არქივის ყოფილი უფროსი: მასახლებენ, რადგან პატიმრობის დროს ბანკის სესხი ვერ დავფარე


აღმასრულებლის წერილი გამოსახლების შესახებ მოქალაქე გურამ სალაძეს უკვე ჩაჰბარდა. მისმა ოჯახმა ხელვაჩაურში, სოფელ ახალშენში, საცხოვრებელი სახლი 24 ივლისამდე უნდა დატოვოს. გურამ სალაძემ საბანკო სესხის დაფარვა ვერ შეძლო, რადგან პატიმრობაში იმყოფებოდა. გურამ სალაძე მაშინ დააპატიმრეს, როცა ის აჭარის არქივის უფროსად მუშაობდა.

„ღია ცის ქვეშ ვრჩები ოჯახთან ერთად. შვილები მყავს, მეუღლე, მოხუცი მამა… არ ვიცი, სად უნდა წავიდე. ამ მდგომარეობაში აღმოვჩნდი იმიტომ, რომ პატიმრობის დროს სესხი ვერ დავფარე. როცა ბანკი სესხს გაძლევს, ის უნდა დააბრუნო უკან, მაგრამ საიდან უნდა დაფაროს სესხი პატიმარმა – თვეში 520 ლარი?

სამომხმარებლო სესხი 2013 წელს ავიღე VTB ბანკში – 18 795 ლარი. მაშინ საარქივო სამმართველოს უფროსად ვმუშაობდი და იოლად მომცეს. თავდებად არქივის თანამშრომელი დამიდგა – ელგუჯა გოგიბერიძე.  2014 წლის 7 მაისს ქრთამის აღების ფაქტზე დამაკავეს. პატიმრობის დროს ვალის გასტუმრებას ვერ ვახერხებდი და ბანკმა სასამართლოს მიმართა. 2015 წლის მაისში, იმ დროს, როცა მე ჯერ კიდევ პატიმრობაში ვიყავი, საარბიტრაჟო სასამართლომ სესხის სოლიდარული წესით დაფარვა თავდებს დააკისრა – ელგუჯა გოგიბერიძეს ხელფასის ნაწილი დაუყადაღეს და რამდენიმე თვე ის იხდიდა სესხს ჩემ ნაცვლად.

ციხიდან 2015 წლის 25 დეკემბერს გამოვედი. ისევ ვერ ვახერხებდი სესხის დაფარვას. ბანკთან მოლაპარაკება ვცადე, მაგრამ არ გამოვიდა არაფერი. სამსახურიც არ მქონდა.

ციხიდან გამოსვლამდე ჩემ წინააღმდეგ სასამართლო დავა ელგუჯა გოგიბერიძემ დაიწყო. იმისთვის, რომ დოკუმენტების წარმოება არ გართულებულიყო, ხელვაჩაურში, სოფელ ახალშენში მდებარე სახლი დას გადავუფორმე. ეს მიიჩნია სასამართლომ მოჩვენებით გარიგებად. გარდა ამისა, თავდებმა სასამართლოში განაცხადა, რომ უმიზეზოდ და მიზანმიმართულად ვარიდებდი თავს სესხის გადახდას.

საბოლოოდ ჩემი სახლი აუქციონზე გაიტანეს – 2017 წლის თებერვალში და იგი ელგუჯა გოგიბერიძემ შეიძინა. ბოლო თვეებში მასთან ვცადე მოლაპარაკება, მაგრამ სახლში, რომელიც აუქციონზე დაახლოებით 20 ათას ლარად გაიყიდა, ახლა 60 ათასს მთხოვს.

არჩევანი არ მაქვს, შიმშილობის დაწყებას ვაპირებ.“

ფოტო: „ბათუმელების“ არქივი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი