ვინ გადაიხდის ბანკის სესხს, როცა ციხეში ხვდები


კომერციული ბანკები სესხის დაბრუნებას იმ მოქალაქეებსაც სთხოვენ, რომლებიც ციხეში ხვდებიან, საპატიმრო დაწესებულებაში ყოფნის პერიოდშიც. ქვეყანაში არ არსებობს რეგულაცია, რაც პატიმრობის ან მსგავს სიტუაციაში ბანკს სასესხო ვალდებულების გადახედვას აიძულებს.

„მოქალაქის ხელში ამ დროს არ რჩება არანაირი ბერკეტი, ყველაფერი ისევ ბანკებისკენაა“, – ამბობს ეკონომისტი ზურაბ კუკულაძე.

„მსგავს სიტუაციაში რთული იქნება სასამართლოში დავის მოგება,“ – მიიჩნევს ანნა მდინარაძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი.

ერთ კონკრეტულ შემთხვევაზე „ბათუმელები“ რამდენიმე დღის წინ წერდა – გურამ სალაძემ ბანკის ვალის გადახდა სწორედ პატიმრობის გამო ვერ შეძლო. ბანკმა თავდაპირველად სესხის დაფარვა მის თავდებს მოსთხოვა და ხელფასის ნაწილი დაუყადაღა, საბოლოოდ კი, მოქალაქის საცხოვრებელი სახლი აუქციონის წესით გაყიდეს.

რა როლი აქვს მსგავს პროცესში ეროვნულ ბანკს, რომელიც კანონის მიხედვით, კლიენტსა და ბანკებს შორის ურთიერთობას არეგულირებს. ეროვნული ბანკისგან კონკრეტულ პრობლემაზე ასეთი განმარტება მივიღეთ:

„თქვენ მიერ დასმულ შეკითხვასთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი, მათ შორის დავის გადაწყვეტის საკითხი. შესაბამისად, აღნიშნული საკითხის სამართლებრივი შეფასება სცილდება „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრულ უფლებამოსილებას“, – აღნიშნულია ეროვნული ბანკისგან მიღებულ წერილში.

„სხვას რას აკეთებს ეროვნული ბანკი, მისი მთავარი ფუნქცია არის საბანკო ბაზარზე სიტუაციის რეგულირება,“ – მიიჩნევს საბანკო საქმის ექსპერტი ზურაბ კუკულაძე. მისი აზრით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ კანონმდებლობა მხოლოდ ბანკის სასარგებლოდ არ იყოს მოწყობილი, ხოლო ეროვნულმა ბანკმა დროულად გამოიჩინოს ინიციატივა, რადგან „ბანკს ეს საკითხი არ აინტერესებს, მას არ აქვს პრობლემა. ბანკი ყიდის სესხებს და მას აწყობს ის პირობები, რაც ბაზარზეა. მეორე მხარეს დაუცველი კლიენტია. ბანკს თუ არ დაავალეს, ის თავისით არაფერს შეცვლის“.

რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ბანკიც არ დაზარალდეს, ხოლო ციხეში მოხვედრილ ადამიანს მინიმუმ სესხი გადაუვადონ? – ზურაბ კუკულაძე ამბობს, რომ რისკების დაზღვევის სხვადასხვა ფორმა არსებობს. იგი ყურადღებას ამახვილებს ე.წ. „სესხების შესაძლო დანაკარგის კოეფიციენტზე“, რასაც სესხის ნებისმიერი მომხმარებელი იხდის მიუხედავად იმისა, მას სესხის დაფარვა შეუძლია თუ არა.

„ეს კოეფიციენტი ჩვენს საბანკო სისტემაში მერყეობს 3-დან 5 პროცენტამდე. როცა ჩვენ სესხს ვიღებთ, ამ ხარჯის ანაზღაურებაც ხდება, რომელსაც ბანკი დაკარგავს სხვა კლიენტებთან ურთიერთობაში, ანუ კეთილსინდისიერი კლიენტი იხდის იმის ნაცვლად, ვინც სესხი ვერ დაფარა. ამ მექანიზმითაც ხდება რისკების გადაზღვევა.

ამას გარდა, უამრავი დაზღვევის ბერკეტია საბანკო სისტემაში, რის ამოქმედებაც შეიძლება. მთავარი, რაც უნდა შეიცვალოს, არის ბანკის მიდგომა. ბანკის პრიორიტეტი სესხის გაცემის დროს უნდა იყოს ის, რომ მომხმარებელმა ამ სესხით რეალურად ისარგებლოს. ჩვენთან ბანკის პრიორიტეტია, თუ რამდენად იოლად ამოიღებს ის გაცემულ კრედიტს,“ – ამბობს ზურაბ კუკულაძე.

იურისტების დაკვირვებით, პატიმრობაში მოხვედრა, დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, ე.წ. ფორსმაჟორად არ მიიჩნევა. იურისტი ანნა მდინარაძე განმარტავს, რომ პატიმრობის შემთხვევაში, მხარეებს შეუძლიათ ხელშეკრულებას გადახედონ, თუმცა მას ნაკლებად სჯერა იმის, რომ ბანკი „დათმობაზე“ წავა.

„თუმცა მოქალაქეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს. მოსამართლემ უნდა შეაფასოს, რამდენად განჭვრეტადი იყო რისკი, რომელიც დადგა,“ – ამბობს ანნა მდინარაძე.

რამდენად აქვს მოქალაქეს სასამართლოში დავის მოგების შანსი? – „რთულია პროგნოზირება, ასეთ საქმეებზე რა შედეგი დადგება. ჩემი აზრით, რთული იქნება მსგავსი საქმის წარმოება და რეალური შედეგის მიღება,“ – აღნიშნავს ანნა მდინარაძე, რომელიც მიიჩნევს, რომ გამოსავალი კანონის შეცვლაა, რადგან ეროვნული ბანკი ამ საკითხს, არსებული უფლებამოსილების ფარგლებში, ვერ დაარეგულირებს.

არსებობს მეორე გზაც:

„მაგალითად, გერმანული კანონმდებლობაც არ ითვალისწინებს პატიმრობის დროს სესხის დაფარვის საკითხს, მაგრამ ეს არის მოლაპარაკების საგანი მხარეებს შორის, პრაქტიკა აქეთკენ მიდის, რომ მხარეები უნდა შეთანხმდნენ, ანუ ბანკი და კლიენტი“, – დასძენს ანნა მდინარაძე.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი