები დამონტაჟდება, რომლებიც მშიერ ფაროსანას სოფლებიდან და ტყის მასივებიდან მოიზიდავს, შტაბი კი მას მუდმივად დაამუშავებს. გარდა ამისა, შტაბი მაქსიმალურად უზრუნველყოფს მოსახლეობის ინფორმირებულობას,“ – ამბობს მამუკა თურმანიძე.
მისივე თქმით, შტაბს მუდმივი კავშირი ექნება ფერმერებთან მუნიციპალიტეტებში. მამუკა თურმანიძე ამბობს, რომ მაღალი რისკის გამოვლენისა და საჭიროების შემთხვევაში სახელმწიფო მხოლოდ მის საკუთრებაში არსებულ ნაკვეთებს, სოფლებსა და ტყის მასივებს დაამუშავებს, საკარმიდამო ნაკვეთები კი თავად მესაკუთრეებმა უნდა შეწამლონ.
„შტაბი 26 ტრაქტორითა და ექვსი, პიკაპის ტიპის ავტომობილითაა აღჭურვილი. ტექნიკა მუნიციპალიტეტების მიხედვით გადანაწილდება და საჭიროების შემთხვევაში სახელმწიფო ნაკვეთებს, ტყისა და სოფლის ბუფერულ ზონებს დაამუშავებს. რაც შეეხება საკარმიდამო ნაკვეთებს, ფერმერმა საკუთარი რესურსებით უნდა დაამუშაოს,“ – აღიშნავს ის.
ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბის სათავო ოფისი აბაშის მუნიციპალიტეტშია, აჭარაში კი რეგიონალური ცენტრი იფუნქციონირებს.
ფაროსანასთანბრძოლისსაკოორდინაციოაჭარის რეგიონალური შტაბის ცხელი ხაზის ნომერია: 595 10 23 97
ბიუჯეტიდან ხუთი მილიონი ლარის მოპარვის შემდეგ შპს „ჰიგიენა 2009“-მ დირექტორი კიდევ ერთხელ შეიცვალა. 2018 წლის თებერვლიდან ორგანიზაციას, რომელმაც ბათუმში სტანდარტული ნაგავსაყრის მშენებლობა უნდა უზრუნველყოს, აღარ ხელმძღვანელობს გიორგი ლომთათიძე. ის ამ თანამდებობაზე გასული წლის თებერვალში დანიშნეს, მას შემდეგ, რაც ყოფილი ხელმძღვანელი, ირაკლი ცეცხლაძე, 5 მილიონი ლარის მითვისების ბრალდებით დააკავეს.
დაახლოებით ორი თვეა „ჰიგიენა 2009“-ს გია ხალვაში ხელმძღვანელობს. მანამდე ის საბანკო სექტორში მუშაობდა.
გიორგი ლომთათიძე ტელეფონს არ პასუხობს. აჭარის მთავრობის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ მან თანამდებობა ახალი, უფრო საინტერესო შეთავაზების გამო დატოვა და კერძო სექტორში გადავიდა.
პროექტის დამტკიცებიდან ათი და ამ პროექტისთვის გათვალისწინებული ხუთი მილიონის დაკარგვიდან ერთი წლის შემდეგ ქობულეთში, სოფელ ცეცხლაურში, ნაგავსაყრის მშენებლობა ჯერ ჯიდევ არ დაწყებულა.
„ჰიგიენა 2009“ საერთაშორისო ტენდერის დასრულებას ელოდება. მშენებლობის შემდეგ კი გაირკვევა, რომელი კომპანია აიღებს პასუხისმგებლობას გონიოში არსებული ნაგავსაყრის დახურვაზე.
გია ხალვაშის ინფორმაციით, ტენდერში რვა პრეტენდენტი მონაწილეობს, მათი შეფასების ანგარიში უკვე გაგზავნილია, ახლა ველოდებით ტენდერის მეორე ეტაპის დასრულებას. პროექტის მიმდინარეობას მონიტორინგს უწევს ევროპის რეკონსტრუქციის ბანკი, რომელიც პროექტის ერთ-ერთი დამფინანსებელია.
გია ხალვაშის ინფორმაციით, მთავრობამ უკვე გამოისყიდა იმ ორი ოჯახის საკუთრება, რომლებიც დაგეგმილი მშენებლობის მომიჯნავედ ცხოვრობდნენ. პროექტის მიხედვით, ამ მონაკვეთში სანიტარული ზონის მოწყობაა დაგეგმილი.
რა თანხა გადაუხადა მთავრობამ მესაკუთრეებს, ამას „ჰიგიენა 2009„-ს ხელმძღვანელი ვერ აკონკრეტებს.
შპს „ჰიგიენა 2009“-ის ყოფილი დირექტორი, ირაკლი ცეცხლაძე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დააკავა.
ირაკლი ცეცხლაძე სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ფაქტზე უკვე მსჯავრდებულია.
შპს „ჰიგიენა 2009“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შპს-ეა.
აჭარის მყარი ნარჩენების მართვის პროექტი EBRD-ისა და SIDA-ს მხარდაჭერით ხორციელდება და საერთო ინვესტიცია 7 მილიონი ევროა. ნაგავსაყრის პროექტი ითვალისწინებს ახალი სანიტარული ნაგავსაყრის პოლიგონისა და მისასვლელი გზის მშენებლობას, ასევე, ბათუმისა და ქობულეთის მოქმედი ნაგავსაყრების ეტაპობრივ დახურვას.
დღეს დაბა ჩაქვში, მექანიზაციის ადმინისტრაციულ შენობაში ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა. ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, სოფლის მეურნეობის მინისტრი ავთანდილ მესხიძე, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი და ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბის უფროსი ლაშა შალამბერიძე დაესწრნენ.
ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა
შტაბის გახსნის შემდეგ, რეგიონის ხელმძღვანელმა პირებმა სპეციალური დამჭერი ხაფანგი, ფერომონი დაამონტაჟეს.
,,დღეიდან აჭარაში ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბი დაიწყებს ფუნქციონირებას. ეს არის კოორდინირებული მუშაობა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და აჭარის მთავრობას, ასევე ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს შორის. აჭარის რეგიონს 20 ათასი ლიტრი პრეპარატი და 3 500 ცალი ფერომონი გადმოეცა, რეგიონში მობილიზებული იქნება 6 ერთეული მაღალი გამავლობის სპეცმანქანა თავისი შესაწამლი აგრეგატებით. ასევე, საჭიროების შემთხვევაში მზადაა შპს „მექანიზატორის“ 26 ერთეული სპეცტექნიკა, რათა მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები დროულად და ეფექტიანად განხორციელდეს“- განაცხადა ზურაბ პატარაძემ.
აჭარის რეგიონს 20 ათასი ლიტრი პრეპარატი და 3 500 ცალი ფერომონი გადმოეცა
მავნებელთან ბრძოლისას, მნიშვნელოვანია ყველა რგოლის, მოსახლეობის, მსხვილი და მცირე ფერმერების ჩართულობა, რაც ხელს შეუწყობს მავნებლის არეალის დადგენასა და პოპულაციის შემცირებას, ასევე ეკონომიკური ზარალის თავიდან აცილებას.
აჭარის რეგიონს 3 500 ცალი ფერომონი გადმოეცა
მექანიზაციის საშუალებებით უზრუნველყოფის პროგრამა დაიწყო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ფერმერებზე ტექნიკის განაწილების პროცესს დაესწრო. პროექტი სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროპროექტების მართვის ცენტრის 2018 წლის პროგრამის ,,მექანიზაციის ტექნიკური საშუალებებით ფერმერთა და აგრომეწარმეთა უზრუნველყოფის ხელშეწყობა’’ – ფარგლებში ხორციელდება.
პროგრამით გათვალისწინებულია რეგიონის მემცენარეობის დარგში დასაქმებულ ფერმერებზე და აგრომეწარმეებზე თანაგადახდის პრინციპით (ღირებულების 20%) 2044 ერთეული მობილური შესასხურებელი აპარატების მიწოდება. პროგრამის მიზანია ხელით შრომის შემსუბუქება, სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნებელ დაავადებებთან ბრძოლის ეფექტურობის ამაღლება, უახლესი ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობა და ცნობიერების ამაღლება, რაც საშუალებას მისცემს ფერმერებს მოიყვანონ უფრო მაღალი ხარისხის მოსავალი.
აპარატების დარიგება თანადაფინანსების პრინციპით მოხდება, 80% დაფინანსდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტით, მხოლოდ 20% იქნება ფერმერის გადასახდელი.
„ჩვენი ქვეყნისთვის და რეგიონისთვის ერთ-ერთი უმთავრესია სოფლის მეურნეობის მიმართულებით ახალი პროექტების განხორციელება, ფერმერებისა და ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერა. ზუსტად ერთ-ერთი პროგრამის მიხედვით, რომელიც შეიქმნა უშუალოდ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ჩვენ შევიძინეთ 2000-ზე მეტი პორტატიული გადასატანი სპეციალური შესაწამლი აპარატი, რომელიც სჭირდება და გამოადგება ადგილობრივ მოსახლეობას. ამ აპარატების დარიგება თანადაფინანსების პრინციპით მოხდება, 80% დაფინანსდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტით, მხოლოდ 20% იქნება ფერმერის გადასახდელი. ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი, რომელიც შეუმსუბუქებს ფერმერებს შრომას და რაც მთავარია, მოსავალს გახდის უფრო ხარისხიანს. “, – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ.
მობილური შესაწამლი აპარატის ღირებულება 900 ლარს შეადგენს. ფერმერებისა და აგრომეწარმეების გადასახდელი თანხა თანაგადახდის პრინციპით შეადგენს 181 ლარს. აღნიშნული ტექნიკა გადანაწილებული იქნება რეგიონის ხუთივე მუნიციპალიტეტსა და ქალაქ ბათუმთან შემოერთებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ფერმერებზე. პროგრამის ბიუჯეტი შეადგენს 1 827 466 ლარს.
მოსამართლე გიორგი მიქაუტაძის სიცოცხლის ხელყოფის მუქარის საქმეზე ბრალდებულებს დიდი ბრიტანეთიდან სკაიპით ჩართავენ. გადაწყვეტილება ხელვაჩაურის სასამართლოს მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილმა დღევანდელ პროცესზე მიიღო. ეს პირველი პროცესი იქნება, სადაც ბრალდებულები პროცესს დისტანციური წესით დაესწრებიან და ჩვენებებსაც მისცემენ.
გიორგი მიქაუტაძე დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანია.
„ეს პრეცედენტია, როცა სკაიპით ჩაერთვებიან ბრალდებულები. მორიგი პროცესი 30 აპრილს დაინიშნა,“ – ამბობს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი, პაატა დიასამიძე. ეს ორგანიზაცია სასამართლოში ბრალდებულების ინტერესებს იცავს.
გამოძიება მოსამართლე გიორგი მიქაუტაძის სიცოცხლის ხელყოფის მუქარას ედავება ცოლ-ქმარს – თამარ ხაჭაპურიძესა და კახაბერ ხაჩიძეს. ისინი ამ დროისთვის დიდ ბრიტანეთში იმყოფებიან და სასამართლოს სამედიცინო კლინიკის ცნობა წარმოუდგინეს, რითაც დასტურდება, რომ ისინი რეაბილიტაციის კურსს გადიან.
საუბარია 2016 წლის აგვისტოში გონიოს პლაჟზე მომხდარ ინციდენტზე, რომლის შემდეგაც გამოძიება არასრულწლოვნის ცემის ფაქტზე დაიწყო. არასრულწლოვნის მშობლების – თამარ ხაჭაპურიძისა და კახაბერ ხაჩიძის თქმით, ბავშვს მოსამართლე გიორგი მიქაუტაძემ სცემა. ბავშვის ცემის ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას იმავე დღეს პროკურატურამ კვალიფიკაცია შეუცვალა და ძიება მოსამართლის სიცოცხლის მოსპობის მუქარით გააგრძელა. მოგვიანებით გამოძიება არასრულწლოვნის ცემის ფაქტზეც დაიწყო. პროკურორმა დავით ხარძეიშვილმა, ერთ-ერთი პროცესის შემდეგ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ამ საქმეზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი – გიორგი მიქაუტაძე დაკითხულია, თუმცა გამოძიება კონკრეტულ შედეგზე ამ დრომდე არ გასულა.
ამ საქმემ ყურადღება მიიქცია იმითაც, რომ მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილის უვადოდ გამწესებაში მონაწილეობაში გიორგი მიქაუტაძეც მონაწილეობდა. მან აცილების საკითხი მას შემდეგ დააყენა, როცა საჯაროდ უთხრეს, რომ სახეზეა ინტერესთა კონფლიქტი. მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილი, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის საქმეს განიხილავს, 22 თებერვალს უვადოდ დანიშნეს.
დღეს, 13 აპრილს, „ქორთიართ მერიოტში“ „უსაფრთხო სკოლის“ შესახებ კონფერენცია გაიმართა, რომელსაც განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელიც ესწრებოდა.
სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო ახალი ვებპორტალი – „იყავი მეგობარი“, რომელიც დაეხმარება მოსწავლეებს, მათ მშობლებს, მასწავლებლებს, ფართო საზოგადოებას მიიღონ პასუხები მათთვის საინტერესო საკითხებზე.
ოფიციალური ინფორმაციით, სკოლებში უსაფრთხო გარემოს შექმნისა და კონფლიქტური სიტუაციების დეესკალაციის მიზნით, კანონში გაჩნდება უსაფრთხოების დაცვის ახალი მექანიზმი – „განცალკევება“. როგორც სამინისტროში განმარტავენ, იმ შემთხვევაში, თუ სკოლიდან გასვლის შემდეგ მოსწავლის სიცოცხლის ან ჯანმრთელობის რისკებთან დაკავშირებით ეჭვი გაჩნდება, მანდატურს უფლება აქვს, მოზარდი განაცალკეოს მშობლის ან ოჯახის სხვა რომელიმე წევრის მოსვლამდე.
„ამ პერიოდში მოსწავლე ჩართული იქნება სხვადასხვა სასკოლო აქტივობაში და მას მეთვალყურეობას გაუწევს სკოლის წარმომადგენელი“, – განმარტავენ სამინისტროში.
განათლების სამინისტროში მიიჩნევენ, რომ სკოლებში ძალადობის შესამცირებლად ყველაზე ეფექტური ბერკეტი მოზარდთა ფიზიკური განვითარება და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაა.
„ამიტომ, სკოლებში ფიზიკური აღზრდის გაძლიერება, მოზარდთა სპორტული და შემოქმედებითი აქტივობების წახალისება და შესაბამისი ინფრასტრუქტურის სრულყოფა იქნება სამინისტროს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი“.
სამინისტროს განმარტებით, „უსაფრთხო სკოლის“ ფარგლებში დაგეგმილია კიდევ ერთი ახალი ინიციატივა, რომელსაც ჰქვია „კრიზისული ინტერვენციის ჯგუფის“, სადაც ფსიქოლოგი, სოციალური მუშაკი და სხვა სპეციალისტები იქნებიან გაერთიანებული. მათი ფუნქცია, როგორც სამინისტროში განმარტავენ, „სკოლებში სწრაფი რეაგირების აუცილებლობისას ადგილზე შეისწავლიან მდგომარეობას, გაერკვევიან საჭიროებებში და შესაბამის კონსულტაციებს გაუწევენ სკოლას და ყველა მხარეს“.
უსაფრთხო სკოლის პროექტი ასევე ითვალისწინებს მკაფიო თანამშრომლობას მანდატურებს, სკოლის ადმინისტრაციასა და პატრულს შორის. თუმცა კონკრეტულად როგორი იქნება ამ ურთიერთობის სქემა, ამ დეტალებზე, ჯერჯერობით, მანდატურის სამსახურში არ საუბრობენ.
10 აპრილს საბაჟო გამშვებ პუნქტებში – „ქუთაისის აეროპორტსა“ და „სარფში“ ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ შემოტანის ფაქტები აღიკვეთა. ინფორმაცია ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა დღეს გაავრცელა.
სამინისტროს ცნობით, მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, სომხეთისა და პოლონეთის მოქალაქეების კუთვნილი ხელბარგისა და ფიზიკური დათვალიერებისას, 14 კაპსულა ფსიქოტროპული და 65,135 გრ. ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს.
საქმეთა მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ერთეულებს გადაეცათ.
სამედიცინო განათლების ერთსაფეხურიანი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა დიპლომირებული მედიკოსი – ეს არის ბსუ-ს ერთადერთი უცხოენოვანი საგანმანათლებლო პროგრამა, რომელზეც განათლების მიღება სტუდენტებს ინგლისურ ენაზე შეუძლიათ.
უნივერსიტეტში ამ პროგრამაზე 411 სტუდენტი სწავლობს ინდოეთიდან. სწავლის საფასური წელიწადში 3300 დოლარია. ცხოვრება და სწავლა ერთ სტუდენტს წლიურად დაახლოებით 7 ათასი დოლარი უჯდება. თანხას მათი ოჯახები იხდიან. „ბათუმელები“ დაინტერესდა, რატომ ირჩევენ ინდოელი სტუდენტები მედიცინის შესასწავლად ბათუმს, რა გარემო ხვდებათ საქართველოში და როგორია მათი აზრი ქართული განათლების სისტემის შესახებ.
რაჰულ სეერვი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია. ბათუმში რაჯასტანის შტატიდან, ქალაქ ჯოდჰპურიდან ჩამოვიდა. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ დიპლომირებული მედიკოსის კვალიფიკაციას მიიღებს. აპირებს ქართული დიპლომით რეზიდენტურა გერმანიაში გაიაროს, სწავლის დასრულების შემდეგ კი ინდოეთში დაბრუნდეს. რაჰული სამი წელია საქართველოში ცხოვრობს და სწავლობს. ამ ხნის მანძილზე ქართული კარგად ისწავლა.
რაჰულ სეერვი
„ბავშვობიდან მინდოდა ექიმი გამოვსულიყავი და სხვა ქვეყანაში მესწავლა. კარდიოქირურგობა მინდა. ინდოეთში სწავლის მსურველი ბევრია, მაგრამ უნივერსიტეტები არის ცოტა. ექიმობა კი არის ყველაზე მოთხოვნადი და კარგი პროფესია ჩვენთან. როგორც საქართველოშია, ჩვენც გვაქვს კერძო და სახელმწიფო უნივერსიტეტები. სახელმწიფოში სწავლა უფასოა, კერძოში კი 10 ათასი დოლარიდან იწყება ფასები.
როცა ინდოეთში სკოლას ამთავრებ და უნივერსიტეტში გინდა სწავლა გააგრძელო, ერთი გამოცდა უნდა ჩააბარო. ძალიან მაღალი კონკურენციაა. ფაქტობრივად, ადგილები არ არის. ყოველწლიურად საშუალოდ ერთი მილიონი აბიტურიენტია, აქედან მხოლოდ 30 ათასი ხდება სტუდენტი. ექიმის პროფესია ჩვენთან ყველაზე მოთხოვნადი და პრესტიჟულია. ამიტომ ბევრს უნდა ექიმობა, მაგრამ ადგილები არაა უნივერსიტეტში. გამოსავალი არის იპოვო საზღვარგარეთ უნივერსიტეტი და იქ ისწავლო.
რატომ აირჩიეთ საქართველო?
ინდოეთში ბევრი ფირმაა, რომლებიც სტუდენტებს საზღვარგარეთ უშვებს. როდესაც სკოლა დავამთავრე, მეც ერთ-ერთ ასეთ ფირმას მივაკითხე. ვიკითხე, რომელი ქვეყანა იყო კარგი და მაჩვენეს ოთხი-ხუთი ქვეყანა. იყო შანსი მესწავლა რუსეთში, ყირგიზეთში, ფილიპინებსა ან უკრაინაში, მაგრამ მე საქართველო ავირჩიე. რატომ საქართველო?
ინტერნეტში ვნახე, რომ კრიმინალის დონე დაბალი იყო აქ. ასევე ქვეყანა იყო ძალიან ლამაზი. უნივერსიტეტებს როცა ვარჩევდი, ბათუმის უნივერსიტეტზე შევაჩერე არჩევანი. ფოტოებში ვნახე, რომ უნივერსიტეტი ზღვას უყურებდა. წავიკითხე, რომ ბათუმი ტურისტებისთვის მიმზიდველი ქალაქი იყო. ვიფიქრე, რომ ქალაქში, სადაც ბევრი ტურისტი ჩადის, არ შეგვეხებოდა რასიზმი და დისკრიმინაცია. სტუდენტი ვარ მხოლოდ უნივერსიტეტისთვის. უნივერსიტეტს მიღმა ადამიანები კი ფიქრობენ, რომ ტურისტი ვარ.
რაიმე ინციდენტი ხომ არ შეგმთხვევიათ, როდესაც თავი დისკრიმინირებულად იგრძენით?
უკვე მესამე წელია ბათუმში ვცხოვრობ და არაფერი მსგავსი არ ყოფილა. არც ჩემი მეგობრებისგან გამიგია. აქ ძალიან კარგი ხალხი ცხოვრობს. რასაც ვხედავ ინდოელები ყველას უყვარს. ფილმებს უყურებენ და მოსწონთ ინდოეთი.
რამდენად კმაყოფილი ხართ განათლების იმ ხარისხით, რომელსაც საქართველოში იღებთ?
ბათუმში არის ძველი სამედიცინო სკოლა. 20 წელია უკვე ასწავლიან სამედიცინოს და ეს კარგია. ვიცი, რომ ასევე პირველი ექიმი მსოფლიოში იყო მედეა და სწორედ აქედან წამოვიდა ტერმინი „მედიცინა“. შეიძლება ითქვას, რომ კმაყოფილი ვარ.
პირველად რომ ჩამოვედი, ძალიან რთული იყო ყველასთვის – ჩვენთვის, სტუდენტებისთვის და ლექტორებისთვისაც. ახლა მესამე კურსზე ვართ და ჩვენთან შედარებით დღევანდელი პირველი კურსის სტუდენტებისთვის უფრო ადვილია სწავლა. ჩვენ პირველები ვიყავით და ყველაფერი უცხო იყო.
ყველა ლექტორი საუბრობს ინგლისურად?
ზოგიერთ ლექტორს უჭირს საუბარი ინგლისურად, მაგრამ ყველაფერს ვიგებთ.
პრაქტიკას თუ გადიხართ?
რეფერალურ საავადმყოფოში მაქვს პრაქტიკები, ონკოლოგიურში, ბავშვთაში და მედინაში. ქართული საავადმყოფოში ვისწავლე. ექიმმა ინგლისური იცოდა და მასწავლიდა. კიდევ ქართულის ლექტორი იყო ძალიან მაგარი და მისი დახმარებითაც ბევრი რამ ვისწავლე.
აქ მიღებული განათლებით სად აპირებთ კარიერის გაგრძელებას?
ინდოეთი ჩემი ქვეყანაა. ჩემი მშობლები იქ ცხოვრობენ, მაგრამ იქ დაბრუნებამდე მინდა გერმანიაში რეზიდენტურა დავამთავრო. მას შემდეგ, რაც აქ ხუთწლიან პროგრამას დავამთავრებ, შემიძლია ინდოეთში დავბრუნდე, გამოცდა ჩავაბარო და დავიწყო მუშაობა. მე გერმანიაში წასვლა და სწავლა მაქვს გადაწყვეტილი.
როგორ ფიქრობთ, უნივერსიტეტს სხვა პროგრამები რომ ჰქონდეს უცხოენოვანი, ჩამოვლენ სტუდენტები აქ სასწავლებლად?
არა, სხვა ფაკულტეტებზე ალბათ არ ჩამოვიდოდნენ. ჩვენთან ყველაზე მოთხოვნადი არის სამედიცინო და ამიტომ ყველას ექიმობა უნდა.
დღემდე ერთ-ერთი ყველაზე მაღალმხატვრული ქართული ნაწარმოები „ვეფხისტყაოსანი” შუასაუკუნეებში ანტიქრისტიანულ, სპარსულ პოემად მიიჩნეოდა და ხშირად დევნიდა ეკლესიაც. ჩვენამდე „ვეფხისტყოსნის” 160-ზე მეტი ხელნაწერი წიგნია მოღწეული და თარგმნილია მსოფლიოს მრავალ ენაზე. შეავსე ტესტი და შეამოწმე, რა გახსოვს „ვეფხისტყაოსნიდან”
ბათუმის მერიას დაქვემდებარებული ორგანიზაციებიდან საჯარო ინფორმაცია ბათუმის საკრებულოს წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ მირდატ ქამადაძემ ვერ მიიღო. მან დღეს ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ ორგანიზაცია, რომელიც დაფინანსებას იღებს ბიუჯეტიდან, ვალდებულია საზოგადოებას საჯარო ინფორმაცია მიაწოდოს.
მირდატ ქამადაძეს თანამშრომლების სახელობითი სია, შრომის ანაზღაურების და ხარჯვითი ნაწილის შესახებ ინფორმაცია არ მიაწოდეს: „ბათუმის ავტოტრანსპორტმა“, „ბათუმის წყალმა“, „ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტომ“.
„ბათუმის წყლისგან“ საჯარო ინფორმაციის მიუღებლობა თვეების წინ სასამართლოში გაასაჩივრა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“. ბათუმის საქალაქო სასამართლომ სარჩელი არ დააკმაყოფილა. მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ განმარტა, რომ „ბათუმის წყალი“ საჯარო დაწესებულება არ არის და მას საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულება ვერ ექნება. ეს გადაწყვეტილება საია-მ ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრა.
„ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ რამდენიმე დღის წინ ძალაში დატოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, სასამართლოს დასაბუთება ამ დროისთვის უცნობია,“ – ამბობს მირზა მამულაძე, საია-ს იურისტი.
მირზა მამულაძის თქმით, მხარეთა პაექრობის ეტაპზე მოსამართლე გოჩა აბუსელიძემ საიას საკანონმდებლო ხარვეზზე მიანიშნა.
„მოსამართლემ აღნიშნა, რომ სახეზეა კანონის ხარვეზი და იქნებ ამ კუთხით ადვოკატირება უფრო ეფექტური იყოს,“ – გვითხრა მირზა მამულაძემ.
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებასაც აპირებს უზენაეს სასამართლოში.
„იქ სულ 5 ადამიანი ვიყავით… დასრულებამდე ვესწრებოდი ჩხრეკას. იქ ვიდეო არავის გადაუღია,” – თქვა სასამართლოში მოწმის სახით დაბარებულმა საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის ექსპერტმა, კახა დანელიამ.
ეს მეორე მოწმეა “კასრიდან იარაღის ამოღების საქმეში” სამართალდამცავი ორგანოდან, ვინც თქვა, რომ ვიდეოკადრები იარაღის ამოღების დროს არავის გადაუღია. იარაღის ამოღების ვიდეოკადრები შსს-მ ფემბე ოლუნის დაკავებიდან მეორე დღეს გაავრცელა.
მოსამართლე ლევან გელოვანი ფემბე ოზლემ ოლუნის საქმის განხილვას განაგრძობს. საუბარია ქობულეთში, გასული წლის 25 ნოემბერს, სამალავში აღმოჩენილი საბრძოლო მასალის საქმეზე – ბრალდებული ქალი, ფემბე ოზლემ ოლუნია. იგი თურქეთის მოქალაქეა და ბრალს არ აღიარებს. პროკურატურის ვერსიით, ფემბე ოზლემ ოლუნი ხელყუმბარას, კალაშნიკოვის ავტომატს და 115 ვაზნას სხვადასხვა ადგილზე ინახავდა.
ერთ-ერთ სასამართლო სხდომაზე, რომელიც 6 თებერვალს გაიმართა, საგამოძიებო ჯგუფის ხელმძღვანელმა, გიორგი გამყრელიძემ მოსამართლეს უთხრა: “არ ვიცი, ვინ გადაიღო ვიდეო. მე მასობრივი ინფორმაციის საშუალებები არ მომიწვევია. მხოლოდ ფოტოგადაღება მოვახდინეთ”, – თქვა მან.
გიორგი გამყრელიძე ქობულეთში, მდინარე კინტრიშთან კასრიდან იარაღის ამოღების პროცესს ესწრებოდა. კახა დანელია კი, რომელმაც დღეს მისცა ჩვენება სასამართლოს, ბათუმში, საცხოვრებელი ბინის ჩხრეკას დაესწრო. ბრალდებული ფემბე ოლუნი დაკავებამდე ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა.
“თუ თქვენ არ გადაიღეთ ვიდეო, ვინც ჩხრეკაში მონაწილეობდით, საიდან გაჩნდა ეს ვიდეოკადრები ტელევიზიებში?”- იკითხა ადვოკატმა ლევან მამულაძემ.
შეკითხვა პროკურორმა პაატა ცეცხლაძემ გააპროტესტა: “ვიდეომტკიცებულება საერთოდ არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებად სასამართლოში. გაუგებარია, რაზე საუბრობს დაცვის მხარე”.
ექსპერტს ამ თემაზე შეკითხვა ბრალდებულმაც დაუსვა.
“თქვენ გარდა ვინმეს, მაგალითად, სამოქალაქო ფორმაში მყოფ პირს, ჩხრეკის და ამოღების დროს ჰქონდა ვიდეოს გადაღების უფლება?”- იკითხა ფემბე ოლუნმა.
“ასეთი იქ არავინ ყოფილა,”- დასძინა ექსპერტმა კახა დანელიამ.
სასამართლომ დღევანდელ პროცესზე კიდევ რამდენიმე სამართალდამცველის პოზიცია მოისმინა, ვინც იარაღის ამოღების პროცესში მონაწილეობდა. დასაკითხი დარჩა კიდევ ერთი პირი – მესაკუთრე, ვის სახლთან ახლოს, მდინარის პირას კასრში ჩამარხული საბრძოლო იარაღი იპოვეს.
ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე, ტროტუარზე გაჩერებული შავი ჯიპი „ბათუმელების“ ფოტოობიექტივში მოხვდა. ავტომანქანის ნომრის ბათუმის ავტოტრანსპორტის ვებგვერდზე გადამოწმების შედეგად ირკვევა, რომ ამ მანქანას ტროტუარზე მეპატრონე ხშირად აჩერებს.
ვებგვერდზე მოცემული ინფორმაციის თანახმად, ტროტუარზე მანქანის გაჩერებისთვის ბათუმის ავტოტრანსპორტმა აღნიშნული ავტომანქანის მეპატრონე რვაჯერ დააჯარიმა, პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომისთვის კი – სამჯერ.
ჯარიმები სხვადასხვა წლებშია გამოწერილი. ყველაზე ძველი 2014 წელს გამოწერილი ჯარიმაა. ინფორმაციას თან ახლავს ფოტომასალაც. ინფორმაციის მიხედვით დგინდება, რომ მას მხოლოდ ერთხელ აქვს ჯარიმა – 10 ლარი გადახდილი, ხოლო ათ სხვა შემთხვევაში ჯარიმა გადახდილი არ არის.
ეს 2014 წელია, ვაჟა-ფშაველას ქუჩა:
ფოტო: batumitransport.ge
ისევ ვაჟა-ფშაველას ქუჩა:
ფოტო: batumitransport.ge
შავი ჯიპის მეპატრონე ტროტუარზე მანქანის გაჩერებისთვის დააჯარიმეს გუშინაც, ამჯერად გორგილაძის ქუჩაზე:
ფოტო: batumitransport.ge
ბათუმის ავტოტრანსპორტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ საჯარიმო ოქმი ადრესატს გაეგზავნა, თუმცა მიმღები სახლში არ დახვდა.
78 წლის ნელი ჩუბინიძე ყვება, რომ მარტის თვეში, 2 ნომერ ავტობუსში ასვლისას მძღოლმა მანქანა ნაადრევად დაძრა, რის გამოც იგი ავტობუსის კიბეზე წაიქცა. ქალი ამის შედეგად ისე დაშავდა, რომ დღემდე უჭირს გადაადგილება.
ნელი ჩუბინიძემ ავტობუსში მისი დაზიანების ამბის მოსაყოლად „ბათუმელებს“ მომართა. ის ყვება, რომ ამ შემთხვევის დროს ყურადღება მას არც მძღოლმა და არც კონდუქტორმა არ მიაქცია: “ეს მოხდა წამში, ავდიოდი და მარჯვენა ხელი კარის სახელურზე მქონდა ჩაჭიდებული. უცებ ავტობუსი დაიძრა, ხელი მომგლიჯა სახელურს და იქვე ავტობუსის კიბეზე მთელი ძალით დავენარცხე. წელს ქვევით სხეულის ყველა ნაწილი სასტიკად დავარტყი, ხელების ჩათვლით. ზეზე ვიღაც ახალგაზრდა ქალმა წამომაყენა, მგზავრმა“.
ნელი ჩუბინიძისთვის განსაკუთრებით მიუღებელი ის ფაქტიც აღმოჩნდა, რომ „არავითარი რეაგირება არ მოუხდენია არც მძღოლს და არც კონდუქტორს, რომელიც იჯდა მძღოლის გამოღმა მაღალ სკამზე“: მე ვტიროდი, რადგან სასტიკად მტკიოდა და მეწვოდა ნატკენი ადგილები. დამნაშავეები იყვნენ და ხმას არ იღებდნენ. სიმწრით ჩამოვედი ავტობუსიდან და დიდი გაჭირვებით მოვედი სახლში”.
ნელი ჩუბინიძე ამბობს, რომ მას შემდეგ აქვს ძლიერი ტკივილი და უჭირს გადაადგილება. “აქამდე ასე კი არ დავდიოდი,” – გვითხრა კიბეებზე, ნელა და ფრთხილად ჩამავალმა ქალმა.
ბათუმის ავტოტრანსპორტში განმარტავენ, რომ მგზავრის გადაყვანაზე პასუხისმგებლობა მძღოლს აკისრია. „თუ მძღოლის ბრალეულობა არის, მგზავრმა უნდა მოგვმართოს ადმინისტრაციას და გავატარებთ საჭირო ღონისძიებებს. დამნაშავე თუ მძღოლია და დამტკიცდა, უყურადღებოდ არავინ დარჩება. თუ მძღოლის სახელი და გვარი არ იცის, მაშინ კონკრეტულად გვითხრას ავტობუსის ნომერი და რა დროს იმყოფებოდა ავტობუსში. ამის მიხედვით გავარკვევთ რა მოხდა და შესაბამის ზომებსაც მივიღებთ”, – განმარტავენ ბათუმის ავტოტრანსპორტში.
ბათუმის ავტოტრანსპორტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელი ბესიკ დათიაშვილი ამბობს, რომ მძღოლის მიერ ავტობუსის დაუდევრად დაძვრის, მართვისა და გაჩერების შემთხვევებზე მიმართვიანობა მათ სამსახურში იშვიათია: “ორი წლის წინ იყო შემთხვევა, როცა შუქნიშანთან, სხვა მანქანის გამო მოულოდნელად გაჩერებულ ავტობუსში მდგარმა ქალმა თავი ვერ შეიკავა. სხვა მხრივ მომართვა ასეთ შემთხვევებზე არ გვქონია”.
ავტოტრანსპორტში ამბობენ, რომ მოქალაქეებს შეუძლიათ ასეთი შემთხვევების შესახებ ადმინისტრაციას დაუკავშირდნენ ბათუმის ავტოტრანსპორტის ცხელ ხაზზეც: +995 422 24 76 76
15 წლის ლუკა ქათამაძე ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრში ტრენინგს ესწრება, ტრენინგი ჟურნალისტიკაზეა. ლუკა ყურადღებით უსმენს ტრენერს. უნდა ბოლოსდაბოლოს იპოვოს კითხვაზე პასუხი, როგორი პროფესიაა ჟურნალისტიკა. ლუკა ძიებაშია, სულ მალე მას პროფესიის არჩევა მოუწევს. ამბობს, რომ ბევრი პროფესია მოსწონს, მათ შორისაა ჟურნალისტიკაც. ამ ცენტრის აქტივობებში შარშან 3 ათასამდე მოზარდმა მიიღო მონაწილეობა.
„მოინდომოს თუ არ მოინდომოს?“ – ლუკას დასკვნების გაკეთებაში ახალგაზრდობის ცენტრში დაგეგმილი ტრენინგი ეხმარება: „გამიჩნდა შანსი, რომ მქონოდა წარმოდგენა ამ პროფესიაზე, თუ როგორია ჟურნალისტობა, როგორი სამუშაო აქვთ და როგორები არიან ჟურნალისტები.“
ლუკა ქათამაძე
ლუკამ რამდენიმე აღმოჩენა უკვე გააკეთა – რა აღმოაჩინა? – ის, რომ ჟურნალისტები ძალიან ცნობისმოყვარეები არიან. „პასუხიდან კითხვას ეძებენ, კითხვიდან კიდევ კითხვას“, – გვიყვება ლუკა. ის ერთი თემიდან მეორეზე სწრაფად გადადის, სწრაფად საუბრობს და ცდილობს ყველაფერი მოგვიყვეს, რაც ცენტრში ხდება.
ლუკამ ახალგაზრდობის ცენტრში ფილმი ნახა. ამ ფილმმა ჩემს ცხოვრებაზე დამაფიქრაო ამბობს. ლუკას ცენტრში სხვა აღმოჩენებიც გაუკეთებია, მკითხველთა კლუბი აქვთ, სადაც „კარგი წიგნებია“.
ლუკა თანატოლებს ურჩევს „ქუჩაში ყოფნას აქ მოვიდნენ და მიხვდებიან, რომ ცხოვრება მშვენიერია და ადამიანს ყველაფერში სწავლა ეხმარება“.
ანა ფუტკარაძე სოფელ თხილნარის #2 საჯარო სკოლის მოსწავლეა. ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრში ერთი წელია დადის. მოსწონს აქაურობა. ცენტრის შესახებ მეგობრებისგან გაიგო: „ამბობდნენ ძალიან მაგარია, კარგი შეკრებები ტარდებაო და მეც დავინტერესდი“. ანა ცდილობს არც ერთ შეხვედრას არ გამოაკლდეს. ყველაზე მთავარი, რაც მას ამ ცენტრმა მისცა, სხვა სკოლების მოსწავლეებთან დამეგობრების საშუალებაა. ანას თქმით, კონკრეტული თარიღების ცენტრში აღნიშვნა მას მეტი ინფორმაციის მიღებაში ეხმარება:
„მაგალითად, შშმ პირების თემაზე გვქონდა შეხვედრები. საინტერესოა სხვადასხვა დაავადების მიმართ ცნობიერების ამაღლების მიზნით გამართული შეხვედრებიც. ეს მხოლოდ სიმბოლური არ არის, ჩვენ გვაინტერესებს ის ადამიანები, ვისაც მიჰყავთ ასეთი შეხვედრები. საინტერესოა ყველაფერი, რაზეც ისინი საუბრობენ, მათ მიერ მოყოლილი მაგალითები.“
ანა ფუტკარაძე და თამუნა რეკემაძე
ანა ცენტრში მისვლამდე არ იზიარებდა მოსაზრებას, რომ ცუდია ახალი თაობის ტელეფონსა და ინტერნეტზე მიჯაჭვულობა: „ახლა გარკვეულწილად შევიცვალე აზრი. დავრწმუნდი, რომ ეს ტექნიკები მართლაც ღრმად ერევა ჩვენს ცხოვრებაში. ახლა ვხვდები, რომ წიგნებს არ ვკითხულობდი ფეისბუქის გამო და დიდ დროს ვხარჯავდი ამაში.“
თამუნა რეკემაძეცთხილნარის სკოლის მეათეკლასელია. ორი წელია, რაც ხელვაჩაურის ახალგაზრდულ ცენტრში დადის. მათ სკოლაში ცენტრის ხელმძღვანელი შორენა ფაღავა ჩასულა თანამშრომლებთან ერთად და ბავშვებისთვის ცენტრში დაგეგმილი აქტივობების შესახებ მოუყოლია: „დავინტერესდი, გადავწვიტე მოვსულიყავი და მეცადა, ძალიან კმაყოფილი დავრჩი. აქ დამხვდნენ კარგი ადამიანები“.
თამუნას განსაკუთრებით ცენტრში მოწვეული ტრენერები მოსწონს:„ლექტორები დადიან. უმეტესობა ჩემს აღფრთოვანებას იწვევს. ისეთი არავინ მოსულა, რომ არ მომწონებოდა.“
თამუნას ცენტრში მეგობრებიც მიუყვანია: „ჩემმა რამდენიმე მეგობარმა არ იცოდა ახალგაზრდობის ცენტრის შესახებ, მოვუყევი და ახლა ისინიც აქ არიან“.
თამუნა ინგლისურის საათებზეც მოგვიყვა. მან გვიამბო ამერიკელ მოხალისეზე, რომელიც ოთხშაბათობით ცენტრში გაწევრიანებული ბავშვებისთვის ინგლისურის გაკვეთილებს ატარებს. თამუნა ცენტრში მომხდარ ამბებზე ყველგან საუბრობს, სახლში ჯერ დედას უყვება ყველაფერს, შემდეგ კი მასწავლებლებს.
სალიბაურის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეს, თორნიკე ქათამაძეს კი ცენტრში მისვლა მასწავლებელმა ურჩია. ის ამბობს, რომ ცენტრში თავს იყრის პოპულარული ამბები, მოგვიანებით კი სიტყვა პოპულარული აქტუალურით იცვლება. მისივე თქმით, ეს თემებია ძალადობა, წვრილმანი ხულიგნობა, ნაადრევი ქორწინება …
თორნიკე ამბობს, რომ სკოლის პარალელურად ცენტრში მისვლა მის ირგვლივ „ამბებს ამრავალფეროვნებს“. ვერც თორნიკე ჩამოყალიბდა რა უფრო აინტერესებს, ამიტომაც ყველაფერს ესწრება, რაზეც კი შეხვედრა, ტრენინგი ან სხვა რაიმე აქტივობა იმართება: „ყველაფერს ვართ მოდებული“.
კირნათის საჯარო სკოლის მოსწავლე თამარ წითელაძე ცენტრში ახალია, თამარს განსაკუთრებით კითხვის კლუბი მოსწონს:
„ავიღებთ წინასწარშერჩეულ თორმეტ წიგნს. დათქმულ დროში ვკითხულობთ ამ წიგნებს, შემდეგ მოვდივართ და ამ წიგნებს განვიხილავთ. კითხვის კლუბზე ერთხელ დედაც დაგვესწრო, ბევრჯერ მოვუყევი და დაინტერესდა აქ რა ხდებოდა. ძალიან მოეწონა“.
თორნიკე ქათამაძე
პარლამენტში ქალთა კვოტირების საკითხი ერთ-ერთია მათ შორის, რაზეც ბათუმის #22 საჯარო სკოლის მოსწავლემ, ლანა ბერიძემ, კამათი ცენტრში თემის განხილვის შემდეგ სკოლაში გააგრძელა. ლანას მოსაზრებებს უფრო თანატოლი ბიჭები არ ეთანხმებოდნენ: „მითხრეს, ქალების გამო კაცები რატომ უნდა დაიჩაგრონო, შეიძლება კიდევ მეტი ნიჭიერი კაცი იყოს და ქალების გამო პარლამენტში ვეღარ შევიდესო. ყველა ქალს პარლამენტში რა უნდაო, ბიჭებმა თავიანთი პატრიარქატული ინტერესები წამოწიეს წინ.“
ლანა ახალგაზრდობის ცენტრის პროექტებიდან პრიორიტეტს მკითხველთა კლუბის გარდა ექსკურსიებს ანიჭებს. ლანას განსაკუთრებით მოსწონს კინოჩვენებებიც:
„ხშირად განვიხილავთ შიდსის პრობლემას. ფილმი ვნახეთ, სადაც კომბინირებულად იყო შიდსის და ჰომოსექსუალების თემა. ფილმს ჰქვია „ფილადელფია“. ამ ფილმმა ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ხანდახან სპექტაკლებსაც ვმართავთ“, – გვიყვება ლანა.
ლანა ბერიძე
ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრზე ამბების მოყოლისას ბავშვები თავიანთ ცხოვრებას ორ ნაწილადაც კი ყოფენ – „ცენტრამდე და ცენტრის შემდეგ“. ამბობენ, რომ მას შემდეგ, რაც აქ დაიწყეს სიარული, „ლაპარაკი აღარ რცხვენიათ“ და უფრო „თავისუფლები გახდნენ“.
ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის ბავშვები მხოლოდ ინტელექტუალური აქტივობებისთვის არ ერთიანდებიან, ცოტა ხნის წინ მათ საქველმოქმედო კონცერტი გამართეს ექვსი წლის ლიზასთვის, რომელსაც ძვირადღირებული მკურნალობა სჭირდება.
ცენტრის ბიუჯეტი წელს 40 000 ლარია, გასულ წელს 45 000 ლარი იყო. გარდა ამისა, „ახალგაზრდობის ცენტრი“ ცდილობს გრანტების მოძიებასაც. გასულ წელს ცენტრი ამ მიმართულებით აქტიურად თანამშრომლობდამშვიდობის კორპუსთან – ამერიკელი მოხალისეები ცენტრში ტრენინგებს ატარებდნენ.
ამ ეტაპზე ცენტრში ორი სპეციალისტი და მშვიდობის კორპუსის ერთი მოხალისე მუშაობს.
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგროპროექტების მართვის ცენტრის დირექტორის, ჯამბულ აბულაძის ინფორმაციით, მცენარეთა შესაწამლი მობილური აპარატების დარიგება დღეს, 13 აპრილს დაიწყება. დღეიდან დაიწყებს მუშაობას „ფაროსანასთან ბრძოლის“ შტაბიც.
პირველ ეტაპზე სახელმწიფოს თანადაფინანსებით 335 აპარატი, ერთი თვის განმავლობაში კი სულ 2 044 აპარატი დარიგდება.
200-ლიტრიანი, საწვავზე მომუშავე, მცენარეთა შესაწამლი აპარატისთვის ფერმერები ღირებულების 20%-ს გადაიხდიან. აპარატის ღირებულება 899 ლარია, ფერმერებს დაახლოებით 180 ლარის გადახდა მოუწევთ.
აგროპროექტების მართვის ცენტრს ამ დრომდე არ მიუღია, გასული წლის დეკემბერში განხორციელებული ტენდერით შესყიდული 697 შესაწამლი აპარატი, რომლის შესასყიდად ხელშეკრულება ცენტრსა და გამარჯვებულ კომპანიას შორის 629 ათას 983 ლარზე 26 დეკემბერს გაფორმდა. ხელშეკრულების თანახმად კომპანიას აპარატები ცენტრისთვის ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთ თვეში, ანუ 2018 წლის იანვრის თვის ბოლოს უნდა მიეწოდებინა.
ჯამბულ აბულაძე ამბობს, რომ ფაროსანას შეწამვლა დაგვიანებული არ არის, აპარატები კი დროულად დარიგდება:
„მცენარეთა წამლობა დაგვიანებული არ არის. კომპანიამ, რომელსაც აპარატის შესასყიდად ხელშეკრულება 2017 წელს გავუფორმეთ, ვადები დაარღვია და ჯარიმდება. იქედან გამომდინარე, რომ აპარატები ჩინეთიდან შემოაქვს, ჩამოტანას დიდი დრო დასჭირდა, გემი 7 აპრილს უნდა შემოსულიყო ფოთის პორტში, თუმცა დაგვიანებით, 16 აპრილს შემოვა.
გარდა ამისა, წელს ჩვენ 1 347 აპარატის შესასყიდად გამოვაცხადეთ ტენდერი, კომპანიამ 335 უკვე მოგვაწოდა, დანარჩენს კი 30 დღის განმავლობაში მოგვაწვდის. 100 ცალი ქობულეთში გადავიტანეთ, დანარჩენი კი ბათუმის ტერიტორიაზეა დასაწყობებული. დღეიდან დაიწყება გაცემა. მიმღები, 2 044 ბენეფიციარი შერჩეულია,“ – ამბობს ცენტრის დირექტორი.
იმ პირების შერჩევის ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი, რომელთაც შესაწამლი აპარატი თანადაფინანსებით გადაეცემათ, საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული მიწის დიდი ნაკვეთი იყო.
ჯამბულ აბულაძის თქმით, აპარატების თანადაფინანსების შესყიდვის სურვილი 3 000- ზე მეტმა მოქალაქემ გამოთქვა, განსაკუთრებით დიდი მოთხოვნა ქობულეთის მუნიციპალიტეტზე მოდის.
„აპარატებზე მოთხოვნა საკმაოდ დიდია, 3 000 განაცხადს აჭარბებს. მარტო ქობულეთში 1 344 განაცხადი შემოვიდა. მართალია, ფაროსანას გავრცელების დონე ქობულეთში უფრო მაღალია, ვიდრე მთიანეთში, თუმცა მოთხოვნას ნუ მივაბამთ მხოლოდ ფაროსანას. ეს აპარატი ეფექტური საშუალებაა ფაროსანასთან საბრძოლველად, თუმცა ზოგადადაც ეფექტური საშუალებაა აგროტექნიკური ღონისძიებების გასატარებლად.
ცრუ მოლოდინები რომ არ გავუჩინოთ ადამიანებს, განცხადებების მიღება შევაჩერეთ, მოთხოვნა ბევრად აღემატება შესაძლებლობებს, თუმცა იქედან გამომდინარე, რომ შესაწამლი აპარატი არ არის ყოველდღიურ რეჟიმში გამოსაყენებელი, ერთი აპარატით სრულიად საკმარისია სოფელში რამდენიმე ოჯახმა ისარგებლოს, ვფიქრობთ, მოსახლეობა უკმაყოფილო არ დარჩება,“ – ამბობს ის.
12 აპრილს ანგისის დასახლებაში არსებული ბათუმის „დინამოს“ სტადიონი და გუნდი აკურთხეს.
„გუშინ მოედანი დახაზეს და პირველად ივარჯიშა „დინამომ“ ბუნებრივსაფარიან მოედანზე. მამა სერგი მოვიდა და მოედანი აკურთხა. გახსნის ზუსტი თარიღი ჯერ არ ვიცით, დგინდება ეს საკითხი. მოედანს ჯერჯერობით სრული დატვირთვით ვერ იყენებენ ფეხბურთელები“, – უთხრეს „ბათუმელებს“ კლუბის პრესსამსახურში.
გუნდისა და სტადიონის კურთხევის ამსახველი ფოტოები გუნდის პიარისა და მარკეტინგის სამსახურის უფროსმა, ოთარ ფედიჩკინმაგანათავსა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე. მან „ბათუმელებთან“ აღნიშნა, რომ არ სურს მისი ფოტოები ვებგვერდზე გამოვაქვეყნოთ, მოგვიანებით კი ფოტოებზე წვდომა შეზღუდა.
საჯარო და კერძო სკოლების მეთერთმეტე და მეთორმეტეკლასელები გამოსაშვები გამოცდების იმიტაციაში მონაწილეობას უფასოდ შეძლებენ. მოსწავლეებს იმიტირებულ გამოცდებში მონაწილეობა „სანდო თანამგზავრის“ საშუალებით შეეძლებათ.
„ტესტირება გამოცდის ანალოგიურად ჩატარდება, ე.წ. CAT-ის ალგორითმით და სისტემით“, – ნათქვამია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იმიტირებული გამოსაშვები გამოცდები 15 და 22 აპრილს ჩატარდება. პირველი იმიტირებული ტესტირებისათვის რეგისტრაცია 11 აპრილს, 15:00 საათზე დაიწყება.
მოსწავლეებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ ვებგვერდზე www.ug.edu.ge. ტესტირების მხარდამჭერია საქართველოს უნივერსიტეტი.
რეგისტრირებულ მონაწილეებს მათთვის სასურველ 2 საგანში შეეძლებათ ტესტის გავლა. იმიტირებულ ტესტირებაში მონაწილეობა ნებაყოფლობითია.
დღეს, 13 აპრილს, ბათუმში, ინასარიძისა და კობალაძის ქუჩების კვეთაში, ავარია მოხდა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა და სკუტერი შეეჯახა. სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ცნობით, სკუტერიდან ჩავარდნილ ახალგაზრდა მამაკაცს მუხლი დაუზიანდა და სასწრაფომ იგი საავადმყოფოში გადაიყვანა.
შს სამინსიტროს ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო – ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გაუფრთხილებლობით გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში აჭარაში და ქალაქ ბათუმში ძირითადად მოღრუბლული და წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. იქროლებს სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი წამში.
„დღის ბოლოდან ამინდი შეიცვლება და ხვალ აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა,“ – უთხრეს „ბათუმელებს“ აჭარის რეგიონალურ ჰიდრომეტეოროლოგიურ ობსერვატორიაში.
ამინდის ტემპერატურა იქნება:
დღისით: 15-20 გრადუსი
ღამით: 6-11 გრადუსი
მთაში მოსალოდნელია:
დღისით: 10-15 გრადუსი
ღამით: 2-7 გრადუსი
ზღვის წყლის ტემპერატურა აჭარის სანაპიროზე 11,5 გრადუსია.
კვირას, 15 მარტს, ღამით და დილით ზოგან დროგამოშვებით იწვიმებს, ხოლო დღის მეორე ნახევარში და მომდევნო ორ დღეს უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
ქობულეთის მერმა დღეს, 12 აპრილს, ორი მუნიციპალური შპს-ს დირექტორი დანიშნა, შპს „ტრანსრეგულირების“ ხელმძღვანელად მერაბ პაპუნაიშვილი, შპს „ქობულეთის წყლის“ დირექტორად – ჯემალ მეგრელიძე.
ჯემალ მეგრელიძე ქობულეთის გამგეობაში მუშაობდა 2009 წლიდან 2011 წლამდე. ამ დროს იგი აჭარის მთავრობის აპარატის ადმინისტრაციულ ორგანოებთან მონიტორინგის დეპარტამენტს წარმოადგენდა. 2011-2012 წლებში ჯემალ მეგრელიძე აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იყო.
შპს „ტრანსრეგულირების“ ახალი დირექტორი – მერაბ პაპუნაიშვილი ბოლო წლებში შპს ტრანსრეგულირებაში“ მუშაობდა.
ქობულეთის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ორივე შპს-ს წინა ხელმძღვანელებმა განცხადებები დაწერეს და თანამდებობის დატოვება ითხოვეს.
„გახშირდა ასეთი ამბავი, კაი ბიჭი ვარ და ფულს არ გადავიხდი,“ – ყვებიან ქობულეთელი ტაქსისტები. მათი თქმით, არსებობს შემთხვევები, როცა მგზავრები ტაქსის მძღოლებს ქურდული სამყაროს წევრებად ეცნობიან და მგზავრობის თანხის გადახდაზე უარს ამბობენ.
ინფორმაცია, რომ ქობულეთში ტაქსის მძღოლებს „ძველი ბიჭები“ მგზავრობის თანხას არ უხდიან, ან ცდილობენ არ გადაუხადონ და ამან რეგულარული სახე მიიღო, „ბათუმელებმა“ დღეს თავად ტაქსისტებთან გადაამოწმა. მათ ამ თემაზე ღიად საუბარი არ სურთ, მაგრამ ყველა მეორე გეტყვით, რომ „ასე ნამდვილად ხდება“. არ გპასუხობენ კითხვაზე, რა ფორმით ხდება ეს ან ვინმე კონკრეტულ პირს ხომ ვერ დაასახელებენ. ამბობენ, რომ ასე მას კი არა, „სხვას დაემართა“.
„ძირითადად ახალგაზრდა ბიჭები არიან, ან ის ხალხი, ვინც ციხეში იჯდა. მე, პირადად, ასეთი შემთხვევა არ მქონია. პოლიციისთვის, როგორც ვიცი, არ მიუმართავს არავის. რა აზრი აქვს მიმართვას და მერე პოლიციაში სიარულს. ფაქტი ისაა, რომ წლების წინ მანქანას ღიად ვტოვებდით და არ გვეშინოდა. ახლა ბოქლომი უნდა დაადო ყველაფერს, ისე ვერ დატოვებ მანქანას. მძღოლების უმეტესობას დანა აქვს უკვე სავარძელში დამალული, რამე რომ მოხდეს მაინც…“ – გვითხრა ტაქსის მძღოლმა, რომელმაც გვთხოვა, რომ მისი ვინაობა არ დავასახელოთ.
კიდევ ერთი ტაქსის მძღოლი, თემურ კენჭაძე კი ამბობს, რომ მსგავსი შემთხვევები მას პირადად ჰქონია: „ჩემთან მოსულან რამდენჯერმე ახალგაზრდა ბიჭები, ასე და ასე, „კაი ბიჭები“ ვართ და უფასოდ უნდა წაგვიყვანოო. ვუთხარი, რომ საწვავი არ მაქვს, გაძვირდა ყველაფერი ბიძია-მეთქი… ისეთი დრო მოვიდა, გახშირდა ყველაფერი. თანხის გადახდა, ზოგადად, უჭირს ხალხს, ისედაც ეს ძველბიჭობა გამოვიდა გარეთ და გამოჩნდნენ. ადრე არ ჩანდნენ, ახლა არიან, არ ვიცი, რატომ, სახელმწიფო ვეღარ აშინებს, ალბათ“.
ტაქსის მძღოლებს ქობულეთში რამდენიმე ლოკაციაზე ესაუბრა „ბათუმელები“: ბაზართან, ავტოსადგურისა და მერიის წინ. აქვე ტაქსისტებმა თავდასაცავად გადანახული ინსტრუმენტებიც გვაჩვენეს – მანქანის სავარძლის ქვეშ მოთავსებული „მანტიროვკა“ და პურის დანა.
„მკითხველს, როგორც დანიელ პენაკი ამბობს, საკუთარი უფლებები აქვს და ყველას აქვს უფლება არაფერიც არ წაიკითხოს, ან არ წაიკითხოს რაიმე ბოლომდე. ასევე ყველას შეუძლია საიდანაც უნდა იქიდან დაიწყოს კითხვა, წიგნის შუიდან, დასაწყისიდან და ბოლოდანაც კი. ორ რამეს ვერ აიძულებ ადამიანს: სიყვარულს და კითხვას,“ – ასე დაიწყო სპეციალურად მოწვეულმა სტუმარმა, მწერალმა მაკა ლდოკონენმა საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საღამო, რომელიც ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო განყოფილებაში გაიმართა.
მაკა ლდოკონენი ავტორია წიგნებისა: „საახალწლო საკითხავი“, „ბაბუები, ყველაზე მაგარი ბიჭები დედამიწაზე!“, „ცხენისკუდები დილასთვის”, „ქიშმიშიანი ამბები“ და სხვა. წიგნმა „ქიშმიშიანი ამბები“ 2010 წლის ლიტერატურული პრემია საბა დაიმსახურა წლის საუკეთესო დებიუტის ნომინაციაში.
მწერალმა საკუთარი წიგნები წარუდგინა მკითხველს და „ქიშმიშიანი ამბების“ შექმნის ისტორიაზე ილაპარაკა, ნამდვილ ადამიანებზე, რომლებიც შემდეგ პერსონაჟებად იქცნენ. ეს წიგნი ავტორის ბავშვობას უკავშირდება და სოლოლაკში მომხდარ ნამდვილ ამბებს აღწერს, ნამდვილ ადამიანებს ახსენებს მკითხველს.
ერთ-ერთი ასეთი პერსონაჟი მუნჯოა, რომელსაც მანქანა არასოდეს ენახა და როცა ერთ-ერთი მოსახვევიდან უეცრად შემოსული მანქანა დაინახა, გაკვირვებისგან გაშეშდა, მანქანა დაეჯახა და როცა შოკიდან გამოვიდა, ვეღარ ლაპარაკობდა, ამიტომაც შეარქვეს უბანში მუნჯო. მერე მტვირთავად დაიწყო მუშაობა და თურმე ბავშვებს დასდევდა, ბავშვებს კი ეშინოდათ… ასე გაიცნო მთელმა სოლოლაკმა მუნჯო, რომელიც მაკა ლდოკონენის „ქიშმიშიან ამბებში“ დასახლდა.
ამავე წიგნის პერსონაჟია მსუბუქი ყოფაქცევის პრანჭია ლალო, რომელიც სულ სარკისკენ აპარებს თვალს, ხან ხიდზეა, ხან ბაზარზე, ხან ქუჩაში მიაბიჯებს, ხანაც მეთევზეებს ჩასძახებს და სიამაყით ამბობს: „სწავლა მომაქვს, ცოდნას ხომ არ გართმევთ, პირიქით, მომაქვსო“. ლალოს სახლის კედელზე წითელ-ყვითლად ხანაც მწვანედ აწერია „აქა ცხოვრობს ლალოი!“. ყველა იცნობს ლალოს და ახლა უკვე იცნობს მაკა ლდოკონენის ყველა მკითხველიც.
„ცხენისკუდები დილასთვის” ავტორის ბოლო წიგნია. დილა პატარა გოგოა, რომელიც უკურნებელი სენითაა დაავადებული და ქიმიოთერაპიის კურსისთვის თავის გადაპარსვა სჭირდება. თმის გადაპარსვა ბევრი გოგოსთვის ტრაგედიაა, რომელსაც რთულად ეგუებიან, თუმცა არსებობს მოხალისე ქალების ჯგუფი, რომლებიც გრძელ თმას იჭრიან და სიმსივნით დაავადებულ, თავგადაპარსულ გოგონებს საკუთარ თმას უგზავნიან… ერთ თავგადაპარსულ გოგოს საშუალოდ „ერთი ცხენისკუდი” სიგრძის თმა სჭირდება ბუნებრივი თმისგან პარიკის დასამზადებლად. მაკა ლდოკონენის ბოლო წიგნი „ცხენისკუდები დილასთვის” ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო განყოფილებაშია ხელმისაწვდომი.
ბათუმის ავტოტრანსპორტის ინფორმაციით, დღეს ბათუმში პარკირების წესების დარღვევაზე 384 ადამიანი დაჯარიმდა. მათ შორის: პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომისთვის – 330, ნიშანში დგომისთვის – 43, ტროტუარზე დგომისთვის – 7, დგომა-გაჩერების წესის დარღვევისთვის – 4 ადამიანი.
ბათუმი-ხულო-ახალციხის ცენტრალური გზის გაწმენდითი სამუშაოები დასრულების ეტაპზეა. ხულოდან გოდერძის უღელტეხილამდე დღეს მოძრაობა აღდგა. ხვალ დღის ბოლომდე გაიხსნება ასევე ახალციხესთან დამაკავშირებელი გზაც, რომელიც ზამთარში თოვლის საფარის გამო იკეტება.
კურორტზე თოვლის საფარი გვიან გაზაფხულამდე ნარჩუნდება. აპრილის შუა რიცხვებში ჩაკეტილი გზების გაწმენდის სამუშაოები ტარდება და ავტომობილით გადაადგილება შესაძლებელი ხდება.
ხულოს მერის ინფორმაციით, მომდევნო ეტაპზე გზის მოწესრიგებისა და ახალი საფარის დაგების სამუშაოები კურორტ ბეშუმის მიმართულებით დაიწყება.
ევროკავშირის მიერ ქედის მუნიციპალიტეტში დაფინანსებული პროექტის – „ადგილობრივი რესურსებისა და პოტენციალის ოპტიმალური გამოყენება, სოფლის განვითარება ქედაში“ ფარგლებში, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-ი ახორციელებს, სექტორული მიმართულებები ჩამოყალიბდა, სულ გამოიყო შვიდი სექტორი – ახალგაზრდები, განათლება, კულტურა – სპორტი, გარემოს დაცვა, ტყე და ბიომრავალფეროვნება, საჯარო მმართველობა და საზოგადოებასთან ურთიერთობა, სოფლის სოციალურ-ეკონომიური განვითარება, ტურიზმისა და ბიზნესის განვითარება, ქალთა გაძლიერება და მათი ჩართულობა სოფლის განვითარებაში და ჯანდაცვისა და სოციალური საკითხების სექტორი. სექტორების კოორდინატორებად მმართველთა საბჭოს წევრები დაინიშნენ. პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაცია, მმართველთა საბჭოს წევრებთან ერთად, დღეს აქტიურ მოქალაქეთა გაერთიანებაში ე.წ „ლაგში“ გაწევრიანებულ ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბებული სექტორები და მათი მუშაობის სპეციფიკა გააცნო.
არასამთავრობო ორგანიზაცია CENN – ის წარმომადგენელი, ნინო გაფრინდაშვილი განმარტავს, რომ სექტორები მმართველთა საბჭომ ქედაში პრიორიტეტული მიმართულებების მიხედვით გამოყო. „მმართველი საბჭოს წევრებმა განსაზღვრეს პრიორიტეტული მიმართულებები, შესაბამისად გამოიყო სექტორები, რომელთა ჯგუფში გაწევრიანებულმა „ლაგის“ წევრებმა კონკრეტული მიმართულების გაძლიერებაზე უნდა იმუშაონ. თითოეული სექტორისთვის ერთობლივად შემუშავდა დებულებები, რომლებიც იმ ძირითად საქმიანობებს განსაზღვრავს, სადაც სექტორული კოორდინატორები სექტორულ ჯგუფებთან იმუშავებენ,“ – ამბობს ნინო გაფრინდაშვილი.
ორ მილიონ ევროს ქედის მუნიციპალიტეტი, ENPARD-ის მეორე ფაზის ფარგლებში, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის – „ადგილობრივი რესურსებისა და პოტენციალის ოპტიმალური გამოყენება, სოფლის განვითარება ქედაში“ – ფარგლებში მიიღებს. გრანტის გაცემა კი მაშინ დაიწყება, როდესაც მმართველთა საბჭო და პრიორიტეტულად დასახელებული სექტორები სოფლის განვითარების სტრატეგიას დაამუშავებს.
მსოფლიო სასკოლო ოლიმპიადაზე მაგიდის ჩოგბურთში საქართველოდან მონაწილე თბილისის 90-ე საჯარო სკოლის ვაჟთა გუნდი მე-6, ხოლო ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაიოს საჯარო სკოლის გოგონათა გუნდი მე-14 ადგილზე გავიდა. მალტის სასკოლო ოლიმპიადაზე, მაგიდის ჩოგბურთში სულ 25 სასკოლო გუნდი მონაწილეობდა.
მსოფლიო სასკოლო ოლიმპიადაზე, რომელიც მალტაში ტარდება, ვაიოს საჯარო სკოლის გოგონათა გუნდმა ოთხი თამაში გამართა – საფრანგეთის, ჩინეთის, საბერძნეთისა და არაბეთის სასკოლო გუნდებთან, აქედან მხოლოდ ერთი თამაში მოიგო 4:1 არაბეთის სასკოლო გუნდთან.
ხოლო თბილისის 90-ე სკოლის ვაჟთა გუნდმა მაგიდის ჩოგბურთში იტალიის, ხორვატიისა და ისრაელის სასკოლო გუნდებს მოუგო.
მსოფლიო სასკოლო ოლიმპიადა ხელბურთში, ფუტსალსა და კროსის სახეობაში ყატარში, ისრაელსა და საფრანგეთში ჩატარდა. 19 აპრილს სასკოლო ოლიმპიადა ჩატარდება ბადმინტონში, ხოლო ივნისში ფრენბურთსა და კალათბურთში სასკოლო ოლიმპიადის ჩატარება არის დაგეგმილი ჩეხეთსა და სერბეთში.
სპორტის სამივე სახეობაში – ბადმინტონში, ფრენბურთსა და კალათბურთში ოლიმპიადაზე საქართველოს სასკოლო გუნდებიც მიიღებენ მონაწილეობას.
ფოტოები მალტიდან ვაიოს საჯარო სკოლის გუნდის წევრებმა, მირანდა გორგილაძემ და ელზა მახაჭაძემ მოგვაწოდეს.
ხულოს მუნიციპალიტეტში, სხალთის თემში, მდინარე სხალთაზე არსებული ხიდი, რომლითაც სოფელ კვატიაში მცხოვრები მოსახლეობა გარესამყაროს უკავშირდება, წყლითაა დაფარული. გაზაფხულზე, როცა მთებში თოვლი დნობას იწყებს, მდინარეში წყლის მასა იზრდება და ხიდზე წყალი გადმოდის, წყლით იფარება ხიდი წყალდიდობის დროსაც.
ხულოს მერიაში განმარტავენ, რომ მერიამ კვატიასთან დამაკავშირებელი ხიდისა და გზის პროექტი მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე გასულ წელს შეისყიდა, თუმცა პროექტი მხოლოდ იმის გამო ვერ გნხორციელდა, რომ გზის დახრილობის დონე მაღალია და არსებული პროექტი ექსპერტმა დაიწუნა.
სხალთის თემის რწმუნებულის, იზოლდა სურმანიძის ინფორმაციით, სოფელ კვატიაში 16 მუდმივი მცხოვრები ოჯახი ცხოვრობს, ასევე არიან სოფელში დროებით მცხოვრებლებიც – დაახლოებით ათი ოჯახი.