ნეტგაზეთი • RU

კერძო პირებისთვის ჩამორთმეული ავტომობილები სახელმწიფო უწყებებმა დაიტოვეს 

2017 წელს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ, სავაჭრო ობიექტების მეშვეობით, 537 416 ლარის სხვადასხვა დასახელების მოძრავი ქონება გაყიდა. სააგენტომ სხვადასხვა უწყებას ასევე უსასყიდლოდ გადასცა ავტომობილები, ცეცხლსასროლი იარაღი და სხვა ქონება, რომელთა საერთო ღირებულება  2 750 846 ლარი იყო.

სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონება, ეს არის უპატრონო და უმკვიდრო ქონება, სს კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულისა და ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევების შედეგად ჩამორთმეული ქონება, ასევე საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევების შედეგად უსასყიდლოდ ჩამორთმეული საქონელი ან/და სატრანსპორტო საშუალება და სხვა.

ეს ქონება ძირითადად პრივატიზებას ექვემდებარება და მას სახელმწიფო ყიდის. თანხა, ბუნებრივია, ბიუჯეტში შედის. მომსახურების სააგენტოში აცხადებენ, რომ 2017 წელს სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით, მესამე პირის მეშვეობით რეალიზაცია/პრივატიზება, ასევე ლიზინგის ფორმით გადაცემა არ განხორციელებულა.

სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც სააგენტომ უსასყიდლოდ გასცა:

  • საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ გასულ წელს უსასყიდლოდ, თავისთვის დაიტოვა სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ავტომანქანა MERCEDES-BENZ SPRINTER, რომლის ღირებულება, სააგენტოს ინფორმაციით, იყო 23 000 ლარი;
  • მომსახურების სააგენტომ საქართველოს მთავარ პროკურატურას უსასყიდლოდ გადასცა სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული „TOYOTA LAND CRUISER PRADO“ [ღირებულებით – 53 000 ლარი] და „TOYOTA CAMRY“ [ღირებულებით – 23 000 ლარი];
  • საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უსასყიდლოდ გადაეცა სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული „FORD TRANSIT“, ღირებულებით – 13 000 ლარი; ასევე „MERCEDES”-ი, ღირებულებით – 9 000 ლარი;
  • ჭიათურის მუნციპალიტეტის გამგეობას მუნიციპალიტეტის ქუჩების დასუფთავების მიზნით, უსასყიდლოდ გადაეცა სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული, ავტომანქანა “MERCEDES BENZ“, რომელიც 132 000 ლარად იყო შეფასებული;
  • „ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას“ სტუდენტების პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით, უსასყიდლოდ გადაეცა სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული გემი „ANTONI“, ღირებულება – 1 772 000 ლარი.

ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ გასულ წელს სოფლის მეურნეობის სამინისტროს უსასყიდლოდ გადასცა საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ განსაკარგავად გადაცემული VOLKSWAGEN PHAETON-ი, ღირებულებით 17 000 ლარი; ხოლო განსაკარგავად გადაცემული ორი ავტომობილი GREAT WALL WINGLE-5 [ღირებულება 13 000 ლარი] და KIA RIO [12 000 ლარი], თავად სააგენტომ დაიტოვა.

სააგენტომ 2017 წელს, ჯამში, 2 750 846 ლარის ღირებულების მოძრავი ქონება გასცა უსასყიდლოდ, რაც სახელმწიფოს საკუთრებაში იყო მიქცეული. მათ შორის:

  • ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას მოსახლეობისთვის სასმელი წყლის მიწოდების მიზნით, უსასყიდლოდ გადაეცა ორი ცალი რეზერვუარი, საერთო ღირებულებით 4 400 ლარი;
  • 248 291 ლარის სხვადასხვა სახის ქონება გადაეცა უსასყიდლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს;
  • 6 676 ლარად შეფასებული პისტოლეტები, ავტომატი და ვაზნები გადაეცა გასულ წელს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს; ამავე სამსახურს გადაეცა ასევე  კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატური ცეცხლსასროლი ხრახნლულიანი იარაღი – AKC-74У, ერთი მჭიდით; საერთო ღირებულება 12 850 ლარი;
  • სსიპ – სახელწიფო სამხედრო სამეცნიერო – ტექნიკურ ცენტრ „დელტა“-ს კი, სამსახურებრივი საჭიროებისათვის უსასყიდლოდ გადასცეს სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ბალისტიკური ტესტირების მოწყობილობა, ღირებულება – 90 000 ლარი.
  • საქართველოს საპატრიარქოს 2017 წელს უსასყიდლოდ გადაეცა სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული და 8 900 ლარის ღირებულების დახერხილი ხის მასალა; ასევე საპატრიარქოს ხობის ხარების დედათა მონასტერში მიმდინარე ფერმის მშენებლობისთვის, უსასყიდლოდ გადასცეს 15 397 ლარის დახერხილი ხის მასალა, ხოლო საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნებას“ უსასყიდლოდ გადასცეს სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ტელფერი, ღირებულებით – 350 ლარი. [სააგენტომ საქართველოს საპატრიარქოს უსასყიდლოდ გადასცა ასევე თავდაცვის სამინისტროს მიერ განსაკარგავად გადაცემული, 16 579 ლარის ღირებულების თითბერის ჯართი, რომელიც შედგებოდა სახვადასხვა კალიბრის გამოყენებული საბრძოლო მასალების გასროლილი თითბერის ჰილზებისგან].
  • 15 000 ლარის ქონება, გადაეცა უსასყიდლოდ სამშვიდობო ინიციატივების ხელშემწყობი არსამთავრობო ორგანიზაცია „თოლია“-ს. სააგენტოს ინფორმაციით, სახელმწიფო ქონება ორგანიზაციას სოციალური მიზნებისთვის გადასცეს: „საქონელი შედგებოდა ექსპლუატაციაში ნამყოფი ქართული, რუსული და ინგლისურენოვანი წიგნებისაგან, კომპიუტერული ტექნიკისაგან, დაზიანების მქონე საოფისე ავეჯისაგან, სხვადასხვა სახელმძღვანელოს ქსერო ასლებისაგან, ექსპლუატაციაში ნამყოფი კაბებისაგან, პიპეტებისაგან, სინჯარებისა და კოლბებისაგან. წიგნების უმეტესობა იმყოფება მაკულატურულ მდგომარეობაში. აღნიშნული საქონელი განიცდის ფიზიკურ და ფუნქციონალურ ცვეთას“;
  • გარმანელი მხატვრის, პაულ ფრანკენის (1818-1884) ნახატი [„Orientalische Stadtansicht – Tiflis im Kaukasus“ – „ორიენტალისტური ქალაქის ხედი – თბილისი კავკასიაში”] უსასყიდლოდ გადაეცა საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმს-ხელოვნების სასახლეს. ნახატი 90 500 ლარად იყო შეფასებული.
  • 3 მურა დათვი უსასყიდლოდ გადასცეს ზოოლოგიურ ცენტრს;
  • საქართველოს ეროვნულ მუზეუმს უსასყიდლოდ გადაეცა ინდური ხმალი „ტალვარი“, რუსული ხმალი „შაშკა“ და გერმანული დაშნა, საერთო ღირებულებით 6 800 ლარი.

გასულ წელს სავაჭრო ობიექტების საშუალებით [სააგენტოს სპეციალურ მაღაზიებში] რეალიზებული იქნა 537 416 ლარის ღირებულების სხვადასხვა საქონელი. „ბათუმელები“ დაინტერესდა, ვინ შეიძინა სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონება, თუმცა ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოდან მოგვწერეს, რომ „სააგენტოში არ ინახება ინფორმაცია სავაჭრო ობიექტების მეშვეობით ქონების შემძენ პირთა შესახებ, რადგან სავაჭრო ობიექტებში ქონების პრივატიზებისას/ რეალიზაციისას, აღნიშნული ინფორმაციის აღრიცხვა არ ხორციელდება“.

სააგენტოსგან მოწოდებული ინფორმაცია სავაჭრო ობიექტების საშუალებით განკარგული ქონების შესახებ, მიღებული თანხის მითითებით:

სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონება –
„სახელმწიფოს საკუთრებაში მემკვიდრეობის გზით გადასული ქონება, სახელმწიფოს საკუთრებაში გადასული უპატრონო და უმკვიდრო ქონება, სახელმწიფოს საკუთრებაში ჩუქების გზით გადასული რეალიზაციას დაქვემდებარებული ქონება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულისა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევების შედეგად ჩამორთმეული და სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონება, საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საკონტროლო შესყიდვის შემდეგ დაუბრუნებელი საქონელი, საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევების შედეგად უსასყიდლოდ ჩამორთმეული და სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული საქონელი ან/და სატრანსპორტო საშუალება, საქართველოს საბაჟო კოდექსის შესაბამისად სახელმწიფოს საკუთრებაში გადაცემული საქონელი, სისხლის სამართლის საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებად მიჩნეული მოძრავი ნივთი და სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებული სხვა ქონება, რომელიც კანონის თანახმად ექვემდებარება სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცევას, სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული, სპეციალური ჭრების განხორციელების შედეგად მიღებული მერქნული რესურსი, ტყითმოსარგებლისათვის (მათ შორის, ლიცენზიატისათვის) ტყითსარგებლობის ვადის ამოწურვის ან შეწყვეტის შემდეგ სახელმწიფო ტყის ფონდიდან გამოუზიდავი მერქნული რესურსი, გამოყოფილ ტყეკაფამდე მისასვლელი სატყეო-სამეურნეო გზის მშენებლობისას მიღებული მერქნული რესურსი, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონება, საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონება [წყარო: საქართველოს კანონი სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების განკარგვის შესახებ]
მთავარი ფოტო: გაფორმების ეკონომიკური ზონა /ფოტო ბათუმელების არქივიდან
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com