მთავარი,სიახლეები

სასჯელი გოგოს მოტაცების გამო – 21 წლის პრობაციონერის ისტორია

20.05.2018 • 3954
სასჯელი გოგოს მოტაცების გამო – 21 წლის პრობაციონერის ისტორია

18 წლისამ გოგოს მოტაცება სცადა და პირობითი სასჯელი დაეკისრა. ახლა 21 წლისაა. წარსულზე ეღიმება და ამბობს, რომ მაშინ ვერ გაიაზრა რას აკეთებდა. გოგო, რომელსაც იტაცებდა, მაშინ 17 წლის იყო, ბიჭს მასთან კავშირი აღარ აქვს. ამბობს, რომ ოჯახის ასე შექმნაზე აღარასდროს იფიქრებს, თუმცა გვეუბნება, რომ ნაადრევ ქორწინებაში უცნაურს ვერაფერს ხედავს. ჯაბა მანიაზე გიამბობთ (სახელი შეცვლილია) ბიჭზე, რომელმაც უკვე იცის, რომ შეუძლებელია ვინმეს რაიმე აიძულო, მით უფრო, თუ ეს მომავალ ოჯახს ან გრძნობებს ეხება.

ამბობს, რომ პრობლემებმა და სტრესმა შეცვალა და ორმაგად გააძლიერა:

„რომ არა ჩემი ოჯახის წევრების გაგების უნარი, ალბათ ძალიან გამიჭირდებოდა, მაგრამ ყველა გვერდით მედგა და მამხნევებდა. მართალია, მხოლოდ სამი დღე გავატარე  წინასწარი დაკავების საკანში და ერთი – ქუთაისის ციხეში, თუმცა 18 წლის ბიჭისთვის ესეც არ იყო სასიამოვნო. არ ვიცოდი, რას ვაკეთებდი. არც ის ვიცოდი, ჩემს უწყინარ სურვილს – ოჯახი შემექმნა, ასეთი აურზაური თუ მოჰყვებოდა“.

ტურიზმის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტია. სწავლობს, ლექციებს სამსახურსაც უთავსებს და ერთ-ერთ ჰიპერმარკეტში მზარეულადაც მუშაობდა. ამ სფეროში პროფესიული განათლება არ აქვს. როგორც გვეუბნება, თუ გაწაფული ხელი გაქვს და გურმანიც ხარ, მზარეულობა რთული არ არის.

სასწავლო წლის განმავლობაში თბილისშია. საზაფხულო არდადეგებს სამეგრელოში ატარებს და მამას ფუტკრების მოვლაში ეხმარება: „ზაფხული თაფლის გამოწურვის პერიოდია, ამ დროს ჩავდივარ სოფელში. მე და ჩემი მეგობარი მამაჩემს ვეხმარებით. 120 სკა გვაქვს. ცოტა არ არის, დაახლოებით 2 ტონა თაფლს გვაძლევს ფუტკარი ყოველ წელს, ვყიდით ფუტკრის ოჯახებსაც და მერე ვამრავლებთ, რომ სკები შევავსოთ. პრობლემა რეალიზაციაა, ერთიანად თაფლს ვერსად ვაბარებთ და ამას მიაქვს ჩვენი დრო და ენერგია,“ – ამბობს ჯაბა.

მეფუტკრეობისთვის აუცილებელი ხელსაწყოები მოუძველდა. „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“ მას ამ ხელსაწყოების შეძენაში დაეხმარა.

ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტს დემოკრატიის ინსტიტუტი პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ოთხ სხვადასხვა რეგიონში: აჭარაში, გურიაში, იმერეთსა და სამეგრელო -ზემო სვანეთში ახორციელებს, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.

პროექტი გულისხმობს როგორც ზემოჩამოთვლილი ჯგუფების დახმარებას მცირე ბიზნესის ნაწილში, ასევე სამედიცინო მხარდაჭერას, დასაქმების ხელშეწყობასა და მათ ფსიქოსოციალურ რეაბილიტაციას.

ჯაბა გვიყვება, რომ პირობითი მსჯავრის გამო მან მართვის მოწმობა ვერ განაახლა, სურდა სხვა კატეგორიის მოწმობა აეღო, თუმცა მსჯავრმა ხელი შეუშალა. მისი თქმით, ასეთივე ისტორია აქვს მის მეგობარსაც, რომელიც ასევე პრობაციონერია და ვერ მიდის სტაჟირებაზე იტალიაში, სადაც სამსახურიდან გზავნიან.

„როცა მიწევს გავამჟღავნო, რომ პირობით სასჯელს ვიხდი, საქართველოში ცოტათი ეჭვის თვალით მიყურებენ, მაგრამ მერე სიტუაციას რომ ვხსნი, ყველა მიგებს. სამომავლოდ ქვეყნიდან წასვლას ვაპირებ,“- ამბობს ჯაბა და გვიხსნის, რომ  წასვლის შემდეგ საკუთარი თაფლის ევროპულ ბაზარზე გატანას გეგმავს. როცა ვეკითხებით კიდევ რა გეგმები აქვს ან სად წარმოუდგენია, რომ დასაქმდება უცხოეთში, გვეუბნება, რომ პირველ რიგში, ცოლის მოყვანას აპირებს, „სამსახური მერე რაღაც გამოჩნდება, ალბათ,“ –  ამბობს 21 წლის პრობაციონერი.

მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს

გადაბეჭდვის წესი


ასევე: