სალმონელას გამო ერთ-ერთი თურქული კომპანიიდან ქათმის ხორცის იმპორტი აიკრძალა


სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თურქეთის ერთ-ერთი საწარმოდან ფრინველის ხორცის იმპორტი აკრძალა.  ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტის იმპორტის შეჩერების მიზეზი ხორცში ინფექციური დაავადების – სალმონელოზის გამომწვევი ბაქტერია სალმონელას აღმოჩენა გახდა. ბრძანება ამის შესახებ სააგენტოს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

თურქეთის რესპუბლიკის საწარმოდან ,,Erpilic Entegre Tavukculuk Uretim Pazarlama Ve Ticaret Ltd Sti” (Doganci Mah Mudurnu Yolu 7, Bolu, Turkey TR 14-0022)  იმპორტირებულ ფრინველის ხორცში (0207 სასაქონლო პოზიცია) 1 წლის განმავლობაში სალმონელას (salmonella) ორჯერ აღმოჩენის გამო 1 წლის ვადით შეჩერდა ამ საწარმოდან ფრინველის ხორცის იმპორტი.

ვეტერინარული სასაზღვრო კონტროლი 2018 წლის მარტიდან გამკაცრდა. ცვლილებების თანახმად, თუ იმპორტირებულ პროდუქტში ერთი წლის განმავლობაში ორჯერ აღმოჩნდება პათოგენური მიკროორგანიზმი (სალმონელა, ლისტერია მონოციტოგენეზი), სურსათის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, აღნიშნული პროდუქტის მწარმოებელი საწარმოდან იმპორტი ერთი წლის ვადით შეჩერდება. აგრეთვე, საქონლის მფლობელს ეკისრება ვალდებულება, ლაბორატორიული ანალიზის დასრულებამდე საქონელი განათავსოს საბაჟო საწყობში, სხვა საქონლისგან განცალკევებით, რითაც უნდა გამოირიცხოს საეჭვო სურსათის ბაზარზე მოხვედრის რისკი. 

ბრძანების თანახმად, სურსათის ეროვნული სააგენტოს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს დაევალა, თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოს ინფორმირება ამ გადაწყვეტილების შესახებ.

ამ კონკრეტული საწარმოდან ფრინველის ხორცის იმპორტის აკრძალვის შესახბ ბრძანება 2018 წლის 18 მაისს შევიდა ძალაში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ია ფრანგიშვილი არის გაზეთ "ბათუმელების" რეპორტიორი 2014 წლიდან