ერთ თვეზე მეტი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე, კომპანია „ნოვას“ წინ მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერებაზე მოსაცდელი, კომპანიის მოთხოვნით აიღეს. „ბათუმის ავტოტრანსპორტში“ მაშინ განაცხადეს, რომ აქ გაცილებით პატარა ზომის მოსაცდელს დადგამდნენ. დღემდე არ დაუდგამთ.
„ბათუმის ავტოტრანსპორტში“ დღესაც არ იციან, როდის დაიდგმება მოსაცდელი ბაგრატიონის ქუჩაზე. „როცა მეორე ეტაპი დაიწყება მოსაცდელების დადგმის, მაშინ ჩაისმება ეს ადგილი. კერძო კომპანია [„ალმა“] დადგამს. ზუსტ დროს ვერ გეტყვით“, – გვითხრეს „ავტოტრანსპორტში“.
სამაგიეროდ, რამდენიმე თვის წინ, ახალ ბულვართან, კაჩინსკების ქუჩაზე ისეთ ადგილზე დაამონტაჟეს მოსაცდელი, სადაც მუნიციპალური ტრანსპორტი საერთოდ არ მოძრაობს. აქ ავტობუსის გასაჩერებელი ადგილი მოსაცდელიდან მოშორებით, სავაჭრო ცენტრ „მეტრო სითისთან“ არის გამოყოფილი.
გაჩერება სავაჭრო ცენტრთან და მოსაცდელი გზის გასწვრივ კაჩინსკების ქუჩაზე/ 22.05.2018
„ავტოტრანსპორტში“ აცხადებენ, რომ კომპანია „ალმას“ ეს კონსტრუქცია „დღეს-ხვალ უნდა აეღო“.
მოსაცდელებთან დაკავშირებული გაუგებრობები ბათუმში ამით არ სრულდება – წელს ქალაქში ახალი მოსაცდელები ისე განათავსეს, რომ ბევრ ადგილზე გადაიკეტა ტროტუარი, თავად კონსტრუქცია კი ნაცვლად ადაპტირებულისა, არაადაპტირებულია. კომპანიამ, რომელიც მოსაცდელებს ამონტაჟებს, კონსტრუქციების გადაკეთება და ტროტუარების გაფართოება უკვე დაიწყო. თუმცა ზოგ ადგილზე მოსაცდელი ამ დრომდე ისევ არაადაპტირებულია.
„ბათუმელები“ კომპანია „ალმას“ ვერ დაუკავშირდა.
ფიროსმანის ქუჩაზე მოსაცდელით გადაკეტილი ტროტუარი რამდენიმე დღის წინ „გახსნეს“. ეს მოსაცდელი კვლავ არაადაპტირებულია / 22.05.2018
ბრალდებულ თამარ ხაჭაპურიძეს დღევანდელ სხდომაზე მაშინვე შეაწყვეტინა სიტყვა მოსამართლემ, როცა მან პროკურორის კრიტიკა დაიწყო.
“პროკურორმა წინა სხდომაზე იცრუა, რომ…” – დაიწყო სკაიპჩართვაზე ბრალდებულმა, რომელიც ამჟამად ბრიტანეთში იმყოფება.
მოსამართლე: “ქალბატონო თამარ, თქვენ საიდან იცით, რა არის სიცრუე? თქვენ დაადგინეთ?… პროკურორის შეფასების საშუალება თქვენ გექნებათ დასკვნითი სიტყვის დროს”.
გამოძიება თამარ ხაჭაპურიძესა და მის მეუღლეს, კახაბერ ხაჩიძეს, მოსამართლის და ამჟამად უკვე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის, გიორგი მიქაუტაძის სიცოცხლის ხელყოფის მუქარას ედავება. საქმეს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილი განიხილავს.
საუბარია 2016 წლის აგვისტოში გონიოს პლაჟზე მომხდარ ინციდენტზე, რომლის შემდეგაც გამოძიება არასრულწლოვნის ცემის ფაქტზე დაიწყო. არასრულწლოვნის მშობლების, თამარ ხაჭაპურიძისა და კახაბერ ხაჩიძის თქმით, ბავშვს მოსამართლე გიორგი მიქაუტაძემ სცემა. ბავშვის ცემის ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას იმავე დღეს პროკურატურამ კვალიფიკაცია შეუცვალა და ძიება მოსამართლის სიცოცხლის მოსპობის მუქარით გააგრძელა.
დღევანდელ სხდომაზე მოსამართლესა და ბრალდებულს შორის დაპირისპირება კიდევ ერთმა საკითხმა გამოიწვია: საქმე ეხება ვიდეოკადრების ჩვენებას, რომელიც გონიოს პლაჟის ინციდენტის დროს გიორგი მიქაუტაძის ცოლმა და იმ დროისთვის მთავარი პროკურატურის თანამშრომელმა, მაია კვირიკაშვილმა მობილური ტელეფონით გადაიღო.
გიორგი მიქაუტაძის საქმე
“მე არ მსურს საჯაროდ აჩვენონ კადრები, სადაც ჩემი არასრულწლოვანი შვილი ჩანს. გთხოვთ, დაიცვათ არასრულწლოვნის ინტერესები,” – მიმართა მოსამართლეს თამარ ხაჭაპურიძემ.
“ეს კადრები ინტერნეტში ვინ გაავრცელა, ამას ხომ ვერ მეტყვით?”- უპასუხა ბრალდებულს მოსამართლემ. მან უარი განაცხადა სხდომის დახურვაზე იმ მოტივით, რომ “არასრულწლოვნის სახე მაინც არ ჩანს”.
მოსამართლეს თამარ ხაჭაპურიძემ უთხრა, რომ გონიოს პლაჟის ინციდენტის ამსახველი კადრები თვითონ გაავრცელა, მაგრამ არასრულწლივნის სახის დაფარვით.
დღევანდელ სხდომაზე მოწმეებისთვის არ მოუსმენიათ. პროკურორს მხოლოდ ერთი მოწმე ჰყავდა წარმოდგენილი, რომელსაც პირადობის მოწმობა თან არ ჰქონდა და ჩვენების მიცემის უფლება არ მიეცა. მოწმე შეზლონგების გამქირავებელია გონიოს პლაჟიდან. ის არასრულწლოვნისა და მოსამართლის დაპირისპირებას შეესწრო.
პროკურორმა დავით ხარძეიშვილმა დღევანდელ სხდომაზე წერილობითი მტკიცებულებებიც გამოაქვეყნა. მათ შორის, ფეისბუქში თამარ ხაჭაპურიძის მიერ გამოქვეყნებული პოსტი – გონიოს პლაჟის ინციდენტამდე მოსამართლე გიორგი მიქაუტაძემ თამარ ხაჭაპურიძის ადმინისტრაციული დავა განიხილა საპატრულო პოლიციასთან. სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ კი, თამარ ხაჭაპურიძემ მოსამართლე გიორგი მიქაუტაძეს ფეისბუქპოსტით შეურაცხყო.
“ეს იყო თამარ ხაჭაპურიძის მოსაზრება და იგი ვერანაირად ვერ ადასტურებს მის ბრალეულობას ამ საქმესთან დაკავშირებით,” – ამბობს პაატა დიასამიძე, საია-ს იურისტი. იგი სულხან კაპანაძესთან ერთად ბრალდებულების ინტერესებს იცავს.
ადვოკატები ფიქრობენ, რომ პროკურატურა მიზანმიმართულად აკეთებს აქცენტს 2015 წელს გონიოს ინციდენტამდე გამოქვეყნებულ ფეისბუქპოსტზე იმის საჩვენებლად, რომ თითქოს თამარ ხაჭაპურიძე რეალურად იყო დაპირისპირებული მოსამართლესთან და ამ დაპირისპირების შემდეგ გიორგი მიქაუტაძეს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.
სასამართლოს ჯერ არ მოუსმენია გიორგი მიქაუტაძის ჩვენება. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს ამ საქმეში დაზარალებულის სტატუსი აქვს.
საქმესთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი დეტალები:
გიორგი მიქაუტაძის სიცოცხლის მოსპობის მუქარის საქმის პარალელურად გამოძიება არასრულწლოვნის ცემის ფაქტზეც მიმდინარეობს. თუმცა, აქამდე არ დაუკითხიათ ამ საქმის მთავარი პირი – თამარ ხაჭაპურიძის და კახაბერ ხაჩიძის არასრულწლოვანი შვილი. პროკურორმა დავით ხარძეიშვილმა ერთ-ერთი პროცესის შემდეგ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ მოზარდის ცემის საქმეზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი – გიორგი მიქაუტაძე დაკითხეს. ამ საქმესთან დაკავშირებით სხვა არაფერია ცნობილი.
სასამართლოს წინა სხდომაზე პროკურორ დავით ხარძეიშვილს მოსამართლემ ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენა დაავალა, რაც ამ დრომდე წარმოდგენილი არ არის.
მიქაუტაძის სიცოცხლის მოსპობის მუქარის საქმიდან გაუჩინარდა დასკვნა, რომლის მიხედვითაც დასტურდება, რომ 13 წლის ბიჭი ნამდვილად ნაცემია. ირკვევა, რომ ეს დასკვნა საქმიდან პროკურორმა ამოიღო შემდეგი მოტივით: ექსპერტიზა მოსამართლის სიცოცხლის ხელყოფის მუქარის საქმეზე კი არა, არასრულწლოვნის ცემის საქმეზე ჩატარდა.
თუმცა, ახლახან, ერთ-ერთ სასამართლოს პროცესზე, მოწმის სახით დაბარებულმა პოლიციელმა განაცხადა, რომ არასრულწლოვანს ექსპერტიზა სწორედ გიორგი მიქაუტაძის საქმეზე ჩაუტარდა. ამ ჩვენების შემდეგ დაავალა მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილმა პროკურორს, რომ ექსპერტიზის დასკვნა ბრალდებულებს გადასცეს.
ის 21 წლისაა. პირველად მიეცა საშუალება, ექვსთვიანი სასწავლო პროგრამით წასულიყო იტალიურ უნივერსიტეტში. ეს მის ცხოვრებაში პროფესიული ზრდისკენ გადადგმული პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნებოდა. სამშენებლო მენეჯმენტის პროგრამაზე სწავლობს.
იტალიურ სასწავლო პროგრამაში წარმატებული და მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტები იღებენ მონაწილეობას. ამ სიაში გიორგი ფაღავაც [სახელი შეცვლილია] მოხვდა, თუმცა, როცა ლექტორებმა მას ამ პროგრამის შესახებ აცნობეს, გიორგიმ წინასწარვე იცოდა, რომ უცხოეთში მისი წასვლა შეუძლებელი იქნებოდა – პრობაციონერია და პირობით სასჯელს იხდის. ოთხი წლის განმავლობაში მას ქვეყნიდან გასვლის უფლება არ აქვს. ყველა ლექტორს ამას ვერ უმხელს, ინტერვიუზეც ანონიმურად ჩაწერის პირობით დავითანხმეთ. ამბობს, რომ სამართალდამრღვევის იარლიყი ამ ქვეყანაში ახალგაზრდას უკან ხევს.
ბევრს არ საუბრობს საკუთარ გამოცდილებაზე, თუმცა გამოუვალ შემთხვევებში უწევს ახსნა, რომ მეგობარს ეხმარებოდა შეყვარებულის მოტაცებაში. მისი თქმით, მაშინ არ იცოდა, რომ არასრულწლოვანს იტაცებდნენ, არც ის, რომ მოტაცება სამართალდარღვევაა და არც ის, რომ დანაშაულის გამო უამრავ აკრძალვასთან მოუხდებოდა შეგუება 4 წლის განმავლობაში.
„თბილისის დატოვების უფლება და საქართველოს სხვა ქალაქში წასვლა მხოლოდ ერთი კვირით შემიძლია, მშობლები და ოჯახი რაიონში არიან. ფუტკრები გვყავს, მაგრამ ჩემებს ვერ ვეხმარები, დიდი ხნით ვერ ჩავდივარ. სამი წელი ვერ გავალ ქვეყნიდან, ჯერ მხოლოდ 11 თვეა, რაც სასჯელს ვიხდი. უცხოეთში სასწავლო პროგრამით წასვლის შანსი ყოველ წუთს არ ჩნდება. ახლა გამოჩნდა ეს შესაძლებლობა და ისეთ დროს, როცა ეს შეუძლებელია“, – ამბობს გიორგი.
გიორგი არასამთავრობო ორგანიზაციებსა და დანაშაულის პრევენციის ცენტრს, პრობაციის სამინისტროს თხოვნით არ მიმართავს, რადგან იცის, რომ გამონაკლისის დაშვება და მისი შეწყალება შეუძლებელია. პირობითი სასჯელის მძიმე მუხლი აქვს. კანონში ადამიანის გატაცების მუხლი დიფერენცირებული არ არის – პირის გატაცება მძიმე დანაშაულია და 7-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გოგოს გატაცებაში მონაწილეობა, რა თქმა უნდა, გიორგის მძიმე დანაშაულად ეთვლება, მიუხედავად იმისა, რომ ის გამტაცებლის დამხმარე იყო.
როცა პირობითი სასჯელი დაეკისრა, თავიდან სწავლის შეწყვეტაზე ფიქრობდა. იცოდა, რომ საჯარო სამსახურებსა თუ კერძო კომპანიებში მაღალანაზღაურებად პოზიციებზე თითქმის ყველგან ითხოვენ ნასამართლობის საბუთს. ფიქრობდა, რომ ასეთ პირობებში სწავლაც და მისი ნებისმიერი ძალისხმევაც უშედეგო იქნებოდა. მერე სწავლის შეწყვეტა გადაიფიქრა და სამშენებლო მენეჯმენტის პროგრამას მალე დაამთავრებს.
„სწავლას მალე მოვრჩები, მაგრამ სად უნდა ვიმუშაო? სუპერმარკეტის კონსულტანტობაც კი პრობლემაა ჩვენთვის, პრობაციონერებისთვის, ყველას ვეზედმეტებით. მხოლოდ რამდენიმე თვით ვიმუშავე ერთ მარკეტში, ისიც მოვიტყუე: არ მითქვამს, რომ ნასამართლევი ვარ. როცა ეს ცნობა მოგვთხოვეს თანამშრომლებს, ავდექი და წამოვედი. მაინც გამომიშვებდნენ და რა აზრი ჰქონდა“.
გიორგი ამბობს, რომ ასეთ დროს, როცა პრობაციონერები დასაქმებისას პრობლემებს აწყდებიან, დიდი მნიშვნელობა აქვს მცირე ბიზნესის განვითარებას. დემოკრატიის ინსტიტუტმა მას „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მეფუტკრეობის წასახალისებლად საჭირო ხელსაწყოები შეუძინა. პროექტს დემოკრატიის ინსტიტუტი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად საქართველოს ოთხ რეგიონში: აჭარაში, გურიაში, იმერეთსა და სამეგრელო – ზემო სვანეთში.
გიორგი გვეუბნება, რომ თუ ქვეყანაში პრობაციონერების მიმართ სახელმწიფოსა და დამსაქმებლების დამოკიდებულება უფრო ჰუმანური არ გახდება, შესაძლოა სამომავლოდ სწორედ მეფუტკრეობა იქცეს მისი შემოსავლის მთავარ წყაროდ.
„არც ერთ ნორმალურ სამსახურში არ აჰყავხარ არავის, თუ ნასამართლევი წარსული გაქვს. გამოდის, რომ ტყუილად უნდა იწვალო, ისწავლო და საბოლოოდ არაფრისთვის. ისევ მეურნეობას თუ მოჰკიდებ ხელს, რომ გადარჩე“, – ამბობს გიორგი.
მისივე თქმით, არალოგიკურია, როცა კანონი აკრძალვებს უწესებს დასაქმების მსურველ პრობაციონერებს. ამბობს, რომ სასჯელს იმსახურებდა, მაგრამ ასეთს არა, რამაც მთელ მის პროფესიული და ცხოვრებისეული გეგმები შეცვალა.
მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“ ფარგლებში. პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.
2017 წელს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ, სავაჭრო ობიექტების მეშვეობით, 537 416 ლარის სხვადასხვა დასახელების მოძრავი ქონება გაყიდა. სააგენტომ სხვადასხვა უწყებას ასევე უსასყიდლოდ გადასცა ავტომობილები, ცეცხლსასროლი იარაღი და სხვა ქონება, რომელთა საერთო ღირებულება 2 750 846 ლარი იყო.
სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონება, ეს არის უპატრონო და უმკვიდრო ქონება, სს კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულისა და ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევების შედეგად ჩამორთმეული ქონება, ასევე საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევების შედეგად უსასყიდლოდ ჩამორთმეული საქონელი ან/და სატრანსპორტო საშუალება და სხვა.
ეს ქონება ძირითადად პრივატიზებას ექვემდებარება და მას სახელმწიფო ყიდის. თანხა, ბუნებრივია, ბიუჯეტში შედის. მომსახურების სააგენტოში აცხადებენ, რომ 2017 წელს სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით, მესამე პირის მეშვეობით რეალიზაცია/პრივატიზება, ასევე ლიზინგის ფორმით გადაცემა არ განხორციელებულა.
სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც სააგენტომ უსასყიდლოდ გასცა:
[checklist]
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ გასულ წელს უსასყიდლოდ, თავისთვის დაიტოვა სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ავტომანქანა MERCEDES-BENZ SPRINTER, რომლის ღირებულება, სააგენტოს ინფორმაციით, იყო 23 000 ლარი;
მომსახურების სააგენტომ საქართველოს მთავარ პროკურატურას უსასყიდლოდ გადასცა სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული „TOYOTA LAND CRUISER PRADO“ [ღირებულებით – 53 000 ლარი] და „TOYOTA CAMRY“ [ღირებულებით – 23 000 ლარი];
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უსასყიდლოდ გადაეცა სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული „FORD TRANSIT“, ღირებულებით – 13 000 ლარი; ასევე „MERCEDES”-ი, ღირებულებით – 9 000 ლარი;
ჭიათურის მუნციპალიტეტის გამგეობას მუნიციპალიტეტის ქუჩების დასუფთავების მიზნით, უსასყიდლოდ გადაეცა სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული, ავტომანქანა “MERCEDES BENZ“, რომელიც 132 000 ლარად იყო შეფასებული;
„ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას“ სტუდენტების პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით, უსასყიდლოდ გადაეცა სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული გემი „ANTONI“, ღირებულება – 1 772 000 ლარი.
[/checklist]
ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ გასულ წელს სოფლის მეურნეობის სამინისტროს უსასყიდლოდ გადასცა საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ განსაკარგავად გადაცემული VOLKSWAGEN PHAETON-ი, ღირებულებით 17 000 ლარი; ხოლო განსაკარგავად გადაცემული ორი ავტომობილი GREAT WALL WINGLE-5 [ღირებულება 13 000 ლარი] და KIA RIO [12 000 ლარი], თავად სააგენტომ დაიტოვა.
სააგენტომ 2017 წელს, ჯამში, 2 750 846 ლარის ღირებულების მოძრავი ქონება გასცა უსასყიდლოდ, რაც სახელმწიფოს საკუთრებაში იყო მიქცეული. მათ შორის:
[checklist]
ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას მოსახლეობისთვის სასმელი წყლის მიწოდების მიზნით, უსასყიდლოდ გადაეცა ორი ცალი რეზერვუარი, საერთო ღირებულებით 4 400 ლარი;
248 291 ლარის სხვადასხვა სახის ქონება გადაეცა უსასყიდლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს;
6 676 ლარად შეფასებული პისტოლეტები, ავტომატი და ვაზნები გადაეცა გასულ წელს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს; ამავე სამსახურს გადაეცა ასევე კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატური ცეცხლსასროლი ხრახნლულიანი იარაღი – AKC-74У, ერთი მჭიდით; საერთო ღირებულება 12 850 ლარი;
სსიპ – სახელწიფო სამხედრო სამეცნიერო – ტექნიკურ ცენტრ „დელტა“-ს კი, სამსახურებრივი საჭიროებისათვის უსასყიდლოდ გადასცეს სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ბალისტიკური ტესტირების მოწყობილობა, ღირებულება – 90 000 ლარი.
საქართველოს საპატრიარქოს 2017 წელს უსასყიდლოდ გადაეცა სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული და 8 900 ლარის ღირებულების დახერხილი ხის მასალა; ასევე საპატრიარქოს ხობის ხარების დედათა მონასტერში მიმდინარე ფერმის მშენებლობისთვის, უსასყიდლოდ გადასცეს 15 397 ლარის დახერხილი ხის მასალა, ხოლო საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნებას“ უსასყიდლოდ გადასცეს სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ტელფერი, ღირებულებით – 350 ლარი. [სააგენტომ საქართველოს საპატრიარქოს უსასყიდლოდ გადასცა ასევე თავდაცვის სამინისტროს მიერ განსაკარგავად გადაცემული, 16 579 ლარის ღირებულების თითბერის ჯართი, რომელიც შედგებოდა სახვადასხვა კალიბრის გამოყენებული საბრძოლო მასალების გასროლილი თითბერის ჰილზებისგან].
15 000 ლარის ქონება, გადაეცა უსასყიდლოდ სამშვიდობო ინიციატივების ხელშემწყობი არსამთავრობო ორგანიზაცია „თოლია“-ს. სააგენტოს ინფორმაციით, სახელმწიფო ქონება ორგანიზაციას სოციალური მიზნებისთვის გადასცეს: „საქონელი შედგებოდა ექსპლუატაციაში ნამყოფი ქართული, რუსული და ინგლისურენოვანი წიგნებისაგან, კომპიუტერული ტექნიკისაგან, დაზიანების მქონე საოფისე ავეჯისაგან, სხვადასხვა სახელმძღვანელოს ქსერო ასლებისაგან, ექსპლუატაციაში ნამყოფი კაბებისაგან, პიპეტებისაგან, სინჯარებისა და კოლბებისაგან. წიგნების უმეტესობა იმყოფება მაკულატურულ მდგომარეობაში. აღნიშნული საქონელი განიცდის ფიზიკურ და ფუნქციონალურ ცვეთას“;
გარმანელი მხატვრის, პაულ ფრანკენის (1818-1884) ნახატი [„Orientalische Stadtansicht – Tiflis im Kaukasus“ – „ორიენტალისტური ქალაქის ხედი – თბილისი კავკასიაში”] უსასყიდლოდ გადაეცა საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმს-ხელოვნების სასახლეს. ნახატი 90 500 ლარად იყო შეფასებული.
3 მურა დათვი უსასყიდლოდ გადასცეს ზოოლოგიურ ცენტრს;
საქართველოს ეროვნულ მუზეუმს უსასყიდლოდ გადაეცა ინდური ხმალი „ტალვარი“, რუსული ხმალი „შაშკა“ და გერმანული დაშნა, საერთო ღირებულებით 6 800 ლარი.
[/checklist]
გასულ წელს სავაჭრო ობიექტების საშუალებით [სააგენტოს სპეციალურ მაღაზიებში] რეალიზებული იქნა 537 416 ლარის ღირებულების სხვადასხვა საქონელი. „ბათუმელები“ დაინტერესდა, ვინ შეიძინა სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონება, თუმცა ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოდან მოგვწერეს, რომ „სააგენტოში არ ინახება ინფორმაცია სავაჭრო ობიექტების მეშვეობით ქონების შემძენ პირთა შესახებ, რადგან სავაჭრო ობიექტებში ქონების პრივატიზებისას/ რეალიზაციისას, აღნიშნული ინფორმაციის აღრიცხვა არ ხორციელდება“.
სააგენტოსგან მოწოდებული ინფორმაცია სავაჭრო ობიექტების საშუალებით განკარგული ქონების შესახებ, მიღებული თანხის მითითებით:
[highlight color=”red”]სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონება -[/highlight]
„სახელმწიფოს საკუთრებაში მემკვიდრეობის გზით გადასული ქონება, სახელმწიფოს საკუთრებაში გადასული უპატრონო და უმკვიდრო ქონება, სახელმწიფოს საკუთრებაში ჩუქების გზით გადასული რეალიზაციას დაქვემდებარებული ქონება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულისა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევების შედეგად ჩამორთმეული და სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონება, საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საკონტროლო შესყიდვის შემდეგ დაუბრუნებელი საქონელი, საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევების შედეგად უსასყიდლოდ ჩამორთმეული და სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული საქონელი ან/და სატრანსპორტო საშუალება, საქართველოს საბაჟო კოდექსის შესაბამისად სახელმწიფოს საკუთრებაში გადაცემული საქონელი, სისხლის სამართლის საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებად მიჩნეული მოძრავი ნივთი და სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებული სხვა ქონება, რომელიც კანონის თანახმად ექვემდებარება სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცევას, სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული, სპეციალური ჭრების განხორციელების შედეგად მიღებული მერქნული რესურსი, ტყითმოსარგებლისათვის (მათ შორის, ლიცენზიატისათვის) ტყითსარგებლობის ვადის ამოწურვის ან შეწყვეტის შემდეგ სახელმწიფო ტყის ფონდიდან გამოუზიდავი მერქნული რესურსი, გამოყოფილ ტყეკაფამდე მისასვლელი სატყეო-სამეურნეო გზის მშენებლობისას მიღებული მერქნული რესურსი, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონება, საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონება [წყარო: საქართველოს კანონი სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების განკარგვის შესახებ]
მთავარი ფოტო: გაფორმების ეკონომიკური ზონა /ფოტო ბათუმელების არქივიდან
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, 3 ივნისს აჭარა ზაფხულის ფესტივალს უმასპინძლებს. „ზაფხული იწყება აქ“ – ამ სლოგანით ზაფხულის ტურისტული სეზონის ოფიციალური გახსნა ანბანის კოშკის მოპირდაპირედ, სანაპიროზე იგეგმება.
ამ დღეს სანაპიროს საზაფხულო დეკორაციებით მორთავენ.
დეპარტამენტის ინფორმაციით, დღის განმავლობაში სტუმრების განწყობაზე ქართველი და უცხოელი დიჯეები „Chiki“, ლაშა გურული, გაბუნია, bedford falls-ი, Groove Phoenix-ი, Vako T-ი იზრუნებენ.
საღამოს პროგრამა კი გაიხსნება საკარნავალე შოუთი, სადაც გერმანული საცეკვაო დასი „Friedrichstadt Ballett”-ი ლათინო-ამერიკულ და ბრაზილიურ ცეკვებს წარმოადგენს.
პლაჟზევე იფუნქციონირებს ღია კაფე-ბარები, სადაც სასმელების, ნაყინის, ხილის და კერძების შეკვეთა სპეციალურ ფასად იქნება შესაძლებელი.
ფესტივალის განმავლობაში დაგეგმილია ასევე 20-მდე სხვადასხვა აქტივობა, მათ შორის ფრანების შოუ, პლაჟის ფრენბურთი, დღის ფერადი ფოიერვერკი, სხვადასხვა გასართობი თამაში ბავშვებისთვის და ცეცხლოვანი შოუ. სტუმრებს სპორტულ-გასართობ ღონისძიებებში მონაწილეობა უფასოდ შეეძლებათ.
ქობულეთის ყოფილმა გამგებელმა, სულხან ევგენიძემ, დასაქმებასთან დაკავშირებული სასურველი წინადადება ბათუმის მერისგან, ლაშა კომახიძისგან მიიღო. ის ექვსი თვის განმავლობაში ელოდა მმართველი პარტიისგან ამ წინადადებას. გასულ კვირას კი მერიის ა(ა)იპ საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ხელმძღვანელად დანიშნეს.
2017 წლის ოქტომბრის არჩევნებიდან გასულ კვირამდე სულხან ევგენიძე უმუშევარი იყო. ის გამგებლობის პერიოდში ამტკიცებდა, რომ პროფესიონალ საჯარო მოხელეებს კერძო სექტორი იბირებს. რატომ არ დასაქმდა კერძო სექტორში და რატომ დააბრუნეს ის საჯარო სამსახურში? – „ბათუმელების“ კითხვებს სულხან ევგენიძე პასუხობს.
მე ვიყავი ქობულეთის გამგებელი და ის იყო სოფლის მეურნეობის მინისტრი, გვქონდა სამსახურებრივი ურთიერთობა.
ისევ საჯარო სექტორში დასაქმდით. მაინტერესებს, კერძო სექტორიდან თუ გქონდათ შემოთავაზება?
კი, ორი შემოთავაზება მქონდა, მაგრამ არ გეტყვით, რომელი კომპანიებიდან. რატომ არ გეტყვით და იმიტომ, ხომ მაქვს უფლება. ერთი შემოთავაზება თბილისიდან იყო და არ დავთანხმდი, რადგან თბილისში საცხოვრებლად ვერ გადავიდოდი, ჩემი ოჯახი აქ ცხოვრობს.
მე ვამბობდი სპეციალისტებზე, რომლებსაც დაბალი ანაზღაურება ჰქონდათ. ამის გამო წავიდა თანამშრომელი შესყიდვების სამსახურიდან [ქობულეთის გამგეობაში], წავიდა სხვაც. ამიტომაც ვამბობდი, რომ ან ხელფასი უნდა გაზრდილიყო, ან პრემიები უნდა მიგვეცა. ჩემზე არ მითქვამს.
ექვსთვიანი უმუშევრობის გამოცდილება დაგიგროვდათ. ახლაც ფიქრობთ, რომ საჯარო სექტორიდან კვალიფიციური კადრები გაედინება კერძო სექტორში და მათი შენარჩუნებისთვის ხელფასები უნდა გაიზარდოს?
დიახ. ვფიქრობ, რომ დაბალია ხელფასები, მაგალითად, ჩემს ახლანდელ სამსახურში სპეციალისტის ხელფასი ათასი ლარია, მაგრამ პასუხისმგებლობა იმდენად მაღალი აქვს, რომ მეტი უნდა ჰქონდეს, ამიტომაც სიამოვნებით გავუზრდიდი ხელფასს, რატომაც არა.
ახალ თანამდებობაზე თქვენ ხელფასი რამდენია?
არ გეტყვით. დიახ საიდუმლოა, თუ არ არის საიდუმლო, გამოითხოვეთ და გაიგეთ.
ბათუმის მერიის ა(ა)იპ საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ბიუჯეტი მილიონ 212 100 ლარია. გარდა ამისა, ამ სამსახურს მოუწევს, განკარგოს ბათუმის ბიუჯეტის ყველაზე დიდი რესურსი, რადგან ყველაზე მეტი სწორედ ამ მიმართულებით იხარჯება.
საპატიო მიზეზების ჩამონათვალში, რომლებსაც ინვესტორები აჭარის მთავრობასთან ნაკისრი ვალდებულებების ვერშესრულების მიზეზად ასახელებენ, ერთ-ერთი მეტად გამორჩეულია: შპს „სტატოტელმა“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს კვლევით დასაბუთებული პრეტენზია წაუყენა. კომპანია ამტკიცებს, რომ მისი დაკვეთით ჩატარებული კვლევის თანახმად, აჭარის მთავრობის მიერ „საპრივატიზებო პირობებით განსაზღვრული პროექტის საინვესტიციო უკუგების მაჩვენებლები საშუალო ინდუსტრიულ მაჩვენებლებთან შედარებით მნიშვნელოვნად დაბალია.“
„სტატოტელისთვის“ კვლევა, როგორც კომპანია წერს, საერთაშორისო ორგანიზაცია „ვერიტან ბრაუს კავკაზუსს“ ჩაუტარებია.
შპს „სტატოტელს“ მახინჯაურის დასახლებაში მდებარე შენობა და მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთი – ყოფილი პანსიონატ „მზიურისა“ და სანატორიუმ „მახინჯაურის“ ტერიტორიები, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ, პირდაპირი წესით და ინვესტიციის განხორციელების პირობით, 2016 წელს 3 მილიონ 900 000 ლარად გადასცა.
სახელმწიფოსთან აღებული ვალდებულებით, კომპანიას ხელშეკრულების გაფორმებიდან ექვს თვეში უნდა მოემზადებინა სარეაბილიტაციო გამაჯანსაღებელი დაწესებულების შენობის პროექტისა და არანაკლებ ასნომრიანი სასტუმრო-კომპლექსის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება. ხელშეკრულებიდან 12 თვის ვადაში უნდა მიეღო მშენებლობის ნებართვა, ხოლო არანაკლებ 14 თვეში უნდა დაეწყო მშენებლობა. საბოლოოდ კომპანიას სასტუმროსა და გამაჯანსაღებელი ცენტრის მშენებლობა და ექსპლუატაციაში შეყვანა ხელშეკრულების გაფორმებიდან სამ წელიწადსა და ხუთ თვეში უნდა მოეხერხებინა.
ინვესტორმა ვერც ნაკისრი ვალდებულება შეასრულა და ვერც საპრივატიზებო საფასური გადაიხადა. გარდა ამისა, აღიარა ისიც, რომ მთავრობასთან დადებული შეთანხმების შესასრულებლად ინვესტიციის მოზიდვას თავადაც მთავრობისგან გადაცემული ქონების იმედად გეგმავდა, რაშიც, როგორც კომპანიის დირექტორი წერს, კვლევის არასასურველმა შედეგმაც შეუშალა ხელი:
„ამ ფაქტმა საგრძნობლად გაართულა და დროში გადაავადა პროექტის განხორციელებისთვის საჭირო კერძო საინვესტიციო კაპიტალისა და სასესხო რესურსის მოზიდვის პროცედურები, რამაც გამოიწვია საინვესტიციო პირობებით განსაზღვრული ვადების დარღვევა“.
გარდა ამისა, ინვესტორმა შეატყობინა მთავრობას, რომ ამ ყველაფრის მიუხედავად „დიდი ძალისხმევა გასწია“ და ინვესტორის პოვნა „მოახერხა“, რომელთან პარტნიორობითაც დაგეგმილია საინვესტიციო პროექტის განხორციელება, ოღონდ იმ პირობით, რომ მთავრობამ კომპანიას ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა უნდა აპატიოს და პირგასამტეხლოს სახით დაკისრებული თანხა ჩამოაწეროს.
„MRMU INTERNATINAL“-ი მზად არის გახდეს „სტატოტელის“ პარტნიორი და უზრუნველყოს პროექტის სრულად დაფინანსება საპრივატიზებო ვალდებულების შესაბამისად იმ პირობით, თუ… სამინისტროს შპს „სტატოტელის“ პირგასამტეხლოსგან გაათავისუფლებს“, – ეს არის ამონარიდი კომპანიის მიერ სამინისტროსთვის გაგზავნილი წერილიდან.
კომპანია პროექტის შესასრულებლად ახალი ვადების დაწესებას და საპრივატიზებო საფასურის სახით განსაზღვრული თანხის დაფარვის გრაფიკის პირველი ტრანშის გადაწევასაც ითხოვს.
შეთანხმება შედგა, აჭარის მთავრობამ შპს „სტატოტელს“ პირგასამტეხლოს სახით დასაკისრებელი თანხა – 1 001 325 ლარი აპატია. ასევე გადაუვადა საპრივატიზებო თანხის გადახდის ვადები. შესაბამის განკარგულებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ 2017 წლის 6 დეკემბერს მოაწერა ხელი.
შპს „სტატოტელი“ 2013 წელს შპს „კაპიტალ ჰოლდინგმა“ დააფუძნა, კომპანიის დირექტორი ამ დრომდე გოჩა ჯაიანია. „კაპიტალ ჰოლდინგი“ კი ყაზახეთის მოქალაქეს ვერა ჯახუტაშვილს ეკუთვნის. კომპანიას გიორგი ჯახუტაშვილი ხელმძღვანელობს.
ახალი პარტნიორი კომპანია რომელმაც „სტატოტელის“ მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება უნდა უზრუნველყოს, კომპანია MRMU INTERNATIONAL -ია. ის საქართველოში არ არის რეგისტრირებული.
ყოფილი პანსიონატ „მზიურისა“ და სანატორიუმ „მახინჯაურის“ ტერიტორიები აჭარის მთავრობამ პირდაპირი მიყიდვის წესით გაასხვისა კომპანიაზე, რომლის მფლობელი კომპანიაც „საპარტნიორო ფონდის“ პარტნიორია. თავის დროზე 1 ლარად გაყიდული „აჭარის კურორტების“ ქონების ნაწილი, სადაც ათი წლის წინ „ყაზახური ინვესტიცია“ უნდა განხორციელებულიყო, სახელმწიფომ „სილქ როუდ ჯგუფისგან“ მიმდინარე წლის აპრილში დაიბრუნა. მათ შორის ყოფილი „მზიური“ და „მახინჯაური“.
„მზიურის“ ტერიტორია ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ აუქციონზე 3 მილიონ ლარად ორჯერ გაიტანა. აუქციონის პირობების მიხედვით, მხოლოდ „მზიურის“ ტერიტორია იყიდებოდა, სადაც შემსყიდველს დამატებით 38 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა. ქონება არ გაიყიდა.
„სტატოტელს“ ორივე ტერიტორია გაცილებით უკეთესი პირობებით – 3 მილიონ 900 000 ლარად გადასცეს 10 მილიონი დოლარის ინვესტიციის პირობით.
თურქეთში ჩაის კრეფის სეზონი სრულდება, საქართველოში ლირას კურსი ლართან მიმართებაში ეცემა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსით ერთი თურქული ლირა დღეს, 22 მაისს, 0,53 ლარი ღირს. ლირა ლართან მიმართებაში ბოლო ორი კვირაა უფასურდება.
ეროვნული ბანკისგან განსხვავებული კურსია სავალუტო ჯიხურებში, სადაც ერთი თურქული ლირა 0,50-დან 0,53 ლარამდე ღირს.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, პირველ მაისს ერთი თურქული ლირა 0,60 ლარი ღირდა. 21 დღეში ლირა ლართან მიმართებაში 7 თეთრით გაუფასურდა.
ლირა უფასურდება ევროსთან და დოლართან მიმართებითაც.
ლირას გაუფასურება აუცილებლად ტვირთად დააწვება თურქეთში სეზონურ სამუშაოზე წასულ მუშახელს, რადგან ისინი ანაზღაურებას ლირაში იღებენ. ჩაის კრეფის პირველი ეტაპი სწორედ ამ დღეებში, სავარაუდოდ 25 მაისს მთავრდება.
ქურდობის მაჩვენებელი იზრდება, მცირდება – დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი. ბოლო მონაცემებით, 2017 წელთან შედარებით ქურდობის შემთხვევები 65 პროცენტით გაიზარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ „ბათუმელებისთვის“ მოწოდებული საჯარო ინფორმაციით, წელს აჭარაში, პირველ სამ თვეში, ქურდობის მაჩვენებელი სამჯერ გაიზარდა.
რა უწყობს ხელს ქურდობის ფაქტების ზრდას და რა ჩანს ჩინოვნიკების კომენტარებიდან, როცა ისინი კრიმინალის გაზრდილ მაჩვენებელზე საუბრობენ? – „ბათუმელები“ „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერს, იურისტ თამარ კორძაიას ესაუბრა.
ქალბატონო თამარ, რისი მაჩვენებელია თქვენთვის ქურდობის გაზრდილი სტატისტიკა. 2017 წლის პირველ სამ თვეში ქვეყანაში 2775 ქურდობის შემთხვევა დაფიქსირდა, 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში კი – 4596.
საგანგაშოა ეს მაჩვენებელი. ფაქტია, რომ თბილისში განსაკუთრებით ე.წ. ჯიბის ქურდები ძალიან გააქტიურდნენ. სამწუხაროა, რომ ხელისუფლებას არ აქვს პრევენციული ღონისძიებები. როცა პრევენციაზე ვსაუბრობ, არ მინდა, დღევანდელი ხელისუფლება ნულოვან ტოლერანტობაზე გადავიდეს წინა ხელისუფლების მსგავსად. ეს არ არის გამოსავალი. ჩვენ ვნახეთ, როგორ დამარცხდა მსგავსი პოლიტიკა.
მნიშვნელოვანი არის ის, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა პრევენციულ ღონისძიებებს მიმართონ და არა ის, რომ ადამიანები დავიჭიროთ და ციხეში გავუშვათ. ფაქტია ის, რომ პრევენცია არ არსებობს, ხელისუფლება საშუალებას, ანუ გზებს ვერ უკეტავს კრიმინალს. წინა ხელისუფლების დროს რაც კარგი იყო, ნულოვანი ტოლერანტობისგან განსხვავებით, იყო ის, რომ გადაკეტეს, მაგალითად, მოპარული მობილური ტელეფონების გასაღების საშუალება. ქურდებმა დაკარგეს ინტერესი, რომ მოეპარათ ტელეფონი. ასევე გადაიკეტა გზა ავტომანქანების გასაღების. სინამდვილეში ნულოვანი ტოლერანტობა კი არ გახდა დანაშაულის აღმოფხვრის მიზეზი, არამედ პრევენციული ღონისძიებები…
ვფიქრობ, ხელისუფლებას სწორედ ეს პრევენციული ღონისძიებები აქვს გასაძლიერებელი და მხოლოდ სეზონურად ქვეითი პატრულის გამოყვანა, რომ ადამიანების უსაფრთხოება იყოს დაცული, არ არის საკმარისი.
ხელისუფლება არ ზღუდავს მათ [ქურდებს], ისინი თავისუფლად გრძნობენ თავს და ხედავენ საშუალებას, რომ შესაძლოა დანაშაული ჩაიდინონ. არ ვიტყვი იმას, რომ სასჯელი უნდა გამკაცრდეს, რომ შეეშინდეთ, არ მჯერა ამის, ამას არ მოაქვს პოზიტიური შედეგი. მე მჯერა, რომ ნორმალურ სახელმწიფოში პრევენცია არის საუკეთესო გზა დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისთვის.
ვფიქრობ, აქ მნიშვნელოვანია სოციალური ფონიც.
რა ჩანს შინაგან საქმეთა მინისტრის საჯარო განცხადებებიდან, როცა იგი კრიმინალის გაზრდილ მაჩვენებელზე საუბრობს?
მახსოვს, ერთხელ ირაკლი ოქრუაშვილმა თქვა [ყოფილი მთავარი პროკურორი], მე ისეთი პროკურორი უნდა ვიყო, რომ 37 წელი დადგესო. შინაგან საქმეთა მინისტრი დღეს ამას არ ამბობს. როცა ის ლაპარაკობს, გამართულად საუბრობს, მაგრამ მის უკან იგრძნობა სწორედ ეს ტენდენცია, მას უნდა, რომ დააბრუნოს პოლიციური რეჟიმი. მას შეუძლია ერთ დღეს მოატყუოს მომიტინგეები ბოდიშის მოხდით და მეორე დღეს თქვას, რომ 100 პროცენტით მართალი იყო პოლიცია და მადლობა გადაუხადოს პოლიციელებს. შინაგან საქმეთა მინისტრის გამოსვლები არ არის თანმიმდევრული.
შინაგან საქმეთა მინისტრი აქცენტს აკეთებს ადამიანის უფლებებზე. „ადამიანის უფლებების დაცვის გარეშე კრიმინალთან ბრძოლის ფასი არის ნული და ვერანაირი შედეგები და წარმატებები ჩვენთვის დამაკმაყოფილებელი ვერ იქნება,“ – განცხადა გიორგი გახარიამ 18 მაისს, პარლამენტში გამოსვლის დროს.
ეს არის ორმაგი სტანდარტი, რომლის უკან არ დგას გულწრფელი ზრახვები. მის უკან დგას სურვილი, რომ მეტი წესრიგი იყოს და თავისუფლება. თავისუფალი საზოგადოებისთვის კი ჯერ მეტი თავისუფლებაა და მერეა წესრიგი.
რადგან ხელისუფლების მხრიდან პოლიციურ რეჟიმის სურვილზე საუბრობთ, გაქვთ მოლოდინი, რომ რადიკალურ ზომებს მიიღებს ხელისუფლება კრიმინალის წინააღმდეგ საბრძოლველად?
ყველა ხელისუფლება, რომელიც მოდის მეორე ვადით, იწყებს კანონების გამკაცრებას. ყველა ინიციატივა, რომელიც ახლა შედის სისხლის სამართლის კოდექსში, მიმართულია ადამიანის უფლებების წინააღმდეგ. ცვლილებები ეხება სასჯელის, კონტროლის გამკაცრებას, სრული აბსურდი ვნახეთ შემოქმედებით თავისუფლებასთან დაკავშირებით. ყველა ინიციატივა უფლებების დაცვას კი არ უწყობს ხელს, არამედ – კონტროლის გაძლიერებას. ეს უკვე ძალიან საგანგაშო ტენდენციაა, რომელსაცხელისუფლება ავლენს.
შინაგან საქმეთა მინისტრი საუბრობს პოლიციის ნდობის აღდგენაზე. „ნდობის მაღალი ხარისხის გარეშე ეფექტიანი ბრძოლა კრიმინალთან ვერ იქნება შესაძლებელი,“ – ამბობს ის.
ასეთი გამოსვლებით ის ვერ აღადგენს ნდობას ვერც პოლიციის და ვერც ხელისუფლების მიმართ, როცა მას არ აქვს პასუხი ზვიად რატიანის დაკავებაზე და იზიარებს იმ ვერსიებს, რაც გავრცელდა, როცა მას არ აქვს მკაფიო და ნათელი პასუხი ზურაბ ჯაფარიძის დაკავებაზე, როცა ხისტად აწვება, რომ თვითონ იყო მართალი…
დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი შემცირებულია. მაგალითად, თუკი გასულ წლის პირველ სამ თვეში სამართალდამცველებმა ქურდობის შემთხვევებიდან 41 პროცენტი გახსნეს, წელს ეს მაჩვენებელი 28-პროცენტამდე შემცირდა. შს მინისტრი საუბრობს გამოძიებაზე, რომელიც უფლებების დაცვის მაღალ სტანდარტზეა ორიენტირებული.
არცერთ ადამიანს არ აინტერესებს, რა სტანდარტებს იყენებს პოლიცია. ადამიანებს უნდათ, რომ უფლებები იყოს დაცული და კრიმინალი იქნეს გამოძიებული. დეტალები მოქალაქეებს არ აინტერესებთ. მოქალაქეს აინტერესებს, რომ მის თავისუფალ სივრცეში არ შეიჭრას სახელმწიფო და თუ ის შეიჭრება, მისი უფლებები თვითონ სახელმწიფომ არ დაარღვიოს, როცა აკავებენ პირს, მიჰყავთ დაკითხვაზე და ასე შემდეგ.
გარდა ამისა, სახელმწიფომ ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტით უნდა გამოიძიოს ჩადენილი დანაშაული. თუ კრიმინალმა იმატა და გახსნის მაჩვენებელი ნაკლებია, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ მაღალი სტანდარტით მუშაობს ხელისუფლება, ეს ნიშნავს, რომ არაეფექტიანია გამოძიება. ხელისუფლება ეფექტურია, როცა ის იცავს ადამიანის უფლებებს და პარალელურად შეუძლია უსაფრთხოების დაცვა.
მოლოდინი როგორი უნდა ჰქონდეს საზოგადოებას და თქვენ რა მოლოდინი გაქვთ?
თუ გაიზრდება კრიმინალის მაჩვენებელი ისევ, ხელისუფლება დაუშვებს შეცდომას და მიიღებს რადიკალურ ზომებს. ეს იქნება ძალიან სამწუხარო, მაგრამ მგონია, რომ ეს ასე იქნება. მინდა, რომ პრევენციულ ღონისძიებებზე მეტი ძალისხმევა გაიღოს ხელისუფლებამ. სამართალდამცველებმა უნდა შეისწავლონ საერთაშორისო პრაქტიკა. უტოპიურ მიზნებს არ ვუსახავ ხელისუფლებას. საფრანგეთშიც როცა ჩადიხარ, გაფრთხილებენ, რომ მეტროში ფრთხილად უნდა იყო, რომ შესაძლოა კრიმინალის მსხვერპლი გახდე კონკრეტულ უბნებში, მაგრამ ყველა ხელისუფლება ცდილობს ახალი მეთოდების გამოყენებას იმისთვის, რომ კრიმინალი შეიზღუდოს.
აზიური ფაროსანას გავრცელების ძირითადი არეალი აჭარაში ქობულეთის მუნიციპალიტეტის ის სოფლებია, რომლებიც ახლოს არის გურია-აჭარის ადმინისტრაციულ საზღვართან. გავრცელების კერებია ასევე ქალაქ ბათუმს შემოერთებული ტერიტორიები, აეროპორტის დასახლება და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი. ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბში ამბობენ, რომ მავნებელი, რომელთან ბრძოლაც აჭარის ტერიტორიაზე დაწყებულია, დაახლოებით ერთ კვირაში გამოჩნდება ქედის მუნიციპალიტეტის სოფლებშიც.
შეწამვლის ღონისძიებები რეგიონში მთელი ზაფხულის განმავლობაში გაგრძელდება. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში კერძო ნაკვეთების შეწამვლა არ იგეგმება. ფერმერმა აჭარაში საკუთარ ნაკვეთს თავად უნდა მიხედონ – თუმცა მათ შესაწამლი პრეპარატებით მუნიციპალიტეტები უზრუნველყოფს.
„აჭარაში მიდგომა გვაქვს ოდნავ განსახვავებული, ვიდრე სხვა რეგიონებში. ჩვენთან მუნიციპალიტეტების მიხედვით გადანაწილებულია პრეპარატები, ამასთან სამინისტრო თანადაფინანსებით არიგებს შესასხურებელ აპარატებს. ვმუშაობთ იმ კუთხით, რომ ეს აპარატები გამოყენებული იქნას ფაროსანას საწინააღმდეგოდ – ფერმერებს მივაწვდით საკმარისი რაოდენობით პრეპარატებს, რაც მუნიციპალიტეტებზეა გადაცემული, იმ პირობით, რომ ფართობები აუცილებლად დაიწამლება. გვაქვს კონსულტაციები თითოეული სოფლის დონეზე და წამლობას ივნისიდან დავიწყებთ“ – განაცხადა „ბათუმელებთან“ აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგრარული განვითარების დეპარტამენტის უფროსმა მამუკა თურმანიძემ. მუნიციპალიტეტებში ასევე აცხადებენ, რომ ფაროსანასთან საბრძოლველად ფერმერებს მაქსიმალურად დაეხმარებიან.
სახელმწიფოს მიერ გასულ წელს მოსახლეობისთვის დარიგებული ბიფეტრინის შემცველი ქიმიური საშუალებები აბსოლუტურ უმრავლესობას არ გამოუყენებია. მოსახლეობის ჯგუფები დღემდე ფიქრობენ, რომ ამ შხამქიმიკატის გამოყენება საშიშია – ადამიანებისთვის, პირუტყვისთვის და ფუტკრისთვის.
ქობულეთის სოფელ კონდიდში მცხოვრები მალხაზ კენჭაძე ამბობს, რომ შხამქიმიკატი, ზოგადად, ყველა საშიშია, თუ არ იქნება დაცული უსაფრთხოების წესები: „შესაბამისი წესების დაცვა კი ყველა პრეპარატს სჭირდება, რადგან ყველა არის შხამი – პირველი, მეორე, მესამე კლასის შხამი. ამიტომ, შეწამლვის დროს ვიყენებ გაუმტარი დამცავ ტანსაცმელს, ხელთათმანებს, პირბადეს და სათვალესაც ვიკეთებ აუცილებლად“.
ფაროსანას საწინააღმდეგო პრეპარატი, გასულ წელს მალხაზ კენჭაძემაც აიღო. მან პრეპარატი წელს გამოიყენა.
„შარშან ცოტა დაგვიანებული იყო შეწამლვა, ამიტომ პრეპარატი წელს გამოვიყენე. 20 დღის წინ შევწამლე თხილი სოკოვანი დაავადების, ტკიპისა და სიდამპლის საწინააღმდეგო პრეპარატებით და მასში გავურიე ფაროსასანას საწინააღმდეგო პრეპარატიც, ანუ კომბინირებული ხსნარით შევწამლე. ახლა ციტრუსის დამუშავებას დავიწყებთ ფუნგიციდით. ფაროსანას საწინააღმდეგო შხამქიმიკატს ამჯერადაც გავურევთ ფუნგიციდში და შევწამლავთ, არ აქვს ხალხს საშუალება 5-6-ჯერ ჩაატაროს წამლობა, შეიძლება ამ ქიმიკატების კომბინირება“, – ამბობს მალხაზ კენჭაძე. – „ჩემი აზრით, ფაროსანას წინააღმდეგ წამლობა უმჯობესია, როცა კვერცხებს დაყრის და დაიწყება მატლების გამოსვლა, აი მაშინ იქნება შეწამვლვა ეფექტური – ივნისის დასაწყისიდან, უფრო კი შუა რიცხვებიდან. ზუსტად როდის დებს კვერცხს და გამოდიან მატლები, რა პერიოდში ფრთიანდებიან, ამაზე უნდა იმუშაოს ინსტიტუტებმა, დაადგინონ და კონკრეტული რჩევა მისცენ ხალხს“.
მალხაზ კენჭაძე ამბობს, რომ მასობრივად შეწამვლვას ყველა ერიდება, ვინაიდან ციტრუსის ყვავილობა არ დასრულებულა: „შხამი ყვავილს არ უნდა მოხვდეს და ამასთან, მეფუტკრეებიც დავზარალდებით. ციტრუსის ყვავილობა ამ თვის ბოლოს დასრულდება და დაიწყება შეწამლვები. მე სპეციალური ტექნიკა მაქვს. ახლა შესასხურებელი აპარატები რომ დარიგდა, ბევრი თავისი ძალებით აპირებს შეწამლვას, თუმცა ფაროსანაზე ჯერ არა. ის ახლა დაფრინავს. აქ რომ შევწამლოთ აფრინდება და სხვა ბაღში ან ტყეში გადავა, იქ გამრავლდება და უკან გადმოფრინდება. ამიტომ, უმჯობესია როცა მატლები დაიჩეკება მაშინ დაიწამლოს. სახელმწიფოს მხრიდან დახმარებაც უნდა მოხდეს მაგ დროს.“
ქობულეთი, სოფელი ალამბარი
სულიკო ნიჟარაძე, რომელიც ქობულეთის სოფელ ალამბარში ცხოვრობს, ყვება, რომ გასულ წელს ფაროსანას საწინააღმდეგო პრეპარატი არ აუღია, თუმცა წამლობა ახლობლის მიერ თურქეთიდან გამოგზავნილი პრეპარატით ჩაატარა. კონკრეტულად რა პრეპარატი იყო არ იცის. ამბობს, რომ შედეგი ჰქონდა: „შარშან თხილის მოსავალი სოფელში თითქმის ყველას გაუფუჭდა. მე კი 2 ტონა თხილი მოვკრიფე და მაქსიმუმ ხუთი კილო იქნებოდა გაფუჭებული. კარგი შედეგი ქონდა იმ თურქულ წამალს, მანდარინის მოსავალიც კარგი იყო ჩემთან, სხვა ხილიც. მაგრამ ახლა რასაც დაგვირიგებენ, რა იქნება ვერ გეტყვით“.
სულიკო ნიჟარაძე: „ამჯერად ეზოს „B 58“-ით ვწამლავ, სახლში კი ხელით ვიჭერთ ფაროსანას. პრეპარატი თუ დაგვირიგდება, ჯერ არ გამიგია და ვაპირებ შევხდე მერის რწმუნებულს სოფელში და გავიგო დეტალები. ისე, ახლო-მახლო სოფელში ბაღები ჯერ არავის შეუწამლია ფაროსანაზე. პრეპარატი რომც არ დაარიგონ, მე საკუთარი ძალებით აუცილებლად უნდა შევწამლო“.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერი, მირიან ქათამაძე აცხადებს, რომ მერია აქტიურად თანამშრომლობს საკოორდინაციო შტაბთან: „მერიაში გამოყოფილი გვყავს პირი, რომელიც შტაბთან კოორდინაციაზეა პასუხისმგებელი. მერის წარმომადგენლები კი მთლიანად არიან ჩართული შეწამვლის პროცესში, რომელიც დილით ადრე, ან გვიან ღამით ტარდება. აფრთხილებენ წინასწარ მოსახლეობას – ჩაკეტონ ფანჯრები, ჩამოხსნან სარეცხი, ჩაკეტონ ან გადაიყვანონ ფუტკრის ოჯახები.“
მერის თქმით, მავნებლის გავრცელების ინტენსიურობის დასადგენად მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 500 ადგილზე დამონტაჟებულია ფერომენები, ტარდება ყოველდღიური მონიტორინგი, გარკვეულ სოფლებში შტაბმა უკვე ჩაატარა შეწამვლითი ღონისძიებები.
„მთავრობის მიერ, ცალკე ქობულეთისთვის დამატებით გამოყოფილია ასევე 7200 ლიტრი შესაწამლი საშუალება. ქობულეთის თითქმის ყველა სოფელში, თანადაფინანსებით, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დაარიგა და აგრძელებს დარიგებას შესასხურებელი მობილური აპარატების, რომლებსაც ფერმერები, ალბათ, ფაროსანას საწინააღმდეგოდაც გამოიყენებენ ინსტრუქტაჟის დაცვით. მავნებელს სრულად ვერ დავამარცხებთ, თუმცა მზად ვართ ვებრძოლოთ და მაქსიმალურად შემცირდეს ზიანი ფერმერებისთვის“, – ამბობს მირიან ქთამაძე.
ქობულეთის მერი ფერმერებისთვის შხამქიმიკატების დარიგების და მათ მიერ მისი დანიშნულებისამებრ გამოყენების მონიტორინგის მომხრეა, თუნდაც იმის გათვალისწინებით, რომ გასულ წელს მოსახლეობამ შხამქიმიკატები არ გამოიყენა: „შესაძლოა დაფიქსირდეს გადაცემის აქტში, რომ მიმღები მას გამოიყენებს დანიშნულებისამებრ. აქაც მუნიციპალიტეტი აიღებს კონტროლის ფუნქციას, მე ჩემს წარმომადგენლებს დავავალებ, რომ ჩაინიშნონ ბენეფიციარები და ასევე ის, მოხდება თუ არა მათ მიერ პრეპარატის გამოყენება“.
მერი ფიქრობს, რომ თუ სადმე საგანგაშო სიტუაცია შეიქმნა, შტაბი სასწრაფოდ მოახდენს რეაგირებას, მიუხედავად იმისა, ეს იქნება სახელმწიფო, თუ კერძო ტერიტორიები.
აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი, ავთანდილ მესხიძე აცხადებს, რომ ფერმერები საჭიროების შემთხვევაში უნდა გაერთიანდნენ და ტექნიკა დაიქირაონ შპს „მექანიზატორისგან“. „ერთი ფერმერისთვის სოფელში ტექნიკა ცალკე ვერ ავა. თუ გაერთიანდებიან, საწვავის თანხის – 10-20 ლარის გადახდა მოუწევს თითოეულს“, – ამბობს მინისტრი.
გასულ წელს „მექანიზატორთან“ ხელშეკრულება მუნიციპალიტეტების გამგეობებს ჰქონდათ გაფორმებული და საჭიროებისამებრ ხდებოდა ტექნიკის მობილიზება და წამლობის ჩატარება.
მირიან ქათამაძე ამბობს, რომ ქობულეთის მერიას ასეთი ხელშეკრულება წელს ჯერ გაფორმებული არ აქვს: „წელს არის ეს შესაწამლი მობილური აპარატები, რომლითაც შესაძლებელია ოთხმა-ხუთმა ოჯახმა ისარგებლოს. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ კი გავრცელების ინტენსივობა მაღალ ხარისხს მიაღწევს და საჭიროება დარჩება, ადგილობრივი მთავრობა ამაზეც იქნება მზად, რომ დაეხმაროს ფერმერებს – ამ ეტაპზე ამის საჭიროება არ არის. თუ აუცილებელი დარჩა, ფერმერები ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფილნი იქნებიან და დამატებითი რესურსიც ჩაიდება“.
„მექანიზატორის“ ჩაქვის სერვის-ცენტრის ხელმძღვანელის, ზურაბ ბერიძის განცხადებით, გასულ წელს, ძირითადად, ქობულეთისა და ხელვაჩაურის გამგეობებს ჰქონდათ მათთან გაფორმებული ხელშეკრულება: „მიზნობრივად დავდიოდით – იყო დისლოკაციის ადგილები, გადანაწილებული გვყავდა ტექნიკა და ვწამლავდით. პრეპარატები კი მოსახლეობაში იყო გადანაწილებული. წელს ჯერ მუნიციპალიტეტებს არ შემოუთავაზებიათ ხელშეკრულების გაფორმება. ჩვენ მობილიზებული გვყავს 20 ტრაქტორი, თავისი შემასხურებლებით და სადაც იქნება მოთხოვნა, იქ მივიყვანთ ტექნიკას. მომსახურება, ბუნებრივია, იქნება ფასიანი. წამლობის ჩასატარებლად საჭიროა მუშახელი. ხელფასის გარეშე დღეს არავინ იმუშავებს“.
ზურაბ ბერიძის თქმით, 100 ლიტრი საწამლავის შესხურებისთვის ჩაქვიდან გადაყვანა ტრაქტორის, დავუშვათ ქედაში, რთულია. რეზერვუარი ამ ტრაქტორებს აქვს ერთტონიანი და ეს რეზერვუარი ერთ გასვლაზე უნდა გაიხარჯოს, რაც 2 ჰექტარს ყოფნის შესაწამლად, თუ ფართობში თხილი და ციტრუსია. თუ ერთწლიანი კულტურებია, ერთი ტონა ხსნარი 3 ჰექტარ ფართობსაც შეწამლავს.
რაც შეეხება ფასებს, „მექანიზატორში“ აცხადებენ, რომ საწვავის ხარჯი რომ დათვალონ, გააჩნია რომელი ტრაქტორი იქნება მოთხოვნადი, რა მანძილი იქნება გასავლელი; ამასთან, წყალი ჩაქვში უნდა აიღონ თუ ადგილზე, სადაც წამლობა უნდა ჩატარდეს.
„ამიტომ, თუ იქნება საჭირო, ეს მუნიციპალიტეტის მერიამ უნდა მოითხოვოს, ან მოსახლეობამ ერთობლივად, რომ მე ტექნიკა გადავიყვანო მუნიციპალიტეტებში ადგილზე და იქედან მოვახდინო მათი გადანაწილება. თორემ, ერთმა მოქალაქემ რომ დაგვირეკოს, ვთქვათ, მახუნცეთიდან და გვითხრას 200 ლიტრი საწამლავის შესხურება უნდა, ეს ძალიან რთულია. ის მოქალაქე უნდა მოვიდეს ჩაქვში, გამოიწეროს ტრაქტორის მომსახურება, გადაიხადოს შესაბამისი თანხა და ეს იქნება მისთვის დიდ ხარჯებთან დაკავშირებული. ამასთან, თავად უნდა მოვიდეს, მე ტელეფონით ვერ მივიღებ დაკვეთას. თანხის გადაუხდელად ვერც ტრაქტორს გავგზავნი. ვფიქრობ, ამ საკითხში უნდა ჩაერთონ შესაბამისი მუნიციპალიტის მერიები“, – ამბობს ზურაბ ბერიძე.
ფაროსანასთან ბრძოლის რეგიონალური შტაბი ჩაქვში შპს „მექანიზატორის“ ტერიტორიაზე მიმდინარე წლის აპრილში გაიხსნა. შტაბის ხელმძღვანელის, გიორგი მახარაძის ინფორმაციით, აჭარის მასშტაბით 2000 ფერომენი განთავსდა, მიმდინარეობს მონიტორინგი და პარალელურად წამლობა – საჭიროებისამებრ.
შტაბს 6 მანქანა აქვს სპეციალური შესასხურებელი აგრეგატებით. აქედან სამი თერმული ნისლის აგრეგატით, ხოლო დანარჩენი სამი – ცივი შესხურების აგრეგატით.
წამლობა თერმული ნისლის აგრეგატით აჭარაში / ფაროსანასთან ბრძოლის შტაბის ფოტო
„თერმული ნისლის აგრეგატით მოსახლეობაში, სოფლებში გავდივართ, ვინაიდან ამ მეთოდით შეწამლვა ნაკლებტოქსიკურია და ფუტკრისთვის სრულიად უსაფრთხოა, თუმცა შეწამვლის წინ მაინც ვაკეტინებთ სკებს. შხამქიმიკატი 1,5 საათში ფაქტობრივად განეიტრალებულია. წამლობას დილის 5-6 საათზე ვიწყებთ რომ 10 საათამდე დავასრულოთ, ხოლო საღამოს 9 საათიდან. რწმუნებულები წინასწარ აფრთხილებენ მოსახლეობას დაგეგმილი ღონისძიების შესახებ.
რაც შეეხება ცივი შესხურების აგრეგატს, მას სოფლის განაპირა ადგილებში ვიყენებთ. ტყისა და სოფლის საზღვარზე, ხეებზე ყოველ 80 მეტრში, დამონტაჟებულია იმაზე უფრო მძლავრი ფერომენები ვიდრე მოსახლეობაშია. ამ ფერომენებით ფაროსანას ტყიდანაც ვიტყუებთ და სოფლიდანაც და კვირაში ერთხელ ვწამლავთ. მაგალითად სოფელ ზედა ჯოჭოში 100%-იანი შედეგი გვაქვს. თუმცა უშუალოდ სოფელში მოსახლებამ, უფრო კი მეფუტკრეებმა არ შეგვიშვეს და გაუქმდა წამლობა“, – ამბობს გიორგი მახარაძე.
მისივე თქმით, აჭარის მეფუტკრეებთან სპეციალური შეხვედრა ჩაატარეს და მიაწოდეს ინფორმაცია, რომ გამოყენების წესების მაქსიმალურად დაცვით წამლობა ფუტკრისთვისაც უსაფრთხოა.
შტაბში ამბობენ, რომ შეწამლვითი ღონისძიებები შემოდგომამდე გაგრძელდება და თუ საჭირო იქნება ერთ სოფელში ტექნიკა რამდენჯერმე შევა.
„მოსახლეობა მაქსიმალურად უნდა დაუდგეს სახელმწიფოს გვერდით. სახელმწიფო ვერაფერს გახდება, თუ მოსახლეობამ საკუთარ კარმიდამოში თავისი წილი არ შეიტანა, თავისი როლი არ ითამაშა ფაროსანასთან ბრძოლაში“, – აცხადებს გიორგი მახარაძე. მისივე თქმით, ამის აუცილებლობა არ დგას, თორემ თუ საჭიროება მოითხოვს, ცენტრალური შტაბიდან 2 ვერტმფრენის გამოძახება და ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართვაც შესაძლებელია.
ჯაბა სტამბოლიშვილი, ქობულეთის მერის წარმომადგენელი სოფელ ლეღვაში: „ჩემთან სოფელში როცა მოვიდა შტაბის ტექნიკა, არცერთი ჩიხი არ დამიტოვებია, ყველგან გავატარე მანქანა – ხეობები, ჩიხები, შესასვლელები სადაც იყო საშუალება რომ მანქანამ იმოძრაოს, ყველგან გაიარა. ერთი ადგილიდან რომ ასხურებს 250 მეტრზე მიდის კვამლი ნისლივით, დიდ ფართობებს ფარავს. სოფელში ნაკვეთები ყველა კერძოა და ამ გზით მთელი სოფლის მიწები შეიწამლა. კიდევ გვპირდებიან რომ 20-25 დღეში გაიმეორებენ“.
ლეღვასა და მიმდებარე დასახლებებში გასული წლის სექტემბერში დარიგდა ბიფენტრინის ჯგუფის შხამქიმიკატები მოსახლეობაში, თუმცა, როგორც დანარჩენ სოფლებში, ის უმეტესობას არც აქ გამოუყენებია. „ფაქტობრივად არ იყო და არც გამოიყენა, მაგრამ წელს აუცილებლად გამოიყენებენ. მხოლოდ იმან დაწამლა, ვინც უფრო აქტიურია. მე პირადად დავწამლე შარშან დარიგებული პრეპარატით. შტაბის მიერ შესხურებით წამლობასაც, როგორც ვხედავთ აქვს ეფექტი“ – ამბობს ჯაბა სტამბოლიშვილი.
ქობულეთის სოფელი ქაქუთი. ცივი შესხურების აგრეგატით შეწამლული ხე და მკვდარი ფაროსანები / ფაროსანასთან ბრძოლის შტაბის ფოტო
ფაროსანას გავრცელების კერების აღმოჩენის შემთხვევაში, აჭარის მოსახლეობას შეუძლია დარეკოს საკოორდინაციო შტაბის ცხელ ხაზზე: 595 10 23 97 ან დაუკავშირდნენ შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლებს.
რამდენიმე რჩევა ფერმერებს
სურსათის ეროვნული სააგენტოს დირექტორის მოადგილის, ზურაბ ლიპარტიას განცხადებით „ბიფეტრინის ჯგუფის პრეპარატებს საქართველოში 2010 წლიდან იყენებენ. არავითარი განსაკუთრებული მიდგომა არ სჭირდება. სჭირდება მხოლოდ პირადი ჰიგიენის წესების და უსაფრთხოების დაცვა. იქნება ეს პირბადე, გრძელმკლავებიანი პერანგი, სათვალე და ქუდი, კანი რომ იყოს დაცული.
საქართველოს პირობებში აზიურ ფაროსანას აქვს გამრავლების ორი ციკლი. ერთი ციკლი გამოზამთრებიდან ახალი თაობის მოცემამდე და შემდეგ ის თაობა ახალ თაობას იძლევა.
ორი პიკი გვაქვს. მაისი-ივნისი და ივლისი-აგვისტო. მაისი-ივნისის თვეში ხდება პირველი წამლობა. მეორე პიკის დროს ყველა თაობის, ყველა ასაკის მწერი შეიძლება შეგვხვდეს. მეორე წამლობისას უნდა გავითვალისწინოთ ლოდინის პერიოდი, ანუ ბოლო წამლობიდან მოსავლის აღებამდე პერიოდი. ეს იცის ყველამ. მეორე წამლობის დროს არამარტო ბიფეტრინის ჯგუფის პრეპარატები შეიძლება გამოვიყენოთ, არამედ ნებისმიერი სხვა ინსექტიციდები – ეს იქნება კარატე, დეცისი თუ ასე შემდეგ. ყველა პრეპარატის ეტიკეტზე, ტარაზე დატანილია ლოდინის პერიოდი. ბოლო წამლობიდან მოსავლის აღებამდე თუ აწერია 20 დღე, ბოლო წამლობიდან უნდა გავიდეს 20 დღე, რომ დაიშალოს და არ მოხდეს ნაშთი პროდუქციაში.
მავნებელთან ბრძოლის ბოლო ფაზა არის ოქტომბერში – ისევ ეზოებში უნდა ჩავატაროთ ღონისძიება. შემდეგ, როცა შევა სახლებში, ზამთარში მექანიკურად უნდა გავანადგუროთ. ეს არის ყველაზე მარტივი და უსაფრთხო წესი“.
***
ქიმიური საშუალების შესხურების დროს აუცილებელია დავიცვათ შესამაბისი დროები. სპეციალისტების რეკომენდაციით, სასურველია შეწამვლა დილის ან საღამოს საათებში განხორციელდეს. ფერმერმა ასევე უნდა გაითვალისწინოს მეტეოროლოგიური პირობები, რადგან წამლობა არ შეძლება მაღალი ტემპერატურის დროს. კიდევ ერთი აკრძალვა ეს არის ქარიანი ამინდი, თუ ქარის სიჩქარე 5 მ/წმ-ს აღემატება ქიმიური პრეპარატის გამოყენაბა არ არის რეკომენდებული, რათა თავიდან ავიცილოთ მისი მიმდებარე ტერიტორიებზე გავრცელება. პრეპარატის შესხურებისას ასევე არ შეიძლება სიგარეტის მოწევა ან საკვების მიღება.
სპეციალისტები ფერმერებს მოუწოდებენ, რომ ქიმიური წამლობამდე ამინდის პროგნოზს გაეცნენ, იმ შემთხვევაში თუ მოსალოდნელია წვიმა, ქიმიური საშუალების გამოყებისგან თავი შეიკავონ, რადგან წვიმა პრეპარატს ჩამორეცხავს და წამლობას შედეგი არ ექნება.
არ შეიძლება ქიმიური პრეპარატების გამოყენება ღია წყალსაცავებისა და წყალსატევების ახლოს. პრეპარატი საზიანოა ასევე მწერებისთვის, შინაური ცხოველებისა და ფრინველებისთვის. ამისტომ საჭიროა, სანამ მოსახლეობა ქიმიური საშუალებით დამუშავებას დაიწყებს, იზოლირებულ გარემოში გადაიყვანოს ფრინველები და ცხოველები, შეზღუდოს ფუტკრის ფრენა, ან სკები შესაწამლი ტერიტორიიდან მოშორებით განათავსოს.
I წამლობა – ტარდება ნიმფების მასიური გამოჩეკვის შემდეგ, კოლხეთის დაბლობზე – ივნისის დასაწყისში, ხოლო მაღალი ზონის ადგილებში – შედარებით მოგვიანებით. ინსექტიციდებს ძირითადად თხილნარში იყენებენ, რადგან ამ პერიოდისათვის მავნებელი უპირატესად ამ კულტურაზეა დასახლებული. თუმცა იმავე პეროდში ქიმიური საშუალებით უნდა დამუშავდეს ხეხილი და ბოსტნეული.
II წამლობა – ივნისის ბოლოს – ივლისის დასაწყისში.
III წამლობა – თხილის მოსავლის აღების შემდეგ
IV წამლობა – სიმინდის და სხვა ნათესებში გავრცელებულ მავნებელზე ივლისის ბოლოს, აგვისტოს დასაწყისში
V წამლობა – სიმინდის ნათესებში, თუ დაკვირვების შემდეგ ამის საჭიროება გამოიკვეთება.
ამასთან, წამლობის პერიოდები შეიძლება ცვალებადი იყოს, რეგიონებისა და გარემო მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით.
მთავარი ფოტო: წამლობა სპეციალური აგრეგატით ფაროსანას წინააღმდეგ / ფოტო: სეს
სტატია მომზადებულია ,,ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ EBRD-ისმხარდაჭერით ,,ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც,,ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“ – JRC პარტნიორმედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.
სოდა, შაქარი, ფქვილი, მარილი, ნატურალური კვერცხი და კარგი ხარისხის კარაქი – ეს ის ძირითადი ინგრედიენტებია, რომლებითაც „თავადურის“ საკონდიტრო ნაწარმი მზადდება. როგორც საწარმოში ამბობენ, საკონდიტრო ნაწარმს ტრადიციული მეთოდით, ნატურალური ინგრედიენტებითა და ბებიების რეცეპტით ამზადებენ.
თავადურის უგემრიელესი ფუნთუშები
ამჟამად ხელვაჩაურის საწარმოში 35 სხვადასხვა სახის საკონდიტრო ნაწარმს ამზადებენ. ქარხანასთან ახლოს ახალგამომცხვარი პურეულის მაღაზია და საკონდიტროა, რომლის დახლებზეც ყოველთვის იპოვით პროდუქტს, რომელსაც ეძებთ.
გარდა საწარმოს მაღაზიისა, ტკბილეულის შეძენა შესაძლებელია ბათუმის ტერიტორიაზე არსებულ სხვადასხვა მაღაზიაში.
დაათვალიერე და აღმოაჩინე თავადურის ტკბილეული!
თუ სადღესასწაულო სუფრისთვის ან საჩუქრად გჭირდებათ მრავალფეროვანი, გემრიელი და ჯანსაღი პროდუქტი, შეგიძლიათ წინასწარ დარეკოთ და შეუკვეთოთ სასურველი სახეობისა და რაოდენობის საკონდიტრო ნაწარმი.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, უცხო ენის გამოცდაშიც მეთორმეტეკლასელთა დაახლოებით 11 % ჩაიჭრა. უცხო ენის გამოცდა მეთორმეტეკლასელებმა გუშინ ჩააბარეს.
დღეს, 22 მაისს კი, ისინი ისტორიის გამოცდას ჩააბარებენ. როგორც ცენტრში გვითხრეს, საატესტატო გამოცდებს წელს ის პირებიც აბარებენ, ვინც გასულ წელს რომელიმე საგანი ვერ ჩააბარა.
„ამიტომ, ჯერჯერობით, დაზუსტებით ვერ გეტყვით, წლევანდელი მეთორმეტეკლასელებიდან რამდენია ჩაჭრილი და რამდენი, ვთქვათ, მათგან, ვინც განმეორებით აბარებს გამოცდებს,“ – გვითხრეს გამოცდების ეროვნული ცენტრის პრესსამსახურში.
როგორც ცენტრში აცხადებენ, საქართველოს სკოლებში გამოსაშვები გამოცდების მიმდინარეობას წელსაც პირდაპირ რეჟიმში აკვირდებიან.
„სპეციალური ჯგუფის წევრები დღის განმავლობაში უყურებენ სხვადასხვა სკოლაში, საგამოცდო სექტორში ტესტირების მიმდინარეობას. ვიდეომონიტორინგი კონტროლის დამატებითი მექანიზმია და მისი მიზანია მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი გამოცდის წესებთან შესაბამისობით მიმდინარეობა,“ – აცხადებენ ცენტრში.
საატესტატო გამოცდებს მეთორმეტეკლასელები 24 მაისს დაასრულებენ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში ბათუმში ძირითადად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, შესაძლოა ღამით დროგამოშვებით იწვიმოს.
იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:
დღისით: 20 – 25 გრადუსი
ღამით: 13 – 18 გრადუსი
მთაში მოსალოდნელია:
დღისით: 15 – 20 გრადუსი
ღამით: 5-10 გრადუსი
სინოპტიკოსების ცნობით, 24-25 მაისს, საღამოს და ღამის საათებში, მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, შესაძლებელია ელვა-ჭექა, დღისით – უმეტესად უნალექოდ.
ბოლო მონაცემებით, ზღვის წყლის ტემპერატურა უკვე 18 გრადუსია, საბანაოდ საუკეთესო ტემპერატურად 21 გრადუსი მიიჩნევა.
კვლევის შესახებ ინფორმაციას „აიფიემ კვლევები“ აქვეყნებს. ინფორმაციის თანახმად, კომპანიამ საქართველოს მასშტაბით, 1000 ადამიანი გამოკითხა, რათა გაერკვია, რა დროს ხარჯავენ ადამიანები სახლის დასალაგებლად.
კვლევის თანახმად, გამოკითხული ქალების 95 პროცენტი ალაგებს სახლს კვირაში მინიმუმ ერთხელ, მაშინ, როცა ამ სიხშირით კაცების მხოლოდ 16% ალაგებს სახლს.
სახლის დალაგებაში ყველაზე მეტ დროს 45-54 ასაკობრივი კატეგორიის ქალები ხარჯავენ, ყველაზე მცირე დროს კი 35-44 წლის კაცები. ყველაზე ნაკლებ დროს სახლის დალაგებაში 18-24 წლის ქალები ხარჯავენ.
„თუ ამ საქმიანობაზე დახარჯულ დროს მთელი ცხოვრების განმავლობაში დავითვლით, აღმოჩნდება, რომ ზრდასრული ასაკიდან მოყოლებული, 65 წლამდე ქალს სახლის დალაგებაზე, საშუალოდ, 1 წელი და 73 დღე აქვს დახარჯული, კაცს კი – მხოლოდ 28 დღე“ – აღნიშნულია„აიფიემ კვლევების“ ვებგვერდზე.
აქვე ვკითხულობთ, რომ „აიფიემ კვლევებს“ მსგავსი გამოკითხვა 2006 წელსაც აქვს ჩატარებული და სქესის მიხედვით ანალიზმა აჩვენა, რომ ამ აქტივობასთან მიმართებით გენდერულ როლებს ცვლილება პრაქტიკულად, არ განუცდიათ. კაცების მიერ სახლის დალაგებაზე დახარჯული დრო უმნიშვნელოდ არის გაზრდილი 45-54 წლის კაცებში.
,,საქართველოს დამოუკიდებლობის“ 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეული ქედაში დღეს, სიმბოლურად, ქედის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში, თემატური პუბლიკაციებისა და ნახატების გამოფენით გაიხსნა.
მოეწყო სემინარი – ,,ყადირ შერვაშიძე”, რომლის ფასილიტატორი ქედის კულტურის ცენტრის რეჟისორი, ლია მახარაძე იყო. სემინარში მონაწილეობდნენ ქედის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდები.
ახალგაზრდებისთვის განსაკუთრებულად საინტერესო პირველი აჭარელი ექიმის, თამარ მეფის ორდენის კავალერისა და საზოგადო მოღვაწის – ყადირ თუფანის ძე შერვაშიძის ბიოგრაფია აღმოჩნდა.
,,საქართველოს დამოუკიდებლობის“ 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეული ქედის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში თემატური პუბლიკაციებისა და ნახატების გამოფენით გაიხსნა.
გთავაზობთ აქტივობების ჩამონათვალს, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სხვადასხვა დღეს გაიმართება.
[checklist]
ღონისძიებები მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრებსა და კლუბებში
საჯარო სკოლებში
საბავშვო ბაღებში
კონფერენცია ქედის საჯარო ბიბლიოთეკაში
[/checklist]
სპორტული ღონისძიებები: მარათონი, ბირთვის კვრა, კალათბურთი, ფრენბურთი; (მონაწილეობას მიიღებენ როგორც ქედის სასპორტო სკოლისა და საჯარო სკოლების გუნდები, ასევე ნებისმიერ მსურველს შეეძლება სპორტულ აქტივობებში ჩართვა). გამარჯვებულებს გადაეცემათ ფასიანი საჩუქრები.
[checklist]
ხატვა თემაზე „დამოუკიდებელი საქართველო“
ჰიმნი – ეროვნულ სამოსში გამოწყობილი ბავშვები (ბიჭები); ფლეშმობი – ,,ხორუმი“
გამოფენების მოწყობა
მოზარდების მსვლელობა ქედის ქუჩებში დროშებით, ჩოხებითა და სამხედრო ფორმებით
დროშის ფერებში ფრანების გაშვება
ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით კონცერტი ღია ცის ქვეშ
[/checklist]
ქედის მუნიციპალიტეტის მერიის მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, კულტურულ-საგანმანათლებლო, ასევე სპორტული ღონისძიებების კვირეული, 21 მაისიდან – 26 მაისამდე გაგრძელდება.
Kung Fu Junkie, Kaiakata, პირველი ქართული ჩეტბოტის – უნასა და კიბერგალაქტიონის შემქმნელი, არალეგალური კოსმონავტი, Dreamhacker-ი, ფსიქონავტი, სოხუმის თვითგამოცხადებული მერი და დილა ალ სუჰუმი – უამრავი ავატარი აქვს, თუმცა გეიმერი ერთია – ზურა ჯიშკარიანი. მომავალში შეიძლება კიდევ უამრავი სახელი, სათაური, სხეული და ავატარი გამოიცვალოს.
„საღეჭი განთიადები“ ზურა ჯიშკარიანის პირველი რომანია.
ზურა ჯიშკარიანი:„წერა სულ სხვა პროცესია, შეგიძლია სხვადასხვა სამყარო იპოვო, წერისას მარტო ხარ, მერე არ იცი ეს ტექსტი სად, ვისთან მიდის და კომუნიკაციის სულ სხვანაირი მაგიაა. როცა უკრავ, პირდაპირ გრძნობ ადამიანების ემოციებს, ლაივებისას.“
Kaiakata-ს მოსმენა როცა მოგინდებათ, შეიძლება ამ სახელით ვეღარაფერი იპოვოთ ახალი, თუმცა აღმოაჩინოთ, რომ ზურამ, იგივე ზომბიმ, იგივე ჯანქიმ, ახალი ანდროიდის სხეული აირჩია, ახალი სახელი დაირქვა და ახალი საქმე დაიწყო.
„ავატარი შეიძლება მოკვდეს, მაგრამ გეიმერები არ კვდებიან“ – ამბობს „საღეჭი განთიადები“, ციფრული აპოკალიფსის წიგნი, რომელიც გვიამბობს არა მატერიალურ სხეულში განსხეულებულ, არამედ ცნობიერების სახით, ციფრულ სამყაროში მოსულ მესია – მეშიახზე.
მესიას ახალ ეპოქაში სულ სხვა მეთოდები აქვს სხვა რეალობის შესაქმნელად, უფრო სწორად, რეალობის დასამსხვრევად: სისტემის ყველა პროგრამული კოდი უნდა არიოს, მდიდრების ანგარიშები დააცარიელოს და გადაურიცხოს ღარიბებს, გაასაჯაროოს ყველა მიმოწერა და ფარდა ახადოს ყველას და ყველაფერს: რომ სინამდვილეში კონტინენტალური „კაგებე“ აკონტროლებს ყველაფერს, რომ თავისუფლების ილუზიის შესაქმნელადაა სინამდვილეში ხელმისაწვდომი პორნოინდუსტრია, კაზინოები და ნარკოტიკები, რომ კაპიტალისტური ეპოქისაა ლეგალური ინტერნეტი – მხოლოდ იმდენი ინფორმაცია, რამდენიც თავისუფლების ილუზიას შეგიქმნის.
მაგრამ არსებობს დარქნეტიც – ინტერნეტის ყველაზე შეუღწევადი და უკონტროლო ნაწილი, საიდანაც ციფრული აპოკალიფსის დაწყება და კონტროლირებადი ინტერნეტსივრცის პარალიზებაა შესაძლებელი. ეს ფუნქცია აქვს მესია მეშიახსაც, რომელიც უკვე მოსულია, მაგრამ ზუსტად არ იციან სად. კაცხის სვეტის ბერები მას ლეპტოპში დღედაღამ თავჩარგულები ეძებენ.
გეტოებიდან გამოხმობილი ადამიანებისგან ბერები „უფლის არმიას” ქმნიან, რომლის წევრებსაც საკუთარი სხეულის დატოვების უნარი აქვთ და შეუძლიათ კიბერსამყაროში დააპორტირონ საკუთარი ცნობიერება, იქცნენ კოდად, ვიდეოთამაშების პერსონაჟებად.
მათ უნდა იპოვნონ მესია მეშიახი და ციფრულიდან ფიზიკურ სამყაროში გადმოიყვანონ, რომ მეორედ მოსვლა აქაც გაგრძელდეს. შემდეგ მეშიახმა სპეციალურად დამზადებული ადამიანი – ანდროიდების სხეულებიდან ერთ-ერთი უნდა აირჩიოს ჩასასახლებლად.
მთავარია, მესიის მაძიებლები თამაშში არ გაიჭედონ, საუკეთესოდ ითამაშონ ისე, რომ როლში არ შევიდნენ, იმოქმედონ, მაგრამ ახსოვდეთ, რომ ის, რაც რეალობა ჰგონიათ, სინამდვილეში ვიდეოთამაშია და არასდროს მიეჯაჭვონ საკუთარ ავატარს, თუ ეს დაავიწყდათ, თავს დაკარგავენ, მათი ემოციები ავატარის გახდება, ავატარის ცხოვრება კი – მათი. როცა ამის საშიშროებას იგრძნობენ, სისტემა უნდა გადაწვან, თამაშის კოდი არიონ და რაღაც ისეთი მოიმოქმედონ, რაც მათ ახალ თამაშში გადატყორცნით, როლი უნდა შეიცვალონ – საღი გონებით განაგრძონ თამაში ინტერნეტის სივრცეში, მეორედ მოსული ციფრული მესიის გადასარჩენად.
ზურა ჯიშკარიანი: „მთელი სამყარო თამაშია, ერთი დიდი გეიმი, რომელშიც ყველა საკუთარ როლს ასრულებს, თუ როლების ცვალებადობას და მრავალფეროვნებას აცნობიერებ, შენც თამაშობ, მაგრამ როლში შესვლის გარეშე. თუ როლს შეეზარდე, შენი თამაში გეგონება ერთადერთი რეალობა და ყველაფერი მის გარშემო იტრიალებს. ჩაიძირები.
ჩემთვის ცალ-ცალკე დაყოფილი სფეროებიც არ არსებობს. ყველაფერი თვითგამოხატვაა, უბრალოდ სხვადასხვა ფორმით. მომწონს რენესანსის ადამიანის იდეა, როცა ხელოვანები იყვნენ არტისტებიც, მეცნიერებიც, მანიფესტებსაც წერდნენ და საკუთარი ბიზნესიც ჰქონდათ. მთავარია მიხვდე, რომ შენი როლი არ არის ერთადერთი და ქვეყანაზე უამრავი სხვა თამაში, სხვა როლი არსებობს“.
ვინ არიან მესიის ინტერნეტსივრცეში მაძიებლები? რა თქმა უნდა, სისტემისთვის შეუსაბამო, გეტოების ადამიანები:
„თუ ბუნებაში არსებობს ცნება „ქართული ოცნება“, რამაზ კინგკონგი ამ ცნების სრული ოპოზიტი იყო, ნამდვილი ქართული კოშმარი: სომეხი, ბარიგა და გეი. პლუს ზონდერად ნამუშევარი. მოკლედ, ბრწყინვალე და სრულიად სასიამოვნო ადამიანი“.
„საღეჭი განთიადები“
შსს-ს თანამშრომლის ცოლი, ლანა – იგივე მაგდალინელი და „ჩუჟოი“ – ოჯახისთვის არასასურველი შვილი, სისტემისთვის ნარკომანი, მეგობრებისთვის კი უბრალოდ ბარიგაა, რომელიც ყოველ საღამოს „ტავარს“ ანაწილებს.
ვინ შეძლებს ციფრული მესიის გადარჩენას და ვის სხეულს ირჩევს მეშიახი ფიზიკური განსხეულებისთვის? ცხადია იმას, ვისაც არავინ ელოდა …
რით ახერხებს მესიის გადამრჩენელი სისტემიდან ამოვარდნას და მეშიახის კიბერსივრციდან გამოყვანას, რას მოიმოქმედებს ისეთს, რასაც კოდირებული, წინასწარ განსაზღვრული და გაწერილი სისტემური კოდი არ იცნობს? ისეთს არაფერს, უბრალოდ ცეკვავს. აუცილებლად შეგახსენებთ ეს პასაჟი ბოლოდროინდელ აქციებს, სადაც ახალგაზრდების უწყინარი ცეკვა გახდა საზოგადოების ნაწილის აღშფოთების მიზეზი:
„თუ ცეკვა ჭეშმარიტია, ის აუცილებლად რევოლუციით მთავრდება, თუ არა და დილისკენ ადამიანები ტოვებენ კლუბებს მწარე ატხადნიაკით და მელანქოლიით, იმის გამო, რომ რევოლუცია ისევ არ შედგა“.
ზურა ამბობს, რომ „საღეჭი განთიადების“ შემდეგ ბევრს წერს, მომდევნო წიგნი უკვე მზად აქვს, მაგრამ ტექსტებს შორის სავალდებულო პაუზებს იცავს. ინტერაქტიული საფლავის ქვებისა და მემორიალების პროექტზე მუშაობს, ფიქრობს, რომ სიკვდილი ავადმყოფობაა, რომელიც გვემართება და მისგან თავის დაღწევა სამომავლოდ შესაძლებელია.
ზურა ჯიშკარიანი: „საფლავის ქვები, მემორიალები უტყვი და ჩუმია, მხოლოდ ფოტო და თარიღები შეგიძლია დაინახო, მეტი არაფერი. ამ პროექტით მინდა ადამიანების ინფორმაციულ უკვდავებაზე ვიმუშაოთ და შეგეძლოს უცხო, გარდაცვლილ ადამიანზე გაიგო ბევრი, მიხვიდე, გაესაუბრო და მისი ხმის ჩანაწერები მოისმინო“.
ხვალ, 22 მაისს, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს აჭარაში, კერძოდ:
ბათუმში:
11:00-დან 15:00 საათამდე 226 აბონენტს – ბათუმში გოგებაშვილის, ქუთაისის, ხულოს, გორგასლის, კ.გამსახურდიას და მიმდებარე ქუჩებს.
ხელვაჩაურში:
11:00-დან 17:00 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით 829 აბონენტს გონიოსა და კვარიათის დასახლებების ნაწილში.
შუახევი-ქედაში:
10:00-დან 19:00 საათამდე 52 აბონენტს ქედის მუნიციპალიტეტის სოფლებში: სილიბაურსა და ნამონასტრევში.
4 წლის გოგონა გუშინ, 20 მაისს, გარდაიცვალა ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში. ამ საავადმყოფოში ბავშვი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა ბათუმის ინფექციური საავადმყოფოდან გადაიყვანა, სადაც გოგონა მშობლებმა 19 მაისს მიიყვანეს.
ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის, დავით მურვანიძის თქმით, პაციენტის მდგომარეობა საავადმყოფოში მიყვანიდან რამდენიმე საათში დამძიმდა:
„პაციენტი შემოვიდა ბაქტერიული, საკვებისმიერი ინტოქსიკაციით, მრავალჯერადი ღებინებით და მკვეთრად გამოხატული გაუწყლოების ნიშნებით. დაიწყო, როგორც ამ დროს ჩვეულებრივ ხდება, გაუწყლოების ლიკვიდირება, ინფუზიური თერაპია. ინფუზიური თერაპიის ფონზე მოხდა გულყრა, რის შედეგადაც განვითარდა სითხის უკმარისობა და წარმოიშვა ყველა ის პრობლემა, რამაც გვაიძულა ბავშვი გადაგვეყვანა ბავშვთა საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში, რადგან, ჯერჯერობით ჩვენ არ გვაქვს რეანიმაცია.
ოთხ საათზე შემოსული პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა 8 საათზე, შემოსვლისას მდგომარეობა არ იყო ისე მძიმე, რომ რეანიმაციის საჭიროების საკითხი განხილულიყო. ინფექციურ საავადმყოფოში ყოველდღიურად 7-8 ბავშვი ხვდება, ეს არ იყო განსხვავებული შემთხვევა,“ – ამბობს დავით მურვანიძე.
მისივე თქმით, მშობლების ინფორმაციით, ბავშვს თუთა ჰქონდა მიღებული.
ანგისაზე მდებარე დედათა და ბავშვთა ცენტრში 4 წლის ბავშვი რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს, სადაც ის დილით გარდაიცვალა.
„ბათუმელებს“ სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოში უთხრეს, რომ შუამდგომლობით მიმართავენ სასამართლოს და როგორც კი თანხმობას მიიღებენ, ფაქტს შეისწავლიან. სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტო 0-დან ხუთ წლამდე ბავშვის გარდაცვალებაზე მოკვლევას იწყებს, თუკი ბავშვი სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვლება.
შს სამინისტრომ ბავშვის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 130-ე მუხლით დაიწყო – ავადმყოფის განსაცდელში მიტოვება.
_________________
მთავარ ფოტოზე: ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრი | ფოტო: adjara.gov.ge
ბათუმში, ჯინჭარაძისა და ახვლედიანის ქუჩების კვეთაში, აფეთქების შედეგად დანგრეული საცხოვრებელი სახლის ადგილზე ახალი სახლის მშენებლობისთვის გამოცხადებული აუქციონი არ შედგა.
აუქციონი დღეს, 21 მაისს, უნდა შემდგარიყო, თუმცა აუქციონზე განაცხადი არავინ გააკეთა. აუქციონი ახალი საცხოვრებელი სახლის მშენებლობაზე ბათუმის მერიამ გამოაცხადა.
აუქციონის პირობების მიხედვით, გამარჯვებულ პირს ოთხი თვის ვადაში 7724,0 კვ. მეტრ მიწის ნაკვეთზე სამსართულიანი სახლი უნდა აეშენებინა.
სახლი უნდა ყოფილიყო მანსარდით და ათი საცხოვრებელი ბინით, მრავალფუნქციური დანიშნულების, თანამედროვე არქიტექტურული იერსახის მქონე შენობა-ნაგებობა.
აუქციონის საწყისი ფასი იყო ერთი მილიონ 47 ათასი ლარი, ვაჭრობის ბიჯი კი – 15 ათასი ლარი. საცხოვრებელი სახლი ჯინჭარაძის ქუჩაზე ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად დაზიანდა. სახლში ათი ოჯახი ცხოვრობდა.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თურქეთის ერთ-ერთი საწარმოდან ფრინველის ხორცის იმპორტი აკრძალა. ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტის იმპორტის შეჩერების მიზეზი ხორცში ინფექციური დაავადების – სალმონელოზის გამომწვევი ბაქტერია სალმონელას აღმოჩენა გახდა. ბრძანება ამის შესახებ სააგენტოს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
თურქეთის რესპუბლიკის საწარმოდან ,,Erpilic Entegre Tavukculuk Uretim Pazarlama Ve Ticaret Ltd Sti” (Doganci Mah Mudurnu Yolu 7, Bolu, Turkey TR 14-0022) იმპორტირებულ ფრინველის ხორცში (0207 სასაქონლო პოზიცია) 1 წლის განმავლობაში სალმონელას (salmonella) ორჯერ აღმოჩენის გამო 1 წლის ვადით შეჩერდა ამ საწარმოდან ფრინველის ხორცის იმპორტი.
ვეტერინარული სასაზღვრო კონტროლი 2018 წლის მარტიდან გამკაცრდა. ცვლილებების თანახმად, თუ იმპორტირებულ პროდუქტში ერთი წლის განმავლობაში ორჯერ აღმოჩნდება პათოგენური მიკროორგანიზმი (სალმონელა, ლისტერია მონოციტოგენეზი), სურსათის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, აღნიშნული პროდუქტის მწარმოებელი საწარმოდან იმპორტი ერთი წლის ვადით შეჩერდება. აგრეთვე, საქონლის მფლობელს ეკისრება ვალდებულება, ლაბორატორიული ანალიზის დასრულებამდე საქონელი განათავსოს საბაჟო საწყობში, სხვა საქონლისგან განცალკევებით, რითაც უნდა გამოირიცხოს საეჭვო სურსათის ბაზარზე მოხვედრის რისკი.
ბრძანების თანახმად, სურსათის ეროვნული სააგენტოს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს დაევალა, თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოს ინფორმირება ამ გადაწყვეტილების შესახებ.
ამ კონკრეტული საწარმოდან ფრინველის ხორცის იმპორტის აკრძალვის შესახბ ბრძანება 2018 წლის 18 მაისს შევიდა ძალაში.
საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს აქვს უფლება, ვიზის გარეშე გაჩერდეს თურქეთის რესპუბლიკაში 90 დღის ვადით 180 დღის განმავლობაში. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ გაქვთ უფლება დასაქმდეთ.
სამუშაო ვიზა, ბინადრობის ნებართვა და მუშაობის ნებართვა – ეს არის სამი მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომლებიც მოგცემთ შესაძლებლობას, ლეგალურად დასაქმდეთ თურქეთის რესპუბლიკაში. ნებისმიერ უცხო ქვეყანაში ლეგალურად დასაქმება გჭირდებათ იმიტომ, რომ სრულად იყოს თქვენი უფლებები დაცული და ისარგებლოთ ყველა იმ სოციალური შეღავათითა თუ უფლებით, რაც ლეგალურ შრომით მიგრანტებს აქვთ.
თურქეთის ვიზის მისაღებად გჭირდებათ შემდეგი სახის დოკუმენტები: დამსაქმებელთან დადებული სამუშაო ხელშეკრულება ან მიწვევა, ცნობა ნასამართლეობის არ ქონის შესახებ, ერთი ფოტოსურათი, დაბადების მოწმობა და ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან. ყველა საბუთი უნდა იყოს თარგმნილი თურქულ ენაზე და ნოტარიულად დამოწმებული. ასევე საჭიროა შეავსოთ ამ ელექტრონულ მისამართზე: www.konsolosluk.gov.tr/Visa/Index განთავსებული სავიზო განაცხადი, ამობეჭდოთ და ზემოთ ჩამოთვლილ დოკუმენტებთან ერთად მიიტანოთ ბათუმში ან თბილისში თურქეთის საკონსულოში.
საკონსულოდან პასუხის მიღებას 30-დან 90 დღემდე სჭირდება. უმრავლეს შემთხვევაში პასუხს ერთ თვეში იღებს ვიზის მიღების მსურველი პირი. სავიზო განაცხადს თურქეთის შრომისა და სოციალური უსაფრთხოების სამინისტრო (MLSS) განიხილავს და სწორედ ეს უწყება წყვეტს, მიიღებს თუ არა კონკრეტული პირი ვიზას.
რა ღირს ვიზა?
ვიზის მისაღებად დოკუმენტების ჩაბარების დროს საკონსულოში იხდით ფიქსირებულ 50 დოლარს. უარის შემთხვევაში ეს თანხა უკან არ გიბრუნდებათ. ხოლო თუ ვიზაზე დადებითი პასუხი მოვა, საკონსულოში ვიზის ასაღებად იხდით დამატებით 110 დოლარს. ჯამში თურქეთის ვიზის მიღება 160 დოლარი ჯდება.
რაც შეეხება დოკუმენტების მომზადებას ვიზისათვის. ეს იმაზეა დამოკიდებული თუ რომელ საკონსულტაციო ფირმას მიმართავთ. დოკუმენტების მომზადება, საშუალოდ, 110-120 ლარის ფარგლებში მერყეობს.
საკონსულოში საბუთებს დილის საათებში იბარებენ, დღის მეორე ნახევარში კი ვიზის მსურველი მოქალაქეები იღებენ სპეციალურ კოდს. მოქალაქე ამ კოდს უგზავნის თურქეთში თავის დამსაქმებელს ან მოწვევის გამომგზავნს, რომელმაც 10 დღის ვადაში უნდა მოახერხოს და შესაბამის სამსახურებში ვიზის საკითხი გაარკვიოს.
ვინ იხდის დაზღვევის თანხას?
როდესაც ლეგალურად საქმდებით, ვიზასთან ერთად გჭირდებათ სამედიცინო დაზღვევაც. გარდა ამისა, თქვენ ყოველწლიურად უნდა გადაიხადოთ სოციალური და საშემოსავლო გადასახადი. კითხვა, რომელსაც ყველაზე ხშირად სვამენ, არის ის თუ ვინ იხდის დაზღვევის თანხას. დაზღვევა აუცილებელია, თანხას ზოგ შემთხვევაში იხდის დამსაქმებელი, ზოგ შემთხვევაში – დასაქმებული. ეს მათი ინდივიდუალური მოლაპარაკების საგანია.
რაც შეეხება საშემოსავლოს – მას, როგორც წესი, დამსაქმებელი იხდის.
რა ხდება ვიზის მიღების შემდეგ?
ვიზის მიღების შემდეგ ლეგალურ დასაქმებამდე კიდევ ორი მნიშვნელოვანი დოკუმენტი უნდა აიღოთ – ბინადრობის ნებართვა და მუშაობის ნებართვა. ორივე დოკუმენტს თურქეთის შრომისა და სოციალური უსაფრთხოების სამინისტრო გასცემს. აღნიშნული ნებართვები გაიცემა თურქეთის ვიზის საფუძველზე. ამასთან, უნდა გახსოვდეთ, რომ როდესაც ერთ დამსაქმებელთან კონტრაქტს გაწყვეტთ და ახალს იპოვით, ამის შესახებ სამინისტრო უნდა გააფრთხილოთ და ნებართვა განაახლოთ.
კიდევ ერთი კითხვა, რომელიც ვიზის მაძიებლებს უჩნდებათ არის ის, თუ როგორ მიიღონ ე.წ. ოთურმა ვიზა.
„ე.წ. ოთურმა ვიზა ამჟამად გაუქმებულია. ეს იყო საცხოვრებელი ნებართვა და მას უფრო ადვილად იღებდა მოქალაქე. თავის დროზე თურქეთის მხარემ დაუშვა გამონაკლისი, ვისაც სურდა ძიძად ან დამხმარედ ემუშავა ოჯახში, აძლევდნენ სტუმრის სტატუსით ქვეყანაში ლეგალურად ცხოვრების უფლებას. პირი კანონიერად იმყოფებოდა თურქეთში და იქ მუშაობდა თუ არა, მაგას აღარავინ კითხულობდა.
დღესდღეობით ეს შეღავათი გაუქმებულია – მხოლოდ ცხოვრების უფლებას აღარ აძლევენ. თუ ვინმეს სურს თურქეთში გრძელვადიანად დარჩეს, ე.ი. სამუშაოდ რჩება, ამიტომ ითხოვენ სამუშაო ვიზის აღებას,“ – უთხრა „ბათუმელებს“ საკონსულტაციო კომპანია „დასტურის“ ხელმძღვანელმა, მიხეილ ჭაღალიძემ.
როგორ ხდება ვიზის გაგრძელება თურქეთში?
პირველ ჯერზე, როდესაც თურქეთის ვიზას იღებთ, მისი ხანგრძლივობა ერთი წელია. ერთი წლის შემდეგ საჭიროა ვიზა გააგრძელოთ. ვიზის გასაგრძელებლად უნდა მიმართოთ შრომის სამინისტროს.
ფსიქიკური აშლილობის, ინტელექტუალური და ფიზიკური შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და პალიატიური მზრუნველობის ქვეშ მყოფი პაციენტებისთვის ღია საზოგადოების ფონდი და საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია უფასო იურიდიული დახმარების პროგრამას იწყებენ.
22 მაისს, სამშაბათს, 11 საათზე, სასტუმრო „რუმსში“ ორივე მხარე თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერს ხელს.
უფასო იურიდიული დახმარება გულისხმობს როგორც იურიდიული კონსულტაციების გაწევას სამედიცინო მომსახურების მიღების პროცესში წამოჭრილი პრობლემების გადასაჭრელად, ასევე დაზარალებულის ინტერესების დაცვას და წარმომადგენლობას სასამართლოში.
პაციენტებს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მაღალკვალიფიციური ათი ადვოკატი მოემსახურება მთელი საქართველოს ტერიტორიაზე. ისინი დამატებით გაივლიან ტრენინგს შეზღუდულ შესაძლებლობებთან, პალიატიურ მზრუნველობასა და ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
პირველ ივლისს პაციენტთა მომსახურების ცხელი ხაზი ამუშავდება. ამავე პერიოდიდან გახდება მომსახურების მიღება შესაძლებელი იმ პაციენტებისთვის, რომლებიც მომსახურების კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ.
პაციენტთა უფლებრივი მდგომარეობა
ბოლო ხუთი წლის მანძილზე ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში მიმდინარე პროცესებმა (საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, ვაუჩერულ სისტემაზე გადასვლა) და ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით, პაციენტის უფლებებზე მომუშავე ცხელ ხაზზე შემოსულმა ზარებმა და მომართვიანობამ ნათლად წარმოაჩინა ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებული პრობლემები სამედიცინო სფეროში.
კერძოდ: პაციენტის უფლებების ცხელი ხაზის პროექტის განხორციელებისას მიღებული მონაცემების ანალიზით, მოქალაქეთა პრობლებისa და მომართვების 93% ეხებოდა სამედიცინო სერვისების მიღების დაფინანსებას და პრობლემებს სერვისების მიღების დროს, სამედიცინო პერსონალის მხრიდან კონფიდენციალობის დარღვევის, ინფორმირებული თანხმობის არარსებობის და ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების ხელმიუწვდომლობის შემთხვევებს.
2000 წლიდან დღემდე ჯანმრთელობის დაცვის სფეროში მიღებულ იქნა 17 კანონი და ათასამდე ნორმატიული აქტი, რომლის მიზანია, ერთი მხრივ, სფეროს მოწესრიგება და მეორე მხრივ, პაციენტის უფლებების დაცვა, თუმცა მიუხედავად ასეთი კანონების არსებობისა, ქვეყანაში არ არის განვითარებული სამოქალაქო თუ სოციალური ადვოკატირება ყველაზე მოწყვლადი ჯგუფებისთვის – პალიატიური მზრუნველობის საჭიროების პაციენტებისთვის და შეზღუდული (ფიზიკური და მენტალური) შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
პალიატიური მზრუნველობის ქვეშ მყოფი პაციენტებისთვის ერთ-ერთ მწვავე პრობლემას წარმოადგენს ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების ხელმისაწვდომობა და ზოგადად, მომსახურების მიღება.
2017 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, ოპიოიდების დანიშვნასა და გამოწერაზე უფლებამოსილ ექიმთა მხოლოდ 33-38% იცნობს ოპიოიდების მარეგულირებელ კანონმდებლობას, პრაქტიკაში კი მხოლოდ 18-23% იყენებს.
აღნიშნული მნიშვნელოვნად არღვეvს პაციენტის უფლებას, იცხოვროს ტკივილის გარეშე.
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები ხშირად განიცდიან დისკრიმინაციას, ხელი არ მიუწვდებათ ჯანდაცვის სერვისებზე და ხშირ შემთხევვაში ვერ სარგებლობენ ჯანდაცვის სერვისებით.
ღია საზოგადოების ფონდი
საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია
გვამებზე სასწავლო და სამეცნიერო მუშაობის კუთხით კანონმდებლობა შეიცვალა. სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტებს უკვე აქვთ უფლება, უპატრონო გვამთან იმუშაონ, ასევე სხვა ქვეყანაში შეიძინონ გვამი და საქართველოში შემოიტანონ.აქამდე უმაღლეს სასწავლებლებს ამის უფლება არ ჰქონდათ.
„უპატრონოობის დადგენიდან 1 თვის ვადაში გადაეცემა გვამი სასწავლო დაწესებულებას. სასწავლო წელი უკვე სრულდება. ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე ჩვენ შემოვიტანთ გვამს,“ – ამბობს ლეილა ახვლედიანი, ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანი. კანონის ამოქმედებამდე ამ სასწავლებელმა სხვა ქვეყანაში შეიძინა გვამი, თუმცა სარფის საბაჟოზე გვამის გადმოტანის უფლება არ მისცეს.
კანონში „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ შესული ცვლილებები 18 მაისს შევიდა ძალაში. კანონში შესული ცვლილების მიხედვით: „დასაშვებია, უპატრონო გვამი ან/და ამოუცნობი გვამი ან მისი ანატომიური სტრუქტურები სასწავლო ან/და სამეცნიერო კვლევის მიზნით გამოიყენონ იმ საგანმანათლებლო ან/და სამეცნიერო დაწესებულებებმა, რომლებიც ახორციელებენ სამედიცინო, საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროგრამებს, აგრეთვე სამედიცინო და საექსპერტო დაწესებულებებმა, თუ პირის სიკვდილის ფაქტი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაადასტურა სამედიცინო დაწესებულების მკურნალმა ექიმმა, პათოლოგანატომმა (კლინიკურმა პათოლოგმა), სასამართლო-სამედიცინო ექსპერტმა ან სხვა დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტმა და ამ ფაქტის დადგენიდან 1 თვის განმავლობაში გვამი მიჩნეულ იქნა უპატრონო გვამად, ან ამოუცნობ გვამად ამ კანონის შესაბამისად.“
კანონი ასევე განსაზღვრავს, რა შემთხვევაში არის შესაძლებელი გვამი უპატრონოდ შეფასდეს. უპატრონო გვამზე სტუდენტები ვერ იმუშავებენ, თუკი ადამიანი სიცოცხლეში დაწერს, რომ მას ამის სურვილი არ აქვს, ასევე, თუკი არსებობს ვარაუდი, რომ გვამის გადაცემა სასწავლო მიზნებისთვის ეწინააღმდეგება გარდაცვლილის რელიგიურ რწმენას ან ეთიკურ პრინციპებს.
თუ გარდაცვლილის ნათესავი, კანონიერი წარმომადგენელი, მემკვიდრე ან მარჩენალი მოძიებულია, მაგრამ იგი უარს აცხადებს მის დაკრძალვაზე, გვამის სასწავლო ან სამეცნიერო კვლევის მიზნით გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს გარდაცვლილის ნათესავმა, კანონიერმა წარმომადგენელმა, ან მემკვიდრემ, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტით.
გვამის საგანმანათლებლო ან სამეცნიერო დაწესებულებებისთვის გადაცემის შემდეგ გვამის იდენტიფიცირების შემთხვევაში, გარდაცვლილის ნათესავის, კანონიერი წარმომადგენლის ან მემკვიდრის სურვილის არსებობისას, გვამის სასწავლო კვლევის მიზნით გამოყენება წყდება და გვამი ამ პირს გადაეცემა. თუ გვამის აღნიშნული პირისთვის გადაცემის შემდეგ გამოძიების მიზნებისთვის საჭირო გახდა მისი დათვალიერება ან დამატებითი ექსპერტიზის ჩატარება, საგამოძიებო ორგანოს აქვს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების უფლება.
საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესბელებები ვალდებული არიან, გვამი მისი გადაცემიდან 6 თვის განმავლობაში მაინც შეინახონ. საგანმანათლებლო, სამეცნიერო და სამედიცინო დაწესებულებები ვალდებული არიან, გვამის სასწავლო, ან სამეცნიერო კვლევის მიზნით გამოყენების შემდეგ უზრუნველყონ მისი დაკრძალვა.
„იმ უპატრონო გვამთან ან ამოუცნობ გვამთან დაკავშირებით, რომელზედაც მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმის გამოძიება, საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებებისთვის, აგრეთვე სამედიცინო და საექსპერტო დაწესებულებებისთვის მისი გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პროკურორი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად,“- აღნიშნულია კანონში „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“.
აჭარის უმაღლესმა საბჭომ, მიმდინარე წლის 17 მაისის დადგენილებით, მომავალი წლის საკუთარი ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცა. პროექტის მიხედვით, უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტი 2019 წელს, მიმდინარე წელთან შედარებით, 200 000 ლარითაა გაზრდილი.
უმაღლესი საბჭოს 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, უცვლელი რჩება საბჭოში დასაქმებულთა რაოდენობა [117 საშტატო ერთეული], თუმცა 105 900 ლარით იზრდება შრომის ანაზღაურებისთვის საჭირო თანხა.
შესაბამისად, საბჭოს წევრებისა და იქ დასაქმებულთა ხელფასებისთვის პროექტში 3 433 200 ლარია გათვალისწინებული.
ამ პროექტით განსაზღვრული თანხა აჭარის 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ კანონის პროექტში უნდა აისახოს.
ბათუმის ბოტანიკური ბაღი მწვანე კონცხზე საჰაერო საბაგირო გზის ლითონისა და ბეტონის კონსტრუქციების დემონტაჟში 40 ათასამდე ლარს გადაიხდის. მომსახურებას ბოტანიკური ბაღი ტენდერით შეისყიდის. საბაგიროს დემონტაჟი მიმდინარე წლის 28 ივნისამდე უნდა დასრულდეს. მწვანე კონცხზე ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის კომპანია კი, ახალ საბაგირო გზას ააშენებს.
სატენდერო პირობებში აღნიშნულია, რომ კონსტრუქციების დემონტაჟის შედეგად მიღებული ყველა ლითონის [ჯართი] დასაწყობება, პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საწყობში [დატვირთვისა და გადმოტვირთვის ხარჯის ჩათვლით], ხოლო არსებული სხვა ნარჩენები უნდა გაიტანოს ტერიტორიიდან.
დოკუმენტების მიხედვით, დემონტაჟის შედეგად მიღებული ლითონის [ჯართის] წონა 8816 კილოგრამი იქნება. საიდანაც ზღვით [ბარჟით] გასატანია 5216 კგ, ხოლო სახმელეთო გზით – 3140 კგ ლითონი. რაც შეეხება ბეტონს, ზღვით გასატანი იქნება 36,9 ტონა, ხოლო ხმელეთით – 73,5 ტონა. უშუალოდ ბაგირის სავარაუდო წონა არის 3200კგ. ბაგირზე დაკიდული სკამების სავარაუდო რაოდენობა კი – 45 ცალი.
სატენდერო დოკუმენტებში ასევე აღნიშნულია, რომ „ზღვის სანაპირო ზოლიდან მწვანე კონცხზე ასასვლელი საბაგირო გზის კონსტრუქციათა სისტემის [საბაგირო გზის ამძრავი რკინა-ბეტონის ნაგებობა და დგარები] არსებული მდგომარეობა სავალალოა. საბაგირო გზის მზიდი კონსტრუქციების უმეტესი ნაწილი, ფაქტობრივად, ამორტიზებულია და აღდგენა, გამაგრება-გაძლიერებას არ ექვემდებარება, კონსტუქციების, მათი შემადგენელი ელემენტებისა და კვანძების უმეტესი ნაწილი ამორტიზებულია და სრული დემონტაჟი აუცილებლად მიგვაჩნია, არსებული მდგომარეობით მისი დატოვება საფრთხის შემცველია“.
საბაგიროს დემონტაჟისთვის თანხის გამოყოფას დაახლოებით ორი თვის წინ ბათუმის საკრებულოში კამათი მოჰყვა. მერია დემონტაჟისთვის 43 ათას ლარს ითხოვდა.
„როგორც იცით, იქ ინვესტორი აპირებს ახალი საბაგიროს მოწყობას. ძველი საბაგირო არის ქალაქის საკუთრება და მისი დემონტაჟი ჩვენ უნდა მოვახდინოთ,“ – აღნიშნა ბათუმის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსმა, არჩილ ვანაძემ საკრებულოს სხდომაზე 30 მარტს.
„რატომ უნდა დაფინანსდეს დემონტაჟი? იმიტომ, რომ ივანიშვილს ტერიტორია გამოუთავისუფლოთ? იქნებ თვითონ იმ კომპანიამ მოახერხოს ძველი საბაგიროს დემონტაჟი,“ – განაცხადა მაშინ ლევან ანთაძემ, საკრებულოს წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“.
კამათის შემდეგ მერიის საფინანსო სამსახურის უფროსმა, არჩილ ვანაძემ, თქვა: „ბოლოსდაბოლოს ჩამოხსნილი საბაგირო, რომელსაც ჯართში ჩავაბარებთ, ის აანაზღაურებს მაგას“.
ბოტანიკური ბაღის, რომელიც მერიის ა[ა]იპ-ია, მიერ გამოცხადებული ტენდერის დოკუმენტების მიხედვით, ჯართის საერთო წონა დაახლოებით 12 ტონა იქნება. თუ მერია მას ჯართად გაყიდის, დღეს არსებული ფასის [33 თეთრი 1 კგ ჯართი] მიხედვით, 3 965 ლარს აიღებს.
ბათუმი-ჩაქვის გვირაბთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რვა ადამიანი დაშავდა.
სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, ექვსი დაშავებული ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. დაშავებულებს სხვადასხვა სახის მოტეხილობა აღენიშნებათ.
ავტოსაგზაო შემთხვევა რამდენიმე წუთის მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლით, რაც გულისხმობს ავტოტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას.
413 ქურდობის შემთხვევა აჭარაში 2018 წლის პირველ სამ თვეში დაფიქსირდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ქურდობის 142 შემთხვევაზე დაიწყო გამოძიება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ქურდობის მაჩვენებელი აჭარაში სამჯერ არის გაზრდილი პირველი სამი თვის მდგომარეობით და გასულ წელთან შედარებით.
ქურდობის მუხლით არსებული სტატისტიკური მონაცემები „ბათუმელებს“ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოაწოდა.
ამ უწყებას ასევე ვთხოვეთ ინფორმაციის მოწოდება ქურდობის მუხლით დაწყებული გამოძიების შედეგების შესახებ – რამდენი საქმე გაიხსნა და რამდენი პირი მიეცა სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში. შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ეს ინფორმაცია შემდეგი მოტივით ვერ მივიღეთ: „სტატისტიკური მონაცემების დამუშავება წარმოებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლების და არა სისხლის სამართლის დანაშაულის გარემოებათა ან სისხლის სამართლის დანაშაულის ჩამდენი პირების მიხედვით“.
შსს-ს სტატისტიკის მიხედვით, წელს, იანვარში, ქურდობის 116 ფაქტი დაფიქსირდა აჭარაში [2017 წლის იანვარში – 40], თებერვალში – 104 [2017 წლის თებერვალში – 39], მარტში – 193 [2017 წლის მარტში 63].
გასულ წელს ქურდობის ყველაზე მეტი შემთხვევა აგვისტოში დაფიქსირდა – 137.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მეთორმეტეკლასელთა დაახლოებით 3 პროცენტი ქართული ენისა და ლიტერატურის საატესტატო გამოცდაზე ჩაიჭრა. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი წელს ატესტატს ვერ მიიღებენ. შესაბამისად, აღნიშნული პირები ვერც ეროვნულ გამოცდებს ვერ ჩაბარებენ.
დღეს, 21 მაისს კი, მეთორმეტეკლასელები საატესტატო გამოცდას უცხო ენებში აბარებენ. სკოლებში საატესტატო გამოცდები გუშინ, 20 მაისს, დაიწყო.
2018 წლის გამოცდებისათვის რეგისტრაციისას ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით განაცხადების მიღება14 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.
თბილისში განცხადებები მიიღება მინდელის ქუჩაზე N9-ში, 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე, ხოლო რეგიონებში – საგანმანათლებლო რესურსცენტრებში.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, განმცხადებელმა თან უნდა იქონიოს აპლიკანტის ან გადამხდელის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი სხვა პირია – კანონიერი წარმომადგენლის დამადასტურებელი დოკუმენტი [მინდობილობა].
განაცხადს აუცილებლად უნდა დაერთოს ბანკის მიერ გაცემული საბანკო რეკვიზიტები, სადაც მითითებული იქნება ბანკის კოდი, ანგარიშის ნომერი და ანგარიშის დასახელება.
იმ შემთხვევაში, თუ სარეგისტრაციო საფასური გადახდილია, საბანკო დაწესებულებაში ან ინტერნეტბანკინგის საშუალებით, საფასური დაბრუნდება მხოლოდ გადამხდელის ანგარიშზე;
გადახდის შესაძლო სხვა საშუალებების გამოყენებით [თვითმომსახურების ტერმინალი, ვებგვერდის გამოყენებით] საფასური დაბრუნდება მხოლოდ აპლიკანტის ანგარიშზე.
ცენტრის ინფორმაციით, გადახდილი საფასური სრულად ბრუნდება იმ შემთხვევაში თუკი:
[checklist]
პირი არ დარეგისტრირდა ერთიან ეროვნულ გამოცდაზე, სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე ან საერთო სამაგისტრო გამოცდაზე რეგისტრაციის ვადის განმავლობაში, ან 2018 წლის 15 მაისის 18:00 საათამდე უარი განაცხადა გამოცდებში მონაწილეობის მიღებაზე;
თუ საფასური გადახდილია რეგისტრაციისათვის განსაზღვრულზე მეტი ოდენობით, საფასურის გადამხდელს უბრუნდება სხვაობა გადახდილ თანხასა და საფასურის დადგენილ ოდენობას შორის;
თუ აბიტურიენტი ვერ მოიპოვებს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს – ატესტატს;
თუ პედაგოგმა ან მასწავლებლობის მსურველმა არ გაიარა რეგისტრაცია დადგენილ ვადებში, ან 30 მარტის 18:00 საათამდე უარი განაცხადა კომპეტენციის დადასტურებაში/გამოცდაში მონაწილეობის მიღებაზე.
შაბათს, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ბათუმში შემდეგი ღონისძიებებია დაგეგმილი:
12:00 – 14:00 საათზე პროექტი „მულტიკულტურული ინტეგრაცია აჭარაში“, მოეწყობა მსვლელობა ქალაქში და სანახაობა საოცრებათა პარკში
12:00 -20:00 საათზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ტექნიკის გამოფენა „ალი და ნინოს“ მიმდებარე ტერიტორიაზე
12:00 – 20:00 საათზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ანბანის კოშკის გასწვრივ გამოფენას მოაწყობს
12:00 – 20:00 საათზე საქართველოს დამოუკიდებლობის 1918–1921 წლების ამსახველი ფოტოგამოფენაა დაგეგმილი
12:00 -20:00 საათზე დაგეგმილია ლიტერატურული პერფორმანსი – დროშები ჩქარა! ასევე, გაიმართება ლექცია და ფოტოგამოფენა
12:00 – 20:00 საათზე სანაპირო ზოლზე, შუქურას გასწვრივ, ადგილობრივი წარმოების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა მოეწყობა
12:00 – 18:00 საათზე დაგეგმილია საბავშვო ღონისძიებები
14:00 -დან 18:00 საათამდე – სპორტული აქტივობები
17:10 საათზე გაიმართება ფლეშ მობი – ცოცხლად შესრულდება საქართველოს ჰიმნი, ქალთა კამერული გუნდის, ბათუმის ჯაზ ბიგ ბენდის, ე. ხაბაძის სახელობის სახელმწიფო ქორეოგრაფიული ანსამბლისა და კულტურის ცენტთან არსებული ქალთა და ვაჟთა ვოკალური ანსამბლებისა და სასულე ორკესტრის მიერ
15:00 საათზე შუქურასთან ფოლკლორული სცენა მოეწყობა
18:00 საათზე ქართველი მომღერლებისა და მუსიკალური ჯგუფების კონცერტი: ლილე, ნერვოზი, 4 Seasons, Sound Lab, ბენდი ერთად, სოფო ხალვაში, არჩილ გოგიტიძე, ნიკო ბერიძე, გიორგი ბერიძე, ავთო აბესლამიძე, გიორგი ნაკაშიძე, გიორგი ფუტკარაძე, სალომე კალანდაძე, სულხან დევაძე, ნანუკა მიქაძე
ღონისძიებების დიდი ნაწილი ანბანის კოშთან გაიმართება.
ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავმა გემმა ფოთის ნავსადგურში სამეურნეო-ფეკალური წყლები ჩაღვარა. გემის კაპიტანს დაეკისრა საჯარიმო სანქცია 65 000 ლარის ოდენობით, რასაც დაემატა გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხა.
გემის მიერ საქართველოს ტერიტორიული წყლების დაბინძურების ფაქტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა, სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებთან ერთად გამოავლინეს.
გემი საქართველოს ტერიტორიულ წყლებს დაკისრებული საჯარიმო სანქციების გადახდის შემდეგ დატოვებს.
ბათუმში სასტუმრო „ლეოგრანდი“ მუშაობას ახალი სახელით – „ველმონდი“ -აგრძელებს. სასტუმრო უკვე იღებს სტუმრებს, თუმცა ამ ეტაპზე არ ფუნქციონირებს სპაცენტრი.
„სასტუმრო მუშაობს, თუმცა არა სრული დატვირთვით. ერთგვარი სატესტო რეჟიმია და პარალელურად გრძელდება უსაფრთხოების ნორმებზე მუშაობა,“ – გვითხრა კომპანიის ერთ-ერთმა ადვოკატმა, კახა წერეთელმა.
სასტუმროს შენობაში უკვე მუშაობს კაზინო „ლეოგრანდიც“. კაზინოს სახელწოდება არ შეცვლილა.
სასტუმრო „ველმონდი“ ყოფილი „ლეოგრანდის“ ნაცვლად რამდენიმე დღეა არასრული დატვირთვით გაიხსნა
ბათუმის საქალაქო სასამართლომ ყოფილ სასტუმრო „ლეოგრანდში“ სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევის შედეგად გაჩენილ ხანძარში ბრალდებულების საქმის განხილვა დაიწყო. 16 მაისს წინასასამართლო სხდომა გაიმართა, რომელსაც მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი უძღვებოდა.
ხანძარი სასტუმრო „ლეოგრანდში“ 2017 წლის 24 ნოემბერს გაჩნდა, რის შედეგადაც შენობაში მყოფი 11 ადამიანი დაიღუპა, 19-მა პირმა კი სხეულის დაზიანება მიიღო.
ბრალდებულებს – ფ.ი.-სა და გ.მ.-ს ბრალი წაყენებული აქვთ სისხლის სამართლის კოდექსის 243-ე მუხლის მესამე ნაწილით – სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევა იმ პირის მიერ, ვისაც ამ წესის დაცვა ევალებოდა, რაც 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
წინასასამართლო სხდომაზე ორივე ბრალდებულმა განაცხადა, რომ თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.
მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა განაცხადა, რომ არც ერთ მხარეს არ წარმოუდგენია ახალი გარემოებები და აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა ძალაში დატოვა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა 29 მაისს ჩაინიშნა.
საქართველოში უცხოელი ბავშვების მინდობით აღზრდაში გადაცემის შემთხვევები იზრდება. როგორც სოციალური მუშაკი ნინო ცეცხლაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, ამ დროისთვის ათი არასრულწლოვანი ბავშვი იმყოფება სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ.
როგორც სოციალური მუშაკი გვეუბნება, არასრულწლოვანი ბავშვების მზრუნველობის გარეშე დატოვების სხვადასხვა მიზეზი არსებობს და ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია.
არის შემთხვევები, როცა მშობლები საქართველოს გავლით თურქეთის რესპუბლიკაში გადადიან სამუშაოდ და ბავშვებს საქართველოში ძიძებთან ტოვებენ. „თუმცა შემდეგ მშობელი კონტაქტზე აღარ გამოდის ძიძასთან. თვეების განმავლობაში, როცა არ იხდიან თანხას, ძიძები მათ მოვლაზე უარს ამბობენ და ბავშვი უკვე სოციალური მომსახურების მეთვალყურეობის ქვეშ გადმოდის“, – გვეუბნება ნინო ცეცხლაძე.
როგორც სოციალური მომსახურების სააგენტოში გვითხრეს, არის შემთხვევები, როცა ვერ ხერხდება იმის დადგენა, თუ რომელი ქვეყნიდან არის ბავშვი, რადგან ვერ ხერხდება მშობლის იდენტიფიცირება და მასთან კომუნიკაცია.
„არის შემთხვევები, როცა თურქეთიდან დეპორტაციის რისკია და დედა ვერ გადმოდის ამის გამო საზღვარზე, არის შემთხვევები, როცა დედას კანონთან პრობლემები აქვს და ბავშვი რჩება მზრუნველობის გარეშე. სამწუხაროდ, ეს ტენდენცია მზარდია წლების მიხედვით“, – ამბობს ნინო ცეცხლაძე.
როგორც სოციალურმა მუშაკმა გვითხრა, პოლიცია და მიგრაციის სამსახური აქტიურად არიან ჩართული პროცესში და მაქსიმუმს აკეთებენ, რომ ბავშვები რომელიმე ბიოლოგიურ მშობელთან დაბრუნდნენ.
არაოფიციალურ საუბრებში ასევე ამბობენ, რომ შრომითი ექსპლუატაციის მსხვერპლი ხდება ის ბავშვი, ვინც ძიძასთან დატოვეს და მშობელმა ანაზღაურება არ გადაიხადა. ნინო ცეცხლაძე ამბობს, რომ მსგავსი ფაქტების შესახებ მას არ სმენია.
„ყველამ იცის, რომ ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და ასეთ ფაქტს აუცილებლად გადავცემ“, – გვითხრა სოციალურმა მუშაკმა.
მისივე თქმით, ბავშვების ასაკი, ვისაც საქართველოს მოქალაქეობის არმქონე მშობლები ტოვებენ, 3-დან 7-8 წლამდეა.
„ჩვენ ვსწავლობთ ამ ბავშვების საჭიროებებს და მათ ჯანმრთელობას. ისინი ერთვებიან სახელმწიფო პროგრამაში და გადადიან მინდობით აღზრდაში“, – ამბობს ნინო ცეცხლაძე.
სოციალური მომსახურების სააგენტოში არ ფლობენ დაზუსტებულ ინფორმაციას, რეგიონების მიხედვით მშობლების მიერ უცხოელი ბავშვების მიტოვების რამდენი შემთხვევა დაფიქსირდა. თუმცა გვეუბნებიან, რომ ყველაზე მეტი შემთხვევა აჭარაშია დაფიქსირებული.
სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობისა და მზრუნველობის სამმართველოს უფროსის, ეთერ ცხაკაიას ინფორმაციით, იყო შემთხვევა როცა 5 ბავშვი დააბრუნეს თურქეთის რესპუბლიკაში.
„ასევე გვქონდა ორი ბავშვის შემთხვევა, რომლებიც აშშ-ის მოქალაქეები იყვნენ. საელჩოს ჩართვით დავაბრუნებთ ისინი ქვეყანაში.
ამ ეტაპზე გვყავს კიდევ ორი ბავშვი, ერთი მოლდოვადან, მეორე ბავშვის მშობლის იდენტიფიცირება ვერ ხერხდება, ამიტომ ვერ გეტყვით რომელი ქვეყნიდანაა. სავარაუდოდ, თურქეთიდან უნდა იყოს“, – გვითხრა ეთერ ცხაკაიამ.
ცხაკაიას თქმით, არის ისეთი შემთხვევებიც, როცა 15-16 წლის მოზარდები შემოდიან ქვეყანაში. „ვერ გეტყვით, რა გზით კვეთენ ისინი საზღვარს, ასეთ დროს ვუკავშირდებით მიგრაციის სამსახურს და როგორც ლტოლვილები, გადაჰყავთ ეს მოზარდები თავშესაფარში.“
სამმართველოს უფროსის თქმით, საქართველო მიერთებულია ბავშვის უფლებათა საერთაშორისო კონვენციას და ვალდებულია დაიცვას ყველა ბავშვი, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ის საქართველოს მოქალაქე.
„იმისათვის, რომ ამ ბავშვებმა მიიღონ სახელმწიფო სერვისები, საჭიროა დროებითი საიდენტიფიკაციო დოკუმენტის გაცემა. იუსტიციის სახლი მათ ანიჭებს პირად ნომერს და ერთვებიან სახელმწფო პროგრამებში“, – გვეუბნება ეთერ ცხაკაია. მისი თქმით, ყველა შესაბამისი უწყება ერთობლივად მუშაობს მშობლების იდენტიფიცირებასა და ამ ბავშვების თავიანთ ქვეყანაში დაბრუნებაზე.
სააგენტოს ინფორმაციით, არის ისეთი შემთხვევებიც, როცა საქართველოს მოქალაქეებს აბრუნებენ სამშობლოში.
„გვქონდა შემთხვევა, როცა საბერძნეთიდან 6 ბავშვი დავაბრუნეთ“, -გვეუბნება ეთერ ცხაკაია.
მშობლის მზრუნველობის გარეშე დარჩენილი ბავშვი თავდაპირველად გადაუდებელ მინდობით აღზრდაში გადაჰყავთ. თუ ამ დროის განმავლობაში ვერ მოხერხდება მშობელთან კომუნიკაცია და ბავშვის სამშობლოში დაბრუნება, ის რეგულარულ მინდობით აღზრდაში გადადის.
ეთერ ცხაკაიას თქმით, უცხოელი ბავშვების მინდობით აღზრდაში გადაცემისთვის სახელმწიფოს დამატებითი თანხის მოძიება არ უწევს, რადგან „სახელმწიფო პროგრამაში მსგავსი ტიპის დაფინანსება თავიდანვე გათვალისწინებულია“.
უცხოელი ბავშვები ძირითადად ყირგიზეთიდან, უზბეკეთიდან, მოლდოვადან და თურქეთიდან არიან.
ბათუმში, ცენტრალური პარკის ტბის ზედაპირზე, თევზები ტივტივებენ. თევზების ნაწილი ტბის ნაპირთან ისე ახლოსაა, რომ ადამიანები პატარა ბადეებით ტბაში შეუსვლელად იჭერენ მათ. თევზებით სავსე პარკები უჭირავთ უფროსებთან მყოფ ბავშვებსაც.
„ტბაში მკვდარ თევზებსაც ვხედავთ, როგორ ფიქრობთ, საშიში არ არის აქ დაჭერილი თევზი ჯანმრთელობისთვის?“ – ვკითხეთ მამაკაცს, რომელსაც თევზებით სავსე რამდენიმე პარკი ჰქონდა.
„რა ვიცი, ალბათ არა, “- გვითხრა მან, ის. ის ამბობს, რომ „ალბათ თევზებს ჟანგბადი აკლიათ“ და ამიტომაც მოდიან ასე ახლოს ნაპირთან.
ცენტრალური პარკის ტბაში მკვდარი თევზები შეინიშნება, თუმცა ტბაში მაინც თევზაობენ ფოტო: ლელა დუმბაძის
გასულ წელს ტბაში ციანობაქტერიები გამრავლდა, რის გამოც ტბამ დაჭაობება დაიწყო. ტბაში აიკრძალა თევზჭერაც. მოგვიანებით ბათუმის მერიამ ტბაში აერაციის სისტემა დაამონტაჟა, რის შემდეგაც ტბაში ჟანგბადის შემცველობა დარეგულირდა. მერია მოსახლეობას აფრთხილებდა, რომ თევზჭერა აკრძალული იყო, თუმცა მოქალაქეები ტბაში მაინც თევზაობდნენ.
მკვდარი თევზი ტბის ზედაპირზე
მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ტბაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ისინი გარემოს დაცვის სამმართველოს დაუკავშირდებიან.
გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი, არჩილ გუჩმანიძე ამბობს, რომ ტბასთან დაკავშირებით კვლევები გასული წლის ნოემბერში ჩატარდა და აღმოჩნდა, რომ ტბას სერიოზული ეკოლოგიური პრობლემები ჰქონდა.
„ტბას ჰქონდა ძალიან სერიოზული ტოქსიკური ალგოფლორა. თევზების საკითხი არ გამოგვიკვლევია, მაგრამ რადგან ტბა არის ტოქსიკური, შესაძლებელია თევზიც საკვებად უვარგისი იყოს,“ – გვითხრა არჩილ გუჩმანიძემ.
ის ამბობს, რომ თუკი მერია მათ ისევ მიმართავს კვლევის ჩასატარებლად, ტბის ეკოლოგიურ მდგომარეობას ხელახლა შეისწავლიან.
18 წლისამ გოგოს მოტაცება სცადა და პირობითი სასჯელი დაეკისრა. ახლა 21 წლისაა. წარსულზე ეღიმება და ამბობს, რომ მაშინ ვერ გაიაზრა რას აკეთებდა. გოგო, რომელსაც იტაცებდა, მაშინ 17 წლის იყო, ბიჭს მასთან კავშირი აღარ აქვს. ამბობს, რომ ოჯახის ასე შექმნაზე აღარასდროს იფიქრებს, თუმცა გვეუბნება, რომ ნაადრევ ქორწინებაში უცნაურს ვერაფერს ხედავს. ჯაბა მანიაზე გიამბობთ (სახელი შეცვლილია) ბიჭზე, რომელმაც უკვე იცის, რომ შეუძლებელია ვინმეს რაიმე აიძულო, მით უფრო, თუ ეს მომავალ ოჯახს ან გრძნობებს ეხება.
ამბობს, რომ პრობლემებმა და სტრესმა შეცვალა და ორმაგად გააძლიერა:
„რომ არა ჩემი ოჯახის წევრების გაგების უნარი, ალბათ ძალიან გამიჭირდებოდა, მაგრამ ყველა გვერდით მედგა და მამხნევებდა. მართალია, მხოლოდ სამი დღე გავატარე წინასწარი დაკავების საკანში და ერთი – ქუთაისის ციხეში, თუმცა 18 წლის ბიჭისთვის ესეც არ იყო სასიამოვნო. არ ვიცოდი, რას ვაკეთებდი. არც ის ვიცოდი, ჩემს უწყინარ სურვილს – ოჯახი შემექმნა, ასეთი აურზაური თუ მოჰყვებოდა“.
ტურიზმის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტია. სწავლობს, ლექციებს სამსახურსაც უთავსებს და ერთ-ერთ ჰიპერმარკეტში მზარეულადაც მუშაობდა. ამ სფეროში პროფესიული განათლება არ აქვს. როგორც გვეუბნება, თუ გაწაფული ხელი გაქვს და გურმანიც ხარ, მზარეულობა რთული არ არის.
სასწავლო წლის განმავლობაში თბილისშია. საზაფხულო არდადეგებს სამეგრელოში ატარებს და მამას ფუტკრების მოვლაში ეხმარება: „ზაფხული თაფლის გამოწურვის პერიოდია, ამ დროს ჩავდივარ სოფელში. მე და ჩემი მეგობარი მამაჩემს ვეხმარებით. 120 სკა გვაქვს. ცოტა არ არის, დაახლოებით 2 ტონა თაფლს გვაძლევს ფუტკარი ყოველ წელს, ვყიდით ფუტკრის ოჯახებსაც და მერე ვამრავლებთ, რომ სკები შევავსოთ. პრობლემა რეალიზაციაა, ერთიანად თაფლს ვერსად ვაბარებთ და ამას მიაქვს ჩვენი დრო და ენერგია,“ – ამბობს ჯაბა.
მეფუტკრეობისთვის აუცილებელი ხელსაწყოები მოუძველდა. „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“ მას ამ ხელსაწყოების შეძენაში დაეხმარა.
ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტსდემოკრატიის ინსტიტუტი პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ოთხ სხვადასხვა რეგიონში: აჭარაში, გურიაში, იმერეთსა და სამეგრელო -ზემო სვანეთში ახორციელებს, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.
პროექტი გულისხმობს როგორც ზემოჩამოთვლილი ჯგუფების დახმარებას მცირე ბიზნესის ნაწილში, ასევე სამედიცინო მხარდაჭერას, დასაქმების ხელშეწყობასა და მათ ფსიქოსოციალურ რეაბილიტაციას.
ჯაბა გვიყვება, რომ პირობითი მსჯავრის გამო მან მართვის მოწმობა ვერ განაახლა, სურდა სხვა კატეგორიის მოწმობა აეღო, თუმცა მსჯავრმა ხელი შეუშალა. მისი თქმით, ასეთივე ისტორია აქვს მის მეგობარსაც, რომელიც ასევე პრობაციონერია და ვერ მიდის სტაჟირებაზე იტალიაში, სადაც სამსახურიდან გზავნიან.
„როცა მიწევს გავამჟღავნო, რომ პირობით სასჯელს ვიხდი, საქართველოში ცოტათი ეჭვის თვალით მიყურებენ, მაგრამ მერე სიტუაციას რომ ვხსნი, ყველა მიგებს. სამომავლოდ ქვეყნიდან წასვლას ვაპირებ,“- ამბობს ჯაბა და გვიხსნის, რომ წასვლის შემდეგ საკუთარი თაფლის ევროპულ ბაზარზე გატანას გეგმავს. როცა ვეკითხებით კიდევ რა გეგმები აქვს ან სად წარმოუდგენია, რომ დასაქმდება უცხოეთში, გვეუბნება, რომ პირველ რიგში, ცოლის მოყვანას აპირებს, „სამსახური მერე რაღაც გამოჩნდება, ალბათ,“ – ამბობს 21 წლის პრობაციონერი.
მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“ ფარგლებში. პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს