ბათუმში სულ რამდენიმე დღეა, რაც ახალი რესტორანი „ბერმუხა“ გაიხსნა. თუ ქალაქისგან ოდნავ მოშორებით უგემრიელესი კერძების დაგემოვნება, მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან ერთად მხიარული და სასიამოვნო დროის გატარება გსურთ, რესტორანი „ბერმუხა“ იზრუნებს თქვენს სადღესასწაულო განწყობაზე.
რესტორანი „ბერმუხა“ დროის სასიამოვნოდ გასატარებელი კიდევ ერთი გამორჩეული ადგილია ქალაქში
ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, სადაც ყველა ავეჯი თუ აქსესუარი ხისგანაა დამზადებული, შეგიძლიათ მოაწყოთ რომანტიკული ვახშამი, მეგობრების ხალხმრავალი თავშეყრა, აღნიშნოთ დაბადების დღე, გადაიხადოთ ბანკეტი და ქორწილი. 200 სტუმარზე გათვლილი რესტორანი მზადაა თქვენი ცხოვრების ყველა მნიშვნელოვანი თარიღი დაუვიწყარ დღესასწაულად აქციოს.
გამოცდილი მზარეულების მიერ საგულდაგულოდ მომზადებული ქართული და ევროპული კერძები „ბერმუხაში“ თქვენ მიერ გატარებულ დროს გემოების ფეიერვერკად აქცევს, კერძების დაგემოვნებას „თელიანი ველის“ ღვინოები: საფერავი, ქიძმარაული, როზე, ტვიში, წინანდალი, მუკუზანი და ხვანჭკარა გაგიხალისებთ.
თუ ცოცხალი მუსიკის ფონზე დიდ სივრცეში მოლხენა გსურთ, რესტორან „ბერმუხას“ დიდი დარბაზი თქვენ განკარგულებაშია, თუმცა აქ განმარტოებაც შესაძლებელია მეგობრებთან ერთად, ხის მყუდრო კუპეებში.
„ბერმუხას“ სასიამოვნო გარემოს ოჯახურ ელფერს სძენს ღია სამზარეულო, სადაც შეგიძლიათ დააკვირდეთ, როგორ ამზადებენ თქვენთვის კერძებს და როგორ ყრიან გამომცხვარ პურს ცხელი თონიდან.
გამოცდილი ბარმენები 54 სხვადასხვა სახეობის კოქტეილს ამზადებენ
რესტორანში მსუბუქი განტვირთვისთვის საუკეთესო საშუალება კოქტეილების დაგემოვნებაა. „ბერმუხაში“ გამოცდილი ბარმენები 54 სხვადასხვა სახეობის კოქტეილს ამზადებენ, თუმცა თუ ამ მრავალფეროვნებაშიც ვერ იპოვით შესაფერის მიქსს, მიშა აუცილებლად იპოვის თქვენთვის მისაღებ გემოს და ჯადოსნურ ელექსირს დაგიმზადებთ.
„ბერმუხას“ გამჭვირვალე სამზარეულო
გემრიელი კერძები, სასიამოვნო მუსიკა და მსუბუქი ალკოჰოლური ტკბობა ფასს დაკარგავდა, რომ არა მომსახურე პერსონალის პროფესიონალიზმი, კეთილგანწყობა და მუდმივი მზაობა სტუმრისთვის სასიამოვნო, დაუვიწყარი გარემოს შესაქმნელად.
„ბერმუხას“ ღიმილიანი და ენერგიული მომსახურე პერსონალი მუდამ სტუმრების სამსახურშია.
ხელმისაწვდომი ფასები, გამორჩეულად გემრიელი, მრავალფეროვანი სამზარეულო და ხალისიანი, მხიარული გარემო ახალგახსნილ რესტორანში უკვე განაპირობებს სტუმრების სიმრავლეს. უნდა აღინიშნოს, რომ „ბერმუხას“ ადმინისტრაცია ფასების ცვლილებას სეზონის მიხედვით არ გეგმავს და აქ ყოველთვის უცვლელი, ხელმისაწვდომი მომსახურება დაგხვდებათ.
ხელოვნურად შექმნილი ჩანჩქერი რესტორნის ინტერიერის ნაწილია
რესტორანი ყოველდღე, დილის ათიდან ღამის ორ საათამდე – ბოლო სტუმრის გაცილებამდე მუშაობს.
რესტორანი „ბერმუხა“ დროის სასიამოვნოდ გასატარებელი კიდევ ერთი გამორჩეული ადგილია ქალაქში, სადაც 15 ადგილობრივია დასაქმებული. როგორც რესტორნის ადმინისტრაციის წარმომადგენელი ამბობს, დროთა განმავლობაში სტაფი კიდევ უფრო გაიზრდება, რაც ქალაქში სამუშაო ადგილების შექმნისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
ადგილების ან ღონისძიების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით წინასწარ: 593 44 44 01
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შავი ზღვის სანაპიროზე დამსვენებლებს შტორმის შესახებ აფრთხილებს.
„დღეს, 6 ივლისს, ზღვაზე მოსალოდნელია 4-ბალიანი შტორმი, რის გამოც ბანაობა აკრძალულია. ყველა სამაშველო კოშკურაზე აღმართულია წითელი ალამი. ყურადღება მიაქციეთ ამკრძალავ ნიშნებს. კოშკურებზე თეთრი ალმის აღმართვის შემთხვევაში ზღვაზე ბანაობა ნებადართული იქნება,“ – აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე.
რადიო „ფორტუნას“ მიერ გავრცელებული ინტერვიუს შესახებ, რომლის ერთი ნაწილი C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის მკურნალობას ეხებოდა, მეორე დღეა განმარტებები კეთდება. საქართველოში მოქმედმა სამედიცინო პროფილის ორგანიზაციებმა, რომლებიც დაკავშირებული არიან ამ პროგრამასთან, გაავრცელეს დეტალური განმარტება, რომლის მიხედვითაც C ჰეპატიტის პროგრამით მკურნალობა კიბოს არ იწვევს.
„ბათუმელები“ დაუკავშირდა თურქეთში მდებარე ერთ-ერთ კლინიკაში დასაქმებულ ქართველს, მალინა ბერეკაშვილს და პრესაში მისი სახელით გავრცელებულ კომენტართან დაკავშირებით განმარტება სთხოვა. მალინა ბერეკაშვილი პროფესიით ექიმი არ არის, იგი კლინიკაში დირექტორის მრჩევლის პოზიციაზე მუშაობს.
მალინა ბერეკაშვილის თქმით, მას არ უთქვამს, რომ საქართველოში მოქმედი C ჰეპატიტის პროგრამა იწვევს კიბოს.
„C ჰეპატიტის პროგრამა კი არ იწვევს სიმსივნეს. C ჰეპატიტი გენეტიკურად როდესაც გამოიდევნება ორგანიზმიდან, შეიძლება მოხდეს რეციდივი სიმსივნის სახით. ყველასთან არა, შეიძლება ოცი პაციენტიდან ერთში გადაგვარდეს კიბოს სახით.
მე არ ვამბობ, რომ საქართველოში არსებული C ჰეპატიტის პროგრამა კლავს. C ჰეპატიტი არის რთული ვირუსი და მას სჭირდება სხვა სპეციფიკით მიხედვა. კვლევები უნდა ჩატარდეს სრულყოფილად. მხოლოდ ექოსკოპიით და ანალიზებით არ უნდა დასვან დიაგნოზი და ამის საფუძველზე პაციენტს დააწყებინონ C ჰეპატიტის პროგრამით განსაზღვრული წამლები.
თვითონ C ჰეპატიტია რთული ვირუსი, როდესაც ორგანიზმიდან განიდევნება, ბოლომდე არ გადის, უჯრედულად მაინც რჩება, რაც არ უნდა ვიმკურნალოთ. რადგან უჯრედულად რჩება, ის შეიძლება გადაგვარდეს ონკოდაავადებად. ამას ვამბობ, თორემ C ჰეპატიტით ვინც იმკურნალა, მერე ორი წლის თავზე სიმსივნით მოვიდა-თქო, მე ეგ არ მითქვამს“.
რა შემთხვევაში შეიძლება ადამიანს, რომელსაც C ჰეპატიტი აქვს განუვითარდეს კიბო?
„კიბო შეიძლება განვითარდეს მაშინ, როდესაც ანტივირუსული მკურნალობა დაწყებულია ღვიძლის დაზიანების მაღალი ხარისხის ეტაპზე. ასეთ პაციენტებს არ ვეუბნებით უარს და პროგრამაში ჩართვაში შანსს ვაძლევთ. მათ დიდ პროცენტში ვიღებთ კიდევაც შედეგს, მაგრამ პაციენტების ნაწილში, მიუხედავად იმისა, რომ ვირუსი განულდება და აღარ არსებობს, თვითონ ღვიძლის დაზიანების პროცესის შეჩერება ვერ ხერხდება. ეს ბოლოს შეიძლება სიმსივნეში გადავიდეს,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ C ჰეპატიტის სახელმწიფო კომისიის წევრი, ექიმი-ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი.
მაია ბუწაშვილის თქმით, C ჰეპატიტის მკურნალობა სიმსივნური დაავადებებს არათუ არ ავითარებს, ხშირ შემთხვევაში, პირიქით, პრევენციაში ეხმარება:
„ანტივირუსული მკურნალობის მთელი მიზანი არის ის, რომ ვირუსი მოვაცილოთ ორგანიზმს. ამის ფონზე მინიმუმამდე დავიყვანოთ რისკი, რომ ღვიძლის დაზიანებები გაგრძელდეს და პირიქით ღვიძლის დაზიანებების უკუგანვითარების პროცესი მოხდეს. ციროზი არის ის დაავადება, რომელიც რთულდება ღვიძლის კიბოთი, იგივე კარცინომით. თუ ციროზი არ დადგა, ვერ იქნება ღვიძლის კიბო ჰეპატიტით გამოწვეული. ამიტომ როდესაც ციროზის წინააღმდეგ არის მიმართული ეს მკურნალობა, ავტომატურად ნიშნავს, რომ ამ ადამიანებს სიმსივნის რისკიც აღარ აქვთ. შესაბამისად, ანტივირუსული მკურნალობის მთელი იდეა არის ის, რომ ამ ხალხს სიმსივნე აღარ დაემართოს. რეალურად, ყველაფერი არის იმის საპირისპირო, რაც ითქვა ინტერვიუში“.
აჭარის მთავრობა ქობულეთის ფიჭვნარში კიდევ ერთ საინვესტიციო პროექტს განიხილავს – ინვესტორი ქობულეთის ზღვისპირა ზოლში 1,2 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთს ითხოვს. საინვესტიციო წინადადება აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში ჯერ არ განუხილიათ, შესაბამისად, არ ვიცით რა ოდენობის ინვესტიციაზეა საუბარი. ვიცით ის, რომ ინვესტორს ქობულეთის სარეკრეაციო ზოლში, პარკის მიმდებარედ სასტუმრო კომპლექსისა და აკვაპარკის მოწყობა სურს.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ინვესტორის წინადადება განსახილველად ქობულეთის მერიას გადაუგზავნეს. მერიას გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. გასათვალისწინებელია ისიც, რომ თანხმობის შემთხვევაში, ქობულეთის მერიას მოუწევს დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება ქობულეთის განაშენიანების გეგმაში ცვლილების შესატანად, ინვესტორის მიერ მოთხოვნილ ტერიტორიაზე სარეკრეაციო-ლანდშაფტური ზონის სტატუსის მოხსნის მიზნით. წინააღმდეგ შემთხვევაში ამ ადგილზე მშენებლობის ნებართვის გაცემა კანონის დარღვევა იქნება.
ქობულეთის მერის, მირიან ქათამაძის ინფორმაციით, შპს „ჯინო ჰოლდინგის“ საინვესტიციო წინადადების შესახებ კორესპოდენცია ქობულეთის მერიაში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსგან მიიღეს. მერიის მიზანშეწონილობის კომისიამ ის უკვე განიხილა, თუმცა ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია. „ჩვენ მხოლოდ შევიმუშავეთ პირობები, რა პირობებითაც ეს ნაკვეთი შესაძლოა გადაეცეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს“, – გვითხრა მირიან ქათამაძემ.
ქობულეთის მერი სატელეფონო საუბარში ამბობს, რომ ზუსტად არ ახსოვს რა პირობებზე შეთანხმდნენ მიზანშეწონილობის კომისიის სხდომაზე. თუმცა ახსოვს, რაც ჩაწერეს ჩამონათვალში – შეთანხმების შემთხვევაში საჭირო იქნება პროექტის განსახორციელებლად მოთხოვნილი ტერიტორიის ზონის სტატუსის შეცვლა. გარდა ამისა, ინვესტიციის განხორციელებაზე შეთანხმების შემთხვევაში, ქობულეთის მერია ითხოვს ტერიტორიის გასხვისებით მიღებული შემოსავალი ქობულეთის ბიუჯეტს დარჩეს:
„ეს არის ჯერჯერობით პირველადი ინფორმაციის გაცვლა, არანაირად არ გულისხმობს ნაკვეთის გადაცემის წინაპირობას… თუკი ის მისაღებია საკურორტო ქალაქის განვითარებისთვის, მაშინ ჩვენ შეიძლება ვიფიქროთ ამ ნაკვეთზე ლანდშაფტურ-ეკონომიკური ზონის სტატუსის მოხსნაზე და არა მხოლოდ ამ მიწის ნაკვეთებზე, არამედ სხვა მიწის ნაკვეთებზეც, სადაც შესაძლებელია ქალაქისთვის მნიშვნელოვანი ინვესტიცია განხორციელდეს“.
ადმინისტრაციული წარმოება გულისხმობს სხვადასხვა უწყების მხრიდან საინვესტიციო წინადადებით შეთავაზებული პროექტის შეფასებას და შესაბამისი დასკვნის მომზადებას, რაც შეიძლება გახდეს დაგეგმილ პროექტზე თანხმობის ან უარის თქმის საფუძველი.
ქობულეთის მერს ჯერ არ აქვს ჩამოყალიბებული მოსაზრება ამ კონკრეტულ პროექტთან მიმართებაში. თუმცა ამბობს, რომ მისი, როგორც მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელის მიდგომა თამამია და მიიჩნევს, რომ ქობულეთში აუცილებლად უნდა მიიღონ გადაწყვეტილებები, „რომელიც ეხება ქობულეთის სანაპირო ზოლში საინტერესო ქალაქისთვის მნიშვნელოვანი და სწორი ინვესტიციების განხორციელებას, რაც შეიძლება გამოიხატოს ისეთი ობიექტების არსებობაში, რომელიც გულისხმობს თანამედროვე მოთხოვნებთან შესაბამისი ობიექტების არსებობას და თანამედროვე მომხმარებლის პრეტენზიაზე და სურვილზე გათვლილ სერვისს“.
„ბათუმელებისთვის“ არაოფიციალურად ცნობილია, რომ ინვესტორს მიწის ნაკვეთის მიღება პირდაპირი წესით და პირობით სურს. ეს იმას ნიშნავს, რომ მთავრობის თანხმობის შემთხვევაში ქონება აუქციონის გარეშე, კონკურენტულ გარემოში არ გაიყიდება. ამ ინფორმაციას ქობულეთის მერი მირიან ქათამაძე არ ადასტურებს და ამბობს, რომ მიწის ნაკვეთის პირდაპირი წესით გაცემა არ იგეგმება.
C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მისი დაწყებიდან დღემდე 43 011 ადამიანი C ჰეპატიტისგან სრულად განიკურნა. ინფორმაცია ამის შესახებ „ბათუმელებს“ ჯანდაცვის სამინისტრომ მიაწოდა.
„2002 წლის მონაცემი გვქონდა ასეთი, მოსახლეობის დაახლოებით 6,9 % იყო დაავადებული C ჰეპატიტით. ადამიანები ყიდდნენ სახლებს იმისთვის, რომ დაეფინანსებინათ მკურნალობა.
2015 წელს, როდესაც დაიწყო C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამა, ჩატარდა განახლებული კვლევა, რომელმაც ძირითადად დაადასტურა წინა მონაცემები – მოსახლეობის 5,5 %-ი იყო დაავადებული აქტიური C ჰეპატიტით,“ – ამბობს ჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის და პროგრამების სამმართველოს უფროსი ეკა ადამია.
C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამა საქართველოს დაახლოებით 150 ათას მოქალაქეზეა გათვლილი. დღეის მონაცემებით, ჯამში პროგრამაში 49 ათასზე მეტი პაციენტია დარეგისტრირებული. მათგან მკურნალობა დასრულებული აქვს 43 800-ზე მეტ პაციენტს. მათ შორის სრულად განკურნების მაჩვენებელი 98,2 % -ია.
„როდესაც ჩვენ პროგრამა დავიწყეთ თავიდან მომართვიანობა იყო ძალიან მაღალი. პირველ ეტაპზე მძიმე ფორმით ღვიძლის დაზიანების მქონე პაციენტები ერთვებოდნენ პროგრამაში. 5000 პაციენტზე ცოტა მეტი იყო ასეთი და მათ შორისაც განკურნების მაჩვენებელი მაღალი იყო. იყო ისეთი ქეისები, რომლებიც ვერ მიაღწევდა სრულ განკურნებას, მაგრამ შანსი ამათაც მიეცათ. 2016 წლიდან ჩართვის კრიტერიუმი საერთოდ მოიხსნა და კიდევ უფრო გაიზარდა მიმართვიანობა, რადგან ყველასთვის ხელმისაწვდომი იყო, თუკი ვინმეს სადმე დაუფიქსირდებოდა.
შემდეგ უკვე მომართვიანობამ იკლო: ახლა ჩვენ გვაქვს საქმე იმ 100 ათას ადამიანთან, რომლებმაც შესაძლოა არ იციან, რომ ავად არიან, რადგან C ჰეპატიტი არის ჩუმი მკვლელი, რეალურად არ ვლინდება და როცა ვლინდება უკვე არის შორს წასული ფორმა და მძიმე დაზიანება. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მოქალაქეებმა ჩაიტარონ სკრინინგული კვლევა. ამ კვლევის დადებითი პასუხის შემთხვევაში ჩაიტარონ კონფირმაციული კვლევა, რომელიც ადასტურებს, რომ ნამდვილად აქვს თუ არა ადამიანს C ჰეპატიტი. ეს ორივე კვლევა ყველასთვის არის უფასო და ხელმისაწვდომი,“ – ამბობს ეკა ადამია.
C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამა 2020 წლისთვის სრულდება, თუმცა გამოვლენილი პაციენტების მკურნალობის შესაძლებლობა პროექტის დასრულების შემდეგაც იქნება შესაძლებელი.
„ჩვენ 90% უნდა გამოვავლინოთ დაავადებულების, 95% უნდა ჩავრთოთ მკურნალობაში და მათ შორის 95 % უნდა განვკურნოთ. ეს სამიზნეები არის 2020 წლისთვის განსაზღვრული,“ – ამბობს ეკა ადამია.
ვინ უნდა გახდეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე – ამ საკითხზე ყველა მსჯელობს პრეზიდენტის გარდა, რომელმაც კანდიდატზე გადაწყვეტილებაზე უნდა მიიღოს. მან ორი კვირის ვადაში თავმჯდომარეობის კანდიდატი უმაღლეს საბჭოს უნდა წარუდგინოს. პრეზიდენტის ადმინისტრაციას კანონით გათვალისწინებული კონსულტაციები უმაღლეს საბჭოსთან ჯერ არ დაუწყია.
კონსულტაციებს მართავენ საქართველოს პარლამენტის წევრები, „ქართული ოცნების“ წევრები. თითოეული მათგანი საჯარო გამოსვლებში ხაზს უსვამს იმას, რომ ისინი გადაწყვეტილებას „გუნდურად მიიღებენ.“
კანონის მიხედვით, პრეზიდენტი უმაღლესი საბჭოს წევრებთან კონსულტაციების შედეგად მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატს ასახელებს, რასაც კენჭს უყრის აჭარის უმაღლესი საბჭო. საქართველოს მთავრობა ამ პროცესში ჩართული არ არის.
რატომ მსჯელობენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურაზე იმ ინსტიტუციებში, ვისაც ეს საკითხი არ ეხება? ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ აჭარის მთავრობის ახალ თავმჯდომარეს რეალურად უმაღლესი საბჭოს ნაცვლად სხვა აირჩევს – უმაღლეს საბჭოს უმრავლესობის წევრებს ეს შეკითხვა აღიზიანებთ. აქ მიიჩნევენ, რომ „კონსულტაცია მოცულობითი სიტყვაა“.
„დეპუტატებს ერთმანეთთან გვაქვს კონსულტაციები,“ – ეს ფრაზა გვითხრა ფრაქცია „ქართული ოცნება – აჭარას“ ხელმძღვანელმა, დავით ბაციკაძემ. იგივე გვითხრა მმართველი პოლიტიკური ძალის მეორე ფრაქციის „ქართული ოცნება – მაჟორიტარების“ ხელმძღვანელმა, ილია ვერძაძემ.
„კონსულტაცია მოცულობითი სიტყვაა. მე შემიძლია პარტიულ მეგობარსაც ვკითხო აზრი… ჩვენ ველოდებით პრეზიდენტის მოწვევას, მანამდე ვიმსჯელებთ კანდიდატებზე,“ – ამბობს ილია ვერძაძე.
„რომელიმე ამბობს, რომ უმაღლესი საბჭოს გარეშე შევარჩევთ აჭარის მთავრობის თავმჯდომარესო? ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია ყველა ინსტიტუციასთან, პარტიის ხელმძღანელობაც იქნება ამაში ჩარეული. ინსტიტუციურად კი ვართ დამოუკიდებელი, მაგრამ კანონით ერთიანი ვართ,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ საუბრის დროს დავით ბაციკაძემ.
მთავრობის თავმჯდომარის პოსტი ზურაბ პატარაძემ გუშინ, 4 ივლისს დატოვა. 3 ივლისს არაფორმალურ გარემოში ზურაბ პატარაძე ბათუმში, ერთ-ერთ სასტუმროში პარლამენტის თავმჯდომარეს – ირაკლი კობახიძეს შეხვდა. გადადგომის დროს ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, რომ მისი გადადგომის შესახებ „გადაწყვეტილება მიღებულია გუნდურად“
ჰქონდა თუ არა კონსულტაციები ზურაბ პატარაძეს გადადგომამდე უმაღლესი საბჭოს წევრებთან, ვის მიმართაც იგი ანგარიშვალდებული იყო კანონით? – დავით ბაციკაძის და ილია ვერძაძის თქმით, ასეთი კონსულტაცია ზურაბ პატარაძეს რამდენიმე დეპუტატთან თავის სამუშაო კაბინეტში ჰქონდა.
აპირებს თუ არა პრეზიდენტი შეცვალოს აქამდე დამკვიდრებული პრაქტიკა და მმართველი პოლიტიკური გუნდისთვის მისაღები კანდიდატი არ დაასახელოს? – ანა ნაცვლიშვილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის საპარლამენტო მდივანი ამბობს, რომ „ამ ყველაფერზე საუბარი ნაადრევია. პრეზიდენტი გაივლის კონსულტაციებს აჭარის უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილ ყველა პოლიტიკურ სუბიექტთან და ამის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას. ვნახოთ, რა იქნება პარტიების პოზიციები, ამის შემდეგ გვეცოდინება პრეზიდენტის გადაწყვეტილება,“ – ამბობს ის.
შეუძლია თუ არა პრეზიდენტს კონსულტაციების დროს უმრავლესობის მიერ დასახელებულ კანდიდატზე უარი თქვას? – ანა ნაცვლიშვილი განმარტავს, რომ კანონი არ ავალდებულებს პრეზიდენტს, აუცილებლად პარტიების მიერ დასახელებული კანდიდატებიდან შეარჩიოს კანდიდატი.
შეიძლება თუ არა ამ ნაბიჯზე წავიდეს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი? – პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა შეკითხვას ასე უპასუხა: „კონსულტაციებამდე პრეზიდენტს პოზიცია არ აქვს. ისევე, როგორც 2016 წელს, ახლაც პრეზიდენტი ჩამოვა აჭარაში და შეხვდება პოლიტიკურ ჯგუფებს“, – გვითხრა მან.
კონსტიტუციის მიხედვით, თუკი პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ კანდიდატს უმაღლესი საბჭო ზედიზედ ორჯერ მხარს არ დაუჭერს, პრეზიდენტს პარლამენტის წინაშე უმაღლესი საბჭოს დათხოვნის მოთხოვნის დაყენება შეუძლია.
რას ფიქრობენ უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, თუკი პრეზიდენტი უმრავლესობის სურვილს არ გაიზიარებს და იგი განსხვავებულ კანდიდატს დაასახელებს? – უმრავლესობის წევრები ამ ვერსიას გამორიცხავენ.
„მიუღებელ კანდიდატს რატომ დაასახელებს. კანდიდატი დასახელდება ჩვენთან კონსულტაციის შედეგად… არც ვუშვებ მაგას, რომ ასე შეიძლება მოხდეს. თუ მოხდება, მერე ვისაუბროთ მაგ საკითხზე,“ – გვითხრა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, მერაბ კარანაძემ.
ცოტნე ანანიძე, ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე: პრეზიდენტის მხრიდან ჯერ არ ყოფილა ამაზე საუბარი. უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილ პოლიტიკურ ძალებთან კონსულტაციების შემდეგ გამოიკვეთება პერსონა, რომელიც მისაღები უნდა იყოს, ეს არის პოლიტიკური ლოგიკა. თუ პრეზიდენტი რამე განსხვავებულ გადაწყვეტილებას მიიღებს, ამაზე წინასწარ საუბარი არასერიოზულია. ჯერ უნდა დაველოდოთ კანდიდატს. თუ იქნება განსხვავებული მოცემულობა, უნდა დავაკვირდეთ, ვინ იქნება კანდიდატი.“
ბათუმში არაერთი კორპუსი სიმაღლეში სცდება იმ ზღვარს, რაც ბათუმის აეროპორტში ფრენების უსაფრთხოებისთვისაა დაშვებული. აეროპორტებში ფრენების უსაფრთხოებისთვის საერთაშორისო სტანდარტით, ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის მე-14 დანართის 1-ლი ტომის მოთხოვნებით, დადგენილია სიმაღლეების შეზღუდვის სივრცეები და დაშვებული სიმაღლეები. ამ კონვენციას საქართველოც მიერთებულია.
თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანია „ტავ ჯორჯიაში“ „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ „ბათუმის მერიამ სამშენებლო ნებართვის გაცემამდე უნდა გაითვალისწინოს აეროდრომის ექსპლუატანტის მიერ დადგენილი დასაშვები სიმაღლე და ტექნიკური პირობები“.
ბათუმის მერიაში კი, რომელიც მშენებლობის ნებართვებს გასცემს, აცხადებენ, რომ ყველა პროექტი ნებართვის გაცემამდე ეგზავნება ბათუმის აეროპორტს.
„მშენებლებს აეროპორტისგან თანხმობებიც აქვთ და ოფიციალური წერილებიც მოაქვთ, ან ჩვენ ვავალდებულებთ დამკვეთს, რომ მოიტანოს თანხმობა. იყო აეროპორტისგან უარიც და გადააკეთეს პროექტი“, – გვითხრა მირიან მეტრეველმა, ბათუმის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა.
„ტავ ჯორჯიაში“ აცხადებენ, რომ აეროდრომის განლაგების რაიონში სიმაღლეები აეროდრომის ექსპლუატანტთან თანხმდება 2015 წლის 11 დეკემბრიდან. მანამდე სიმაღლეები ექსპლუატანტთან არ თანხმდებოდა.
2016 წლიდან დღემდე, „იყო შემთხვევები, როდესაც ასაშენებელი ობიექტის საპროექტო სიმაღლე აღემატებოდა დასაშვებ სიმაღლეებს, რაზედაც ჩვენ მიერ განსაზღვრული იქნა დასაშვები სიმაღლეები და შესაბამისი ინფორმაცია მიეწოდა განმცხადებელს“, – აცხადებენ „ტავ ჯორჯიაში“.
ამავე კომპანიის ინფორმაციით: „ობიექტები, რომელთა დასაშვები სიმაღლე განისაზღვარა აეროდრომის ექსპლუატანტის მიერ, ამჟამად არის მშენებლობის პროცესში ან მათი მშენებლობა არ დაწყებულა. აღნიშნულიდან გამომდინარე ბათუმის მერიას რამდენად აქვს გათვალისწინებული ობიექტის დადგენილი დასაშვები სიმაღლე და ტექნიკური პირობები ამჟამად უცნობია“.
საერთაშორისო სტანდარტებს [ტექნიკურ ნორმებს] აეროდრომის დაცვის არეების განსაზღვრისათვის, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (ICAO) ადგენს. საქართველოში, შესაბამისი კანონმდებლობით, აეროდრომის დაცვის არეს ადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო. ეს არე გულისხმობს აეროდრომისათვის დაბრკოლებებისაგან შემზღუდავი ზედაპირების დაწესებას, რომელიც კონკრეტული ადგილმდებარეობის მიხედვით იცვლება.
ბათუმის აეროპორტის დაბრკოლებების შემზღუდველი ზედაპირებით შემოფარგლული აეროდრომის რაიონის სქემა. ამ მოქმედ სქემაზე წითელი ხაზით აღნიშნულია დაბრკოლებების შემზღუდველი ზედაპირების საზღვარი. აეროდრომის დაცვის არე შედგება შემდეგი შემზღუდველი ზედაპირებისაგან: აფრენისა და დაფრენის ზედაპირი, შიდა გარდამავალი ზედაპირი, გარდამავალი ზედაპირი, შიდა ჰორიზონტალური ზედაპირი და კონუსური ზედაპირი რომელთაც გააჩნიათ განსხვავებული პარამეტრები. / წყარო: სამოქალაქო ავიაციის სააგენტო
სააგენტოს ინფორმაციით, ბათუმის აეროდრომთან მიმართებაში, მათ მიერ დადგენილია და შესაბამის ნებართვის გამცემ უწყებებისთვის დაგზავნილია ბათუმის აეროდრომის დაცვის არე [რაიონი].
„დაგეგმილი შენობა-ნაგებობის სიმაღლის შესათანხმებლად ადგილობრივი მუნიციპალიტეტები ან დაინტერესებული პირები მიმართავენ აეროდრომის ექსპლუატანტებს. სიმაღლის გათვლა ხორციელდება სამშენებლო მოედნის შემაღლების გათვალისწინებით [თუ რა შემაღლება გააჩნია ასაფრენ-დასაფრენ ზოლთან მიმართებაში] და რომელი შემზღუდველი ზედაპირის გავრცელების არეალში ხვდება კონკრეტული შენობა-ნაგებობა, რასაც სამშენებლო მოედნის დაცილების, შემაღლებისა და შემზღუდველი ზედაპირების ურთიერთმიმართების გაანგარიშების საფუძველზე ითვლის აეროდრომის ექსპლუატანტი. ის შეითანხმებს დაგეგმილ სიმაღლეს ან გასცემს რეკომენდაციას სიმაღლის შეზღუდვასთან დაკავშირებით. ხოლო, შეუსაბამობის შემთხვევაში უფლებამოსილია მოითხოვოს დადგენილ ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანა“, – მოგვწერეს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან.
ბათუმის აეროდრომის დაცვის რაიონი და ხელოვნური დაბრკოლებები
ქ. ბათუმის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე სიმაღლეების შეზღუდვის სივრცეები. ყვითელი ზოლებით დატანილია შეზღუდვის რაიონები, სადაც განსხვავებული სიმაღლეებია დაშვებული / წყარო: ბათუმის მერია
ნებისმიერი აეროდრომისთვის არსებობს არეალი, რაიონი, სადაც დაშვებულია მაქსიმალური სიმაღლე. ბათუმის აეროპორტის შემთხვევაში ეს არეალი ასაფრენი ბილიკიდან 6,1 კილომეტრ რადიუსზე ვრცელდება და თითქმის მთლიანად მოიცავს ქალაქს [აეროპორტიდან პორტამდე, ასევე ჭოროხის დელტას, ხელვაჩაურსა და გონიოს ყოფილი პოლიგონის ტერიტორიებს]. თითოეულ რაიონში კი კონკრეტული სიმაღლეებია დაშვებული.
„ბათუმის აეროდრომის დაცვის არეში ის შენობები, რომლებიც კვეთენ დაცვის დადგენილ სიბრტყეებს [ანუ დაშვებულ სიმაღლეზე მაღალია – ავტ.] აეროპორტის ექსპლუატანტისა და შპს „საქაერონავიგაციის“ მიერ აღირიცხებადაქვეყნდებასააერნაოსნოინფორმაციისკრებულში (AIP), ასევეხდებამათიგათვალისწინებაფრენისსტანდარტულიპროცედურებისშემუშავებისდროს, რათამაქსიმალურადდაცულიიყოსბათუმისსაერთაშორისოაეროპორტშიფრენებისუსაფრთხოება“, – მოგვწერეს სააგენტოდან.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქაერონავიგაციაში“ „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ისინი საფრენოსნო სქემას გადაფარვის პრინციპით ამუშავებენ ყველაზე მაღალი დაბრკოლების გათვალისწინებით.
„საქაერონავიგაციის“ ინფორმაციით, 2018 წლის 21 ივნისიდან აამუშავეს ახალი საფრენოსნო სქემა, „რომლის სტანდარტული პროცედურების შემუშავების დროს გათვალისწინებული იქნა ყველა ბუნებრივი თუ ხელოვნურად არსებული დაბრკოლება, რომელიც ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს საკმაოდ სპეციფიკურს ხდის“.
„საქნავიგაციაში“ აცხადებენ, რომ ახალი სქემის შემუშავებისას, „ყურადღება მიექცა ბათუმში მაღლივი კორპუსების მშენებლობას, რომელიც გარკვეულწილად პრობლემას ქმნის ზოგადად ავიაციისთვის, ვინაიდან აეროდრომის შემთხვევაში, აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული ეს შენობები, როგორც ხელოვნური დაბრკოლებები. 21 ივნისისთვის გათვალისწინებული იქნა ყველა მშენებარე და დასრულებული კორპუსი და მაქსიმუმია გაკეთებული, რომ აეროპორტის გამტარუნარიანობა დაცული იყოს. ჩიკაგოს კონვენციის რამდენიმე დანართი არსებობს და იმ მოთხოვნებს, რომელთა დაცვაც ჩვენი ვალდებულებაა, ვასრულებთ ჩვენი ფუნქციის ფარგლებში. ნავიგაციის კუთხით ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ დაფრენის პროცედურა ბათუმის აეროპორტში იქნება უსაფრთხო“.
ქ. ბათუმის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე სიმაღლეების შეზღუდვის სივრცეები, სიმაღლეების მითითებით [ახლო ხედით ბათუმზე] / წყარო: ბათუმის მერია. მერიაში და „ტავ ჯორჯიაში“ აცხადებენ, რომ ეს რუკა მოძველებულია, თუმცა, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, დაცვის არეალი და სიმაღლეები არ შეცლილა და ახალ რუკაზე ახლა მუშაობენ. რუკა მოძველებულად შეიძლება მივიჩნიოთ იმ კუთხით, რომ მასზე დატანილი არ არის ის მაღლივი შენობები, რომლებიც ამ რუკის შედგენის შემდეგ აშენდა ბათუმში.ბევრი შენობა ბათუმში გაცილებით მაღალია, ვიდრე ეს დაშვებულია სქემით [განსაკუთრებით ასაფრენი ზოლიდან 4-კილომეტრიან რადიუსში, სადაც მაქსიმალურ სიმაღლედ დაშვებულია 45 მეტრი სიმაღლის შენობა] არის თუ არა ეს მაღალი შენობები პრობლემა აეროპორტის ნორმალურად ფუნქციონირებისთვის?
„ბათუმში არსებული არც ერთი მაღალი შენობა არ კვეთს უსაფრთხოებისთვის აუცილებელ სიბრტყეებს, მაქსიმალურად არის დაცული ICAO-ს საერთაშორისო საავიაციო სტანდარტები და არანაირ საფრთხეს არ უქმნის ბათუმის აეროპორტში უსაფრთხო ფრენების განხორციელებას“, – მოგვწერეს „საქაერონავიგაციიდან“.
„ტავ ჯორჯიას“ ინფორმაციით კი, „4-კილომეტრიან რადიუსში [გარდა დაფრენაზე შესვლის და აფრენისას სიმაღლის აღების ზედაპირებისა] საშუალო ზღვის დონიდან 45 მეტრი სიმაღლის შენობის განთავსება დასაშვებია ასაფრენ/დასაფრენი ზოლის ღერძულა ხაზიდან 470 მეტრის დაშორებით. შენობა-ნაგებობები, რომელთა სიმაღლე საშუალო ზღვის დონიდან აღემატება 45 მეტრს ითვლება დაბრკოლებად, აყვანილია შესაბამის კონტროლზე და გათვალისწინებულია სახელსაწყო დაფრენის სქემებზე“.
როგორ მოქმედებს ეს ხელოვნური დაბრკოლებები, ანუ კონკრეტულ ზოლებში დაშვებულ სიმაღლეზე მაღალი შენობები ნავიგაციაზე? – „საქაერონავიგაციაში“ განაცხადეს, რომ მათი მოვალეობაა გარკვეულ სიმაღლეზე თვითმფრინავი დაეშვას უსაფრთხოდ: „თუ აღიმართება რაიმე შენობა, ჩვენ ისე გავმართავთ დაშვების პროცედურას, რომ ამ მაღალ შენობასაც გავითვალისწინებთ. და ყველა მომდევნო ასეთი შენობის აღმართვის შემთხვევაში ჩვენ მოვახდენთ ამ პროცედურის მოდიფიკაციას. თუმცა, ეს, საბოლოო ჯამში, აეროდრომზე იქონიებს გავლენას, მაგრამ უსაფრთხოება იქნება გარანტირებული“.
დაფრენის პროცედურებთან დაკავშირებით მეტი განმარტება „საქაერონავიგაციიდან“ ვერ მივიღეთ. კომპანიაში გვითხრეს, რომ „დაფრენის პროცედურა გათვლილია მფრინავისთვის და არა საზოგადოებისთვის“.
თუ დაფრენისას თვითმფრინავი აეროდრომზე ვერ ჯდება, მან მანევრი, ანუ მეორე წრეზე წასვლა ბათუმის თავზე უნდა განახორციელოს. მაღლივი შენობების გათვალისწინება კი სწორედ ასეთი აუცილებლობის დროს ხდება.
„ბათუმელების“ კითხვაზე, რა გავლენა შეიძლება იქონიოს ქალაქში ახალი მაღლივი კორპუსების მშენებლობებმა ნავიგაციაზე? – „საქნავიგაციაში“ გვიპასუხეს, რომ „თუ გაგრძელდა ეს მშენებლობები, აეროპორტის მახასიათებლები შეიცვლება და შესაძლოა კომპანიებმა გადაწყვიტონ, რომ თუნდაც ცუდ ამინდში ვერ იფრენენ ბათუმში. ეს ეხება ნებისმიერ აეროპორტს, რომლის სიმაღლეების შეზღუდვის ზონებში შეიქმნება ხელოვნური დაბრკოლებები“.
აუცილებელია თუ არა ბათუმის აეროდრომის დაცვის არეში, მაგალითად, 4-კილომეტრიან რადიუსში, მშენებლობის დროს დაცული იქნას არსებული შეზღუდვა და არ აშენდეს 45 მეტრზე მაღალი შენობა? – ამ კითხვით სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მივმართეთ.
„აეროდრომის ასაფრენ-დასაფრენ ზოლთან მიმართებაში, 4-კმ რადიუსში [შიდა ჰორიზონტალურ სიბრტყეში], მიზანშეწონილია დაცული იქნას 45-მეტრიანი სიმაღლის შეზღუდვა, მაგრამ დასაშვებია 45 მ-ზე მაღალი ობიექტის განთავსება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უკვე არსებული უფრო მაღალი ობიექტი დაჩრდილავს ასაშენებელ ობიექტს“, – მოგვწერეს ავიაციის სააგენტოდან.
4-კილომეტრიანი რადიუსი, რომელიც მაგალითისთვის ავიღეთ, საკმაო ტერიტორიას მოიცავს და აეროპორტიდან თითქმის ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფომდე ვრცელდება. ამ სივრცეში კი არაერთი შენობაა 45 მეტრზე მაღალი [მათ შორის 75 და 105 მეტრის]. ამ ეტაპზე სააგენტოსთან არ დაგვიკონკრეტებია, რომელი შენობა რომელს ჩრდილავს, თუმცა გვაქვს დოკუმენტები, რომლითაც ირკვევა, რომ იგივე სააგენტოს წერილის საფუძველზე, დაახლოებით 6 წლის წინ, ამ ზოლში, ერთ-ერთ კომპანიას არ მისცეს უფლება აეშენებინა 45 მეტრზე მაღალი შენობა.
საუბარია აეროპორტის ასაფრენ ზოლთან ახლოს, პლაჟთან არსებულ ნაკვეთზე, სადაც „რეკან გრუპ ჯორჯია“ სასტუმროსა და აპარტოტელებს აშენებს. მშენებლობის ნებართვა ბათუმის მერიის მიერ 2016 წლის მარტშია გაცემული 48,5 მეტრი სიმაღლის შენობების აშენებაზე. ამ ნაკვეთზე კი სხვა კომპანიას – „სისთემ ინშაათს“, რომელსაც აქ 200 ნომრიანი სასტუმრო უნდა აეშენებინა, უარი ეთქვა 45 მეტრზე მაღალი შენობის აშენებაზე.
დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ „სისთემ ინშაათ“-ის განცხადებით, „მშენებლობის ნებართვის პროცესში გაირკვა, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე შეუძლებელი იყო მსგავსი პროექტის განხორციელება, ვინაიდან სსიპ „სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს“ წერილით ირკვევა, რომ სამშენებლო მიწის ნაკვეთი მდებარეობს აეროპორტის ასაფრენი ბილიკის სიახლოვეს და აღნიშნულ ტერიტორიაზე შეუძლებელია 45 მეტრზე მეტი შენობის აშენება. შესაბამისად [ბათუმის] მერის 2012 წლის 12 ივლისის ბრძანებით უარი ეთქვათ პროექტის შეთანხმებაზე“.
იზრდება თუ არა შემზღუდავ ზონებში დაშვებული სიმაღლე
ბათუმის მერიის არქიტექტურის სამსახურში ამბობენ, რომ მათთან არსებული სქემა მოძველებულია და ელოდებიან ახალს.
„აეროპორტიდან რუკები როცა გადმოგვცეს, გვითხრეს, რომ ამა და ამ არეალში რაც კი იქნება დაგეგმილი მშენებლობა შეგვითანხმეთ პროექტებიო. აეროპორტის სიახლოვეს რაც მშენებლობებია – მაღალი თუ დაბალი, ყველა პროექტს ვაგზავნით აეროპორტში. იყო გაუგებრობები ამ რუკებთან დაკავშირებით და ჩვენ ვაპირებთ მივწეროთ შესაბამის უწყებას გამოგვიგზავნონ ბოლო რუკა/სქემა… სამშენებლო პროცესს ვერ შევაჩერებთ, მოგვაწოდონ უნდა არეალების მიხედვით, სად რა სიმაღლეა დაშვებული, რაც გვაქვს, იმაზე თქვეს, მოძველებულიაო“, – ამბობს მირიან მეტრეველი.
„ტავ ჯორჯიაში“ გვითხრეს, რომ მერიაში ახალი სქემა გადაგზავნილია, „სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში“ კი, ვინც ადგენს ამ სქემას, აცხადებენ, რომ ახალი სქემა ჯერ შემუშავების პროცესშია.
„სააგენტოს მიერ დადგენილი აეროდრომის დაცვის არეების პარამეტრები მნიშვნელოვნად არ შეიცვლება [სტანდარტები დადგენილია ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის მე-14 დანართის 1-ლი ტომის მოთხოვნების თანახმად], ასევე უცვლელი დარჩება სიმაღლეების შეზღუდვის არეალებიც, მოხდება მისი ელექტრონულ ფორმატში ვიზუალიზაცია და სეგმენტებად დაყოფა, რაც გააადვილებს და მოაწესრიგებს სამომავლოდ სიმაღლეების შეთანხმებისა და აღრიცხვის პროცესებს“, – მოგვწერეს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან.
შემუშავების პროცესში მყოფი აეროდრომის დაცვის არე [სიმაღლეების მითითებით საშუალო ზღვის დონიდან]. ამ ნახაზის მიხედვით, მაგალითად იმ რაიონში, სადაც ჩიკაგოს კონვენციით და მოქმედი სქემით დაშვებული სიმაღლეა 45 მეტრი, ახალ სქემაში დაშვებული სიმაღლე იქნება 56 მეტრი/წყარო სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსააგენტომ ბათუმის აეროდრომის დაცვის არის ნახაზი მოგვაწოდა, რომლის მიხედვით, იმ რაიონში, სადაც ჩიკაგოს კონვენციით და მოქმედი სქემით დაშვებული სიმაღლეა, მაგალითად 45 მეტრი, ახალ სქემაში დაშვებული სიმაღლე იქნება 56 მეტრი. ზრდის თუ არა დაშვებულ სიმაღლეებს სააგენტო?
„აეროდრომის ასაფრენ-დასაფრენ ზოლთან მიმართებაში, 4-კმ რადიუსში 45-მეტრის სიმაღლეზე მდებარე შემზღუდველი ზედაპირი [შიდა ჰორიზონტალურ სიბრტყე] აითვლება აეროდრომის შემაღლებიდან, რაც ბათუმის მაგალითზე შეადგენს 11 მ-ს საშუალო ზღვის დონიდან [შესაბამისად 11+45=56], ხოლო ჩვენს მიერ მოწოდებულ ნახაზზე აღნიშნული სიმაღლე 56 მეტრი მოცემულია საშუალო ზღვის დონიდან“, – განმარტავენ სააგენტოში.
გადააქვთ თუ არა ბათუმის აეროპორტი
საქართველოს მთავრობამ სამი წლის წინ კერძო კომპანიას მოამზადებინა გონიოს განვითარების კონცეფცია, თუმცა ყოფილი პოლიგონის ტერიტორიაზე ინვესტიციის მოზიდვისა და ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით დღემდე არაფერი გაკეთებულა. ტერიტორია, რომელიც 2 მილიონ 800 ათას კვადრატულ მეტრზე მეტია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაა და ის ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებშია.
ეს ტერიტორია მოქცეულია ასევე ბათუმის აეროდრომის იმ სივრცეში [დაფრენისას აეროდრომიდან მარჯვნივ], სადაც სიმაღლეები შეზღუდულია. აბრკოლებს თუ არა ეს შეზღუდვა ყოფილი პოლიგონის განვითარებას?
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, „ქალაქ ბათუმის აეროდრომის ფრენების პროცედურების დიზაინის შესაბამისად, საჰაერო ხომალდი დასაფრენად მეორე წრეზე წასვლის შემთხვევაში, მანევრს ქალაქზე გადაფრენით ახორციელებს. მეორე წრეზე წასვლა შეზღუდულია აეროდრომიდან სამხრეთ მიმართულებით, ვინაიდან იქ არსებობს გონიო-ახალსოფლის მთა, რომელიც წარმოადგენს ბუნებრივ შემზღუდავ ზონას, რის გამოც გონიოს ყოფილი პოლიგონის ტერიტორიაზე აღნიშნული სიმაღლეების შეზღუდვა არ ხორციელდება“.
ფაქტობრივად იგივე გვითხრეს „ტავ ჯორჯიაში“: „სახელსაწყო დაფრენის შესრულებისას საჰაერო ხომალდის მეორე წრეზე წასვლა შესაძლებელია მხოლოდ მარცხენა მოხვევით ქ. ბათუმის მიმართულებით, შემდგომ ზღვაზე გასვლით. სახელსაწყო დაფრენის პროცედურები, გონიოს მიმართულებით არსებული რელიეფის გამო, არ ითვალისწინებს საჰაერო ხომალდის მარჯვნივ შემობრუნებას“.
აჭარაში, ზოგიერთ მსხვილ მშენებელ კომპანიაში მიიჩნევენ, რომ ყოფილი პოლიგონის და, ზოგადად, ბათუმის განვითარება მიბმულია აეროპორტთან. „ქალაქს ისედაც პატარა ტერიტორია აქვს და სიმაღლეები სჭირდება. ქალაქი კი ერთიანი კონცეფციის ფარგლებში და აეროპორტის ჭრილში უნდა განვითარდეს. თუ აეროპორტი დარჩება, სხვა კონცეფციაა საჭირო, თუ არ დარჩება, მაშინ სხვა“, – გვითხრეს ერთ-ერთ კომპანიაში.
ბათუმის მერის, ლაშა კომახიძის განცხადებით, მიმდინარეობს მუშაობა ქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმაზე, განაშენიანების გეგმაზე და ასე შემდეგ. გათვალისწინებულია თუ არა სიმაღლეების შეზღუდვის ზონები ამ გეგმებზე მუშაობის დროს და უშლის თუ არა აეროპორტი ხელს აღნიშნული გეგმების შემუშავებას – ზოგადად ქალაქის განვითარებას სიმაღლეების შეზღუდვის ზონებში? – ამ კითხვით „ბათუმელებმა“ ქალაქის მერს მიმართა, თუმცა პასუხი კონკრეტული მისგან ვერ მივიღეთ. მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, აეროპორტის საკითხი გეგმების შემუშავებაში გათვალისწინებული იქნება.
თვითმფრინავის აფრენა ბათუმის აეროპორტიდან / მანანა ქველიაშვილის ფოტო
„ბათუმელების“ ინფორმაციით, ვინაიდან ბათუმის აეროპორტს გაფართოების შანსი არ აქვს, ამასთან, ერთგვარად ხელს უშლის ქალაქის განვითარებას [სიმაღლეში გაზრდას – სიმაღლის შემზღუდავი სივრცეების გამო], საქართველოს მთავრობაში განიხილებოდა აეროპორტის ბათუმიდან გადატანის საკითხი.
ბათუმის მომავალი აეროპორტის სავარაუდო ადგილად კი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელი მერია [აქ ადრე აეროდრომი იყო] ან ქობულეთის აეროდრომის ტერიტორია განიხილებოდა.
„ბათუმელებს“ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში და ბათუმის მერიაში აღნიშნულთან დაკავშირებით უთხრეს, რომ ინფორმაციას არ ფლობენ. „საქაერონავიგაციაში“ კი განაცხადეს, რომ ეს საკითხი „მაღალ დონეზეა გადასაწყვეტი, თუმცა ჩვენ პირველ რიგში გავიგებდით, ბევრი პროცედურაა, მიმდინარე გეგმის დონეზეც არ არის, მეტიც, 5-წლიან გეგმაშიც კი ბათუმის აეროპორტის გადატანა არც გვაქვს ჩადებული“.
აეროპორტის შესაძლო გადატანაზე ჩვენთან კომენტარი არ გააკეთა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორმა კომპანია „ტავ ჯორჯიამ“.
[red_box]ბათუმის აეროპორტის გადატანის მიზეზი კი „საჭიროების შემთხვევაში“ შესაძლოა ადვილად გამოინახოს:[/red_box]
[checklist]
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში, მთების განლაგების გამო, ასაფრენ ბილიკზე თვითმფრინავის როგორც დაფრენა, ისე აფრენა, მხოლოდ ერთი მიმართულებით [კურსით], ზღვის მხრიდან ხორციელდება. ეს ერთი აფრენა-დაფრენის კურსი კი ძალიან ზღუდავს ბათუმის აეროპორტის შესაძლებლობებს.
ბუნებრივი დაბრკოლებისა და ასევე საქართველო-თურქეთის საზღვართან სიახლოვის გამო საჭიროების შემთხვევაში აეროდრომზე დაფრენის დროს საჰაერო ხომალდის მეორე წრეზე წასვლა შეზღუდულია და მან მანევრი მხოლოდ ბათუმის თავზე უნდა განახორციელოს.
აეროპორტებისთვის ერთ-ერთ დაბრკოლებად მიიჩნევა ასევე ის, არის თუ არა ახლოს ნაგავსაყრელი [უსაფრთხოების მიზნით აქ ფრინველების სიმრავლე განიხილება, რამაც შესაძლოა პრობლემა შეუქმნას თვითმფრინავის ფრენის უსაფრთხოებას]. ბათუმის აეროდრომთან ახლოს ფუნქციონირებს ბათუმის ნაგავსაყრელი, რომლის გადატანა გადაწყვეტილია, თუმცა, ჭოროხის დელტა და მდინარის შესართავი ზღვასთან, ბათუმის იმ ათკილომეტრიანი „სამიგრაციო ძაბრის“ ნაწილია, რომელიც მსოფლიოში მესამე ადგილზეა მექსიკისა და ისრაელის შემდეგ გადამფრენ ფრინველთა რაოდენობის მიხედვით. აჭარის ცას ყოველწლიურად ევრაზიიდან აფრიკისკენ გადამფრენი, მილიონზე მეტი მტაცებელი ფრინველი გადაუფრენს. აეროდრომის დაცვის არე კი დიდწილად ამ „სამიგრაციო ძაბრსაც“ მოიცავს.
[/checklist]
თვითმფრინავის დაფრენის დროს ბათუმის აეროდრომიდან აფრენილი ფრინველები / მანანა ქველიაშვილის ფოტო
საქართველოს კანონი – საქართველოს საჰაერო კოდექსი:
„აეროდრომის რაიონში მიწის ნაკვეთის, შენობის, ნაგებობის, კავშირგაბმულობისა და ელექტროგადამცემი ხაზების და სხვა ობიექტების მფლობელები მათი განთავსებისას ან გამოყენებისას ვალდებული არიან, მათი გამოყენების და ამ ობიექტებით სარგებლობის პირობები აეროდრომის ექსპლუატაციის განმახორციელებელ პირთან შეათანხმონ და შესაბამისი სამუშაოები საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ნორმების დაცვით აწარმოონ“. [მუხლი 41]
„იურიდიული და ფიზიკური პირები, რომლებიც არღვევენ აეროდრომის რაიონში მიწათსარგებლობის და ობიექტების მშენებლობის წესებს, ვალდებული არიან, აეროდრომის ექსპლუატაციის განმახორციელებელი პირის მოთხოვნით, მიწათსარგებლობის პირობები და ახალი მშენებლობები დადგენილ ნორმებს შეუსაბამონ ან საკუთარი სახსრებით აიღონ ობიექტები“. [მუხლი 41]
„[სამოქალაქო ავიაციის] სააგენტო უფლებამოსილია არ გაასაჯაროოს ინსპექტირებისა და ზედამხედველობის განხორციელებისას მოპოვებული ფრენის უსაფრთხოებასთან/საავიაციო უშიშროებასთან დაკავშირებული ინფორმაცია, თუ ამ ინფორმაციის გასაჯაროებამ შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს ფრენის უსაფრთხოებაზე ან საავიაციო უშიშროებაზე, „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის მე-19 დანართის შესაბამისად“. [მუხლი 8]
თვითმფრინავის დაშვება ბათუმის აეროპორტში / ვიდეო „ბათუმელების“ არქივიდან:
8 ივლისს ქობულეთის ცენტრალურ პარკსა (აღმაშენებლის გამზ. N279) და პარკის მიმდებარედ სანაპიროზე ზაფხულის ფესტივალი გაიმართება. ფესტივალის ფარგლებში, მთელი დღის განმავლობაში მოეწყობა სივრცეები სხვადასხვა სპორტული აქტივობისთვის. ჭადრაკში, ნარდში, მაგიდის ჩოგბურთსა და ფრენბურთში გაიმართება შეჯიბრი. სპორტულ აქტივობებში გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან პრიზებით.
ასევე გაიმართება ზღვის გასართობი თამაშები. მოეწყობა სივრცეები ბავშვებისთვის.
ქალაქის ქუჩებში დილიდან იმოძრავებს ავტობუსები, სადაც იქნება კარაოკე და გამაგრილებელი სასმელები.
ფესტივალის ანონსი ასე გამოიყურება:
10:00 საათი – „ზაფხულის ფესტივალი ქობულეთი 2018“-ის გახსნა. დაუკრავს DJ ოკა თურმანიძე, დავით ვოლკოვი და ნიკო გორგოშაძე.
12:00 საათი – ყვავილების ფესტივალი.
13:00 საათი – 2018 წლის საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტი და ფიდე-ს რეგიონალური წარმომადგენლობის ორგანიზებით ჭადრაკში შეჯიბრება გაიმართება.
14:00 საათი – ეგზოტიკური ხილისა და კოქტეილების ფესტივალი. კოქტეილის დამზადებაში მასტერკლასი და კონკურსი გაიმართება.
16:00 საათი – ფერების ფესტივალი.
20:00 საათი – საზაფხულო კოლექციის ჩვენება – მხატვრის სახლის მიმდებარე ტერიტორია.
21:30 საათი – MIX2RA -ს მონაწილებით კონცერტი გაიმართება.
23:00 საათი – ფოიერვერკი. გვიან ღამემდე დაუკრავს DJ ოკა თურმანიძე, დავით ვოლკოვი და ნიკო გორგოშაძე
კომერციული ბანკები სესხის დაბრუნებას იმ მოქალაქეებსაც სთხოვენ, რომლებიც ციხეში ხვდებიან, საპატიმრო დაწესებულებაში ყოფნის პერიოდშიც. ქვეყანაში არ არსებობს რეგულაცია, რაც პატიმრობის ან მსგავს სიტუაციაში ბანკს სასესხო ვალდებულების გადახედვას აიძულებს.
„მოქალაქის ხელში ამ დროს არ რჩება არანაირი ბერკეტი, ყველაფერი ისევ ბანკებისკენაა“, – ამბობს ეკონომისტი ზურაბ კუკულაძე.
„მსგავს სიტუაციაში რთული იქნება სასამართლოში დავის მოგება,“ – მიიჩნევს ანნა მდინარაძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი.
ერთ კონკრეტულ შემთხვევაზე „ბათუმელები“ რამდენიმე დღის წინ წერდა – გურამ სალაძემ ბანკის ვალის გადახდა სწორედ პატიმრობის გამო ვერ შეძლო. ბანკმა თავდაპირველად სესხის დაფარვა მის თავდებს მოსთხოვა და ხელფასის ნაწილი დაუყადაღა, საბოლოოდ კი, მოქალაქის საცხოვრებელი სახლი აუქციონის წესით გაყიდეს.
რა როლი აქვს მსგავს პროცესში ეროვნულ ბანკს, რომელიც კანონის მიხედვით, კლიენტსა და ბანკებს შორის ურთიერთობას არეგულირებს. ეროვნული ბანკისგან კონკრეტულ პრობლემაზე ასეთი განმარტება მივიღეთ:
„თქვენ მიერ დასმულ შეკითხვასთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი, მათ შორის დავის გადაწყვეტის საკითხი. შესაბამისად, აღნიშნული საკითხის სამართლებრივი შეფასება სცილდება „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრულ უფლებამოსილებას“, – აღნიშნულია ეროვნული ბანკისგან მიღებულ წერილში.
„სხვას რას აკეთებს ეროვნული ბანკი, მისი მთავარი ფუნქცია არის საბანკო ბაზარზე სიტუაციის რეგულირება,“ – მიიჩნევს საბანკო საქმის ექსპერტი ზურაბ კუკულაძე. მისი აზრით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ კანონმდებლობა მხოლოდ ბანკის სასარგებლოდ არ იყოს მოწყობილი, ხოლო ეროვნულმა ბანკმა დროულად გამოიჩინოს ინიციატივა, რადგან „ბანკს ეს საკითხი არ აინტერესებს, მას არ აქვს პრობლემა. ბანკი ყიდის სესხებს და მას აწყობს ის პირობები, რაც ბაზარზეა. მეორე მხარეს დაუცველი კლიენტია. ბანკს თუ არ დაავალეს, ის თავისით არაფერს შეცვლის“.
რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ბანკიც არ დაზარალდეს, ხოლო ციხეში მოხვედრილ ადამიანს მინიმუმ სესხი გადაუვადონ? – ზურაბ კუკულაძე ამბობს, რომ რისკების დაზღვევის სხვადასხვა ფორმა არსებობს. იგი ყურადღებას ამახვილებს ე.წ. „სესხების შესაძლო დანაკარგის კოეფიციენტზე“, რასაც სესხის ნებისმიერი მომხმარებელი იხდის მიუხედავად იმისა, მას სესხის დაფარვა შეუძლია თუ არა.
„ეს კოეფიციენტი ჩვენს საბანკო სისტემაში მერყეობს 3-დან 5 პროცენტამდე. როცა ჩვენ სესხს ვიღებთ, ამ ხარჯის ანაზღაურებაც ხდება, რომელსაც ბანკი დაკარგავს სხვა კლიენტებთან ურთიერთობაში, ანუ კეთილსინდისიერი კლიენტი იხდის იმის ნაცვლად, ვინც სესხი ვერ დაფარა. ამ მექანიზმითაც ხდება რისკების გადაზღვევა.
ამას გარდა, უამრავი დაზღვევის ბერკეტია საბანკო სისტემაში, რის ამოქმედებაც შეიძლება. მთავარი, რაც უნდა შეიცვალოს, არის ბანკის მიდგომა. ბანკის პრიორიტეტი სესხის გაცემის დროს უნდა იყოს ის, რომ მომხმარებელმა ამ სესხით რეალურად ისარგებლოს. ჩვენთან ბანკის პრიორიტეტია, თუ რამდენად იოლად ამოიღებს ის გაცემულ კრედიტს,“ – ამბობს ზურაბ კუკულაძე.
იურისტების დაკვირვებით, პატიმრობაში მოხვედრა, დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, ე.წ. ფორსმაჟორად არ მიიჩნევა. იურისტი ანნა მდინარაძე განმარტავს, რომ პატიმრობის შემთხვევაში, მხარეებს შეუძლიათ ხელშეკრულებას გადახედონ, თუმცა მას ნაკლებად სჯერა იმის, რომ ბანკი „დათმობაზე“ წავა.
„თუმცა მოქალაქეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს. მოსამართლემ უნდა შეაფასოს, რამდენად განჭვრეტადი იყო რისკი, რომელიც დადგა,“ – ამბობს ანნა მდინარაძე.
რამდენად აქვს მოქალაქეს სასამართლოში დავის მოგების შანსი? – „რთულია პროგნოზირება, ასეთ საქმეებზე რა შედეგი დადგება. ჩემი აზრით, რთული იქნება მსგავსი საქმის წარმოება და რეალური შედეგის მიღება,“ – აღნიშნავს ანნა მდინარაძე, რომელიც მიიჩნევს, რომ გამოსავალი კანონის შეცვლაა, რადგან ეროვნული ბანკი ამ საკითხს, არსებული უფლებამოსილების ფარგლებში, ვერ დაარეგულირებს.
არსებობს მეორე გზაც:
„მაგალითად, გერმანული კანონმდებლობაც არ ითვალისწინებს პატიმრობის დროს სესხის დაფარვის საკითხს, მაგრამ ეს არის მოლაპარაკების საგანი მხარეებს შორის, პრაქტიკა აქეთკენ მიდის, რომ მხარეები უნდა შეთანხმდნენ, ანუ ბანკი და კლიენტი“, – დასძენს ანნა მდინარაძე.
ცხადდება ღია კონკურსი ბათუმის ფოტოდღეების მთავარ გამოფენაში მონაწილეობის მიღების მსურველთათვის. ფოტოდღეების ისტორია იწყება 2016 წლიდან, პროექტის – Odesa – Batumi Photo Days- ის ფარგლებში.
ორგანიზატორთა ინფორმაციით, 2018 წელს ფესტივალი უფრო მრავლისმომცველ სახეს მიიღებს. „გამოფენის თემა იქნება se@ experience – რაც შეიძლება ითარგმნოს „ნახე გამოცდილება“ ან „ზღვა გამოცდილება“. კონცეფცია დაფუძნებულია განსხვავებული ხედვისა და ღრმა განცდის უნარზე, ზღვა – როგორც სუბსტანციის სიმბოლო, გარემოსი ან პირადი ჰორიზონტის.
„ფოტოდღეების მიზანია ერთგვარი ექსპერიმენტის განხორციელება, გამოხატვის ახალი ფორმების პოვნა და თქვენი პირადი პროფესიული გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობა“.
მონაწილეობის მისაღებად მხოლოდ 40 მონაწილე შეირჩევა, თითოეული არტისტისგან შემდგომ შეირჩევა 1 წინადადება და ფოტოსურათი. თითოეული სურათი და წინადადება უნდა გაიგზავნოს ბათუმის ფოტოდღეების ელექტრონული ფოსტის მისამართზე.
წელს ფესტივალი გაიმართება 31 აგვისტოდან 2 სექტემბრის ჩათვლით.
ძირითადი გამოფენის პარალელურად, ფოტოდღეების ფარგლებში, გაიმართება კიდევ სამი გამოფენა, ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში და ხოლო აჭარის ხელოვნების მუზეუმის გალერეაში მოეწყობა სხვადასხვა ქართული და უცხოური გამოფენა.
ასევე, დაგეგმილია ქართული, პოლონური და სხვა ფოტოგრაფიის საუკეთესო საერთაშორისო მაგალითების ღამის ჩვენებები.
„თანამედროვე ხელოვნების სივრცის“ ინფორმაციით, ძირითად პროგრამასთან ერთად, გახსნისა და დახურვის ცერემონიალები მონაწილეებსა და სტუმრებს ქართული ელექტრონული მუსიკით მდიდარ, განსაკუთრებულ და დასამახსოვრებელ ღამეებს ჰპირდება.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 10 ივლისი.
დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ფეისბუქ (Odessa-Batumi Photo Days) და ინტერნეტგვერდებზე ( Casbatumi.ge) .
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა სკოლის დირექტორების პროფესიული განვითარებისა და თანამშრომლობის კულტურის გასაძლიერებლად საგრანტო კონკურსი გამოაცხადა, რომლის ბიუჯეტი 50 ათასი ლარია.
ვინ აქვს კონკურსში მონაწილეობის უფლება?
საკონკურსო პირობების მიხედვით, გრანტის მოპოვება შეუძლიათ მხოლოდ არაკომერციულ იურიდიულ პირებს ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს. ფიზიკურ პირებს, კონკურსში მონაწილეობის უფლება არ აქვთ.
გრანტის მიმღებ ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს განათლების სფეროში მუშაობის გამოცდილება.
გამარჯვებული ორგანიზაცია ვალდებულია 2018 წლის სექტემბერ-ნოემბრის პერიოდში ჩაატაროს არანაკლებ 6 რეგიონალური შეხვედრა საჯარო სკოლის დირექტორებთან დეცენტრალიზაციის საკითხებზე.
თბილისში არანაკლებ ორი შეხვედრა, თელავში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში კი მინიმუმ ერთი შეხვედრა.
ამ შეხვედრების მიზანი უნდა იყოს „ლიდერობის აკადემიის“ ფარგლებში შეძენილი ცოდნისა და უნარების სასკოლო პრაქტიკაში დანერგვის ხელშეწყობა კონკრეტული საკითხების განხილვის, დისკუსიების, პროფესიული საჭიროებების დადგენის და დირექტორებისთვის რეკომენდაციების შემუშავების გზით.
ამისთვის საჭიროა, რომ ორგანიზაცია გაეცნოს ლიდერობის აკადემიის ტრენინგმოდულებს და საკონკურსო განაცხადი წარმოადგინოს პროექტით გათვალისწინებული საქმიანობის გათვალისწინებით.
თემატურ შეხვედრებს უნდა ესწრებოდეს არანაკლებ 30 და არა უმეტეს 80 დირექტორი. მათი შერჩევა უნდა მოიცავდეს როგორც ქალაქის, ასევე სოფლის საჯარო სკოლებს, მათ შორის მცირეკონტინგენტიან სკოლებს. უნდა იყოს გათვალისწინებული არაქართულენოვანი სექტორებიც.
შეხვედრის ხანგრძლივობა უნდა იყოს არანაკლებ 3 საათი. შეხვედრების ჩატარების მეთოდოლოგია უნდა დაიგეგმოს იმგვარად, რომ მოხდეს პროექტის ტრენინგმოდულების თემატიკიდან, ადგილობრივი კვლევების საფუძველზე ანდა პროექტის ფარგლებში დადგენილი საჭიროებებიდან არანაკლებ 3 თემის დაფარვა, ხოლო საჭიროებების კვლევის ინსტრუმენტი მოიცავდეს გამოკითხვას ყველა აქტუალურ საკითხს.
რეგიონულ დონეზე შესაძლებელია სხვადასხვა თემატიკის შეხვედრების ორგანიზება.
2019 წლის იანვარი-მაისის განმავლობაში კონკურსში გამარჯვებულმა ორგანიზაციამ ორგანიზება უნდა გაუწიოს დირექტორთა თემატურ შეხვედრებს ქვეყნის მასშტაბით, პროექტის მიერ შემუშავებულ დირექტორთა კვარტალურ შეხვედრებს მოდელის მიხედვით.
შეხვედრების თემატიკა უნდა დაიგეგმოს კვლევების, უკუკავშირის და ორგანიზაციის მიერ 2018 წელს განხორციელებული საქმიანობიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე.
პროექტის ფარგლებში შემუშავებული დირექტორთა კვარტალური შეხვედრების მოდელი და განხორციელებული საქმიანობების შესახებ ინფორმაცია განმცხადებლებს მოთხოვნის საფუძველზე მიეწოდება, რის შესახებაც წერილობით უნდა მიმართოს ცენტრს.
თემატურ შეხვედრებს უნდა ესწრებოდეს არანაკლებ 10 და არაუმეტეს 35 მსმენელი. საქმიანობის შედეგად უნდა დაიფაროს საჯარო სკოლების დირექტორთა მინიმუმ 80%, რაც გულისხმობს სამუშაო შეხვედრებში, მინიმუმ ერთხელ, დირექტორის მონაწილეობას.
შემსრულებელმა უნდა უზრუნველყოს მუნიციპალურ დონეზე თემატური შეხვედრების ჩატარება, რათა მოხდეს სამიზნე ჯგუფების მაქსიმალური ჩართვა.
ორგანიზაციის წარმომადგენლებმა შეხვედრების მინიმუმ 30%-ში თავად უნდა მიიღონ მონაწილეობა და წარმართონ იგი.
ორგანიზაციამ რელევანტური ინსტრუმენტების (დაკვირვება, გამოკითხვა, ანგარიშების მოთხოვნა) გამოყენებით მონიტორინგი უნდა გაუწიოს შეხვედრების ჩატარებას და აწარმოოს ინფორმაციის აღრიცხვა ჩატარებული შეხვედრების და მონაწილეების შესახებ, ასევე, ცენტრთან ანგარიშგების ეტაპზე საჭიროებისამებრ წარმოადგინოს შეხვედრების, გამოკითხვების, ფოკუს ჯგუფების ჩატარების დამადასტურებელი
დოკუმენტაცია (სარეგისტრაციო ფორმები, ტრანსკრიპტი, ვიდეო/აუდიო ჩანაწერი, ანკეტები და ა.შ.) და რეკომენდაციები დირექტორთა საქმიანობის გაუმჯობესებისა და პროფესიული განვითარების საჭიროებების შესახებ.
საგრანტო კონკურსის მიზანია საჯარო სკოლების დირექტორთა თანამშრომლობითი კულტურის გაძლიერება და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა.
ცენტრის ინფორმაციით, სკოლის დირექტორებში მნიშვნელოვნად დაბალია ისეთი დირექტორების წილი, რომლებიც აქტიურად მუშაობენ სწავლების ახალი მიდგომების შესამუშავებლად მასწავლებლებს შორის თანამშრომლობის წახალისებაზე.
„ ეროვნულ კვლევაში გამოიკვეთა, რომ მასწავლებლებს შორის თანამშრომლობითი კულტურის არსებობა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მოსწავლეთა აკადემიურ მიღწევებზე.
პოზიტიურ სასკოლო გარემოს აძლიერებს მასწავლებელთა ურთიერთთანამშრომლობა. პოზიტიური სასკოლო კლიმატის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს უსაფრთხო და მოწესრიგებულ გარემოს.
ასევე, მმართველ გუნდს, მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მშობლებს შორის კონსტრუქციულ ურთიერთობას, თითოეული მოსწავლისა და მასწავლებლის პატივისცემას“.
საგრანტო კონკურსში განაცხადები მიიღება 2018 წლის 4 ივლისიდან 30 ივლისის 18:00 საათამდე.
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში ეკომიგრანტებისთვის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა იგეგმება. ქედის მერიას თავდაპირველად ოთხსართულიანი სახლის აშენება ჰქონდა გათვალისწინებული, თუმცა, მოგვიანებით გადაწყდა ერთი სართულის დამატება.
ხუთსართულიანი კორპუსის მშენებლობისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 530 378 ლარია გამოყოფილი.
სახლის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადებულია და წინადადებების მიღება 2018 წლის 21 ივლისს დაიწყება. წინადადებების მიღება შეწყდება 26 ივლისს და გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, სახლი 2019 წლის 20 ნოემბრამდე უნდა აშენდეს.
საპროექტო მიწის ნაკვეთი [2892 კვ.მ], ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში, საავტომობილო გზის განაპირა ნაწილში მდებარეობს. საპროექტო შენობაში მოეწყობა ორი სადარბაზო, ერთი ლიფტი, იქნება 20 ბინა, ამათგან 2 ბინა – შშმ პირებისათვის ადაპტირებული.
20-22 ივლისს ბათუმში, საოცრებათა პარკში, ფერადი კონცერტები გაიმართება, რომლებზეც სხვადასხვა მუსიკალური ბენდები და სოლოშემსრულებლები გამოვლენ.
კონცერტების სერია 20 ივლისს, საღამოს რვა საათიდან დაიწყება. მსმენელს საშუალება ექნება, Sound lab-ს, Killages -სა da Lasha Guruli-ს მოუსმინოს.
21 ივლისს, კონცერტის დაწყებამდე, საშუალება გექნებათ მონაწილეობა მიიღოთ ფერების ფესტივალში.
21-22 ივლისს მსმენელს საშუალება ექნება შემდეგ შემსრულებლებს მოუსმინოს: Lasha Babuadze, Road Radio, Groovephonics, The Black Marrows, A2k, Melomaniakk, ASEA SOOL, MokuMoku, Zaza.
პროექტის ორგანიზატორები არიან: EREDELI და Festival Of Colors • ფერების ფესტივალი.
პროექტის მხარდამჭერია აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტი Check in Georgia.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი სკოლის დირექტორებისთვის დამხმარე რესურსების შექმნის მიზნით, კიდევ ერთ საგრანტო კონკურსს აცხადებს. დამხმარე რესურსები სკოლების დეცენტრალიზაციის გაძლიერების მიზნით იქმნება.
ცენტრის ინფორმაციით, დირექტორთათვის დამხმარე რესურსების შექმნა გულისხმობს თემების იდენტიფიცირებას, სტატიების მომზადებას, ბეჭდურ გამოცემაში გაერთიანებას, ბეჭდვას და ყველა საჯარო სკოლისთვის მიწოდებას.
საგრანტო მიმართულებაზე ცენტრის მიერ განსაზღვრული საერთო ბიუჯეტი 128 000 ლარს შეადგენს.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ განათლების სფეროში მოქმედ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილ, არასამეწარმეო იურიდიულ პირებს, ასევე საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, რომლებიც გაივლიან რეგისტრაციას ან უკვე რეგისტრირებულნი არიან ცენტრის ელექტრონულ ბაზაში.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 30 ივლისი, 18:00 საათი.
ჟურნალის ტექნიკური მახასიათებლები:
საავტორო/ანალიტიკური სტატია – ჟურნალის ერთ ნომერში უნდა განთავსდეს 6 (ექვსი) საავტორო/ანალიტიკური სტატია.
თითოეული საავტორო/ანალიტიკური სტატია უნდა მოიცავდეს არანაკლებ 10,800 სიმბოლოს (გამოტოვებით with space).
საგრანტო კონკურსში გამარჯვებულმა ორგანიზაციამ სტატიების დაწერა და რედაქტირება უნდა უზრუნველყოს პროფესიონალი ჟურნალისტების/დარგის ექსპერტების მიერ.
თითოეული საავტორო/ანალიტიკური სტატია უნდა მოიცავდეს რამდენიმე წყაროს.
შესაძლებელია საჭირო გახდეს ინტერვიუების ჩაწერა, ინტერნეტში ან სხვა რესურსებში ანალიტიკური და სტატისტიკური ინფორმაციის მოძიება და გამოყენება.
იმისათვის, რომ უზრუნველყოფილ იქნას რეგიონული პერსპექტივის და საუკეთესო გამოცდილების გაზიარება, საავტორო/ანალიტიკური სტატიის დაწერისას შესაძლოა საჭირო გახდეს ჟურნალისტის/სპეციალისტთა ვიზიტი რეგიონში.
სტატიები შედგენილი უნდა იყოს აკადემიური სტილის დაცვით, თითოეული წყაროს მითითებით.
ნათარგმნი სტატია – ჟურნალის თითოეულ ნომერში უნდა განთავსდეს 2 (ორი) ნათარგმნი სტატია, რომელიც ასახავს კონკრეტულ თემატიკაზე საქართველოს კონტექსტის რელევანტურ საერთაშორისო გამოცდილებას.
თითოეული თარგმანის მოცულობა განისაზღვრება არანაკლებ 10,800 (ათი ათას რვაასი) სიმბოლოთი (გამოტოვებით – with space).
2005 წლამდე დათარიღებული სტატია არ მიიღება. გამარჯვებულმა ორგანიზაციამ უნდა უზრუნველყოს ნათარგმნი სტატიის აკადემიური სტილის დაცვით შედგენა, თითოეული წყაროს მითითებით.
სტატიის თემატიკა შესაბამისობაში უნდა იყოს კონკრეტული ნომრის კონცეფციასთან და წარმოადგენდეს საერთაშორისო გამოცდილებას ამ კუთხით. რედაქტორის სვეტი – ჟურნალის თითოეულ ნომერს უნდა ჰქონდეს რედაქტორის სვეტი, რომლის მოცულობა განისაზღვრება არაუმეტეს 400 სიტყვით.
რედაქტორის სვეტის შინაარსი შეეხება ჟურნალის კონკრეტულ ნომერში თავმოყრილი სტატიების კრებულის ამსახველ კონცეფციას და ნომერში არსებული თემატიკის მნიშვნელობას სამიზნე ჯგუფისთვის.
პროექტის საქმიანობა – ჟურნალის თითოეული ნომერი უნდა შეიცავდეს პროექტის საქმიანობის აღწერას იმ კონკრეტული ეტაპისთვის. აღნიშნულის მოცულობა განისაზღვრება არანაკლებ400 სიტყვით და მისი შექმნისათვის გამარჯვებული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით უნდა მიმართოს პროექტს.
სარჩევი – უნდა მოიცავდეს ჟურნალში განთავსებული სტატიების ჩამონათვალს, გვერდების და ავტორების მითითებით. ფოტო – თითოეულ საავტორო/ანალიტიკურ სტატიას თან უნდა ახლდეს არანაკლებ 4 (ოთხი) ორიგინალური შინაარსის შესაბამისი ფოტო. ფოტო უნდა იყოს მაღალი ხარისხის (საბეჭდი ხარისხი).
ჟურნალის ტექნიკური მახასიათებლები: ერთი ნომრის ტირაჟი – 6000 ცალი. ფორმატი A4.
ივნისის დასაწყისში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის პირველი ეტაპი დაასრულა. პროცესის ხელმძღვანელ სახელმწიფო ორგანოში მიიჩნევენ, რომ მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები წარმატებული იყო.
სურსათის ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, რომ მოქალაქეებში გავრცელებული ხმები და შიში იმის შესახებ, რომ მიმდინარე წელს აზიური ფაროსანა აღმოსავლეთ საქართველოშიც გადაინაცვლებდა და იქ არსებულ კულტურებსაც ,,დააგემოვნებდა“ არ გამართლდა. ,,აზიური ფაროსანას გავრცელების არეალი იგივეა – დასავლეთ საქართველო – მავნებლის რაოდენობა კი, წინა წლის ანალოგურ პერიოდთან შედარებით, მნიშვნელოვნადაა შემცირებული“,-აცხადებს უწყების უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი.
რა გაკეთდა მავნებლის შესამცირებლად დასავლეთ საქართველოში
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, გურიის, იმერეთისა და სამეგრელოს რეგიონების 22 მუნიციპალიტეტის 360 სოფელში წამლობითი ღონისძიებები ჩატარდა. თერმული ნისლის ტექნოლოგიით 220 ათას ჰექტრამდე ფართობი, ხოლო ცივი შესხურებით 7 ათასამდე ჰექტარი დამუშავდა.
ტყის პერიმეტრსა და ბუფერულ ზონებში კი დამონტაჟდა 60 ათასამდე „მოიზიდე და მოკალი“ სისტემები.
მოსახლეობის ჩართულობა მავნებელთან ბრძოლის პროცესში
სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი ამბობს, რომ აზიური ფაროსანას წინააღმდეგ შემუშავებული ღონისძიებები სახელმწიფო უწყბების მხრიდან დროულად და კოორდინირებულად ჩატარდა. ,,ინფორმაციას ვიღებდით ყველა რეგიონიდან, ყველა სოფლიდან… ვამუშავებდით, ვცვლიდით ინფორმაციებს. შეთანხმებულმა და ორგანიზებულმა ქმედებებმა კი თავისთავად, შედეგი გამოიღო“, – ამბობს სააგენტოს უფროსი.
ჩეკურიშვილის განმარტებით, აზიურ ფაროსანასთან გამკლავება, პროცესში მოსახლეობის აქტიური ჩართულობით მოხერხდა. სეს-ის უფროსი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია სახელმწიფო უწყებებმა და ფერმერებმა მომავალშიც კოორდინირებულად იმოქმედონ. ,,მინდა მადლობა გადავუხადო მოსახლეობას, რომელმაც გაითავისა ბრძოლის ღონისძიებებში, სახელმწიფოსთან ერთად, საკუთარი ქმედებების მნიშვნელობა. ეს გადამწყვეტია, რადგან მხოლოდ სახელმწიფო, დამოუკიდებლად, თითოეული მოქალაქის ჩართულობის გარეშე ამ პრობლემას ვერ მოაგვარებს“,- ამბობს უწყების ხელმძღვანელი.
რა ღონისძიებებს მოიცავს მავნებელთან ბრძოლის მეორე ეტაპი
თუ აქამდე ქიმიური წამლობა თხილის პლანტაციებში, ტყის პირებსა და დიდ ფართობებზე ტარდებოდა ახლა უკვე სახელმწიფომ მავნელის წინააღმდეგ ბრძოლა სიმინდის ყანებშიც დაიწყო. სახელმწიფო და ფერმერები აზიური ფაროსანასგან ახლა სწორედ ამ კულტურის დაცვას ცდილობენ.
სურსათის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, რომ რადგან სიმინდს ტარო ჯერ არ აქვს, ქიმიური წამლობა ყანების გარე პერიმეტრზე ტადება და აღნიშნული ქმედებები საწყისი ეტაპისთვის აუცილებელია, იქვე დაგეგმილია ფერომონების დამონტაჟებაც. სიმინდის ყანების ფართოებსა და მიმდებარე ტერიტორიებზე განსაზღვრულია სადგურების “მოიზიდე და მოკალი” გამოყენებაც.
სტატია მომზადებულია ,,ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ EBRD-ისმხარდაჭერით ,,ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც,,ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“ – JRC პარტნიორმედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.
დღეიდან, საზღვაო კურორტების მიმართულებით მოძრავ, შვეიცარული ფირმის, ,,შტადლერის“ ორსართულიან მატარებლებში, მგზავრებს სხვადასხვა ტიპის საკვებისა და გამაგრილებელი სასმელების შეძენა შეეძლებათ.
საქართველოს რკინიგზამ საკვები პროდუქტებისა და გამაგრილებელი სასმელების ვენდინგ აპარატები ,,შტადლერ ქისის“ მოძრავ ვაგონებში უკვე დაამონტაჟა. კომპანია Azkoyen მსოფლიოში ცნობილი ბრენდია და ბაზარზე ლიდერის პოზიციაზეა. სწორედ მისგან შეიძინა საქართველოს რკინიგზამ საკვები პროდუქტებისა და გამაგრილებელი სასმელების ვენდინგ აპარატები.
რაც შეეხება პროდუქციას, 1 წლის განმავლობაში საქართველოს რკინიგზას საჯარო აუქციონში გამარჯვებული კომპანია ,,ჯორჯიან ვენდინგ გრუფი“ მოამარაგებს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დღეს, 5 ივლისს, შტორმის შესახებ გაფრთხილება უკვე მოხსნილია და ზღვაზე ბანაობა ყველას შეუძლია.
„ყველა სამაშველო კოშკურაზე აღმართულია თეთრი ალამი, რაც იმას ნიშნავს, რომ ზღვაზე ბანაობა ნებადართულია“ – აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ფეისბუქგვერდზე.
აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ცნობით, დღეს ტალღის სიმაღლე 7-12 დმ-ა (2-3 ბალი), ზღვის წყლის ტემპერატურა კი 26,6 გრადუსია.
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ქობულეთის, ხელვაჩაურისა და ხულოს მუნიციპალიტეტების პირველადი ჯანდაცვის ცენტრებს მაღალი გამავლობის ავტომანქანებს გადასცემს. „სოფლად პირველადი ჯანდაცვის განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში ხუთ ავტომანქანას ხელვაჩაურის, ორს ქობულეთის, ხოლო ერთს ხულოს პჯდ ცენტრები მიიღებს. სამინისტრომ, 2018 წლის პროგრამის ფარგლებში, ჯამში 8 ავტომანქანა შეიძინა.
აჭარაში სულ 56 პირველადი ჯანდაცვის ცენტრი ფუნქციონირებს. სამინისტროს ინფორმაციით, აქედან მაღალი გამავლობის ავტომანქანა სამინისტროს 2014-2018 წლების პროგრამის ფარგლებში გადაეცა 51 ცენტრს, ხოლო 5 ამბულატორიას სატრანსპორტო საშუალებები მუნიციპალიტეტების მერიებმა შეუძინეს. შესაბამისად წელს სრულდება რეგიონის პჯდ ცენტრების ავტოპარკის სრულად შევსება.
სოფლის მოსახლეობისათვის ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიწოდება აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. 2014 წელს სოფლის ექიმების ადგილზე დამაგრების მიზნით აამოქმედა ახალი პროგრამა, რაც მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების სოფლის ექიმებისათვის ხელფასზე დანამატის სახით 300 ლარის, ხოლო ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების სოფლის ექიმებისათვის 150 ლარის გაცემას ითვალისწინებს. 2018 წელს სამინისტრომ მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების პირველადი ჯანდაცვის ცენტრების ექთნებისათვის შრომის ანაზღაურება 150 ლარით, ხოლო ბარში დასაქმებულებისათვის 100 ლარით გაზარდა.
________________
საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი თორნიკე რიჟვაძე არ ადასტურებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე მისი კანდიდატურის შესაძლო განხილვის შესახებ ინფორმაციას. ამ უარყოფის მიუხედავად, ის „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ეს გუნდის გადასაწყვეტია:
„ეს უკვე ფართო განხილვის და გუნდის გადასაწყვეტი საკითხია. ასე, რომ მოთმინებით უნდა დაველოდოთ გუნდის გადაწყვეტილებას. მე ჩვეულებრივად ვასრულებ იმ დაკისრებულ მოვალეობას, რაც ენერგეტიკის ფონდში მაქვს“.
კითხვაზე, შეთავაზების შემთხვევაში დათანხმდება თუ არა ამ თანამდებობაზე მუშაობას, თორნიკე რიჟვაძე პასუხობს: „ეს განხილვის საგანია და ამ შემთხვევაში ასე პირობით ვერ ვისაუბრებ. როცა ამ საკითხის მიმართ იქნება უფრო მეტი განხილვა, მეტი შეჯერებული პოზიცია, შემდეგ დავფიქრდები“.
თორნიკე რიჟვაძე ენერგეტიკის განვითარების ფონდის ხელმძღვანელად დანიშვნამდე ენერგეტიკის მინისტრის მოადგილედ მუშაობდა.
2013 -2017 წლებში ის აჭარისწყალი ჯორჯიას [TATA POWER, CLEAN ENERGY INVEST, IFC -ის ერთობლივი საწარმო] მრჩეველი, შემდეგ კი კომპანიის დირექტორი იყო. ეს კომპანია მდინარე აჭარისწყალზე ჰიდროელეტროსადგურებს აშენებს.
2014-2016 წლებში თორნიკე რიჟვაძე იყო აჭარის მთავრობის ეკონომიკური საბჭოს მრჩეველი საინვესტიციო და ეკონომიკურ საკითხებში.
თორნიკე რიჟვაძე პროფესიით იურისტია, მას აქვს განათლება მიღებული ენერგეტიკის მიმართულებითაც.
2017 წელს მან გაიარა ფლორენციის რეგულირების სკოლა-ენერგოსექტორის რეგულირების მიმართულებით, 2015 წელს კი ტარას შევჩენკოს სახელობის კიევის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურა დაასრულა – მიმართულება ,,ენერგეტიკის სამართალი”.
2012-2013 წლებში ის სწავლობდა სიტის უნივერსიტეტში, ლონდონში, იყო ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩივინგის პროგრამის სტიპენდიანტი, შემდეგ კი სამართლის მაგისტრი – საერთაშორისო ბიზნესსამართლის მიმართულებით.
აჭარის მთავრობის უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ გადადგომაზე დღეს, 4 ივლისს 14:00 საათზე გააკეთა განცხადება.
„ბაბუ, დაგვტოვე მარტო და დახურე კარი,“ – თქვა მან და როცა კარის ჭრიალი შეწყდა, გვითხრა, რომ ძალიან დაიღალა.
„არა, ბაბუა დაიღალა უფრო ჩემი მოვლით“, – განაგრძო და ბალიშს მიეყრდნო. 24 წლის ლიკა [სახელი შეცვლილია] ბათუმის შიდსის და ტუბერკულოზის ცენტრში გადის მკურნალობის კურსს. მისი მკურნალობა სრულად ფინანსდება, მაგრამ ლიკა ამბობს, რომ სპეციალური კვება, ჰიგიენური ნივთები, დამატებით მედიკამენტები და რაც მთავარია – მომვლელი სჭირდება, რომელიც მოხუც ბაბუას დროდადრო მაინც ჩაენაცვლება.
„ახლა საწოლიდან წამოდგომაც მიჭირს… დედისთვის არც დამირეკავს, არ მინდა ამ მდგომარეობაში მნახოს. მამას არ უნდა ჩემი ნახვა, არ აინტერესებს, არასდროს აინტერესებდა ჩემი თავი… ბაბუას დავურეკე, როცა ძალიან გამიჭირდა და ის მოვიდა, ის მივლის,“ – გვიყვება იგი პაუზებით, რადგან საუბარი ავადმყოფობის გამო უჭირს. მერე მარჯვენა ხელს უყურებს და ანგარიშობს, უკვე მერამდენე დღეს ატარებს საავადმყოფოში. „როდის გავალ?“ – მეკითხება უცებ და თვითონვე პასუხობს კითხვას ჩუმად: „ეს არავინ იცის… ექიმმა გუშინ თქვა უარესობააო, დღეს თქვა უკეთესად ხარო, მაგრამ სად არის უკეთესობა?“
ლიკა ბათუმელია. გვიყვება, რომ მისი გენდერული იდენტობის შესახებ ოჯახის წევრებმა 14 წლის ასაკში გაიგეს, როცა იგი მეცხრე კლასს ასრულებდა.
„ძალიან გვიჭირდა. ახლობლებმა თბილისში წამიყვანეს, ჩვენ მოვუვლით ამ ბავშვსო… იქ დამინახეს, უცხო ადამიანის მანქანაში რომ ვჯდებოდი. როცა მეძინა, ტელეფონი დაათვალიერეს და… ბათუმში დამაბრუნეს. დედამ ძალიან ინერვიულა, მამამ ქამარი გამოიძრო შარვლიდან და დამარტყა… ერთხელ დამარტყა მხოლოდ, მეტჯერ ვერ გამიმეტა,“ – მიყვება ის და მზერას მარიდებს.
მითხრეს, მონასტერში წახვალო. ხინოს მონასტერში წავედი. მეც კი მინდოდა წასვლა… თავიდან ვიფიქრე, ერთ-ორ კვირას დავრჩები-მეთქი, მაგრამ ისე მომეწონა, წელიწად-ნახევარი დავრჩი. მონასტერში მხოლოდ რადიო გვქონდა, საღამოობით ამბებს ვუსმენდით მე და მამაო… ერთ საღამოს გავიგე, რომ ქვეყანაში ომი დაიწყო, ითქვა, მაღაზიებში საჭმელი აღარ არისო, ვინერვიულე. იმ დღეებში მონასტერში ბევრი პროდუქტი დაგვიგროვდა შემონაწირი, მამაომ კურთხევა მომცა და შენაწირი პროდუქტები ერთ დიდ ჩანთაში ჩავალაგე… ჩამოვედი. საერთოდ რას მოდიოდიო, ასე მითხრეს.
დედა და მამა ერთმანეთს გაშორებული დამხვდა. მე დედასთან წავედი, მაგრამ მერე ისევ მამასთან დავბრუნდი… ბებია და ბაბუა მზრდიდნენ ისედაც. ბებიას და ბაბუას არასდროს არაფერი უთქვამთ ჩემს ორიენტაციაზე. ბებია მალე მოკვდა. ცოცხალი რომ ყოფილიყო, ვიცი, ტრანსიც ძალიან მოვეწონებოდი. მან იცოდა, რომ გეი ვიყავი.
მე ძალადობის მსხვერპლი ვარ, მაგრამ ეს გვიან გავაცნობიერე. სექსუალური ძალადობის მსხვერპლი 6 წლის ასაკში გავხდი, როცა მეზობლის ორ ბიჭს ჰქონდა ჩემთან სექსი. დამაშინეს მაშინ და არაფერი მითქვამს.
სკოლა აღარ დამიმთავრებია, კოლეჯში შემიყვანეს. იქ გიდობას მასწავლიდნენ, არ იყო ეს ჩემი საქმე, წამოვედი… რესტორანში დავიწყე მიმტანად მუშაობა და ცალკე გადავედი ნაქირავებში საცხოვრებლად. მამას უკვე მეორე ცოლი ჰყავდა, ნახევარდა მყავს. არავინ არაფერს მეუბნებოდა, მაგრამ ასე მერჩივნა, მარტო.
ბოლო წლებში სექსმუშაკობით ვირჩენდი თავს, სულ ესაა“, – დაასრულა მან და გაღიმება სცადა.
ლიკას ინტერესებს არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობა“ იცავს. საუბრის ბოლოს ლიკამ ანგარიშის ნომერი გვაჩვენა, სადაც ადამიანებს ლიკასთვის თანხის ჩარიცხვა და მხარდაჭერის გამოხატვა შეუძლიათ.
ანგარიშის ნომერი: GE22TB7028445061100037
თანხის მიმღები: მარიამ ქაჯაია, „იდენტობის“ ბათუმის სათემო ცენტრის მენეჯერი
„აი, ამ ჩემს დათუნიას გადაუღეთ ფოტო… ბაბუამ მომიტანა, ამას წინათ დავაბარე და მომიტანა,“ – მეუბნება ის ბოლოს, ვიდრე კარი ისევ აჭრიალდება და ბაბუა დაბრუნდება შვილიშვილის პალატაში.
მაგული ჯინჭარაძე ქობულეთის მუნიციპალიტეტის ზედა სამების საჯარო სკოლაში ქიმიას 27 წელია ასწავლის. ამ ხნის მანძილზე ის ყოველ მეორე დღეს სახლიდან სკოლამდე ათ კილომეტრს ფეხით გადის. „ეს უნდა შეძლო, ყველაფერი უნდა გააკეთო, – ასე ვარწმუნებ ხოლმე საკუთარ თავს,“ – გვეუბნება 55 წლის პედაგოგი.
„პაპანაქება სიცხეში, თავსხმა წვიმაში, ზამთარ-ზაფხულ, წელამდე თოვლში თუ ქარაშოტში ყველგან მივლია და ამინდის გამო გაკვეთილი არ გამიცდენია. ალბათ ეს არის პროფესიის, სკოლისა და მოსწავლის სიყვარული. გარდა ამისა, პასუხისმგებლობა ბავშვების მიმართ,“- გვეუბნება მაგული ჯინჭარაძე.
პედაგოგი, რომელსაც სკოლაში მისვლამდე სამი სოფლის გავლა უწევს, ამბობს, რომ პრობლემებს თავის ჭიშკართან ტოვებს: „რაც არ უნდა დაღლილი ვიყო, კლასში გაღიმებული უნდა შევიდე“.
მაგული ჯინჭარაძის დღე დილის შვიდ საათზე იწყება და ღამის სამზე სრულდება.
„მე სოფელ კონდიდში ვცხოვრობ, სოფლის ტრანსპორტით ვერ ვსარგებლობ, რადგან ისეთ ადგილზე ვართ, სადაც ტრანსპორტი არ ამოდის, სოფლის ცენტრში რომ გავიდე, ნახევარი საათი უნდა დავკარგო, ამიტომ ფეხით მივდივარ. ჯერ ქობულეთის ცენტრში ჩავდივარ, შემდეგ კი, იქედან ზედა სამებაში მივდივარ. ვერც იქედან მივყვები სოფლის ტრანსპორტს, რადგან მარშრუტკა ზედა სამებაში სამ საათზე ადის, ამ დროს კი მეოთხე გაკვეთილია.
რადგან ყოველ მეორე დღეს ვმუშაობ, გადატვირთული გრაფიკი მაქვს და ექვსი გაკვეთილის ჩატარება მიწევს. სკოლიდან ოთხ საათზე გამოვდივარ და ისევ ფეხით ვბრუნდები. სახლში დაახლოებით შვიდი საათისთვის მივდივარ,“ – გვიყვება მასწავლებელი.
ამის შემდეგ მას ისევ საოჯახო საქმეების კეთება – დალაგება, საჭმლის მომზადება და სხვა საოჯახო საქმეები უწევს. „11-12 საათის შემდეგ ვჯდები კომპიუტერთან, ღამის 2-3 საათამდე ვმუშაობ და შემდეგ ვიძინებ. თუმცა დიდი ხნით ვერა, რადგან შვიდ საათზე ისევ უნდა ავდგე“.
მასწავლებელი გზაში გატარებულ რამდენიმე საათს დაკარგულ დროდ მიიჩნევს, რადგან ამბობს, რომ დროის ამ მონაკვეთში ბევრი სხვა რამის გაკეთება შეეძლო.
„უფროსი მასწავლებელი ვარ და საკმაოდ ბევრი აქტივობის შესრულება მიწევს. ვმუშაობ ჩემი პროფესიული განვითარებისთვის და ვცდილობ, სტატუსიც შევინარჩუნო. ვარ „სტემის“ ფასილიტატორიც. ახლა ტრენინგებს გავდივარ ლიდერობის აკადემიაში. სქემამდე უფრო დუნედ მიდიოდა ყველაფერი, ახლა კი უფრო აქტიურად ვართ ჩართული. ყველაფერი მიგვაქვს საკლასო ოთახამდე, მოსწავლემდე.
სკოლაში ერთი ქიმიის მასწავლებელი ვარ, მაგრამ სრული დატვირთვა მაინც არ გამომდის. ახლახან დამიმატა დირექტორმა ბიოლოგიის ორი საათი. სტატუსზე დანამატიანად 450 ლარს ვიღებ ხელფასს. ვფიქრობ, რომ დანამატი არ უნდა იყოს საათების რაოდენობაზე დამოკიდებული და ის სრულად უნდა ეძლეოდეს პედაგოგს.
მე მიყვარს ჩემი პროფესია და რთული პირობების მიუხედავად მაინც ვმუშაობ, მაგრამ ეს ანაზღაურება ძალიან დაბალია, თუმცა ჩემი ოჯახისთვის მნიშვნელოვანი,“ – ამბობს მაგული ჯინჭარაძე.
მაგული ჯინჭარაძის სოფელში ცხრაწლიანი სკოლაა, თუმცა, მისი თქმით, ამ სკოლაში ქიმიის მასწავლებელი უკვე ჰყავთ, ქიმიაში კი საათების რაოდენობა მცირეა:
„გარდა ამისა, უნივერსიტეტი რომ დავასრულე, ზედა სამების სკოლაში დავიწყე მუშაობა, მიჩვეული ვარ გარემოს, კოლეგებს, მოსწავლეებს და ამიტომ მიყვარს.
ზოგჯერ მეხუმრებიან, ჯანმრთელობისთვის კარგია, სპორტია, ფეხით რომ დადიხარო. სპორტი მაშინაა, კილომეტრს რომ გადიხარ, თორემ ათი კილომეტრის გავლა დღეში სპორტი აღარ არის. ძალიან ვიღლები“.
პედაგოგი ამბობს, რომ ამ რეჟიმში ცხოვრება და მუშაობა ძალიან რთულია, თუმცა მაინც საინტერესო.
28-29 ივლისს ბათუმის სანაპიროზე, ბულვარის მიმდებარედ ფრანების ფესტივალი ჩატარდება. ფესტივალი კლუბი KiteDreams-ისა და აჭარის კულტურის სამინისტროს ორგანიზებით ტარდება. კლუბი KiteDreams-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, დიჯეი ლაშა გურული (კუკულაძე) ამბობს, რომ მათ საკუთრებაში 100-მდე ფრანია, მათი ფორმები და ზომები სხვადასხვაა, “ყველაზე პატარები ნახევარმეტრიანი ფრანებია, ყველაზე დიდები კი 15 -მეტრიანი ფრანები გვაქვს” – ამბობს ის.
წყარო: KiteDreams
ფესტივალზე მისულ სტუმრებს შეეძლებათ სამოყვარულო ფრანების გაშვება, რისთვისაც სპეციალური მასტერკლასიც ჩატარდება. მოქალაქეებს შეუძლიათ თავიანთი ფრანებიც გამოიტანონ ფესტივალზე.
ფესტივალზე ასევე დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობები, ერთ-ერთი მათგანი სპორტული ფრანების შოუა [Kitesurfing].
ასევე, დაუკრავენ მოწვეული დიჯეები.
ლაშა ამბობს, რომ ფესტივალზე პირველად გაუშვებენ ახალ, 15-მეტრიან ფრანს, რომლის ფორმაც ჯერ საიდუმლოდ რჩება, თუმცა ამბობს, რომ აქამდე მათ კოლექციაში არსებული ფრანებისგან განსხვავებით, იგი ყველაზე მასშტაბური და შთამბეჭდავი იქნება.
წყარო: KiteDreams
კლუბი KiteDreams-ი დაახლოებით ოთხი წლის წინ ჩამოყალიბდა და ნელ-ნელა ვითარდებოდა. “სხვადასხვა პატარა ღონისძიებებს ვაკეთებდით ჩვენი სახსრებით, თავიდან სულ ათამდე ფრანი გვქონდა, თბილისში, კახეთში, ბათუმში და სხვადასხვა ადგილებში ვაკეთებდით პატარა ღონისძიებებს. ჩვენს ფეიჯზე ვაანონსებდით პატარა შეკრებების შესახებ და მსურველები მოდიოდნენ. როცა დავინახეთ, რომ ხალხისგან ამდენი დადებითი ემოცია მოდიოდა, ისევ ჩვენივე ბიუჯეტით დავიწყეთ ახალი ფრანების შეკვეთა. პირველი შედარებით მასშტაბური ღონისძიება იყო ბათუმში, ექსპერიმენტული მუსიკის ფესტივალზე “SoundSpring”, როცა პირველად გავუშვით ყველა ფრანი ჩვენი კოლექციიდან. შემდეგი იყო ჯემ-ფესტი, იქაც ჩვენი ინიციატივით გავუშვით ფრანები და ძალიან შთამბეჭდავი გამოვიდა. შემდეგ ნელ-ნელა უფრო მასშტაბური სახე მიეცა ჩვენს კლუბს,” – ყვება ლაშა.
წელს ბათუმში ფრანების ფესტივალის მხარდამჭერი აჭარის კულტურისა და სპორტის სამინისტროც იქნება.
წყარო: KiteDreams
ფესტივალი ორივე დღეს 12:00 საათზე დაიწყება და 18:00 საათამდე გაგრძელდება. ორგანიზატორების თქმით, უამინდობის შემთხვევაში ღონისძიება გადაიდება გამოდარებამდე, რის შესახებაც დაინტერესებულ ადამიანებს კლუბის ფეისბუქგვერდისა და მედიის საშუალებით აცნობებენ.
ფესტივალის მხარდამჭერები არიან მარკეტინგული კომპანია შინდი და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი.
ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე უმაღლესმა საბჭომ 2016 წლის 15 ივლისს დაამტკიცა. ყოფილი დიპლომატი, რომელსაც სამ ქვეყანაში ჰქონდა ელჩად მუშაობის გამოცდილება, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე ორი წელიც ვერ დარჩა. მისი მისამართით მმართველი გუნდიდან კრიტიკა არასდროს ისმოდა. პატარაძე კვირიკაშვილის გუნდის წევრად მოიაზრებოდა და მისი პოლიტიკაც, ძირითადად, კვირიკაშვილის პოლიტიკის მსგავსი იყო – აჭარაში არ ახსოვთ პატარაძის სკანდალური განცხადებები, საჯარო გამოსვლებისას იგი ყოველთვის ფრთხილი და მოზომილი იყო.
ორი წლის წინ, „ბათუმელებთან“ პირველი ინტერვიუს დროს, ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, რომ საკადრო მიმართულებით რადიკალურ ცვლილებებს არ აპირებს. ორიოდე სიტყვით სწორედ ასე შეიძლება შევაფასოთ მისი მუშაობა აჭარაში – პატარაძის დროს რადიკალური ცვლილებები არ მომხდარა.
„ბათუმელებმა“ ზურაბ პატარაძის აჭარაში მუშაობის ქრონიკას გადახედა და გთავაზობთ იმ მნიშვნელოვანი თემების ჩამონათვალს, რისი გაკეთებაც ზურაბ პატარაძემ შეძლო ან – ვერ.
„ოცნების ქალაქი“
ხელვაჩაურში თვითნებურად გაშენებული „ოცნების ქალაქის“ გაყინული პრობლემის მოგვარება, მისი წინამორბედის მსგავსად, ზურაბ პატარაძის მთავრობამაც ვერ შეძლო. ეს პრობლემა ზურაბ პატარაძემ მემკვიდრეობით მიიღო არჩილ ხაბაძისგან. პატარაძე ამბობდა, რომ თავად ჩავიდოდა „ოცნების ქალაქში“ და ადგილზე გაეცნობოდა პრობლემებს, თუმცა იგი აქ არ მისულა. ორი წლის განმავლობაში არც ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ამ პრობლემის გადასაწყვეტად აჭარის მთავრობას არ გადაუდგამს.
ბათუმში კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებული პრობლემური საკითხები ზურაბ პატარაძეს არაერთხელ შეეხო. კულტურული მემკვიდრეობის დამცველებმა მას არაერთხელ სთხოვეს ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, თუმცა რადიკალურად არაფერი შეუცვლია.
პატარაძის დროს გაგრძელდა არჩილ ხაბაძის პრაქტიკა K2 კოეფიციენტის გაზრდაზე [შენობის სიმაღლეში გაზრდა], წელიწადნახევრის განმავლობაში არაერთ მშენებლობაზე გაიცა სიმაღლის გაზრდის ნებართვა, თუმცა წელს, 2018 წლის თებერვალში, ზურაბ პატარაძემ უარი თქვა K2-ის შუამდგომლობაზე და განაცხადა, რომ ეს საკითხი მერიამ უნდა გადაწყვიტოს.
ზურაბ პატარაძის მმართველობის პერიოდს უკავშირდება ბათუმში სტადიონის მშენებლობის დაწყება, რომელიც მანამდე 12 წელი იყო დაანონსებული, თუმცა ვერც ლევან ვარშალომიძის და ვერც არჩილ ხაბაძის მთავრობამ ამ იდეის განხორციელება ვერ შეძლო. სტადიონის მშენებლობა 2020 წელს უნდა დასრულდეს. მშენებლობა მიმდინარეობს, თუმცა აჭარის მთავრობას ამ ეტაპზე არ აქვს კონკრეტული გეგმა, თუ როგორ და ვინ უნდა გამოიყენოს 157 მილიონ ლარად ღირებული ნაგებობა. სტადიონს ამ დრომდე არ ჰყავს მშენებლობაზე ზედამხედველი კომპანია.
მულტიფუნქციური სპორტის სასახლის კომპლექსის მშენებლობა, რომლის დარბაზები ჯამში 3100 მაყურებელზე იქნება გათვლილი, აჭარის მთავრობამ 2017 წლის დასაწყისში დაიწყო. ეს მშენებლობა დათქმულ ვადაში ვერ დასრულდა.
ორი წლის განმავლობაში „ბათუმელებმა“ ზურაბ პატარაძეს არაერთხელ დაუსვა შეკითხვა ბათუმში მეჩეთის აშენებასთან დაკავშირებით. ყველა ჯერზე მთავრობის თავმჯდომარისგან ერთსა და იმავე პასუხს ვიღებდით – გადაწყვეტილება მიღებულია და მეჩეთი უნდა აშენდეს. მიუხედავად დაპირებისა, მეჩეთი ბათუმში არ აშენებულა.
ზურაბ პატარაძის დროს დაიწყო გოდერძის უღელტეხილზე ალპური ბაღის გაშენება, საინვესტიციო წინადადებების მოზიდვა და გოდერძი–ბეშუმის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, გოდერძიზე ამჟამად 17 სასტუმრო კომპლექსი შენდება. ამავე კურორტზე ზურაბ პატარაძემ ბიზნესმენებს ქონება პირდაპირი წესით გადასცა, მათ შორის თავის მეგობარს.
ბათუმში, ყინულის სასახლის ადგილზე, ახალი ყინულის არენისა და საცურაო აუზის აშენება ზურაბ პატარაძის დროს დაანონსდა. სამუშაოების შესყიდვის ღირებულება 19 990 002 აშშ დოლარია. კანადური კომპანია Westincor Limited-ი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ კონკურსის წესით შეარჩია. კომპანია ყინულის არენასა და საცურაო აუზს დააპროექტებს და ააშენებს კიდეც. საბოლოო პროექტი 4 თვეში უნდა იყოს მზად.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი დეცენტრალიზაციის პროცესის ფარგლებში აცხადებს საგრანტო კონკურსს – „საჯარო სკოლების დირექტორთა თანამშრომლობითი კულტურის გაძლიერება და პროფესიული განვითარება.“
„საგრანტო კონკურსის მიზანია საჯარო სკოლების დირექტორთა თანამშრომლობითი კულტურის გაძლიერება და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა. კონკურსის პირობების გათვალისწინებით, უნდა შეირჩეს პროფესიონალთა გუნდისგან დაკომპლექტებული ორგანიზაცია, რომელიც, ერთი მხრივ, დირექტორთა მომავალი პროფესიული საჭიროებების დადგენის მიზნით და მეორე მხრივ, პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების თანმდევად, ხელს შეუწყობს დირექტორთა თანამშრომლობითი კულტურის გაძლიერებას და პროფესიულ განვითარებას,“-აცხადებენ პროფესიული განვითარების ცენტრში.
საგრანტო მიმართულებაზე ცენტრის მიერ განსაზღვრული საერთო ბიუჯეტი შეადგენს 50 000 ლარს.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ განათლების სფეროში მოქმედ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილ, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირებს ან/და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, რომლებიც გაივლიან რეგისტრაციას ან უკვე რეგისტრირებულნი არიან ცენტრის ელექტრონულ ბაზაში.
მასწავლებლების პროფესიული განვითარების სერვისების დეცენტრალიზაცია მიზნად ისახავს, სწავლა-სწავლების ეფექტიანობის გაზრდას მასწავლებელთა საჭიროებებზე დაფუძნებული პროფესიული განვითარების გზით, რაც გულისხმობს საჭიროებებზე და შედეგზე მაქსიმალურად ორიენტირებული სერვისების მეტად გამრავალფეროვნებას, სკოლის ბაზაზე პროფესიული განვითარების სისტემის განვითარებასა და სერვისის მიწოდების გზებისა და მიმწოდებლების დივერსიფიცირებას.
საგრანტო კონკურსში განაცხადების მიღება წარმოებს 2018 წლის 4 ივლისის 12:00 საათიდან 2018 წლის 30 ივლისის 18:00 საათამდე.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტი ვაკანტურია, ზურაბ პატარაძემ რამდენიმე წუთის წინ გააკეთა განცხადება გადადგომაზე. როგორც მთავრობის პრესსამსახურში განმარტეს, ახალი თავმჯდომარის დამტკიცებამდე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობას ისევ ზურაბ პატარაძე შეასრულებს.
მთავრობის თავმჯდომარის გადადგომის შემდეგ, კანონმდებლობის შესაბამისად, თანამდებობებს ავტომატურად ტოვებენ აჭარის მინისტრები – ახალი მთავრობის წარდგენა-დამტკიცებამდე ისინიც მოვალეობის შემსრულებლებად რჩებიან.
აჭარაში სულ ოთხი სამინისტრო ფუნქციონირებს.
ზურაბ პატარაძის გადადგომას წინ უსწრებდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის არაოფიციალური ვიზიტი ბათუმში.
ზურაბ პატარაძე ყოფილი პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის კადრი იყო, იგი აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ 2016 წლის ივლისში, არჩილ ხაბაძის გადადგომის შემდეგ დანიშნეს. ზურაბ პატარაძე აჭარის უმაღლესი საბჭოს „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ კენჭისყრით დაამტკიცა.
ზურაბ პატარაძის გადადგომასთან დაკავშირებით ინფორმაცია მას შემდეგ ვრცელდებოდა ინტენსიურად, რაც პრემიერად მამუკა ბახტაძე დაინიშნა [2018 წელი, 20 ივნისი].
თანამდებობიდან წასვლის შესახებ ზურაბ პატარაძემ დღეს, 4 ივლისს, აჭარის მთავრობაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„მე დღეს მივიღე გადაწყვეტილება და ვტოვებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პოსტს. ეს გადაწყვეტილება მიღებულია გუნდურად. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო – მე ვიყავი, ვარ და ვიქნები „ქართული ოცნების“ წევრი, გუნდის წევრი და გუნდთან ერთად ძალიან ბევრ საქმეს გავაკეთებ მომავალში ჩვენი ქვეყნის და რეგიონის სასარგებლოდ,“ – განაცხადა ზურაბ პატარაძემ.
მან მადლობა გადაუხადა „ქართულ ოცნებას“, ბიძინა ივანიშვილს, აჭარის მოსახლეობას, არასამთავრობო სექტორსა და ჟურნალისტებს.
კითხვაზე, თუ ვინ იქნება აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძემ განაცხადა, რომ განიხილება რამდენიმე კანდიდატურა და ამაზე გადაწყვეტილებას უახლოეს პერიოდში მიიღებს გუნდი. „მეც ვარ ჩართული განხილვაში,“ – დასძინა მან.
უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურის ინფორმაციით, დღეს, 3 საათზე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე და უმრავლესობის ლიდერები განცხადებებს გააკეთებენ. თემა, სავარაუდოდ, აჭარაში მთავრობის უფლებამოსილების შეწყვეტა და ახალი მთავრობის ფორმირების საკითხები იქნება.
დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ, თავისი გადადგომის შესახებ გააკეთა განცხადება. შესაბამისად, აჭარის მთავრობას შეუწყდა უფლებამოსილება.
აჭარის მთავრობის ახალი თავმჯდომარის კანდიდატი, აჭარის კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტმა უნდა დაასახელოს, უმაღლესმა საბჭომ კი აჭარის მთავრობის ახალ შემადგენლობას უნდა უყაროს კენჭი. კონსტიტუციის ახალი რედაქციის მიხედვით, ამ პროცესში მონაწილეობას აღარ იღებს ქვეყნის პრემიერი.
აჭარის კონსტიტუციის 23-ე მუხლი, „მთავრობის დამტკიცება“:
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის უფლებამოსილების შეწყვეტიდან 2 კვირის ვადაში საქართველოს პრეზიდენტი უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილ პოლიტიკურ სუბიექტებთან კონსულტაციის შემდეგ უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურას და მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატის მიერ დასახელებულ მინისტრების კანდიდატურებს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დამტკიცებას კენჭი ეყრება ერთიანად. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა დამტკიცებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობა.
თუ უმაღლესი საბჭო 2 კვირის ვადაში არ დაამტკიცებს მთავრობას, საქართველოს პრეზიდენტი 2 კვირის ვადაში უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს მთავრობის იგივე ან სხვა შემადგენლობას, რომლის დამტკიცებასაც კენჭი ეყრება 2 კვირის ვადაში.
თუ უმაღლესი საბჭო ზედიზედ ორჯერ არ დაამტკიცებს მთავრობას, საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის თანხმობით დაითხოვს უმაღლეს საბჭოს და დანიშნავს უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე არჩევნებს“.
ზღვის სეზონთან დაკავშირებით, აჭარის სანაპიროებზე მაშველების რაოდენობა იზრდება. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის აჭარის სამმართველოს უფროსი, ირაკლი თოიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, სანაპირო ზოლში 200 მაშველი იმუშავებს. გასულ წელს, სეზონის დასაწყისიდან, 130 მაშველი მუშაობდა, სეზონის ბოლოსთვის კი – 97 მაშველი.
„წლის დასაწყისში გავაკეთეთ გარკვეული ანალიზი, თუ როგორი ვითარება იყო გასულ წელს, აქედან გამომდინარე გავზარდეთ მაშველების რაოდენობა. წინასწარი პროგნოზით წელს დამსვენებლების დინამიკა არის მზარდი და გვინდა მაქსიმალურად მომზადებული შევხვდეთ ზღვის სეზონს“, – გვეუბნება თოიძე.
როგორც ირაკლი თოიძე გვეუბნება, მაშველების 70 პროცენტი წელს აიყვანეს. მათგან ბევრი საზღვაო აკადემიიდან და დასაქმების სააგენტოდან მიიღეს.
„ჩაუტარდათ გამოცდა მანძილზე ცურვაში, შემდეგ გაიარეს პირველადი დახმარების ტრენინგები“.
როგორც თოიძე ამბობს, არ ჰყავთ ქალი მაშველები, თუმცა მსურველები იყვნენ.
„წელს თავი შევიკავეთ ქალების დასაქმებაზე, რადგან გამოცდილება და დატრენინგება სჭირდებათ.“
თოიძის თქმით, მაშველები აღჭურვილები არიან ყველა საჭირო ინსტრუმენტით, იქნება ეს სამაშველო რგოლები, ჟილეტები, ჭოგრიტები, ხელის რადიოსადგურები და ა.შ.
მაშველები ამ პერიოდისთვის ზღვის სანაპირო ზოლზე 150 მეტრის დაშორებით არიან განლაგებული, თუმცა დამსვენებლების ზრდის პარალელურად მაშველებს განლაგებას შორის მანძილი შემცირდება.
ამ ეტაპზე თითო საგუშაგოზე ორ-ორი მაშველი იმყოფება და რადგან მაშველებს შორის რადიუსი დიდია, მათ ხშირი მოძრაობა უწევთ.
მაშველები მუშაობას დილის ცხრა საათიდან იწყებენ და საღამოს ცხრამდე აკვირდებიან სანაპიროს.
„ჩვენს სამსახურში არის საზღვაო განყოფილება, სადაც გვყავს მყვინთავები, გემთწამყვანები, წელს გავზარდეთ მცურავი საშუალებების რაოდენობაც და მათი მოძრაობაც უკვე შესამჩნევია სანაპიროზე – სისტემატურად პატრულირებენ გონიო-კვარიათის, ახალი და ძველი ბულვარის, მახინჯაურის, მწვანე კონცხისა და ჩაქვი-ქობულეთის მიმართულებით.
ერთი ეკიპაჟის დამატებასაც ვგეგმავთ, რომელიც ღამის განმავლობაში დააკვირდება სანაპირო ზოლს, ოღონდ ძველი და ახალი ბულვარის პერიმეტრში“.
ირაკლი თოიძის თქმით, საბავშვო ბანაკების შემოსვლის დროს, ზღვაზე მაშველების რაოდენობა გაიზრდება.
მიუხედავად მაშველების აქტიური მცდელობისა, როგორც ირაკლი თოიძე ამბობს, მაინც ხშირია შემთხვევები, როცა მოქალაქეები არ ემორჩილებიან მათ მითითებებს და ზღვაში ნასვამ მდგომარეობაში შედიან.
„პირველი მაისიდან დღემდე ოთხი ადამიანი დაიხრჩო ზღვაში, ორთან დაკავშირებით დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ნასვამ მდგომარეობაში იყვნენ ზღვაში შესული.
ვურჩევთ მოქალაქეებს, რომ გაითვალისწინონ მაშველების მითითებები“.
ირაკლი თოიძის თქმით, ამ დროისთვის იმ სანაპიროებზე, სადაც ბანაობა აკრძალულია, ოთხი ბანერია თვალსაჩინო ადგილზე განთავსებული, თუმცა ადამიანები მაინც შედიან ზღვაში.
ირაკლი თოიძის ინფორმაციით, გასულ წელს ზღვაში 9 ადამიანი დაიხრჩო, 135 გადარჩენის შემთხვევა იყო, წელს კი, 6 ივნისიდან დღემდე, გადარჩენის 26 შემთხვევა დაფიქსირდა, ოთხი ადამიანი კი დაიღუპა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აჭარის რეგიონში დამსვენებლებს აფრთხილებს.
„დღეს, 4 ივლისს, შავი ზღვის სანაპიროზე მოსალოდნელია 3-4-ბალიანი შტორმი, რის გამოც ზღვაში ბანაობა აკრძალულია.
ყველა სამაშველო კოშკურაზე აღმართულია წითელი ალამი. ყურადღება მიაქციეთ ამკრძალავ ნიშნებს. კოშკურებზე თეთრი ალმის აღმართვის შემთხვევაში ზღვაზე ბანაობა ნებადართული იქნება“ – აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ბოლო 5 საათის განმავლობაში, საზღვაო მაშველებმა, ზღვაზე 4 მოქალაქე, მათ შორის ერთი ბავშვი გადაარჩინეს.
აღმასრულებლის წერილი გამოსახლების შესახებ მოქალაქე გურამ სალაძეს უკვე ჩაჰბარდა. მისმა ოჯახმა ხელვაჩაურში, სოფელ ახალშენში, საცხოვრებელი სახლი 24 ივლისამდე უნდა დატოვოს. გურამ სალაძემ საბანკო სესხის დაფარვა ვერ შეძლო, რადგან პატიმრობაში იმყოფებოდა. გურამ სალაძე მაშინ დააპატიმრეს, როცა ის აჭარის არქივის უფროსად მუშაობდა.
„ღია ცის ქვეშ ვრჩები ოჯახთან ერთად. შვილები მყავს, მეუღლე, მოხუცი მამა… არ ვიცი, სად უნდა წავიდე. ამ მდგომარეობაში აღმოვჩნდი იმიტომ, რომ პატიმრობის დროს სესხი ვერ დავფარე. როცა ბანკი სესხს გაძლევს, ის უნდა დააბრუნო უკან, მაგრამ საიდან უნდა დაფაროს სესხი პატიმარმა – თვეში 520 ლარი?
სამომხმარებლო სესხი 2013 წელს ავიღე VTB ბანკში – 18 795 ლარი. მაშინ საარქივო სამმართველოს უფროსად ვმუშაობდი და იოლად მომცეს. თავდებად არქივის თანამშრომელი დამიდგა – ელგუჯა გოგიბერიძე. 2014 წლის 7 მაისს ქრთამის აღების ფაქტზე დამაკავეს. პატიმრობის დროს ვალის გასტუმრებას ვერ ვახერხებდი და ბანკმა სასამართლოს მიმართა. 2015 წლის მაისში, იმ დროს, როცა მე ჯერ კიდევ პატიმრობაში ვიყავი, საარბიტრაჟო სასამართლომ სესხის სოლიდარული წესით დაფარვა თავდებს დააკისრა – ელგუჯა გოგიბერიძეს ხელფასის ნაწილი დაუყადაღეს და რამდენიმე თვე ის იხდიდა სესხს ჩემ ნაცვლად.
ციხიდან 2015 წლის 25 დეკემბერს გამოვედი. ისევ ვერ ვახერხებდი სესხის დაფარვას. ბანკთან მოლაპარაკება ვცადე, მაგრამ არ გამოვიდა არაფერი. სამსახურიც არ მქონდა.
ციხიდან გამოსვლამდე ჩემ წინააღმდეგ სასამართლო დავა ელგუჯა გოგიბერიძემ დაიწყო. იმისთვის, რომ დოკუმენტების წარმოება არ გართულებულიყო, ხელვაჩაურში, სოფელ ახალშენში მდებარე სახლი დას გადავუფორმე. ეს მიიჩნია სასამართლომ მოჩვენებით გარიგებად. გარდა ამისა, თავდებმა სასამართლოში განაცხადა, რომ უმიზეზოდ და მიზანმიმართულად ვარიდებდი თავს სესხის გადახდას.
საბოლოოდ ჩემი სახლი აუქციონზე გაიტანეს – 2017 წლის თებერვალში და იგი ელგუჯა გოგიბერიძემ შეიძინა. ბოლო თვეებში მასთან ვცადე მოლაპარაკება, მაგრამ სახლში, რომელიც აუქციონზე დაახლოებით 20 ათას ლარად გაიყიდა, ახლა 60 ათასს მთხოვს.
„ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს“ მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტი საჯარო სკოლის დირექტორებისთვის ლიდერობის აკადემიის კურსს აგრძელებს.
ამჯერად დირექტორები ლიდერობის აკადემია 3-ის ორ მოდულს – ,,შეფასებისა და ტექნოლოგიების გამოყენებით მოსწავლეების ავტონომიურობის ხელშეწყობა“ და ,,ლიდერობა და ჯგუფის დინამიკა“ – გაივლიან, რითაც დასრულდება საჯარო სკოლის დირექტორების სამწლიანი გადამზადების კურსი.
„ლიდერობის აკადემიის სატრენინგო პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს საჯარო სკოლების დირექტორებს, ეფექტიანად მართონ სკოლა და შექმნან მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემო. ასევე, მასწავლებლებში განავითაროს ლიდერობისa და თანამშრომლობის უნარ-ჩვევები“.
ცენტრის ინფორმაციით, 1872 საჯარო სკოლის დირექტორი, პროექტის ფარგლებში, სკოლის ბაზაზე შერჩეული ამდენივე ფასილიტატორი და საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელები ლიდერობის აკადემია 3-ს გაივლიან, რომელიც ხუთი დღის მანძილზე გაგრძელდება (სულ 40 საათი).
ტრენინგმოდულის – ,,შეფასებისა და ტექნოლოგიების გამოყენებით მოსწავლეების ავტონომიურობის ხელშეწყობა“ ზოგადი მიზანია, მონაწილეებს ვასწავლოთ საკლასო შეფასების დაგეგმვისა და მისი განხორციელების მექანიზმები, რომლებიც მოცემულია ახალ ეროვნულ სასწავლო გეგმაში (2018-2024 წწ.).
ტრენინგის მონაწილეები გაეცნობიან, თუ როგორ უნდა მოხდეს შემაჯამებელი ნაშრომების შეფასების შედეგების გაანალიზება სასწავლო პრობლემების დიაგნოსტიკის მიზნით, როგორ გამოვიყენოთ ეს მონაცემები მოსწავლის ავტონომიურობის ზრდის მხარდასაჭერად. ამასთან, შეაფასებენ დაგეგმილი შეფასებებისა და გამოყენებული რუბრიკების ეფექტურობას, გააანალიზებენ დაგეგმვის პროცესში შეფასების მონაცემების გამოყენებას.
ლიდერობის აკადემია სამი დონისაგან შედგება და წარმოადგენს ტრენინგ-მოდულების ერთობლიობას, რომელიც 2016 წლის 15 აგვისტოს დაიწყო და 2018 წლის ბოლომდე ეტაპობრივად გაგრძელდება. პროგრამაში ყველა საჯარო სკოლის დირექტორია ჩართული.
ლიდერობის აკადემიის ყოველი საფეხურის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, მონაწილეები მიიღებენ სერტიფიკატს.
თუკი ზურაბ პატარაძე თანამდებობას დატოვებს, უფლებამოსილება შეუწყდება აჭარის მთავრობას, შესაბამისად, ავტომატურად თანამდებობას ყველა მინისტრი დატოვებს. ზურაბ პატარაძე ბრიფინგის ჩატარებას დღეს, 4 ივლისს, 14 საათზე გეგმავს.
აჭარის მთავრობის ახალი თავმჯდომარის კანდიდატი აჭარის კონსტიტუციის მიხედვით პრეზიდენტმა უნდა დაასახელოს, უმაღლესმა საბჭომ კი აჭარის მთავრობის ახალ შემადგენლობას უნდა უყაროს კენჭი. კონსტიტუციის ახალი რედაქციის მიხედვით, ამ პროცესში მონაწილეობას აღარ იღებს ქვეყნის პრემიერი.
ანნა მდინარაძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი:
„თავდაპირველად პრეზიდენტმა უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილ პოლიტიკურ პარტიებთან უნდა გაიაროს კონსულტაციები, ამის შემდეგ უნდა წარუდგინოს უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურა. ამ კანდიდატმა, თავის მხრივ, უნდა დაასახელოს თავისი მინისტრთა კაბინეტი. ამის შემდეგ ეყრება კენჭი მთავრობის დამტკიცებას, რასაც სრული შემადგენლობის უმრავლეოსბამ უნდა დაუჭიროს მხარი. თუ მთავრობის ახალ შემადგენლობას უმაღლესი საბჭო ვერ დაამტკიცებს, პრეზიდენეტი იმავე კანდიდატურას ან სხვა შემადგენლობას წარუდგენს უმაღლეს საბჭოს“.
აჭარის კონსტიტუციის 23-ე მუხლი, „მთავრობის დამტკიცება“:
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის უფლებამოსილების შეწყვეტიდან 2 კვირის ვადაში საქართველოს პრეზიდენტი უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილ პოლიტიკურ სუბიექტებთან კონსულტაციის შემდეგ უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურას და მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატის მიერ დასახელებულ მინისტრების კანდიდატურებს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დამტკიცებას კენჭი ეყრება ერთიანად. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა დამტკიცებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობა.
თუ უმაღლესი საბჭო 2 კვირის ვადაში არ დაამტკიცებს მთავრობას, საქართველოს პრეზიდენტი 2 კვირის ვადაში უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს მთავრობის იგივე ან სხვა შემადგენლობას, რომლის დამტკიცებასაც კენჭი ეყრება 2 კვირის ვადაში.
თუ უმაღლესი საბჭო ზედიზედ ორჯერ არ დაამტკიცებს მთავრობას, საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის თანხმობით დაითხოვს უმაღლეს საბჭოს და დანიშნავს უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე არჩევნებს“.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში აჭარაში და ქალაქ ბათუმში ძირითადად ღრუბლიანი ამინდი და ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. იქროლებს სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი წამში.
4-5 ივლისს ბათუმში ჰაერის ტემპერატურა იქნება:
დღისით: 25-30 გრადუსი
ღამით: 20-25 გრადუსი
მთაში მოსალოდნელია:
დღისით: 23-28 გრადუსი
ღამით: 13-18 გრადუსი
ზღვის წყლის ტემპერატურა 26,6 გრადუსია, ტალღის სიმაღლე – 7-12 დმ (2-3 ბალი).
სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო ორ დღეს დროგამოშვებით მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა.