მთავარი,სიახლეები

„საღეჭი განთიადები”- ციფრული აპოკალიფსის წიგნი

21.05.2018 • 6114
„საღეჭი განთიადები”- ციფრული აპოკალიფსის წიგნი

Kung Fu Junkie, Kaiakata, პირველი ქართული ჩეტბოტის – უნასა და კიბერგალაქტიონის შემქმნელი, არალეგალური კოსმონავტი, Dreamhacker-ი, ფსიქონავტი, სოხუმის თვითგამოცხადებული მერი და დილა ალ სუჰუმი – უამრავი ავატარი აქვს, თუმცა გეიმერი ერთია – ზურა ჯიშკარიანი. მომავალში შეიძლება კიდევ უამრავი სახელი, სათაური, სხეული და ავატარი გამოიცვალოს.

„საღეჭი განთიადები“ ზურა ჯიშკარიანის  პირველი რომანია.

ზურა ჯიშკარიანი: „წერა სულ სხვა პროცესია, შეგიძლია სხვადასხვა სამყარო იპოვო, წერისას მარტო ხარ, მერე არ იცი ეს ტექსტი სად, ვისთან მიდის და კომუნიკაციის  სულ სხვანაირი მაგიაა. როცა უკრავ, პირდაპირ გრძნობ ადამიანების ემოციებს, ლაივებისას.“

Kaiakata-ს მოსმენა როცა მოგინდებათ, შეიძლება ამ  სახელით  ვეღარაფერი იპოვოთ  ახალი, თუმცა აღმოაჩინოთ, რომ ზურამ, იგივე ზომბიმ, იგივე ჯანქიმ, ახალი ანდროიდის სხეული აირჩია, ახალი სახელი დაირქვა და ახალი საქმე დაიწყო.

„ავატარი შეიძლება მოკვდეს, მაგრამ გეიმერები არ კვდებიან“ –  ამბობს „საღეჭი განთიადები“, ციფრული აპოკალიფსის წიგნი, რომელიც გვიამბობს არა მატერიალურ სხეულში განსხეულებულ, არამედ ცნობიერების სახით, ციფრულ სამყაროში მოსულ მესია – მეშიახზე.

მესიას ახალ ეპოქაში სულ სხვა მეთოდები აქვს სხვა რეალობის შესაქმნელად, უფრო სწორად, რეალობის დასამსხვრევად: სისტემის ყველა პროგრამული კოდი უნდა არიოს, მდიდრების ანგარიშები დააცარიელოს და გადაურიცხოს ღარიბებს, გაასაჯაროოს ყველა მიმოწერა და ფარდა ახადოს ყველას და ყველაფერს: რომ სინამდვილეში კონტინენტალური „კაგებე“ აკონტროლებს ყველაფერს, რომ თავისუფლების ილუზიის შესაქმნელადაა სინამდვილეში ხელმისაწვდომი პორნოინდუსტრია, კაზინოები და ნარკოტიკები, რომ კაპიტალისტური ეპოქისაა ლეგალური ინტერნეტი – მხოლოდ იმდენი ინფორმაცია, რამდენიც თავისუფლების ილუზიას შეგიქმნის.

მაგრამ არსებობს დარქნეტიც – ინტერნეტის ყველაზე შეუღწევადი და უკონტროლო  ნაწილი, საიდანაც ციფრული აპოკალიფსის დაწყება და კონტროლირებადი ინტერნეტსივრცის პარალიზებაა შესაძლებელი. ეს ფუნქცია აქვს მესია მეშიახსაც, რომელიც უკვე მოსულია, მაგრამ ზუსტად არ იციან სად. კაცხის სვეტის ბერები მას ლეპტოპში დღედაღამ თავჩარგულები ეძებენ.

გეტოებიდან გამოხმობილი ადამიანებისგან ბერები „უფლის არმიას” ქმნიან, რომლის წევრებსაც საკუთარი სხეულის დატოვების  უნარი აქვთ და შეუძლიათ კიბერსამყაროში დააპორტირონ საკუთარი ცნობიერება, იქცნენ კოდად, ვიდეოთამაშების პერსონაჟებად.

მათ უნდა იპოვნონ მესია მეშიახი და ციფრულიდან ფიზიკურ სამყაროში გადმოიყვანონ, რომ მეორედ მოსვლა აქაც გაგრძელდეს. შემდეგ  მეშიახმა სპეციალურად დამზადებული ადამიანი – ანდროიდების სხეულებიდან ერთ-ერთი უნდა აირჩიოს ჩასასახლებლად.

მთავარია, მესიის მაძიებლები თამაშში არ გაიჭედონ, საუკეთესოდ ითამაშონ ისე, რომ როლში არ შევიდნენ, იმოქმედონ, მაგრამ ახსოვდეთ, რომ ის, რაც რეალობა ჰგონიათ, სინამდვილეში ვიდეოთამაშია და არასდროს მიეჯაჭვონ საკუთარ ავატარს, თუ ეს დაავიწყდათ, თავს დაკარგავენ, მათი ემოციები ავატარის გახდება, ავატარის ცხოვრება კი – მათი. როცა ამის საშიშროებას იგრძნობენ, სისტემა უნდა გადაწვან, თამაშის კოდი არიონ და რაღაც ისეთი მოიმოქმედონ, რაც მათ ახალ თამაშში გადატყორცნით, როლი უნდა შეიცვალონ – საღი გონებით განაგრძონ თამაში ინტერნეტის სივრცეში, მეორედ მოსული ციფრული მესიის გადასარჩენად.

ზურა ჯიშკარიანი: „მთელი სამყარო თამაშია, ერთი დიდი გეიმი, რომელშიც ყველა საკუთარ როლს ასრულებს, თუ როლების ცვალებადობას და მრავალფეროვნებას აცნობიერებ, შენც თამაშობ, მაგრამ როლში შესვლის გარეშე. თუ როლს შეეზარდე, შენი თამაში გეგონება ერთადერთი რეალობა და ყველაფერი მის გარშემო იტრიალებს. ჩაიძირები.

 

ჩემთვის ცალ-ცალკე დაყოფილი სფეროებიც არ არსებობს. ყველაფერი თვითგამოხატვაა, უბრალოდ სხვადასხვა ფორმით. მომწონს რენესანსის ადამიანის იდეა, როცა ხელოვანები იყვნენ არტისტებიც, მეცნიერებიც, მანიფესტებსაც წერდნენ და საკუთარი ბიზნესიც ჰქონდათ. მთავარია მიხვდე, რომ შენი როლი არ არის ერთადერთი და ქვეყანაზე უამრავი სხვა თამაში, სხვა როლი არსებობს“.

ვინ არიან მესიის ინტერნეტსივრცეში მაძიებლები? რა თქმა უნდა, სისტემისთვის შეუსაბამო, გეტოების ადამიანები:

„თუ ბუნებაში არსებობს ცნება „ქართული ოცნება“, რამაზ კინგკონგი ამ ცნების სრული ოპოზიტი იყო, ნამდვილი ქართული კოშმარი: სომეხი, ბარიგა და გეი. პლუს ზონდერად ნამუშევარი. მოკლედ, ბრწყინვალე და სრულიად სასიამოვნო ადამიანი“.

„საღეჭი განთიადები“

შსს-ს თანამშრომლის ცოლი, ლანა – იგივე მაგდალინელი და „ჩუჟოი“ – ოჯახისთვის არასასურველი შვილი, სისტემისთვის ნარკომანი, მეგობრებისთვის კი უბრალოდ ბარიგაა, რომელიც ყოველ საღამოს „ტავარს“ ანაწილებს.

ვინ შეძლებს ციფრული მესიის გადარჩენას და ვის სხეულს ირჩევს მეშიახი ფიზიკური განსხეულებისთვის? ცხადია იმას, ვისაც არავინ ელოდა …

რით ახერხებს მესიის გადამრჩენელი სისტემიდან ამოვარდნას და მეშიახის კიბერსივრციდან გამოყვანას, რას მოიმოქმედებს ისეთს, რასაც კოდირებული, წინასწარ განსაზღვრული და გაწერილი სისტემური კოდი არ იცნობს? ისეთს არაფერს, უბრალოდ ცეკვავს. აუცილებლად შეგახსენებთ ეს პასაჟი ბოლოდროინდელ აქციებს, სადაც ახალგაზრდების უწყინარი ცეკვა გახდა საზოგადოების ნაწილის აღშფოთების მიზეზი:

„თუ ცეკვა ჭეშმარიტია, ის აუცილებლად რევოლუციით მთავრდება, თუ არა და დილისკენ ადამიანები ტოვებენ კლუბებს მწარე ატხადნიაკით და მელანქოლიით, იმის გამო, რომ რევოლუცია ისევ არ შედგა“.

ზურა ამბობს, რომ „საღეჭი განთიადების“ შემდეგ ბევრს წერს, მომდევნო წიგნი უკვე მზად აქვს, მაგრამ ტექსტებს შორის სავალდებულო პაუზებს იცავს. ინტერაქტიული საფლავის ქვებისა და  მემორიალების პროექტზე მუშაობს, ფიქრობს, რომ სიკვდილი ავადმყოფობაა, რომელიც გვემართება და მისგან თავის დაღწევა სამომავლოდ შესაძლებელია.

ზურა ჯიშკარიანი: „საფლავის ქვები, მემორიალები უტყვი და ჩუმია, მხოლოდ ფოტო და თარიღები შეგიძლია დაინახო, მეტი არაფერი. ამ პროექტით მინდა ადამიანების ინფორმაციულ უკვდავებაზე ვიმუშაოთ და შეგეძლოს უცხო, გარდაცვლილ ადამიანზე გაიგო ბევრი, მიხვიდე, გაესაუბრო და მისი ხმის ჩანაწერები მოისმინო“.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: